Home Blog Page 9

ვინც ფიქრობს, რომ პუტინი გაჩერდება, უბრალოდ, სულელია! -ჯო ბაიდენი

ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლა, რათა მან ტერიტორიები დაუთმოს რუსეთს, არის თანამედროვე დათმობის პოლიტიკა, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ეს არის მისი პირველი ინტერვიუ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ.

ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და „ვინც ფიქრობს, რომ ის გაჩერდება“, თუ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რაიმე ტერიტორია დაუთმეს, „უბრალოდ სულელია“.

„უბრალოდ არ მესმის, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომ თუ ჩვენ ნებას დავრთავთ დიქტატორს, ბანდიტს, გადაწყვიტოს, რომ წაიღოს მნიშვნელოვანი ნაწილი მიწისა, რომელიც მისი არ არის, ეს მას დააკმაყოფილებს. არ მესმის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას მისცა ყველაფერი, რაც მათ სჭირდებოდათ.

„ჩვენ მათ მივეცით ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ თავიანთი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მზად ვიყავით, უფრო აგრესიულად გვეპასუხა, თუ პუტინი კვლავ გააგრძელებდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენს ასევე ჰკითხეს ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებზე, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ კიევმა უნდა დათმოს გარკვეული ტერიტორიები სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად, რაც ომს დაასრულებს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს არის თანამედროვე დათმობის პოლიტიკა.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში აშშ-ევროპის ურთიერთობების გაუარესების შესაძლებლობით, რაც, მისი თქმით, „შეცვლიდა მსოფლიოს თანამედროვე ისტორიას“.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ „ევროპა დაკარგავს რწმენას ამერიკის სიმტკიცისა და ლიდერობის მიმართ“.

აშშ-ის მოკავშირეებთან ამჟამინდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულების შესახებ კითხვაზე პასუხად ყოფილმა პრეზიდენტმა დაგმო ტრამპის მოწოდებები, რომ აშშ-მა დაიბრუნოს პანამის არხი, შეიძინოს გრენლანდია და კანადა 51-ე შტატად აქციოს.

„რა ხდება აქ? რომელი პრეზიდენტი საუბრობს ასე? ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენ თავისუფლების, დემოკრატიის, შესაძლებლობების შესახებ ვსაუბრობთ და არა კონფისკაციაზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

როდესაც ბაიდენს ჰკითხეს პრეზიდენტ ტრამპის პირველი 100 დღის შესახებ, რომელიც სავსე იყო აღმასრულებელი ბრძანებებით, ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრიუმფალურს ვერაფერს ხედავს.

„ჩვენი ეკონომიკა იზრდებოდა. ჩვენ მივდიოდით ისეთი მიმართულებით, სადაც საფონდო ბაზარი მაღლა იყო. ჩვენ ვიყავით ისეთ სიტუაციაში, სადაც ვაფართოებდით გავლენას მთელ მსოფლიოში დადებითი გზით, ვზრდიდით ვაჭრობას. ისტორიას მივანდობ ამის განსჯას. მე ტრიუმფალურს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. აპრილის მდგომარეობით წლიურმა ინფლაციამ 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი იყო. მიმდინარე წელს ინფლაციის დინამიკას, ერთი მხრივ, საერთაშორისო სურსათის ფასების მზარდი ტენდენცია განაპირობებს, რასაც, მიმდინარე ეტაპზე, გლობალურად დოლარის შესუსტების შედეგად, ლარის გაცვლითი კურსის შედარებით მყარი პოზიცია ამსუბუქებს. მეორე მხრივ, საერთაშორისოსთან ერთად სურსათის ინფლაციის ზრდა, 2025 წლის მარტიდან, ადგილობრივ ბაზარზე პურის ფასის ერთჯერადმა გაძვირებამ გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ფასების სტაბილურობის ხელშემწყობია. კერძოდ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ფასებზე გავლენას წარმოების პოტენციალის გაუმჯობესება გარკვეულწილად ანეიტრალებს. ამის პარალელურად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, რაზეც ადგილობრივი (პურის ფასის ეფექტის გამორიცხვით) და მომსახურების ინფლაციების ინდიკატორების მიზნობრივ, სამპროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება მიუთითებს.

