Home Blog Page 95

თიბისის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024 გაიმართება

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება.

კონფერენცია შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი.

დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც ქართველი სპიკერბისგან ისე მსოფლიოდან, დინამიური პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის  ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც მოიცავს ბოლო 5 წლის მიმოხილვას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად  გადადით ბმულზე https://tkt.ge/event/428255/testers-day-2024

(R)

 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია.

„შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე -შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერები ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ოქტომბრის არჩევნებზეც კვლავ „ოცნებას“ უჭერს მხარს.

„დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1081567720641661&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post

ჩინეთი აშშ-ის ბირთვული სტრატეგიის განახლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, პეკინი შეერთებული შტატების ბირთვული სტრატეგიის განახლებით შეშფოთებულია.

„ვაშინგტონი ჩინეთის ბირთვული საფრთხის ვერსიის გავრცელებით, სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად საბაბს ეძებს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მანამდე The New York Times-მა დაწერა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ახალი ბირთვული სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც ჩინეთთან, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო ბირთვული კონფრონტაციისთვის მზადებაა ასახული.

პროკურატურა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ აპირებს – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ, პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება გააჟღერეს – გამოძიების დაწყებას არ აპირებენ. პროკურატურას უნდოდა, რომ მე მონაწილეობა მიმეღო გასაუბრებაში ისე, რომ მას გამოძიება არ დაუწყია. ბუნებრივია, ამას კანონი არ ითვალისწინებს. მათ ამ პროცედურის ჩატარება უნდოდათ იმიტომ, რომ შალვა პაპუაშვილის მფარველობა გაადვილებოდათ. მე უნდა მივხმარებოდი მათ შალვა პაპუაშვილის მფარველობაში და შალვა პაპუაშვილის ძალადობის წინააღმდეგ გამოძიების არ დაწყებაში. მე ვუთხარი, დაიწყეთ გამოძიება. განცხადებებზე არსებობს გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველი. დანაშაულზე პროკურატურას აქვს გამოძიების დაწყების ვალდებულება. როგორც კი დაიწყებთ ოფიციალურ გამოძიებას, მე აქ მოვალ და გასაუბრების ფარგლებში მოგცემთ ჩვენებას როგორც მოგეცი”. – თქვა მეზვრიშვილმა.

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შესახებ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში 21 აგვისტოს დაიბარეს.

როცა იმ ქალაქის მერი ხარ, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი შიმშილობს და უფასო სასადილოს რიგშია, ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და საათებით „მარიაჟობა“ უხერხულობას უნდა გიქმნიდეს – ირაკლი ნადირაძე

xr:d:DAFQ5Y09rV0:9,j:40648653085,t:22111112

როცა იმ ქალაქის მერი ხარ, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი შიმშილობს და უფასო სასადილოს რიგში დგას, ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით „მარიაჟობა“, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, თბილისის მერს კახა კალაძეს.

მისი თქმით, მმართველი პარტიისა და დედაქალაქის მერის მთავარი მიზანი არა საზოგადოების პრობლემების მოგვარება, არამედ ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა.

„კახა კალაძეს ავიწყდება, რომ ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანია, სადაც ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველდღიურად უფასო სასადილოების რიგში დგას, რადგან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, უბრალოდ, შიმშილობენ; სადაც პენსიონერებს გაძვირებული ცხოვრების გამო, ელემენტარული, წნევის წამალი ვერ უყიდიათ და იხრჩობიან საპენსიო სესხებში. ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემაა და ამ დროს, „იმარიაჟო“ ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით, მითუმეტეს, როდესაც არაერთ კორუფციულ სკანდალში ხარ მხილებული, ეს, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არც კალაძეს და არც „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ ჩვენი მოსახლეობის გაჭირვება, გაძვირებული ცხოვრება და ის უამრავი პრობლემა, რის გამო ადამიანები გარბიან საზღვარგარეთ და საკუთარი ოჯახების დატოვება უწევთ. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად, ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საზრუნავი არა ხალხის კეთილდღეობა და მათი პრობლემების მოგვარება, არამედ საკუთარ მილიონებზე, მილიონების დამატება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გვარამია-მელიას გუნდს წარსულში „მოქალაქეთა კავშირისა” და „აღორძინების” ლიდერი თენგიზ ჯგუშია შეუერთდა

გვარამია-მელიას გუნდს თენგიზ ჯგუშია შეუერთდა, რომელიც წარსულში „მოქალაქეთა კავშირისა” და „აღორძინების” ლიდერი იყო. ჯგუშია მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

თენგიზ ჯგუშიამ „კოალიცია ცვლილებებისთვის” ზუგდიდის ოფისის გახსნაზე შეკრებილ მხარდამჭერებსაც მიმართა. ის ნიკა მელიას მიერ ბოლო დღეებში ზუგდიდის სოფლებში გამართულ შეხვედრებშიც მონაწილეობდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი და აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. ბრალდებით. უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. სასამართლოს მიერ „მიესაჯა“ ორთვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლება. საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, რა ადგილი ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, ამას მალე ვნახავთ – ბექა ოდიშარია

ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ, თუმცა ქართული სასამართლოს წინაშე ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი – ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებზე ერთ მხარეს იქნება #41, „ქართული ოცნება“ და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი არის ომის პარტიის მოკავშირე.

