Home Blog Page 99

10-12 წლის წინ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მლნ ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია – ოთარ შამუგია

თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა დარგის განვითარებისთვის.

„სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და რაც გამოიხატა როგორც წარმოების, ისე ღვინის ექსპორტის ზრდაში. თუ 10-12 წლის წინ კახეთში ჩვენი მევენახეების შემოსავალი იყო წლიურად 50 მლნ, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. თუ ღვინოზე მოთხოვნა არ იქნება, რა თქმა უნდა, ყურძნის ფასიც ვერ იქნება შესაბამისი. ამიტომ ჩვენ, ვეხმარებით კომპანიებს, მევენახეებს, ვეხმარებით დარგს მთლიანობაში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან დამთავრებული მისი რეალიზაციით. მსოფლიო ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას მივმართავთ ყოველწლიურად. მხოლოდ და მხოლოდ მეტი მოთხოვნა ღვინოზე განაპირობებს, რომ ყურძენზე ფასი იყოს უფრო მაღალი. შარშან, რქაწითელზე მინიმალური ფასი 90 თეთრის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა საშუალო ფასი დაფიქსირდა, დაახლოებით, 1 ლარი და ხუთი თეთრი. წელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფასი განსაზღვრულ მინიმალური ფასზე მაღალი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ კერძო სექტორმა მაქსიმალურად მოახდინოს ყურძნის შესყიდვა და შემდგომ უკვე ღვინის რეალიზაცია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.

თიბისი კონცეპტი და Mastercard წარმოგიდგენთ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 2024 წლის შემოდგომის სეზონს

თიბისი კონცეპტი და Mastercard-ი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის შემოდგომის სეზონის 2024 წლის ოფიციალური მხარდაჭერები არიან. ამ პარტნიორობის გარფლებში, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ.

შემოდგომის სეზონის განმავლობაში,  თეატრში არსებული მე-8 რიგის ბილეთების შეძენას, მთელი სეზონის განმავლობაში, ექსკლუზიურად მხოლოდ თიბისის კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები შეძლებენ.

სრული სეზონის ბილეთების გაყიდვა 21 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

სექტემბრის თვის პროგრამა:

ვკვდები როგორც ქვეყანა – 26 სექტემბერი

რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის, 1978 წელს შექმნილი, მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა” სწორედ ხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერის ამბავს გვიყვება.

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი

პეტრა ფონ კანტის მწვანე ცრემლები – 27 სექტემბერი

რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.

მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება.

რეჟისორი: დავით მღებრიშვილი

მედეა – 28 სექტემბერი

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორც  ეს კოლხეთის მეფის ასულის, მედეას თავგადასავალმა შეძლო.

ვინ იყო მედეა?  ტრაგიკული ქალი? თუ სამშობლოს მოღალატე? … კოლხეთის მეფის ასულზე საზოგადოების აზრი ათასწლეულებია ვერ შეჯერდა…

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ახალი თეატრის დასი შეეცდება ქორეოდრამაში „მედეა“.

რეჟისორი: კოტე ფურცელაძე

ალუბლის ბაღი – 29 სექტემბერი

ალუბლის ბაღი – კომედიაა იმ ადამიანების ტრაგედიაზე, რომლებსაც თითქოს გზა-კვალი აებნათ სწორ საქციელებსა და ისეთ ქცევას შორის, ყოვლად საზიანო და დაუშვებელიც რომ არის… ამბავია ადამიანებზე, რომლებიც ბევრს ფიქრობენ საკუთარ მოვალეობებზე და ალბათ ამიტომ ვერც ერთი ვერ შეასრულეს…

დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი: ანდრო ენუქიძე

თიბისი კონცეპტისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ხელი შეუწყობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კულტურული ღონისძიებების აქტიური ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

Easy Care თიბისის მხარდაჭერილი პროექტის, Technovation Girls Sakartvelo-ს, ერთ-ერთი გამარჯვებულია

Technovation Girls Sakartvelo-ს წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი, Easy Care-ია. აპლიკაცია, რომელიც შინაურ ცხოველებზე ზრუნვაში გვეხმარება.

