Home Blog Page 91

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის ნომერ პირველი მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების და სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტი – გურამ მაჭარაშვილი

გვახსოვს ტრამპთან, ფიცოსთან დაკავშირებული მკვლელობის მცდელობა. დღეს ვინც იცავს მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს, მას პირდაპირი გაგებით, თავს ესხმიან. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის ნომერ პირველი მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების და სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტი და თავისთავად ცხადია, ის იქნება ნომერ პირველი სამიზნე საქართველოში, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გაძლიერებული უსაფრთხოების თემით სპეკულაციას გამოეხმაურა.

„ჩვენ გვახსოვს ტრამპთან, ფიცოსთან დაკავშირებული მკვლელობის მცდელობა. დღეს ვინც იცავს მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს, მას პირდაპირი გაგებით, თავს ესხმიან. დღევანდელი მოცემულობით, ლიბერალური ფაშიზმი განსხვავებულ მოსაზრებას კლავს. ეს ჩვენ ვნახეთ სლოვაკეთის პრემიერის მკვლელობის მცდელობის დროს, ლიბერალმა ადამიანმა პირდაპირ თქვა, რომ ვესროლე პრემიერს, რადგან ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებაო. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის ნომერ პირველი მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების და სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტი და თავისთავად ცხადია, ის იქნება ნომერ პირველი სამიზნე საქართველოში, ამიტომ უსაფრთხოების წესები უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ღამის სერენადების“ პირველ გალა-კონცერტს ბორჯომმა უმასპინძლა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის პირველ კონცერტს სასტუმრო ბორჯომი ლიკანმა უმასპინძლა. კონცერტის დასასრულს არ წყდებოდა აპლოდისმენტები, მონაწილეები მსმენელმა ბისზე გაიყვანა და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა.

გახსნითი კონცერტის შემდეგ ფესტივალი გადაინაცვლებს ბათუმში და 23 და 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ორ კონცერტს გამართავს.

ოთარ არბოლიშვილი, ქალაქ ბორჯომის მერი:

„უკვე მეორედ, ტრადიციად იქცა, რომ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბორჯომში ღია ცის ქვეშ გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნა. ჩვენს ქალაქს ესტუმრნენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს. ბორჯომელები წლიდან წლამდე მოუთმენლად ელიან ამ ფესტივალს და ბორჯომის მერია მოხარულია, რომ ასეთი მაღალი დონის ფესტივალის მასპინძელია.“

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„წლევანდელი ფესტივალი შესანიშნავი სოლისტების კონცერტით გაიხსნა: მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ელვინ ხოჯა განიევი, ანსამბლი „ბორჯომი“ და მარიამ კიკალეიშვილი, გიორგი და მარიამ ბუგიანიშვილები, ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). ამ არაჩვეულებრივმა ხელოვანებმა შეასრულეს ანტონიო ვივალდის, ბელა ბარტოკის, ასტორ პიაცოლას, ენიო მორიკონეს, კარლოს გარდელის, ფრანც შუბერტის, ვაჟა აზარაშვილისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები. მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბორჯომის მერიას, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში. მასპინძელი სასტუმროს: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ასევე ფესტივალის პარტნიორებს: ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი. მადლობა ბორჯომელ მსმენელს განსაკუთრებული დახვედრისთვის.“

ნინა ცაგარელი,“ღამის სერენადების“ დირექტორი:

„ქალაქ ბორჯომში მნიშვნელოვანი და საინტერესო გახსნის შემდეგ, ჩვენი ფესტივალი 23 და 25 აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.

ერთი თვის განმავლობაში სამ ქალაქში ვმართავთ 7 კონცერტს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ-ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი; ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. დასკვნითი კონცერტები კი 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება. ერთი თვის განმავლობაში შესთავაზებს მსმენელს შვიდ კონცერტს, ქართველი მხატვრების გამოფენებს, დარგობრივ მასტერკლასებსა და ვორქშოპებს მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.”

