Home Blog Page 96

პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი).

√  დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

სიახლეა ის რომ, არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიას წარდგენისას უნდა დაურთოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე განსაზღვრა (დადგენილება №34/2024), რაც ხელს უწყობს პარტიებს გაითვალისწინონ და დროულად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები პარტიული სიებთან დაკავშირებით.

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაცაა წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ

ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

√  უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

  • გვარი, სახელი;
  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
  • სქესი;
  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
  • თანამდებობა (საქმიანობა).

სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

  • გვარი, სახელი;
  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
  • სქესი;
  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
  • თანამდებობა (საქმიანობა);
  • საქართველოში არანაკლებ 10 წლის ცხოვრების ფაქტი;
  • თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;
  • ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;
  • ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, რესპუბლიკის მოედანზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ – კახა კალაძე

„კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

„როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია, რაც რასაკვირველია, არ არის შემთხვევითი. ეს არის თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო გუნდის, ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი შრომისა და იმ ძალისხმევის შედეგი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სპორტის განვითარების კუთხით გასწია.

ასევე, არ შემიძლია არ გამოვყო ჩვენი ქომაგების, ფეხბურთის გულშემატკივრების როლი, რომელთა მხარდაჭერა უდიდეს ენერგიას მატებს ფეხბურთელებს. ჩვენ ვნახეთ ქართველი გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა მათ ამისთვის, რომ ჩვენს ფეხბურთელებს სტადიონზე საოცარი ატმოსფერო შეუქმნეს. შესაბამისად, კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, 7 სექტემბერს, რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება მოეწყობა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გულშემატკივრის ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის. ამიტომ, ყველანი ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დასწრებოდა მატჩს. მათთვის, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე ღია ჩვენებას გავმართავთ. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი საგულშემატკივროდ. ადგილზე დამონტაჟდება ძალიან დიდი ეკრანები, განთავსდება კვების ობიექტები. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ბოლო დღეებში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც „დინამო არენას“ უსაფრთხოებას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის სპეკულაციები.

„ამ დღეებში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, რომ თითქოს, მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ უსაფრთხოა, უბრალოდ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაცია უკვე გამოეხმაურა. მე არ შევალ დეტალებში და სპეკულაციებზე განცხადებას არ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ანალიზის გაკეთება შეუძლია, ყველაფერს კარგად მიხვდება და ასეთ პოლიტიკოსებს შესაბამის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თიბისის პარტნიორი ლუდსახარში „ნატურალე ბრევერი“  უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

შპს „ნატურალე ბრევერი“ ბოლო წლებში მომრავლებულ ქართულ ლუდსახარშებს შორის გამორჩეულია  ადგილობრივ ბაზარზე. წარმატებას კომპანიის საერთაშორისო აღიარებაც ახლავს, ეს კი ხარისხისა და ექსკლუზიური პროდუქციის დამსახურებაა. მხოლოდ შარშან, London Beer Competition-ში კომპანიის ლუდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, სიდრმა  ბრინჯაოსი, World Cider Award-ში კი „ნატურალე ბრევერის“ სიდრი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

2016 წელს დაარსებული საწარმო ჰობიდან სერიოზულ ბიზენსად იქცა. სერგო მაკაროვს, „ნატურალე ბრევერის“ დირექტორსა და მთავარ ტექნოლოგს, ლუდის ხარშვა საგანგებოდ არსად შეუსწავლია, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის აინტერესებდა და შესაბამის ლიტერატურას გამუდმებით ეცნობოდა.

„ამ საუკუნის ათიანი წლებიდან მსოფლიოში კრაფტ ლუდების ბუმი დაიწყო, ძველი რეცეპტების განვითარება. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენთან, დასაწყისში, ყველა მხოლოდ ლაგერს ითხოვდა – მხოლოდ ეს სახეობა იცოდნენ. ღია ფერის და შავი ლუდი, გაფილტრული და გაუფილტრავი. სულ ეს იყო. ცოტა ხანში ცნობისმოყვარეობამ იმუშავა და სხვა ლუდების გასინჯვაც დაიწყეს. დღეს უკვე შეიძლება თქმა, რომ კრაფტ ლუდის კულტურა ჩვენთანაც დამკვიდრდა. წარმოება ასლიტრიანი სახარშით დავიწყეთ. თავიდან, როგორც ფიზიკურ პირს მქონდა სამომხმარებლო სესხი თიბისი ბანკში, 3-4 წლის წინ მინი ბიზნეს სესხი ავიღე და დანადგარები დავამატეთ. წელს კვლავ ავიღე სესხი წარმოების გასაზრდელად – უკვე 500 ლიტრიანი სახარში შევიძინეთ. ჩვენ გვაქვს ლუდები, რომლებიც ჩვენ შევქმენით და მხოლოდ ჩვენ ვაწარმებთ. ასეთია, მაგალითად, ტომატის ლუდი, რომელსაც დავამატეთ მეგრული აჯიკა. კიდევ გვაქვს ტყემლის ლუდი, ტყემლის სოუსის სუნელებით. ეს ლუდები ჩვენი ექსკლუზივია და ქართულ სამზარეულოსა და ქართულ გემოებს განსაკუთრებით უხდება“.

