Home Blog Page 94

,,2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი!”- ღარიბაშვილი

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!“

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას, ჩვენს ამაყ და ღირსეულ ხალხს, მივესალმები „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს, მხარდამჭერებს, ყველას ვინც უკვე 12 წელია გვერდში უდგას ჩვენს პარტიას და თანამონაწილეა იმ ისტორიული ტრანსფორმაციული პროცესებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და მადლობა ერთგულებისთვის და ნდობისთვის!

დღეს ჩვენ დავიწყეთ რეგიონული ღონისძიებები და პირველი შეხვედრა სწორედ თქვენს რეგიონში იმართება, ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილას, მცხეთაში.

ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. გვახსოვს, როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმ დროინდელ საქართველოში, საშინელი ტერორი და შიში სუფევდა მთელს ქვეყანაში, ხდებოდა ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული მკვლელობები, ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ხდებოდა სხვა, უამრავი სისტემური დანაშაულები… ამ და სხვა უბედურებასთან და ბოროტებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ, თავიდან ვერ კი არა – არ აირიდა ყველაზე დიდი უბედურება – ომი! საქართველოში ჯერ დააბრუნეს რუსეთის ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს, ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდენინეს მათი ოკუპაცია, დავკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც აგვისტოს ომამდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტობრივად აჩუქეს, გადასცეს კოდორის ხეობა, მივიღეთ ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და დავკარგეთ ასეულობით ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები… და ყველას გვახსოვს, ომი დამთავრებული არ იყო, გმირების ცხედრები არ ჰყავდათ გამოყვანილი და დაკრძალული, რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და აზეიმეს ეს ყველაფერი, ხოლო შემდეგ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას… და რამდენიმე თვეში ისევ რუსეთს გადასცეს საკუთარი ნებით უამრავი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, მათ და მთელმა მსოფლიომ… მალევე, ომის დამთავრებისთანავე, ჯერ დევნა დაუწყეს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, შემდეგ სასტიკად გააძლიერეს ჩვენი ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა. ქვეყანაში იყო სრული უიმედობა, უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი! ასევე, გვახსოვს, სააკაშვილს დაანონსებული ხედვა, რომ აშენებდა სინგაპურის მსგავს სისტემას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ისეთივე სინგაპურის მოდელი იქნებოდა, როგორიც „დემოკრატიის შუქურაც“ იყო თავად… იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა არავითარი თავისუფლება, არავითარი დემოკრატია, არავითარი ევროპასთან ინტეგრაცია და ასეთი კაცი და მისი კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებას…

და სწორედ ასეთ დროს, როცა ხალხს სამუდამოდ გადაწურული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხს დაუბრუნა ეს იმედი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჯერ დარაზმა, გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის 1 ოქტომბერს გაათავისუფლა ხალხი ამ ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!

მას შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება და დამყარდა მშვიდობა, თავისუფლება დაუბრუნდა ხალხს! 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებამ მოიტანა ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში, 27 მილიარდი ლარიდან 85 მილიარდ ლარამდე, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერდებიან ძალოვანი უწყებები, რომლებიც იცავენ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, გვაქვს სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკაშიც, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის 1,4 მილიარდიანი ბაზარი, რუსეთის ბაზარი, მოხდა დივერსიფიკაცია და ქვეყანა გახდა უფრო სტაბილური და სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი. თავისუფლების და მშვიდობის შედეგია, რომ ვითარდება დღეს ბიზნესი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ამასთანავე დაგეგმილია არაერთი მასშტაბური, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, და რაც მთავარია, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ყველაზე რთული კრიზისის დროს – რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე და ჯერ კიდევ მანამდეც, უამრავი დესტრუქციული და პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, რომელიც ხორციელდებოდა შიდა მტრების და გარე ძალების ერთიანი კოორდინირებული მოქმედებებით… მადლობა ღმერთს, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ მშვიდობა და თავიდან ავირიდეთ ომი, ქაოსი და უბედურება, განადგურებისგან ვიხსენით ჩვენი ხალხი და ქვეყანა.

