Home Blog Page 92

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გამოცდილება

მარჯანიშვილის ისტორიულ უბანში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, როგორიცაა – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისთვის, პერსონალური საბანკო მომსახურება, კაფე და შიდა ეზო, მრავალფეროვანი და გამორჩეული კერძებით, ქართული და საერთაშორისო პრემიმუმ ბრენდების კოლექცია, ბიბლიოთეკა, და ასევე, საგამოფენო და ღონისძიებების სივრცეები.

  • ატრიუმი

ატრიუმში შესაძლებელია დაჯავშნოთ როგორც სამუშაო მაგიდა საერთო სივრცეში, ასევე ისარგებლოთ ინდივიდუალური შეხვედრების ოთახით.

  • საერთო სამუშაო სივრცე და შეხვედრების ოთახები

სამუშაო სივრცე აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობისთვის.

თიბისი კონცეპტის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ დაჯავშნონ თვეში ოთხი ვიზიტი სამუშაო სივრცესა და შეხვედრის ოთახებში. ყველა დამატებით ვიზიტზე, კი თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

  • კაფე და შიდა ეზო

აქ სტუმრებს დახვდება მრავალფეროვანი განახლებული მენიუ, რომელიც შექმნილია All day dining-ის კონცეფციით, რომელიც უამრავ საინტერესო კერძს სთავაზობს.

კაფეში თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 15% უკან დაუბრუნდებათ.

  • საგამოფენო სივრცეები

თიბისი კონცეპტის სივრცე მუდმივად მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ქმნის გამდიდრებულ ატმოსფეროს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჩაეფლონ თანამედროვე ხელოვნების სამყაროში, ისეთი ექსპონატებით, რომლებიც აჩვენებენ ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრებს, ყოველთვის არის რაღაც ახალი და შთამაგონებელი შესასწავლად.

ამჟამად, 15 სექტემბრის ჩათვლით, ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, „იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?“

  • კოლექცია

კოლექცია მოიცავს ქართული და საერთაშორისო პრემიუმ ბრენდის საკოლექციო ნივთების ფართო არჩევანს.

კოლექციაში თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე, თანხის 15% უკან დაგიბრუნდებათ.

  • ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის სივრცეში აღმოაჩენთ თქვენს ინტერესის სფეროზე მორგებულ არაერთ წიგნს ბიზნესის, ხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, მოერგოს მომხმარებლის ინტერესებსა და ღირებულებებს, შეუქმნას კომფორტული და სასიამოვნო როგორც სამუშაო, ასევე, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ – კახა კალაძე

გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ასეთი ბრიყვები ნამდვილად არ ვართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყება.

კალაძის განცხადებით, ეს არის სიცრუის კამპანია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარედანაც იმართება.

„ხომ გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს კონსტიტუციური დარღვევა იყო. გახსოვთ მაშინ პრეზიდენტის განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით? დღეს პრეზიდენტს შეაქვს სარჩელი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. თუ მაშინ ეს სასამართლო არ ვარგოდა და პრობლემა იყო, მაშინ დღეს რატომ შეაქვს სარჩელი იგივე სასამართლოში?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ეს არის სიცრუის კამპანია, პირდაპირ თეთრზე შავის მტკიცება. ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, ყველა ეს პროცესი გარედან იმართება. ხალხს გვეუბნებიან, თითქოს გამჭვირვალობა ცუდია. გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ასეთი ბრიყვები ნამდვილად არ ვართ. შესაბამისად, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ევროინტეგრაცია მოხდეს და ასე შემდეგ“, -განაცხადა კალაძემ.

რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა – კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია, – განაცხადა მედიასთან დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ყველა იცავს უსაფრთხოებას.

„ზოგიერთ ტელევიზიას აქვს სურვილი, ოპოზიცია წარმოაჩინოს როგორც განადგურებული და დაბეჩავებული. შეიძლება განადგურებული და დაბეჩავებული მართლა არის, მაგრამ ყველაფრის მკადრებელია. იმ პოზიციაში და ვითარებაში, სადაც ახლა ისინი იმყოფებიან – გვარამიამ უფრო კარგად იცის, სად იმყოფებიან – ყველაფრის მკადრებლები არიან. წარმოგიდგენიათ, ამერიკაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და ერთ-ერთ კანდიდატს ესროლეს, კლავდნენ ჩვეულებრივად. შესაბამისად, ყველაფერს იკადრებენ.