გლობალურად არსებული ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, ინფლაციაზე როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით მოქმედი რისკები გამოიკვეთა. ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში მიმდინარე გლობალური მოვლენები ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნებს გამოკვეთს, რაც სტაგფლაციურ რისკებს აძლიერებს და საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკებს წარმოშობს. მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, დოლარის გლობალური ინდექსის (DXY) შესუსტებას ლარის დოლართან მიმართებით პოზიციების გაუმჯობესება მოჰყვა. ეს კი დოლარში დენომინირებული სესხების მომსახურების ტვირთს ამცირებს და, შესაბამისად, ამ არხით ინფლაციურ წნეხს ამსუბუქებს. პარალელურად, გლობალური მოთხოვნის შემცირებისა და ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები კლებულობს. აღნიშნულს, ლარის დოლართან მყარი პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, დისინფლაციური ეფექტი აქვს.

საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.

გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით შემუშავებული სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, 5 პროცენტის, ფარგლებში დასტაბილურება.

მზარდი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, იმსჯელა მაღალინფლაციური რისკების სცენარზეც, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი ძირითადად ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, რომელიც სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. აღნიშნული რისკების რეალიზაცია, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად გაზრდილმა გაურკვევლობამ და სატარიფო პოლიტიკამ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს, რის შედეგადაც მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა და რეგიონალიზაცია. ამ პროცესში კი საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ქვეყნის, როლი დამატებით გაძლიერდება. ამასთან, აღნიშნული სცენარით აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე მსჯელობის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება რისკების ანალიზსა და მასზე დაფუძნებით განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 18 ივნისს ჩატარდება.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და მოვაჭრეთა თხოვნის გათვალისწინებით, შესაბამისმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო.

„როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს. თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელშიც ჩართულია ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით დახმარება აღვუთქვით. პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, სიბინძურე, თუმცა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. გვერდით უნდა დავუდგეთ ამ ადამიანებს, რომელთა უკან

დგას ოჯახები, მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება უნდა აღვუთქვათ მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე მერმა მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორს, რომელმაც გაითვალისწინა მომხდარი და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათები დაუწესა.

„ვინაიდან მოვაჭრეებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, მომხდარის გამო, გარკვეული პერიოდით, საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც „საქართველოს ბანკთან, ისე „თიბისი ბანკთან“. მინდა, მათ პირადად გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ამ ოჯახების მიმართ, ვინაიდან მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, საშეღავათო პედიოდი ექნებათ. შემდეგ უკვე თავისუფლად მიეცემათ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კახა კალაძის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად, დადგენილია, დაახლოებით, ერთთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად. მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი აღდგენითი სამუშაოები იქნება.

„ჩვენ აქაც ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, რაც იყო მორიგი ტყუილი, პოლიტიკური სპეკულაცი და სიბინძურე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე და იჯარით აქვს ამ ადამიანებზე გაცემული ფართები. მან აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც დასუფთავდება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ“, – აღნიშნა მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონის გამგეობა დადიანის ქუჩაზე, იმ ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც იატაკი ჩამოიშალა, ქირით უზრუნველყოფას კიდევ ერთხელ სთავაზობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ის მცხოვრებლებს, სადაც ავარიული კორპუსის იატაკი ჩამოიშალა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას კიდევ ერთხელ სთავაზობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა გასულ წელს უარი განაცხადეს მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე – ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, მანამდე კი გამგეობა მათ ქირით უზრუნველყოფდა.

„გასული კვირის ბოლოს ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში ჩამოიშალა ავარიული კორპუსის იატაკი. ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, იმავე დღესვე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები 34 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა და დააბინავა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე ესა თუ ის პროგრამა განვახორციელოთ და ხალხი საცხოვრებელი სახლებიდან იძულებით გამოვიყვანოთ. ამიტომ, აღნიშნულ მისამართზე, რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებლებს რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე შეხვდა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიეწოდა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპუსის ამხანაგობის წარმომადგენლები იმსჯელებენ, თბილისის მერიის პროგრამაში ჩაერთვებიან თუ კერძო ინვესტორთან განაგრძობენ მოლაპარაკებას. საკითხის გადაწყვეტამდე, მოსახლეობას რაიონული გამგეობა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას სთავაზობს. ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიებაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოუწოდა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში.

„მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა გააჩნია – იაქტიურეთ, მიმართეთ ადგილობრივ გამგეობებს. სამწუხაროდ, გვაქვს 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობა, მაგრამ ამ პროგრამით შეგვიძლია, მათ ნაცვლად თანამედროვე საცხოვრებლები ავაშენოთ. ქალაქში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა და გამოწვევა გაგვაჩნია, თუმცა ადამიანის უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობაა. ამიტომ, გთხოვთ, ჩაერთეთ მუნიციპალურ პროგრამებში, რათა თქვენ, თქვენივე შვილებით იცხოვროთ უსაფრთხოდ და არ გქონდეთ კორპუსის ჩამოშლისა თუ სხვადასხვა სახის დაზიანების მიღების შიში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე, მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი – 1970 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში ნასამართლევი 1980 წელს დაბადებული ლ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და ფეთქებადი ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა, – ინფორმაციას საქართველო მთავრობა ავრცელებს.

„განკარგულებით თანახმად, კომისიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს. სამთავრობო კომისიის წევრები იქნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ თბილისის ვიცე-მერს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს.

ღონისძიების მომზადების, მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვისა და განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი დაფინანსების განაწილებისა და მიზნობრიობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, შექმნას ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი.

კომისიის სამდივნოს ფუნქციას საქართველოს სპორტის სამინისტრო განახორციელებს.

განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვულოცავ კანცლერ მერცს და ვიცე-კანცლერს გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას – დღეს, როცა საქართველოს დემოკრატია მძიმე გამოწვევების წინაშეა, გერმანიის პრინციპული ლიდერობა გადამწყვეტია -გიორგი გახარია

ვულოცავ კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ვიცე-კანცლერ ლარს ქლინგბაილს, ჩვენი პარტნიორი პარტიის, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენელს, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას! დღეს, როცა საქართველოს დემოკრატია მძიმე გამოწვევების წინაშეა, გერმანიის პრინციპული ლიდერობა გადამწყვეტია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია წერს.

„ვულოცავ კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ვიცე-კანცლერ ლარს ქლინგბაილს, ჩვენი პარტნიორი პარტია სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენელს, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას!

დღეს, როცა საქართველოს დემოკრატია მძიმე გამოწვევების წინაშეა, გერმანიის პრინციპული ლიდერობა გადამწყვეტია.

გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს სუვერენიტეტის, ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანის დაცვაში“,- წერს გიორგი გახარია.

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ასევე, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1999 წელს დაბადებული ნ.ს., 1986 წელს დაბადებული ო.გ., 2005 წელს დაბადებული ა.ა., 1999 წელს დაბადებული შ.ი., 1999 წელს დაბადებული მ.გ., 1996 წელს დაბადებული დ.ა., და 1975 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე უ.მ.

„დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, „ჰეროინი“ „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260 ტერცია და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიბისიგანაგრძობსთვითდასაქმებულებისმხარდაჭერასდასამომხმარებლო სესხის აღებას კიდევ უფრო უმარტივებს

თიბისის თვითდასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს- მათ უკვე სამომხმარებლო სესხის აღება 2 წუთში, მობაილბანკიდანაც შეუძლიათ. რაც მთავარია, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. 

თვითდასაქმებულში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, ვისაც შემოსავალი (ნებისმიერი პირისგან) თიბისიში ნებისმიერი დანიშნულებით ერიცხება: ფრილანსერები, მხატვრები, რეპეტიტორები, ძიძები, მკერავები, მძღოლები, ხელოსნები და სხვა სფეროების წარმომადგენლები.

იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი სესხი აიღოს, თიბისიში ჩარიცხვები ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად  უნდა უფიქსირდებოდეს. სესხის გაცემისას, ასევე გათვალისწინებული იქნება შემოსავალი და ბანკის დაკრედიტების წესები.