ლიკა დეკანაძემ, ნია აბაშიძემ, ენდი აივაზიანმა, ელენა კაზარიანმა და ნინო თებიძემ შექმნეს შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელშიც შესაბამისი საკვები თავსდება. ის დაკავშირებულია მობილურ აპლიკაციასთან და მომხმარებლებს დისტანციურად შეუძლიათ სახლში დარჩენილი ცხოველების გამოკვება.

აპლიკაციაში, საკვების მიწოდების გარდა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაცაა მოცემული. მაგალითად, როგორ მოვუაროთ ცხოველს, რომელ საათზე აჯობებს გამოკვება და უამრავი სხვა რჩევა. ინფორმაციის მაქსიმალური სანდოობისთვის კი მხოლოდ ოფიციალური კვლევები და ექსპერტების რჩევები გამოიყენეს. ამიტომაც სამომავლოდ გუნდის წევრები Easy Care-ის მცირე თუ დიდი ფერმებისთვის შეთავაზებასაც აპირებენ.

Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიებისა და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

R

კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმებაა – სალომე სამადაშვილი

გამდიდრებული, კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, არის წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმება – ეს განცხადება, იმდენად დიდი სისულელეა, რომ მგონია ივანიშვილმა დაწერა, – ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მმართველი გუნდის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და“ ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირებას გეგმავს.

როგორც სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება ასხივებს დამარცხების შიშს, რომელიც იკითხება ყველა ხაზს შორის“.

„არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ იციან, რომ ისტორიულ მინიმალურ შედეგზე გავლენ. ახლა, სასოწარკვეთილად ცდილობენ მოუწოდონ ხალხს, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს არჩევნებზე. იმ გაღატაკებულ ქართველ ხალხს მოუწოდებენ, რომელსაც ევროპული მომავალი წაართვეს, იმ ხალხს, საიდანაც 1 მილიონი აქცია ეკონომიკურ ლტოლვილად, აიძულა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

დღეს გამდიდრებული კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, არის წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმება.

ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ქვეყანას მმართავს გაკოტრებული, რუსული რეჟიმი.

თუ უნდათ სახელმწიფოს გადარჩენა პუტინის რუსეთისგან, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა.ზოგადად, ეს განცხადება, ტექსტი იმდენად დიდი სისულელეა, რომ მგონია ივანიშვილმა დაწერა“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, მმართველმა გუნდმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირება იგეგმება.

გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის.

„ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება – Berliner Zeitung

„იმ დროს, როცა ბერლინში ახლა ზაფხულის პაპანაქებაა და პოლიტიკური აქტიურობა მიყუჩებულია, აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი სიტუაცია ყოველდღიურად გაზეთების მოწინავე სტატიების სათაურებში ასახული: უკრაინის რეგულარული ჯარების ანაზდეული შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში; დეზერტირების ახალი რეკორდი უკრაინის არმიაში და გამოკითხვის შედეგები, თუ როგორ უყურებენ უკრაინელები სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებს…

უკრაინელი სოციოლოგი ვლადიმერ იშჩენკო ინტერვიუში კომენტარს უკეთებს თავის სამშობლოში შექმნილ სიტუაციას. იგი არ ერიდება მკვეთრ კრიტიკას უკრაინის მთავრობის მიმართ. ვლადიმერ იშჩენკო ის ადამიანია, რომელიც მუდამ ხმამაღლა ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს.“, – ნათქვამია ინტერვიუს შესავალში, რომელიც გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ზაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნდა სათაურით „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება“ (ესაუბრება ჟურნალისტი ნიკოლას ბუტილინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინა აგრძელებს დასავლეთისათვის წინააღმდეგობრივი სიგნალების გაგზავნას: ერთი მხრივ, კიევის არმია კურსკის ოლქის სამხრეთში შეიჭრა, რასაც უკრაინული საზოგადოება ენთუზიაზმით შეხვდა, მაგრამ მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაციები მობილიზაციისაგან თავის ამრიდებლების რეკორდული რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება უკრაინის ქალაქ პოკროვსკს – მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს აღმოსავლეთის ფრონტზე. რუსები ქალაქის „კედლებთან“ უკვე 10-12 კილომეტრში არიან.

