Home Blog Page 9

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდი და მუშაობისთვის შესაფერისი დღეა. დიდი ალბათობით, დაუსრულებელ დავალებებს დაუბრუნდებით, რათა ახალ წელს „ვალებით“ არ შეხვდეთ, თუმცა გაითვალისწინეთ – რაც უფრო მეტად იჩქარებთ, საქმეს უფრო მეტად გაირთულებთ. ყურადღება მიაქციეთ, რას და როგორ აკეთებთ და შესრულებული სამუშაო გულდასმით შეამოწმეთ. საღამოს მოსალოდნელია ზარი ან შეტყობინება ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანი არ გინახავთ. გირჩევთ, ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით, თქვენთან დაახლოების საშუალება არ მისცეთ.

კურო

გარკვეული სირთულეები გელით, თუმცა არც ისე სერიოზული, როგორც შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ. გირჩევთ მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ. ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა, თქვენი ენერგეტიკის ქვეშ ყოფნა სიამოვნებთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი დამრიგებელი გახდეს და მოძრაობის მიმართულება გიკარნახოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადამიანების დახმარებას ეხება. სიკეთე და ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ არც საკუთარი საჭიროებების შესახებ უნდა დაივიწყოთ. გირჩევთ, ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გადაიტანოთ. არ არის საჭირო მომავალზე ფიქრი, როცა თავზე დაუსრულებელი საქმეები გაყრიათ. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ, ეს დანაკლისი აანაზღაუროთ.

კირჩხიბი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ცნობისმოყვარე ხართ, ცდილობთ სხვების მუშაობას თვალი ადევნოთ და საჭირო ინფორმაცია და გამოცდილება მიიღოთ. იპოვოთ. თავი შეიკავეთ კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობისა და სტუმრების მიღებისგან, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. პირად ცხოვრებაში საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ.

ლომი

ის, რაც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ, დღეს შეიძლება განხორციელდეს. კარგი დღეა თანამოაზრეებთან შესახვედრად. ამ ადამიანების მხარდაჭერით, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. მათ იციან, რომ ჭკვიანი, საქმიანი და შრომისმოყვარე ხართ და ბევრი რამ შეგიძლიათ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეიძლება ფული უხარისხო ნივთებში გადაიხადოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ ვიღაც თქვენთვის ხელის შეშლას ეცდება.

ქალწული

ამ დღეს პარტნიორებთან, თანამშრომლებთან, კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობაში თქვენი სიტყვის უთქმელად ესმით, რაც მუშაობის შედეგზე დადებითად აისახება. ზოგ ქალწულს რომანტიკული ნაცნობობა ელის, რომელსაც საინტერესო გაგრძელება ექნება. კარგი დროა ოჯახის წევრებთან ერთად შოპინგისთვის. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ, თუმცა დამნაშავე თავად იქნებით.

სასწორი

არასტაბილური ემოციური ფონის გამო ზოგჯერ ძალიან დაბნეული, ზოგჯერ კი მეტისმეტად თავდაჯერებული ხართ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს რაღაც ისეთი გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. ასეთ დროს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იქნება – დაფიქრდით, იქნებ თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, ვისაც თქვენი მოსმენა და რჩევის მოცემა შეუძლია.

მორიელი

ნუ იქნებით ეჭვით შეპყრობილი – ამით შეიძლება შეურაცხყოთ ის ადამიანი, ვონც თქვენში მეგობარს და თანამოაზრეს ხედავს. ნუ უპასუხებთ კრიტიკას აგრესიით, ჯობია დაფიქრდეთ, იქნებ კრიტიკა სამართლიანია? ნუ მოჰკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიათ, რადგან ეს მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. ზოგადად, გადაღლა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს.

მშვილდოსანი

ემოციებით სავსე ხართ, ხმაური გააღიზიანებთ, სიწყნარეში განმარტოება და მშვიდად მუშაობა გსურთ. ხანდახან გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენი ნერვების მოშლას და მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობს. ყველაფრის მიუხედავად, კრიტიკულ სიტუაციებში კონცენტრირებას და აქტიურად მოქმედებას შესანიშნავად ახერხებთ.