„ნატურალე ბრევერი“ ერთდროულად დაახლოებით 10 სახეობის ლუდს და 6 სახეობის სიდრს აწარმოებს.

„ჯამში დაახლოებით 35 სახეობის ლუდი გვაქვს მოხარშული, მაგრამ მუდმივად ვაკეთებთ როტაციას. დღეს დაახლოებით 5-6 ტონა ლუდს ვხარშავთ თვეში. დანადგარების ჩამოსვლისას უკვე თვეში 10-12 ტონას მოვხარშავთ. აქამდე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ვიყავით წარმოდგენილები. როცა ახალი სახარში და ახალი საფერმენტაციო ცისტერნები გვექნება, შეიძლება ექსპორტზე ვიფიქროთ. ინგლისიდან და პოლონეთიდან უკვე იყო დაინტერესება“.

სიდრი, რომელსაც კომპანია ლუდთან ერთად აწარმოებს, ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალი სასმელია. ამას თავისი მიზეზი აქვს.

„სიდრზე აქციზი მაღალი იყო. მხოლოდ სამი წლის წინ მოხდა ცვლილება, აქციზი გაიაფდა და შეასაძლებელი გახდა, რომ სიდრიც გვეწარმოებინა. ვაშლის ძველ ჯიშებს ვიყენებთ – ანტონოვკას, ბროდსკის, კეხურას… შარშან ჰექტარნახევარი ნაკვეთი ვიყიდეთ, სადაც სიდრისთვის საჭირო სპეციალური ჯიშები დავრგეთ. სიდრი დაბალგრადუსიანი სასმელია, ამიტომ ლუდის კონკურენტია და არა ღვინის. გლუტენის შემცველობის გამო ლუდს ყველა ვერ სვამს, დაბალგრადუსიანი სიდრი კი, განსაკუთრებით ზაფხულში, კარგი ალტერნატივაა. ვაშლის გარდა, მაგალითად, ალუბლისა და გრეიპფრუტის სიდრსაც ვამზადებთ“.

ამჟამად ლუდსახარში ბარებს და ლუდის მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში ამარაგებს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს საკუთარი ბარი ასათიანი 30-ში და მაღაზია ნუცუბიძის 115-ში. ბოლო დროს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, სექტორი საგრძნობლად განვითარდა და კონკურენციამაც იმატა.

„კონკურენცია, ძირითადად, დიდ მწარმოებლებთანაა. ისინი უფრო დიდი რაოდენობით და შესაბამისად უფრო იაფად აწარმოებენ ლუდს, გარდა ამისა, ბარებში ხშირად ექსკლუზიურად არიან წარმოდგენილები. თუმცა ბოლო დროს ბარები დარწმუნდნენ, რომ ეს მიდგომა არასწორია. წამგებიანია, როცა მომხმარებელი იძულებულია, მხოლოდ ერთი სახეობა – ლაგერი – სვას. უკვე ბევრი ბარი გაიხსნა და ბარებს შორისაც დიდია კონკურენცია. ჩვენ მრავალფეროვნებით და ხარისხით ვიგებთ. ვცდილობთ დავამატოთ ახალი სახეობები, რაც აქამდე არ იყო ბაზარზე. ჩემი აზრით, მრავალფეროვნება ყოველთვის უპირატესობაა“.

R

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება  

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობას მემორანდუმის გაფორმების საკითხი განიხილეს. მემორანდუმი გულისხმობს, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ მებრძოლის ბიოგრაფიული ცნობები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირეს.
“ძალიან საინტერესო, სახელმწიფოებრივად გააზრებული ინიციატივაა. ეს არის ეროვნული მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია მომავალ თაობებზე. თავგანწირვა და პატრიოტიზმი არასდროს იკარგება. მემორანდუმის გაფორმება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გაგვიადვილებს და უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული პროექტი იქნება. ” განაცხადა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

როგორც მხარეებმა ისაუბრეს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფას, დაფასებას და მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი.

მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება – მედვედევი

მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

„ნეონაცისტების მიერ კურსკის ოლქში ჩადენილი ტერაქტის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მშვენიერი სამყაროს თემაზე არაუფლებამოსილი შუამავლების ამაო ჭორაობა შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. მათ ესმით, რომ მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება!“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეიძლება მოლაპარაკებების ხაფანგში აღმოჩნდეს.

