Home Blog Page 945

ჩვენი პრეტენზიები და მოთხოვნები ევროკავშირის წევრობაზე, არის აბსოლუტურად დასაბუთებული ძალიან მაღალი დონის კვლევითი ორგანიზაციების მიერ -გიორგი ცუცქირიძე

საკუთრების უფლების ინდექსზე გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის – „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევას ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

„ვუსწრებთ ნატო-ს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, რაც აჩვენებს იმას, რომ ბოლო წლებში, ვგულისხმობ ბოლო 12 წელიწადს, ქვეყანამ პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს ვართ ძლიერი არათუ რეგიონში, თვით ევროკავშირშიც კი. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები და მოთხოვნები ევროკავშირის წევრობაზე, არის აბსოლუტურად დასაბუთებული ძალიან მაღალი დონის კვლევითი ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.

საკუთრების უფლების ინდექსით საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, ხოლო 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

“პუტინი მისთვის საჭირო მეგობრებს ეძებს, პოულობს და დასავლეთის პარალიჩით სარგებლობს”-The Times

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი მისთვის საჭირო მეგობრებს ეძებს, პოულობს და დასავლეთის პარალიჩით სარგებლობს“ (ავტორი – მარკ გალეოთი, პოლიტოლოგიის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ დროს, როცა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონის სამიტის შემდეგ სულ უფრო მეტ მიზეზებს ეძებენ იმისათვის, რომ უკრაინა ალიანსის წევრად არ მიიღონ, ჩნდება კითხვა: მართლაც ჰგონიათ თუ არა მათ, რომ რუსეთს უკრაინის ომი გამოფიტავს და მის ეკონომიკას დაანგრევს? დიახ, დასავლელ ლიდერებს ჰყავთ ისეთი ექსპერტები, რომლებიც მათ არწმუნებენ – „გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლი შეეცდება, მოკავშირეების დახმარებით, ნატოს ბლოკის წევრები დაჯაბნოს, მაგრამ დასავლეთის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკას 20-ჯერ აღემატება. მხოლოდ დროა საჭირო და რუსეთი ვერ გაუძლებს, უკან დაიხევს“.
ასეთია დასავლური სტრატეგია. მაგრამ ირონია იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინს მართლაც აქვს უკრაინის გამოფიტვის შესაძლებლობა და აი, რატომ: კრემლი ეძებს მეგობარ-მოკავშირეებს და მათ კიდეც პოულობს, მოსკოვი დასავლეთის პარალიჩს თავისი ინტერესებისათვის იყენებს.

დასავლეთის მცდელობები – როგორმე სანქციებით დაეშინებინათ რუსეთი და იზოლაციაში მოექციათ – წარუმატებლად (ან უკეთეს შემთხვევაში, ნაწილობრივი წარმატებით) დასრულდა. ამის რამდენიმე ნიშანდობლივი გამოხატულება:

პირველი – მოსკოვმა მოახერხა და მესამე ქვეყნების დახმარებით თითქმის სრულად აინაზღაურა ის დანაკლისი, რაც ომის პირველ წელს დასავლურმა სანქციებმა და ემბარგოებმა მიაყენეს.
მეორე – დასავლეთმა ვერ გაითვალისწინა და ვერ გათვალა ის მომენტი, რომ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს თავიანთი საკუთარი ინტერესებიც აქვს: იმ დროს, როცა დიდ ბრიტანეთს ეგონა, რომ ინდოეთი (მისი ყოფილი კოლონია) დაარწმუნა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მოცულობის შემცირებაში, უეცრად პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ჩადის, ვლადიმერ პუტინი მას ძველი მეგობარივით – ხვევნა-კოცნით – ხვდება და მასთან სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს.
მესამე – თავის მხრივ მოსკოვი წარმატებით ავითარებს პრაგმატულ თანამშრომლობას „გლობალურ სამხრეთთან“, რაშიც აშკარად იგრძნობა კრემლის უპირატესობა – ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და არაბულ სამყაროში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში…
მეოთხე – მსოფლიოს სხვა რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსეთი აშკარად ცდილობს უთანხმოების შეტანას ევროატლანტიკურ ერთიანობაშიც, სადაც მას მრავალწლიანი მოკავშირეები თუ არა, მხარდამჭერები მაინც ჰყავს უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით. ასე მაგალითად, გასულ პარასკევს მოსკოვში „დასავლეთისაგან გარიყულ და ხელჩამოურთმეველ“ ვლადიმერ პუტინს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია – პირველი ევროპელი ლიდერი კრემლში ომის დაწყებიდან ორწლინახევრის შემდეგ. ეს არის ბრიუსელის სირცხვილი.
და ბოლოს, მაშინ როცა რუსეთში (ამ ეტაპზე მაინც) პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა შეინიშნება, თვით დასავლეთში ქაოსისა და გამოფიტვის სიმპტომები ფართოვდება. ევროპაში სულ უფრო ძლიერად გაისმის ხმები (განსაკუთრებით ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის შემდეგ) – რამდენად შეიძლება უკრაინას სამხედრო დახმარება დაუსრულებლად გავუწიოთ და ხომ არ ვუბიძგოთ კიევს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისაკენ?

