Home Blog Page 9

“ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისათვის: „ევროპელ მოკავშირეებზე აშშ-ის ზეწოლა ძლიერდება”-Die Tagesspiegel

„ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინისათვის: „ევროპელ მოკავშირეებზე აშშ-ის ზეწოლა ძლიერდება“ – ასეთი სათაური აქვს გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Die Tagesspiegel) გამოქვეყნებულ ინტერვიუს პოლიტოლოგ ქრისტიან ლამერტთან – ბერლინისა და მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორთან, რომელიც ჟურნალისტ ვიქტორია ბროინერთან საუბრობს დონალდ ტრამპის ულტიმატუმზე ვლადიმერ პუტინის მიმართ და უკრაინისადმი ამერიკული იარაღის მიწოდების შედეგებზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

– ჰერ ლამერტ, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განახლებასა და ვლადიმერ პუტინის მიმართ 50-დღიანი ულტიმატუმის წაყენებაზე?

– აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტებისა“ და სხვა იარაღის დამატებითი რაოდენობით მიწოდებაზე მისი ადრინდელი კურსის რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს და აშკარა შემობრუნებაა კიევის სასარგებლოდ. მაგრამ გადაწყვეტილებას გარკვეული ჩრდილოვანი მხარეებიც აქვს: იარაღი უკრაინას პირდაპირ კი არ მიეწოდება, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მეშვეობით – ანუ ალიანსის ევროპელი წევრები ხარჯებს საკუთარ თავზე იღებენ. ისინი ფულს ამერიკას გადაუხდიან და შემდეგ შეიარაღებას უკრაინას მისცემენ. რა თქმა უნდა, იარაღის მიწოდების ასეთი სქემა აშშ-სათვის მომგებიანია, მაგრამ არასახარბიელოა ევროპელი მოკავშირეებისათვის, რომლებსაც ისედაც საკმაო ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ და ახლა თეთრი სახლი მათზე დამატებით აშკარა ზეწოლას ახდენს. გარდა ამისა, ის, რომ დონალდ ტრამპი სავაჭრო-საბაჟო ტარიფების 100%-იანი მომატებით დაემუქრა რუსეთთან მოვაჭრე ქვეყნებს, ეს გადაწყვეტილებაც გარკვეული დაძაბულობის გამომწვევია…

– თქვენი აზრით, დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს ვლადიმერ პუტინის მიმართ?

– ნათქვამია, რომ მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს: დონალდ ტრამპს არ შეუძლია მუდმივად უშედეგოდ ისაუბროს ვლადიმერ პუტინთან. აშშ-ის პრეზიდენტი გრძნობს, რომ იგი საკმაოდ დელიკატურ სიტუაციაში არის ჩავარდნილი – იგი ამერიკელებს დაპირდა, რომ ომს შეწყვეტდა („აი, ნახავთ – ვეტყვი ჩემს მეგობარ პუტინს და…“). რა თქმა უნდა, დაპირების შეუსრულებლობა ვნებს მის ავტორიტეტს. დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინის მოქმედებით, რომელიც „უპატივცემლობას ამჟღავნებს“ ამერიკელი კოლეგის მიმართ.

– როგორ აღიქმება პრეზიდენტის გადაწყვეტილება აშშ-ის შიგნით?

– დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში და საერთოდ, რესპუბლიკურ პარტიაში  უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა შეიმჩნევა: ერთი მხრივ, მოძრაობა MAGA-ს მომხრეები და იზოლაციონისტური ფრთის მხარდამჭერები (პირობითად, „მტრედები“), ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის ჩათვლით, სკეპტიკურად არიან განწყობილი, მეორე მხრივ კი გავლენიანი რესპუბლიკელი „ქორები“, მაგალითად, სენატორი ლინდსი გრემი, იწონებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას და „გარდამტეხ შემობრუნებას“ უწოდებს და თვლის, რომ რუსეთისათვის „კარი იხურება“.

დემოკრატები, ბუნებრივია, მიესალმებიან დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ თავიანთ პოზიტიურ რეაქციას საჯაროდ არ ამჟღავნებენ. ისინი თვლიან, რომ თეთრი სახლის კურსის ცვლილება აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის გაერთიანებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ამერიკულ საზოგადოებაზეც.

– მაგრამ ეს ხომ ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მოძრაობის (MAGA – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მხარდამჭერებს, რომლებიც სხვა ქვეყნების საქმეებში აშშ-ის ჩარევას თავშეკავებით უდგებიან და არ იწონებენ?

– დიახ, ეს მართალია. მოძრაობა MAGA-ს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის საშინაო მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას… რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ეროვნული ინტერესები ისე უნდა იქნას დაცული, რომ ვაშინგტონი ნაკლებად ჩაერიოს საზღვარგარეთულ კონფლიქტებში, მათ შორის ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში.