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, სიმშვიდე, „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატული პოლიტიკას და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, ამიტომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. თქვენ ნახეთ ალბათ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს ამ უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დაამთავრა ბოროტება, რომელიც იყო წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და გვიმტკიცებდნენ, რომ თითქოს ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ბიძინა ივანიშვილმა გადადო ყველაფერი, თავისი სიცოცხლის და ოჯახის ფასად და 2012 წელს დაამარცხა ბოროტება. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. ეს არის რადიკალური დაჯგუფება – დავარქვათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან, შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი. ნახეთ, რომ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ. ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და განწირული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, ხოლო მეორე მხარესაა სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ზეწოლისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამგვარად შეაფასა მან პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები.

„ის, რაზეც ვსაუბრობთ და რასაც მოსახლეობას ვპირდებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ვითარებაა რეგიონში. მშვიდობის დაცვა, შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ბინძური, ყველაფრის მკადრებელი ძალა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად, ვერ წავალთ წინ და ვერ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, თუ მშვიდობა არ გვექნა. გუშინ კიდევ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ახსნა არ სჭირდება, თუ რა ვითარებაა დღეს, ზოგადად, მსოფლიოში და რეგიონში, რა ძალები ებრძვიან ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, დავიცვათ ქვეყნის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე, კულტურა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პასუხს ყველა ის ადამიანი აგებს, რომელთა ქმედებებმა საქართველოს ტერიტორიები დააკარგვინა.

„სიახლე არის ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის განვითარებას, მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად, ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, რომლის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვაქვს დაკარგული სოფლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ისე უბრალოდ არ ხდება, რომ რაღაცამ ჩაიარა და მორჩა. ამ ყველაფერს სჭირდება პასუხის გაცემა. პასუხისგება კი ყველა იმ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას მოუწევს, ვინც ამ ქმედებებში და ღალატში იქნება დადანაშაულებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება, რადგან ერთ მხარეს დგას ბოროტება, ხოლო მეორე მხარეს სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

„დღეს საუბარი არ არის პარტიებზე. საუბარია ქვეყნის ბედზე, სად და როგორ იქნება საქართველო – ქვეყანაში იქნება ომი, გამოიყენებენ მას ისევე, როგორც სხვა ქვეყნები დიდი ქვეყნების ინტერესებისთვის, თუ შენარჩუნდება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, სიცრუე და მეორე მხარეს არის სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi იწყებს სტარტაპების განაცხადების მიღებას 2024 წლის აქსელერაციის პროგრამაზე. 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც თიბისის პროექტის „სტარტაპერის“ და EFSE-ს სამეწარმეო აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. 

აქსელერატორში ჩაერთვება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეული 20 გუნდი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.  

აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში და გაგრძელდება12 კვირას (ოქტომბერი 2024 – იანვარი 2025). პროგრამა მოიცავს თემატურ შეხვედრებს, სესიებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ მენტორობას, „ნეთვორქინგ“ ღონისძიებებს, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობას, ბოლო ეტაპზე გადასული სტარტაპების გასვლით ვიზიტს მადრიდში და დემო დღეს, სადაც გუნდებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.    

აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით. მონაწილეობით დაინტერესების შემხვევაში გადადით ბმულზე: https://shorturl.at/QqaTc

სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Helio AI, Roommate, Wenroll, Stori AI, Wempler, Lawformer, Connect, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com    

აქსელერატორის მხარდამჭერები: თიბისის პროექტი “სტარტაპერი”, EFSE Entreprenership Academy

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: tbilisi@impacthub.net

R

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

„არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში, საავტომობილო გზაზე, სამართალდამცავი ავტომანქანით ყოფილ მეუღლეს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი დაკავებული იქნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კურსკის ოპერაციამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ რა ხდება პოკროვსკთან მიმართებით? – Апостроф

დღეს რუსეთ-უკრაინის ომის ორი ფრონტია ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი – კურსკის ოლქში და დონბასში. უკრაინული პრესა, რომელიც საომარ პირობებში იმყოფება და,  ბუნებრივია, გარკვეული ცენზურის პირობებშიც, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ორივე ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს.