პლუს კიდევ ერთი მრისხანე არგუმენტი: ის, რაც ბოლო დღეებში აშშ-ში – დასავლეთის ციტადელში – ხდება, აშკარად მიანიშნებს იმას, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი მიაღწევს, რომელიც უკრაინისადმი დახმარების გაგრძელების წინააღმდეგია (ანუ ამ საკითხში ევროპის მოწინააღმდეგე), რაც კრემლს აბსოლუტურად აწყობს. დასავლეთი დღეს გაყოფილია, პოლარიზებული და ეს ტენდენცია, როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება. ვის აწყობს ეს და ვინ ისარგებლებს ამით? რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი.

წყარო:

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებს სთავაზობს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებს სთავაზობს.

პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, დევნილ ოჯახს ქულათა ის რაოდენობა შეუნარჩუნდება და ისეთივე საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი, როგორსაც ოჯახი, ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა.

უფრო კონკრეტულად, დღეს არსებული წესის თანახმად, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის განსახლება არსებული ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით ხორციელდება. ოჯახის წევრის გარდაცვალება ამ ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობაზე აისახება და ოჯახს, ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო, ქულა აკლდება.

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განმარტავს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვას, მაღალი მომართვიანობით გამოწვეული რიგების ოდენობას, მონიტორინგის ჩატარების წესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ოჯახის წევრის გამოკლების შედეგად ქულების დაკლების გამო დევნილი ოჯახი იმ ფართობის საცხოვრებელს ვერ მიიღებს, რაც ოჯახის წევრის გამოკლებამდე უნდა მიეღო.

“ამის პარალელურად, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგაც დევნილები უფლების დაცვას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ხდება, რადგან სანამ სასამართლო დავები მიმდინარეობს და ზედა ინსტანციებში საჩივრდება გადაწყვეტილებები, დავის საბოლოო დასრულებამდე დევნილ ოჯახს შეიძლება ერთი ან რამდენიმე წევრი გამოაკლდეს. შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დავა დევნილის სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო მხოლოდ იმ დროისთვის არსებული მონაცემებით ხელმძღვანელობს, სადაც ოჯახის გამოკლებული წევრი ოჯახის შემადგენლობაში აღარ ითვლება. ეს გარემოება კი გვაძლევს ახალ რეალობას, რომლის მიხედვით, დევნილს იმაზე გაცილებით ნაკლები ფართი მიენიჭება, ვიდრე ოჯახს სრული შემადგენლობით უნდა მიეღო“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ არ არის? – იაგო ხვიჩია პრეზიდენტის სარჩელზე 

ვინაიდან „რუსული კანონის“ გაუქმება მაინც კეთილშობილური საქმეა, წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები გააჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად ნაკლებად უნდა იყვნენ.

