Home Blog Page 93

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უფროსებთან ურთიერთობისთვის საუკეთესო დღე არაა – მცდელობის მიუხედავად, მშობლებს აზრს ვერ შეაცვლევინებთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. გეგმის განხორციელების დროს ნუ დაივიწყებთ ადამიანს, ვინც რთულ დროს დაგეხმარათ. ეცადეთ, მავნე ჩვევისგან, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას ანგრევს, დროულად გათავისუფლდეთ.

კურო

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დიეტა მკაცრად დაიცვათ. საქმიანი შეხვედრის დროს შესაძლოა, მაცდური შეთავაზება მიიღოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ტოქსიკურ ნივთიერებებთან ურთიერთობის დროს და წამლების დოზას ყურადღებით დააკვირდით.

ტყუპები

სერიოზული მუშაობისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. პლანეტები თქვენს მიმართ კეთილად განწყობილნი არიან. მეგობრებთან ან ნათესავებთან შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი გელით და შესაძლოა, სასიხარულო ამბავი გაიგოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს საქმის საბოლოო შედეგი თავის კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. ახალი, საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით.

ლომი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გულწრფელი საუბარი თავდაჯერებას დაგიბრუნებთ და ოჯახში ნდობას აღადგენს. სასურველია, რომ ამ დღეს მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ.

ქალწული

მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან კამათი გელით, ეცადეთ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.. ბიზნესმენი ქალწულები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან მოგებიანი იყოს. ელექტრომოწყობილობებთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.ფინანსური შემოსავალი, რაც თქვენს პრობლემებს დაასრულებს. სიტუაციის გააზრების საშუალებით მისი გაგების მცდელობა უშედეგო იქნება. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.

მორიელი

პლანეტების განლაგება ყველა საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. შესაძლოა, სიყვარულმა იმედგაცრუება მოგიტანოთ, მაგრამ ახალი ურთიერთობა ძველ ტკივილს დაგავიწყებთ. მოერიდეთ კატეგორიულობას და სიფრთხილე გამოიჩინეთ ტოქსიკურ ნივთიერებებთან.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს, ამიტომ გირჩევთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით. მოერიდეთ დომინირების სურვილს და სხვა ადამიანების ნაკლოვანებებზე საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში დღის ბოლოს შეიძლება მარტო დარჩეთ.

თხის რქა

სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა წარმატებით დასრულდება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. მთელ დღეს უგუნებოდ გაატარებთ, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ.

მერწყული

ეცადეთ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალ იდეებს შთაგაგონებთ. ეცადეთ, სამსახურში საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ.

თევზები

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ეს დღე მოგზაურობისთვის ხელსაყრელია. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ჩხუბი საყვარელ ადამიანთან – შესაძლოა, ეს დიდ სკანდალში გადაიზარდოს. შესანიშნავი დროა სახლში რემონტისა და ავეჯის შესაძენად.

,,ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ქვეყანაში და რისკებიც, პირველ რიგში, სწორედ მასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად ლოგიკურია” – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ ასევე შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლაზე სპეციალური უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „მსოფლიოში განვითარებული მოვლენების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ყველაფერზეა წამსვლელი, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები აბსოლუტურად ლოგიკურია“.

„თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური. ამ ქვეყანაში სწორედ ბიძინა ივანიშვილია მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი და რისკებიც, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში არის სწორედ მასთან დაკავშირებული. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია უსაფრთხოების ზომების ის ფორმა, რომელიც დღეს იქნა მიღებული. თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში – ეს ერთი და იცით, ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ყველაფერზეა წამსვლელი. წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს მათთვის ადამიანის სიცოცხლეს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები”,- განაცხადა პრემიერმა.

განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები ჩვენი საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება- პრემიერი

ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რომელმაც უკვე მოგვცა საშუალება, გაგვეუმჯობესებინა ქვეყანაში სოციალური პირობები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდს ყველა მიმართულებით წარმოდგენილი ექნება ძალიან ამბიციური გეგმები. „ჩვენ გვაქვს უამრავი ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი დაპირება, რომლებზეც ვსაუბრობთ, მათ შორის, მთავრობის სხდომებზე. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რომელმაც უკვე მოგვცა საშუალება, გაგვეუმჯობესებინა ქვეყანაში სოციალური პირობები. 435 000-ს ადამიანამდე შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ დაგვიტოვა 1.1 მილიონი ადამიანი. 700 000-მდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს სწორედ იმ სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ჩვენი ამბიციური ამოცანაა სიღარიბის ბოლომდე განულება და რა თქმა უნდა, ამისთვის გვჭირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ამისთვის არსებობს ამბიციური პროექტები, მათ შორის, დაგეგმილია ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები. ბოლომდე იქნება მიყვანილი რიკოთის ისტორიული პროექტი, თბილისი-ბათუმის ავტობანის პროექტი, ასევე გაგრძელდება ავტობანის მშენებლობა საზღვრების მიმართულებით, ეს ეხება სომხეთის საზღვარს, აზერბაიჯანის საზღვარს. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები იმისათვის, რომ აშენდეს ანაკლიის პორტი. გვაქვს ასევე ამბიციური გეგმა, რომელიც უკავშირდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას. ასევე, განათლების სფეროში ჩვენი მხრიდან იქნება წარმოდგენილი უაღრესად ამბიციური გეგმა, რომელიც განსაკუთრებით შეეხება საუნივერსიტეტო განათლებას. არის კონკრეტული მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის სტადიონის პროექტი და ა.შ. ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, თუ ნებისმიერი სხვა, გვექნება წარმოდგენილი ძალიან ამბიციური გეგმები, რაც იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა პრემიერმა.        

ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა – პრემიერი

ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, როგორც ეს ხდება ხოლმე ტრადიციულად, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლება ყოველთვის ქმედით ფორმას მიმართავს.

„სადაც საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი ინტერესების დაცვა, როგორც ეს ხდება ხოლმე ტრადიციულად. თქვენ იცით, რომ ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებს ქმედითი ფორმით. ამ შემთხვევაშიც, როდესაც საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, მათი ინტერესების და უფლებების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა”- პრემიერი

რეიტინგი გვაქვს 60% ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას ეროვნული საკითხები, დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა – „ნაცმოძრაობა“. „ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ, ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ გადაიჭრას გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ეროვნული საკითხები. მათ შორის, იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, იმისთვის, რომ გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა – „ნაცმოძრაობა“. ამისთვის გვჭირდება ჩვენ ქუდზე კაცი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ჩვენი პრინციპული ამოცანაა, ამ არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა – კობახიძე

ჩვენი პრინციპული ამოცანაა, ამ არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ამ ქვეყანას სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში მმართველ გუნდს შეუძლია ყველა დასახული ეროვნული ამოცანის მიღწევა.

„ჩვენი პრინციპული ამოცანაა, ამ არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ამ ქვეყანას სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. სწორედ ამიტომ არის პრინციპული ეს არჩევნები, ჩვენი ამბიცია არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ არჩევნების მოგება. ჩვენი ამბიცია არის ის, რომ გვინდა, ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი მაჩვენებელი არის დაახლოებით 60%, რაც იძლევა ძალიან კარგ სასტარტო პოზიციას, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა. რაც შეეხება იმას, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა – ეს მიზეზები განიმარტა ჩვენი მხრიდან, ამისათვის იქნა განმარტებული ის ხუთი მიზეზი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. არის წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, რომელიც დაკავშირებულია სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებასთან. საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება „ნაცმოძრაობის“ გასასამართლებლად. მაშინ იყო რთული ომის საკითხის გამოძიება, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში. დღეს ეს მოცემულობა ბევრი თვალსაზრისით არის შეცვლილი. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არის ახალი რეალობა, ჩვენ, საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში შეგვიძლია ყველა დასახული ეროვნული ამოცანის მიღწევა“, – განაცხადა პრემიერმა.