თხის რქა

კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევმა და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. არ არის გამორიცხული, რომ ძველი, გამოცდილი ნაცნობის რჩევა დაგჭირდეთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
იმ ადამიანთან, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

მერწყული

თუ დროს არ დაკარგავთ და დილიდან მოქმედებას დაიწყებთ, სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც საქმიან თუ პირად ცხოვრებაში საბედისწერო იქნება. დროა, წარსული შეაფასოთ და მომავალი დაგეგმოთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები რეალობას და შესაძლებლობას შეუთავსოთ.

თევზები

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. ადამიანებთან საერთო ენის პოვნას ადვილად ახერხებთ, განსაკუთრებით – არაფორმალური შეხვედრების დროს. საქმიან ქაღალდებთან და სამთავრობო უწყებებთან მუშაობა ნაყოფიერი იქნება, მაგრამ არც დასვენების შესახებ დაივიწყოთ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას – ეს შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.

 თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში მიიღოს წვლილი, თუ ამას არ აკეთებს, ჩვენი მიზანი იქნება, ჩამოიშალოს ხელისუფლება -გიორგი ვაშაძე

კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ, რა გარემოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ ნდობა ჰქონდეს საზოგადოებისგან და ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეული გვაქვს, რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ ნორმალურად ჩატარდეს არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვაშაძის თქმით, საკონსტიტუციო ჩარჩოს მხოლოდ ახალი არჩევნები დააბრუნებს.

„პოლიტპატიმრები გასათავისუფლებელია რაც შეიძლება სწრაფად. შეხვედრაზე ორგანიზაციულ მექანიზმზეც ვესაუბრეთ, 29-მდე თუ 29-ის შემდეგ, რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდნეტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. პროტესტი უნდა გაგრძელდეს. დიდი მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც მონაწილეობს. ხვალ შევხვდებით და განცხადება როდის გაკეთდება, ჩამოვყალიბდებით. ორგანიზაციულ მექანიზმზე სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს, რა მექანიზმი იქნება, რომელიც წარმართავს ზოგადად იმ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს, რომელიც სჭირდება საქართველოს, რომელიც დაელაპარაკება საქართველოს ფარგლებს გარეთ პარტნიორებს. თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში თვითონაც მიიღოს წვლილი. თუ ამას არ აკეთებს, ჩვენ ასეთ შემთხვევაში გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა, ეს სხვა რეჟიმი ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი იქნება, ჩამოიშალოს ხელისუფლება, ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

“საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი, ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, „საახალწლო სოფელში“ შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.

ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„„საახალწლო სოფელში“ უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და მილოცვისთვის. საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდება სხვადასხვა სფეროში. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მომავალ კონტაქტებზე ახალი წლიდან“, – აღნიშნულია აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინამ მიიღო პირველი გრანტი, რომელიც უზრუნველყოფილია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით

უკრაინამ მიიღო პირველი გრანტი, რომელიც უზრუნველყოფილია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 1 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადეს უკრაინის ფინანსთა სამინისტროში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ტრანში დაგეგმილი 20 მილიარდი დოლარიდან, რომლის გადაცემასაც შეერთებულ შტატები „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგბლებში აპირებს. 

დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს -ზაალ ანჯაფარიძე

დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, IRI-მ ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა.

“რომ შეხვიდეთ IRI(საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) ვებგვერდზე ნახავთ, თუ როგორ ტრაბახობს 50 ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვებით, არჩევნების “სწორად” ჩატარებაში დახმარებით და ა.შ. ანუ, IRI რომ იტყვიან “ეტენება” ქვეყნებს, ისინიც “იტენიან.” სამწუხაროდ, ჩვენც ასე შევიტენეთ ბევრი წლის წინ ეს ორგანიზაცია და ისიც ფეხიდან თავზე აგვაცოცდა, და მეტს და მეტს ბედავს. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა. მას მყისიერად ბანი მისცეს. ვინ? რა თქმა უნდა ბალტიელმა მინისტრებმა. დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში.

სინამდვილეში, IRI-ს ეს ოპუსი, ისე როგორც მისი რეალობას შეგნებულად აცდენილი გამოკითხვები, ხანდახან თუ გაგვახსენებენ თავს როგორც სიყალბის კარგი ნიმუში.

ისე ხომ არ დადგა დრო IRI-ს შევახსენოთ რომ აქედან მისი წასვლაც შეიძლება უზრუნველვყოთ, ისევე როგორც თავის დროზე მოსვლა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

პარლამენტის დათხოვნა და ახალი თარიღის გამოცხადება არ მიმაჩნია სწორად, ჩვენ მოგვიწევს 29-ის მერეც საპროტესტო პროცესებში ყოფნა -თამარ ჩუგოშვილი

29 დეკემბერს არაფერი მთავრდება, შეიძლება, პირიქით, უფრო მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყოს, ეს არის აქ მთავარი, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ 29-მდე ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ჩვენ საარჩევნო პროცესში გადავალთ, – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ჩუგოშვილის თქმით, ახალ არჩევნებამდე ბევრი რამეა გასაკეთებელი.

„ჩვენ მოგვიწევს 29-ის მერეც საპროტესტო პროცესებში ყოფნა. ეს მარტივი არ არის. ბრძოლა გასაგრძელებელია. ეს პარლამენტი რომ არალეგიტიმურია და გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს უკვე ცხადია, ყველამ იცის. დათხოვნა და ახალი თარიღის გამოცხადება მე პირადად არ მიმაჩნია სწორად და არ ვფიქრობ, რომ ეს არის გამოსავალი და საჭირო. ბევრი სხვა რამ არის მანამდე გასაკეთებელი, ვიდრე ახალი რიცხვები დადგინდება. ეს არის პროტესტის სხვადასხვა ფორმები, პარტიების უფრო მეტი კონსოლიდაცია და საზოგადოებრივი ჯგუფებისგან კიდევ უფრო მეტი კრეატივის შემოტანა. არის მნიშვნელოვანი ელემენტი ბიზნესი. ეკონომიკა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კრიზისში. ძალიან ბევრი ბიზნესია, რომელიც აფიქსირებს ღიად თავის პოზიციას და ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვერაფერს უხერხებენ „ეუთოს“ დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ – ზურაბ ქადაგიძე IRI-ს დასკვნაზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო არჩევნებზე IRI-ის დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის გასაბათილებლად გამოაქვეყნეს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამით ვერც „ეუთოს“ მისიას ჩაანაცვლებენ და ვერც რეალობას შეცვლიან.

„ვერაფერს უხერხებენ „ეუთოს“ დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ.

რესპუბლიკური ინსტიტუტის, ყველა ბოლო კვლევა, რომ 10%-იანი ცდომილებით ხასიათდებოდა და სოციოლოგიის მაგიერ, აზრის ფორმირებას ემსახურებოდა, ჰგონიათ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ?!

26 ოქტომბრის არჩევნების მაღალი აქტივობა და სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, მიუხედავად სამი ვადისა, სწორედ ორმაგმა სტანდარტებმა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უბრალოდ, უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც “IRI”-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

ამიტომაც გამოაგორეს ახლა, რომ რამენაირად „ეუთოს“ დასკვნა გააბათილონ.

რეალობა ერთია – მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ კონკრეტულად, მკაფიოდ დადო დასკვნა, რომ არჩევნები შედგა.

ახლა, რამდენიც გინდათ იჟონგლიორეთ, ვერც „ეუთოს“ მისიას ჩაანაცვლებთ და ვერც რეალობას შეცვლით.

ხვალ „NDI“ გამოვა და დაგვმოძღვრავს, ზეგ ალბათ, “ჰელსინკის კომისია” და ასე გააგრძელებენ ყეფას…არა და ქართული ქარავანი კარგა ხანია თავის გზას გაუყვა !”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

ასევე, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

დოკუმენტის თანახმადვე, ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივების სარგებლითაა უზრუნველყოფილი. ეს არის დაგეგმილი 20 მილაირდი დოლარის პირველი ტრანში, რომლის გადმოცემასაც აშშ “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში აპირებს. მადლობელი ვართ ამერიკელი პარტნიორებისა და მსოფლიო ბანკის სამართლიანობისკენ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. ველით, რომ მოხდება ყველა რუსული სუვერენული აქტივის კონფლისკაცია და უკრაინის აღსადგენად გამოყენება”, – წერს შმიგალი.

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, – ამის შესახებ ექიმმა ხათუნა ხუფენიამ 16 წლის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის თქმით, პაციენტის მკურნალობა რეანიმაციულ დეპარტამენტში გრძელდება.

„ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ ჩვენს კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში”, – განაცხადა ხათუნა ხუფენიამ „რუსთავი 2-თან“.

ინფორმაციისთვის, თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს, რომელიც ასევე, მოზარდია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა „არბიტრმა“ დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა – დავით ქართველიშვილი

„ველოდებოდი IRI-ს „შეფასებას“, უფრო სწორედ ეუთო/ოდირის ისედაც კრიტიკული დასკვნის ინტერპრეტირებას – მისი „კოშმარიზაციისა“ და „დემონიზაციის“ კუთხით. ეს ხომ სწორედ ის მკვლევარი კომპანიაა, რომლის არც ერთი წინასაარჩევნო პროგნოზი მინიმალურად ადეკვატურ ცდომილებასთან ახლოსაც კი არ იყო“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, არაერთ თავმოყვარე სახელმწიფოში, IRI-ს „ობიექტურობასა“ თუ „პროფესიონალიზმის“, მათ მიერ გამოყენებული კვლევების მეთოდოლოგიისა თუ სიზუსტის, მიღებული შედეგების ინტერპრეტირების მიმართ უამრავი კითხვები წარმოშვეს.

მისივე თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა “არბიტრმა” დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა.

„სიმართლე გითხრათ – ველოდებოდი IRI-ს „შეფასებას“, უფრო სწორედ ეუთო/ოდირის ისედაც კრიტიკული დასკვნის ინტერპრეტირებას – მისი „კოშმარიზაციისა“ და „დემონიზაციის“ კუთხით. ეს ხომ სწორედ ის მკვლევარი კომპანიაა, რომლის არც ერთი წინასაარჩევნო პროგნოზი მინიმალურად ადეკვატურ ცდომილებასთან ახლოსაც კი არ იყო. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ახერხებს ერთ და იგივე რესპოდენტებთან პატრიარქის 90%-იანი პოპულარობა, NATO-ში გაწევრიანების 85%-იანი მოლოდინი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მოსახლეობის მხოლოდ 18%-იანი ინტერესი გააერთიანოს.

არ იფიქროთ, რომ მას მხოლოდ საქართველოში აქვს „სამიზნე“ მორყეული. 2021 წელს ყირგიზეთში ჩატარებული კვლევებით, IRI-მ დააფიქსირა მოქმედი პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის მიმართ მოსახლეობის ნდობის კლება სულ რაღაც 9 თვეში 51%-დან – 32%-მდე, რამაც ყირგიზეთის ოპოზიციაშიც კი გაკვირვება გამოიწვია. ანალოგიური პოლიტ-კონიუქტურული კვლევებით IRI-მ თავი დაამახსოვრა სომხეთსაც, სადაც 2023 წელს კვლევის შედეგებმა დააფიქსირეს გამოკითხულთა შორის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეთა 56%, მაშინ როდესაც ყველა პარალელური და ობიექტური კვლევებით ამ ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა რიცხვი 80%-ს წარმოადგენდა.

ამ და სხვა მაგალითებმა არაერთ თავმოყვარე სახელმწიფოში, IRI-ს „ობიექტურობასა“ თუ „პროფესიონალიზმის“, მათ მიერ გამოყენებული კვლევების მეთოდოლოგიისა თუ სიზუსტის, მიღებული შედეგების ინტერპრეტირების მიმართ უამრავი კითხვები წარმოშვეს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა „არბიტრმა“ დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა“, – წერს ქართველიშვილი.