Home Blog Page 9

მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები – „მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

„მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მომიტინგეებს.

ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.

“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში – 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.

მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

არ გამოვრიცხავ, მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, ისიც პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი – ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3 – მამუკა მდინარაძე

არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3”.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან არ გამოვა, მოხდება ის, რაც იმ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უფლებამოსილი არ არის, იმყოფებოდეს გარკვეულ ადგილას.

„ღამის გათენებაზე, მთლად კარგი ასოციაციები არ გვიჩნდება, ხომ? – ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელო. ესეც, რა თქმა უნდა, შეიძლება რიტორიკული კონტექსტი იყოს, მაგრამ ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3. რაღაც ასეთი კონტექსტი მოყვა ამ თემას. კითხულობენ, ამ თემას თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ დაიკავებს პრეზიდენტის რეზიდენციას. რა უნდა მოხდეს? – მოხდება ის, რაც იმ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უფლებამოსილი არ არის, იმყოფებოდეს გარკვეულ ადგილას – რაც იმ ადამიანის შემთხვევაში მოხდება, ის მოხდება ექსპრეზიდენტის შემთხვევაში, – მარტივია. კითხვიდანაც კი პროვოკაცია ჩანს. რა თქმა უნდა, პროვოკაცია იქნება თუ სალომე ზურაბიშვილი ისე დაექვემდებარება დავალება, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაღლა დავალების შესრულების ინტერესს დააყენებს. ალბათობა ყველაფრისაა თუმცა არა მგონია”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს – სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს – ჯო უილსონი

ამერიკელმა კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

მისი თქმით, სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს.

„ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფენ CCP-ს [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და ირანის მარიონეტული რეჟიმის ფიქტიურ ინსტალაციას. სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“, – წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.

ისტორიული დღეა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება – მამუკა მდინარაძე

დღეს ისტორიული დღეა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი წესით, კანონმდებლობის ნორმის დაცვით, ამ ახალი პროცედურით იმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება.

“კანონმდებლობაშივე გაწერილია, რომ ინაუგურაცია იმართება საქართველოს პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ნორმის დაცვით, პარლამენტში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი – პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს – შალვა პაპუაშვილი

ვფიქრობ, მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, დატოვებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლეს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული შენობა სალომე ზურაბიშვილს მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს, „რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე“.

„არ მგონია, რომ ასე მოხდეს. ვფიქრობ, საბოლოოდ, მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს. ეს შენობა მას მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე. ეს შენობა ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს ეკუთვნის. ამიტომ, ჩემი მოლოდინი არის, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, ყველა შემთხვევაში გაითვალისწინებენ იმას, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი ვერ წავლენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი კვლავ სალომე ზურაბიშვილი იქნება, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს „ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს“.

„ეს ოპოზიციის ორგულიანობას აჩვენებს. როგორც ვიცი, მათი მუდმივი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია და ახლა თუ იმავე გულში ჩაიბუდებს ქალბატონი სალომე, ეს მათი პრობლემაა. გამოდის, რომ მათაც 2 პრეზიდენტი ეყოლებათ, მათი გულის რჩეული პრეზიდენტი. არ ვიცი, ღმერთმა შეარგოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს პარლამენტის სასახლეში გაიმართება.

ცერემონია პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარდება.

ყაველაშვილი კონსტიტუციასა და ბიბლიაზე დადებს ფიცს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.

კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისადა ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

რაც შეეხებათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისინი ღონისძიებაზე დაპატიჟებული არ არიან.

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს

თბილისი – 31 დეკემბერს, ცივი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში ტემპერატურა 0°C-მდე დაეცემა, დღის განმავლობაში კი +8°C-მდე მოიმატებს. ქარი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით იქნება და სიჩქარე 10-15 მ/წმ-ს მიაღწევს.

ქუთაისი – ღამის საათებში ტემპერატურა +5°C-მდე დაეცემა, დღის განმავლობაში კი +10°C-მდე მიაღწევს. ქარი ცვალებადი მიმართულების იქნება და სიჩქარე 10-15 მ/წმ-ს შეადგენს. 

ბათუმი – ღამით ტემპერატურა +5°C იქნება, დღის განმავლობაში კი +11°C-მდე მოიმატებს. ქარი ცვალებადი მიმართულებისაა, სიჩქარე 10-15 მ/წმ.

თელავი –  ღამით ტემპერატურა 0°C-მდე დაეცემა, დღის განმავლობაში კი +8°C-მდე მოიმატებს. ქარი დასავლეთის მიმართულებით იქნება და სიჩქარე 10-15 მ/წმ-ს მიაღწევს.

ზუგდიდი – ღამით ტემპერატურა 1°C-მდე დაეცემა, დღის განმავლობაში კი 4°C-მდე მოიმატებს. უხვი ნალექი არ არის მოსალოდნელი.

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ფრთხილად იყავით საუბრისას, თუნდაც მეგობრებთან ხუმრობის დროს, რათა თავიდან აიცილოთ მომავალი პრობლემები. შესაძლოა, იგრძნოთ, რომ პარტნიორი რაღაცას მალავს; არ შეგეშინდეთ კითხვის დასმა. დროა, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. ფრთხილად იყავით, რათა თავიდან აიცილოთ მცირე დაზიანებები.

კურო: თუ თავს დაბნეულად გრძნობთ, ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს. დროა, აღიაროთ შეცდომები და ნახოთ, ვინ არიან თქვენი ნამდვილი მეგობრები. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. დივანზე დასვენების ნაცვლად, მეგობრებთან გაერთეთ.

ტყუპები: ისიამოვნეთ დღევანდელი შეხვედრებით და რეალობით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კირჩხიბი: დღის ენერგიები მიმართეთ პროფესიონალიზმის წარმოსაჩენად; შესაძლოა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ.

ლომი: წარმატების დღეა; თქვენი ფერადი ოცნებები ფრთებს ისხამს და ახალი პერსპექტივისკენ მიმავალი გზები იხსნება.

ქალწული: ღიმილი და მეტი ოპტიმიზმი დღეს განსაკუთრებით გჭირდებათ. ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია, როდესაც გაქვთ საკუთარი თავის რწმენა.

სასწორი: გამოიჩინეთ გაბედულება და ინიციატივა სამსახურში, განსაკუთრებით ხელფასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

მორიელი: ნუ დაელოდებით პირველი ნაბიჯის გადადგმას სხვისგან; აიღეთ ინიციატივა თქვენს ხელში.

მშვილდოსანი: დღეს მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს; შეგიძლიათ დაკავდეთ საახალწლო სამზადისით და შეიძინოთ საჩუქრები ახლობლებისთვის.

თხის რქა: თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან.

მერწყული: ურთიერთობებში სიახლეები გელით, რაც გაამყარებს თქვენს კავშირებს; შესაძლოა, ერთად წამოიწყოთ რაიმე პროექტი.

თევზები: ნუ გადაიღლებით; დაგეგმეთ საქმეები ეტაპობრივად და იზრუნეთ ოპტიმისტურ განწყობაზე.

,,მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან – აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ”- სალომე ზურაბიშვილი

მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან – აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას ხვალ, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.

მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

,,მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს აშშ-ს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას”- ჯო უილსონი

მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანამ, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება ჩატარებული“, – წერს უილსონი.

“კიდევ კარგი, რომ უმრავლესობა მათ უდიდეს ფსიქოლოგიურ და დეზინფორმაციულ წნეხს არ ექვემდებარება… გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ, ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა” – მამუკა მდინარაძე

“რას უშვებიან ადამიანებს, რომლებსაც მათი სჯერათ, რთული მისახვედრი არ არის. თუმცა კიდევ კარგი, რომ უმრავლესობა მათ უდიდეს ფსიქოლოგიურ და დეზინფორმაციულ წნეხს არ ექვემდებარება. ფაქტია, ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ამდენი საუკუნის განმავლობაში! გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ, ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა” – ამის შესახებ, საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“აღქმების ჩამოყალიბების მცდელობები და ფაქტები!

“პროევროპელებმა”:

მიიტაცეს მედია!

დაარეკეტეს ბიზნესი!

მოკლეს და აწამეს ათასობით ადამიანი!

ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს!

რუსებს ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე!

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს!

ომის შემდეგ გადამწვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებლად!

ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციებს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები!

გაირკვა, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება ლეგენდით “სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობა”!

გაირკვა, რომ დღეს მათი ტელევიზიები დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს რუსული დანაშაულებრივი ქოლცენტებიდან იღებენ!

გაირკვა, რომ მათი მხარდამჭერი ბიზნესი ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ექსპორტ-იმპორტზე!

მხოლოდ ბოლო ოთხ წელიწადში ოთხჯერ ცადეს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და ასევე არაერთგზის რუსეთის საქართველოში შემოჭრის პროვოცირება!..

”პრორუსებმა”:

გავათავისუფლეთ მედია!