მარიო სტეფანო პიეტროდარკი:

„პირველად ვარ ბორჯომში და აღფრთოვანებული ვარ ამ არაჩვეულებრივი ქალაქითა და მისი საოცარი მსმენელით. საერთოდ, ქართველი მსმენელი განსაკუთრებულია. მიყვარს ეს ფესტივალი და მისი აუდიტორია. მინდა ყველა ბათუმის კონცერტზე მივიწვიო.“

ელვინ ხოჯა განიევი:

„ღამის სერენადების“ მონაწილე პირველად ვარ. ჩემს ოჯახსა და ქალბატონ ლიანა ისაკაძეს დიდი ხნის ისტორია აკავშირებთ, ამიტომ მისი სახელობის ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. ყველა კონცერტი ეძღვნება მის ხსოვნას. მადლობა ორგანიზატორებს, რომ მომცეს საშუალება ამ ფესტივალში მიმეღო მონაწილეობა. ბორჯომის შემდეგ, ბათუმში დავუკრავ და ყველას დიდი სიამოვნებით ვეპატიჟები.“

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 აგვისტოს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7099 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7099 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7064 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0196 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0106 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0090 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პრეზიდენტმა 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა, რომელიც მას 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელს ეწვია, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და წმინდა გიორგის ეკლესიაში ალექსანდრე ონიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

“მამაომ ძალიან სწორად დაახასიათა, რას ნიშნავს დღევანდელ დღეს ოჯახს და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული გმირი.

ეს არის ბედისწერა, მაგრამ ასევე, ეს არის არჩევანი. ეროვნული გმირი ვერ გახდები, თუ შენი არჩევანი არ არის გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ყველას არ შეუძლია, ეს რომ ქვეყანაში ყველას შეეძლოს, ალბათ, სამოთხეში ვიქნებოდით – ჩვეულებრივ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. ეს რჩეულთა ბედია. თქვენი შვილი რჩეული იყო. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ასეთი პიროვნებები. სულ სვამდნენ კითხვას- ამ იმპერიების ხელში, როგორ მოვიდა ეს პატარა ქვეყანა დღემდე. აქამდე მოვიდა სწორედ იმიტომ, რომ იყვნენ ეს გმირები, ეს პიროვნებები, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ, რომლებმაც არ იცოდნენ დანებება, რომლებისთვის თითოეული ადამიანისათვის ღირდა სიცოცხლის დადება და ასეც მოხდა. ასეთი ადამიანები ქმნიან ნამდვილ, საბოლოო გამარჯვებას. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ პატარებიც არიან, რადგან პატარებისთვის გვჭირდება ასეთი მაგალითები. გაიზრდებით და ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებათ- თქვენ გეცოდინებათ, რომ ცხოვრებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი, ვიდრე შენი ქვეყნის დაფასება, ესაა ძვირფასი – და არა ფული, წარმატება და ძალაუფლება! ეს ჯილდო არა ჩემი პირადი, არამედ მთელი ქვეყნის დაფასებაა თქვენი შვილისთვის, საქართველოს შვილისთვის. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდოს გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.

42-ე დღეა, რაც მოწმენი ვართ იმისა, როგორ მიატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაფიცული ადამიანები – ანა ნაცვლიშვილი

დღეს არის 42-ე დღე, რაც მოწმენი ვართ იმისა, როგორ მიატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაფიცული ადამიანები – კომპანია „ევოლუშენის“ თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით 2 აგვისტოდან დღემდე შრომის ინსპექციამ პასუხიც კი ვერ მოამზადა და წარმოადგინა – რას აკეთებენ, რა გააკეთეს და როგორ აპირებენ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ კანონმა დააკისრა.

„დღეს არის 42-ე დღე, რაც მოწმენი ვართ იმისა, როგორ მიატოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაფიცული ადამიანები – კომპანია „ევოლუშენის“ თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან. მოწმენი ვართ, როგორი დაუცველი და მიტოვებული არიან ადამიანები. 42 დღეა მიმდინარეობს მათი უწყვეტი პროტესტი და მათ მოუწიათ, უკიდურესი ზომებისთვისაც მიემართათ – შიმშილობის გამოცხადება და გუშინ ახალგაზრდა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები მარტო დატოვა.

დღეს მინდა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ დამსახურებით სამუშაო ადგილები არ არის, იმ ადამიანებისთვის, ვინც შეძლებს, რომ სამსახური იშოვოს, ოფიციალურად შექმნილია სახელმწიფო უწყება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში – შრომის ინსპექცია. ამ ინსპექციის ბიუჯეტი მაგალითად, წელს არის 7 მილიონ 300 ათასი ლარი. ხოლო მის ხელმძღვანელს დაქვემდებარებაში 162 თანამშრომელი ჰყავს. ისე მოხდა, რომ ამ უწყებისთვის საინტერესო არ არის, რომ ის ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც მას კანონით აკისრია და შეამოწმოს, რამდენად არიან დაცული ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები და მათი შრომითი უფლებები. მე არ ვსაუბრობ ზეპირად, მე წარმოგიდგენთ იმ ოფიციალურ წერილს, რომელიც ჯერ კიდევ 2 აგვისტოს გავგზავნე პარლამენტიდან ამ უწყების ხელმძღვანელის მისამართით და მისგან მოვითხოვე რეაგირება ამ უმწვავეს კრიზისზე, რომელიც უკავშირდება შრომის პირობებს და უფლებებს. ასევე, მისგან ვითხოვე ანგარიშის წარდგენა და ინფორმაციის გამოგზავნა საერთოდ აკეთებს თუ არა რაიმეს ეს უწყება შექმნილ უმწვავეს, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბურ გაფიცვასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვია იმ უსამართლობამ, რასაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში აწყდებოდნენ.