„ჩემი აზრით, ბოლო დროს, თუნდაც თეორიულად, გაჩნდა ერთი საშიშროება – მოლაპარაკებების ხაფანგი, სადაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება გარკვეულ ვითარებაში აღმოჩნდეს“, – აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

დაკავებულია პირი, რომელმაც სამტრედიაში, მეზობელ ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და მიიმალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც სამტრედიაში, მეზობელ ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა განხორციელდა – მოსკოვის მერი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 ​​უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა „ტელეგრამ“ არხზე განაცხადა.

„მოსკოვის საჰაერო თავდაცვამ შესაძლებელი გახადა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველა თავდასხმის მოგერიება. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 10 დრონი ჩამოაგდეს“, – წერს სერგეი სობიანინი და დასძენს, რომ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს.

მისი თქმით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ეს მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

„ღამის სერენადები“ ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 21 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში: ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში და ერთი თვის განმავლობაში გააერთიანებს შვიდ კონცერტს, ქართველი მხატვრების გამოფენებს, დარგობრივ მასტერკლასებსა და ვორქშოპებს მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.

წლევანდელი ფესტივალი, 2023 წლის მსგავსად საზეიმოდ გაიხსნება ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართება დიდი გალა კონცერტი, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია, ელვინ-ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი. ასევე ქართველი შემსრულებლები: მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, მარიამ და გიორგი ბუგიანიშვილები, ანსამბლი „ბორჯომი“. შესრულდება მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, ბელა ბარტოკის „რუმინული ცეკვები“, ფრაგმენტები ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროებიდან და ქართული მუსიკა: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

გახსნითი კონცერტის შემდეგ ფესტივალი გადაინაცვლებს ბათუმში და 23 და 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ორ კონცერტს წარადგენს.

თბილისის კონცერტები კი გაიმართება 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

წლევანდელი ფესტივალში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები:

ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და სხვ.

სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას გაუწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”. ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, “პალიტრა ჰოლდინგი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.

21 აგვისტო, ბორჯომი, 19:00

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი

მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია

ელვინ ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი / თურქეთი

მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო

გიორგი ბუგიანიშვილი – ტენორი, საქართველო

მარიამ ბუგიანიშვილი – ვოკალი, საქართველო

ანსამბლი ბორჯომი (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი)

ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე)

პროგრამა:

ანტონიო ვივალდი – ზაფხული (ციკლიდან „წელიწადის დრონი“)

ბელა ბარტოკი –              რუმინული ხალხური ცეკვები

ასტორ პიაცოლა –           ზაფხული (ციკლიდან „ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი“)

Vuelvo al Sur

Adios Nonino

ენიო მორიკონე –            სამი თემა

კარლოს გარდელი –       Volver

Por una Cabeza

ფრანც შუბერტი –           ფოსტა (ციკლიდან „ზამთრის გზა“)

ვაჟა აზარაშვილი –         სენტიმენტალური ტანგო

დღეები მიდიან

რევაზ ლაღიძე –              თბილისო

21 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კამალა ჰარისი აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა

კამალა ჰარისი აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა. ეს პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი, რომელიც უკვე მეორე დღეა ჩიკაგოში მიმდინარეობს.

ჰარისმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პარტიის დელეგატებმა მხარი დაუჭირეს მას და მისი კამპანიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ტიმ უოლცს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ თქვენი კანდიდატები“, – განაცხადა ჰარისმა.

ყრილობაზე დღეს სიტყვით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელიც გამოვიდნენ. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აშშ „ჰარისის პრეზიდენტობისთვის მზად არის“, ყოფილმა პირველმა ლედიმ კი განაცხადა, რომ „იმედი ბრუნდება“.

ყრილობა ჩიკაგოში საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე მიმდინარეობს.

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის დასაწყისი რთული იქნება. მათთანაც კი უთანხმოება გელით, ვისიც ყოველთვის კარგად გესმოდათ. ვიღაც ძველ წყენას გაიხსენებს და ვითარებას ეს უფრო დაამძიმებს. ეცადეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული – ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.
გირჩევთ საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ – გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.

კურო

შეიძლება, რომ სიმტკიცისა და მონდომების წყალობით, რომელსაც დღეს გამოავლენთ, სასურველ შედეგს მიაღწიოთ. ინტუიცია გკარნახობთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.
თქვენ იპოვით გზას, თუ როგორ გააძლიეროთ საქმიანი კავშირები და მოიპოვოთ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირად პრობლემებს სწრაფად აგვარებთ. არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ ატყუებთ და ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. ადრე თუ გვიან ეს წარმატებას მოგიტანთ, ასე გააგრძელეთ.