,,2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკაში” – კობახიძე

მოგესალმებით საქართველოს გამორჩეულად ღირსეული და ლამაზი რეგიონის, მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხის წარმომადგენლებს,

მოგესალმებით „ქართული ოცნების” წევრებს, მხარდამჭერებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს,

მივესალმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეულ წევრს, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც 2012 წლიდან დგას ბრძოლის წინა ხაზზე და ამ არჩევნებზე არის ჩვენი დელეგატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქალაქში, სადაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია. სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი  ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ.

„ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან დღემდე 8 არჩევნებში გაიმარჯვა. ყოველი არჩევნები იყო უკიდურესად პრინციპული ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველ არჩევნებზე წყდებოდა მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის ბედი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ აკეთებდა.

შესაბამისად, გასული 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით:

–         „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;

–         2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში აღიკვეთა ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, დამკვიდრდა მედიაპლურალიზმი;

–         ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანაში მმართველობას არა გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება ახორციელებს;

–         უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა: მხოლოდ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში ორჯერ გაიზარდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა ახლაც გრძელდება;

–         სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი;

–         ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის;

–         ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

–         72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;

–         რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;

–         ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა;

–         ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, სამჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა საქართველოში;

–         განახევრდა უმუშევრობა;

–         700 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს;

–         საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ეს არის ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა.

ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო საკუთარი პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, 2012 წელს საქართველომ თავი დააღწია ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს ღირსების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ომი და ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა.

დღეს ჩვენთან ერთად არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ 2008 წელს ჩადენილმა დანაშაულმა საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი გზით საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. მშვიდობა, ღირსება და ქვეყნის განვითარება არის ერთადერთი უალტერნატივო საშუალება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას მოუტანს.

მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები უაღრესად პრინციპული იყო, ამ არჩევნებს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ არჩევნებს აქვს 2012 წლის არჩევნების ტოლფასი დატვირთვა.

–         2012 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ” დავასრულეთ „ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში;

–         2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ” უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა” პოლიტიკაში.

არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე! „ნაცმოძრაობის” გასამართლება 2008 წლის დანაშაულისა და სხვა მრავალრიცხოვანი სისტემური დანაშაულებისთვის, ამ პოლიტიკური ძალის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, ყალბი ფასეულობები, ომი და რეგრესი და საქართველომ შეუფერხებლად განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით.

26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც აუცილებლად დამარცხდება აგენტურა და გაიმარჯვებს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ხელისუფლება, დამარცხდება ომი და გაიმარჯვებს მშვიდობა, დამარცხდება გარყვნილების პროპაგანდა და გაიმარჯვებს ქრისტიანული ფასეულობები, დამარცხდება ბნელი წარსული და გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი!

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

 ,,26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“- ბიძინა ივანიშვილი

ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უნდა იქცეს ნიურბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ქართველმა ხალხმა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ, განაჩენი გამოუტანოს.

როგორც ივანიშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“, ვერანაირი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს დამსახურებული სასჯელისგან.

„26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს.

საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში – სრულად

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში საზოგადოებას მიმართა.

„მოგესალმებით მცხეთელებო, დუშელებო, თიანელებო, მოხევეებო, ფშაველებო, ხევსურებო, გუდამაყრელებო,

მოგესალმებით ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს,

მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს – მცხეთა-მთიანეთს წარმოადგენთ.

სიმბოლურია, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში:

მცხეთიდან გააერთიანა ფარნავაზმა ჩვენი ქვეყანა და შექმნა პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო;

მცხეთაში ინახება უფლის კვართი; მცხეთაში აიგო პირველი ქართული ქრისტიანული ტაძარი;

მცხეთაშია წამომართული საქართველოს დედა-ტაძარი – სვეტიცხოველი;

მცხეთაში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, რამაც საქართველოს ქრისტიანულ და ევროპულ იდენტობას მტკიცე საფუძველი შეუქმნა;

მცხეთაში განისვენებენ დიდი ქართველი პატრიარქები და მეფეები. აქ განისვენებენ პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი ნანა და მირიანი, აქ განისვენებს ერეკლე მეორე, რომლის სიბრძნემაც საქართველოს ევროპული და ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა;

როგორც ლადო ასათიანი ამბობდა, სვეტიცხოვლის ტაძარში ასვენია საქართველოს ცხელი გული, რომლის ძგერა არასოდეს შეწყდება.

