Home Blog Page 9

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9567 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0175 ლარი შეადგინა.

თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის – შევხვდებით 18-20 ოქტომბერს

ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებისმიერი მაღალი დონის ჰაკათონი არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის პროცესში ეხმარება მონაწილეებს, არამედ დამწყები ტექ ენთუზიასტების განვითარებას და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

თიბისი, რომელიც ტექნოლოგიურ ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა, ამჯერად ინოვაციური იდეებისთვის ჰაკათონს, TechXplore-ს ატარებს, რომელიც 18-20 ოქტომბერს გაიმართება. მაღალი მოთხოვნის გამო ღონისძიებაზე დასასწრები ადგილები უკვე შევსებულია და  რეგისტრაცია დასრულებულია.

ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება, სადაც დღის განმავლობაში გუნდის წევრებთან ერთად მუშაობას შეძლებთ, საჭიროების შემთხვევაში კი მენტორები გაგიწევენ კონსულტაციას.

TechXplore ტექნოლოგიების მოყვარულებს რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს – ეს მათთვის გაერთიანების, რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისა და ახლებური გადაწყვეტილებების მიღების იდეალური შანსია.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი უნდა შექმნან, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას მაქსიმალურად ერგება და მისთვის საჭირო ღირებულებას ქმნის.

TechXplore-ის უნიკალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომლებიც ჰაკათონის განმავლობაში ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად მუშაობას შეძლებენ.

დამატებითი მოტივაცია დაწესებული ფულადი ჯილდოა, რომელიც სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. I ადგილი – 10,000 ლარს, II ადგილი – 6,000 ლარს, ხოლო, III ადგილი – 4,000 ლარს მიიღებს. ამისთვის მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილით დაკომპლექტებული 40 გუნდი იბრძოლებს.

დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილზე გაეცნობით. საჭიროა, რომ იდეა გაზიარებული იყოს ვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ.

ასეთი ღონისძიებები იმ იდეების რეალიზებას ემსახურება, რომლებმაც შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანონ, შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჰაკათონის დროს მონაწილეები ახალი გამოცდილებითა და ცოდნით დაიმუხტებიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მომავალ პროექტებზე მუშაობისას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.

შევხვდებით 18-20 ოქტომბერს!

(R)

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმის“ დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო. ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც მან პარტნიორებს წარუდგინა და ახლახან უკრაინელ დეპუტატებს გაუმხილა, ხუთი პუნქტისგან შედგება და ფაქტობრივად წარმოადგენს „რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გეგმას“. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ეს დეტალები დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ გაამჟღავნა.

გეგმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ნატო-ში, რისთვისაც პარტნიორების გადაწყვეტილებაა საჭირო;

მეორე პუნქტში საუბარია ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაზე, რათა შეიცვალოს რუსეთის მოქალაქეთა განწყობა, ასევე მოკავშირეების ჩართვაზე უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში და უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე;

მესამე პუნქტი გულისხმობს უკრაინაში „კომპლექსური არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტის“ განთავსებას, რაც საკმარისი იქნება ქვეყნის მომავალში დასაცავად. ამ პუნქტს აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც დასავლელ პარტნიორებს გადაეცათ. ამ პუნქტში საუბარია ასევე დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის წარმოების დაფინანსებაზე;

მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის შეთანხმებას მოკავშირეებთან, ევროკავშირსა და აშშ-თან უკრაინაში მრავალი ქვეყნისთვის საინტერესო ძვირფასი რესურსების, კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის მოპოვებაში ინვესტიციების დაბანდების შესახებ, რაც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება;

გეგმის მეხუთე პუნქტი გათვლილია ომის შემდგომ პერიოდზე და ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას ნატო-სა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ცნობისთვის, 17-18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმას“ ევროპულ საბჭოს წარუდგენს.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქებში იმყოფებოდა, სადაც მან გეგმის დეტალები ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს გააცნო.

საქართველო და მოლდოვა ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან -შარლ მიშელი

საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც მიშელმა ლიდერები 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

„ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რამდენიმე საკითხს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, სამიტზე განხილვის ცენტრალური თემა უკრაინა იქნება. ევროკავშირის ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისგან „გამარჯვების გეგმას“ მოისმენენ. ასევე, ევროპელი ლიდერების ყურადღება ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.

ამასთან, სამიტზე იგეგმება ევროკავშირის კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური მედეგობის განხილვა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება მიგრაცია.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროპელი მაღალჩინოსნები განიხილავენ კონკრეტულ ზომებს არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, გარე საზღვრების კონტროლის გამკაცრებას, პარტნიორობისა და დაბრუნების პოლიტიკის გაძლიერებას.