მეგობრებო, 26 ოქტომბერს ისევ ეს ბოროტი ძალა უპირისპირდება ჩვენს ხალხს, ოღონდ ამჯერად უკვე, სახეცვლილი, ხელოვნურად გაყოფილი და გაშლილი მრავალ ფრონტზე, ხალხის დასაბნევად და მოსატყუებლად, ამ დროს ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა, არ არსებობს სხვა ალტერნატიული ოპოზიცია თუ კოალიცია, არც ძველი და არც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მათი სახელი უცვლელია – ეს არის კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანი ბოროტი და ანტიეროვნული ძალა, რომლის მიზანია მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება და მხოლოდ პირადი ინტერესები, პირადი კეთილდღეობა, რომ მხოლოდ თვითონ იცხოვრონ კარგად, ისე როგორც ადრე ცხოვრობდა ეს უსამართლო-მჩაგვრელი ელიტა, მათი სურვილია ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი რეჟიმის შექმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ შექმნილი, სამუდამო დიქტატურის დამყარება და ხალხის ბოლომდე დაჩაგვრა და განადგურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება და მათი მსახურება, ომი და ქაოსი…

ქართველმა ხალხმა ეს უბედურება უკვე გამოცადა, უკვე ნახა თუ რამხელა განსაცდელი მოაქვს საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე აგენტურის მმართველობას… ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისევ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ ხალხის მჩაგვრელ ბოროტ ძალას ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების უფლება!

სამწუხაროდ, დღეს, ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და გავიმეორებ, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ!

26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!

ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი, უკეთესის ძიებაში ირჩევს უარესს, ამიტომ ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება! დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 ,,რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან”- მარია ზახაროვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მზად არის, აგვისტოს ბოლოს კურსკში, ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდეს. მის ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.

„მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნოსთან, პირადად ამ სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რაფაელ გროსისთან, კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ბირთვული ობიექტების – როგორც კურსკის, ისე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართ მუდმივ პროვოკაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზახაროვამ.

,,გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე”- სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო განცხადება

ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა, – ამის შესახებ ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამინისტროს მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და აფრთხილებს, რომ აუცილებელია ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება

„ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება ტყისა და ველის ხანძრების წარმოშობის საუკეთესო პრევენციაა.

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე:

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.

ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. ·

ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტი – 112

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი – 1501“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განმარტავს ცესკოს იმ დადგენილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება.

დადგენილების თანახმად, ისევე როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკო დადგენილების მიღებისას ეყრდნობოდა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს. ასევე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი იყოს კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული, ერთგვაროვანი და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს საარჩევნო უბანი დახვდეს მზად. აღსანიშნავია, რომ დადგენილება მიღებულია მაღალი ქვორუმით (12 ხმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრების მხარდაჭერით (4 ხმა)). მიუხედავად ამისა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ ცესკოს ამ გადაწყვეტილების უარყოფითად წარმოჩენას და მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებენ.

კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ წელს პირველად პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 90% ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს ხმას და ასეთ საარჩევნო უბნებზე (2262 საარჩევნო უბანი) წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მეშვიდე დღეს იყო გათვალისწინებული,რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართული რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის.

შესაბამისად, დადგენილების მიღებისას გათვალისწინებული იყო, რომ:

• კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, საარჩევნო უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს;
• მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვნების პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ უბნებზე წილისყრა განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელება გამოიწვევს არაერთგვაროვნებას და შესაძლოა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას;
• წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება, გამართულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა. მათ შორის იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.

ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია ჩართული მხარეების მხრიდან აპელირება იმაზე, თითქოს დამკვირვებლები ვერ შეძლებენ წილისყრის პროცედურებზე დაკვირვებას. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას – კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დღემდე პერიოდს, კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდს, მათ შორის დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს. ასევე, როგორც აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების ნაწილის გამოვლენა 2262 უბანზე ისედაც უნდა განხორციელებულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა და ამ თვალსაზრისით დაკვირვება არათუ გართულდება, პირიქით, უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ წილისყრის პროცედურის არა ნაწილს, არამედ მთლიან პროცესს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. ამასთან შევახსენებთ და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, გაითვალისწინონ რომ არჩევნები საერთო საქმეა და უსაფუძვლო განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცხადდა რუსთაველის ფონდის 2024 წლის  კონკურსი   „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად” 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა    გამოაცხადა 2024 წლის  კონკურსი   „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად”.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სრული ინფორმაცია კონკურსის პირობების  შესახებ  იხილეთ ფონდის  ვებგვერდზე

https://shorturl.at/XD1Yq

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეექვსე მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს

6 მილიონი მგზავრი 2012 წლიდან დღემდე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ი 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ცოტა ხნის წინ, ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც Wizz Air-ის იღბლიანი მეექვსე მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა. ავიაკომპანიის მე-6 მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა. იღბლიანმა მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც გაფრენას 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.

,,დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა და მიიღო Wizz Air-ის მე-6 მემილიონე მგზავრი, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ Wizz Air-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძირითადი მოთამაშე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დასტური იმისა, რომ უკვე 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა არის ის, რომ ისინი სტაბილურად არიან წარმოდგენილები ჩვენს ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას აღნიშნულ კომპანიასთან, რათა კიდევ უფრო მეტი მიმართულება დაემატოს, უფრო მეტი ბაზირებული საჰაერო ხომალდი გვყავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის მიმართულებით ახალი რეკორდები ფიქსირდება.

,,უკვე აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გადასცდა მილიონ მგზავრს. გვაქვს ვარაუდი, რომ მილიონზე ოდნავ ნაკლები მგზავრი გვეყოლება ჭრილში. შესაბამისად, მგზავრთნაკადთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას. რამდენიმე ასული მილიონის ინვესტიციაზეა საუბარი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ზოგადად ქართული ავიაცია ახალ ეტაპზე გადადის. სრულიად აღვადგინეთ კოვიდამდელი პერიოდის მონაცემები. კიდევ უფრო მეტი ახალი მიმართულება და ახალი ავიაკომპანიის მოლოდინი გაქვს, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Wizz Air-ი 2018 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2024 წელსაც ბაზრის ლიდერია. დეკემბრიდან ავიაკომპანიამ დაამატა მეოთხე ბაზირებული ხომალდი ქუთაისში. ამჟამად, Wizz Air-ი ქუთაისიდან 15 ქვეყანაში, 24 მიმართულებით დაფრინავს. 6 მლნ მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – ეს მიღწევა არა მხოლოდ ასახავს Wizz Air-ის მიერ ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას მოგზაურებისთვის, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოებამ დაადასტუროს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში-გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ რასაც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოებამ დაადასტუროს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკის განვითარების და ტრადიციების შენარჩუნების პოლიტიკა და ამის შემდგომ ჩვენზე იქნება პასუხისმგებლობა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი, გასამართლდეს. ეს არის აუცილებელი, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ საქართველოს გადასარჩენად პირდაპირი გაგებით.“– აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. გენერლის ხსოვნის პატივსაცემად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს.

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა.

სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე: 1978 წელს დაბადებული მ. ა., 1972 წელს დაბადებული ა. ო., 1990 წელს დაბადებული ვ. ბ., 1988 წელს დაბადებული უ. ფ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა რომ მ.ა.-მ და ა.ო.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ხოლო, ბრალდებულების ვ.ბ.-ს და უ.ფ.-ს დახმარებით, ჯ.ო.-მ, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე, სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024 გაიმართება

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება.

კონფერენცია შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი.

დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც ქართველი სპიკერბისგან ისე მსოფლიოდან, დინამიური პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის  ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც მოიცავს ბოლო 5 წლის მიმოხილვას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად  გადადით ბმულზე https://tkt.ge/event/428255/testers-day-2024

(R)

 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია.

„შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე -შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერები ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ოქტომბრის არჩევნებზეც კვლავ „ოცნებას“ უჭერს მხარს.

„დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1081567720641661&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post