Home Blog Page 9

წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე – კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ, არც ახლა, არც მერე, ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ფარსში მონაწილეობას“ არ აპირებს.

კერძოდ, გიორგი ვაშაძე ეხმაურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომას, რომელზეც კომისიის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის გარდა, იგეგმება პოლიტიკოსების – მამუკა ხაზარაძის და ნიკა გვარამიას ჩართვაც, რომელთაც უკვე განაცხადეს წერილობითი უარი.

„წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე.

კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!“, – წერს ვაშაძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. გიორგი ვაშაძე იმავე დღეს პარტიის ოფისში დააკავეს.

თუ მიხვედი მოშიმშილესთან და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი – გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის მიერ პარლამენტთან მოშიმშილეების მონახულებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას იზიარებს.

„არ შეიძლება ასეთი პოლიტიკური რევერანსის გაკეთება, თუნდაც, აი, ასე მისვლა მოშიმშილესთან, რომელიც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციონირებს. მაგრამ თუ მიხვედი და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი. რასაკვირველია, აქ ერთადერთი შეფასება, პოლიტიკურის გარდა, შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც შალვა პაპუაშვილმა თქვა“, – მიიჩნევს ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან და გედევან ფოფხაძესთან გერმანიის ელჩის მისვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!

ეს გერმანელებსაც ეხება”, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ეჭვი არ გვეპარება, რომ სანქციებს მიიღებენ, ევროპელების ზოგადი განწყობის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ თავგასული და მილიტარისტულია – ჩვენ შედეგებს მინიმუმამდე დავიყვანთ – დიმიტრი პესკოვი

რუსეთს ეჭვი არ ეპარება, რომ მის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებენ, ევროპის ზოგადი, საკმაოდ თავგასული განწყობის გათვალისწინებით, რის გამოც ახალი შეზღუდვების შემოღებას არ დააყოვნებენ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების მე-18 პაკეტის კომენტირებისას განაცხადა.

„ვნახოთ, რა ფორმით მიიღებენ. ეჭვი არ გვეპარება, რომ მიიღებენ, ევროპელების ზოგადი განწყობის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ თავგასული და მილიტარისტულია. ისინი შეზღუდვების ახალი პაკეტების შემოღებას გააგრძელებენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკვე ისწავლა სანქციების შედეგებთან გამკლავება.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოვიმუშავეთ გარკვეული წინააღმდეგობა, ვისწავლეთ, თუ როგორ შევამციროთ ასეთი პაკეტების შედეგები. ამიტომ, ეს ყველაფერი დამატებით მუშაობას მოითხოვს; საბოლოო ჯამში, მსოფლიო ამ სანქციების გარშემო არ ბრუნავს. ჩვენ შედეგებს მინიმუმამდე დავიყვანთ“,- აღნიშნა პესკოვმა.

30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვაზე ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ გაცხადებული, გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია – საგამოძიებო კომისია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 30 ივნისის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაგეგმილია დაკავებული პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აამვე ცნობებით, რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მისი საბოლოო პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.

დღის წესრიგის მიხედვით, „სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი.“

„30 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები ვიქტორ დოლიძე და კონსტანტინე ჟღენტი. ასევე დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან ბატონების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 27 ივნისს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამავე დღეს იგივე ბრალით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მანამდე, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

კაია კალასმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სომხეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები სომხეთში და შევხვდი პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს. განვიხილეთ ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმების მიმართ, მდგრადობისა და კეთილდღეობის განმტკიცება“, – წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია.

ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ? – თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის – ნიკოლ ფაშინიანი

მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ? – ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სასულიერო პირებთან დაკავშირებული მისი პუბლიკაციების შესახებ დასმულ შეკითხვას.