„მინდა საზოგადოებას ერთხელ მკაფიოდ ვუთხრა, ეს ვითომდა წუხილები, რომელიც აქვთ ოპოზიციურ მედიებსა და პარტიებს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ განცხადებებს მყისიერად ეხმაურება რუსული მედია ან პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მინდა გითხრათ, რომ ასევე წარმატებით ის ეხმიანება ნებისმიერ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მისი სატელიტური პარტიებისას. თუ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია და თუ ეს განცხადებები ჩვენ გვაზიანებს, ნუთუ ვერაფრით განვახორციელეთ ერთი ზარი „პრორუსულმა პარტიამ“ იმისთვის, რომ გვეთხოვა „პარტნიორი რუსეთისთვის“ და იქ მოღვაწე პოლიტიკოსებისთვის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები მეორე დღეს არ გაეკეთებინათ. ეს ხომ 2X2 ოთხია. ჩვენ გვაზიანებს ეს განცხადებები, ჩვენ არ გვსიამოვნებს ყველაზე მეტად და კეთდება. იქნებ უფრო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პატრონებს აწყობთ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდეს. მიზეზ – შედეგობრივია ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკაში. ვის აწყობს განცხადებები? განცხადებები აწყობს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა „ქართულ ოცნებას“, ეს ცალსახაა. რუსეთს რა აწყობს და რა არ აწყობს, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია. მას არ აწყობს სტაბილური საქართველო, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს; რუსეთს არ სურს ტერიტორიული მთლიანობა, რასაც კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ხელი შეუწყო. აი, სად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის ინტერესები. როდის გახდა სააკაშვილის პუტინის #1 მტერი, როდესაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინს საკუთარი ზრახვები განეხორციელებინა. გნებავთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეულების აღდგენით; კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევით; საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით და მრავალი სხვა. ხელი მოაწერა ტალიავინის დასკვნასა და რეზოლუციას, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები. სად გამოჩნდა სააკაშვილის მტრობა პუტინისადმი და რატომ უნდა იყოს პუტინი მასზე გაბრაზებული? მგონი ყველაზე მეტად პუტინს უნდა უყვარდეს სააკაშვილი და შეიძლება ასეც იყოს, რადგან მან ყველანაირი ნოყიერი ნიადაგი შეამზადა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერვენციას რაიმე ტიპის სამართლებრივი გამართლება ჰქონოდა.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილს, რომ მოსახლეობას არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის აქვთ, ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას, ბუნებრივია, არ ვითხოვთ, თუმცა ქართული სასამართლოს წინაშე ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი. მათი პატრონები მათ აფარებენ ხელს. გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდა სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი. ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ესაა ქართული სასამართლო. ქართველი ხალხიც ასეთი ტიპის მფარველობის ქვეშ, სამყაროში მობოდიალე დამნაშავე პირების მიმართ, მხოლოდ ეძებს ქართულ სასამართლოში სამართალს. ეს ხალხი უნდა წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე, პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე. ამას ნიურნბერგის პროცესს დავარქმევთ, თბილისის თუ ქუთაისის, მნიშვნელობა არ აქვს. სიმართლე უნდა დაიდოს, შავით თეთრზე დაიწეროს და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი უნდა დაიჭიროს. რა ადგილი ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებს, ამას ვნახავთ მალე, იმ შემთხვევაში თუ ქუდზე კაცი გამოვა და არჩევანს გააკეთებს. ერთ მხარეს იქნება #41, „ქართული ოცნება“ და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი არის ომის პარტიის მოკავშირე ან კიდევ იმის გენერატორი, რომ რამენაირად საქართველო იქნას იმ პროცესებში ჩათრეული, რომელსაც ჯერ კიდევ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და საკუთარი ქვეყანა აარიდა.

რაც რუსეთის აგრესია უკრაინაში დაიწყო, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, „ქართული ოცნების“ გარდა ყველა პარტია ყალბი სიამაყით, თუ ყალბი პოზიციონერობით, რაინდობით, მათ რცხვენოდა მშვიდობისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის. მათ რცხვენოდათ, რომ ქართველი ჯარისკაცები არ იღუპებოდნენ, ისევე როგორც უკრაინელი ჯარისკაცები. რცხვენოდათ, რომ ქართველ ქალებს და ბავშვებს არ უწევდათ ძაძების ჩაცმა. მათ ამ სირცხვილს ერჩივნათ, რომ დაბომბილიყო ქართული ქალაქები და დაღუპულიყვნენ ქართველი ჯარისკაცები. ამ ორ არჩევანს შორის „ქართული ოცნება“ არის მშვიდობისმყოფელი, სწორხაზოვნად ატარებს პოლიტიკას, არ აპირებს გადახვევას არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, მეორე მხარეს ყველა პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ყველა ინტერესს ემსახურება, გარდა ქართულისა“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები დღეს, მცხეთა – მთიანეთიდან დაიწყება

„ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები დღეს, მცხეთა – მთიანეთიდან დაიწყება. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი).

√  დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

სიახლეა ის რომ, არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიას წარდგენისას უნდა დაურთოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე განსაზღვრა (დადგენილება №34/2024), რაც ხელს უწყობს პარტიებს გაითვალისწინონ და დროულად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები პარტიული სიებთან დაკავშირებით.

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაცაა წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ

ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

√  უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

  • გვარი, სახელი;
  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
  • სქესი;
  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
  • თანამდებობა (საქმიანობა).

სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

  • გვარი, სახელი;
  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
  • სქესი;
  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
  • თანამდებობა (საქმიანობა);
  • საქართველოში არანაკლებ 10 წლის ცხოვრების ფაქტი;
  • თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;
  • ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;
  • ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

„საქართველოს რკინიგზა“ 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 24, 25, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 24, 25, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge, სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/plugins/share_button.php?href=https%3A%2F%2Fwww.interpressnews.ge%2Fka%2Farticle%2F809626-sakartvelos-rkinigza-24-25-31-agvistos-da-1-el-sektembers-tbilisi-batumi-tbilisis-mimartulebit-reisebs-amatebs%2F&layout=button_count&size=large&width=120&height=28&locale=ka_GE&appId=250016278990597