Home Blog Page 9

 როგორც იქნა, დავბრუნდი ქალაქში, თბილისი – ევროპის ნამდვილი დედაქალაქი -მიხაელ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„როგორც იქნა, დავბრუნდი ქალაქში. თბილისი – ევროპის ნამდვილი დედაქალაქი”,- წერს მიხაელ როთი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ მიხაილ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ჩამოდის.

„მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მომავალ კვირას. მინდა, მხარი დავუჭირო ყველა თავდადებულ ევროპელსა და თავისუფლებისთვის მებრძოლს, ასევე გერმანელი პოლიტიკოსის რანგში ჩემს მეგობრებს დავემშვიდობო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს მიმართ ერთგულებას განვაგრძობ”,- აღნიშნა მიხაილ როთმა.

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ის რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას -მამუკა ხაზარაძე

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს – საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება! – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრა უპირველესად, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართეს.

ხაზარაძე ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება.

„ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გავმართეთ. ეს წესად მაქვს, როდესაც აქ ჩამოვდივარ, თუმცა ახლა, ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი დიასპორის აზრის მოსმენა და პოზიციების შეჯერება, რომ ერთ ხმაზე, ერთი სულისკვეთებით ვისაუბროთ ყველა ტრიბუნიდან.

წინ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გველოდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან სენატიდან, კონგრესიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან.

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს – საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება!,“ – წერს ხაზარაძე.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 იანვარს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლს ვარაუდობენ. დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომში +10 იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მზიანი დღე და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი დღეა. დღის განმავლობაში 5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში უნალეო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. .

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა -შალვა პაპუაშვილი

ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა.

ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიყვარული — ეს დღე ნათელ ემოციებს მოიტანს. მარტოხელა ვერძისთვის მოულოდნელი ნაცნობობა შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს, დაოჯახებულ ვერძს კი პარტნიორისგან სასიამოვნო სიურპრიზი ელის.

კარიერა —მთელი დღე ყურადღების ცენტრში ხართ – კოლეგებს თქვენი იდეები მოსწონთ, ხელმძღვანელობა კი თქვენს ინიციატივებს მხარს უჭერს.

ჯანმრთელობა — შესანიშნავი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის. ვარჯიში ან სირბილი ენერგიით დაგმუხტავთ.

ფინანსები —კარგი დღეა შოპინგისთვის, მთავარია უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ, რომლებსაც არასოდეს, არაფერში გამოიყენებთ.

კურო

სიყვარული — ამ დღეს თქვენი დევიზია სულიერი ჰარმონია და სიმშვიდე. საყვარელი ადამიანებისთვის თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

კარიერა —ამ დღის ამოცანები წარმატებით შესრულდება. შესაძლოა, ის აღიარება მიიღოთ, რომელსაც დიდხანს ელოდით.

ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენიუს. გირჩევთ, მავნე საკვებზე უარი თქვათ და მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.

ფინანსები — ფინანსური სტაბილურობა საშუალებას გაძლევთ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ.

ტყუპები

სიყვარული — თქვენი ქარიზმა გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევს. ახალი ნაცნობობა საინტერესო თავგადასავალს გპირდებათ.

კარიერა — შემოქმედებითი აზროვნება და მდიდარი წარმოსახვის უნარი ამ დღის ამოცანებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა — სულიერი სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია მტკიცე ჯანმრთელობის საფუძველია. არ დაგავიწყდეთ სუფთა ჰაერზე გასეირნება.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ფინანსური პერსპექტივა საიმედოა.

კირჩხიბი

სიყვარული —მცირე გაუგებრობის მიუხედავად, პარტნიორთან საერთო ენას გამონახავთ. მარტოხელა კირჩხიბს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.

კარიერა — სწორ გზაზე დგახართ და თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს.

ჯანმრთელობა — შესანიშნავი დღეა დასვენებისთვის. მასაჟი ან მედიტაცია ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — მოსალოდნელია დიდი გარიგებები. იყავით გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის.

ლომი

სიყვარული — მშვენიერი დღეა დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. თუ ეცდებით, შეგიძლიათ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ.

კარიერა — თავდაჯერება დაგეხმარებათ ნებისმიერი დაბრკოლება დაძლიოთ. ხელსაყრელი დროა თამამი გადაწყვეტილების მისაღებად.

