Home Blog Page 9

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დაუპირისპირებენ.

„საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. მხოლოდ საქართველოსთვის არ არის ეს დამახასიათებელი. ასეთი კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი. აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილისა და ზიზღის კამპანიები, რასაც ჩვენ თავლყურს ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, მკვეთრად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა -მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა.

„ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან, სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადების, დაუღალავი შრომის. მსურს, მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უვნებლად დაბრუნება ვუსურვო“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1088724796406182&set=a.344849174127085&type=3&ref=embed_post

,,საინტერესო ისაა, რომ ტუსკმა მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს თავის ქმედებებს”- შალვა პაპუაშვილი

პოლონეთის მთავრობის წევრია ბატონი სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ამ კომენტარით პაპუაშვილი გამოეხმაურა დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გასაუქმებლად.

„ის შეეცადა, რომ მარცხი, რომელიც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში, დაეკომპენსირებინა პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით. მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, მოსახლეობის 45% ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას. ასე რომ, ეს ის შიდა საკითხებია, რომლითაც ისინი თამაშს ცდილობენ.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს – ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად, იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა.

ამ საბაბებს რომ ეძებენ, საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში. ისაუბრებენ, თითქოს, პოლიტიკასა და ხელისუფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აბრალებს, საბოლოო ჯამში, მის ამ საქციელს და ქმედებებს. არავითარი გასაოცარი არ არის, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, რას უნდა ველოდეთ ღირებულებების თვალსაზრისით?”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატივისგან, მოიცილეთ ცუდი აზრები, უსიამოვნო მოგონებები, სახლიდან გაიტანეთ დრომოჭმული, უსარგებლო და დაზიანებული ნივთი.

კურო

კარგი პერიოდია საქმეების რეორგანიზაციისთვის, დამოუკიდებლად თავს მშვენივრად გაართმევთ ნებისმიერ სიტუაციას, მთავარია, დაიცვათ ემოციური და ენერგეტიკული ბალანსი.

ტყუპები

იზრდება თქვენი შესაძლებლობები, სწორედ და სასარგებლოდ წარმართოთ თქვენი საქმიანობა, ამაში დაგეხმარებათ ინტუიცია.

კირჩხიბი

ნუ გადაიტვირთავთ თავს საქმეებით, პერიოდულად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.

ლომი

შესაძლოა, შეიტყოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დადგა დრო, როცა მოქმედებისთვის მეტი თავისუფლება გექნებათ.

ქალწული

კარგად დაფიქრდით, სანამ აკვიატებული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგებით, რადგან, დიდი ალბათობით, ეს შედეგს არ მოგიტანთ, პირიქით, შესაძლოა, პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ.

სასწორი

შესაძლოა, წარმოქმნილი ვითარების გამო, ნიღბის მორგება დაგჭირდეთ, რათა  თქვენი წყენა დამალოთ. უნდა იცოდეთ, რომ ეს ახლა სწორი ნაბიჯია.

მორიელი

შესაძლოა, დღეს აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც სწორად ვერ გაგიგებენ და ამაოდ მოგიწევთ თქვენი იდეების უპირატესობის მტკიცება. დაელოდეთ ხელსაყრელ დროს.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით უმადური საკუთარი თავისა და ბედის მიმართ, ყველაფერს პოზიტიური თვალით შეხედეთ.

თხის რქა

ნუ მოინდომებთ ძალიან ბევრს, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. იზრუნეთ უკვე დაწყებული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

მერწყული

შეეცადეთ, მოიწყოთ მყუდრო გარემო და განმარტოვდეთ, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ „ჭკუის დამრიგებლები“, რომელთა რჩევებიც მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

თევზები

ერიდეთ ორპირობასა და სიცრუეს, შესაძლოა, თქვენმა ამგვარი ქმედებამ სერიოზული ზიანი მოგიტანოთ.

„ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით“ – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს.

ამის შესახებ ტუსკმა ოთხშაბათს, პოლონეთის პარლამენტში მიგრაციის შესახებ საუბრისას განაცხადა, სანამ მთავრობისგან გადამწყვეტ ნდობის ვოტუმს მიიღებდა.

„სხვათა შორის, ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით. დიახ, ეს არის ჩემი განზრახვაც, კარგად ვიცი, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, ვისაც ძალიან სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რაშია პრობლემა.

ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს – ბოდიშს ვუხდი ქართველებს, ვინც შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. ზოგადად, მე მტკიცედ მომხრე ვარ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს ავტორიტარული ხელისუფლების სტანდარტებს ან საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონიერებას და წესრიგს ჩვენს ქვეყანაში თუ ევროპაში“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

,,სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების მიზანია, აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით” მამუკა ხაზარაძე

ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის მიზანი იყო ოპოზიციური ერთობის – “წინააღმდეგობის პლატფორმის” – აღდგენა.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის რესურსს ხედავს.

მისივე თქმით, შეხვედრის ინიციატორი თავად “ლელო” იყო.

“ბოლო ერთი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე – ეს იქნება პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით ა.შ. ჩვენ ინტენსიური შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ ჩვენ შევხდით პოლიტპატიმრების მშობლებს, რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხდით პრეზიდენტს და მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანია აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ჩვენ საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და გამტკიცებას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ის ხედავს რესურსს და პოტენციალს ერთობის აღდგენისათვის – განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას.

“მე ვხედავ ამ ერთობის აღდგენის რესურსს, რადგან ქვეყანა არის უფსკრულის პირას. უნდა დავანებოთ ყველაფერს თავი და ვიფიქროთ იმაზე თუ რა არის გამარჯვების ფორმულა. სანამ ამ ფორმულაზე ჩამოვყალიბდებით, პირველ რიგში, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რომ ყველამ დაინახოს – სამშობლო არის უპირველესი!”, – განაცხადა ხაზარაძემ.

,,ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, ასეთად დარჩეს, თუმცა ევროპული ბიუროკრატია აკეთებს ყველაფერს, რომ განწყობა შეიცვალოს, ჩვენ ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას”- პრემიერი

ჩვენთვის ძალიან დასანანია ის უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა უსამართლო განცხადებებისა, ხშირად არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების.

„ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ევროპულ ბიუროკრატიასთან. ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირი პრეცედენტები და ზოგადად, ვხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ ხოლმე პატივს საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს, რაც ჩვენთვის ძალიან დასანანია. ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, რომ დარჩეს მომავალშიც სამართლიანობის სიმბოლო, თუმცა ევროპული ბიუროკრატია, სამწუხაროდ, აკეთებს ხოლმე ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას და ამასთან ერთად გამოვთქვამთ იმედს, რომ იმ დროისთვის, როდესაც საქართველო იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ დადებითი მიმართულებით შეიცვლება მოვლენების განვითარება ევროპაში და ჩვენც გვინდა გამოვთქვათ ასეთი ოპტიმიზმი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების ცვლილება, რადგან გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური მიზანი – ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვინდა გავწევრიანდეთ სამართლიან ევროკავშირში, სადაც ბიუროკრატია და პოლიტიკოსები სამართლიანად აფასებენ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამ ჭრილში კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს და უნგრეთის ხელისუფლებას სწორედ რომ მათი სამართლიანი დამოკიდებულებისთვის. თუ ვინმესგან ვისმენთ ჩვენ სამართლიან შეფასებებს და ვხედავთ სამართლიან დამოკიდებულებას, ეს არის უნგრეთის ხელისუფლება. სწორედ ამ სამართლიანობის გამოხატულებაა ის, რომ უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე მკაფიო და ძლიერ მხარდამჭერად. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის ჩვენს უნგრელ მეგობრებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,საქართველოსთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რადგან საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად ვითარდება”- ვიქტორ ორბანი

საქართველოსთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რადგან საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის საქართველოში საავიაციო ბაზრის ლიდერი 28 მიმართულებით დაფრინავს საქართველოს ჰაბიდან, მოხსნა ყველა რეკორდი და პირველად ისტორიაში, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა მისმა მაჩვენებელმა.

„ჩვენ, ასევე, გავზარდეთ ტვირთბრუნვა და ვაჭრობა საქართველოსთან. ფარმაციული პროდუქცია საქართველოში ჩვენგან გადის ექსპორტით.