“მოგვწონს თუ არ მოგვწონს, “ქართული ოცნების” ის არგუმენტი, რომ “ახლა მოგწონთ საკონსტიტუციო სასამართლო?” – რელევანტურია, იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ამავე საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად უაზრობაზე პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და იმპიჩმენტისთვის გამზადებულად გამოაცხადა. ამავე სასამართლოში მიგაქვს სარჩელი და წინაპირობა გაქვს ის, რომ შენ თვითონ ვეტო არ დაასაბუთე, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” გამოძვრენის საშუალებას არ მივცემო. რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების” არ იყო? მაგან არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და თეორიულად საკონსტიტუციო სასამართლოსაც ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ გამოაძვრინოს “ქოცები”? როგორც ვეტოს დასაბუთებულად დადების შემთხვევაში იქნებოდა. ეს კითხვები მაქვს, მაგრამ ვინაიდან მაინც კეთილშობილური საქმეა “რუსული კანონის” გაუქმება, წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები გააჩნია, მაგრამ ნაკლებად მჯერა დამოუკიდებლობის და იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.

საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელზეც სარჩელი უკვე მომზადდა და სასამართლოს კანცელარიაში შევიდა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, საჩივარს უფლებამოსილი პირი სამი დღის ვადაში დაარეგისტრირებს, შემდეგ კი მას პლენუმი განიხილავს.

ომანში, მეჩეთთან დაწყებული სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ადგილობრივი მედია აგრეთვე აქვეყნებს ვიდეოს შემთხვევის ადგილიდან, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გარბიან სროლის ფონზე ადამიანები. „ომანის სამეფო პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება ინციდენტზე, რომლის დროსაც რაიონ ალ-ვადი ალ-ქაბირში მდებარე მეჩეთთან სროლა მოხდა“, – ციტირებს Deutsche Welle ადგილობრივ პოლიციას.

რა გახდა სროლის მოტივი, უცნობია. აშშ-ის საელჩომ ომანში უკვე გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები, მოერიდონ შემთხვევის ადგილს.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინციდენტი ომანში იშვიათობაა. ეს არის ერთ-ერთი სტაბილური ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში. საერთაშორისო ასპარეზზე ომანი სხვადასხვა კონფლიქტების მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.

განაცხადების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.

გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. კერძოდ კი, პარტიებს რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას კი, შემდეგი პარტიები აკმაყოფილებენ:

  1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
  2. „ლელო საქართველოსთვის“
  3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“
  4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“
  5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“
  8. „კანონი და სამართალი“
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
  11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
  12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
  13. „პროგრესი და თავისუფლება“.

აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (30 აგვისტო).

განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოვუდგენთ საზოგადოებას რეგისტრაციის პროცედურების დასრულებისთანავე.

2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია -მარიამ ქვრივიშვილი

2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან – ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ამავე პერიოდში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიები ზრდადი დინამიკით გამოირჩევიან.

„ჩვენ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები საქართველოში. მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანიები საქართველოს პოპულარიზებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე მგზავრთნაკადზე. ,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, 2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების არსებობა საქართველოს ტურიზმისთვის სტრატეგიულ ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან, ინდოეთთან და სხვ.

„საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს, მისი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზებას. ამის პარალელურად ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ ვიხილოთ მეტი პირდაპირი ფრენა საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ მეტ საერთაშორისო მოგზაურს. აღნიშნული დადებითად აისახება ორივე ინდუსტრიის გაძლიერებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი მატებაა. საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ საფრანგეთი (30.3%), გერმანია (24.3%), გაერთიანებული სამეფო (16.3%.) მიმდინარე წლის ამავე პერიოდში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.8%-ით მეტია.

რაც შეეხება ავიაციის სექტორს, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 20%-ი. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 54 ავიაკომპანია 105 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

თიბისის TechXplore ღონისძიება გაიმართა

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა.

TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

ოთხი დღის განმავლობაში გუნდებმა, რომლებიც დაკომპლექტდნენ ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეებით, მენტორებისა და ეჯაილ ქოუჩების ჩართულობით, იმუშავეს იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტის შექმნა იყო.

TechXplore-ის მეოთხე დღეს გუნდებმა ინოვაციური ტექიდეები და პროექტები წარადგინეს. გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft, Nvidia) 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად.

I ადგილი – გუნდი Firewall პროექტით „Claimsmart“. Claimsmart სადაზღვევო ურთიერთობის ხელშეკრულების გაფორმებისას სმარტკონტრაქტის გენერაციას ახდენს, ხოლო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სმარტკონტრაქტით დაზღვეულს ავტომატურად ანაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

II ადგილი – გუნდი CTRL C. წევრებმა წარადგინეს პლატფორმა და აპლიკაცია „E-სწავლე“. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მორგებულია, როგორც კომპანიების, ისე დამოუკიდებელი ლექტორებისა და ტექნიკური განათლების მსურველთა ინტერესებზე.