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა. გიორგი კალანდარიშვილმა მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო  ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

„საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და აქ არსებული ბიზნეს პროცესები ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს – ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი სერვისების შეთავაზებას და, შედეგად, არჩევნების მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებას.  გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების  ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოვიდა საქართველოში, აუცილებელი გახდა შესაბამისად აღჭურვილი სივრცის მოწყობა, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა იმ სტანდარტს და პირობას, რაც აპარატების შენახვა/ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა, არაერთხელ ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათი გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა აღნიშნული პროექტის განხორციელება“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 7 თვეში განხორციელდა, მთლიანი ტერიტორიის ფართობი 7118 კვ.მ-ია, შენობა ორსართულიანია და საერთო ფართი 5434 კვ.მ-ია.

შენობა ინფრასტრუქტურულად სრულად გაიმართა, დამონტაჟდა სატვირთო ლიფტები, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელი და სამრეწველო მაგიდები, მოეწყო დაცვის სისტემები. შენობაში ასევე გამოყოფილია საოფისე, სასაწყობო, საოპერაციო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბიზნესპროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს. ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის დასაწყობება ხორციელდება სპეციალურ სივრცეებში განთავსებულ თაროებზე, ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვით, ასევე უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება და ტერიტორიის დაცვა.

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული

პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. 

შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით.

პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე წარმატებულ სტუდენტი ჩაერთო სრულად დაფინანსებულ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებში.

პროექტის  „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებში ქალებისა და რეგიონების გაძლიერებაა, მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებულ მონაწილეთა 40% ქალია, ხოლო 35% კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.

სასწავლო პროგრამებს საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე ტექლიდები და წამყვანი დეველოპერები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიითა და რეალური სამუშაო გარემოს პრინციპის გამოყენებით უძღვებიან. სასწავლო პროგრამებში არსებული, ისეთი მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, როგორიცაა კოლაბორაციულ პროექტებზე მუშაობა, რეტროსპექტიული შეხვედრები, Pair პროგრამირება და სხვა, სტუდენტებს ასევე უტარდებათ ქვეყანაში სფეროს წამყვანი ექსპერტების მასტერკლასები და ვორქშოფები. ამ კუთხით კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

ყოველი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ იმართება დემო დღე, სადაც სტუდენტები ფინალურ პროექტებს წარადგენენ პოტენციურ დამსაქმებლებთან და იღებენ კარიერულ შემოთავაზებებსა და ღირებულ უკუკავშირებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 100-მდე კურსდამთავრებულმა უკვე დაიწყო კარიერა თიბისი ჯგუფში და პროექტის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ღონისძიებების სერია TechXplore, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას. TechXplore-ის ფარგლებში პროექტის 150-მდე მონაწილემ, ტექლიდებმა და ეჯაილ ქოუჩებმა მონაწილეობა მიიღეს და იმუშავეს კონკრეტული პროექტების ტექგადაწყვეტის შექმნაზე.  გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად.

„TBC X USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტი, ეს არის რვა მიმართულების ტექკურსი, რომელიც სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ თიბისი IT აკადემიის ბაზაზე ხორციელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. სწორედ ამიტომ სწავლა სრულიად უფასოა, ონლაინ სწავლება კი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ მთელი საქართველოდან“- თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

(R)

მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია – “ქართული ოცნება”

გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა, თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ოპონენტები ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ, მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საარჩევნო შტაბი ექნება შექმნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება -შალვა პაპუაშვილი

უწყებათაშორისი კომისიის საბჭოში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არცერთი მათგანი არ იღებს სხდომაში მონაწილეობას, უკვე ექვსი სხდომა ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, მოსყიდვასთან თუ სხვა რამესთან დაკავშირებით თუ რაიმე მონაცემები აქვთ, მივიდნენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში და წარადგინონ.

„უწყებათაშორისი კომისიას რაც შეეხება, შევახსენებ საზოგადოებას, მედიას და საერთაშორისო დამკვირვებლებსაც, რომ ამ საბჭოში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არც ერთი და არც მეორე არ იღებს ამ სხდომაში მონაწილეობას. უკვე ექვსი სხდომა ჩატარდა, თუ არ ვცდები, არცერთში არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციამ, არც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მონაწილეობენ მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე მონაცემები აქვთ, უნდა მივიდნენ ამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში და წარადგინონ, თუ აქვთ რაიმე მტკიცებულება და ინფორმაცია მოსყიდვასთან და სხვა ინფორმაცია. ეს არის ის საბჭო, სადაც უნდა წარადგინონ, მაგრამ არ მიდიან, მხოლოდ მედიისთვის აკეთებენ განცხადებებს, თან კითხვა-პასუხშიც არ შედიან და ავრცელებენ დეზინფორმაციას. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ არის სისტემური მიდგომა, რათა შეამზადონ საბაბი არჩევნების არაღიარებისთვის, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ექნება შექმნილი საარჩევნო შტაბი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება. წარმოიდგინეთ, პარლამენტში შევქმნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი და რუსთაველის დარბაზში, დიდ ეკრანთან დავსხდეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად და გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ასე შემდეგ; ან პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ზუსტად იმ ესთეტიკით, როგორც არის ხოლმე საარჩევნო შტაბები. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს. სიტყვა გაიგეთ საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით? დღისით, მზისით პირდაპირ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დარღვევა ხდება, ესეც ერთ-ერთი მოწმობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები – და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით – თავიანთ ანგარიშებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ცრუ ბრალდებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და პირდაპირ ხელს აფარებენ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა.

„ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან დგანან კონკრეტული დონორები, ევროპელი და ამერიკელი დონორები, ეს არის მათი უშუალო და პირდაპირი პასუხისმგებლობა, რასაც დღეს აკეთებენ ეს ორგანიზაციები, დეზინფორმაციის გავრცელებით და ამაზე თვალის დახუჭვით. 2020 წელს ეს მწარე გამოცდილება უკვე მივიღეთ, როდესაც დონორებმა საკუთარი უპასუხისმგებლობით დაუშვეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყალბი ანგარიშები გამოაქვეყნეს და ამით საქართველოს სტაბილურობას შეუქმნეს საფრთხე და საქართველოს დემოკრატია საფრთხის წინაშე დააყენეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას -შალვა პაპუაშვილი

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები ამყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა.

„ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს: მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ, თავის თავში მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას. 2020 წლის გამოცდილებამ, როდესაც ჯერ პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებით, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადებით, რომლებიც ისეთ ცრუ ფაქტებს ეყრდნობოდა, როგორიც იყო ცესკო-ს მიერ შედეგების დაგვიანების გამოცხადება თუ უბნების რვა პროცენტზე დისბალანსი და ა.შ., გვაჩვენა, როგორი საფრთხის შემცველია დემოკრატიულ პროცესებთან უპასუხისმგებლო თამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციამ ვერ შეძლო, ისტერია შემოეტანა წინასაარჩევნო გარემოში – შალვა პაპუაშვილი

ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად, მოახდენს გავლენას მათ ნებაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება.

„მიზანი მარტივია, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათ ვერ შეძლეს, რომ ისტერია შემოეტანათ წინასაარჩევნო გარემოში, ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშიც და ზუსტად ეს შეიძლება იყოს მიზანი, რომ შემოიტანონ ისტერია საზოგადოებაში, დააბნიონ საზოგადოება, არჩევნებზე მოახდინონ უკანონო გავლენა და ამომრჩევლის ნებაზე მოახდინონ გავლენა. რაც შეეხება მეთოდებს, ორშაბათიდან მოყოლებული, რაც ეუთო/ოდირის ანგარიში გამოქვეყნდა, რაც იყო დიდი იმედგაცრუება ოპოზიციისთვის, მიზანმიმართულად ხდება საინფორმაციო ხმაური და ისეთი საინფორმაციო ველის შექმნა, რომ შეუქმნან აღქმა დამკვირვებლებს, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოში, ადმინისტრაციული რესურსის სახით, ძალადობის სახით თუ რაიმე ასეთის სახით. ასეთი ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად მოახდენს გავლენას მათ ნებაზე,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ჩამოაყალიბებენ ფასეულ შეთავაზებას, ტრენინგები დაეთმობა მარკეტინგს, ბრენდინგს, რეკლამასა და გაყიდვებს, ასევე Growth Marketing-ს, ბაზარზე შესვლის სტრატეგიას, ტექნიკური პროდუქტის შექმნას (MVP), ბიზნესმოდელს და ფინანსებს, ასევე დაფინანსების წყაროების მოძიებას. გუნდები აქტიურად იმუშავებენ Pitch Deck-ის აწყობასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე.  

აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში, გაგრძელდება12 კვირას და შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: ადგილობრივი და საერთაშორისო ბუთქემფი, თემატური სესიები, ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან, ნეთვორქინგ ღონისძიებები, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა და დემო დღე, სადაც სტარტაპები თავინთ კომპანიებს ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ წელს Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი დამეგობრდა Google for Startups-თან და საერთაშორისო ბუთქემფს მადრიდში, სწორედ Google for Startups-ის კამპუსი უმასპინლებს. აქსელერაციის ბოლო ეტაპზე, შერჩეული სტარტაპები გაემგზავრებიან სასწავლო ვიზიტით მადრიდში, გაეცნობიან ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და გაივლიან დამატებით ტრენინგებს.