ქართული გული და ქართული სული უკვდავია. სწორედ ეს გული და სულია ის, რამაც ჩვენს სამშობლოს ურთულეს სივრცეში 3 ათასწლეულის მანძილზე თავისუფლება და თვითმყოფადობა შეუნარჩუნა. მცხეთა და მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული საუნჯე, რომელიც ქართულ სულსა და გულს, საქართველოს ღირსებას, თავისუფლებასა და თვითმყოფადობას, უნიკალურ ქართულ კულტურას განსაკუთრებული სიმტკიცითა და რუდუნებით იცავდა და იცავს. ეს არის 300 არაგველის სამშობლო, რომელიც არასდროს არავის დაუხრის თავს და ყველაფერზე მაღლა ყოველთვის ღირსებას, სამშობლოს სიყვარულს და ქრისტიანულ ფასეულობებს დააყენებს.

დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გასული 3 ათასწლეულის მანძილზე. მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ამ თვალსაზრისით, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

როგორც არაერთგზის ითქვა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.

ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის.

გუშინ ჩვენი გუნდის სახელით გავრცელდა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, თუ რისთვის გვესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩვენი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე განვმარტო:

პირველ რიგში: საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია.

26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს.

საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ;

მეორე მიზეზი, რატომ გვიჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა: საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება.

საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ეგრეთწოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ-წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტ-პროპაგანდის წარმოება და სხვა.

ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკვე აქვს უმძიმესი შედეგები მრავალ ქვეყანაზე და ამდენად, საქართველოში მის გავრცელებას პრინციპულად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით;

მესამე: დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს

როგორც წერილში აღვნიშნეთ, არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ.

ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს. საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება.

რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო 4 წელიწადი, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

,,2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი!”- ღარიბაშვილი

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!“

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას, ჩვენს ამაყ და ღირსეულ ხალხს, მივესალმები „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს, მხარდამჭერებს, ყველას ვინც უკვე 12 წელია გვერდში უდგას ჩვენს პარტიას და თანამონაწილეა იმ ისტორიული ტრანსფორმაციული პროცესებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და მადლობა ერთგულებისთვის და ნდობისთვის!

დღეს ჩვენ დავიწყეთ რეგიონული ღონისძიებები და პირველი შეხვედრა სწორედ თქვენს რეგიონში იმართება, ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილას, მცხეთაში.

ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. გვახსოვს, როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმ დროინდელ საქართველოში, საშინელი ტერორი და შიში სუფევდა მთელს ქვეყანაში, ხდებოდა ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული მკვლელობები, ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ხდებოდა სხვა, უამრავი სისტემური დანაშაულები… ამ და სხვა უბედურებასთან და ბოროტებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ, თავიდან ვერ კი არა – არ აირიდა ყველაზე დიდი უბედურება – ომი! საქართველოში ჯერ დააბრუნეს რუსეთის ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს, ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდენინეს მათი ოკუპაცია, დავკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც აგვისტოს ომამდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტობრივად აჩუქეს, გადასცეს კოდორის ხეობა, მივიღეთ ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და დავკარგეთ ასეულობით ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები… და ყველას გვახსოვს, ომი დამთავრებული არ იყო, გმირების ცხედრები არ ჰყავდათ გამოყვანილი და დაკრძალული, რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და აზეიმეს ეს ყველაფერი, ხოლო შემდეგ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას… და რამდენიმე თვეში ისევ რუსეთს გადასცეს საკუთარი ნებით უამრავი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, მათ და მთელმა მსოფლიომ… მალევე, ომის დამთავრებისთანავე, ჯერ დევნა დაუწყეს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, შემდეგ სასტიკად გააძლიერეს ჩვენი ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა. ქვეყანაში იყო სრული უიმედობა, უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი! ასევე, გვახსოვს, სააკაშვილს დაანონსებული ხედვა, რომ აშენებდა სინგაპურის მსგავს სისტემას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ისეთივე სინგაპურის მოდელი იქნებოდა, როგორიც „დემოკრატიის შუქურაც“ იყო თავად… იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა არავითარი თავისუფლება, არავითარი დემოკრატია, არავითარი ევროპასთან ინტეგრაცია და ასეთი კაცი და მისი კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებას…

და სწორედ ასეთ დროს, როცა ხალხს სამუდამოდ გადაწურული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხს დაუბრუნა ეს იმედი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჯერ დარაზმა, გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის 1 ოქტომბერს გაათავისუფლა ხალხი ამ ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!