ჯანმრთელობა — თუ მეტეოდამოკიდებული ხართ და ამინდის ცვლილებაზე განწყობა გეცვლებათ, ეცადეთ ივარჯიშოთ და გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს.

ფინანსები — კარგი დღეა დიდი შესყიდვებისთვის.

ქალწული

სიყვარული — კავშირების გაძლიერების დროა. პარტნიორთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს.

კარიერა — ამბობენ, რომ ეშმაკი დეტალებშია, ამიტომ წარმატების მისაღწევად ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ჯანმრთელობა — გირჩევთ ძილის რეჟიმს ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ კარგი დასვენება მნიშვნელოვანია.

ფინანსები — შესაძლებელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი.

სასწორი

სიყვარული — თქვენი ქარიზმა საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. თქვენი ოცნების ადამიანი სადღაც ახლოა, მთავარია დროულად შენიშნოთ.

კარიერა — თქვენი დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ საჭირო კავშირები დაამყაროთ.

ჯანმრთელობა —იოგა ან სუნთქვითი ვარჯიშები თავს გაცილებით უკეთ გაგრძნპბინებთ.

ფინანსები —ხელსაყრელი დღეა ფულის განათლებაში ინვესტიციისთვის.

მორიელი

სიყვარული — რომანტიკული შთაგონება გელით. შესაძლოა, ვიღაც სიყვარულში გამოგიტყდეთ ან ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგას.

კარიერა — მონდომება თქვენი წარმატების გასაღებია. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ.

ჯანმრთელობა —ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას ფოკუსირებას. მედიტაცია დაგეხმარებათ, რომ სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის.

შვილდოსანი

სიყვარული — თქვენი ოპტიმიზმი ადამიანებს იზიდავს. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული სიურპრიზები გელით.

კარიერა — თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია. მენეჯმენტი თქვენს ძალისხმევას დააფასებს.

ჯანმრთელობა — ენერგიით სავსე ხართ. შესანიშნავი დროა თავგადასავლებისთვის, მთავარია სარისკო მოქმედებებს ერიდოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

ფინანსები — იღბალი თქვენს მხარეზეა. შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი.

თხის რქა

სიყვარული — თქვენი ურთიერთობა სითბოთი სავსეა. საშუალება გექნებათ, რომ გრძნობები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ.

კარიერა — თქვენი შეუპოვრობა ადამიანებზე დიდ შთაბეჭდლებას ახდენს. სწორედ მისი დამსახურებით მიზნებს მიაღწევთ.

ჯანმრთელობა — უსმინეთ საკუთარ სხეულს. ეს დღე სპა პროცედურებისთვის შესაფერისია.

ფინანსები — ფინანსური სტაბილურობა ოპტიმიზმის მიზეზს გაძლევთ. დაგეგმეთ მომავალი ინვესტიციები.

მერწყული

სიყვარული — დროა, საყვარელ ადამიანს გრძნობები გაუმხილოთ და რომანტიკული პაემანი დაუნიშნოთ.

კარიერა — თქვენი ახალი იდეები შეიძლება ინოვაციური იყოს და კოლეგების მოქონება დაიმსახუროს.

ჯანმრთელობა – შესანიშნავი დროა ფიზიკური აქტივობებისთვის. ცეკვა განწყობას აგიმაღლებთ, კუნთებს გამოაცოცხლებს და სისხლის მიმოქცევას აააქტიურებს.

ფინანსები — შესაძლებელია პერსპექტიული შეთავაზება მიიღოთ. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ და თამამად იმოქმედეთ.

თევზები

სიყვარული — დღე შთაგონებას გპირდებათ. თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან ურთიერთგაგებით და ჰარმონიითაა სავსე.

კარიერა — თქვენი ნიჭი და უნარები გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევს. წარმატება ახლოსაა.

ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობას. შემოქმედებითი საქმიანობა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვების დასაგეგმად.

ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, ეს კარგად იცოდეს ყველამ! -ირაკლი ზარქუა

ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, ეს კარგად იცოდეს ყველამ! – პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატური ქართველებისგან!, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს და აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს მოქალაქესა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რასაც ზარქუა „პროვოკატორების მიერ დადგმულ სპექტაკლს” უწოდებს.