„იმის შესახებ, მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან, ან სასულიერო პირებს აქვთ თუ არა პრობლემები ჩემთან : მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ. როგორ შეიძლება ჩემთან პრობლემები ჰქონდეთ?“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები, რომლებიც მონაზვნობის აღთქმას დებენ, დებენ ფიცს, აღთქმას, რომ მათ პირადი ცხოვრება არ ექნებათ.

„ფრაზა „კათოლიკოსის პირადი ცხოვრება“ აბსურდულია. თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სასულიერო პირების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია მას ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

„საეკლესიო პირები, მათი ქმედებების გამო, ოპერატიული ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული ორგანოა და ყოველდღიურად მაწვდის ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.

რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია, საჰაერო განგაში მთელ ღამეს გაგრძელდა, არიან დაშავებულები

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, რამაც, ქვეყნის ბევრ ოლქში აფეთქებები გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში თავდაპირველად რამდენიმე ოლქში გამოცხადდა, შემდეგ კი მთელი ქვეყანის ტერიტორიაზე გავრცელდა და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

მონიტორინგის არხების ცნობით, რუსეთმა მასიური თავდასხმა განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებით, „კალიბრებით“, „კინჯალებით“, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით. დამკვირვებლების ცნობით, გაშვებული იქნა 450-ზე მეტი დრონი და 40 რაკეტა.

დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში, ზაპოროჟიეს, ჩერკასის, მიკოლაივის ოლქშებში. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი 16 წლის მოზარდია.

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი ბედი რადიკალურად შეცვალოთ. ეცადეთ შეცდომები გამოასწოროთ და მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ეს სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებათ. დროა ძალები ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ, მაგრამ ვერ ბედავთ. შესაძლოა, ამ საქმეში თანამოაზრეც გამოგიჩნდეთ. მთავარია, გაბედოთ.

კურო

სირთულეებით სავსე, წარუმატებელი დღეა. იმას, რაც ახლახან მოხდა, აუცილებლად შედეგები მოჰყვება. მზად იყავით მცირე მატერიალური ზარალისთვის. ახლობელ ადამიანთან შურის ან პირადი ინტერესების გამო ურთიერთობას ნუ გაწყვეტთ. თქვენს გარშემო უამრავი ადამიანი ირევა და შესაძლოა მათ შორის ნამდვილი მეგობარი ვერ შენიშნოთ. ხელსაყრელი დროა საბუთების მოწესრიგებისთვის.

ტყუპები

ეს დღე სულიერ ზრდასთან და მორალურ განწმენდასთან ასოცირდება. ეცადეთ თანმიმდევრულად იმოქმედოთ. თუ მოქმედების ტაქტიკა აირჩიეთ, აღარ უნდა შეცვალოთ და ბოლომდე მიჰყვეთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. საღამოს თავს დაღლილად, მაგრამ კმაყოფილად იგრძნობთ. ახლა სახლის მშვიდი გარემოს გარდა, არაფერი გჭირდებათ.

კირჩხიბი

ზოგი კირჩხიბი ამ დღეს ნათესავებისგან სასიხარულო სიახლეს და ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ეცადეთ ასაკით ან სტატუსით უფროსი ადამიანების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება, პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. გირჩევთ ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

ლომი

ამ დღეს რაღაც ისეთს გაიგებთ, რაც თქვენთვის აღმოჩენად იქცევა. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით, ეს რამეს შეცვლის თუ არა. ნაჩქარევ და დაუფიქრებლად მიღებულ გადაწყვეტილებას დიდხანს ინანებთ, ამიტომ მშვიდად იმოქმედეთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ.