კიევის გაზეთ „აპოსტროფში“ (Апостроф) დაბეჭდილია სტატია სათაურით „კურსკის ოპერაციამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ რა ხდება პოკროვსკთან მიმართებით?“ (ავტორი – ვიქტორ მუჟენკო, სამხედრო მიმომხილველი), რომელშიც კომენტირებულია მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით

„უკრაინის ჯარების მოულოდნელმა და სწრაფმა კონტრშეტევამ რუსეთის კურსკის ოლქში დასავლეთში და, საერთოდ, მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ იმავდროულად რიგი სტრატეგიული რისკებიც შექმნა, განსაკუთრებით დონბასში, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკთან დაკავშირებით

ისტორიული პარალელები

პოკროვსკს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დონბასისათვის და თუ რუსეთი ამ ქალაქს აიღებს (გააკონტროლებს), საფრთხე უკრაინის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთს დაემუქრება: ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ვინც პოკროვსკს ფლობს, ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსაც“.

დღეს პოკროვსკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია არა მარტო დონბასისათვის არის საფრთხის შემცველი, არამედ მისი დაკავებით მტერს ზაპოროჟიეს ოლქის გაკონტროლებაც შეუძლია, შემდეგ დნეპროპეტროვსკის ოპერატიული სივრცის დაუფლება და პერსპექტივაში – ხარკოვისათვის ალყის შემორტყმაც. ეს სწორედ ის არის, რის გაკეთებაც და რეალიზებაც ვერ შეძლო საბჭოთა წითელმა არმიამ კურსკის ბრძოლის შემდეგ, 1943 წლის ივლის-აგვისტოში.

საქმე იმაშია, რომ მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე, კურსკის ბრძოლის შემდეგ საბჭოთა სარდლობას დაგეგმილი ჰქონდა ესარგებლა თავისი უპირატესობით და სწრაფად დაეკავებინა კურსკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქები, რომლებიც გერმანელების მიერ იყვნენ ოკუპირებულნი, მაგრამ ეს გეგმა მთლიანად ვერ განხორციელდა ვერმახტის ძლიერი წინააღმდეგობისა და საბჭოთა გენშტაბის მიერ დაშვებული შეცდომების გამო.

დღევანდელი სიტუაცია აჩვენებს, რომ რუსეთის არმია, ამჯერად დონბასში, სწორედ მსგავსი ჩანაფიქრის რეალიზაციას ცდილობს, რათა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის გაკონტროლება მოახერხოს.

საფრთხე უკრაინისათვის

რუსეთის არმიის მიერ პოკროვსკის აღება არსებითად შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში. პოკროვსკის აღება გზას გაუხსნის რუსულ ჯარს წინსვლისათვის და დიდ საფრთხეს შექუმნის სხვა ოლქებსაც, მათ შორის ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს.

უკრაინამ თავისი ძალისხმევის კონცენტრირება უნდა მოახდინოს ამ კრიტიკული წერტილების დასაცავად.

სამხედრო პროფესიონალიზმის მნიშვნელობა

ამგვარი გამოწვევების თავიდან ასაცილებლად ან მათდამი წინააღმდეგობის გასაწევად, აუცილებელია დავეყრდნოთ უკრაინის არმიის პროფესიონალი ოფიცრების, სამხედრო მოსამსახურეების გამოცდილებასა და ცოდნას, რომლებსაც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.

სამხედრო ლიდერებს, შესაბამისი განათლებით და ბრძოლებში გამოწრთობილი უნარ-ჩვევებით, შეუძლიათ უკეთესად სეაფასონ ქვეყნის წინაშე მდგარი რისკები და ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღონ.

დასკვნები:

თანამედროვე ომებში, ისევე როგორც ისტორიულ კონლიქტებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს და სტრატეგიულ დაგეგმვას.

უკრაინამ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოს თავისი საკვანძო ტერიტორიის დასაცავად, თავია აარიდოს გაუთვლელ სარისკო ოპერაციებს, რომლებსაც შეუძლიათ ყურადღების გაფანტვა (გადატანა) მთავარი საფრთხე-მუქარებისაგან და შეარჩიოს ჯარების გამოყენების ისეთი ფორმები და ხერხები, რომლებიც მათი შესაძლებლობების ადექვატური იქნება. გამარჯვების უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ სამხედრო პროფესიონალებისა და არმიის ლიდერების თანწყობილი მუშაობის წყალობით.

წყარო

74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავეს

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

იდუმალი შუამავლები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარებიან: რატომაა დასავლური სანქციები „საცერივით წყალგამტარი? – The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „იდუმალი შუამავლები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარებიან: რატომაა დასავლური სანქციები „საცერივით წყალგამტარი?“, რომელშიც განხილულია ანტირუსული სანქციების არაეფექტურობისა და რუსული ეკონომიკის განვითარების მიზეზები.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა უკვე განწყობილია იმისათვის, რომ დასავლურ სანქციებს ათწლეულობით კიდევ გაუძლოს. ფაქტები მოწმობენ, რომ რუსებისათვის სანქციების ეფექტის მინიმუმამდე დაყვანა რაიმე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. შეხედეთ: ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება – მეორე კვარტალში 4%-იანი მატება დაფიქსირდა და ეს ხდება ისეთი უმკაცრესი სანქციების პირობებში, რომელიც ოდესმე ისტორიულად შემოუღიათ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ. მოსახლეობა არ შიმშილობს, ხელფასები მატულობს, ვაჭრობა ყვავის. მართლაცდა, რაშია საქმე?

კითხვაზე პასუხის გასაცემად შევხედოთ ყაზახეთს: ამ ცენტრალაზიურ რესპუბლიკას უკრაინაში ომის დაწყებისას მომგებიანი ბილეთი შეხვდა. საქმე იმაშია, რომ როცა ევროპულ ფირმებს, ტექნოლოგიური პროდუქციის მსხვილ მწარმოებლებს, რუსეთში პროდუქციის ექსპორტი აკრძალათ, სავაჭრო არენაზე ყაზახეთი გამოვიდა, რომელმაც თავისი 50 პროფილური კომპანიით – საწარმოო პოტენციალით 100 მილიონი დოლარი წელიწადში – გაჩენილი სიცარიელე შეავსო. შესაბამისად, ყაზახეთის ექსპორტი რუსეთში 20023 წელს 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმავდროულად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონიკის იმპორტი ევროპიდან ყაზახეთში. ალბათ, მკითხველი კარგად მიხვდება, რომ რუსულმა ფირმებმა ევროპელი მიმწოდებლების შესანარჩუნებლად გვერდითი გზები იპოვეს.

თანაც ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც რუსეთთან ვაჭრობამ მკვეთრად იმატა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ. ყაზახეთის გვერდით დგას სომხეთი, აზერბაიჯანი, საქარტველო, თურქეთი და სხვა სახელმწიფოები. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ამ ქვეყნებში ევროკავშირიდან ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, 2021 წელთან შედარებით.

მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები დასავლეთის ძალისხმევის ნაწილი იყო უკრაინისადმი დახმარების საკითხში, მაგრამ აგრესორს სავაჭრო ემბარგომ დღემდე რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა.  პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ომის დაწყებიდან მესამე წელს რუსეთის ეკონომიკა კი არ ინგრევა, არამედ იზრდება და ვითარდება, იმავე დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ეკონომიკური ზრდა დაბალია ან თითქმის არ შეინიშნება. თანაც, როგორც ირკვევა, ვაჭრობა ყველაზე მეტად გაიზარდა იმ პროდუქციით, რომლებზეც დრეს ყველაზე მკაცრი შეზღუდვაა გამოცხადებული. ევროპელი ჩინოვნიკები გამალებით  ცდილობენ „ხვრელების“ ამოქოლვას, მაგრამ ჯერ-ჯერობით წარუმატებლად.