შერჩეული სტარტაპები:

  • Ally – ნეთვორქინგ აპლიკაცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ერთმანეთის კონტაქტები პროფესიული საქმის მოსაგვარებლად.
  • Aloha – პლატფორმა HoReCa სექტორში ჩართულ ბიზნესებს ეხმარება მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდაში.
  • Altera-Tax Compliance – პლატფორმა ალგორითმის გამოყენებით მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს საგადასახადო და ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავებას.
  • ArtOa.io – პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს კედლის მხატვრებს დამკვეთებთან და ამავდროულად AI/AR ტექნოლოგიის საშუალებით ქმნის კედლის არტს წუთებში.
  • Bit Solutions – ვებ.პლატფორმა ხელს უწყობს ბიზნესებს, მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღებაში, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • Calendo – სერვისების დაჯავშვნის პორტალი, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიების შიდა ERP სისტემთან.
  • Certify Hub: E-Legal Solutions – ბიზნესებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ბიუროკრატიული სერვისების მიღებას.
  • DAILOGY – მესენეჯერ-ჩატ აპლიკაცია აღიქვამს დისფუნქციურ ტექსტებს და აგენერირებს შესაბამის ფუნქციურ, პოზიტიურ კომუნიკაციას, რითაც ამარტივებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.
  • Doer – პლატფორმა აკავშირებს დამწყებ ტექ ენთუზიასტებს ერთმანეთთან ერთი იდეის გარშემო.
  • DocHub – პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების შექმნის, გაფორმებისა და მართვის პროცესების ავტომატიზაციას.
  • Hiera – ვებ.პლატფორმა ამარტივებს ინტერიერის დიზაინერებისა და სტუდიების სამუშაო პროცესს, პროექტის მართვას, ნამუშევრების გაზიარების შესაძლებლობასა და უკუკავშირის მიღებას.
  • INSTASHOP.WORLD – სოციალურ ქსელებს შიგნით ვაჭრობისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა.
  • Quissly – ელ.კომერციის ბუნებრივ ენაზე მოსაუბრე თანამგზავრი, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში, მათი მომხმარებლებისთვის სასურველი შეთავაზებების მეშვეობით.
  • Ringovet – პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ადგილზე გამოძახების მობილური აპლიკაცია, რომელიც ამავდროულად ზრუნავს მიუსაფარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
  • SHARA – Coach Agile Teams – ეჯაილ მიდგომების და პრაქტიკების მართვის ციფრული ხელსაწყო/ვებ.აპლიკაცია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსორმაციისა და მიდგომების ეფექტურად განხორციელება/განვითარებაში.
  • Skippit – SaaS აპლიკაცია სააგენტო და საკონსულტაციო ბიზნესებისთვის, რომელიც ყველა საოპერაციო პროცესს და მონაცემს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მმართველ გუნდს ეხმარება პროექტებისა და ბიზნესის ეფექტურად, მონაცემებზე დაყრდნობით, მართვაში.
  • Skratchville – მარკეტინგის გემიფიკაცია D2C და B2C-სთვის.
  • Strive – ვიდეო თამაშების ქოუჩინგის მარკეტფლეისი, რომელიც ერთის მხრივ, დამწყებ გეიმერებს ეხმარება საკუთარ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ქოუჩინგ სერვისების მიღებაში, მეორეს მხრივ, გამოცდილ გეიმერებს გეიმინგ უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
  • Tripcamp – მობილური აპლიკაცია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის, რომელიც მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი- იპოვნონ და დაჯავშნონ დასარჩენი ადგილები, მიიღონ ინფორმაცია ლოკალური გამოცდილების, ტურების თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
  • uCraft.io – მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმა უზრუნველყოფს მარკეტინგული კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ანალიზს სხვადასხვა პლატფორმისთვის.
  • Webook – ონლაინ ჩაწერების პლატფორმა თავის მოვლის ინდუსტრიისთვის.
  • World Tourist – ტურისტული აკლიკაცია, რომელიც მოგზაურებს უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების აღმოჩენისა და ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 4 ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 2 მილიონ ევრომდე ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.

სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს – ნათია მეზვრიშვილი

ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, – ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება.

მეზვრიშვილის თქმით, ასეთი დაშინების ინსტრუმენტები არჩევნებამდე მრავლად იქნება, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს.

„სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტ ტვსთან“ ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. „ოცნება“ დამარცხებულია, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის რესურსი, ტყუილების, პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს. ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.

„ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.