ქალწული

კოლეგებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით, სამაგიეროდ, მენეჯმენტი თქვენი მუშაობით კმაყოფილია. შურიანმა ადამიანმა შეიძლება თქვენი დამცირება სცადოს. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. გირჩევთ თქვენი პრინციპულობის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი სასწორის ირგვლივ ტრიალებს – კოლეგებს თქვენი რჩევა სჭირდებათ, მენეჯმენტს შესრულებული სამუშაოს ანგარიში, ოჯახს – ყურადღება. შესაძლოა, თქვენი პოზიცია არასწორი აღმოჩნდეს და სხვისი ავტორიტეტისა ან იდეის გამოყენება მოგიწიოთ. მზად იყავით საჭირო დროს და ადგილზე დამარცხება აღიაროთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

მორიელი

ეცადეთ მომხდარი დეტალურად განიხილოთ. სავარაუდოდ, გარემოებები გარკვეული სახის შეტყობინებას შეიცავენ, რომლის გაშიფვრა მოგიწევთ. თქვენი სიკეთე აუცილებლად დაფასდება და გულუხვად დაგასაჩუქრებენ. სამსახურში დამატებითი მოვალეობების შესრულებას მოერიდეთ და ეცადეთ, სახლში ადრე წახვიდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სამყაროს იდეალური სურათის შექმნა გსურთ. თქვენი იდეები აუცილებლად განხორციელდება, თუმცა არც ისე მალე, როგორც თქვენ გგონიათ. პირველობის სურვილი ბევრ საზრუნავს მოგიტანთ. მზად იყავით გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ და პასუხის გაცემა არა დააგვიანოთ. ამაზე არა მარტო თქვენი, ახლობელი ადამიანის წარმატებაც არის დამოკიდებული.

თხის რქა

ამ დღეს კოლექტიური მუშაობა ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე ინდივიდუალური. ზოგ თხის რქას ეწვევა იდეა, რომელსაც დიდხანს ვერ მოიშორებს, ზოგი კი საკუთარ თავში აღმოაჩენს ნიჭს, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ფინანსური სტაბილურობის გასაძლიერებლად. ვარსკვლავები გირჩევენ მხარდაჭერისთვის პარტნიორს მიმართოთ. მისი მხარდაჭერით შესაძლოა, დიდ წარმატებას მიაღწიოთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

თევზები

ეცადეთ საქმის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე შეაფასოთ. თქვენმა ქცევამ შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს ან პირიქით, ნაჩხუბარი ადამიანები შეარიგოს. ამ დღის ატმოსფერო გულწრფელობისა და მეგობრული საუბრებისთვის განგაწყობთ, მაგრამ საკუთარი საიდუმლო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაამჟღავნოთ. ის შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

ირანმა რაფაელ გროსის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალება, ასევე მოხსნიან სააგენტოს მიერ ბირთვულ ობიექტებზე განთავსებულ სათვალთვალო კამერებს – „პოლიტიკო“ 

ირანში გადაწყვიტეს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის ბირთვულ ობიექტებზე შესვლა აუკრძალონ, ასევე სააგენტოს მიერ ობიექტებზე განთავსებული სათვალთვალო კამერები მოხსნან.

„პოლიტიკო“ ცნობით, მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ გზით ისრაელმა „ბირთვული ობიექტის მონაცემები“ მოიპოვა.

მედია წერს, რომ მანამდე თეირანმა ატომური ენერგიის სააგენტოს ნება დართო, შესულიყო და შეემოწმებინა ბირთვული ობიექტები, ასევე გამოეყენებინა სათვალთვალო მოწყობილობები, რაც მნიშვნელოვანი ვალდებულებაა იმ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თეირანმა 2015 წელს საფრანგეთთან, რუსეთთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-თან, გერმანიასთან და ევროკავშირთან გააფორმა.

“თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, სწორად ნაბიჯების გადადგმით, შეგვიძლია, ძალიან დავაზიანოთ რეჟიმი” – ალეკო ელისაშვილი

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და უთანხმოება ოპოზიციაში. პარტია “ლელო” პოზიციას არ ცვლის და ოპოზიციურ სპექტრს დიალოგისკენ მოუწოდებს. მათივე თქმით, ლიდერების დაკავება მათ სტრატეგიაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ არჩევნებს გამოსავლად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. მათ შორისაა “ნაციონალური მოძრაობაც”. პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ოპოზიციის ორ წარმომადგენელს შიმშილობა აქვს დაწყებული.

