Home Blog Page 9

გვარამია, სააკაშვილი, ზურაბიშვილი კატეგორიულად აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რუსული პროექტია, ამ შემთხვევაში მათ არავინ აკრიტიკებს -ვოლსკი

გვარამია, სააკაშვილი და სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რუსული პროექტია. ამ შემთხვევაში მათ არავინ აკრიტიკებს. მხედველობაში მყავს ის საზოგადოება, რომელიც საპროტესტო აქციებზეა გამოსული და მხარს უჭერენ მათ დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პოზიციასთან დაკავშირებით გააკეთეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საინტერესო განხილვები ჰქონდა იმ საკითხების თაობაზე, რომელიც დღეს რეგიონის, საქართველოს წინაშე დგას.

„მან თავის პლატფორმაზე გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ოპოზიცია, უმრავლესობა, ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომელსაც შეხვდა და საკმაოდ ვრცელი, საინტერესო განხილვები ჰქონდა იმ საკითხების, პრობლემების თაობაზე, რომელიც დღეს მსოფლიოს, რეგიონის, საქართველოს წინაშე დგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეუთო-ს 17 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ეუთო-ს 17 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ეუთო-ს 17 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადება ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ნიდერლანდების წარმომადგენელმა წარადგინა.

განცხადების ხელმომწერები არიან ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.

„ჩვენი ქვეყნები სამ ათეულ წელზე მეტია, საქართველოსა და ქართველ ხალხთან პარტნიორობის ერთგულნი არიან. ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს მთავრობებთან საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ქართველი ბავშვების განათლების გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ახორციელებენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით.

ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის თვითნებურ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას, რათა გააჩუმოს თავისი კრიტიკოსები. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და თვითნებური დაკავებებისგან თავისუფლების პატივისცემის შესახებ ეუთო-ს საერთო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ რეპრესიული, გადამეტებულად ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერები და სხვები, რომლებიც დააკავეს თავიანთი უფლებების მშვიდობიანი გამოყენებისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები ასევე პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

როგორც ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები, ჩვენ შევისწავლით ყველა მექანიზმს ეუთო-ს კონტექსტში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს. ჩვენი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს სანქციების დაუწესა. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სანქციები ასევე დაუწესდათ სულხან თამაზაშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და ალექსანდრე დარახველიძეს.

სანქციები მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ეს პირები პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობდა საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებას.

ამასთან, შსს-ის მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოც.

„გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე. ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებულ ხუთ პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის.

დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს. განცხადება მოჰყვა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდოს ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან.

„დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება.ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამმიმ.

დღეს სანქცირებული პირები არიან: ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი; ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი; მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მიერ. გაერო-ს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), რომლის წევრიც საქართველო თავად არის, შეკრების თავისუფლების ასეთ ჩახშობას სერიოზული დარღვევა უწოდა. ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 20 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8023 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9248 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9416 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0168 ლარი შეადგინა.

სიყვარული არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება – სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს – მეუფე შიო

სიყვარული არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება. სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებაზე განაცხადა.

მან მრევლს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ წმინდა ნიკოლოზის ღვაწლზე და იმაზე, თუ რა გვიანდერძა მან ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მისი ცხოვრებიდან, მისდამი დაწერილი ლოცვებიდან, დაუჯდომლიდან ჩვენ ვიგებთ, რომ იგი ქადაგებდა სიმდაბლეს და თვითონაც უაღრესად მდაბალი ადამიანი იყო. აი, მის ტროპარში ასეთი სიტყვებია: „ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე“; წმინდა ნიკოლოზი ჩვენც მოგვიწოდებს სიმდაბლისკენ, რადგან წმინდა წერილი ასე გვმოძღვრავს: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ამ მადლში იგულისხმება სულიწმინდის ძალა და მადლი, საღვთო ენერგია, რომლის მოხვეჭაც არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი აზრი.