[გერმანიაში მყოფი] ვლადიმერ იშჩენკო ამბობს, რომ უკრაინელების ენთუზიაზმი კურსკის ოლქში შეჭრასთან დაკავშირებით დიდხანს არ გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსები ქალაქ პოკროვსკის დაკავებას მოახერხებენ: „თუ უკრაინის არმია დონბასში რუსების შეტევას ვერ გაუძლებს და პოკროვსკს დათმობს, კიევი იძულებული იქნება თავისი ქვედანაყოფები კურსკის ოლქიდან გამოიყვანოს, რაც, საბოლოო ჯამში, უკრაინელების ამჟამინდელ ეიფორიას ნოლამდე დაიყვანს“.

საერთოდ კი, როგორც სოციოლოგი აღნიშნავს, კურსკის ოლქში არმიის შეჭრამაც კი ვერ შეცვალა ის სკეპტიკური განწყობა, რომელიც უკრაინელებში შეინიშნება – კიევი კრემლტან დაპირისპირებაში ვერ გაიმარჯვებს, საჭიროა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება. ამჟამად მოლაპარაკების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი. ვლადიმერ იშჩენკოს აზრით, „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს, რომ დონბასის ნაწილი და ყირიმი, დიდი ალბათობით, რუსების ხელში დარჩება. ვინც ასე ფიქრობს, მათი რიცხვი ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მატულობს, შეინიშნება ზრდის ტენდენცია“.

სოციოლოგი ხაზს უსვამს, რომ „გამოკითხვების შედეგები ფაქტიურად არავითარ როლს არ ასრულებს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. მოლაპარაკებების გამართვა სრულიად სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული – მაგალითად, უკრაინელთა პოზიციაზე საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, მოსახლეობის მობილიზაციაზე და მათ მზადყოფნაზე ომში იბრძოლონ. უკრაინელი სოციოლოგი აცხადებს, რომ საზოგადოება უკვე დაღლილია ომით, მოსახლეობას საომარი მოქმედებების მიმართ კითხვები ებადება – ღირს თუ არა ასობით ათასი მსხვერპლის და ნგრევის მომტანი ომის გაგრძელება? ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ კანონის გამკაცრების მიუხედავად, უკრაინის გასაწვევ პუნნქტებში სავალდებულო რეგისტრაცია გაიარა გასაწვევი ასაკის მქონე მხოლოდ 40%-მა. უარესი მდგომარეობაა საზღვარგარეტ, სადაც ჯარში გასაწვევი უკრაინელი მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს – იქ რეგისტრაცია მხოლოდ 10%-მა განაახლა“.

ინტერვიუში უკრაინელი სოციოლოგი ეხება გასაწვევის ასაკის მქონე ახალგაზრდების მასობრივ გაქცევას საზღვარგარეთ, რომლებსაც, უბრალოდ, ეშინიათ თავიანთი პოზიციების გამოხატვა, რომელსაც ხელისუფლება არ მოიწონებს. ასეთი სიტუაცია უკრაინაში ჯერ კიდევ მაიდნამდე, ანუ 2014 წლამდე ყალიბდებოდა. ვლადიმერ იშჩენკო პესიმისტურად უყურებს უკრაინის მომავალს და ამბობს, რომ უკრაინელებს შორის განხეთქილება მატულობს – სხვაგვარი პოზიციები აქვთ მათ, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მათ, ვინც კიევის კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. კიევი ასიმილაციის პროგრამას ჯერ კიდევ 1990 წლიდან ახორციელებს, უკრაინელ ნაციონალისტთა გეგმების მიხედვით.

„უკრაინის ელიტა აძლიერებს ქვეყნის დამოკიდებულებას დასავლეთზე, შეგნებულად ანადგურებს საბჭოურ კულტურულ მემკვიდრეობას, წმენდს მისგან საჯარო სივრცეს და ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის ასიმილაციას ახორციელებს, ე.წ. დეკომუნიზაციის, დეკოლონიზაციისა და დესტალინიზაციის ჩარჩოებში“, – განმარტავს ვლადიმერ იშჩენკო. იგი ვერ ხედავს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობას და უკრაინის განვითარების შანსებს დემოკრატიულობისა და პლურალიზმის განვითარების თვალსაზრისით.

წყარო

პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება – BBC russian

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება“. მასში კომენტარი აქვს გაკეთებული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორდღიან (18-19 აგვისტო) ვიზიტს აზერბაიჯანში, მის შეხვედრას მასპინძელ კოლეგასთან – ილჰამ ალიევთან. სტატიაში ასევე განხილულია აზერბაიჯანის როლი რუსეთ-უკრაინის ომში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აზერბაიჯანში ყველა კმაყოფილი არ არის ვლადიმერ პუტინის ვიზიტით. ეს უკავშირდება როგორც ისტორიულ ხსოვნას, ასევე რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაინც მეგობრულად ხვდება თავის რუს კოლეგას და ოჯახურ თბილ მიღებას უწყობს… ხოლო პროსამთავრობო პრესა, რომელიც დღემდე ამაყად აცნობდა მკითხველს უკრაინაში მებრძოლი აზერბაიჯანელი მეომრების გმირობას, ახლა ვლადიმერ პუტინს აქებს.

„რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა არაფერს ამბობს შაჰიდების ხეივანზე, სადაც ის ადამიანებია დაკრძალული, რომლებიც კრემლის არმიამ იმსხვერპლა“ – ასე გამოხატავს აღშფოთებას ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბლოგერი, რომელიც შეცდომაში შეიყვანა რუსული პროსამთავრობო ტელეარხის Russia Today-ს ინფორმაციამ, თითქოსდა ვლადიმერ პუტინმა ბაქოში ყოფნისას ყვავილებით შეამკო II მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი, „მარადიულ ცეცხლთან“.

სინამდვილეში რუსეთის ლიდერმა ყვავილები დააწყო იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა – მარადიულ ცეცხლთან, შაჰიდების ხეივანში, საბჭოთა არმიის მოქმედების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ, როცა 1990 წლის იანვარში  დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი და მძიმე ტექნიკა იქნა გამოყენებული. დარბევის დროს ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მოვლენა ბაქოში „შავი იანვრის“ სახელით არის ცნობილი, რომელსაც ადგილობრივი ნაციონალისტები ხშირად იხსენებენ ერთი მიზნით, თუ რატომ არ უნდა უყვარდეთ აზერბაიჯანელებს რუსეთი, რომელიც იმ დროს ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა იმპერიის დაშლის შეჩერებას.

ვლადიმერ პუტინს ბაქოს ქუჩებში რუსეთის დროშების ფრიალით არ შეხვდნენ, თუმცა არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ რუსეთისა და რუსი პრეზიდენტის მიმართ აზერბაიჯანში მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: მოსკოვსა და ბაქოს შორის ამჟამად რთული დამოკიდებულება არსებობს.

რატომ რთული? ბაქოს როლი მოსკოვ-კიევის ომში

როცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადალახა და მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა, ნაქოში სტიქიური აქციები გაიმარტა უკრაინის მხარდასაჭერად. ასეთი მოვლენა აზერბაიჯანისათვის არ არის დამახასიათებელი, სადაც პოლიცია ჩვეულებრივად მკაცრად აკონტროლებს სიტუაციას და მსგავს ფაქტებს, ერთეულ პიკეტებსაც კი მკაცრად აღკვეთავს ხოლმე. უკრაინის მხარდამჭერი მიტინგების დროს კი ბაქოელი სამართალდამცველები მშვიდად უყურებდნენ იმას, თუ როგორ მიდიოდნენ აქტივისტები რუსეთის საელჩოსთან და პროტესტს გამოხატავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური პროტესტი არ გამოუთქვამს, ბაქო კიევში აქტიურად გზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო აზერბაიჯანული პრესა პოზიტიურად აშუქებდა იმას, თუ როგორ გმირულად იბრძვიან აზერბაიჯანელი მოხალისე მეომრები უკრაინის მხარეზე. ისინი იქ ნამდვილად არიან – როგორც ბატალიონ „აიდარის“ შემადგენლობაში, ასევე „ქართულ ბატალიონშიც და სხვა ქვედანაყოფებში. აზერბაიჯანელმა მოხალისეებმა ორდენები და „უკრაინის გმირის“ წოდებაც კი დაიმსახურეს.

როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, აზერბაიჯანს არ შეუძლია ღიად მხარი დაუჭიროს უკრაინას იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან.

მჭიდრო კავშირი რუსეთთან

კორონავირუსის პანდემიამდე და უკრაინასთან ომის დაწყებამდე რუსეთში წასული აზერბაიჯანელების რაოდენობა ყოველწლიურად შესამჩნევად აჭარბებდა რუსეთიდან აზერბაიჯანში ჩამოსული რუსების რაოდენობას – დაახლოებით ათი ათასით მაინც.

აზერბაიჯანის სახსტატსამსახურის მონაცემებით, რუსეთი ომამდეც იკავებდა და დღესაც იკავებს პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც აზერბაიჯანში ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის. 2023 წელს აზერბაიჯანში ჩასული რუსების რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა.

დსთ-ის ქვეყნებთან აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი თიტქმის ორ მესამედს სეადგენს (ანუ 4,4 მილიარდ დოლარს). მჭიდრო კავშირები აქვთ სამშობლოსთან რუსეთის მსხვილ ბიზნესმენებს – ეროვნებით აზერბაიჯანელებს, მაგალითად, ფარჰად აჰმედოვს, რომლის სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან გასულ წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ყოფილი ქმარი ემინ ალაგაროვი და მამამისი – არაზ ალაგაროვი რუსეთში Crocus City Hall-ის მფლობელები არიან.

ბაქოში, ერევნისა და თბილისისგან განსხვავებით, ბევრ უმაღლეს სასწავლებელში და თითქმის ყველა სკოლაში ჯერ კიდევ არის რუსული ენის სწავლების შესაძლებლობა სრული პროგრამით. აზერბაიჯანში რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ქვეყნის დედაქალაქში მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღებისათვის.

ამრიგად, გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, აზერბაიჯანში, ვლადიმერ პუტინის მიმართ ძლიერი მტრობა გამოხატული არ არის და ის პროსახელისუფლო პრესაც, რომელიც უკრაინის მხარეზე მებრძოლი მოხალისეებით ამაყობს, [ზემოდან კარნახით] თბილად მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტს და მას აზერბაიჯანის მეგობარს უწოდებს. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, თავისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ (მეუღლესთან ერთად) კი იგი კერძო სტუმრის სახით მიიღო „ზაგულბას“ რეზიდენციაში, სადაც კრემლის ბინადარი თავისუფლად ზის მაგიდასთან, საკინძეგახსნილი პერანგით.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთის იზოლაცია მოახდინა, უკრაინის მიწების ანექსიის გამო, კრემლი ძველ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცებას და ახლების პოვნას ცდილობს. რუსეთმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას სწორედ იმ დრეებში, როცა მისი არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის მთავრობა უკრაინასთანაც და დასავლეთთანაც ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებს და არასოდეს არ ბრუნდება ზურგით ვლადიმერ პუტინისაგან. ეს სახელმწიფო ვიზიტიც რუსეთის ლიდერისათვის იმის სესაძლებლობას წარმოადგენს, რომ მან მსოფლიოს აჩვენოს – კრემლს მხარდამჭერები ბევრი ჰყავს.

ვიზიტის შედეგები

ჯერ-ჯერობით, ვლადიმერ პუტინის ბაქოური ვოიაჟის ყველა ნიუანსი ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ხელი მოეწერა შეთანხმებებს ნავთობის ტანკერების ერთობლივ მშენებლობაზე, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და სხვა დოკუმენტებს.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია ერთმანეთის სუვერენიტეტისადმი პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გაეროს პრინციპებისადმი პატივისცემა და ა.შ.). დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2020 წლის 9-10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას და მის შემდგომ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რომლებიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. რუსეთის ფედერაციამ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ხელი შეუწყოს აზერბჯაინისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას“.

