“ამერიკელები მზად არიან გვერდში დაგვიდგნენ ნებისმიერი მიმართულებით” – სერგო ჩიხლაძე

96
spot_img

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო – ასათიანი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამერიკელ პარტნიორებთან საქართველოში არსებული კორუფციისა და სანქციების საკითხები განიხილეს.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო – ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“დავასრულეთ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა, ახლა ვიმყოფებით სენატში, მოგვიანებით შეხვედრები გვაქვს საგარეო კომიტეტში, როგორც რესპუბლიკელებთან ასევე დემოკრატებთან.

მთავარი თემები ისევ და ისევ – ეს არის საქართველოში მიმდინარე რეფორმები, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება, თუ რისთვის არიან ამერიკელები მზად და ისინი აბსოლუტურად მზად არიან დაგვეხმარონ ნებისმიერი მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დღეს იქნა განხილული, ეს არის კორუფცია საქართველოში, სანქციები, კონკრეტული ადამიანების საკითხები, ვინც კორუფციაში და ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ქმედებებში არიან ჩართულნი.

ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი პარტნიორები ჩინეთთან პარტნიორობას, ე.წ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს და ასევე მთავარი გზავნილი არის ის, თუ რით შეუძლიათ დაგეხმარონ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ეს არის, რასაც არ იყენებს არსებული ხელისუფლება.

ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთი თემა, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ და ჩვენი პარტნიორებიც არ უვლიან გვერდს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსფერი სხვა ქვეყანაში, სადაც მას მკურნალობა გაეწევა”, – განაცხადა ჩიხლაძემ.