დონალდ ტრამპი ცდილობს პარტიაში ორივე ბანაკის თვალსაზრისი გაითვალისწინოს და „ოქროს შუალედი“ მოძებნოს, მაგალითად, ასეთი სახით: მას შეუძლია „მტრედებს“ უთხრას, რომ იარაღს უკრაინას კი არ აწოდებს, არამედ ნატოს ევროპელ წევრებს, რომლებიც ფულს ამერიკას გადაუხდიან და შემდეგ იმ იარაღს ფორმალურად ან თვითონ დაიტოვებენ, ან სხვა სახელმწიფოს (უკრაინას) მიაწვდიან.

იმავდროულად დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს რუსეთზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაპირდაპირი გზით – პრეზიდენტს „მტრედებს“ ეტყვის, რომ სანქციებს უშუალოდ რუსეთს არ უწესებს და ამრიგად, კონფლიქტში ჩარევას თავს არიდებს, „ქორებს“ კი ეტყვის, რომ მეორადი სანქციები სწორედ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რომ რიგმა ქვეყნებმა აგრესორთან არ ივაჭრონ.

ამერიკული საზოგადოებაც ორად არის გაყოფილი: ერთნი მიესალმებიან უკრაინისადმი სამხედრო დახმარების განახლება-გაფართოებას, მეორენი კი შიშობენ, რომ აშშ-ის ჩარევის გაგრძელება საზღვარგარეთულ კონფლიქტებში, თუნდაც ტრამპისეული ირიბი სახით, მაინც ნეგატიურ გავლენას მოახდენს აშშ-ზე: ტარიფების გაზრდა ამერიკისათვის ეკონომიკური დანაკარგების გამომწვევი იქნება.

მოამზადამ სიმონ კილაძემ

წყარო:

უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებაზე ევროკავშირი აგვისტოს ბოლომდე ელოდება ინფორმაციას, საკითხი გადაუჭრელი თუ დარჩება, შესაძლოა, მოჰყვეს უვიზო რეჟიმის შეჩერება -ევროკავშირის წარმომადგენლობა

ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება – ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკითხები თუ გადაუჭრელი დარჩება, ამას შესაძლოა, უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.

„უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი: რა უნდა ვიცოდეთ:

1. არსებული მდგომარეობა

უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული.

2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა.

იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk

2. რა არის ევროკავშირის რეკომენდაციები?

ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება.

ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება.

იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS

3. რა ხდება შემდეგ?

ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე.

საკითხები თუ გადაუჭრელი დარჩება, ამას შესაძლოა, უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7118 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1568 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.

კონკრეტული ადამიანი, ოფიციალური თანამდებობის პირი მოვიდა, ომში ჩართვა მოგვთხოვა, პრობლემები სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც ამაზე უარი ვთქვით -ირაკლი კობახიძე

უკრაინაში ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ ორი შეხვედრა გაიმართა, მოსული იყო კონკრეტული ადამიანი, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც ომში ჩართვა პირდაპირ მოგვთხოვა. პრობლემები დაიწყო სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც ამაზე უარი ვთქვით, თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი, კითხვები დავსვით, რაზეც პასუხის გაცემაც არ იკადრეს, მოითხოვეს ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა, მოლდოვას რატომ არ დაუპირისპირდნენ, როდესაც რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ომში ჩართვა მოლდოვასაც რატომ არ მოსთხოვეს?

„რამდენიმე განცხადება გავაკეთე, რომ გლობალური ომის პარტიის ქვეშ აშშ-სა და ევროკავშირს არ ვგულისხმობთ. რამდენიმე განცხადება მაქვს სიტყვასიტყვით ასეთი გაკეთებული, ამიტომ ნუ მოატყუებთ საზოგადოებას. ახლა ავიღოთ ქრონოლოგია. შეგახსენებთ, რა ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პირდაპირ ორი ელჩი – დეგნანი და ჰარცელი იყვნენ ჩართული იმ საბოტაჟში, რომელიც წარმოებდა რადიკალური ოპოზიციის ხელით. იძულებითი მოლაპარაკებები, იძულებითი შეთანხმება, ე.წ. მიშელის შეთანხმება და ა.შ. ერთი წელი აწვალეს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი, ვიდრე, საბოლოო ჯამში, არ გადავლახეთ 43-პროცენტიანი ბარიერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რა შუაშია აქ ფინანსური შანტაჟი და ა.შ.? მერე იყო ორთვიანი სიმშვიდე და თებერვალში გაიმართა ორი შეხვედრა ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ. დღესაც არ ვაკონკრეტებ იმას, თუ ვინ იყო კონკრეტულად მოსული, მაგრამ იყო კონკრეტული ადამიანი მოსული, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც პირდაპირ მოგვთხოვა ომში ჩართვა და პრობლემები დაიწყო სწორედ ამ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ვთქვით უარი. თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი. კითხვები დავსვით. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჯერ სვამ კითხვებს და მერე აფიქსირებ საკუთარ პოზიციას. კითხვებზეც კი არ იკადრეს პასუხების გაცემა, უმარტივეს კითხვებზეც კი. მოითხოვეს ჩვენი ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა და აქედან დაიწყო პრობლემები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური შანტაჟი. ყველაფერი დღესავით ცხადია, თუ რა უნდოდათ ჩვენი ქვეყნისგან. მოლდოვას რატომ არ დაუპირისპირდნენ, როდესაც არ დაუწესა რუსეთს სანქციები? ჩვენთან რატომ მოვიდა იგივე ადამიანი, ვინც ომში ჩართვას ითხოვდა და რატომ ითხოვდა დაჟინებით ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და რატომ არ მოსთხოვა იგივე მოლდოვას?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ვერ იტყვის, თუ ვინ ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ომში ჩართვას, რადგან ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას იცავს, როდესაც ყველა დეტალს არ ასაჯაროვებს.