ამიტომ ჩვენ სიმდაბლის მცნებას უნდა ვასრულებდეთ ღვთისთვის, იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი ამოცანა, მაგრამ არ გვეგონოს, რომ თავისთავად სიმდაბლე არის მაცხონებელი; ეს საშუალებაა სულის ცხონებისთვის, იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად იყოს თავმდაბალი ან იმდაბლებდეს თავს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ასეთ სიმდაბლეს არ ითხოვს ჩვენგან ღმერთი, არამედ ვინც თავს იმდაბლებს მართებულად, გონივრულად, ის ებრძვის თავის თავში ეგოიზმს, თავისმოყვარებას, პატივმოყვარებას იმისთვის, რომ მოიპოვოს მადლი, რომელზეც იყო საუბარი და ამით გახსნას თავის თავში საუკეთესო, რაც კი მოცემული აქვს ადამიანს და ყველაზე ძვირფასი, ეს არის სიყვარული, იმიტომ, რომ სიყვარული – ეს არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება. ზოგიერთი წმინდა მამა მას უწოდებს ასევე ღმერთის ანაბეჭდს ადამიანში.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ სიყვარულის ნიჭს ვამახინჯებთ, როდესაც მას მივმართავთ ჩვენი თავისკენ, როდესაც ვავლენთ ეგოიზმს, თავისმოყვარებას. ამ თავისმოყვარებაში ვგულისხმობ არა თავმოყვარებას ამ სიტყვის კარგი გაგებით, არამედ საკუთარი თავის მაამებლობას, რაც არის საშინელი ცოდვა, რომელიც ღმერთს გვაშორებს და რომელმაც ღმერთს დააშორა პირველი ადამიანი. ადამში გამოვლინდა ეს – თავის მოყვარება, ეგოიზმი; და მას შემდეგ ამასთან დაკავშირებულია ის მოვლენები, რომლებიც აღწერილია წმინდა წერილში, ბიბლიაში.

იმისთვის, რომ ჩვენს თავში აღვადგინოთ ეს დიდი სიწმინდე, ეს ღვთის ანაბეჭდი, აუცილებლად საჭიროა სიმდაბლე, რადგან, ვიმეორებ, მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმინდის მადლი, რომელიც ხსნის ჩვენში ამ დიდ სიწმინდეს – სიყვარულს და გვაერთებს ღმერთთან. რა თქმა უნდა, სიყვარული არ არსებობს ერთგვაროვანი და ერთნაირი; ჩვენ, ყველას სხვადასხვაგვარად გვიყვარს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს. სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული, როგორც საფუძველი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნიკოლოზობის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

წმინდა ნიკოლოზის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო; წმინდა ნიკოლოზის შემწეობით სრულად გახსნილიყოს ჩვენში სიყვარულის ნიჭი, ღვთის სადიდებლად და ჩვენი სულების საცხონებლად, ამინ,“ – განაცხადა მეუფე შიომ.

მოვუწოდეთ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს, რომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთონ მათ მანდატთან დაკავშირებით და იმ მიზანთან დაკავშირებითაც, რატომაც არიან დღეს საქართველოში – ანა ბუჩუკური

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს დელეგაციამ წასვლამდე მკაფიო განცხადება გააკეთოს, მისი მანდატის და ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებით, რათა „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდის საშუალება არ მიეცეს.

ბოკუჩავას მოლოდინი აქვს, რომ მალე „ქართული ოცნების“ „არასერიოზული, ტყუილებზე აგებული პროპაგანდა საპნის ბუშტივით გასკდება“.

მისივე თქმით, ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ კომპლექსები აწუხებს.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, იმ ტყუილების და პროპაგანდის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს. კერძოდ, თითქოს ამ დელეგაციამ, თუ კი მათ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს] ხელი ჩამოართვა, ნიშნავს რაღაც აღიარებას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ჩვენ მოვუწოდეთ დელეგაციის წევრებს, რომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთონ, მათ მანდატთან დაკავშირებით და იმ მიზანთან დაკავშირებითაც, რატომაც არიან დღეს საქართველოში.

გარდა ამისა, ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, დაკავებული, ნაცემი ადამიანების შესახებ. აღნიშნულის შესახებ დეტალური, დოკუმენტური ინფორმაცია მივაწოდეთ, თავისი ვიდეო/ფოტო მასალით. მათ შორის, დეტალურად ვისაუბრეთ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დაჩქარებული წესით ე.წ. პარლამენტმა მიიღო”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა – ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვას ავრცელებს.

„ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას. მისი მეოხება და მეოხება წმ. იოანე დამასკელის, წმ. ბარბარესი და ღირსი საბა განწმენდილისა, რომელთა ხსენებაც გუშინ და გუშინწინ ვიზეიმეთ, არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

საქართველოს არ დავტოვებ – არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდე – სალომე ზურაბიშვილი

მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს, როგორც კი ქვეყანა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას.

„მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას. მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა „არალეგიტიმური პარლამენტის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი არ უნდა აღიაროს.

„ის, რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, არის, რომ მინიმუმ არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა პარლამენტმა მოპარული არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

„თითქმის ყველა პარტნიორისგან, ერთი-ორის გარდა, ჩვენ მოვისმინეთ მორალური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა. მათ შორის ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ასე რომ, ამ მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირიდან რეაგირება ადეკვატური იყო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, დემოკრატიულ უკუსვლაზე უარესია.

„თქვენ ახსენეთ დემოკრატიული უკუსვლა, ეს არ არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს ამაზე ბევრად მეტია. ეს არის რუსული მოდელის დაწესება საქართველოში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი დემოკრატიული მოდელი იყო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ ნიადაგს სინჯავს, რომელიც არ არის სამხედრო ინტერვენცია, რამაც მათ არ მისცა ის შედეგები, რასაც ელოდნენ იქნება ეს უკრაინაში თუ სირიაში. ისინი რაღაც ახალს ცდიან, რაც ითვალისწინებს არჩევნების ინსტრუმენტად გამოყენებას, რაც მათ თავიანთი მარიონეტების კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს, რათა ამ გზით მიიტაცონ ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიისკენ, ევროპისკენ ისწრაფვიან. ეს არის ის, რამაც ევროპა უნდა შეაშფოთოს, რადგან ეს არის საარჩევნო ომის ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გამოიყენეს და გამოსცადეს, არამედ ამის შემდეგ ვიხილეთ რუმინეთშიც“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორ დაკარგა ემანუელ მაკრონმა აფრიკა – Le Point

აფრიკის კონტინენტიდან საფრანგეთის გაძევებას, რუსეთისა და ჩინეთის გავლენების გაფართოების ფონზე, შორს მიმავალი შედეგები ექნება როგორც ევროკავშირისათვის, ასევე მსოფლიო გეოპოლიტიკისათვის“, – წერს ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი „პუენი“ (Le Point) სტატიაში სათაურით „როგორ დაკარგა ემანუელ მაკრონმა აფრიკა“ (ავტორი – ნიკოლა ბავერე).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სენეგალის პრეზიდენტმა ბასირუ დიომამ ამ სამიოდე კვირის წინათ, 28 ნოემბერს,  ქვეყნიდან ფრანგული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა გამოაცხადა. იმავე დღეს, ფრანგი საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს ვიზიტიდან სულ რაღაც ორიოდე საათში ჩადის მთავრობამ განაცხადა, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი სამხედრო ხელშეკრულება ძალადაკარგულად ითვლება. ეს გადაწყვეტილებები ერთგვარ რგოლებს წარმოადგენს იმ საგარეოპოლიტიკური იძულებითი ხასიათის მქონე კურსისა, რასაც პარიზი ბოლო დროს განიცდის – უფრო ადრე იგივე გააკეთეს მალის, ბურკინა-ფასოს, ნიგერის მთავრობებმა.