საშუამავლო ვაჭრობის ზრდაში შეიძლება გამოვყოთ სამი მთავარი ფაქტორი:

პირველი – აკრძალული პროდუქციით ვაჭრობა, რომლებიც სანქციებზე ვრცელდება. დღეისათვის ევროკავშირმა 14-პაკეტიანი სანქციები აქვს მიღებული, თანაც ყველაზე ბოლო ახლახანს – ივნისის დასასრულს მიიღო. ამ სანქციების ჩარჩოებში იკრძალება იმ ყველაფრის ექსპორტი, რითაც რუსეთმა შეიძლება ბრძოლის ველზე რაიმე ფორმით ისარგებლოს. და მაინც, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, იმ სამხედრო ტექნიკის ნახევარზე მეტი, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს, შეიცავს ევროპაში და აშშ-ში წარმოებულ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს. სხვათა შორის, იმავე ყაზახეთის მაგალითზე ირკვევა, რომ იმპორტის ყველაზე სწრაფი ზრდა ევროკავშირიდან შეიმჩნევა ქიმიური, ელექტრონული და მანქანათმშენებლობის პროდუქციაში, ანუ რომლებიც დასანქცირებულია. მიუხედავად ამისა, 2022 წელს აღნიშნული სამრეწველო პროდუქციოს იმპორტი 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გაორმაგდა, ხოლო 2023 წელს კიდევ 23%-ით იმატა. სომხეთმა ევროპიდან ორჯერ მეტი ქიმიური პროდუქციის იმპორტი განახორციელა, ხუთჯერ მეტი IT-მოწყობილობების და ოთხჯერ მეტი ელექტრონიკისა, 2021 წელთან შედარებით. მაგრამ ეს ციფრები საბოლოო არ არის, რადგან პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარს კონტრაბანდული გზით კვეთს და ბევრი რამ ოფიციალურად არ აღირიცხება. შესაძლოა თურქმა და ცენტრალაზიელმა ექსპორტიორებმა მართლაც არ იციან, თუ საიდან და როგორი გზებით ხვდება მათთან აკრძალული ევროპული და საერთოდ, დასავლური პროდუქცია – იმიტომ, რომ ტვირთების ნაწილი სანამ მათამდე მიაღწევდეს, რამდენიმე შუამავალს იცვლის. 

მეორე მიზეზი არაპირდაპირი სავაჭრო ბუმისა ისაა, რომ 2022 წელს რუსეთმა აკრძალა ევროპიდან სატვირთო ავტომობილების პირდაპირი შესვლა რუსეთის ტერიტორიაზე. მაგალითად, ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, მაგრამ დატვირთულ ავტომანქანებს რუსეტში შესვლა მხოლოდ ირიბი გზებით, მესამე ქვეყნების ტერიტორიის გავლით შეუძლიათ. აი, სწორედ ამიტომ გაიზარდა ორჯერ ევროპული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების მოცულობა ყაზახეთში.

მაგრამ ყველაზე რთულადაა საქმე მესამე მიზეზთან (ტენდენციასთან) დაკავშირებით: მესამე ქვეყნების კომპანიები ევროპიდან ისეთ ზოგიერთი პროდუქციის იმპორტს ახდენენ, რომლებიც სანქციების დარღვევის არ წარმოადგენს, მაგრამ როგორც ირკვევა, ბრძოლის ველზე გამოიყენება, მაგალითად, საფეიქრო მრეწველობის პროდუქცია (ტექსტილი). ევროკავშირის სპეციალისტებს ეს გარემოება რატომღაც მხედველობიდან გამორჩათ და, ალბათ, შეცდომას გამოასწორებენ. რასაკვირველია, ევროკავშირი ებრძვის სანქციების დამრღვევ კომპანიებს: უკვე შედგენილია „შავი სია“, რომელშიც 2200 ფირმა და ფინანსისტია შეტანილი.

აშკარაა, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკა დიდ მოგებას იღებს იმ ყველაფრისაგან, რაც კი რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. თვითონ განსაჯეთ: ხუთი ცენტრალაზიური რესპუბლიკის ერთობლივი ეკონომიკა 2022 წელს გაიზარდა 4%-ით, 2023 წელს კი 6%-ით. სომხეთის ეკონომიკამ კი 2023 წელს „ნახტომი“ გააკეთა – მოულოდნელად 8%-ით გაიზარდა. შესაბამისად, აქ მოკლე ხანში სწრაფად გაფართოვდა ტვირთის გადამზიდავი სექტორი, რომელიც ბოლო დროს 20%-ით მატულობს.

ეს ყველაფერი ევროპელი ჩინოვნიკებისათვის თავის ტკივილად იქცა, რომლებიც არანაირად არ ელოდნენ სანქციების გვერდის ავლის ასეთ მასშტაბებს.