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ 7 მილიონიანმა უწყებამ, სადაც 162 ადამიანი მუშაობს, პასუხიც კი ვერ მოამზადა და წარმოადგინა – რას აკეთებენ, რა გააკეთეს და როგორ აპირებენ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ კანონმა დააკისრა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ძლიერი საქართველო“ დებს გამოსავალს მთელი საქართველოს წინაშე, რომელიც პრაქტიკაში არჩევნების შემდეგ განხორციელდება.

„ჩვენ – „ძლიერი საქართველო“ გამოსავალს ვდებთ მთელი საქართველოს წინაშე და ეს გამოსავალი აუცილებლად განხორციელდება პრაქტიკაში არჩევნების შემდეგ:

ეს არის ხელისუფლება, რომლის მთავარი პრიორიტეტი იქნება, ემსახუროს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, თითოეული სახელმწიფო ინსტიტუცია ჩააყენოს ამ ქვეყნის მოქალაქეების და არა რუსი ოლიგარქის სამსახურში;

ეს არის სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც იმოქმედებენ კანონით და არა პარტიული მითითებებით;

ეს არის ევროპული სტანდარტის დანერგვა ყველა სფეროში, როგორც დამსაქმებლისთვის და მისი უფლებების დასაცავად, ასევე დასაქმებულისათვის და მისი უფლებების დასაცავად;

ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა – ვამბობ კონკრეტულ რიცხვს – 200 ათასი ადგილის შექმნა. სამართლიანი ანაზღაურებით და შრომითი პირობებით და არა ისე, როგორც დღეს ათი ათასობით ადამიანს უწევს მოითმინოს და აიტანოს უფლებების დარღვევის ისეთი ფაქტები, რომელსაც არავინ მოითმენს და დაუშვებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში.

ეს ყველაფერი აუცილებლად გახდება ამ ქვეყნის რეალობა მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ხელით დასრულება რუსი ოლიგარქისა და მისი პატრონის მსახური ხელისუფლება და ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს დააყენებს ყველაზე და ყველაფერზე წინ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენი ოპოზიციისთვის ხომ უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასე ხარისხოვანია? ამიტომ, ახლა ისინი ამ მდაბიო „ღადაობაში“ იქნებიან „კაი“ ხანი ჩარჩენილები – ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურს რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული აქვს, კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეობს.

„ოპოზიცია გასაგებია, რომ მეათასე ხარისხოვან საკითხებს ეკიდება იმ პოლიტიკურ გზავნილებთან და პლატფორმასთან მიმართებაში, რაზეც მათ ბევრი სათქმელი არ აქვთ. ამიტომ, ცდილობენ, რომ აბუჩად აგდების კონტექსტში გადაიყვანონ ეს ყველაფერი. ერთი რამ ნათელია, რომ იმას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის, ესვრიან. ეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მაგალითზეც თვალნათლივ ვიხილეთ სულ რაღაც 1 თვის წინ. ასევე ვიხილეთ, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მაგალითზე. ისტორიულად თუ გადავხედავთ, ბევრ მნიშვნელოვან, მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ის ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის. ამიტომ, აქაც რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური კონტექსტი სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს. აგრეთვე, ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ გამოძიებას ატარებს, პრევენციულ ზომებს იღებენ და ის, რომ მას უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული აქვს, ესეც კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახური იღებს და ეს დამოკიდებული არ არის პიროვნებაზე – მას როგორ და რანაირად სურს.

“ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია იმ სამსახურების და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებაზე, ვინც პასუხისმგებელია კანონისა და დაცვის ობიექტის წინაშე მისი უსაფრთხოებისათვის.

როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე და როდესაც ამ უსაფრთხოებას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, როდესაც ძალიან მოკლე პერიოდში სახეზე გვაქვს ის თავდასხმები, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებზე ხორციელდება და ის გზავნილები, რაც საქართველოსთან მიმართებაშიც იქნა გაჟღერებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას შესაბამისი გაგებითა და სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ, ჩვენი ოპოზიციისთვის, ხომ უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მეასე და მეათასე ხარისხოვანია? ამიტომ, ახლა ისინი ამ მდაბიო “ღადაობაში” იქნებიან „კაი“ ხანი ჩარჩენილები. მეტი სერიოზული მსჯელობისთვის მათ პოზიცია და არგუმენტი არ აქვთ. ასე რომ, ნუ ინერვიულებენ ისინი. საზოგადოება ნორმალურად აფასებს, როდესაც ადამიანს უსაფრთხოების უზრუნველყოფა სჭირდება და ეს უზრუნველყოფილია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს

26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება.

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა მოხელეთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას.

ეთიკის კოდექსის გაფორმება ყოველი არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა. მასზე ხელის მოწერით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები აღიარებენ და იღებენ ვალდებულებას, იყვნენ ეთიკურები და ნეიტრალურები. ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. 2024 წლის არჩევნებამდე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს ერთდროულად აწერდნენ ხელს. წელს კი ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და არჩევნების დანიშვნის შემდგომ ჯერ ცესკოს, შემდგომ კი ქვედა დონის საარჩევნო კომისიების წევრები კომისიების დაკომპლექტებიდან მალევე მოაწერენ ხელს.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გამოცდილება

მარჯანიშვილის ისტორიულ უბანში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, როგორიცაა – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისთვის, პერსონალური საბანკო მომსახურება, კაფე და შიდა ეზო, მრავალფეროვანი და გამორჩეული კერძებით, ქართული და საერთაშორისო პრემიმუმ ბრენდების კოლექცია, ბიბლიოთეკა, და ასევე, საგამოფენო და ღონისძიებების სივრცეები.

  • ატრიუმი

ატრიუმში შესაძლებელია დაჯავშნოთ როგორც სამუშაო მაგიდა საერთო სივრცეში, ასევე ისარგებლოთ ინდივიდუალური შეხვედრების ოთახით.

  • საერთო სამუშაო სივრცე და შეხვედრების ოთახები

სამუშაო სივრცე აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობისთვის.

თიბისი კონცეპტის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ დაჯავშნონ თვეში ოთხი ვიზიტი სამუშაო სივრცესა და შეხვედრის ოთახებში. ყველა დამატებით ვიზიტზე, კი თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

  • კაფე და შიდა ეზო

აქ სტუმრებს დახვდება მრავალფეროვანი განახლებული მენიუ, რომელიც შექმნილია All day dining-ის კონცეფციით, რომელიც უამრავ საინტერესო კერძს სთავაზობს.

კაფეში თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 15% უკან დაუბრუნდებათ.

  • საგამოფენო სივრცეები

თიბისი კონცეპტის სივრცე მუდმივად მასპინძლობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ქმნის გამდიდრებულ ატმოსფეროს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჩაეფლონ თანამედროვე ხელოვნების სამყაროში, ისეთი ექსპონატებით, რომლებიც აჩვენებენ ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრებს, ყოველთვის არის რაღაც ახალი და შთამაგონებელი შესასწავლად.

ამჟამად, 15 სექტემბრის ჩათვლით, ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, „იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში?“

  • კოლექცია

კოლექცია მოიცავს ქართული და საერთაშორისო პრემიუმ ბრენდის საკოლექციო ნივთების ფართო არჩევანს.

კოლექციაში თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე, თანხის 15% უკან დაგიბრუნდებათ.

  • ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის სივრცეში აღმოაჩენთ თქვენს ინტერესის სფეროზე მორგებულ არაერთ წიგნს ბიზნესის, ხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, ყოველთვის მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, მოერგოს მომხმარებლის ინტერესებსა და ღირებულებებს, შეუქმნას კომფორტული და სასიამოვნო როგორც სამუშაო, ასევე, დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ – კახა კალაძე

გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ასეთი ბრიყვები ნამდვილად არ ვართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყება.

კალაძის განცხადებით, ეს არის სიცრუის კამპანია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარედანაც იმართება.

„ხომ გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს კონსტიტუციური დარღვევა იყო. გახსოვთ მაშინ პრეზიდენტის განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით? დღეს პრეზიდენტს შეაქვს სარჩელი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. თუ მაშინ ეს სასამართლო არ ვარგოდა და პრობლემა იყო, მაშინ დღეს რატომ შეაქვს სარჩელი იგივე სასამართლოში?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ეს არის სიცრუის კამპანია, პირდაპირ თეთრზე შავის მტკიცება. ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, ყველა ეს პროცესი გარედან იმართება. ხალხს გვეუბნებიან, თითქოს გამჭვირვალობა ცუდია. გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა, ვიღაცებს ფულს რომ გადმოურიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაუფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ასეთი ბრიყვები ნამდვილად არ ვართ. შესაბამისად, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ევროინტეგრაცია მოხდეს და ასე შემდეგ“, -განაცხადა კალაძემ.

რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა – კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ამიტომ, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია, – განაცხადა მედიასთან დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ყველა იცავს უსაფრთხოებას.

„ზოგიერთ ტელევიზიას აქვს სურვილი, ოპოზიცია წარმოაჩინოს როგორც განადგურებული და დაბეჩავებული. შეიძლება განადგურებული და დაბეჩავებული მართლა არის, მაგრამ ყველაფრის მკადრებელია. იმ პოზიციაში და ვითარებაში, სადაც ახლა ისინი იმყოფებიან – გვარამიამ უფრო კარგად იცის, სად იმყოფებიან – ყველაფრის მკადრებლები არიან. წარმოგიდგენიათ, ამერიკაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია და ერთ-ერთ კანდიდატს ესროლეს, კლავდნენ ჩვეულებრივად. შესაბამისად, ყველაფერს იკადრებენ.

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც დიდი როლი აქვს იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა, სიმშვიდე, „ქართული ოცნება“ ატარებს პრაგმატული პოლიტიკას და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, ამიტომ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. თქვენ ნახეთ ალბათ ტრამპის საჯარო გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა იცავს ამ უსაფრთხოებას და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დაამთავრა ბოროტება, რომელიც იყო წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და გვიმტკიცებდნენ, რომ თითქოს ეს იყო დემოკრატიის შუქურა. ბიძინა ივანიშვილმა გადადო ყველაფერი, თავისი სიცოცხლის და ოჯახის ფასად და 2012 წელს დაამარცხა ბოროტება. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. ეს არის რადიკალური დაჯგუფება – დავარქვათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან, შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი. ნახეთ, რომ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ. ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და განწირული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, ხოლო მეორე მხარესაა სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ზეწოლისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამგვარად შეაფასა მან პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები.

„ის, რაზეც ვსაუბრობთ და რასაც მოსახლეობას ვპირდებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ვითარებაა რეგიონში. მშვიდობის დაცვა, შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ბინძური, ყველაფრის მკადრებელი ძალა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად, ვერ წავალთ წინ და ვერ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, თუ მშვიდობა არ გვექნა. გუშინ კიდევ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ახსნა არ სჭირდება, თუ რა ვითარებაა დღეს, ზოგადად, მსოფლიოში და რეგიონში, რა ძალები ებრძვიან ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, დავიცვათ ქვეყნის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე, კულტურა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პასუხს ყველა ის ადამიანი აგებს, რომელთა ქმედებებმა საქართველოს ტერიტორიები დააკარგვინა.

„სიახლე არის ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის განვითარებას, მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად, ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, რომლის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვაქვს დაკარგული სოფლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ისე უბრალოდ არ ხდება, რომ რაღაცამ ჩაიარა და მორჩა. ამ ყველაფერს სჭირდება პასუხის გაცემა. პასუხისგება კი ყველა იმ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას მოუწევს, ვინც ამ ქმედებებში და ღალატში იქნება დადანაშაულებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება, რადგან ერთ მხარეს დგას ბოროტება, ხოლო მეორე მხარეს სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

„დღეს საუბარი არ არის პარტიებზე. საუბარია ქვეყნის ბედზე, სად და როგორ იქნება საქართველო – ქვეყანაში იქნება ომი, გამოიყენებენ მას ისევე, როგორც სხვა ქვეყნები დიდი ქვეყნების ინტერესებისთვის, თუ შენარჩუნდება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, სიცრუე და მეორე მხარეს არის სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi იწყებს სტარტაპების განაცხადების მიღებას 2024 წლის აქსელერაციის პროგრამაზე. 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც თიბისის პროექტის „სტარტაპერის“ და EFSE-ს სამეწარმეო აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. 

აქსელერატორში ჩაერთვება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეული 20 გუნდი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.  

აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში და გაგრძელდება12 კვირას (ოქტომბერი 2024 – იანვარი 2025). პროგრამა მოიცავს თემატურ შეხვედრებს, სესიებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ მენტორობას, „ნეთვორქინგ“ ღონისძიებებს, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობას, ბოლო ეტაპზე გადასული სტარტაპების გასვლით ვიზიტს მადრიდში და დემო დღეს, სადაც გუნდებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.    

აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით. მონაწილეობით დაინტერესების შემხვევაში გადადით ბმულზე: https://shorturl.at/QqaTc

სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Helio AI, Roommate, Wenroll, Stori AI, Wempler, Lawformer, Connect, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com    

აქსელერატორის მხარდამჭერები: თიბისის პროექტი “სტარტაპერი”, EFSE Entreprenership Academy

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: tbilisi@impacthub.net

R