„დამატებითი პრობლემებს შექმნა არ გვინდა, გვინდა, გავუფრთხილდეთ რაღაც-რაღაცებს და ამისათვის კონკრეტული სუბიექტები უნდა იყვნენ მადლიერები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მოლდოვას რაც შეეხება, ერთი კრიტიკა თუ გახსოვთ, რომ მან არ დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა? ვინმემ გააკრიტიკა ამისთვის მოლდოვა, ან ვინმემ მოსთხოვა მოლდოვას რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ან ვინმეს გაუკრიტიკებია მოლდოვა აღვირახსნილი კორუფციისთვის, რაც სერიოზული პრობლემაა, ან ვინმეს ოდესმე უხსენებია, რომ მოლდოვაში პოლიტიკოსები დაიჭირეს და პარტიები აკრძალეს? იგივე ეხება უკრაინასაც. რატომ არ ვისმენთ ასეთ განცხადებებს? იმიტომ, რომ საქართველოს მიმართ არის კონკრერული ინტერესი და მოლდოვის მიმართ არ არის იგივე ინტერესი. მოლდოვას, უკრაინას ეპატიება კორუფციაც, პარტიების აკრძალვაც, პოლიტიკოსების დაჭერაც, მაგრამ საქართველოში, შეიძლება, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გესროლონ და ასეთი კაციც არ უნდა დაიჭირონ. აქ ჩანს რეალურად ორმაგი სტანდარტი, რაც ევროპას არ შეშვენის. ევროპა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოირჩეოდა სამართლიანობით, სამართლის უზენაესობის პატივისცემით. ევროპაში ასეთი მდგომარეობა იყო 2008 წლამდე. 2008 წლის შემდეგ არის ძალიან მძიმე უკუსვლა მთელი ევროპის მასშტაბით, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე -შსს

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ – თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება

ლაგოდეხში ბლუზ-საღამოები გრძელდება და ზაფხულის ვიქენდების სასიამოვნოდ გასატარებლად, თიბისი კვლავ ბლუზ-ვილიჯში გეპატიჟებათ.

გამორჩეული საღამო, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ – 19 ივლისს, ბლუზ-ვილიჯის სცენაზე ფესტივალის რეზიდენტი – განუმეორებელი შანა უოთერსტოუნი (Shanna Waterstown) დადგება – ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც გოსპელის ტრადიციებზე გაიზარდა; ბლუზისა და სოულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი, ბენდთან ერთად თავის სამყაროში გამოგზაურებთ.

თბილი, ძლიერი და ავთენტური ხმა, ორიგინალური კომპოზიციები და მისი მუსიკა, რომელიც ყველას გულს იპყრობს – ასეთია ამერიკელი არტისტი, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.

ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის კონცერტები წელსაც ნამდვილ მუსიკალურ მოვლენად იქცა – სცენაზე ერთმანეთზე გამორჩეული არტისტები ავიდნენ. ფესტივალმა დიდი ენერგია, გულწრფელი გრძნობები და დაუვიწყარი მუსიკა გააერთიანა. მაყურებელმა კი, თითოეული ბგერით ისიამოვნა.

2 აგვისტოს ჩათვლით, ბლუზ-ვილიჯის კარი თქვენთვის ღიაა და გელოდებიან იქ, სადაც მუსიკა, ემოციები და თავისუფლება ერთიანდება.

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

(R)

კონკრეტულმა ელჩებმა, დეგნანმა და დანიგანმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში -ირაკლი კობახიძე

რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ რეალურად გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის თავისთავად სერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რობინ დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. რობინ დანიგანის თქმით, ეს წერილი „იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“.