წყარო

როგორ გავიმარტივოთ შინაურ ცხოველებზე ზრუნვა Tati-ს აპლიკაციით

ცხოვრების ყოველდღიური რიტმი ხშირად გვიყენებს შეზღუდულ შესაძლებლობებს ჩვენს საყვარელ შინაურ ცხოველებზე ზრუნვაში. მიუხედავად იმისა, რომ შინაური ცხოველები ჩვენი ოჯახის წევრებად გვიცნობს, მათი ჯანმრთელობა და კომფორტი ხშირად შეიძლება იყოს გამოწვევა. სწორედ აქ ჩნდება Tati-ს აპლიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველებზე ზრუნვის გამარტივებას და გაუმჯობესებას.

რა არის Tati-აპლიკაცია?

Tati არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც შექმნილია შინაური ცხოველების მფლობელებისთვის, რათა მათ შეძლონ უკეთესად მართონ თავიანთი ცხოველების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ეს აპლიკაცია გთავაზობთ მრავალფეროვან ფუნქციებს, რომლებიც ეხმარება მფლობელებს თავიანთი ცხოველების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართვასა და შენახვაში.

Tati-ძირითადი ფუნქციები

დღიური

შეინახეთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი ცხოველის შესახებ ერთ სივრცეში. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ ნებისმიერ დროს ჩაინიშნოთ და მიიღოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები რათა უზრუნველყოთ თქვენი ცხოველის ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი.

გრუმინგი

Tati-ს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ და დაჯავშნოთ გრუმინგ სერვისები თქვენი ცხოველისთვის. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უახლოესი გრუმინგ სალონები, ერთი ღილაკის დაჭრით დაჯავშნოთ და აკონტროლოთ პროცესი.

ვეტ-კლინიკა

Tati-ს აპლიკაცია გთავაზობთ ვეტ-კლინიკების ბაზას, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ და დაჯავშნოთ ვიზიტი საუკეთესო ვეტერინართან. ასევე თქვენი ცხოველი ყოველთვის მიიღებს დროულ და ხარისხიან დახმარებას.

ძაღლის გასეირნება

აპლიკაცია დაგეხმარებათ იპოვოთ პროფესიონალი გამსეირნებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი ძაღლის უსაფრთხო და აქტიურ გასეირნებას. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს, რომ თქვენი ძაღლი მუდამ აქტიური და ბედნიერი იყოს, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა.

სასტუმრო ცხოველებისთვის

მოგზაურობის ან შვებულების დროს, ხშირად საჭიროა ცხოველის დატოვება. Tati-ს აპლიკაცია გთავაზობთ საუკეთესო სასტუმროების სიას შინაური ცხოველებისთვის. თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ სასტუმროები, წაიკითხოთ შეფასებები და დაჯავშნოთ ადგილი თქვენი საყვარელი ცხოველისთვის.

ზოო მაღაზია

Tati-ს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ყველა საჭირო ნივთი თქვენი ცხოველისთვის ერთ ადგილზე. საკვები, სათამაშოები, აქსესუარები – ყველაფერი, რაც თქვენს ცხოველს სჭირდება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ აპლიკაციიდან და მიიღოთ პირდაპირ სახლში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მომხარებლისთვის ხელმისაწვდომია დღიურისა და გრუმინგ სალონების დაჯავშნის ფუნქცია, სხვა სერვისები კი აპლიკაციაში ეტაპობრივად დაემატება.

როგორ ეხმარება Tati ცხოველებზე ზრუნვას?