„თუ ასე განიცდიან მიტინგის ამბებს და დაპატიმრებულ მეგობრებს“, მაშინ დასასვენებლად რა უნდათ.

„რადგან ასეთი რეაქცია მოყვა, ამიტომ თავს ვთვლი [ვალდებულად] ჩემს ახლობლებს მოვუყვე პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი.. მოკლედ, მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ, უფრო სწორედ, “გაიჩალიჩა” , ასე უფრო მართებული იქნება, ამის თქმა. თავს დაგვადგა საუზმის დროს, მობილურ მომარჯვებული (ასეთ ვიდეოებში ფულს იღებენ, მერე ეს გადედლებული პროვოკატორები) და სანამ პროვოკაციას მოაწყობდა, მანამდე მისაღები მიიღო ჩემგან და შემდეგ, „პოლიცია, პოლიციის“ ყვირილით გავარდა მისაღებში და ამით ამოიწურა დილის ინციდენტი..

ამის შემდეგ გადაგვეკვეთა სასტუმროს შემოსასვლელში და მოვთხოვე პასუხი მაგის საქციელზე საუზმის დროს და მანდაც როგორც სჩვევიათ ამ გადედლებულ კაცუნებს, პოლიციის ძახილით შევარდა სასტუმროში, ხოლო როგორც კი ცოტა დისტანციაზე აღმოვჩნდი, ისევ გამოიქცა გინებ-გინებით ეს კაცმაცუნა, ხოლო ვიდეოს გადაღება დაავალა ეტყობა, მის მიმდევარ აქტივისტს და ასეთი ვიდეოც გამოაცხვეს!

ეს არის რეალობა… ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, ეს კარგად იცოდეს ყველამ!

პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან! ისე, ერთი კითხვა უნდა დავსვა: თუ ასე განიცდი მიტინგის ამბებს.. თუ ასე განიცდით დაპატიმრებულ მეგობრებს, მაშინ დასასვენებლად რა გინდათ? მანდ რატომ არ “ცოტნედადიანობთ” თქვე “ჩუსტებო” თქვენა!! P.s პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა,”იზვინი ბრატ” .. გამოდი და აქაურ “რისეფშენს” ვთხოვ ამოგიკერონ!“ , – წერს ირაკლი ზარქუა.

 გააჩერეთ რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის – პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა -გიორგი გახარია

გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან – ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!”.

„ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები.

გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!

დაინიშნოს ახალი არჩევნები!“, – წერს გახარია „ფეისბუქზე“.

სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში -მეუფე შიო

x

სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. ჯერ კიდევ გრძელდება ის დღეები, ის პერიოდი, რომელსაც საეკლესიო ტიპიკონი ქრისტესშობის შემდგომი დღესასწაულის პერიოდს უწოდებს. ორი ათას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე თავისი სწავლება, მადლი და ძალა.

რატომ ხდება, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის ამდენი ტანჯვა და უბედურება? იმიტომ ხომ არა, რომ მისი სწავლებიდან ჩვენ არ ვიღებთ მთავარს და ყველაზე მნიშვნელოვანს? და იმ საღვთო სიყვარულიდან, რომელიც მან მოიტანა და ჩვენკენ არის მომართული, ჩვენ ვიღებთ ძალიან მცირეს, არ ვეძებთ მას, ნაკლებად ვეძებთ მას და ნაკლებად გვაქვს მისი იმედი, არამედ უფრო იმედს ვამყარებთ ჩვენს ადამიანურ ძალებზე, ამიტომაც ვიტანჯებით.

მაგრამ ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმოდათ, რა მოიტანა ამქვეყნად განკაცებულმა ღმერთმა. გავიხსენოთ თუნდაც აღმოსავლეთიდან მოსული ბრძენი მოგვები. რა მიართვეს მათ უფალს ძღვნად: ოქრო, გუნდრუკი და მური. ეს არის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანმა ღმერთს მიუტანოს.