პარტიის “მოქალაქეები” დამფუძნებელი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ კოლეგებთან ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება სურთ.

“თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით, სწორად ნაბიჯების გადადგმით, შეგვიძლია, ძალიან დავაზიანოთ რეჟიმი. გვაქვს გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამაზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ. გვინდა, რომ არგუმენტები გავცვალოთ ჩვენს დანარჩენ ოპოზიციურ კოლეგებთან და ბრძოლის საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

განცხადება გააკეთა პარტიის “ახალი” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, თენგიზ თევზაძემ.

“სამწუხაროდ, ადამიანებმა გადაწყვიტეს არჩევნების გზა, ელენემ და გედიმ გადაწყვიტეს დაუმორჩილებლობის გზა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს, ამ არჩევნებში და ამ პროცესში თანამშრომლობას. ჩვენ ვიცით, ვისთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ მომავალში, ვინ არის რეალურად წინააღმდეგობის მოძრაობაში გამწევი ძალა. ვისაც თანამშრომლობა უნდა, ეს მათი არჩევანია,” – აცხადებს თენგიზ თევზაძე.

რიკოთის უღელტეხილზე 4-კილომეტრიანი მონაკვეთის ორი ზოლის მშენებლობა დასრულდა – ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია

რთული რელიეფის, ფერდობებისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე 4-კილომეტრიანი მონაკვეთის ორი ზოლის მშენებლობა დასრულდა. გზის ამ მონაკვეთზე, მეწყერსაწინააღმდეგო გამაგრებითი სამუშაოები შესრულდა. ახალი გზა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მანძილს კიდევ უფრო შეამცირებს.

ორ ახალ ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების მოძრაობა. პარალელურად, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია და ახალი მაგისტრალის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ორზოლიანი ჩქაროსნული გზისა და ხუთი ახალი ხიდის მშენებლობა.

მიმდინარე სამუშაოები და გზის ახალი მონაკვეთი დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და რიკოთის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოფელ შროშასთან დასრულდა ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილი ახალი სავაჭრო სივრცეების მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დამატებითი სავაჭრო სივრცეების მოწყობა სურამსა და ზესტაფონშიც, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალებას მისცემს.

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე მიმდინარეობდა.

ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია 3 მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში, შენდება 52 კმ-იანი, 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით.

რუსეთმა დონეცკის ოლქში ლითიუმის საბადო დაიკავა, რაც უკრაინისა და აშშ-ის გარიგებას საფრთხეს უქმნის – მედია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დონეცკის ოლქში ლითიუმის საბადო ხელში ჩაიგდეს, შესაბამისად უკრაინა მნიშვნელოვანი აქტივის გარეშე დატოვეს, რომელსაც აშშ-თან ახალი ეკონომიკური პარტნიორობის მხარდაჭერა შეეძლო. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

ცნობილია, რომ საბადო სოფელ შევჩენკოსთან ახლოს მდებარეობს. რუსებმა სოფელი რამდენიმე დღის წინ დაიპყრეს.

„მიუხედავად იმისა, რომ საბადო შედარებით პატარაა და მისი ფართობი სულ რაღაც 100 აკრს (40 ჰექტარს) შეადგენს, დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ის ლითიუმის მაღალი კონცენტრაციის გამო უკრაინაში ერთ-ერთი ძვირფასი ადგილია. ლითიუმი არის მინერალი, რომელსაც მოწინავე ტექნოლოგიების, ისეთების, როგორიცაა ელექტრო ბატარეები წარმოებისას იყენებენ. შეერთებულმა შტატებმა ლითიუმი საკუთარი ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან წიაღისეულად აღიარეს“, – წერია სტატიაში.

როგორც The New York Times-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ლითიუმის უდიდეს მარაგებზე, რომელიც ევროპაში უმსხვილესად ითვლება, წვდომა სურდა. ამისთვის უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ამერიკელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას აძლევს.