გავათავისუფლეთ ბიზნესი!

აღვკვეთეთ ადამიანის ღირსებისა და უფლებების შემლახავი ყველანაირი პრაქტიკა!

რუსეთს მოვუგეთ ყველა დავა საერთაშორისო სასამართლოებში!

ქართველ სამხედროებს ავაცილეთ ომის დანაშაულის დაბრალებული პასუხისმგებლობა!

ხელი მოვაწერეთ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე ევროკავშირთან!

მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია!

მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

უზრუნველვყავით ქვეყნის სუვერენიტეტი!

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის გავხდით რუსეთის ჰააგაში გასამართლების თანაინიციატორები!..

ეს რაც უცებ შეიძლება გაგახსენდეს ადამიანს.

რას უშვებიან ადამიანებს, რომლებსაც მათი სჯერათ, რთული მისახვედრი არ არის. თუმცა კიდევ კარგი, რომ უმრავლესობა მათ უდიდეს ფსიქოლოგიურ და დეზინფორმაციულ წნეხს არ ექვემდებარება. ფაქტია, ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ამდენი საუკუნის განმავლობაში!

გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ, ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა!…”- წერს მამუკა მდინარაძე. 

,, დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს ფურცელზე”- არჩილ გორდულაძე

დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რის თაობაზეც მას არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული. ახლა დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ არავითარი საშუალება იმისა, რომ რაიმე სიტყვითაც გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს გამყარებული, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების შესახებ საუბრისას.

„ოპოზიციას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, მათ ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ქართველ ხალხს უკავშირდება არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, სასაცილოც კი არის“, – აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, ქართველი ხალხისთვის თვალსაჩინო გახდა – არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფულისა და ფინანსების საპირწონედ შეიძლება სამშობლო, ქვეყანა, ოჯახი, მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი იყოს გაყიდული და გაცვლილი.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ, არც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და არც მთლიანი გუნდი, არასდროს გადადგამენ ნაბიჯებს.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდმა მყარად ფეხზე დგომით უარი თქვა ომში ჩართვაზე და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება უფრო მეტად დავიწყეთ, იმ დღიდან მოყოლებული განსაკუთრებული მუქარა და შანტაჟი მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების მიმართ და განსაკუთრებით ჩვენი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით. ამ ხნის განმავლობაში დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რის თაობაზეც მას არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული. ამის მიუხედავად კიდევ შანტაჟისთვის იყენებდნენ სალაპარაკოდ კონკრეტული ძალები და თანამდებობის პირები, [რომ] დასანქცირება მოხდებოდა, ახლა ეს ყველაფერი განახორციელეს სიტყვიერად და ფურცელზეც გადაიტანეს. დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ არავითარი საშუალება იმისა, რომ რაიმე სიტყვითაც გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია, იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს გამყარებული.

ქართველი ხალხისთვის თვალსაჩინო გახდა, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავარი არის ფული, მთავარია ფინანსები და ამ ფულისა და ფინანსების საპირწონედ შეიძლება, რომ სამშობლო, ქვეყანა, ოჯახი, ჩვენი მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი იყოს გაყიდული და გაცვლილი.

მათ ჰგონიათ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირი ჯაშუშები არიან და ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს, რაც კი ღირსეული არის ცვლიან ფულზე, ამ ძალებს ჰგონიათ, რომ ქართველები ყველანი ასეთები ვართ და განსაკუთრებით ასეთები არიან „ქართული ოცნების” გუნდში და საპატიო თავმჯდომარის სახით და ეშლებათ ძალიან. ვერ გაგვიცნეს, ვერ მივიდნენ იქამდე, რომ გაიგონ, რა არის ქართველი კაცისა და ქართველი ქალის ბუნება. თუ გაგვიცნობენ ეს ადამიანები, ნახავენ, რომ ჩვენთვის არც ფულს აქვს მნიშვნელობა და არც პირად კეთილდღეობას და ჩვენ არც ქვეყნის ინტერესს, არც ხალხის ინტერესს და არც მომავალს არ ვცვლით არც ერთ თეთრზე, არც მილიონზე, არც მილიარდსა და არც ნებისმიერ იმ თანხაზე, რომელიც ამ ადამიანებს შეიძლება, წარმოედგინოთ.

შესაბამისად, ახლა წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ ეს სანქციები. მთავარი ის არის, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი და ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ, არც ჩვენი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და არც მთლიანი გუნდი, არასდროს გადავდგამთ ნაბიჯებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.