Home Blog Page 9

ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა

„გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და Starlink-ის ჩამნაცვლებელი არ არსებობს“ – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.

ამ კომენტარით მასკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.

„უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის საკითხის გარდა, თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ.

სიკორსკი ამ განცხადებით ილონ მასკს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავდა, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია.

გასულ წელს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში Starlink-ის დაახლოებით 42 000 ტერმინალი მუშაობს. მათგან დაახლოებით ნახევარს პოლონეთი აფინანსებს, რაც უკრაინის სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს.

როგორი ამინდი იქნება 10 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 

ტრამპი: ვფიქრობ, რუსეთთან მიმართებით ძალიან მკაცრი ვიყავი, იმაზე მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე მკაცრი, – ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება The Independent.

„ვფიქრობ, რუსეთთან მიმართებით ძალიან მკაცრი ვიყავი. იმაზე მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა რუსეთის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მადლირი არ არის. 

ამერიკელი ლიდერის თქმით, „ზელენსკი ჭკვიანი ბიჭია და ბაიდენს ამ ქვეყნიდან ფული წაართვა“.

„არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია“, – დასძინა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული მილსადენი Nord Stream 2 მან შეაჩერა.

„არ დაგავიწყდეთ, რომ მე ვარ ის, ვინც რუსული მილსადენი Nord Stream 2 გააჩერა, მე შევაჩერე. მე დავადე სანქციები რუსეთს, მე მივეცი ჯაველინები რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან ხისტი ვიყავი, მაგრამ პუტინის კარგად მესმოდა.  ამას, პირველ რიგში, პუტინი იტყოდა – ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა და ბაიდენი არ ყოფილა. ბაიდენმა არაფერი გააკეთა, ის სუსტი, პათეტიკური კაცი იყო.

რუსეთის მიმართ ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა, არავინ და მათ ეს იციან. უბრალოდ შეხედეთ, რაც ახლა ჩამოვთვალე. მილსადენი – მე გავაჩერე. ყველაზე დიდი საქმე, რაც მათ გააკეთეს, მილსადენი იყო: Nord Stream 2. არავინ იცოდა ამის შესახებ, სანამ მე არ მოვიდოდი – ბედნიერად აშენებდნენ, მიწოდებას აპირებდნენ გერმანიისთვის და ევროპაში ყველასთვის – და რა გავაკეთე? მე შევაჩერე. ყველაზე დიდი ეკონომიკური საქმიანობა, რაც ოდესმე ჰქონიათ, მე გავაჩერე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ინტერვიუს დროს პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ისრაელსაც და უკრაინასაც თანაბრად ექცევა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტები „ძალიან განსხვავებულია“, რადგან ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის იყო თავდასხმის ქვეშ.

მაიკ ჯონსონი: ზელენსკიმ ბოლო დღეებში მკვეთრად შეცვალა პოზიცია და ბოდიში მოიხადა ყველაფრისთვის

ბოლო დღეებში უკრაინამ საგრძნობლად შეარბილა თავისი პოზიცია წიაღისეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც The Hill ციტირებს.

„ძალიან მადლობელი და მოხარული ვარ, რომ ზელენსკიმ შეცვალა თავისი პოზიცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მან ძირითადად ბოდიში მოიხადა ამ ყველაფრისთვის. და მან თქვა: „არა, ჩვენ მაინც გვსურს ეს გარიგება“, – აღნიშნა ჯონსონმა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, უკრაინელებს „აწუხებდა“ ის, რაც ერთი კვირის წინ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ნაწყენები ვიყავით, მაგრამ ის მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა ჯონსონმა.

წიაღისეულის შეთანხმება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ტრამპმა განაახლოს უკრაინის დახმარება – NBC News

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად განუცხადა თავის თანაშემწეებს, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის ხელმოწერილი წიაღისეულის შეთანხმება საკმარისი არ იქნება უკრაინასთან დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების აღსადგენად, – ამის შესახებ NBC News-ი ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.

ტრამპს სურს, რომ ქვეყნებმა შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს უკრაინის წიაღისეულის რესურსების წილს მისცემს, ხელი მოაწერონ. მაგრამ მას, ასევე, სურს შეიცვალოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დამოკიდებულება სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ, მათ შორის, რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიის დათმობის მზაობის გამოხატვა.

ამავდროულად, აშშ-ის წარმომადგენლისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს არ აქვს მინიშნება იმისა, რომ დაზვერვის გაზიარების შეწყვეტამ პირდაპირ იმოქმედა რუსეთის თავდასხმებზე. მათ განაცხადეს, რომ ეს დიდი თავდასხმები სავარაუდოდ დაგეგმილი იყო დაზვერვისა და დახმარების გადაცემის შეწყვეტამდე.

როგორც მედია წერს, ამავდროულად, ორივე ოფიციალური პირი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, ისევე როგორც დაზვერვის გაზიარება, შეიძლება განახლდეს მომავალ კვირაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ აგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვის დაზვერვის გაზიარებას – ეს არის ინფორმაცია, რომელიც ეხმარება უკრაინას თავდასხმებისგან თავის დაცვაში. მაგრამ ისინი არ აწვდიან ინფორმაციას რუსული სამიზნეების დამიზნების შესახებ.

ლორა თორნტონი – „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში

[დემოკრატიის] ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა „ამერიკის ხმასის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტში „მედიის შესახებ კანონის” ინიცირებას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ეს არის თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა.

„ამაზე ნამდვილად ძალიან ვღელავ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები [რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ზღუდავს]. ვფიქრობ, ნათელია, რომ ესაა თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით, არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე, საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით, მათ ხელშია.

[დემოკრატიის] ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა [რუსეთში], რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება.

ვფიქრობ, დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებდა, ახლა გაქრა. ასე რომ, ვფიქრობ სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება არა მარტო კანონმდებლობა, რომელიც საგარეო დაფინანსებას კრძალავს, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარი არაა, როგორ უნდა მივიდნენ [მედიები] ადგილობრივ დონორებთან, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება მოხდეს და ა.შ. ვფიქრობ, ბევრ მედია საშუალებას და ჟურნალისტს დაფინანსების ადგილობრივად მონახვა მოუწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება“, – განაცხადა ლორა თორნტონსმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპის გადაიარაღების გეგმამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა

ჩვენს ირგვლივ სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. გეოპოლიტიკური ძვრები არყევს ალიანსებს. ათწლეულების წინანდელი უტყუარობა იშლება. და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სასტიკი ომი, რომელიც მძვინვარებს ჩვენს საზღვრებთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2024-2029 წლების კომისიის მუშაობის პირველი 100 დღე შეაფასა.

„ტურბულენტური დროის მიუხედავად, ეს კომისია ეფექტურად მუშაობს. პირველივე დღიდან ჩვენ დავრჩით იმ კურსზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში და რომელიც სამ საყრდენს ეფუძნება – კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. მანდატის მიღებიდან 100 დღის შემდეგ მხარს ვუჭერთ ევროპულ არჩევანს პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპის გადაიარაღების გეგმამ, რომელიც არის 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის, ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.

„მიმდინარე კვირამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოუტანა ევროპის გადაიარაღების გეგმას (REARM Europe) – 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის. ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი. მთელი ძალით წავწევთ წინ REARM Europe-ის გეგმას. მის უკან მდგომი იდეაა : ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სრული პოტენციალი კონკრეტული საფრთხეების წინაშე და თუ შევძლებთ გავერთიანდეთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია ან კანადა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მესამედ გამოიძახა პოლიცია. მათი განმარტებით, თუ ისინი შენობას არ დატოვებდნენ, ამ შემთხვევაში მათ დაკავება ემუქრებოდათ, ამიტომაც სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა არ გვიკვირს, მაგრამ ამ დღეს მოხდა რაღაც გარდამტეხი. ჩვენ გვაიძულეს, რომ დაგვეტოვებინა ის სივრცე, საიდანაც ვაჟღერებდით ჩვენს ხმას, მაგრამ ვთვლი, რომ აქედან გამომდინარე, არაფერი არ იცვლება. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

,,პუტინის ინტერესები საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი”- ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა და ევროკავშირმა სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

ქადაგიძის განცხადებით, პუტინის ინტერესები რაც არის, საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუმცა, საინტერესოა, კაია კალასმა როდიდან გაარკვია რუსეთის პრეზიდენტის ინტერესები.

„პუტინის ინტერესები რაც არის, ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ ქალბატონო, ყველა სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა როცა დაბლოკეთ, სამი წლის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირეთ და სანქციების პარალელურად – თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნესს რომ აწარმოებდა თუ მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სარკეში ჩაგახედათ და საკუთარი ბინძური პოლიტიკა დაგანახათ?

რომელი უფრო დიდი ნაძირალაა – ეს ესტონელი „ჩარჩი“ თუ ტერორისტების დაქალი, გერმანელი „ენჯეოშნიცა“ – ბერბოკი? – საკითხავი ეგ არის“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ჩინეთი, რუსეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთის, ირანის და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მარტში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ, – ინფორმაციას სააგენტო Xinhua ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება, სახელწოდებით „უსაფრთხოების სარტყელი-2025“, დაგეგმილია ირანის ჩაბაჰარის პორტის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე.

სწავლების გეგმა მოიცავს წვრთნებს საზღვაო დარტყმის სამიზნეებზე, დაზიანების კონტროლს, ასევე, ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, წვრთნების მიზანია, სამხედრო ურთიერთნდობის გაძლიერება და მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავება.

ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს, ჭკვიანად იყვნენ – მეუფე იაკობი

ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს ჭკვიანად იყვნენ, – განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

„როდესაც მსოფლიოში ამდენი არეულობაა და ამ პატარა საქართველოსთვის იცლი, ან მართლა ქრისტე უნდა იყო, ან – დიდი ინტრიგანი. გამეცინა, გუშინ ვნახე შვედეთიდან უთანაგრძნეს [პროტესტის მონაწილეებს]. ჩვენზე ძალიან ვინ ვის უნდა უთანაგრძნოს?! შეეშვით ჩვენთან არევ-დარევის შემოტანას. ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებთ. ქართველებიც გარე-გარე რომ დარბიხართ, გარეთ ვინ გიშველით?! თანამდებობები გინდათ და რას აწვალებთ, რას არბენინებთ ხალხს ქუჩაში?! მინდა უცხოელებს ვუთხრა, თავიანთ ერებს მიხედონ და ჩვენთან თუ კეთილი ურთიერთობა უნდათ, შეგვეშვან. ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს, ჭკვიანად იყვნენ“, – აღნიშნა მეუფემ.

Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთმა, ამ კვირის განმავლობაში, ჩვენს ხალხზე სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 1 200-მდე მართვადი საჰაერო ბომბი, 870-მდე დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.

„Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს. ეს იარაღი მოიცავს 82 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებების მიღება სიცოცხლის გადარჩენის მიზნით: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები ჩვენს თავდაცვით წარმოებაში და სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიან მშვიდობასთან დასაახლოებლად და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ზელენსკი.