თიბისი ინვესტიციების რჩეული კი გახდა გუნდი FUTURISIERS. გუნდის წევრებმა წარმოადგინეს პროექტი „Investify Kids“, საინვესტიციო-სასწავლო პლატფორმა/აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის. პლატფორმა იყენებს სიმულაციურ საინვესტიციო თამაშებს, რათა სახალისო და ინტერაქტიური გზით, მოზარდებში გაზარდოს ფინანსური ცოდნის დონე და საინვესტიციო უნარები.

დაჯილდოების ფარგლებში თიბისი ტექმა თავისი რჩეული გუნდიც გამოავლინა და ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული პროდუქტის შექმნისთვის გუნდი „მე-6 ელემენტი“ დაასაჩუქრა. ასევე, ერთ-ერთმა ტექლიდმა თავისი რჩეული გუნდიც დაასახელა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არსებული იდეისა და MVP-ს საბოლოო პროდუქტად ქცევასა და ბაზარზე გაშვებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ,,TBC X USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის” 150-მდე მონაწილემ. ასევე, სფეროს ტექლიდებმა, მენტორებმა და Agile ქოუჩებმა.

TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობდნენ ტექლიდები, როგორც თიბისიდან, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან – Space International, Spectre და TEGETA Holding, რომლებმაც ასევე საჩუქრები გადასცეს გამარჯვებულებს.

(R)

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს, რომელმაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე წვდომა მოიპოვა.

Bild-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურის“ შემდეგ, უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს „მოკლე შეფასების“ სახით წერილი მისწერა და თან „განსახილველად რამდენიმე წინადადება“ დაურთო.

წერილში ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთანაც „უკრაინაში ომის მიმართ ჩვენი პოზიციის გამო პატივისცემა დავკარგეთ“ „პოლიტიკური თავდასხმის“ დაწყებისკენ მოუწოდებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“.

დიახ, მე მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი -ჯო ბაიდენი

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ის მოხუცია, თუმცა, მხოლოდ სამი წლით არის ტრამპზე უფროსი.

„დიახ, მე მოხუცი ვარ. მაგრამ, ერთის მხრივ, მე ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი, ხოლო მეორეს მხრივ, ჩემი გონებრივი სისხარტე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. 3,5 წელიწადში მე იმაზე მეტი გავაკეთე, რასაც ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი გააკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგ ადამიანს მისი ასაკის ეშინია და თქვა, რომ „ეს ლეგიტიმური კითხვაა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეკითხება თუ არა ის ვინმეს რჩევას, დარჩეს წინასაარჩევნო რბოლაში თუ არა, ბაიდენმა უპასუხა, რომ – მხოლოდ საკუთარ თავს.

უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს ტრამპთან, თუ ის გაიმარჯვებს -ვოლოდიმირ ზელენსკი

JPG edited with https://ezgif.com/resize

უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს ტრამპთან, თუ ის გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის, იმუშაოს ყველასთან, ვინც გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მათ შორის, დონალდ ტრამპთან.

„ბატონი დონალდ ტრამპი თუ გახდება პრეზიდენტი, მაშინ ჩვენ ვიმუშავებთ მასთან. მე ამის არ მეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული პარტიიდან უმეტესობა უკრაინას უჭერს მხარს, რესპუბლიკელებს შორის განსხვავებული პოზიციებია, ზოგიერთი მათგანი „უფრო მემარჯვენე და რადიკალურია“, თუმცა, ზელენსკი თვლის, რომ „რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია აშშ-ში მიმდინარე მოვლენებით, რადგან ვაშინგტონში „პოლიტიკურმა ტურბულენტობამ”, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის დახმარებაზე.

„ჩვენ ვიბრუნებთ თავდაჯერებულობას, რადგან იარაღის შემოსვლა დაიწყო, მაგრამ მოწოდება უნდა დაჩქარდეს. ჩვენმა ჯარისკაცებმა უნდა ისწავლონ იარაღის გამოყენება. ისინი ვარჯიშობენ საზღვარგარეთ და ამას დრო სჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.