ჩვენ თანამშრომლობას ვავითარებთ ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ გაგვაჩნია ერთობლივი კომიტეტები და არის 5 ქვეყნისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რის შედეგადაც ხუთივე ქვეყანა ცდილობს, რომ მწვანე ელექტროენერგია, რომელიც კავკასიაში იწარმოება, შემოვიდეს უნგრეთში და ჩვენგან შევიდეს ევროკავშირში

. ამ პროექტის ფარგლებში ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობის ენერგეტიკა კიდევ უფრო გავზარდოთ, განვავითაროთ. უკრაინელებმა გადაკეტეს ყველა არხი ენერგეტიკის მიწოდებისა ევროკავშირის მიმართ, ამ პირობებში, ეს ჩვენი ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი მარშრუტი იქნება ეკონომიკური საქმიანობისთვის ძალიან ძლიერი.

მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალშიც გვექნება ქართველ მეგობრებთან ერთად. არაერთ პროექტს განვახორციელებთ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

“უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად”-Foreign policy

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign policy) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად“ (ავტორი – პოლ ჰოკენოსი). ვრცელ ანალიტიკურ პუბლიკაციაში განხილულია უკრაინისადმი ევროპის ქმედითი დახმარების სცენარები – ის, რაც უნდა გაკეთდეს ომში უკრაინის გამარჯვებისათვის, ამჯერად ევროპელების მხრიდან, როცა ამერიკას კიევისადმი დახმარების გაწევის შემცირება აქვს განზრახული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ უკრაინის პერსპექტივა რუსეთთან დაპირისპირებაში შესამჩნევად გაფერმკრთალდა. აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთგზის განაცხადა, რომ კიევს ისეთ სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, როგორსაც ჯო ბაიდენი უწევდა. ჩამოყალიბდა სიტუაცია, რომელმაც ძალიან შეავიწროვა უკრაინის გზა უსაფრთხო და სუვერენული მომავლისაკენ. ასეთმა მდგომარეობამ, თავის მხრივ, ბევრ ევროპელ დამკვირვებელში ღრმა პესიმიზმისა და სკეპტიციზმის გრძნობა გააჩინა.

მაგრამ გადაჭარბებული პესიმიზმი უადგილო და კონტრპროდუქტიულია. უკრაინა უკვე აწარმოებს ყველაზე თანამედროვე იარაღს თავისი არმიისათვის და აქტიურად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს  ბრძოლის ველზეც. კიევი წარმატებით გაუმკლავდა რუსეთს შავი ზღვის აკვატორიაში და ამას წინათ კრემლისათვის სრულიად მოულოდნელად განახორციელა საჰაერო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“, თანაც რუსეთის ღრმა ზურგში, აღმოსავლეთ ციმბირში, ბაიკალის ტბასთან, რასაც მოსკოვი ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს აქვთ ბრძოლის გაგრძელების უნარი და აქვთ სტრატეგია გამარჯვებისათვის – აშშ- დახმარების გარეშეც კი, რომელსაც კიევი მიჩვეული იყო და ახლა სავარაუდოდ, ძალიან შემცირდება.

გასულ კვირას ოდესაში (უკრაინა) შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფორუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეებმა იმედი გამოხატეს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოო ჯამში თავის პოზიციას შეიცვლის უკრაინის მიმართ და სამხედრო დახმარებას მეტი მოცულობით აღადგენს, ვიდრე ჯო ბაიდენის დროს იყო. ისინი იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას თავის მოკავშირედ აღიარებს და აცხადებენ, რომ უკრაინა იმსახურებს ათეული მილიარდობით დახმარებას და რომ დონალდ ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას ათამაშებს და მისი განცხადებები ცეცხლის შეწყვეტის სურვილის თაობაზე მხოლოდ სიცრუეა და სხვა არაფერი. ზოგიერთები თვლიან, რომ უფრო რეალურია სხვა სცენარი: დონალდ ტრამპს შეუძლია კიევი და მოსკოვი დაადანაშაულოს – რადგანაც ისინი ვაშინგტონის მოთხოვნებს არ ასრულებენ [დაზავები საკითხში], ამიტომ თეთრი სახლი შეწყვეტს თავის მონაწილეობას (შუამავლობას) დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და კიევს ამერიკულ იარაღს აღარ მისცემს.

