Home Blog Page 94

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განმარტავს ცესკოს იმ დადგენილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება.

დადგენილების თანახმად, ისევე როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკო დადგენილების მიღებისას ეყრდნობოდა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს. ასევე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი იყოს კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული, ერთგვაროვანი და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს საარჩევნო უბანი დახვდეს მზად. აღსანიშნავია, რომ დადგენილება მიღებულია მაღალი ქვორუმით (12 ხმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრების მხარდაჭერით (4 ხმა)). მიუხედავად ამისა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ ცესკოს ამ გადაწყვეტილების უარყოფითად წარმოჩენას და მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებენ.

კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ წელს პირველად პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 90% ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს ხმას და ასეთ საარჩევნო უბნებზე (2262 საარჩევნო უბანი) წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მეშვიდე დღეს იყო გათვალისწინებული,რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართული რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის.

შესაბამისად, დადგენილების მიღებისას გათვალისწინებული იყო, რომ:

• კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, საარჩევნო უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს;
• მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვნების პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ უბნებზე წილისყრა განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელება გამოიწვევს არაერთგვაროვნებას და შესაძლოა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას;
• წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება, გამართულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა. მათ შორის იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.

ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია ჩართული მხარეების მხრიდან აპელირება იმაზე, თითქოს დამკვირვებლები ვერ შეძლებენ წილისყრის პროცედურებზე დაკვირვებას. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას – კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დღემდე პერიოდს, კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდს, მათ შორის დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს. ასევე, როგორც აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების ნაწილის გამოვლენა 2262 უბანზე ისედაც უნდა განხორციელებულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა და ამ თვალსაზრისით დაკვირვება არათუ გართულდება, პირიქით, უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ წილისყრის პროცედურის არა ნაწილს, არამედ მთლიან პროცესს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. ამასთან შევახსენებთ და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, გაითვალისწინონ რომ არჩევნები საერთო საქმეა და უსაფუძვლო განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცხადდა რუსთაველის ფონდის 2024 წლის  კონკურსი   „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად” 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა    გამოაცხადა 2024 წლის  კონკურსი   „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად”.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სრული ინფორმაცია კონკურსის პირობების  შესახებ  იხილეთ ფონდის  ვებგვერდზე

https://shorturl.at/XD1Yq

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეექვსე მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს

6 მილიონი მგზავრი 2012 წლიდან დღემდე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ი 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ცოტა ხნის წინ, ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც Wizz Air-ის იღბლიანი მეექვსე მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა. ავიაკომპანიის მე-6 მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა. იღბლიანმა მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც გაფრენას 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.

,,დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა და მიიღო Wizz Air-ის მე-6 მემილიონე მგზავრი, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ Wizz Air-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძირითადი მოთამაშე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დასტური იმისა, რომ უკვე 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა არის ის, რომ ისინი სტაბილურად არიან წარმოდგენილები ჩვენს ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას აღნიშნულ კომპანიასთან, რათა კიდევ უფრო მეტი მიმართულება დაემატოს, უფრო მეტი ბაზირებული საჰაერო ხომალდი გვყავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის მიმართულებით ახალი რეკორდები ფიქსირდება.

,,უკვე აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გადასცდა მილიონ მგზავრს. გვაქვს ვარაუდი, რომ მილიონზე ოდნავ ნაკლები მგზავრი გვეყოლება ჭრილში. შესაბამისად, მგზავრთნაკადთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას. რამდენიმე ასული მილიონის ინვესტიციაზეა საუბარი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ზოგადად ქართული ავიაცია ახალ ეტაპზე გადადის. სრულიად აღვადგინეთ კოვიდამდელი პერიოდის მონაცემები. კიდევ უფრო მეტი ახალი მიმართულება და ახალი ავიაკომპანიის მოლოდინი გაქვს, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Wizz Air-ი 2018 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2024 წელსაც ბაზრის ლიდერია. დეკემბრიდან ავიაკომპანიამ დაამატა მეოთხე ბაზირებული ხომალდი ქუთაისში. ამჟამად, Wizz Air-ი ქუთაისიდან 15 ქვეყანაში, 24 მიმართულებით დაფრინავს. 6 მლნ მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – ეს მიღწევა არა მხოლოდ ასახავს Wizz Air-ის მიერ ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას მოგზაურებისთვის, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოებამ დაადასტუროს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში-გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ რასაც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოებამ დაადასტუროს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკის განვითარების და ტრადიციების შენარჩუნების პოლიტიკა და ამის შემდგომ ჩვენზე იქნება პასუხისმგებლობა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი, გასამართლდეს. ეს არის აუცილებელი, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ საქართველოს გადასარჩენად პირდაპირი გაგებით.“– აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. გენერლის ხსოვნის პატივსაცემად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს.

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა.

სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე: 1978 წელს დაბადებული მ. ა., 1972 წელს დაბადებული ა. ო., 1990 წელს დაბადებული ვ. ბ., 1988 წელს დაბადებული უ. ფ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა რომ მ.ა.-მ და ა.ო.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ხოლო, ბრალდებულების ვ.ბ.-ს და უ.ფ.-ს დახმარებით, ჯ.ო.-მ, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე, სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024 გაიმართება

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება.

კონფერენცია შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი.

დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც ქართველი სპიკერბისგან ისე მსოფლიოდან, დინამიური პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის  ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც მოიცავს ბოლო 5 წლის მიმოხილვას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად  გადადით ბმულზე https://tkt.ge/event/428255/testers-day-2024

(R)

 

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია.

„შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე -შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე. ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერები ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ოქტომბრის არჩევნებზეც კვლავ „ოცნებას“ უჭერს მხარს.

„დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად, ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1081567720641661&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post

ჩინეთი აშშ-ის ბირთვული სტრატეგიის განახლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, პეკინი შეერთებული შტატების ბირთვული სტრატეგიის განახლებით შეშფოთებულია.

„ვაშინგტონი ჩინეთის ბირთვული საფრთხის ვერსიის გავრცელებით, სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად საბაბს ეძებს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მანამდე The New York Times-მა დაწერა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ახალი ბირთვული სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც ჩინეთთან, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო ბირთვული კონფრონტაციისთვის მზადებაა ასახული.

პროკურატურა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ აპირებს – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ, პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება გააჟღერეს – გამოძიების დაწყებას არ აპირებენ. პროკურატურას უნდოდა, რომ მე მონაწილეობა მიმეღო გასაუბრებაში ისე, რომ მას გამოძიება არ დაუწყია. ბუნებრივია, ამას კანონი არ ითვალისწინებს. მათ ამ პროცედურის ჩატარება უნდოდათ იმიტომ, რომ შალვა პაპუაშვილის მფარველობა გაადვილებოდათ. მე უნდა მივხმარებოდი მათ შალვა პაპუაშვილის მფარველობაში და შალვა პაპუაშვილის ძალადობის წინააღმდეგ გამოძიების არ დაწყებაში. მე ვუთხარი, დაიწყეთ გამოძიება. განცხადებებზე არსებობს გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველი. დანაშაულზე პროკურატურას აქვს გამოძიების დაწყების ვალდებულება. როგორც კი დაიწყებთ ოფიციალურ გამოძიებას, მე აქ მოვალ და გასაუბრების ფარგლებში მოგცემთ ჩვენებას როგორც მოგეცი”. – თქვა მეზვრიშვილმა.

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შესახებ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში 21 აგვისტოს დაიბარეს.

როცა იმ ქალაქის მერი ხარ, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი შიმშილობს და უფასო სასადილოს რიგშია, ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და საათებით „მარიაჟობა“ უხერხულობას უნდა გიქმნიდეს – ირაკლი ნადირაძე

xr:d:DAFQ5Y09rV0:9,j:40648653085,t:22111112

როცა იმ ქალაქის მერი ხარ, სადაც უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი შიმშილობს და უფასო სასადილოს რიგში დგას, ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით „მარიაჟობა“, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, თბილისის მერს კახა კალაძეს.

მისი თქმით, მმართველი პარტიისა და დედაქალაქის მერის მთავარი მიზანი არა საზოგადოების პრობლემების მოგვარება, არამედ ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა.

„კახა კალაძეს ავიწყდება, რომ ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანია, სადაც ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველდღიურად უფასო სასადილოების რიგში დგას, რადგან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, უბრალოდ, შიმშილობენ; სადაც პენსიონერებს გაძვირებული ცხოვრების გამო, ელემენტარული, წნევის წამალი ვერ უყიდიათ და იხრჩობიან საპენსიო სესხებში. ის წარმოადგენს იმ ქალაქის მერს, სადაც უამრავი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემაა და ამ დროს, „იმარიაჟო“ ახალ-ახალი მილიონიანი მანქანებით და ძვირადღირებული საათებით, მითუმეტეს, როდესაც არაერთ კორუფციულ სკანდალში ხარ მხილებული, ეს, მინიმუმ, უხერხულობას უნდა გიქმნიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არც კალაძეს და არც „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებს არ ადარდებთ ჩვენი მოსახლეობის გაჭირვება, გაძვირებული ცხოვრება და ის უამრავი პრობლემა, რის გამო ადამიანები გარბიან საზღვარგარეთ და საკუთარი ოჯახების დატოვება უწევთ. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად, ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საზრუნავი არა ხალხის კეთილდღეობა და მათი პრობლემების მოგვარება, არამედ საკუთარ მილიონებზე, მილიონების დამატება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.