„ჯერ ერთი, რომ გვდომოდა ღია წერილის გაგზავნა, გაიგზავნებოდა ღია წერილი და მეორე, თქვენ იცით, რომ ქალბატონი რობინი არის არა გადამდგარი, არამედ, რეალურად, გადაყენებული ელჩი. ახლა გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის თავისთავად სერიოზული, ამიტომ ამ საკითხზე ჩვენ არ გვჭირდება კომენტარების გაკეთება. თქვენი გადასაწყვეტი არ არის, რა გასაჯაროვდება და რა არა. თქვენ რა გინდათ, ერთია, რა გვინდა ჩვენ და რა უნდა საზოგადოებას, ეს არის მეორე. საჯარო წერილი რომ ყოფილიყო, გავასაჯაროვებდით. რაც იყო საჯარო, გავასაჯაროვეთ კიდეც. რაც შეეხება გადაყენებული ელჩის ჭორაობას, ამაზე კომენტარი აბსოლუტურად უადგილოა. თქვენ ნახეთ, დემონსტრაციულად, ერთსა და იმავე დღეს დააწერინეს განცხადება ქალბატონ დანიგანს და იმავე დღეს მოგვცეს თანხმობა საქართველოს ელჩის დანიშვნაზე, რაც იყო დემონსტრაციული ფაქტი. გადააყენეს ადამიანი, დაკავებულია ჭორების გავრცელებით, ეს არ არის სერიოზული“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

რაც შეეხება კითხვას, რას მოითხოვდნენ წერილში, კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი მოთხოვნა ყველასთვის ცნობილია.

კობახიძის თქმით, ყოფილმა ელჩებმა, დეგნანმა და დანიგანმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში.

„ჩვენ მთავარი მოთხოვნა არის ყველასთვის ცნობილი. ეს არის ის, რომ ჩვენ გვინდა, აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი ყველა წერილის, ყველა კომუნიკაციის გაცხადებული შინაარსი. აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციის შინაარსი, მიზანი ეს იყო. ჩვენ გვინდა, სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, ღირსეული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ძალიან ბევრი რამ გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის, კონკრეტულმა ელჩებმა გააფუჭეს ძალიან ბევრი რამ – დეგნანი, დანიგანი. რეალურად, მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში. აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლებაც არ აქვთ, რომ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, იმედი გვაქვს, რომ იქნება განსხვავებული დამოკიდებულება, მათ შორის ელჩების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა საქართველოს ხელისუფლება ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს აშშ-ის ადმინისტრაციისგან.

„ჩვენ საჯარო განცხადება გაკეთებული გვაქვს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად, საჭიროა ჯანსაღი მიდგომა, სამართლიანი მიდგომა, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ გვაქვს მაქსიმუმზე გაკეთებული განაცხადი. მაქსიმუმი რა არის? რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც არის დაკავშირებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან. მთავარია, შედგეს კომუნიკაცია. ნებისმიერ საკითხს განვიხილავთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. როგორც კი დავინახავთ აქტიური კომუნიკაციის ინტერესს, ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს განხილული და უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა არა ქაღალდზე, როგორც იყო წარსულში, არამედ რეალური დოკუმენტით, რეალური გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ძალიან ცხადი შეთავაზება. ერთადერთი, რასაც შეიძლება, ასეთ პირობებში დაველოდოთ, ეს არის შემხვედრი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს აქვე კითხვა დაუსვეს, რატომ თქვა ბიძია ივანიშვილმა უარი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, რასთან დაკავშირებითაც კობახაძემ განაცხადა:

„მიზეზი არის განმარტებული და ეს მიზეზი საჯაროდაც განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სანქციების პირობებში, შანტაჟის პირობებში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა მისი მხრიდან ასეთი შეხვედრის გამართვა. მან ასევე მიანიშნა ელჩს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ის უნდა ესაუბროს. რეალურად, კომუნიკაციაზე არავის უთქვამს უარი. იყო პირდაპირი შეთავაზება გაკეთებული, რომ საუბარი დაწყებულიყო იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან კონკრეტულად, სუბიექტურად შანტაჟის ქვეშ. ძალიან მარტივი შეთავაზება იყო გაკეთებული. ამაზე როდესაც ითქვა უარი, გამძაფრდა შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შანტაჟის ფონზე სურდა ქალბატონ ელჩს შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან მარტივია ეს ლოგიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

Turkish Airlines-თან კოლაბორაციით, მალე, თიბისი კონცეპტი და Visa მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს – Miles&Smiles ქობრენდ სამოგზაურო ბარათს შესთავაზებენ, რომელიც ექსკლუზიურად თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.

ერთობლივი სამოგზაურო ბარათის გამოშვების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს, ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია კი, 17 ივლისს, თბილისში, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა.

უნიკალური დიზაინის მქონე, მეტალის სამოგზაურო ბარათი, რომლის მსგავსი პროდუქტიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შექმნილა, მომხმარებლებს დაგროვების და განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას ნებისმიერ ქვეყანაში მისცემს.

თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათით დაგროვება:

საქართველოში განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაგროვება მომხმარებლებს ზუსტად იმ პირობებით შეეძლებათ, რაც ახალი თიბისი კონცეპტის Visa Signature ბარათებით. მოგზაურობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში კი, დამატებით, Miles&Smiles მილებს დააგროვებენ.

Miles&Smiles მილების დაგროვებას მომხმარებლები საზღვარგარეთ მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებენ. საქართველოს ფარგლებში კი, მათი დაგროვება, სასტუმროებსა და შიდა ფრენებზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე შეეძლებათ.

საერთაშორისო ობიექტების კატეგორიების ჩამონათვალი, სადაც მილები დაგროვდება, მრავალფეროვანია: შოპინგი, ტრანსპორტი, გართობა, კვების ობიექტები, სასტუმროები, სამოგზაურო სააგენტოები, სურსათი და სხვა.

დაგროვილი მილების დახარჯვა შესაძლებელი იქნება: Turkish Airlines-ის ბილეთების, თვითმფრინავში სასურველი ადგილის წინასწარ შერჩევის, ავიაბილეთის კლასის გაუჯობესების და ბარგის შესაძენად. ასევე, Turkish Airlines-ის ონლაინ მაღაზიაში შოპინგისას.

თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათის აეროპორტის და სხვა სამოგზაურო უპირატესობები:

  • თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებში წელიწადში 30 უფასო ვიზიტი თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე);
  • თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტებში სწრაფი გასასვლელებით სარგებლობა თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე) წელიწადში 30-ჯერ;
  • განსაკუთრებული შეთავაზებები ტაქსის, ინტერნეტ როუმინგისა და სხვა სამოგზაურო კატეგორიებში.

ბარათის შეძენა მომხმარებლებს აგვისტოს თვიდან, პირადი ბანკირის დახმარებით შეეძლებათ.

 (R)

შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს -ირაკლი კობახიძე

შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯორდანო ბრუნოს მსგავსად, უნდათ კოცონზე დაწვან საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რადგან კაცი კაცია და ქალი ქალი.

„გვთხოვენ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად. მე მახსოვს, ევროპის შუა საუკუნეების ისტორია როცა ვისწავლეთ, მაშინ იყო ინკვიზიცია და ადამიანებს წვავდნენ. გუშინ ბატონი შალვაც იხსენებდა ამ ყველაფერს. ადამიანებს წვავდნენ ევროპაში განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვეს, რადგან ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას და დღეს ადამიანებს წვავენ, რადგან მიაჩნიათ რომ კაცი კაცია და ქალი ქალია.

მოდით ვნახოთ, ჯერ რა წერია ამ კანონში და რატომ არის მოთხოვნა ინკვიზიციური თავის შინაარსით. ჯორდანო ბრუნოს ისტორია მეორდება, ცოტა განსხვავებული ფორმით, რადგან 21-ე საუკუნეა. ჩვენ ვაცხადებთ ჯიუტად, რომ კაცი კაცია, ის მაინც ბრუნავს და ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ჩვენ ვიზალიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს. ასე ვთქვათ, კოცონზე უნდა დაწვან ჩვენი ვიზალიბერალიზაცია, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. რა წერია ამ კანონში, მარტივად გავყვეთ. სულ არის 6-7 პუნქტი, ზუსტად არ მახსოვს. წერია მაგალითად ის, რომ არ შეიძლება კონკრეტული მამაკაცი მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და მოითხოვოს პირადობის მოწმობაში მდედრობითი სქესის ჩაწერა. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. როგორ შეიძლება მე მივიდე სამოქალაქო რეესტრში და მოვითხოვო, რომ ვარ ქალი, ამის ჩაწერა, ამის დაფიქსირება. ვენეციის კომისიასაც მიაჩნია, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ხომ სირცხვილია. გეუბნებიან რას, რომ რუსუდან დუმბაძე შეიძლება მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და თუ მოითხოვს, რომ მისი სქესის შესახებ ჩანაწერი გადაკეთდეს მამაკაცად, თქვენი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ თუ რუსუდან დუმბაძეს ამ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ, ეს არის მისი, ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ხომ სირცხვილია. ინკვიზიციაზე უარესი უბედურება ხომ არის ეს?! ეს ხომ არის ევროპის თავზე დამტყდარი უბედურება.

ახლა მეორე რას ითხოვს, ეგეც გავიაროთ. ერთნაირსქესიანი პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ამასაც ითხოვს. აი სადამდე ჩავიდა ევროპული ბიუროკრატიის აზროვნება და გეუბნებიან, რომ ეს თუ არ არის დაშვებული შენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. ჩვენ კანონში საუბარია იმაზე, რომ არ უნდა აიყვანოს ერთნაირსქესიანმა წყვილმა შვილად არასრულწლოვანი. ამაზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. მე უბრალოდ იმის ჩვენება მინდა, თუ რა დონემდე არის დასული ევროპული ბიუროკრატიის აზროვნება სწორედ „დიფ სტეიტის“, გლობალური ომის პარტიის გავლენით“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება, რომ უვიზო მიმოსვლის მექანიზმი არ იყოს შეჩერებული, კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არიან ყველასთან შესახვედრად.

„ვართ მზად ყველასთან შესახვედრად. ახლა მეორე მოთხოვნაზე გადავიდეთ, გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება. ჩვენ თავის დროზე, როცა ვიღებდით გამჭვირვალობის კანონს, ღიად ვაცხადებდით, რომ მათ შორის დასავლური წყაროებიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების, ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პოლიციაზე თავდასხმის დაფინანსება. ეს ყველაფერი ხომ მერე გაცხადდა. მათ შორის ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ USAID-ის და Ned-ის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ერთ-ერთი იყო საქართველო, ფინანსდებოდა ასეთი პროცესები. მთელი ყალბი კამპანია აწარმოეს, რომ თითქოს ეს იყო საშინელი კანონი და არქვეს რუსული კანონი და ა.შ. ამ დროს ამერიკის ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ რეალურად სწორედ ის პროცესები წარიმართებოდა USAID-ის, Ned-ის და სხვა ფონდების მეშვეობით, მათ შორის EED-ი და ა.შ, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. თურმე ეს კანონი ყოფილა აუცილებელზე აუცილებელი. რა მნიშვნელობა აქვს ამერიკელი გაგიკეთებს ამას, ევროპელი, რუსი, თუ იაპონელი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზასთან დაკავშირებით რიგში დგომა არაეგზისტენციალური საკითხია.

„ვიღაც როდესაც ცდილობს, გარედან შელახოს შენი სუვერენიტეტი, აგირიოს ქვეყანა, ხელოვნურად გააღვივოს სიძულვილი და როცა ამას უპირისპირებ გამჭვირვალობის კანონს, ეს ხომ ლეგიტიმური მოვლენა. ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ არის მიმართული საქართველოს სუვერენიტეტია, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვაზე. დავუშვათ, რომ მართლა გვიუქმებენ ამ უვიზო რეჟიმს. რა დგას სასწორზე – ერთ მხარეს არის რა, ტექნიკური საკითხია, რომ შენ რიგში გიწევს დგომა, ან არ დგომა ვიზასთან დაკავშირებით. ეს არის არაეგზისტენციალური საკითხი ადამიანისთვის. სამედიცინო დახმარება თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მიიღო მაღალი ხარისხით, სხვა ქვეყნებიც არის, ეს ცარიელი თითიდან გამოწოვილი ამბავია, ეს არის სპეკულაცია. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ეს არის ტექნიკური საკითხი. შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით. ახლა რა არის ეგზისტენციური საკითხები – ეს არის მაგალითად მშვიდობა, სტაბილურობა, პირველი საკითხი. გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, „ფარას“ კანონი, სამივე კანონი არის მიმართული სტაბილურობის დაცვისკენ. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი მერე სხვა ქვეყანაში და გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს კანონები არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის დაცვისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირანის ელჩის განცხადება

  საქართველოში ირანის ელჩი,  მაჰმუდ ადიბი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ისრაელის სიონისტური რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციითა და ხელშეწყობით, 2025 წლის 13 ივნისის დილას, შუა დიპლომატიურ პროცესში თავს დაესხა ირანის ისლამურ რესპუბლიკას.  აგრესიის განმავლობაში დაიბომბა სხვადასხვა ადგილები, მათ შორის მშვიდობიანი ბირთვული ცენტრები და ასევე  სამოქალაქო და არასამხედრო ობიექტები. თავდასხმების დროს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, მამაკაცი, ქალი, ბავშვი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, უნივერსიტეტის სწავლული და ს ამხედრო მოღვაწე დაიღუპა. მაგრამ ომის ატმოსფეროს შექმნისა და აგრესორის მიერ შიშის დათესვის მცდელობის მიუხედავად, ირანელმა ხალხმა, საკუთარ ცივილიზაციურ მონაპოვარზე და კულტურულ იდენტობაზე დაყრდნობით, ერთიანობით, სოლიდარობითა და თანადგომით, სძლია მტერს.

ისრაელის სიონისტური რეჟიმის თავდასხმა ირანზე იყო არა მარტო აგრესიული აქტი (Act of Aggression), არამედ ის წარმოადგენს აგრესიის დანაშაულსაც (Crime of Aggression).

სამოქალაქო ობიექტებზე, განსაკუთრებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ტელე-რადიო მაუწყებლობაზე თავდასხმით, კიდევ უფრო აშკარა გახდა  სიონისტთა უზურპატორი რეჟიმის სამარცხვინო სახე მსოფლიოში. ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის მიერ სწორი და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებით შეშინებულმა ამ კრიმინალურმა რეჟიმმა, მორიგი სასტიკი აქტით, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და წესებს, თავდასხმა განახორციელა ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის ახალი ამბების შენობაზე, რათა ხელი შეეშალა სწორი და სანდო ინფორმაციების გავრცელებისთვის.