ოქრო მოიპოვება მძიმე შრომით მიწიდან, რომ შემდეგ გამოიდნოს და გაბრწყინდეს მთელი თავისი დიდებითა და სისუფთავით. ეს ოქრო ყოველი ადამიანის სულშია, ეს არის ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვა და აქტივობა, რომელიც მოიპოვება მძიმე შრომითა და ღვაწლით. ეს შემოქმედებითი აქტივობა და სწრაფვა ფერს უცვლის სამყაროს, ადამიანს, განანათლებს მას თავისი უჭკნობი სულიერი მშვენიერებით. აი, რისი სიმბოლოა ოქრო.

მოგვებმა მიიტანეს ასევე გუნდრუკი. ეს არის სურნელოვანი საკმეველი, რომელიც ყოველთვის სიმაღლისკენ მიისწრაფვის. სიმაღლისკენ სწრაფვაც არის ყოველი ადამიანის სულში, რომ ამაღლდეს, რომ გახდეს ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლა არის. მაშასადამე, გუნდრუკი არის სიმბოლო სიმაღლისაკენ სწრაფვისა და ზეციური სამყაროს ძიებისა.

მოგვებმა ასევე მიიტანეს უფალთან მური. ეს არის ნივთიერება, რომლისგანაც მზადდებოდა სურნელოვანი ნელსაცხებელი. ძველად ხალხში იყო ასეთი ჩვეულება, რომ სურნელოვან ზეთს ან ნელსაცხებელს სცხებდნენ არა მხოლოდ მიცვალებულებს, არამედ ცოცხლებსაც და ამით გამოხატავდნენ სიყვარულს მათ მიმართ. ჩვენც გვაქვს ასეთი წესი, რომ მიცვალებულის წესის აგების დროს ვიყენებთ სურნელოვან ზეთს, ასევე საფლავზე მიგვაქვს ზეთი, რითიც გამოვხატავთ სიყვარულს. აი, ეს სიყვარული არის საღვთო სიყვარულის ანარეკლი ადამიანში, რომელიც ჩვენში ჩადო ღმერთმა, როცა ქმნიდა ადამიანს. ეს სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული. აი, რისი სიმბოლოა მური.

როგორც გითხარით, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯერ კიდევ არ მომხდარა ქრისტესშობის დიდებული დღესასწაულის წარგზავნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ ვდგავართ იმ ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი, შემოქმედი სამყაროსი; ნუ ვიქნებით დამწუხრებულნი, სასოს ნუ წარვიკვეთთ იმის გამო, რომ ვდგავართ ხელცარიელი, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ყველა ადამიანს შეუძლია უფალს მიართვას ის ძღვენი, რომელიც მიიტანეს იმჟამინდელმა ბრძენმა მოგვებმა, რადგან ეს ყველაფერი არის ჩვენში; მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ყველა თვისება, რისი სიმბოლოც არის ოქრო, გუნდრუკი და მური, ჩვენში უნდა გაიხსნას მუდმივი შრომით, მუდმივი ძალისხმევით, ცხოვრების გამოსწორებით და იმ მადლისა და ძალის შეწევნით, რომელსაც გვაძლევს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს წმინდა მეფე დავითი, ფსალმუნთა მთქმელი, წმინდა მოციქული იაკობი, ძმა უფლისა, და მართალი იოსებ დამწინდველი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ. მათი ლოცვით, უფალმა ინებოს, რომ მოწყალებით მიიღოს ჩვენი ძღვენი და ბაგასთან მდგომ თავის დედას და ჩვენს საერთო დედას, ღვთისმშობელს, მიუთითოს ყოველ ჩვენგანზე, როგორც თავის ძმებსა და დებზე, „რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი““, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ამ დიალოგმა კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური – შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას პოლიციელთან საუბარს ეხმაურება

ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიასა და სამართალდამცველს შორის დიალოგს.

ხოშტარიამ პოლიციელს მიმართა: „კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან ჩაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში“. პოლიციელმა კი აღნიშნა: „მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას“.

„ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად – ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სად არის დგებუაძე? ვეძებ, მზიამ რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა, მეც მინდა, გავარტყა -ელენე ხოშტარია

დგებუაძე არის მონა, რომელმაც ბათუმის საამაყო ადამიანი, მზია დააკავა, დააკავა ათი ადამიანი, ის არის მონა. ამ მონასთან მაქვს საქმე და სად არის? ვეძებ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლთან ერთ-ერთ პოლიციელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით.

