Home Blog Page 9

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს.

ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს.

,,ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა”- ომბუდსმენი 

საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და მათ ახლობლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.

„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს – ივანიშვილის რეჟიმის ხელში არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენონ – გიორგი გახარია პია კაუმას

„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.

„გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის უწყვეტ ბრძოლაზე მისი პოტენციური ზეგავლენის გამო“, – აღნიშნულია წერილში.

გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის ხელში, არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის იარაღად გამოიყენონ“.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს, რათა უზრუნველყოთ ის შეესაბამებოდეს დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ერთგულება დიალოგის ხელშეწყობისადმი დაფასებულია, მიმაჩნია, რომ თქვენმა ვიზიტმა და ჩვენმა შეხვედრამ ამ კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიოს დანიშნულ მიზანს“, – აღნიშნულია წერილში.

მე მინდა, უცხოეთში ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსეთის იმპერია მოიქცეოდა – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში უცხოური გავლენა უნდა შემცირდეს, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობამ მშვიდობა აირჩია. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და განაცხადა, რომ აუცილებელია შერიგება და არჩევნების აღიარება.

„მე მინდა, უცხოეთში ამ ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, რომ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსის იმპერია მოიქცეოდა, 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენდეთ რისთვის ავირჩიეთ და ერთობით, ერთად აკეთონ კეთილი საქმე. დიდი შერიგება უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა შევრიგდეთა“, – განაცხადა მეუფემ.

“კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას წერილით მიმართავენ

“კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას წერილით მიმართავენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ „თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას“ და ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიმართავენ პია კაუმას, რომ ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ.

„ქალბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკ ური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მისი მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები. დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას.

თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“, – წერია განცხადებაში.

პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა – მიხაილ როთი

პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნებიდან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებია.

„ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთომ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ , – წერს როთი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

რუსეთმა, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 630-ზე მეტი დრონი, 740-მდე მართვადი ბომბი და 50 რაკეტა გამოიყენა, რომელიც 50 000-ზე მეტ სანქცირებულ კომპონენტს შეიცავდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ თითქმის ყოველდღე ვიცავთ ჩვენს ცას რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან. მხოლოდ წუხელ უკრაინას თავს დაესხნენ Shahed-ის 103 დრონით, რომელიც შეიცავდა უცხოური წარმოების 8 755 კომპონენტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 630-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 740 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 50 რაკეტა – ჯამურად 50 000-ზე მეტი სანქცირებული კომპონენტი, რომლებიც მოპოვებულია მთელი მსოფლიოდან“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, სანქციების ზეწოლა უცხოური კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ არასაკმარისია.

„სანქციების ზეწოლა უცხოური კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ არასაკმარისია. რუსეთი აგრძელებს მისთვის საჭირო კომპონენტებისა და საწარმოო ინსტრუმენტების შეძენას – თითქმის გლობალურად – და იყენებს მათ იარაღში, რომლითაც უკრაინას ატერორებს. უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობის გაძლიერება ყველა ჩვენს პარტნიორთან სანქციების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და ჩვენი მეომრების მხარდაჭერის საკითხებზე. ეს პრიორიტეტები დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი ქალაქები, სოფლები და პოზიციები ფრონტის ხაზზე“, – წერს ზელენსკი.

ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ტრაგედია ოკუპორებულ გალში

ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჩოლარიების სახლში გაჩნდა.მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს.

შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.

პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო – რასა იუკნევიჩიენე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 23 თებერვლამდე გეგმავს – გერმანიის ოპოზიცია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერმა უსაფრთხოების საკითხებში, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა.

„სულ უფრო მზარდი ნიშნებია ჩნდება იმისა, რომ 23 თებერვლამდე კანცლერი შოლცი მოსკოვში გაემგზავრება, ან პუტინს შეხვდება. უკრაინისთვის დაგეგმილი გეგმების განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს პარიზის ქარტიის 10-20 წლით შეჩერებას. საჩვენებელი იქნება, როგორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე უკრაინის მოსახლეობას თუ ჩვენს მეზობლებს“, – აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მარტშია დაგეგმილი.

„ამიტომ ყველამ თავისი დასკვნა გამოიტანოს ამ საკითხზე“, – დასძინა როდერიხ კიზევეტერმა.

მისი თქმით, არ უნდა მიიღონ შეთანხმებები, რომელიც უკრაინის ხარჯზე ხდება.

„ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ და დავუშვათ ეგრეთ წოდებული „ნორმანდიული შეთანხმებები“, რომელიც ხდება უკრაინის ხარჯზე და არ უნდა მივიღოთ ე.წ. „შეთანხმებები“. ჩვენ ასევე არ უნდა მივიღოთ ეგრეთ წოდებული „მოსკოვის მეკავშირეები“ ჩვენს რიგებში!“ , – აღნიშნა გერმანიის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

იმერეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში როგორც კანცლერის თანამდებობას, ისე პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს.

BBC-ის ინფორმაციით, კარლ ნეჰამერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. ავსტრიის კანცლერის თქმით, მისი პარტია – კონსერვატიული „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ მთავარ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

სექტემბერში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ ავსტრიის არჩევნებში უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სხვა პარტიებმა პარტიის ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან კოალიციის შექმნა გამორიცხეს. კერძოდ, „თავისუფლების პარტიამ“ სექტემბრის არჩევნებში ხმების თითქმის 29% მოიპოვა, „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 26,3%-ით, ხოლო „სოციალ-დემოკრატები“ – მესამეზე, ხმების 21%-ით.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მოლაპარაკებების ჩაშლამ შეიძლება გამოიწვიოს კონსერვატორების მოლაპარაკება ულტრამემარჯვენეებთან, ან ახალი არჩევნების ჩატარება.

BBC-ი წერს, რომ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „თავისუფლების პარტია“, სავარაუდოდ, მიესალმება ახალ არჩევნებს, რადგან გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისი პოპულარობა სექტემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.