ირანის მტრების მხრიდან განხორციელდა ყველანაირი ზეწოლა, რათა ირანელი ხალხისთვის წაერთმიათ ბირთვული უფლებები. მაქსიმალურ ზეწოლას, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდებოდა, თან ახლდა სხვადასხვა სახის მუქარები და სანქციები.  მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს მათ სცადეს ირანული მხარის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საკუთარი ხალხის უფლებებზე და როდესაც ვერ მიაღწიეს საწადელს, ირანის წინააღმდეგ ომის გადაწყვეტილება მიიღეს  და კრიმინალურ ისრაელის რეჟიმს ხელი გაუხსნეს თავდასხმების განსახორციელებლად. ბოლოდროინდელი მოვლენების დროს ბირთვული იარაღის მქონე ორმა ქვეყანამ ცალმხრივად და უკანონოდ, ალოგიკურად და ყოველგვარი მიზეზისა და ლეგიტიმურობის გარეშე განახორციელა აგრესიული თავდასხმა გაეროს წევრი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა ისინი წააწყდნენ ირანელი ხალხის წინააღმდეგობას და დამარცხდნენ, ამიტომ ეს აგრესია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა შეწყდეს, რათა კვლავ გაიხსნას გზა დიპლომატიისათვის. როგორც ირანის ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, სიტყვა „დანებება“ ირანისთვის უცხოა, ხოლო სიონისტური რეჟიმის აგრესია, ამ ყალბი რეჟიმის  განადგურებისა და მის მიმართ მსოფლიოს სიძულვილის გარდა, სხვას არაფერს მოიტანს.

ამ აშკარა აგრესიის საპასუხოდ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ  გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის (self-defence) საფუძველზე შეიმუშავა თავდაცვის გეგმა და შესაბამისი  ლეგიტიმური პასუხით, ისრაელის აგრესორ რეჟიმს სანანებლად გაუხადა საქმე. ირანის თავდასხმა ალ-უდეიდის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ასევე ეფუძნებოდა თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას, რომელიც ირანის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების  უკანონო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა.

მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ცალსახად დაგმო ირანზე განხორციელებული თავდასხმები. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრმა სახელმწიფომ მიიღო უპრეცედენტო რეზოლუცია. ეს იყო საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ, სადაც გამოხატული იქნა სოლიდარობა ირანელი ხალხის მიმართ. ამასთან, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღეს, რომელიც დაემთხვა ირანზე ამერიკის თავდასხმას, რეზოლუციას დაემატა ორი პუნქტი აშშ-ს თავდასხმების დასაგმობად.

ისლამური ქვეყნების გარდა, განცხადებები გაავრცელეს რეგიონულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ და ბრიქსმა და დაგმეს ირანზე განხორციელებული თავდასხმები. ფაქტობრივად ირანის ისლამური რესპუბლიკის ხმა გაიგონა მსოფლიო საზოგადოებამ, რაც მიზნად ისახავდა, ირანელი ხალხის სიმართლის ჩვენებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის დასაცავად.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ თუ მტერი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეწყვეტდა თავდასხმებს, ირანიც დაასრულებდა საპასუხო მოქმედებებს. ამის მიზეზი ნათელია, რადგან აგრესია დაიწყო სხვამ და ირანი მხოლოდ თავს იცავდა. ბუნებრივია, რომ აგრესიის შეწყვეტის შემთხვევაში, თავდაცვა კარგავს აქტუალობას. სიონისტურმა რეჟიმმა სასოწარკვეთილების გამო გადაწყვიტა აგრესიის შეჩერება. ომის შემდეგ შექმნილი რეალობა ფუნდამენტურად განსხვავდება ომამდელი რეალობისგან. ამიტომ  დიპლომატიც უნდა მოერგოს ამ ახალ რეალობას.

სამი ევროპული ქვეყნის როლთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვეყნები პრაქტიკულად ამოვარდნენ მოლაპარაკებების ახალი პროცესიდან.  ისინი კვლავ ბირთვული შეთანხმების (ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა) წევრები არიან. ამ ქვეყნებს არ შეუძლიათ ურანის  ნულოვან გამდიდრებაზე საუბარი, რადგან ირანის მიერ ურანის გამდიდრების უფლება აღიარებულია  ბირთვულ შეთანხმებაში.

ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმის შემდეგ, ამერიკასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა. არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო მეხუთე რაუნდის შემდეგ,  სიონისტური რეჟიმის აგრესის გამო მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა.  ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად იყო მოლაპარაკების მეექვსე რაუნდის დასაწყებად და თავისი დაბალანსებული და გონივრული წინადადებების წარსადგენად, რაც შესაძლოა    ურთიერთგაგების საფუძველი გამხდარიყო. მოლაპარაკების პირველივე დღიდანვე ირანმა ცალსახად განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება აგებული უნდა ყოფილიყო ორი მთავარ საფუძველზე, პირველი იყო ირანში ურანის გამდიდრების გაგრძელება და მეორე – სანქციების მოხსნა სრულყოფილი სარგებლობისათვის.  მესამე საფუძველი  შეიძლება იყოს ირანის მიერ  ვალდებულების აღება, რომ არ იმუშავებს ბირთვული იარაღის შექმნაზე. ფაქტობრივად ეს საკითხი ისედაც გარკვეულია ვინაიდან, ბირთვული იარაღის ფლობა არ შეესაბამება ირანის პრინციპებსა და რელიგიურ მრწამსს.

ამერიკამ თავისი შეცდომით, ირანის ბირთვული საკითხის გადაჭრა  კიდევ უფრო გაართულა. ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით ძალიან სუსტად, უსამართლოდ და არაკეთილსინდისიერად იმუშავა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რომელმაც გზა გაუხსნა ევროპელების მიერ მმართველთა საბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციას. ამ რეზოლუციამ კი განაპირობა ისრაელის თავდასხმა ირანზე. ამასთან, სააგენტოს არ დაუგმია ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის დაგმობას დუმილი არჩია.  საერთაშორისო სამართლის თანახმად კი  მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა უპატიებელი დანაშაულია“-ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მაჰმუდ ადიბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარია, საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წაყენებული ყველა პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან.

„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი ანალიზი, შესაბამისი შეფასებები, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. თქვენ, გარდა ამ პირობებისა, ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის გაღვივებასთან, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან. ამას ბუნებრივია, საზოგადოება აკვირდება და საზოგადოება აფასებს. მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს, უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით; ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კობახიძემ.

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

თიბისი უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ლიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული თიბისი ჯგუფის წევრი, CNBC-ისა და Statista-ს მიერ ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ კომპანიად იქნა აღიარებული. თიბისი უზბეკეთი პირველი და ერთადერთი კომპანია, როგორც უზბეკეთიდან, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონიდან, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა.

CNBC-ისა და Statista-ს შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სია ფინტექ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენს. ის ეფუძნება ძირითადი მაჩვენებლების სიღრმისეულ ანალიზს, როგორიცაა შემოსავალი, მომგებიანობა და სხვა ფინანსური მაჩვენებლები, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა, სესხებისა და დეპოზიტების პორტფელის ზრდა, ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი და პერსონალის მონაცემები.

თიბისი უზბეკეთის ეკოსისტემა 19.7 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის უდიდეს ციფრულ ბანკს TBC UZ-ს, ციფრული გადახდების აპლიკაციას Payme-ს, BNPL ბიზნეს Payme Nasiya-ს და TBC დაზღვევას. მისი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელება ასახავს ციფრული ბანკინგის სწრაფ ზრდას და მაღალ მომგებიანობას, ასევე მის მისწრაფებას – უზრუნველყოს საუკეთესო, სრულად ციფრული ფინანსური მომსახურება ცენტრალური აზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში.

„თიბისისთვის დიდი პატივია გახდეს უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიიდან პირველი და ერთადერთი ბიზნესი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელდა. მადლიერები ვართ, რომ ქვეყანაში ჩვენი სწრაფი, უწყვეტი და მომგებიანი ზრდა, ინოვაციებისადმი ერთგულების პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. უზბეკეთი ციფრული ფინანსური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად მზარდი ბაზარია მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ, რომ ლიდერები ვართ და მუდმივად ვაუმჯობესებთ ინოვაციურ ფინანსურ მომსახურებას ქვეყანაში. CNBC-ისა და Statista-ს აღიარება, როგორც თიბისის უზბეკეთში დღემდე მიღწეული წარმატების, ასევე ქვეყნის საერთო განვითარების დასტურია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პროდუქტის შეთავაზების დივერსიფიკაციას და ჩვენი ეკოსისტემის განვითარებას“ – ნიკა ქურდიანი, თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი.

თიბისი უზბეკეთი აგრძელებს თავისი შეთავაზების გაფართოებას და უზბეკეთში ქმნის ყოვლისმომცველ ციფრულ ეკოსისტემას მომხმარებლების ყოველდღიური ფინანსური საჭიროებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გააუმჯობესა და მნიშვნელოვნად გააფართოვა ახალი პროდუქტების ფართო სპექტრი, მათ შორის: Salom Card სადებეტო ბარათი, Osmon საკრედიტო ბარათი, TBC ბიზნეს საბანკო და საკრედიტო მომსახურება, ასევე TBC დაზღვევა. ივნისში თიბისი უზბეკეთმა საცალო ვაჭრობის მართვის SaaS-პლატფორმა BILLZ-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უზბეკეთში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (SME) შეთავაზებები გააფართოოს.

(R)