Tati-ს აპლიკაცია უნიკალური ინსტრუმენტია ყველა ცხოველის მფლობელისთვის. მისი გამოყენება მარტივია და მოსახერხებელი, რაც ხელს უწყობს დროისა და ენერგიის დაზოგვას. აპლიკაცია ეხმარება მფლობელებს უკეთესად მართონ თავიანთი ცხოველების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ცხოველების სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობას

საერთო ჯამში, Tati-ს აპლიკაცია არის ინოვაციური გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს ცხოველების მფლობელებს გაიმარტივონ თავიანთი ზრუნვის პროცესი და უზრუნველყონ მათი საყვარელი ცხოველების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ეს აპლიკაცია ნამდვილად უნდა იყოს ყველა მფლობელის სმარტფონში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 19 პირი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი დააკავეს, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული თ.ა., 1964 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევები 1983 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1975 წელს დაბადებული კ.კ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული შ.ე. და 1989 წელს დაბადებული ი.შ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ბ.ი., 1976 წელს დაბადებული ლ.ნ., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2001 წელს დაბადებული მ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1983 წელს დაბადებული მ.ვ., 1991 წელს დაბადებული ი.ბ., 1984 წელს დაბადებული ლ.მ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული მ.მ.; 1980 წელს დაბადებული ო.კ.; 1999 წელს დაბადებული ე. ა., 1992 წელს დაბადებული ა.ხ., 2003 წელს დაბადებული ნ.მ., 1990 წელს დაბადებული ჰ.ჩ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, “მეპამფეტამინი”,„მარიხუანა“ და „ლირიკა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას, – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოში ნომერ პირველი ამოცანა ამ არჩევებზე მშვიდობის მაქსიმალურად განმტკიცებაა, რისთვისაც თითოეული ამომრჩევლის ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქვე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.

„მანდატების რამდენ პროცენტსაც მიიღებს „ქართული ოცნება“, ზუსტად იმდენი პროცენტით განმტკიცდება და გამყარდება მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში.

გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და მით უფრო მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ და საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციები მაქსიმალურად განიმტკიცოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ“, – ვკითხულობთ “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება – საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა – „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ ძირითად პუნქტებზე, რისთვისაც სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ირჩევს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება – საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა. თუმცა, ამ უშუალო ამოცანასთან ერთად, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ამოცანა, უზრუნველვყოთ საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ მაღალი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ესაჭიროება“,- ნათქვამია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ტრადიციულ ფასეულობებს – „ქართული ოცნება“

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ირჩევს „ქართულ ოცნებას“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ირჩევს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება – საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.
თუმცა, ამ უშუალო ამოცანასთან ერთად, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ამოცანა, უზრუნველვყოთ საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ მაღალი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ესაჭიროება.
ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ დავაზუსტოთ, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:

1) პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 12 წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით კონკრეტულ უმძიმეს დანაშაულებზე სამართლის აღსრულება რეჟიმის ათობით მაღალი, საშუალო თუ დაბალი რანგის წარმომადგენლის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. შესაბამისმა განაჩენებმა, მთლიანობაში, წლების მანძილზე, შექმნა მყარი საფუძველი რეჟიმის გასასამართლებლად. ასევე, შეგახსენებთ, რომ გასული წლების მანძილზე წარიმართებოდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. ჰააგისა და სტრასბურგის პროცესების ფონზე, 2008 წლის დანაშაულში ჩაძიება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ახლა სრულად არის მოხსნილი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ. ამ ფონზე, ამ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებამ დღეს სულ სხვა აქტუალობა შეიძინა.

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს. ეს არიან ის ძალები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის მეორე ფრონტის კამპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოორდინაციას ახორციელებდნენ. ჩვენ ამ ძალებს უნდა დავანახოთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი, საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის. სწორედ გარე ფაქტორის გათვალისწინებით არის აუცილებელი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად.

გამომდინარე უამრავი დანაშაულიდან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, მას ვერ მივცემთ უფლებას, გარე დავალებების შესრულება და სახელმწიფოსთვის მუდმივი ზიანის მიყენება განაგრძოს. დაუშვებელია ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დარჩეს 2008 წლის დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციის როლს გარედან მართული პოლიტიკოსების დანაშაულებრივი ჯგუფი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს, სახელმწიფოს მუდმივად უწევს დანაღმულ ველზე სიარული, რის გამოც ქვეყნის დაკარგვის რისკი მუდმივად აქტუალური რჩება.
ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება იყო დაკავშირებული.

მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის. ქართულ სინამდვილეში კი, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც სახელმწიფოს შენარჩუნებას ცდილობს და მეორე მხარეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთლიანად გარედან იმართება და სახელმწიფოს გამუდმებული მტრობით არის დაკავებული. როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა სამზე მეტი ვადით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს დემოკრატიულ პროცესს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში გარკვეული პერიოდულობით ერთმანეთს ხელისუფლებაში ერთმანეთზე უკეთესი პოლიტიკური ძალები უნდა ანაცვლებდნენ, რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ.

ჩვენი ვალია ქართული სახელმწიფოს წინაშე, პოლიტიკური სისტემის არაჯანსაღი მდგომარეობა სამუდამოდ შევცვალოთ და ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რაც სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.

არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი ველოდოთ იმ ნაღმის აფეთქებას, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმი და პოლარიზაცია ჰქვია. სწორედ ამიტომ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის;

2) საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიშ სახეს იძენს. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ, რომელიც მკრეხელობის, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ-პროპაგანდის ძალზე უხეშ, აღმაშფოთებელ ელემენტებს შეიცავდა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ საფრთხის მასშტაბი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება.

ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მისი ერთადერთი მიზანი ღირსებისგან, მორალისგან და ყოველგვარი იდენტობისგან ადამიანის სრული დაცლაა. ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ადამიანმა არ უნდა იცოდეს საკუთარი ფესვები, საკუთარი ქვეყნის ისტორია, მას არ უნდა ჰქონდეს ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამოცანა ყველაზე დაბალი რანგის მონის გამოყვანაა, რომელიც მანიპულირებას იოლად დაექვემდებარება.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართულ ოცნებას“ მისცემს ზემოაღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს.
კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა;

3) ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიკურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება;

4) არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ.

ზემოაღნიშნული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას საქართველოს გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისათვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, და მეტიც – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს. საქართველო ახლაც ომის უშუალო საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან არიდება დღეს და ხვალ საქართველოს უპირველესი ამოცანაა. საკმარისია მცირე გადაცდომა, ერთი ფეხის გადაბრუნება და ქვეყანა შეიძლება საერთოდ დავკარგოთ, რის შემდეგაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ საერთოდ არაფერს ფასი აღარ ექნება. ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ქართულ საზოგადოებას მართებს მაქსიმალური მობილიზაცია, რათა დღემდე დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული მშვიდობა ხელიდან არ გავუშვათ და ქვეყანას ნგრევა და განადგურება თავიდან ავაცილოთ. ახლა მთავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანა როგორმე შევინარჩუნოთ და შემდეგ, მის შეუფერხებელ განვითარებას ვეღარაფერი დაუდგება წინ.
2020 ან 2021 წელს სახლში დარჩენილ ან ოპოზიციის ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყანა აღარ გვექნებოდა. სამომავლოდ, ამგვარი რისკი თეორიულ დონეზეც კი აღარ უნდა დავუშვათ.

რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა ამ არჩევებზე მშვიდობის მაქსიმალურად განმტკიცებაა, რისთვისაც თითოეული ამომრჩევლის ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, მანდატების რამდენ პროცენტსაც მიიღებს „ქართული ოცნება“, ზუსტად იმდენი პროცენტით განმტკიცდება და გამყარდება მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში.

გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და მით უფრო მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ და საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციები მაქსიმალურად განიმტკიცოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ და ახალ ხარისხში გადავიყვანოთ აშშ-სთან ურთიერთობები, შემოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები და მივიღოთ უვიზო მიმოსვლა – თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კოალიციის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში იმყოფება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოკუჩავა ვიზიტის ფარგლებში დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრება, რომელზეც კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენენ.

მათივე ცნობით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის.

როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ამერიკელ „ლიდერშიფს“ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით ესაუბრონ.

„რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისის წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვესაუბროთ ამერიკელ „ლიდერშიფს“ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა დააზიანა. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან და გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა ახალ ხარისხში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.