აფრიკის ქვეყნებთან საფრანგეთის სამხედრო ხელშეკრულებების ჩამოშლა ერთგვარ „დომინოს ეფექტს“ წარმოადგენს. შევადაროთ: ჯერ კიდევ 2017 წელს დაახლოებით ათი ათასი ფრანგი ჯარისკაცი განთავსებული იყო აფრიკის 9 სახელმწიფოში, „საჰელში“ (საჰარის უდაბნოს გასწვრივ სავანის ზოლში) კი – 5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ოპერაცია „ბარხანის“ ჩარჩოებში. შვიდი წლის შემდეგ კი საფრანგეთის ყოფნა „საჰელის“ ზონაში შემცირდა – 1500 ჯარისკაცამდე ჯიბუტში, 600-მდე – კორ-დივუარში, 300-მდე – გაბონში. ემანუელ მაკრონის მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში თითქმის მთლიანად დაიკარგა ის ეფექტი, რასაც საფრანგეთმა აფრიკაში 70 წლის განმავლობაში მიაღწია – მოხდა ფრანგული დიპლომატიის სტრატეგიული დაცემა.

საფრანგეთის კრახი შეიძლება საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებითა და გავლენის ინსტრუმენტების დაკარგვით აიხსნას. პარიზი იგნორირებდა აფრიკაში მიმდინარე გარდაქმნებს – ინტეგრაციას, საშუალო კლასის ჩასახვას, ახალგაზრდობის სწრაფვას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ… პარიზმა ასევე არ შეაფასა სათანადოდ 21-ე საუკუნის ტირანული რეჟიმების ზრდა – რუსეთის მხრიდან (სამხედრო ძალისა და დეზინფორმაციის გავრცელებით), ჩინეთის (ეკონომიკური ძლიერების მხრივ) თურქეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების (ისლამური რელიგიის გააქტიურებით). მოკლედ, ერთიმხრივ, საფრანგეთმა ვერ განსაზღვრა თავისი შესაძლებლობები და დაუშვა დიდი ნაპრალის გაჩენა ერთი მხრივ, დიპლომატიურ ამბიციებსა და სამხედრო ყოფნას შორის, მეორე მხრივ კი – ფრანგული ბიზნესის, ინვესტიციების და კულტურული კავშირების გაწყვეტით.

ემანუელ მაკრონის მმართველობის პერიოდში საფრანგეთის აფრიკული დიპლომატიის კატასტროფის „ბომბი“ ჯერ კიდევ 2017 წლის 28 ნოემბერს ჩაიდო ბურკინა-ფასოში ვიზიტის დროს, როცა მან უაგადუგუში გამართულ შეხვედრაზე ასე განაცხადა: „მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ გითხრათ, თუ როგორია საფრანგეთის აფრიკული პოლიტიკა. პირდაპირ გეტყვით, რომ საფრანგეთის აფრიკული პოლიტიკა არ არსებობს“. და მართლაც, ემანუელ მაკრონმა თავისი ხელით მეთოდურად გაანადგურა როგორც პოლიტიკა, ასევე კონტინენტზე საფრანგეთის სამხედრო ყოფნა. პრეზიდენტი ყურადღებას არ აქცევდა აფრიკაში საფრანგეთის არმიის ქვედანაყოფების მდგომარეობას, ხელს არ უწყობდა დაზვერვას, რომ დროულად გამოვლენილიყო სამხედრო გადატრიალებების მზადება – ვინ აპირებდა პარიზის „სამეურვეო“ ქვეყნების ხელისუფლებაში მოსვლას. ემანუელ მაკრონის უმოქმედობა იწვევდა რუსული და ჩინური პროპაგანდის გაფართოებას.

საბოლოოდ, აფრიკა თანდათანობით გადადიოდა ავტორიტარული იმპერიების ორბიტაზე – „ბრიკს“-ში (BRICS) ინტერგრაციიდან რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულებების გაფორმებამდე. აფრიკაში რუსული და ჩინური გავლენის ზრდა აშკარად ჩანს: სწორედ აფრიკის სახელმწიფოები უწევენ კრემლს მხარდაჭერას უკრაინასთან ომის დაწყების დროიდან გაროში ყველანაირი კენჭისყრის დროს. სწორედ აფრიკის ქვეყნები არიან აქტიურად ჩაბმულნი პეკინის „აბრეშუმის ახალი გზის“ პროექტში.

შესაძლოა მოსკოვის გავლენას აფრიკაში დროებითი ხასიათი ჰქონდეს (გაჩნდა ეჭვი, რომ სირიაში რუსული ბაზების სავარაუდო გაუქმების გამო რუსეთის გავლენა აფრიკაში შესუსტდება), მაგრამ საფრანგეთს და ევროპას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თავიანთი გავლენები ესოდენ იოლად დაკარგონ. საფრანგეთის ურთიერთობა აფრიკასთან ყოველთვის პრივილეგირებული იყო, თავისი წარმატებებითა და შეცდომებით, რომელიც მეხუთე რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ აქტივს წარმოადგენდა და კინოკულტურაშიც კი აისახა (გახსოვთ ფილმი „პროფესიონალი“ – აფრიკულ ქვეყანაში ფრანგული დაზვერვის აგენტ ჟოსლენ ბომონზე, ჟან-პოლ ბელმონდოს მონაწილეობით?).

საფრანგეთის აფრიკული დიპლომატია უნდა აღდგეს და განვითარდეს. პარიზმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ფრანგულენოვანი (ფრანკოფონური) სამყარო, რომლის მოსახლეობა 2050 წლისათვის თითქმის 700-800 მილიონ მცხოვრებს გადააჭარბებს. საფრანგეთმა უნდა შეცვალოს მიდგომები აფრიკის ქვეყნებისადმი და პირველ ადგილზე სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვა უნდა დააყენოს.

ამ ამოცანის გადაწყვეტა დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, ლინგვისტიკური და კულტურის სფეროებში მუსაობის კოორდინირებით უნდა განხორციელდეს. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს აფრიკის ქვეყნების ინტერესებს, მათ პრობლემებს, მათ უზრუნველყოფას სურსათით, მოწინავე ჯანდაცვითი მომსახურების დანერგვას, განათლებას, ადგილობრივი რესურსების რენტაბელურ, ეფექტიან გამოყენებას, ფინანსურ დახმარებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„ფრანგული აფრიკა“ დიდი ხანია გარდაცვლილია და დამარხული, ხოლო საფრანგეთ-აფრიკის სტრატეგიული პარტნიორობის სილუეტი, სამწუხაროდ, ჯერ ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს.

წყარო

უკრაინა ნატოს წინაშე გამოცდას აბარებს – DikGazete

თურქული პოპულარული გამოცემა „დიკგაზეტე“ (DikGazete) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა ნატოს წინაშე გამოცდას აბარებს: მიზანი – გერმანიის პრეცედენტის გამეორება“ (ავტორი – ჰასან ენეს კარახანი).

უკრაინა ნატოში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის, თუნდაც „ნაწილობრივად“, როგორც ეს თავის დროზე დასავლეთ გერმანიამ მოახერხა. ამას წინათ ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ დასავლეთი გერმანია, საბჭოთა კავშირის კრიტიკის მიუხედავად, ნატოს მაინც შეურთდა და, ალბათ, უკრაინაც ამგვარად გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ვარაუდი ვარაუდად, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლელი ქვეყნები ჯერაც ვერ მისულან საერთო აზრამდე კიევის სამომავლო ბედთან დაკავშირებით – ალიანსში მისი ნაწილობრივი გაწევრიანების შანსი, „გერმანიის მსგავსად“, თანამედროვე პირობებში, საკმაოდ დაბალია.

უპირველესად იმიტომ, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად განსხვავედება ცივი ომის დროინდელი სიტუაციისაგან. ფგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემთხვევაში საქმე ეხებოდა იმ ქვეყანას, რომლის შეიარაღებული ძალები ისედაც შედიოდა დასავლელ მოკავშირეთა ჯარების შემადგენლობაში და გეოგრაფიულად ინტეგრირებული იყო დასავლეთევროპულ რეგიონში. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანიის ნატოში ინტეგრაციას, პოზიტიური ხელშემწყობი პირობების გათვალისწინებითაც კი, თან ახლდა რთული დიპლომატიური მანევრები.

დღეს კი პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები ბარიერებს ქმნიან ნატოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმების რეალიზების საქმეში. როგორც ცნობილია, ალიანსის წესდებით, მის წევრებად არ მიიღებიან ის ქვეყნები, რომლებსაც მოუგვარებელი ტერიტორიული დავები აქვთ მეზობლებთან ან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. უკრაინის „ნაწილობრივი“ წევრობა უპრეცედენტო სიტუაციას ქმნის, რომელსაც ვითარების დესტაბილიზება უფრო მეტად შეუძლია: ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, თუ როგორი რეაქცია უნდა მოახდინომ ალიანსის სხვა წევრებმა, როცა „მათი მოკავშირის“ იურიდიულ, მაგრამ „არანატოურ“ ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს.

ასევე უნდა აღინიშნოს ის მომენტიც, რომ ნატოს წევრ-ქვეყნებს შორის არსებობს ზოგიერთი ისეთი განსხვავება თვალსაზრისებს შორის, რომლის მიმართაც ისინი შეურიგებელ პოზიციას ამჟღავნებენ.

მეორე – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მონაწილეებს შორის არ არის კონსენსუსი საერთოდ უკრაინის მიღებაზე, „ნაწილობრივზე“ რომ არაფერი ვთქვათ. დღეს ზოგიერთი ნატოელი ქვეყანა შეშფოთებულია იმით, რომ მსგავსმა იდეებმა კონფლიქტის „არაკონტროლირებად“ ესკალაციამდე შეიძლება მიგვიყვანოს და რადგანაც ნატოს ახალი წევრის მიღების დროს ალიანსის ყველა სუბიექტმა ქვეყანამ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს, უკრაინის ერთხმად მიღება წარმოუდგენელია.

რაც შეეხება იმ აზრს, რომ ნატოში ამა თუ იმ ქვეყნის „ნაწილობრივი“ ან „სრული მიღება“ კონფლიქტებს დაარეგულირებსო, ამ მხრივ სიტუაცია ერთგვაროვანი არ არის. ერთი მხრივ, ნატოს წევრობა უკრაინის უსაფრთხოებისათვის სერიოზულ გარანტიებს ნიშნავს, მაგრამ მეორე მხრივ, დღევანდელ პირობებში ალიანსში მიღების პროცესს შეუძლა არსებითად გაართულოს პრობლემის დიპლომატიური გადწყვეტის შანსები და ხელი შეუშალოს კომპრომისების მიღწევას რუსეთ-უკრაინას შორის.

წყარო

ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობა მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება ოპოზიციისთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა – ვლადიმერ ბოჟაძე

ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე 4 ოპოზიციური პარტიის განცხადებას.

მისი თქმით, ეუთო/ოდირი არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას აღიარებს.

„ძალიან მოუხდა რადიკალურ ოპოზიციას სახელი – „მოსკოვის მექანიზმი”. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში სწორედ მოსკოვის და რუსეთის მექანიზმს წარმოადგენენ. რუსეთის და მოსკოვის ინტერესების გამტარებლები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. გადაუფორმეს სტრატეგიული ობიექტები, ეკონომიკა, ტერიტორიები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხმა მისცეს, ომის შემდეგ შეწყვიტეს სავიზო რეჟიმი, არ უჩივლეს რუსეთს არცერთ სასამართლოში. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოვუგეთ. ისინი ახლა „მოსკოვის მექანიზმით“ რომ ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეუთო/ოდირზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას, იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან კარგად იციან, როგორი იქნება საბოლოო ჯამში ეუთოს დასკვნა, რომელიც, რა თქმა უნდა, აღიარებს არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას. რა თქმა უნდა, იქნება რეკომენდაციები და შენიშვნები, როცა 2 მილიონ 100 ათასი ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას ახალი ტექნოლოგიებით. ჩვენ მზად ვართ ამ რეკომენდაციების და შენიშვნების გასაზიარებლად მათ შორის, სამუშაო ფორმატში. მაგრამ ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის” გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, 4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს.

ჩვენ ვლადიმერ პუტინს „ერთი ადგილი“ უნდა მივუჩინოთ – Le Parisien

„უკრაინა უარს არ იტყვის ნატოს წევრად მიღებაზე და არავის დაუთმობს თავის ტერიტორიებს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგული გაზეთის „ლე პაღიზიენის“ (Le Parisien) მკითხველებთან ვიდეოკონფერენციის დროს, როცა მსოფლიოს ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და ნოტრდამის აღდგენილი ტაძარი მოინახულეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ კიევი ომს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და უკანასკნელ ჯარისკაცამდე აგრძელებს. „ჩვენ ვლადიმერ პუტინს „ერთი ადგილი“ უნდა მივუჩინოთ“, – ასეა დასათაურებული ინტერვიუ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც უძღვებიან ფრანგი ჟურნალისტები ნიკოლა შარბონო, შარლ დე სენ-სოვერი, რობინ კორდა და არიან რიუ.

გთავაზობთ ფრაგმენტებს უკრაინის ლიდერის პასუხებიდან:

– ერთ თვეში თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა შევიდეს. რა შეიცვლება ამით უკრაინისათვის?

– დიახ, ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს და, შესაბამისად, ცვლილებები გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აშშ-ის პოლიტიკური კურსი უკრაინისათვის სასარგებლო იყოს და არა პირიქით. სამწუხაროდ, უკრაინას ძალიან აგრესიული მეზობელი ჰყავს – რუსეთი, რომელიც ბევრ პოლიტიკურ სიურპრიზს გვიმზადებს. ჩემი გუნდი უკვე მუშაობს დონალდ ტრამპის გუნდთან. ჩვენ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირები გვექნება, რაც ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება. ამერიკა ჩვენთვის მთავარი დონორი იქნება თავდაცვითი ომის გასაგრძელებლად, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენთვის ევროპის დახმარებად აუცილებელია. ამერიკა და ევროკავშირი ჩვენთვის თანაბარ დონეზეა, თუმცა ისიც ცხადია, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე გავლენას, სხვა ევროპული ლიდერებისაგან განსხვავებით, უფრო მეტად მოახდენს. ევროკავშირი კი უკრაინის მომავალია და ჩვენს თავს მის შემადგენლობაში განვიხილავთ.

– დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში შეწყვეტს. თქვენ მას აქ, პარიზშიც უკვე შეხვდით. აგიხსნათ აშშ-ის პრეზიდენტმა, რის გაკეთებას აპირებს ამ მიზნით?

– ეს იოლი საკითხი არ არის, თუმცა მას ამის გაკეთება ძალიან სწრაფად სურს. მე ეს ემანუელ მაკრონთან ერთად მოვისმინე ადრეც და ახლაც. დონალდ ტრამპიმა მითხრა, რომ რაღაც დეტალებს გაარკვევს, სანამ საკითხის რეალიზებას დაიწყებს.

ამასთან, იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ იგი თეთრ სახლში ჯერ არ შესულა ოფიციალურად, პრეზიდენტის რანგში – მას აშშ-ის მეთაურის უფლებამოსილება ჯერ არ აქვს. შესაბამისად, მას ასევე არ აქვს აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები, არ აქვს თავდაცვისა და დიპლომატიური უწყების მასალები… როცა ეს მოხდება, ჩვენ დონალდ ტრამპთან თანაბარ დონეზე ვისაუბრებთ. მან კარგად იცის ჩემი სურვილი, რომ არ აჩქარდეს უკრაინის საზიანოდ. ჩვენი ქვეყანა სუვერენიტეტს [და თავის ტერიტორიულ მთლიანობას] ბოლომდე დაიცავს. რამდენმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა არ უნდა გამოაცხადოს ომის შეწყვეტა, ჩვენ დათმობებს და კაპიტულაციას, დამოუკიდებლობაზე უარის თქმას არ ვაპირებთ.

ყველაზე ცუდი და საფრთხის მომტანი ის იქნება, თუ დონალდ ტრამპი იტყვის: „ჩვენ კონფლიქტს გავყინავთ და რუსებთან მოვილაპარაკებთ“.

– თქვენ ამბობდით, რომ არ არის გამორიცხული პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებაც. პირდაპირ გვითხარით, როგორი კომპრომისისთვის ხართ მზად – დაუთმოთ, დროებით მაინც, რუსეთს ყირიმი ან დონბასი?

– ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების მტრისადმი დათმობა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა, უკრაინის კონსტიტუციით, აკრძალულია. ამჟამად ყირიმი და დონბასი დე ფაქტოდ რუსეთის მიერ კონტროლდება. სამწუხაროდ, არ გვყოფნის ძალა, რომ ისინი უკან დავიბრუნოთ. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლით ვლადიმერ პუტინზე, რომ იგი მოლაპარაკებაზე დათანხმდეს. უბრალოდ, გაკვირვებული ვარ: რატომ ფრთხილობს დასავლეთი ვლადიმერ პუტინის მიმართ იმ დროს, როცა ჩვენ მხარს გვიჭერს? რატომ არ მოგვცა დასავლეთმა იარაღი ომის დაწყებისთანავე? ჩემი სიტყვები შეიძლება ძალიან მკვეთრად მოგეჩვენოთ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინის რუსეთს ყველა უფრთხის და ეშინია. კრემლი დაუსჯელობით სარგებლობს. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკა და ევროპა ისეთი ძლიერი იყოს, რომ მათ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა მოახდინონ ამ კონფლიქტის შესაჩერებლად.

– შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ევროკავშირში და ნატოში შესვლაზე?

– მოიცათ, თქვენ ეს როგორ წარმოგიდგენიათ, განა ამის თქმა შემიძლია? ევროკავშირის წევრობა მე კი არა, მთლიანად უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა. ვლადიმერ პუტინს ამ საკითხში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. კოლონიალიზმის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. პუტინი პოლიტიკურ თამაშს კი არ თამაშობს, არამედ ის რაკეტებით გვირტყამს. რატომ აძლევს მთელი მსოფლიო ამის უფლებას რუსეთის პრეზიდენტს? აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირი… მე ეს არ მესმის. უარი ვთქვათ ნატოზე? დავუშვათ, უარი ვთქვით, მაგრამ სამაგიეროდ რას გვთავაზობთ? ჩვენ ვაცნობიერებთ გამოწვევების და საფრთხეების არსებობას. ვინმე გვაძლევს იმის გარანტიას, რომ დაგვიცავს, თუ პუტინი ისევ იარაღს მოგვიღერებს? რომელი ქვეყანა დაგვეხმარება ავიაციით, ტანკებითა და ჯარისკაცებით? თუ ვლადიმერ პუტინი უკან დაბრუნდება თავისი მილიონიანი არმიით, მერე იცით რა მოხდება? ჩვენ ისევ მარტოხელა უნდა ვიყოთ ბრძოლაში? ისევ უნდა გავხდეთ ჩვენი ქალებისა და ბავშვების დაღუპვის მოწმენი? მთავარი ნატოში შესვლა კი არ არის, არამედ ნატოს მეშვეობით ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

– ამას წინათ თქვენ ჯარში გაწვევის ასაკი შეამცირეთ. როგორი რეაქცია აქვთ ამაზე ახალგაზრდებს? თქვენ გეგმავთ ამ მიმართულებით წინსვლას?

– ყველას კარგად მოეხსენება, რომ ადამიანი რაც უფრო ახალგაზრდაა, მით უფრო ფიზიკურად მტკიცეა და ენერგიულად იბრძვის. მაგრამ მე მინდა ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლე შევინარჩუნოთ. თანამედროვე ომი მხოლოდ სანგრები და ავტომატები აღარ არის, ეს არის ავიაციაც და უპილოტო საფრენი აპარატებიც. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი არმიის  შემადგენელი ტექნოლოგიური ელემენტი და თანამედროვე ომი სწორედ ამის წყალობით უნდა მოვიგოთ. ჩვენმა პარტნიორებმა მეტი ინვესტიციები უნდა დააბანდონ ჩვენი პოტენციალის განვითარებისათვის. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე თანამედროვე და ყველაზე სრულყოფილი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები. მე ხშირად მეუბნებიან, რომ დასავლეთს არასაკმარისი შესაძლებლობები აქვს ამგვარი სისტემების დამატებით შესაქმნელად და რაც აქვთ, ისიც ცოტაა და მათ ის საკუთარი უსაფრთხოებისთვის ჭირდებათ. ძალიან კარგი. მაშინ მოგვეცით ფული და ლიცენზიები, ჩვენ თვითონვე შევქმნით ჩვნს თავდაცვით იარაღს, განსაკუთრებით რაკეტებს და გავაძლიერებთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.

წყარო