„ვუყურე ყველაფერს და იმიტომ ჩამოვედი აქ. მოვიდეს დგებუაძე, რადგან მზიამ რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც. დგებუაძეს, რუსის მონას მეც მინდა, გავარტყა. მინდა, რუსის მონას, დგებუაძეს ვაგებინო პასუხი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე. თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები. მე ჩამოვედი, რომ დგებუაძემ და ბესელიამ, რომელიც ემსახურებოდა მონურად ყველა მთავრობას, მისგან მინდა, მოვითხოვო პასუხი. ისინი ემსახურებიან რუსეთს. სად არიან, რატომ იმალებიან? თუ არ იცით სად არიან, პოლიტიკურ დისკუსიას რატომ მიმართავთ? თავის ქვეყანას კონსტიტუციის დარღვევით ემსახურებიან? კონსტიტუციის დარღვევა არ არის ევროპაზე უარის თქმა? თქვენ გინახავთ ნაცემი ადამიანები? დასისხლიანებული ადამიანები? გურამ როგავა ნახეთ? კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან ჩაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში“,- მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს.

რაზეც პოლიციელმა უპასუხა:

„დგებუაძეც, ბესელიაც და ყველა პოლიციელი ემსახურება ქვეყანას. რუსეთს ვინ ემსახურება, ამ საუბრიდან უკეთესად ჩანს. მე, როგორც ქალბატონს, მოგიწოდებთ, მეტად კულტურული იყოთ. კულტურული თუ იქნებით, უკეთესი იქნება თქვენთვის. ძალადობისკენ ხართ მიდრეკილი. ანუ, ეს ძალადობა მოგეწონათ? თქვენ ხართ ტენდენციური, მარტო ის გაინტერესებთ, აქეთ მხარეს რა მოხდა. მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვემსახურები“,- განუცხადა პოლიციელმა ელენე ხოშტარიას.

სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს. პიტერ პელეგრინიმ, კიევში ვიზიტზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა.

მედიის ცნობით, არჩევის შემდეგ პელეგრინი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩასვლას აპირებდა, მსგავსი ვიზიტები მან უკვე განახორციელა ყველა მეზობელ ქვეყანაში.

„კიევში მხოლოდ ფოტოების გადაღების მიზნით წასვლა უადგილოა, ვიდრე რუსეთის ფედერაციიდან გაზის ტრანზიტის საკითხი არ მოგვარდება. მხოლოდ ფოტოს გადასაღებად თუ მომიწევს წასვლა და მეუბნებიან, რომ სლოვაკეთში არცერთი წვეთი ნავთობი და გაზი არ წამოვა, იქ ნამდვილად არ უნდა წავიდე. არავინ გაბრაზდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები საწვავის ფასის ზრდას იწვევს – სანქციების ახალი პაკეტი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ცენტრალურ ევროპას – პიტერ სიიარტო

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ბოლო პაკეტი ენერგეტიკასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ცენტრალურ ევროპას და საწვავის ფასების ზრდას გამოიწვევს , – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„სანქციების ეს ახალი პაკეტი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ცენტრალურ ევროპას, რადგან სანქციების სიაში აქ, ცენტრალურ ევროპაში შედის კომპანია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სერბეთისთვის ნავთობის მიწოდებაში“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სანქციები იწვევს ნავთობისა და გაზის მიწოდების შემცირებას და შეიძლება გამოიწვიოს საწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ცენტრალურ ევროპაში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს განვახორციელებთ ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან უახლოეს დღეებში და კვირებში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ენერგეტიკული სანქციების გავლენა საწვავის ფასების ზრდაზე, რათა დავიცვათ უნგრელი ხალხი და ცენტრალური ევროპის ეკონომიკა. ვიცით, რომ საწვავის ფასების ზრდა არა მხოლოდ უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, აუტანელს ხდის ადამიანების ცხოვრებას, ართულებს მათ ცხოვრებას და ზრდის მათ ხარჯებს, არამედ უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ ეს“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 10 იანვარს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები ასევე შეეხო 183 ტანკერს, მოვაჭრეებს, ნავთობსერვისის კომპანიებს, რიგი ნავთობკომპანიის ხელმძღვანელებს და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს.