Home Blog Page 957

 რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვით უკრაინული ძალების თავდაცვის უნარს ვამცირებთ, ხელს ვუბოჭავთ მათ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ხარკოვის ოლქში სასაზღვრო ბრძოლების ფონზე, მოკავშირეებმა უნდა გადახედონ უკრაინისთვის დაწესებულ შეზღუდვებს დასავლური იარაღით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელებასთან დაკავშირებით, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავდაცვის უფლება აქვს.

„თავდაცვის უფლება მოიცავს უკრაინის ფარგლებს გარეთ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, ჩვენ ამას ახლა აშკარად ვხედავთ ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში, რადგან რუსული ჯარები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე და საზღვარზე უკრაინის ტერიტორიას ესხმიან თავს. ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად გადის საზღვრის გასწვრივ და თუ ვერ უტევთ რუსულ ძალებს ფრონტის მეორე მხარეს, რადგან ისინი საზღვრის მეორე მხარეს არიან, მაშინ თქვენ ნამდვილად ამცირებთ უკრაინული ძალების თავდაცვის უნარს“, – განმარტა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში რუსებს შეუძლიათ თავდასხმა საპასუხო თავდასხმის გარეშე. ამ კონტექსტში, სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, რომლებმაც დააწესეს შეზღუდვები მათ მიერ გადაცემული იარაღის გამოყენებაზე, ამ შეზღუდვებს გადახედონ.

„ჩემი მესიჯია, რომ უნდა გადავხედოთ ამ შეზღუდვებს, რადგან ძალიან ბევრი შეზღუდვით ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცალ ხელს ვუბოჭავთ, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად, ხელისუფლებამ ან ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1-ელი იანვარი – სოსო ფხაკაძე

“ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს.

კერძოდ, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი.

როგორც სოსო ფხაკაძე სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, ზემოთ მოყვანილი ორივე “ოფცია” ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს.

„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ.

ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი “ოფციიდან” ერთ-ერთის არჩევა.

პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი.

ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ელი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე “ოფცია” ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.

იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას“,- წერს ფხაკაძე.

მეორდება ისტორია, 2020-დან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა „შალიკოს ფანჩატურიდან” „სალომეს ფანჩატურამდე“ -ზაალ ანჯაფარიძე

როგორც ამბობენ, ისტორია მეორდება ერთხელ ტრაგიკომედიის, მეორეჯერ კი ფარსის სახით. მეორდება ჩვენთანაც ისტორია. 2020 წლიდან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა “შალიკოს ფანჩატურიდან” “სალომეს ფანჩატურამდე, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში, ოპოზიციამ მორალურად წინ ვერ წაიწია, რისი ერთ-ერთი დადასტურებაც, ოპოზიციონერ ხატია დეკანოიძის განცხადებაა, რომ პირადად გადაგზავნა ევროპაში და აშშ-ში კოლეგა დეპუტატების სია, რომ მათთვის სანქციები დაედოთ.

„როგორც ამბობენ, ისტორია მეორდება ერთხელ ტრაგიკომედიის, მეორეჯერ კი ფარსის სახით. მეორდება ჩვენთანაც ისტორია. 2020 წლიდან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა “შალიკოს ფანჩატურიდან” “სალომეს ფანჩატურამდე” ისე რომ პოლიტიკურად და მორალურად ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წაიწია. ან კი სად აქვთ ამის რესურსი. მათი მორალური დეგრადაციის კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადება, რომ პირადად გადაგზავნა ევროპაში და აშშ-ში კოლეგა დეპუტატების სია, რომ მათთვის სანქციები დაედოთ“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

გიორგი გახარიას პარტიის განცხადება წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია, რომლის გაჟღერებაც აქამდე არავის გაუბედავს -არჩილ თალაკვაძე

გიორგი გახარიას პარტიის განცხადება წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია, რომლის გაჟღერებაც აქამდე არ გაუბედავს არავის ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეიძლება განიხილებოდეს რაიმე ზეწოლის ბერკეტად, ეს განცხადება არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ.