მას შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება და დამყარდა მშვიდობა, თავისუფლება დაუბრუნდა ხალხს! 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებამ მოიტანა ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში, 27 მილიარდი ლარიდან 85 მილიარდ ლარამდე, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერდებიან ძალოვანი უწყებები, რომლებიც იცავენ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, გვაქვს სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკაშიც, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის 1,4 მილიარდიანი ბაზარი, რუსეთის ბაზარი, მოხდა დივერსიფიკაცია და ქვეყანა გახდა უფრო სტაბილური და სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი. თავისუფლების და მშვიდობის შედეგია, რომ ვითარდება დღეს ბიზნესი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ამასთანავე დაგეგმილია არაერთი მასშტაბური, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, და რაც მთავარია, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ყველაზე რთული კრიზისის დროს – რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე და ჯერ კიდევ მანამდეც, უამრავი დესტრუქციული და პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, რომელიც ხორციელდებოდა შიდა მტრების და გარე ძალების ერთიანი კოორდინირებული მოქმედებებით… მადლობა ღმერთს, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ მშვიდობა და თავიდან ავირიდეთ ომი, ქაოსი და უბედურება, განადგურებისგან ვიხსენით ჩვენი ხალხი და ქვეყანა.

მეგობრებო, 26 ოქტომბერს ისევ ეს ბოროტი ძალა უპირისპირდება ჩვენს ხალხს, ოღონდ ამჯერად უკვე, სახეცვლილი, ხელოვნურად გაყოფილი და გაშლილი მრავალ ფრონტზე, ხალხის დასაბნევად და მოსატყუებლად, ამ დროს ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა, არ არსებობს სხვა ალტერნატიული ოპოზიცია თუ კოალიცია, არც ძველი და არც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მათი სახელი უცვლელია – ეს არის კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანი ბოროტი და ანტიეროვნული ძალა, რომლის მიზანია მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება და მხოლოდ პირადი ინტერესები, პირადი კეთილდღეობა, რომ მხოლოდ თვითონ იცხოვრონ კარგად, ისე როგორც ადრე ცხოვრობდა ეს უსამართლო-მჩაგვრელი ელიტა, მათი სურვილია ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი რეჟიმის შექმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ შექმნილი, სამუდამო დიქტატურის დამყარება და ხალხის ბოლომდე დაჩაგვრა და განადგურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება და მათი მსახურება, ომი და ქაოსი…

ქართველმა ხალხმა ეს უბედურება უკვე გამოცადა, უკვე ნახა თუ რამხელა განსაცდელი მოაქვს საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე აგენტურის მმართველობას… ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისევ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ ხალხის მჩაგვრელ ბოროტ ძალას ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების უფლება!

სამწუხაროდ, დღეს, ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და გავიმეორებ, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ!

26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!

ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი, უკეთესის ძიებაში ირჩევს უარესს, ამიტომ ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება! დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 ,,რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან”- მარია ზახაროვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მზად არის, აგვისტოს ბოლოს კურსკში, ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდეს. მის ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.

„მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნოსთან, პირადად ამ სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რაფაელ გროსისთან, კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ბირთვული ობიექტების – როგორც კურსკის, ისე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართ მუდმივ პროვოკაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზახაროვამ.

,,გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე”- სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო განცხადება

ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა, – ამის შესახებ ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამინისტროს მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და აფრთხილებს, რომ აუცილებელია ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება

„ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება ტყისა და ველის ხანძრების წარმოშობის საუკეთესო პრევენციაა.

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე:

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.

ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. ·

ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტი – 112

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი – 1501“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.