თვითდასაქმებულები სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობაში შეზღუდულები არ არიან: სახლის რემონტი, ავეჯის განახლება, მოგზაურობა, მანქანის შეძენა, არსებული სესხების გაერთიანება და სხვა.

თვითდასაქმებულების სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამიტომ ქმნის და ავითარებს, ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებას უმარტივებს.

“ქართველ ხალზე კარგად არავინ იცის, იმსახურებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ქართულ პოლიტიკაში დარჩენას” – ლადო ბოჟაძე

“სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი ქვეყნებისგან მოვისმინეთ საყვედურები “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო აკრძალვაზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას” – ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის შესახებ გააკეთა.

საპარლამენტო კომიტეტები საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვას იწყებენ.

“ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ახლა ხოლმე, იგივე დროებით კომისიაზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენც და ქართველ ხალხსაც, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ იმსახურებს დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი ქვეყნებისგან მოვისმინეთ საყვედურები “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო აკრძალვაზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ქართველ ხალზე კარგად არავინ იცის, იმსახურებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ქართულ პოლიტიკაში დარჩენას. ჩვენ შესაბამის მტკიცებულებებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დანარჩენს უკვე იმსჯელებს სასამართლო,” – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

ოპერაცია „სინდური“ არის პასუხი ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე – ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

ვამაყობ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, ოპერაცია „სინდური“ არის პასუხი პაჰალგამში ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე, – ამის შესახებ ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ამიტ შაჰი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ინდოეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება.

„[ნარენდრა] მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას. ბჰარატი ტერორიზმის ფესვებიდან აღმოფხვრის მიმართ მტკიცე ერთგული რჩება“, – წერს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

“ამ აქტს ყველაფერი შეიძლება დაარქვა გარდა მეგობრულისა – ეს არ არის მეგობრული და არც ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად, დაეხმაროს ან საქართველოს, ან – ამერიკის ინტერესებს” – მიხეილ სარჯველაძე

„ამ აქტს ყველაფერი შეიძლება დაარქვა გარდა მეგობრულისა – ეს არ არის მეგობრული და არც ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად, დაეხმაროს ან საქართველოს, ან – ამერიკის ინტერესებს. ერთადერთი, ვისთვისაც ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, ან უფრო სწორად, ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული ოპოზიცია. მეტი ამას ფუნქცია არ გააჩნია“, – ასე შეაფასა მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტი, საბოლოოდ, საკანონმდებლო სახეს ვერ მიიღებს.

„არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად ყალიბდება არასწორი შეხედულებები გარკვეულ მოვლენებთან, სტრუქტურებთან მიმართებაში, რასაც შეუძლია, ძალიან სერიოზულად, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. სამწუხაროდ, დღეს, ძალიან ბევრი ადამიანი მონდომებულია და საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს საქართველოს ინტერესი, რაც შეიძლება მეტად დააზიანოს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობა, რაც
ვიწრო პარტიული ინტერესს ემსახურება.

რეალურად ვფიქრობ, რომ არც თუ ისე შორს არის ის დრო, როდესაც ყოველგვარი ბურუსი გაიფანტება და აბსოლუტურად ყველაფერი თვალსაჩინო გახდება.

ვთვლი, რომ რაიმე განგაშის და შიშს მიზეზი, რეალურად, ობიექტურად, არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას, რომ ამას შეუძლია რაიმე მძიმე შედეგები მოუტანოს ქვეყანას.

მეც შევუერთდები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც უფრო დადებითი მოლოდინით არიან, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ვერ გახდება საკანონმდებლო აქტი, რომელსაც რეალურად, შეუძლია, დააზიანოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო, უსარგებლო აქტი,  მას არ შეუძლია რაიმე სიკეთის მოტანა არც საქართველოსთვის, არც – ამერიკისთვის. ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ხელს აძლევდეს ეს, არის ქართული ოპოზიცია. ეს კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ, მაშველი რგოლის გადასაგდებად ჩვენი ქვეყნის ოპოზიციისთვის, სხვა მეტი ფუნქცია, სხვა მეტი  საღი აზრი ამ ყველაფერში სამწუხაროდ არ დევს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.