თუმცა ამ სიტუაციაში მთავარია ერთი მომენტი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე საბოლოოდ უარს არ აცხადებს. ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის რესპუბლიკელთა უმრავლესობა, აცნობიერებენ, რომ უკრაინის სავარაუდო კრახით ვაშინგტონს სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. ამიტომაც აშშ მაინც გააგრძელებს, ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინისადმი დახმარების გაწევას ძველი მოცულობითაც კი, თუ ეს აშშ-სათვის ძალიან მძიმე ტვირთი არ იქნება.

ვაშინგტონელი ინსაიდერები, რომლებიც კარგად არიან ჩახედულნი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმეებში უკრაინის მიმართულებით, ამტკიცებენ, რომ აშშ არ შეზღუდავს უკრაინისადმი დახმარებას თანამგზავრული (კოსმოსური) დაზვერვის მონაცემებით, რომლებიც ჰაერივით აუცილებელი და სასარგებლოა კიევის არმიისათვის – ბრძოლის ველზე და მტრის ზურგში სამიზნეების ზუსტი განსაზღვრისათვის. ფრონტის ხაზის კოსმოსური ფოტოსურათები უკრაინისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ისინი არმიის თვალს და ყურებს წარმოადგენენ.

რუსეთ-უკრაინის ომის (ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“) დაწყების შემდეგ აშშ-ის გეოსივრცობრივი დაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინას კოსმოსური თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოების პლატფორმაზე დაშვების უფლება მისცა. ფოტოსურათები უმაღლესი დონის გარჩევადობით გამოირჩევიან და მათი გამოყენების და  მიხედვით იქმნება სრული წარმოადგენს რუსეთის არმიის ქვედანაყოფების გადაადგილების თაობაზე. შესაბამისად, უკრაინის ჯარებისათვის ორიენტაცია გაიოლებულია. როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ზურგში განხორციელებული ოპერაციები და შორსმსროლელი არტილერიის დაბომბვები სწორედ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ ტექნოლოგიებიდან, რომლის ჩანაცვლება არც უკრაინელებს და არც ევროპელებს არანაირად არ შეუძლიათ, მხოლოდ ამერიკულ თანამგზავრებს აქვს დედამიწის ორბიტიდან განხორციელებული კოსმოსური დაკვირვების შესაძლებლობა. გავიხსენოთ, რომ როცა დონალდ ტრამპმა დროებით შეუჩერა უკრაინას აღნიშნული მონაცემების გადაცემა (თეთრ სახლში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ), კიევს ეს ძალიან ძვირად დაუჯდა – ვოლოდიმირ ზელენსკი უკიდურესად არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა. ასე რომ, აშშ-ის ასეთი დახმარება უკრაინისათვის აუცილებელია და თანაც ძალიან იაფი.

სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფის გარდა უკრაინის წარმატება ამჟამად დამოკიდებულია იმაზეც, გახდება თუ არა ევროპა მისი მთავარი მოკავშირე და მწყალობელი. არის ყველა ნიშანი იმისა, რომ საქმე სწორედ ამისკენ მიდის – მართალია ნელა და დაყოვნებით, მაგრამ მაინც. წამყვანი ევროპელი სახელმწიფოები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი – ისწრაფვიან, რომ ამ საქმეში თავიანთი ლიდერობა განამტკიცონ. ამ მიზნით მათ – ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად – დიდი თანხები გამოჰყვეს უკრაინის შეიარაღებისათვის და ფინანსური უზრუნველყოფისათვის. ევროკავშირი უკვე ამზადებს უფრო ხისტ და მკაცრ ანტირუსულ სანქციებს.

ევროპელები უკრაინას არამარტო დახმარებას ჰპირდებიან, არამედ ისინი იმასაც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომში კიევის გამარჯვება თვით ევროპის უსაფრთხოების გრძელვადიანი განმტკიცებისთვისაც. დღეს ეს გარემოება მათთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ მერცმა გერმანიის კანცლერის პოსტი დაიკავა, ბერლინი მნიშვნელოვნად გააქტიურდა დიპლომატიურად, რაც არ იყო ოლაფ შოლცის მმართველობის დროს. ევროკავშირმა, რომელსაც რუსეთთან შედარებით ცხრაჯერ მეტი მოცულობის ეკონომიკა აქვს, უკვე დაიწყო აშშ-ის ჩანაცვლება უკრაინის შეიარაღებითა და ფინანსებით უზრუნველყოფაში.

2021-2024 წლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვითი ბიუჯეტი 218 მილიარდი ევროდან 326 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისათვის ხარჯები კიდევ მინიმუმ 100 მილიარდით გაიზრდება. დღეისათვის ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია – ისინი თითქმის მთლიანად არიან გადასულნი უკრაინის დახმარების განმტკიცებაზე.

მსოფლიო ეკონომიკის კვლევის კილის ინსტიტუტი (გერმანია) მივიდა დასკვნამდე, რომ ევროპას თავისი ხარჯების გაორმაგება მოუწევს, რათა აშშ-ის დახმარების მოცულობა ჩაანაცვლოს და მისი კომპენსაცია მოახდინოს უკრაინასთან მიმართებით. 2022 წლის თებერვალ-მარტიდან დაწყებული, აშშ-ის დახმარება შეადგენს 66,9 მილიარდ დოლარს სამხედრო შეიარაღების მხრივ, ხოლო 50 მილიარდ დოლარზე მეტი – პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. (…)

ევროპა, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს ამერიკული ტექნიკა, მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სფეროში.  დღეისათვის ვაშინგტონი უკრაინას აწვდის ამერიკული წარმოების უმრავლეს რაკეტულ სისტემებს, მათ შორის HIMARS-ებს და ATACMS-ებს, ჭურვებს შორსმსროლელი ჰაუბიცებისათვის და რაკეტებს – საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „Patriot-ისათვის. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ევროპა წარმატებით მუშაობს ტანკებისა და ქვემეხების წარმოების გადიდებისათვის.

რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებს აქვთ თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რუსული ფრთოსანი და განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ნაკლებად ეფექტურები არიან. ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot-ები ნატოს ქვეყნებისათვის ერთადერთი დანადგარია, რომელსაც ეფექტურად შეუძლია უკრაინის დაცვა რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან. ამჟამად ამერიკას „პეტრიოტის“ რეზერვები აღარ აქვს, ამიტომ ევროპელებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებისგან შეისყიდონ, ანუ ის „პეტრიოტები“, რომლებიც აშშ-მა სხვადასხვა დროს მიაწოდა თავის მოკავშირეებს. დონალდ ტრამპი ასეთ გარიგებებს არ ეწინააღმდეგება. Patriot-ები აქვთ, მაგალითად, ისრაელს და სამხრეთ კორეას. ბოლო ხანს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა თავისი ერთ-ერთი „პეტრიოტი“ უკვე გადასცა უკრაინას.

არსებობს „ფარული ტუზიც“ – ეს არის უკრაინის მძლავრი თავდაცვითი სექტორი, რომელიც ინოვაციური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა  ევროპაში. უკრაინის სამხედრო კომპლექსი აწარმოებს აუცილებელ თავდაცვით საშუალებებს (დაახლოებით 40%-მდე) ბევრად ნაკლები დანახარჯებით და ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ევროპელები. ყოველ მილიარდი დოლარი, რომელსაც ამერიკა თავის სამხედრო კომპანიებს უხდის უკრაინელებისათვის იარაღის დასამზადებლად, ევროპელებს უფრო იაფი დაუჯდებათ, თუ ისინი ამ იარაღს უკრაინაში დაამზადებენ. ფართოდ რეკლამირებული დრონების გარდა, უკრაინა ამზადებს უფრო ბევრ ჰაუბიცას და საარტილერიო სისტემებს, ვიდრე ევროპის ყველა ქვეყანა, ერთად აღებული. უკრაინელმა სპეციალისტებმა ზუსტად იციან, თუ რა იარაღი რამდენი სჭირდებათ და მუდმივად ახდენენ თავიანთი წარმოებული ტექნიკის ადაპტირებას საბრძოლო-საველე პირობებისადმი.

დანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც თავისი ფულით იარაღი დაუკვეთა უკრაინის თავდაცვით საწარმოებს უკრაინის არმიისათვის. როგორც ჩანს, დანიური მოდელი წარმატებული აღმოჩნდა. მიმდინარე წელს უკრაინის ხუთი მეგობარი – დანია, შვედეთი, კანადა, ნორვეგია და ისლანდია საერთო ოდენობით 1,3 მილიარდ ევროს გამოყოფენ კიევისათვის საარტილერიო სისტემების შესაძენად, დრონებისა და რაკეტების დასამზადებლად იმ სამხედრო ქარხნებისათვის, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. ამ თანხიდან 830 მილიონი ევრო იქნება ის პროცენტი, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების შედეგად არის მიღებული. მართალია, ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია.

უკრაინელები დაქანცულნი არიან ომით და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება სურთ, იმავდროულად ისინი დაუჯერებელ გამომგონებლობას და სიმტკიცეს ავლენენ, რისთვისაც ევროპამ მათ მადლობა უნდა უთხრას. თუ აშშ მზად აღარ იქნება უკრაინას დაეხმაროს, მაშინ ეს ევროპამ უნდა გააკეთოს. და ევროპა ეხმარება კიდეც, ფართო სამომავლო მასშტაბით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

,,ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის ევროინტეგრაციის გზაზე თქვენს მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება”-პრემიერი

აქართველოს და უნგრეთს აკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორის სამიტზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარეს და პირადად ვიქტორ ორბანს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისათვის, ყველა მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, დღეს, თქვენთან ერთად ყოფნა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის, სამიტის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის არის სამაგალითო თქვენი ლიდერობა, ის, თუ როგორ უძღვებით თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საქმეს, როგორ ზრუნავთ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, უნგრეთის იდენტობის დაცვაზე. ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის.

მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, მადლობა იმისათვის, რომ მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვის. როდესაც საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაში თქვენი დამსახურება იყო განსაკუთრებული და, დღესაც, როდესაც ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის თქვენს მხარდაჭერას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა, პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მთლიანად სამთავრობო გუნდს, უნგრეთის ხელისუფლებას, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება უნგრეთსა და საქართველოს შორის, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, რაც, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ძალიან ხშირი შეხვედრები, ვიზიტების ინტენსიური გაცვლა და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ და განვავითაროთ. სამიტის ფორმატი ამის ძალიან კარგი შესაძლებლობაა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. 
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია  მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. 
ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. 
თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის  მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ცვლილებები, რომელიც პირს ავალდებულებს, მისი დანაშაულით გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია

„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.

სისხლის სამართლის კოდექსში მომზადებული ცვლილებები პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის სახით მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე წარედგინება, რაც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის საკითხებს ეხება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოქმედ კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს საქართველოდან გასვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თავისებურებებს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვა სოციალური დაცვის ღონისძიებაა და მისი მიზანია, პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია.

ინიციატორები განმარტავენ, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი დაზარალებულს აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, პროექტით, საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, პროექტით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის 6 წელი იქნება, მძიმე დანაშაულისთვის – 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის – 16 წელი.

„საქართველოდან გასვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს სასჯელის ან პირობითი მსჯავრისგან დამოუკიდებლადაც. ასევე, თუ პირი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება. ამასთანავე, საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებად არ არის მოცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამის მუხლში. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებით, საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებითაც“, – ნათქვამია პროექტში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვის საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი იქნება.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის შემდგომ ქცევას, მის მზაობას, რათა გონივრულ ვადაში აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

კანონში გაწერილი იქნება ის შემთხვევები, როდესაც არ ხდება საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა. კერძოდ: დაზარალებული თუ წერილობით უარს განაცხადებს მისთვის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირის შერაცხადობა გამოირიცხება სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდა შეჩერდება მის გამოჯანმრთელებამდე. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც დანაშაულის განხორციელებაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, მათ ეკისრებათ ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების ვალდებულება, – აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც პირს აძლევს შესაძლებლობას, გათავისუფლდეს საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან, თუ იგი დააკმაყოფილებს  შემდეგ მოთხოვნებს: ა) მსჯავრდებულმა სრულად აანაზღაურა ზიანი; ბ) დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის ზიანის ანაზღაურებაზე; გ) დაზარალებული თანახმაა, რომ მსჯავრდებულს მოეხსნას საქართველოდან გასვლის აკრძალვა და გაურიგდება მას ზიანის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებზე. ნასამართლობის მოხსნა ან გაქარწყლება არ გაათავისუფლებს პირს საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან.