Home Blog Page 9

თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს.

თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს.

გადადი მობაილბანკში, გააზიარე შენი სურვილი და გააგონე ხმა საქართველოს!

„აზერბაიჯანულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა

„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ავიაკომპანია „აზალში” განუცხადეს.

პარალელურად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი აცხადებს, რომ დაშავებული მგზავრების და გადარჩენილი ბორტგამცილებლების მონაყოლის თანახმად, გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს.

„ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ხელის არეშიც კი დაშავდა. სოციალური ქსელებიდან და პრესაში გამოქვეყნებული კადრებიდანაც ჩანს, რომ ქალს ხელ-ფეხი დაუზიანდა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ფრთაზე ხვრელების კვალი ჩანს. თვითმფრინავის შიგნით დაზიანებულია ფიუზელაჟი. დაზარალებულებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე თქვეს, რომ გროზნოს თავზე აფეთქებების ხმა სამჯერ გაიგეს. მათივე თქმით, აფეთქებები გარედან მოხდა, შემდეგ კი თვითმფრინავს რაღაც შეეხო. გამოძიება დაადგენს, თუ რა სახის იარაღიდან იყო გარე ჩარევა. გარდა ამისა, თუ თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას დააკვირდებით, ირკვევა, რომ მან ფრენის მიმართულება აქთაუს მიმართულებით მახაჩყალზე აიღო. თვითმფრინავს აქ დაშვების უფლება მიეცა თუ არა, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა. გარდა ამისა, გამოძიება დაადგენს, რა მიზნით განახორციელა პილოტმა ავარიული დაშვება. GPS-ის გამორთვის საკითხი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.

გერმანიამ, საქართველოს 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები შეუჩერა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები.

ამგვარად, ეს არის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს შემდგომი რეაგირება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაახლოების გზიდან გადახვევასა და პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.

გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას.

სწორედ ამიტომ, განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით აღარ განაცხადოს თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანმშრომლობის ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოსაცდელი ვადით შეაჩეროს. 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერება პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ურთიერთობების ამ გადახედვიდან გამომდინარეობს.

სხვა მიმდინარე პროექტების გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის” მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა მოსახელობის მიმართ და დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციით გამყარებულ გზას.

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.78 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7943 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.34 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9108 ლარი გახდა.

1.03 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5013 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.93 თეთრი შეადგინა.

,,ისეთი ამბავი ხდება რადიკალური ოპოზიციის რიგებში, დედა შვილს არ აიყვანს ხელში” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას გამოეხმაურა. ამ გადაწყვეტილებით, მაჭავარიანის თქმით, ამ გადაწყვეტიებით, მათ ოპოზიციის ლეგიტიმაცია აღიარეს.

“ბარიერგადალახულმა პარტიებმა, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და დღემდე ვერცერთი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინეს, იღებენ იმ დაფინანსებას, რომელი დაფინანსება გადანაწილებული არის ზუსტად იმ პროპორციით, რა რაოდენობის ხმებიც მიიღეს არჩევნებში. ანუ პირდაპირ ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან ცესკოს შედეგებს. შესაბამისად, ამით მათ წერტილი დაუსვეს ყველანაირ სპეკულაციებს გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს წერტილი ისედაც დაუსვა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ვერ ელევიან ფულს. უნდა ამ ფულის აღება, შემდეგ აბრალებენ გვარამიას, მას რა ენაღვლებაო, ყველაფერს საჯაროდ ხომ არ გამოვიტანთო, როცა უცხოეთიდან დიდი დაფინანსებები აქვსო და ა.შ. ისეთი ამბავი ხდება რადიკალური ოპოზიციის რიგებში, დედა შვილს არ აიყვანს ხელში,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

,, ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განხილვები პოლიტიკური სპეკულაციაა”- თაზო დათუნაშვილი

ბიუჯეტის ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განხილვები პოლიტიკური სპეკულაციაა.

„არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოში პარტიების დაფინანსების მთავარი წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ბიუჯეტი არის საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული. საქართველოს ბიუჯეტი არასდროს ყოფილა რომელიმე უზურპატორის ან ოლიგარქის ფული. ბიძინა ივანიშვილის ფულია ის ფული, რომელიც ბანკირმა ესკადრონმა აახია რამდენიმე წლის წინ. ეს კი არის საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული. საქართველოს გადასახადების გადამხდელებში საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ადამიანები, რომლებმაც ამ პარტიას ხმა მისცეს. შესაბამისად ეს არის ხალხის ფული. ჩვენ ამ ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა. თქვენ იცით, რომ უკანონოდ, აბსოლუტურად რეპრესიულად ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს სჯის, მათ შორის ფინანსური სანქციებით. ჩვენ კი ამ ადამიანების გვერდში ვიდგებით, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვექნება. ვიდრე ისინი არ დააკმაყოფილებენ ჩვენი მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას, მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას გავუყოფთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიუჯეტს ავსებენ, ანუ მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ქართული საქმე ჰქვია, ხალხის ფულს ისევ ხალხისთვის.

აბსოლუტურად ყველაფერი ამის მიღმა არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაცია, ის პროცესი, რომელიც დიდად საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ. ამიტომ ვკონცენტრირდეთ მთავარზე. ფული უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეების მთავარ მიზანს, ჩვენი ევროპული მომავლისა და ქართული დემოკრატიის გადარჩენას. ამის მიღმა, ამ საკითხში ყველაფერი არის ძალიან ვიწრო და პოლიტიკური განხილვები. ამის მიღმა ნებისმიერი ამ ამბის თანმხლები მოვლენა არის ყურადღების გადატანის მცდელობა სხვა საკითხებზე. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადავიტანოთ“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

,,ვფიქრობ, მომავალი პოზიტიურია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება”- გია ვოლსკი

არც ჯო უილსონმა და არც ნებისმიერმა სხვამ არ იცის დამოკიდებულება, რომელიც კონკრეტული რეგიონების მიმართ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შეიძლება ჰქონდეს – დაველოდოთ, ვფიქრობ, მომავალი პოზიტიურია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ იმედს ის ფაქტი აძლევს, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან მთელ რიგ საკითხებზე აბსოლუტურად, ზედმიწევნით ერთი და იგივე პოზიცია აქვთ.

„ეს არის შავი ფული, პროგრამები, რომელიც ამერიკელი ხალხის სახელით კეთდება და აშშ-ის იმიჯს აზარალებს, ეს არის ომისა და მშვიდობის თემა და საკითხები, რაც კონსერვატიულ ხედვებს შეესაბამება.

რასაკვირველია, ნორმალურია ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მსოფლიო კი არ გადაიჩეხება, როგორც ეს ზოგიერთ ოპონენტს სურს, არამედ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომსა და იმ უბედურებას გადაურჩება, რაც ომის არეალის გაფართოებას შეიძლება მოჰყვეს.

ამ შემთხვევაში ამ პოზიციაზე დგას უილსონი და არა მხოლოდ ის და სხვა პოზიცია აქვთ ადამიანებს, ვინც აშშ-ის ადმინისტრაციაში არიან როგორც გარკვეული აზრის შემქმნელები, სანამ საქმის კეთებას ოფიციალურად შეუდგებიან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.

უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.

„რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“, – დაწერა უილსონმა.

,, პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას – დეტალები კვირას გახდება ცნობილი”- სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.

„ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

,,აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს სახეში რომ მოხვედროდა, მას დალურჯება ექნებოდა”- ადვოკატი

აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს სახეში რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა, – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, არჩილ მეფარიძის ადვოკატმა ხატია ხერხეულიძემ განაცხადა.

ის ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმითქვამს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დაზარალებული ლელა ჯუღელმა ჩვენების დროს იტყუებოდა და მტკიცებულებათა ერთობლიობა მისი ჩვენების სანდოობას ვერ ქმნის. ადვოკატის თქმით, დაზარალებული იტყუება, როცა ამბობს, რომ მას მეფარიძემ არაერთხელ დაარტყა.

„აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა”,- განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, არჩილ მეფარიძე არანაირი დანაშაულისკენ მიდრეკილი არ არის და გარდა იმისა, რომ მომღერალია, ის პროფესიით ექიმია და წლების განმავლობაში ამ პროფესიით მუშაობდა.

„სიმღერის – „მშვიდობით“ ტექსტიც ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, დაზარალებული პროვოკაციულად ცდილობდა მეფარიძის „წამოკიდებას“.

მისივე განმარტებით, მეფარიძეს მისთვის დაზიანების მიყენების განზრახვა რომ ჰქონოდა, მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას მისცემდა.

ხერხეულიძის თქმით, დაზარალებულის ჩვენების გარდა, მეფარიძის მხრიდან მუქარის განხორციელება სხვა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. მისივე განმარტებით, ვერ გამოიკვეთა და ვერ დადასტურდა, თუ რატომ სურდა ბრალდებულს მსხვერპლის შეშინება.

„მახინჯოო“ უთხრა, მაგრამ ამ სიტყვის თქმის გამო, პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულის მიმართ სანდოობა ნულია და სასამართლომ ყველაფერი ობიექტურად უნდა შეაფასოს.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

 ,,აშშ-ში არის პოლიტიკოსთა წრე, რომელთა მიზანია, საქართველოს დისკრედიტაცია და ზეწოლის მოხდენა ”- ირაკლი ქადაგიშვილი

აშშ-ში არის პოლიტიკოსთა წრე, რომელთა მიზანია, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს დისკრედიტაცია და საქართველოზე ზეწოლის მოხდენა – ხშირ შემთხვევაში, მათი ეს სურვილი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს, – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით “რესპუბლიკელი“ ჯო უილსონის განცხადებებს.

ქადაგიშვილის თქმით, აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფასეულობები, რის გატარებასაც ის აშშ-ში აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია “ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და პოლიტიკასთან.

„გარკვეული კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს და უფრო მეტად „ფარას“ დოკუმენტებიდან შევიტყობთ, საიდან მოდის ჯო უილსონის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ანალოგიურ პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოზიციებს ახმოვანებს ტრამპი, რა ფასეულობების გარშემოც საუბრობდა და იბრძოდა „ქართული ოცნება“. საუბარია ამ ფასეულობათა დამთხვევაზე და არა იმაზე, რომ ტრამპი საქართველოსთვის მოწოდებულია განსაკუთრებული დაახლოებისკენ ან საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისკენ. ის ფასეულობები, რაზეც ტრამპი საუბრობს და გატარებას აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და გატარებულ პოლიტიკასთან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, “რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.

უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.

“რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან?

მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?” – დაწერა უილსონმა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას, სააგენტოდან თანამშრომლების თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ.

„გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 
თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ.

ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა.

აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და ასევე მიიღებენ საახალწლო სახელფასო დანამატს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“საქართველოს ავტორიტარული დრეიფი – დასავლეთმა არ უნდა მისცეს ნება თბილისს რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად”-Foreign Affairs

ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ფორინ ეფეარსი“ (Foreign Affairs) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „საქართველოს ავტორიტარული დრეიფი: დასავლეთმა არ უნდა მისცეს ნება თბილისს რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად“ (ავტორი – ქრისტიან ქერილი).

პუბლიკაციის დასაწყისში ამერიკელი ჟურნალისტი ესაუბრება ნიკა ხოჯავას – 28 წლის დისკ-ჟოკეის პოპულარული ტექნოკლუბ Left Bank-დან, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე ხალხმრავალი ახალგაზრდულ მიტინგში მონაწილეობს და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ არის განწყობილი. იმიტომ, რომ მისი აზრით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა, ახლა კი ევროკავშირის გზიდან გადახვევას ცდილობს.

სტატიაში აღწერილია იმ მიტინგებისა და დემონსტრაციების მიზეზები, რომელმაც მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლა გამოიწვია. პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა  მკაცრი რეაგირება მოახდინეს საპროტესტო აქციების მონაწილეებზე და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა გამოიყენეს. დაკავებული იქნა 400-ზე მეტი ადამიანი. „ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ეს ძალზე დიდი რიცხვია. თუ აშშ-ის მოსახლეობას შევადარებთ და თუ ეს ამერიკაში მოხდებოდა, მაშინ ასეთი პროპორციით საპყრობილეში 36 ათასი ამერიკელი მოქალაქე აღმოჩნდებოდა“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ იგი შეხვდა ოპოზიციონერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რეგიონულ ექსპერტებს, დიპლომატებს და პოლიტიკოსებს [მაგრამ არ შეხვედრია ხელისუფლების მხარდამჭერებს].

„დემოკრატიის შუქურიდან“ არჩევნების ფალსიფიკაციამდე

„დღეს ბევრი ქართველი ამბობს, რომ ქვეყანა ერთპარტიული დიქტატურის ზღურბლზე იმყოფება. ეს საოცარი ცვლილებაა იმ ქვეყნისათვის, რომელსაც ორი ათეული წლის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა „თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა“ უწოდა“, – ნათქვამია სტატიაში.

„ამჟამად პრაქტიკულად არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, თუმცა დასავლეთის მთავრობების რეაქცია უცნაურად თავშეკავებული იყო. თავის წინასწარ დასკვნაში ეუთოს დელეგაციამ ქართველი ჩინოვნიკები შეაქო, რომ არჩევნები „ეფექტურად და გამჭვირვალედ“ ჩატარდა, მოხსენებაში ნათქვამია რამდენიმე დარღვევის თაობაზეც, მაგრამ დაგმობის გარეშე. ევროპელი ჩინოვნიკის აღიარებით, „არჩევნებში აქტიურობა მაღალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა იზრდება და ვითარდება“. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში, ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები მზად არ არიან ბოლომდე დაწვან ხიდები თბილისთან და იმით შემოიფარგლნენ, რომ „საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ აღიარესო“.

ავტორიტარული ქვეყნების ლიდერები კი ნაკლებად თავშეკავებულები აღმოჩნდნენ: ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო არჩევნების მშვიდად ჩატარებისთვის, ხოლო ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ აღფრთოვანება ვერ დამალა „სამაგალითო ხმის მიცემის გამო“, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მმართველ პარტიას „საოცარი გამარჯვება“ მიულოცა.

საქართველოს ხელისუფლების მმართველობის ავტორიტარული სიმპტომები ბევრად არის განპირობებული შიდა პოლიტიკით და, კერძოდ, „ქართული ოცნების“ მოქმედებით, მისი ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ამბიციებით, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საქმიანობით დააგროვა. ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლიდან – 2012 წლიდან – „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად ატარებდა ავტორიტარული მმართველობის კურსს, რომელმაც ამჟამად, როგორც ჩანს, თავის კულმინაციას მიაღწია. ამასთან, დასავლეთი, რომელიც ოდესღაც აქტიურად მხარს უჭერდა საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამყარებას, ახლა რატომღაც პასიურობს. დიდი ხნის განმავლობაში აშშ და ევროპა „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში არ ერეოდა და თბილისი მმართველობას თავისი შეხედულებით ახორციელებდა. ახლა ქართველები ამისათვის მწარე ფასს იხდიან, ოფიციალური თბილისი კი დასავლეთს რუსეთისაკენ შებრუნებით ემუქრება.

მოსკოვს დიდ ფსონი აქვს დადებული ამ დაპირისპირებაში. საუკუნეების განმავლობაში რუსები სამხრეთ კავკასიას სტრატეგიული მნიშვნელობის თავის „უკანა ეზოდ“ განიხილავდნენ, რომელსაც თურქეთისა და სპარსეთის მიმართ საყრდენის როლი უნდა შეესრულებინა. გარდა ამისა, მეოცე საუკუნეში კასპიის ზღვის მიღმა აღმოჩენილმა ენერგეტიკულმა საბადოებმა საქართველოს ტრანზიტის როლი შესძინა – კასპიის ნავთობი და გაზი, ქვეყნის ტერიტორიის გავლით, ევროპისაკენ მიდის. რუსეთი კარგად აცნობიერებს ამ რეგიონის მნიშვნელობას და ამიტომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებს, რომ რომელიმე ქვეყანამ – თუნდაც საქართველომ, მოლდოვამ ან უკრაინამ – უპირატესობა მისცეს დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიას ყოფილი საბჭოთა იმპერიის სივრცეში.