პრობლემის რეალურად გადაწყვეტისათვის აუცილებელია აღნიშნული ქვეყნების (სომხეთი და ა.შ.) მთავრობების მხარდაჭერა, მაგრამ აქაც პრობლემები იჩენს თავს: რეგიონის ქვეყნები აფასებენ მოსკოვთან ურთიერთობებს და არ სურთ კრეთან დამოკიდებურების გაფუჭება. გარდა ამისა, ამგვარ „შუამავლობაში“ არსებობს პოლიტიკოსთა დაინტერესებაც – სანქციების დარღვევით მეტი ფულის შეძენა შეიძლება.

ევროპას ხელი პულსზე უნდა ჰქონდეს დადებული და მის ყველა ცვლილებას უნდა გრძნობდეს. ალბათ, სასურველია ზოგჯერ „თაფლაკვერის“ პოლიტიკის გატარებაც. მაგალითად, სომხეთმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო რუსეთთან ვაჭრობის საშუამავლო ფირმების დახურვა, როცა ერევანს ბრიუსელმა 270 მილიონი ევრო კრედიტის სახით გამოუყო. მაგრამ დასავლეთი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თაფლაკვერით, ხშირად „მათრახიც“ საჭიროა – მაგალითად, უნდა აიკრძალოს მესამე ქვეყნებში ექსპორტი და მათი ბანკების მიმართ „შოლტი“ იქნას გამოყენებული. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯით ევროპული კომპანიებიც დაზარალდებიან. რაც შეეხება უკრაინას, მისთვის ანტირუსული სანქციები, ჯერ-ჯერობით, არაეფექტიანია და დღევანდელი სიტუაცია კიევს სასიკეთოს არაფერს უქადის – რუსეთი იდუმალი შუამავლების წყალობით დასავლურ ტექნოლოგიებს იღებს და ომს აგრძელებს.

წყარო

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 28 დრონი გაანადგურეს – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 28 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 28 დრონი გაანადგურეს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 13 დრონი ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 7 როსტოვის ოლქის, 4 ბელგოროდის ოლქის თავზე, 2 ვორონეჟის, 1 ბრიანსკის ოლქისა და 1 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

დონალდ ტრამპი არის „მე, მე, მე“ და კამალა ჰარისი იქნება „თქვენ, თქვენ, თქვენ“ – ბილ კლინტონი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, ამერიკა ნოემბერში მკაფიო არჩევანის წინაშე დადგება.

“როგორც ვხედავ, 2024 წელს საკმაოდ მკაფიო არჩევანი გვექნება. კამალა ჰარისი, ხალხისთვის და მეორე კაცი, რომელიც არის „მე, მე, მე“. კამალა ჰარისი იმუშავებს ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, გამოიყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, შეამსუბუქებს ჩვენს შიშებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ამერიკელს, მიუხედავად იმისა, ვის მისცემს ხმას, ჰქონდეს ოცნებების ასრულების შანსი“, – აღნიშნა ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, კამალა ჰარისი არის ერთადერთი კანდიდატი საპრეზიდენტო რბოლაში, რომელსაც აქვს ხედვა, გამოცდილება, ტემპერამენტი, სურვილი და სრული სიამოვნება, რომ რაღაც გააკეთოს.

„შეხედეთ, რას აკეთებს მისი ოპონენტი. ის ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა მას მოუსმენთ, ნუ დაითვლით ტყუილებს, დაითვალეთ “მე”. ის ამბობს „მე, მე, მე, მე, მე, მე“, როდესაც კამალა ჰარისი იქნება პრეზიდენტი, ყოველი დღე დაიწყება ასე : თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ“, – აღნიშნა კლინტონმა.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ასაკთან დაკავშირებით იხუმრა.

„ორი დღის წინ 78 წლის გავხდი, ოთხი თაობის ყველაზე უფროსი მამაკაცი ჩემს ოჯახში. ერთადერთი პიროვნული პატივმოყვარეობა, რომლის დამტკიცებაც მინდა, არის ის, რომ მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ დონალდ ტრამპზე“, – აღნიშნა კლინტონმა.

ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ტაილანდში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პაციენტი ევროპელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფრიკაში იმოგზაურა. ის ამჟამად ბანგკოკის საავადმყოფოში, კარანტინში იმყოფება.