„დღეს ვისმენთ, რომ თურმე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, შესაძლოა, გახდეს რაიმე შანტაჟის მექანიზმი, მით უმეტეს, კანონთან მიმართებით, რომელსაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დემოკრატიის დაცვას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და პოლიტიკური სისტემის განმტკიცებას. ევროპაში 15 ქვეყანას აქვს მსგავსი კანონმდებლობა და თუ ეს სჭირდება ევროპას, სჭირდება საქართველოსაც. განცხადება, რომელიც დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან გაკეთდა, არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი და მიუღებელი, რომლის გაკეთებაც არ გაუბედავს აქამდე არავის. ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეიძლება განიხილებოდეს რაიმე ზეწოლის ბერკეტად, ეს არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საფრთხე შეუქმნას.

სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომია ქარტია, რომელიც ემსახურება ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაციას -არჩილ თალაკვაძე

სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომია ქარტია, რომელიც ემსახურება ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა დასუსტდება.

„დოკუმენტი აანონსებს დროებით არჩევნებს, დროებით მთავრობას, ანუ არჩევნების ჩატარების შემდეგ კიდევ უნდა ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში უნდა მოხდეს ინსტიტუტების გადაკეთება, მათი თავიდან დაკომპლექტება. წარმოიდგინეთ, ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება, არ ეცოდინება, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, იქნება თანამდებობების გადანაწილების მცდელობა და მოქალაქეებს შეუძლიათ, წარმოიდგინონ, როგორ ეცდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ ინსტიტუტებისა და ძალაუფლების გაყოფას. მეტიც, ამის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა დასუსტდება. დასუსტდება მისი მედეგობა უსაფრთხოების რისკების მიმართ, რასაც, არ არის გამორიცხული, მოჰყვეს ჩარევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, მოჰყვეს ქვეყნის დესტაბილიზაცია ან უფრო მძიმე პროცესებიც. ამიტომ, ეს ქარტია პირდპირ ემსახურება ქვეყნის დესტაბილიზაციას.

მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ოპოზიცია თავად არ არის ჩამოყალიბებული, ერთიანდებიან თუ ერთდებიან ამ ქარტიის გარშემო. ის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღიარეს ევროპული ფრონტის ხელმძღვნელად, ადამიანი, რომელსაც რუსეთის აგენტს ეძახდნენ წინა წლებში და გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსულ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია და აჩვენებს, პარლმენტში რამდენად უთავმოყვარეო და არათანმიმდევრული რადიკალური ოპოზიცია გვყავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სამართლებრივ ნაწილში ქარტია პირდაპირ აანონსებს პოლიტიკურ შურისძიებას.

„ინსტიტუტებში ჩარევაა იმ მეთოდებით, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. წარმოიდგინეთ, ეს რადიკალური ოპოზიცია როგორ იყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ძალაუფლებას. როგორ აკომპლექტებენ დროებით მთავრობას, ატარებენ არჩევნებს, რათა შემდეგ კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარონ. როგორც ჩანს, მოქალაქეებს არც ეკითხებიან და საზოგადოების აზრი არც იციან, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის ასეთი განვითარება. ეს პირდაპირ ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას. როგორც ჩანს, ეს არის პირდაპირი დავალება, როგორმე დაშლილი ოპოზიცია ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააერთიანოს რაღაც ფრონტში.

საქართველოს დღეს ფრონტი არ სჭირდება. სჭირდება მისი საპირისპირო, სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და თავისუფალი არჩევნები, რომელმაც უნდა გადაამოწმოს, რა არის საზოგადოების დავალება ხელისუფლების მიმართ. სწორედ ეს არ უნდათ. ამას ეწინააღმდეგებიან და სურთ, მოქალაქეებს ჩამოართვან არჩევნები. არჩევნებზე მიიყვანონ მეტჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი პოლიტიკური შურისძიება განახორციელონ. ეს ქვეყანას მიიყვანს სავალალო შედეგებამდე და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.

სალომე ზურაბიშვილმა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე – ნიკა მელია

სალომე ზურაბიშვილმა გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ერთ-ერთი ლიდერი,ნიკა მელია „ფეისბუქზე წერს.

მელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ხელისუფლების შეცვლის და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.

„დღეს ჩვენი ძალა, წარსულში და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი ადამიანების, მიზნის გარშემო ერთობაშია.

მიზანი კი არის, არსებული ხელისუფლების დამარცხება, მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც თითოეული ქართველის ხმა იქნება გაგონილი და პოლიტიკაში ასახული, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა, გაქრება მომავალში ერთპარტიულად სახელმწიფოს მიტაცების რისკი; იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით. ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი.

კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით – ჩამოყალიბდება მთავრობა.

წარდგენილი პროგრამის შესრულების შემდეგ, რეფორმირებული ინსტიტუტების პირობებში, მომზადდება და ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები“, – წერს ნიკა მელია.

სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის – კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის – საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება – ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში რუსულ ინტერესს ატარებდა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა „რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და ვისი უგუნური პოლიტიკის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები“.

„სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ არ მოქმედებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებით და არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ნათელია, რომ ის ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის. შესაბამისად, ხალხი ყველას გასცემს შესაბამის პასუხს.

საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. რუსულ ინტერესს ვინც ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ზუსტად წარმოდგენილია რადიკალური ოპოზიციის სახით. დღეს სხვადასხვა პარტია აქვთ შექმნილი და სხვადასხვა სახელი დაირქვეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. რუსეთი არის ოკუპანტი.

რა მოხდა შემდეგ ხომ? ბოდიში და „გააპრავეს“ ეს ყველაფერი იმ ხელმოწერებით, რომელიც გაკეთდა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. ეს არის რუსული ინტერესი და ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს“,- აღნიშნა კალაძემ.

პუტინს შესაძლოა უკრაინაზე თავდასხმამდე სხვა ქვეყნებთან წინასწარი შეთანხმებები ჰქონოდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა სხვა ქვეყნებთან ფარული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ წამოიწყო.

The New York Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ გამოხატა თავისი სკეპტიციზმი და აღშფოთება უკრაინის უცხოელი პარტნიორების მხრიდან ასეთი ღალატის შესაძლებლობის გამო.

„პუტინი გადარეულია, რადგან გონიერ ადამიანს არ შეუძლია სრულმასშტაბიანი ომი სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის ან გიჟია, ან იცოდა, რომ ამის გამო არ დაისჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლებოდა რაიმე დიალოგი ყოფილიყო სხვა ქვეყნებთან. არც კი მინდა ამის წარმოდგენა, რადგან მაშინ ეს არ არის პარტნიორობა, ეს არის თამაში ჩვენს ზურგს უკან და სრული ღალატი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მერყევი პოზიცია რუსეთის მიმართ და აღნიშნა: „რუსეთთან კარს ყველა ოდნავ ღიას ტოვებს, თუმცა არც ისე ღიას, როგორც 2014 წლის შემდეგ“.

მისი თქმით, ბევრმა ლიდერმა, რომლებიც არ არიან დარწმუნებულები იმაში თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, დაიტოვა ადგილი რუსეთთან პოტენციური შერიგებისთვის. „ბევრმა ლიდერმა დატოვა კარი ოდნავ ღია და ფიქრობენ: „რა იქნება ხვალ? ხვალინდელი დღის შანსი როგორმე უნდა ვიპოვოთ. რა მოხდება, თუ უკრაინა ომს წააგებს? ჩვენ არ უნდა დავუხუროთ კარი რუსეთს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ბირთვული საფრთხის განხილვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ პუტინი აპირებდა ბირთვული იარაღის გამოყენებას, ის ამას ომის საწყის ეტაპზე გააკეთებდა. ის სვამს კითხვას: „რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ესკალაცია, ვიდრე ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში?“.

ზელენსკი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად თავის სტრატეგიებს უნდა გადახედოს.

ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს -კახა კალაძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის წერილზე

კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილს გამოეხმაურა, სადაც „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეა საუბარი.

„ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს. შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე, თუ რა სიცრუის კამპანია იყო ქვეყნის წინააღმდეგ. დღესაც იგივე ხდება კანონთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებსა და მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არა ქვეყნის, არამედ სხვის ინტერესებს ატარებს.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც კონსტიტუციაში შეიტანა ქვეყნის ევროპული მომავალი; ვინც 2012 წლის შემდეგ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს; ვინც ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია აამოქმედა; ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ა.შ. დამერწმუნეთ, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო იქნება. ამ მიმართულებით უკვე არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით და ყველა წარმატება სწორედ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ბოლო წლებში აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იღებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, არ დგამს საჭირო ნაბიჯებს. იკვეთება, რომ სხვის ინტერესებს ატარებს და არა ქვეყნისას. შესაბამისად, ხალხი ყველას პასუხს გასცემს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რა ფასი აქვს ისეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დააყენოს ეჭვქვეშ იმის გამო, რომ არ სურთ იმ ფულის გასაჯაროება, რომელსაც საქართველოში ხარჯავენ -ქადაგიშვილი

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მუქარა მიდის ყველა მხრიდან და ყველა მიმართულებით. ფაქტობრივად ვაჭრობა მიდის ყველაფერზე, მათ შორის თანახმა არიან ივაჭრონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზეც კი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„საერთოდ, რა ფასი აქვს ისეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დააყენოს ეჭვქვეშ იმის გამო, რომ არ სურთ თავიანთი ფულის გასაჯაროება, რომელსაც საქართველოში ხარჯავენ. ეს კიდევე ერთხელ მიუთითებს, რომ აქ არამარტო ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, არამედ საშინელ პოლიტიკურ უზნეობასთანაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს ჰკითხა: კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა, დაემუქროს საერთაშორისო იზოლაცია და ეს უქმნის თუ არა სა

“ქართულ ოცნებას” მივეცით კიდევ ერთი შანსი, კანონი გაეუქმებინა”-გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შემაფერხებელია ევროინტეგრაციის გზაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

მისი თქმით, პრეზიდენტმა კანონს დაამატა ერთი მუხლი და მიუთითა, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. გიორგი მსხილაძის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს არგუმენტების მოსმენა არ სურდათ და მუხლობრივ განხილვას ითხოვდნენ.

„ეს კანონი შედგებოდა ათი მუხლისგან და მე-11 დაამატა პრეზიდენტმა, რომ აღნიშნული კანონი მე-10 მუხლის ჩათვლით უნდა გაუქმდეს, რადგან კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. ამას ამბობს არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორც ვენეციის კომისია, ისე ეუთო/ოდირი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელია. ამ არგუმენტების მოსმენა არ სურდათ, არ იყო საკმარისი იურიდიული კომიტეტისთვის, უნდოდათ ჩვენი მუხლობრივ-შინაარსობრივ ნაწილში შესვლა, კანონზე რომ გვესაუბრა. კანონი პირველიდან მეათე მუხლის ჩათვლით გასაუქმებელია. სწორედ ამიტომ დაამატა პრეზიდენტმა მე-11 მუხლი, რომ აღნიშნულმა კანონმა იმუშაოს მხოლოდ ერთი დღე.

აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე მიღების წესია ჩვენთვის მიუღებელი. ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი თავიდან ბოლომდე მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ კანონი გაეუქმებინა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

გიორგი მსხილაძის განმარტებით, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ზიანდება ქვეყანა და ექმნება საფრთხე სახელმწიფოებრიობას.

„ეს ძალიან დიდი საფრთხის წინ აყენებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სანქცირება გაგიხარდებათ ან არ გაგიხარდებათ, ამაზე არ არის საუბარი. აქ ქვეყანაზეა საუბარი, თორემ ვის რაში აინტერესებს პიროვნებები, ვის რა სანქციებს დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ? ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა.

სომხეთში საპროტესტი აქციებზე სამართალდამცველებმა 230-მდე ადამიანი დააკავეს

სომხეთში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 230-მდე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შეთანხმების ანულირებას მოითხოვენ, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანს ოთხი სოფელი გადაეცა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „დაკავებული პროტესტის მონაწილეები არ დამორჩილდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს“.

პოლიცია აქციის ორგანიზატორის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის დაკავებასაც შეეცადა, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.