ტყუპები

ამ დღეს ფიქრიდან მოქმედებაზე გადასვლას არ ჩქარობთ. გირჩევნიათ მოვლენების განვითარებას დააკვირდეთ, ვიდრე მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ეს მცდარი მიდგომაა – შეიძლება მოგვიანებით ინანოთ, რომ არ იაქტიურეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ნელ-ნელა უმჯობესდება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკულიც. ზოგი ტყუპები საყვარელი ადამიანისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობას შეძლებს.

კირჩხიბი

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ თავისუფალ გარემოში, მხიარულ შეხვედრაზე სერიოზული საკითხები განიხილოთ. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად ხვდებით და საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ.ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

ლომი

სასიამოვნო შეხვედრებისა და საინტერესო საუბრების დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და წარმატებული შესყიდვები.
ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. პირად ურთიერთობებში თავს ეჭვიანობა იჩენს და თქვენ მიმართ ნდობას შეამცირებს. ეცადეთ თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ.

ქალწული

ურთიიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. დამხმარეებისა და თანამოაზრეების პოვნას ადვილად ახერხებთ და არც ახალ ნაცნობებთან ერთობლივი ქმედებების შეთანხმება გიჭირთ.
მოსალოდნელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. სახლში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი. მაგალითად, შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდეს და დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნება, რომ ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. თუ საკუთარ სიმართლეში ვინმეს დარწმუნებას ცდილობთ, ამ დღეს აუცილებლად გამოგივათ. ეცადეთ ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

მორიელი

სიმართლეს ყოველთვის შეულამაზებლად ამბობთ და მოსალოდნელი შედეგები არ გაღელვებთ. თუ გარშემო მყოფები სხვას ასეთ პირდაპირობას არ პატიობენ, თქვენთან პრეტენზიები არ აქვთ. უფრო მეტიც, თქვენი პირდაპირობა ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. ამის წყალობით გავლენიან მოკავშირეებს იპოვით, რომელთა მხარდაჭერის შედეგად მალე დიდ წარმატებას მიაღწევთ.
ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი ფინანსური და ქონებრივი საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. რაც შეეხება ფულთან, ძვირფას ნივთებთან და ზოგადად, მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით მხოლოდ ინტუიციას უნდა ენდოთ. ბევრი მშვილდოსანი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. მოსალოდნელია ხელსაყრელი შეთავაზებები. გირჩევთ, საქმიანი და პირადი ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ – ამას შეიძლება დიდი პრობლემები მოჰყვეს.

თხის რქა

ხელსაყრელა, მაგრამ მოუსვენარი დღეა. ხანდახან გეჩვენებათ, რომ ყველაფრის მოსასწრებად ათას ნაწილად უნდა გაიყოთ. საბედნიეროდ, სიტუაცია ასეთ მსხვერპლს არ საჭიროებს, თუმცა გარკვეული ძალისხმევა მაინც მოგიწევთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებთ თუ არა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას.
ეცადეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სწორად და სასარგებლოდ გამოიყენოთ. იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე.

მერწყული

მთლიანობაში, კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ მოქმედებას უნდა მოერიდოთ. სასურველი შედეგის მიღწევას მხოლოდ კარგად გააზრებული და დაგეგმილი საქმე მოგიტანთ. ნუ მისცეთ გარშემო მყოფებს უფლებას, რომ აგაჩქარონ და ერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თვენთან დაახლოებას ბევრი ცდილობს, მაგრამ მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც თქვენს დაზარალებას ცდილობს. უსმინეთ თქვენს ინტუიციას – მისი მინიშნებები დაგეხმარებათ შეცდომები თავიდან აიცილოთ.

თევზები

მარტივი წარმატებებისა და სწრაფი გამარჯვებების დღეა. იმას, რაც სხვებს არ გამოსდით, ადვილად უმკლავდებით, მაგრამ თქვენი არავის შურს, პირიქით, ადამიანებს თქვენი წარმატებები გულწრფელად ახარებთ. ფინანსური პრობლემები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ, წარმატებით მოგვარდება და შესაძლოა, საოცნებო ნივთიც იყიდოთ.

გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს-რატი იონათამიშვილი

ამ „ევროპულად მოაზროვნეს” სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა გონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია! – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პარტია „ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

კერძოდ, გვარამიამ, „ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ისინი „არც თუ ისე განვითარებული ინტელექტის გიჟები” არიან და ის გულისხმობს არა პოლიტიკურ სიგიჟეს, არამედ, პირდაპირი გაგებით სიგიჟეს.

იონათამიშვილის შეფასებით, გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს, შესაბამისად, ფარსია ყველაფერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ევროპასა და ადამიანის უფლებებზე საუბრობს.

„ამ „ევროპულად მოაზროვნეს” სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა გონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია! გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის, ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს.

ამიტომ ფარსია ყველაფერი, რასაც ესენი ევროპაზე და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ. მათთვის ორგანული ყოველთვის იყო ძალადობა და სიძულვილი და, ცხადია, მათი ზნე არასდროს შეიცვლება.” – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.