აუსრულებელი ოცნება

საქართველო თავისი 3,7 მილიონიანი მოსახლეობით დიდი ხანია სარგებლობს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსით, რომელიც სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ რეგიონში ერთადერთია შემორჩენილი. 35 წლის განმავლობაში, ანუ იმ დროიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თბილისი მთელი ძალებით ცდილობდა დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცებას იმ მიზნით, რომ დაცული ყოფილიყო რუსეთის იმპერიული ზრახვებისაგან. დასავლეთი, როგორც წესი, ქართველების სწრაფვას იზიარებდა და მხარს უჭერდა – იმიტომ, რომ პროდასავლური საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე გახდებოდა რეგიონში, სადაც აშშ და ევროპას საიმედო მეგობრები სჭირდებათ. სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობა პროდასავლური კურსის ერთგულია: ქართველთა 80% თავისი ქვეყნის მომავალს ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავენ. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა აღიარა ქართველების სურვილი და ქვეყანას ორგანიზაციაში მიღების კანდიდატის წოდება ოფიციალურად მიაკუთვნა.

დღეისათვის ევროკავშირის დაპირება წევრად მიღების თაობაზე უფრო იმ ოცნებას ჰგავს, რომელსაც ასრულება არ უწერია. 27 ოქტომბერს, ოპოზიციის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სწორედ მან გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში – მოაგროვა ხმების თითქმის 54%, რაც „ოცნებას“ პარლამენტის კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. დანარჩენი ხმები მიიღო ოთხმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ. სხვათა შორის, ქართულ ოპოზიციას დიდი ხანია ერთი სენი სჭირს – უთანხმოება, რის გამოც ცალ-ცალკე ვერცერთი პარტია ვერ ლიდერობს“, – წერს ავტორი და იქვე მიუთითებს, რომ არსებობს მკაფიო მტკიცებულებები იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნების შედეგები გააყალბა: იყო მუქარები, დაშინებები, ბიულეტენების ურნებში უკანონო ჩაყრის მცდელობები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს მმართველი პარტიის პოპულარობის შემცირება – დაახლოებით 40%-ის დონეზე. ამასთან, დამოუკიდებელმა გამოკითხვებმა ცხადყვეს, რომ „ქართული ოცნება“, ოპოზიციასთან შედარებით, მაინც მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. არჩევნები გაყალბების გარეშეც რომ ჩატარებულიყო, მმართველი პარტია მაინც ყველაზე მეტ ხმებს მიიღებდა, მაგრამ არა 54%-ის რაოდენობით.

„ქართული ოცნების“ მანიპულაციების მიღმა ვლადიმერ პუტინის აჩრდილი მოჩანს. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მრჩევლებმა თავიდანვე კარგად იცოდნენ, რომ ქართველებს რუსეთის გავლენის შემცირება სურთ: ბევრი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი იმპერიალისტური ქვეყნის ლიდერს წარმოადგენს, რომელიც ისწრაფვის ეროვნული თვითგამორკვევა დათრგუნოს. ქართველები ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერნი არიან, რომელიც ყველანაირი ტირანიის (მათ შორის, რუსულისაც) წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მოქმედების ისეთი სტრატეგია შეარჩია, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ამ პრობლემებისათვის გვერდი აევლო. სხვა ქვეყნების მემარჯვენე პოპულისტების მსგავსად, „ქართული ოცნება“ „ტრადიციული ფასეულობების“ დაცვის პროგრამას აყენებს და აკრიტიკებს „ლგბტ“ საზოგადოებას, ევროპას კი იმაში ადანაშაულებს, რომ ბრიუსელი კონსერვატორ ქართველებს თავს ახვევს უცხო დღის წესრიგს. ვლადიმერ პუტინი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, იგივეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილიც ქართულ ეკლესიასთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აშკარად მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პროგრამას, ბიძინა ივანიშვილი თავს არიდებს პრორუსული პოზიციის აშკარად გამოვლენას. ამის ნაცვლად იგი ცდილობს ქართველებში შიში დათესოს და აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს  ჩაბმა სურს რუსეთ-უკრაინის ომში: მან კარგად იცის, რომ 2008 წლის ომის საშინელების მომსწრე ქართველებში ომი ნეგატიურ გრძნობებს აღძრავს (…).

ანტილიბერალიზმის გაღრმავება

2012 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის მიერ სახელმწიფოს მიტაცების მასტერ-კლასი ჩაატარა: ბიძინა ივანიშვილმა თანდათანობით შეცვალა თავისი მხარდამჭერებით  პრაქტიკულად ყველა საკვანძო ბიუროკრატიული ჩინოვნიკი მართლმსაჯულებისა და სამართალდამცველ სისტემაში. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ერთი მესამედი სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს და პირდაპირ არის დამოკიდებული მთავრობის „წყალობაზე“, სახელმწიფო ბიუროკრატიის მიმართ ასეთი კონტროლი  არჩევნებში მძლავრ სასურველ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაც თავისი სურვილის შესაბამისად შეცვალა, დაამყარა კონტროლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე…

როცა „ქართული ოცნება“ ქვეყანაში თავის მოწინააღმდეგეებს ავიწროებდა და სახელმწიფო აპარატის მიმართ კონტროლს აძლიერებდა, ის დასავლეთთან კავშირს მაინც არ წყვეტდა. თავის მხრივ, ბრიუსელელი და ვაშინგტონელი ოფიციალური პირები თვალს ხუჭავდნენ და იგნორირებდნენ მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს. იმ დროს, როცა უკვე საქართველოს ხელისუფლება შემჩნეული იყო რუსეთის კანონმდებლობის მსგავსი აქტების მიღების მცდელობაში (მაგალითად, „უცხოური აგენტის შესახებ“), დასავლეთმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს ფაქტი მთავრობამ საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად გამოიყენა. გარდა ამისა, თბილისმა ევროკავშირში მომხრე შეიძინა უნგრეთის სახით, რომლის სტილით კარგად სარგებლობს, კრემლის  მდუმარე მოწონებით.

„დეკემბერში დასავლეთი გააქტიურდა და ქართველი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესება დაიწყო… თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა, პარტია მაინცდამაინც დიდად არ არის შეშფოთებული სანქციების გაფართოებით და თქვა, რომ შეზღუდვები და ემბარგოები თბილისს არ აშინებს. მართლაცდა, ევროკავშირში უნგრეთმა და სლოვაკეთმა (რომლებსაც მემარჯვენე პოპულისტური მთავრობები ჰყავთ), ჩაშალეს საქართველოს წინააღმდეგ ფართო სანქციების დაწესების მცდელობა.

გარეშე ძალებს მაინცდამაინც ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ. საბოლოო ჯამში, ქართული დემოკრატია თვითონ ქართველებმა უნდა გადაარჩინონ. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ერთიანობა არ იგრძნობა და ყველა ვიწრო პარტიული ინტერესების ჩარჩოებში მოქმედებს, ერთმანეთს აკრიტიკებენ და ბრალს უყენებენ. პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის სათავეში ცხრა წელი იყო, ბევრი რეფორმა გაატარა, მაგრამ ქვეყანას „რკინის ხელით“ მართავდა, რაზედაც დასავლეთი თვალს ხუჭავდა. დასამალი არაა, რომ  „ნაციონალებიც“ თავიანთი მმართველობის დროს არჩევნების მანიპულირებას ეწეოდნენ და კრიტიკოსებს ციხეებში ამწყვდევდნენ. პარტიის ასეთმა პოლიტიკამ ბევრი ქართველი გააბოროტა და მათ წინააღმდეგ განაწყო. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია შეინარჩუნოს ესოდენ არაპოპულარული პარტია და ის საფრთხობელას სახით გამოიყენოს – მთლიანად ოპოზიციის „გასაშავებლად“.

ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ქართველებმა გადაიტანეს სამოქალაქო ომი, კლეპტოკრატია, მტრის შემოსევა, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა, ოცნებებისა და იმედების  გაცრუება…  დასავლეთი ცდილობდა დახმარებას ფულით და რჩევებით, ზოგჯერ შუამავლადაც კი გამოდიოდა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ქვეყანა დემოკრატიის ციტადელად ჩათვალეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დასანანი მემკვიდრეობის მოწმენი გახდნენ. (…)

აღნიშნავს რა დასავლეთის მთავრობების მზადყოფნას – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე თვალები დახუჭოს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ წარსულში ჩადენილ ცოდვებზე, სტივენ ჯონსი, საქართველოს ექსპერტი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ დასავლეთი განგებ არ ხედავდა ქართული პოლიტიკის მყარ ანტილიბერალიზმს, რომელიც დემოკრატიის ნიღბის ქვეშ იზრდებოდა [იმავე „ნაციონალთა“ ხელისუფლების დროსაც]. ოპოზიციური პარტიებიც ზოგჯერ არასწორად მოქმედებენ: ბევრი ქართველი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერები, როგორც წესი, უფრო მეტ დროს ატარებენ ბრიუსელში და ვაშინგტონში, ვიდრე ქართველ ამომრჩევლებს შორის. რამდენიმე დემონსტრანტმა ე.წ. „ჯენზის“ თაობიდან, რომლებიც თბილისი ქუჩებში იმყოფებიან, ისაუბრეს „ავტორიტეტული“ ოპოზიციური პარტიების ნეგატიურ რეპუტაციაზე და განაცხადეს, რომ უმჯობესი იქნება მათი [ახალგაზრდების] საპროტესტო მოძრაობა ლიდერის გარეშე დარჩეს. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომას სუსტი მხარეების აქვს, მაგრამ იმასაც მოწმობს, რომ ახალგაზრდა პროტესტანტებში ოპოზიცია მაინცდამაინც დიდი ნდობით არ სარგებლობს.

პრინციპული ოპოზიციის ყველაზე სავარაუდო ლიდერად შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ჩაითვალოს – ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. იგი ბოლო წლებში აქტიურად გამოდიოდა მთავრობის მიერ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. რადგან სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ქართული ოცნება“ ძალზე ნეგატიურად არის განწყობილი, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატი დაასახელა – ცნობილი ექს-ფეხბურთელი, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიამ (ძირითადად პარლამენტის დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“) ქვეყნის მეთაურად აირჩიეს. იმდენად, რამდენადაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს არალეგიტიმურ ორგანოდ თვლის (გაყალბებული არჩევნების შედეგად), იგი კოლეგიის მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტსაც უკანონოდ მიიჩნევს. მომიტინგე ახალგაზრდები [ვისაც მე ვესაუბრე],  დასაშვებად მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დროებით ოპოზიციის ლიდერი გახდეს, თუ [პარლამენტის არჩევნები]  განმეორებით ჩატარდება.

მაგრამ საეჭვოა, რომ ვაშინგტონმა ამ მიმართულებით რაიმე მტკიცე ნაბიჯი გადადგას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე, ევროკავშირმა კი დღემდე ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოს  საკითხში – უპირველესად იმ მიზეზით, უნგრეთი მზად არის ვეტო დაადოს სერიოზული ანტიქართული სანქციის მიღებას.

 რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი დათმობა და უკანდახევა ოპოზიციის წინაშე მას ვიქტორ იანუკოვიჩის ბედს უმზადებს (უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც 2014 წელს იქნა დამხობილი). საქართველოში სიტუაცია ისეთია, რომ მხარეები ერთმანეთს გადამწყვეტად შეეჯახებიან. „სამანევრო ფანჯარა“ თანდათან ვიწროვდება. შანსი იმისა, რომ შედეგები დადებითი იქნება, ყოველდღიურად მცირდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: