Home Blog Page 9

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე, – ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინური ენის სწავლების ინიციატივასთან დაკავშირებით ავრელებს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა.

მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს.

სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა.

დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ – ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.

ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე.

ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში სულ მცირე ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას”, – აცხადებს სამინისტრო.

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა – აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გავლენა გლობალურ ბაზრებსა და საქართველოზე.

ღონისძიებას სახელწოდებით – „მსოფლიო და საქართველო: მიმდინარე ტენდენციები“ – ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

თიბისი კაპიტალის  დირექტორმა და კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა სავაჭრო პალატის წევრებს გაუზიარეს მოლოდინები, თუ რა გავლენას იქონიებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებზე, ასევე,   მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და სექტორული ტენდენციები და პროგნოზები.

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს გლობალურ ეკონომიკაზე, რაც გავლენას მოახდენს საქართველოზეც, მათ შორის ექსპორტზე, ფასებსა და ლარის კურსზე. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის წილი საქართველოს იმპორტში 12.2%-ია, ექსპორტში – 2.1%, ინვესტიციებში – 7.4%-ს შეადგენს, ხოლო ფულად გზავნილებში – 18.4%-ს.

შეხვედრაზე  განხილული იყო უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორიც. თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 2025 წლის პირველ კვარტალში შემცირდა, თუმცა ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში თბილისში გაცემულია 2.7 მილიონი მ² საცხოვრებელი ფართობის მშენებლობის ნებართვა, რაც ბაზარზე მიწოდების ზრდას ნიშნავს.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს – 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტებმა 6.45 მილიონს მიაღწია, რაც 4.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა იზრდება ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან, რაც უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების  შედეგია.

გამოცხადდა 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

გამოცხადდა 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.

როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით – The Daily Telegraph

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიტანეთის სტრატეგიული ბირთვული ძლიერება ბოლო 70-80 წლის განმავლობაში მშვენივრად ერთმევდა თავს შემკავებელი ფუქნცების შესრულებას და არმაგედონს თავიდან იცილებდა. სტრატეგიული ბირთვული ბალანსი ისეთია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, ჩინეთმა რომ კიდევ უფრო მეტი ბირთვული იარაღი შექმნას, ძალთა თანაფარდობა უახლოეს დროში არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულ იარაღს არავინ გამოიყენებს – ქვეყანა, რომელიც ამას გაბედავს, უნდა ელოდოს, რომ თვითონაც განადგურდება. 

მაგრამ ის, რაც თანაფარდობის მიღმა არსებობს, განსაკუთრებით ევროპაში – ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღის რაოდენობა. რუსეთს ბევრი აქვს, საფრანგეთსაც აქვს, მაგრამ ცოტა, დიდ ბრიტანეთს კი საერთოდ არ აქვს მსგავსი რამ. გამოდის, რომ ლონდონი არასწორად აღიქვამს ახალი მსოფლიო წესრიგის მოახლოებას და რეალური ძალის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს?

იარაღის აუცილებელი რაოდენობის არსებობას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისათვის – უკრაინის ომის გაკვეთილების გათვალისწინებით. ადოლფ ჰიტლერმა ძალიან გვიან გააცნობიერა ერთი ჭეშმარიტება: თუ მეომარ ქვეყანას არ შეუძლია საჭირო რაოდენობის ტანკების გამოშვება, არ აქვს თვითმფრინავები და არ ჰყავს საჭირო რაოდენობის ცოცხალი ძალა, მაშინ საეჭვოა მან ომში გაიმარჯვოს. მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას ძალის ეფექტი ტანკებისა და მილიონობით ჯარისკაცის გარეშე?

როგორც შოკის მომგვრელად არ უნდა ჟღერდეს, უნდა ვაღიაროთ, რომ ერთადერთი პრაქტიკული გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი ქონა და მისი გამოყენების მუქარა. ჩვენ ეს ცივი ომის დროს კარგად ვიცოდით, 1990 წლამდე დიდი ბრიტანეთს სხვადასხვა ძალისა და დანიშნულების ბირთვული იარაღი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ჩავთვალეთ, რომ აღარ გვჭირდებოდა და მათი დიდი ნაწილი გავანადგურეთ, მათ შორის ტაქტიკურიც..

მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია. რუსული ურდოები წინ მიიწევენ და უამრავ ტანკს, დრონს და სხვა თანამედროვე იარაღს ფლობენ, რომ  ბრძოლის ველზე გამარჯვებას მიაღწიონ. ჩვენ როცა ასობით ტანკზე ვლაპარაკობთ, რუსებს ათასობით აქვთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმდენი საავიაციო თუ სატანკო ქარხანა, რომ ბალანსი უახლოეს ხანში აღვადგინოთ.

ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოვახდინოთ რეაგირება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის მუქარებზე, თუ ჩვენ ძია სემი (აშშ) გვერდით აღარ დაგვიდგება? ტაქტიკური ბირთვული იარაღი ნიშნავს, რომ ქვეყანას ისეთი ძალა აქვს, რომელიც მასიურ ეფექტს მოახდენს, ანუ ისეთ შედეგს მოიტანს, რომელსაც ჩვეულებრივი იარაღი ვერ შეძლებს. როგორ და რით გავცემთ პასუხს, თუ რუსეთი, ვტქვათ კონკრეტულად ბალტიისპირეთისა და ევროკავშირის დამაკავშირებელ სუვალკის ვიწრო დერეფანს დაარტყამს? ჩვენ, რასაკვირველია, არ გვინდა არმაგედონის პროვოცირება და სტრატეგიული დანიშნულების მქონე ჩვენი ბირთვული რაკეტებით „ტრაიდენტებით“ მოსკოვს ვერ დავარტყამთ. სავარაუდოდ, ჩვენი სახმელეთო არმიის ქვედანაყოფები დამარცხდებიან, ჩვენ ჩავბარდებით და რუსეთი ბალტიისპირეთს დაიპყრობს, ამ სხვა ქვეყნებსაც ზედ მიაყოლებს..

მოკლედ, კრემლის მიმართ საუკეთესო პასუხი იქნებოდა ტაქტიკური ბირთვული დარტყმის მიყენება, რომელიც პუტინის არმიას ისევე გაანადგურებდა, როგორც რუსები ჩვენსას. ასეთ ვარიანტს ძლიერი შემკავებელი ეფექტი ექნებოდა.

ჩემი სპეციალიზაცია სწორედ ბირთვული იარაღია და ვფიქრობ, ჩვენი მდგომარეობა არცთუ ძალიან ცუდია. ჩვენ შეგვიძლია შესაფერისი ბირთვული საბრძოლო ქობინების წარმოება და მათი დანიშნულების ადგილზე მიტანა უმოკლეს ვადაში.

გასაგებია, რომ ბრიტანული ბირთვული ტაქტიკური იარაღის წარმოების იდეა უეჭველად გამოიწვევს უკმაყოფილებას ჩვენს აკადემიურ ინსტიტუტებში, მაგრამ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ პაციფისტების ცარიელი სიტყვების რახა-რუხს და უნდა დაველოდოთ რუსეთის რეაქციას. ვფიქრობ, შემკავებელი ეფექტი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ის, რომელიც ჩვენი ტანკების უახლოეს მოდელს – ათასობით „ჩელენჯერ-3“-ს შეუძლია, როგორი უპირატესობაც არ უნდა ჰქონდეთ მათ რუსულ ტანკებთან შედარებით .

ვლადიმერ პუტინი პატივს სცემს მოწინააღმდეგის ძალას და სარგებლობს მისი სისუსტით. ბირთვული იარაღი ბრძოლის ველზე ისეთ ძალის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც არცერთ სხვა სახეობის იარაღს არ აქვს. ასე რომ, სანამ ჩემზე ვინმე რაიმე კრიტიკულს იტყვის, მანამ ამაზე დაფიქრდეს.

რედაქციის შენიშვნა: ავტორი ბრიტანეთის არმიის მაღალჩინოსანი ოფიცერია და სამხედრო სამსახურის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მეთაურობდა ბრიტანულ ბირთვულ ქვედანაყოფს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

წყარო

“ვლადიმერ პუტინს აქვს საუკეთესო უპირატესობა – მოთმინების უნარი”- Le Piont

ფრანგულ ჟურნალ Le Piont-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ რუს პოლიტოლოგ ფედორ ლუკიანოვთან, სათაურით „ვლადიმერ პუტინს აქვს საუკეთესო უპირატესობა – მოთმინების უნარი“ (ესაუბრება ენ ნივა – Le Piont-ის სპეციალური კორესპონდენტი მოსკოვში).

 ფედორ ლუკიანოვი არის ცნობილი რუსული ჟურნალის „როსსია ვ გლობალნოი პოლიტიკეს“ („რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“) მთავარი რედაქტორი. ინტერვიუში  იგი საუბრობს ვლადიმერ პუტინზე, დონალდ ტრამპზე, რუსეთ-უკრაინის კონფრონტაციის მიზეზებზე, ომის სავარაუდო შეწყვეტაზე, ევროპასთან დამოკიდებულებაზე…

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

– ამჩნევთ თუ არა ვლადიმერ პუტინის პოზიციებისა და აზროვნების ცვლილებას დროის განმავლობაში? შესაძლოა მან თავისი დამოკიდებულების გამოხატვა შეცვალა?

– არა, მისი ლოგიკა უცვლელი რჩება. ვლადიმერ პუტინი 100%-ით არის დარწმუნებული თავისი მოქმედების აუცილებლობაში. იგი უკრაინის საკითხს ეგზისტენციალურად თვლის და დარწმუნებულია, რომ საკითხი უნდა გადაიჭრას. ბოლო დროს იგი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ ამის გაკეთება მისი მოვალეობაა, რადგან მომდევნო თაობა საკითხის მოგვარებას ვეღარ შეძლებს. მე არ შემიძლია მის თავში ჩახედვა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მან უეცრად თქვა – მოდით ყველაფერი სამხედრო ძალით გადავწყვიტოთ. მისი პოზიცია თანდათან მწიფდებოდა. კრიზისი 2014 წლამდე დაიწყო – რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა უკრაინასთან თანაცხოვრებისა და თანაარსებობის ფორმას, მაგრამ რადგანაც არაფერი არ გამოვიდა…

– ანუ ის, რაც მოხდა, რუსეთის პოლიტიკის ჩავარდნაა?

– არჩევანის გაკეთება სამხედრო მოქმედებების სასარგებლოდ – ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას კი არ ნიშნავს, არამედ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მცდარი იყო. კიევს არ ესმოდა ან არ სურდა რეალური პოლიტიკის აღქმა. უკრაინის ხელისუფლება დამოკიდებული იყო (და არის) ელექტორალურ ციკლზე, ლიდერები დაკავებულები იყვნენ მოკლევადიანი საკითხებით, დღევანდელი მოვლენებით, გრძელვადიან პერსპექტივაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ჩვენთან, რუსეთში ხელისუფლება მკაცრად არ არის საარჩევნო ციკლის ჩარჩოებში მოქცეული, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოების აზრს ითვალისწინებს. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია – ეს საკვანძო მომენტს წარმოადგენს…

– იგი ერთადერთი არ არის, ვინც ასე ფიქრობს…

– მაგრამ დასავლელ ლიდერებში ასეთები ცოტაა. ნატოს გაფართოებასთან, ევროპული უსაფრთხოების სისტემასთან და  და უკრაინასთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკა უცვლელი რჩება. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს, რომელზეც ვლადიმერ პუტინიც იყო მიწვეული, მან ჯორჯ ბუშს უთხრა, რომ თავი დაენებებინათ უკრაინისათვის. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას აუხსნა, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოს წარმოადგენს. „თუ თქვენ უკრაინას ხელს ახლებთ, მაშინ ჩვენ პასუხს გაგცემთ“, – გააფრთხილა მან. უკეთესია ლიდერს საკუთარი საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუნდაც მცდარი აზრი, ვიდრე საერთოდ არქონა.

– რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს. თქვენი აზრით, ვლადიმერ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობის დამყარება?

– გავიხსენოთ კორეისა და ვიეტნამის ომები: მშვიდობა დამყარდა არა იმიტომ, რომ ბრძოლის ველზე სროლა შეწყვიტეს! ვიეტნამში საომარი მოქმედებები მოლაპარაკების დროსაც არ შეჩერებულა. იგივე იყო მანამდე კორეაშიც. იგივე ხდება უკრაინაშიც… პრობლემა ისაა, რომ დასავლეთმა სრულიად დაივიწყა, თუ რას ნიშნავს საბრძოლო მოქმედებები! თქვენ მიეჩვიეთ [სამშვიდობო] ოპერაციებს აფრიკის სახელმწიფოებში, ავღანეთში, ერაყში, მაგრამ არა შეიარაღებულ კონფლიქტებს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს შორის, რომლებიც აშშ-ის „სტრატეგიული გამოსვლით“ მთავრდებოდა. დამეთანხმეთ, რომ არ ღირს ისეთი კონფლიქტის დაწყება, სადაც უკან დახევა გაქვს დაგეგმილი. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს შედეგების მისაღწევად იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი მიღწევა ყოველთვის არ ხდება. რუსეთმა თავდაპირველ მიზნებს ჯერ ვერ მიაღწია, მოსკოვისათვის სასურველი შედეგები ჯერ არ დამდგარა.

– რას ფიქრობთ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაზე?

– ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენ ნელა, მაგრამ განუხრელად მივდიოდით ნატოსთან კონფლიქტისაკენ. მაგრამ ამერიკელები მიხვდნენ: თუ რუსეთი მარცხის ზღურბლზე დადგება, მოსკოვი აუცილებლად გამოიყენებს ყველანაირ, მათ შორის ბირთვულ იარაღს. ახლა, როცა ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, დიალოგი სრულიად შეიცვალა. რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 24 საათში შეაჩერებდა თითქმის 40-წლიან კონფლიქტს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა ამ საკითხზე 4-საათ ნახევარი ისაუბრეს.

– ეს კარგის ნიშანია?

– ჩემი აზრით, ძალიან კარგია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დავუბრუნდით იმ დროის დიპლომატიას, როცა მეფეები, იმპერატორები, პრეზიდენტები – ანუ ქვეყნის მეთაურები საბოლოო ჯამში თვითონ წყვეტდნენ, როგორ მოეგვარებინათ სიტუაცია. მეორე – დასავლეთში არ სურთ იმის აღიარება, რომ ცივი ომის შემდგომ ათწლეულებში ყველა დიპლომატიური პროცესი, იუგოსლავიაში იქნებოდა თუ ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის კარნახით მიმდინარეობდა. საქმე წინასწარ ეხებოდა არა ორი სხვადასხვა თვალსაზრისის ერთმანეთთან დაახლოებას, არამედ საკითხების გადაწყვეტას ყოველთვის აშშ-ის პოზიციის სასარგებლოდ.  დღეს არც ამერიკელებმა და არც რუსებმა არ ვიცით, თუ რით დამთავრდება ყველაფერი. აქედან გამომდინარეობს შეხვედრების გამართვის აუცილებლობა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ითვლება, რომ საზღვრები ურღვეობის პრინციპი დაცული უნდა იყოს, მაგრამ სიტუაციას რეალურად შევხედოთ: ერთი მხრივ, ბოლო 35 წლის განმავლობაში ზოგიერთი საზღვარი შეიცვალა: საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია დაიშალნენ… 2014 წელს რუსეთმა ამ პრინციპიდან გადაუხვია… რა ხდება დღეს? ჩვენ ვხედავთ, რომ რასაც ისრაელი გოლანის მაღლობებზე აკეთებს, ეს ნორმად ითვლება. დონალდ ტრამპი გრენლანდიის მიერთებას აპირებს… მეორე მხრივ, მე-2- საუკუნემ სუვერენული სახელმწიფოების კულტი გააჩინა. დეკოლონიზაციის შემდეგ უამრავი ახალი სახელმწიფო გაჩნდა, მაგრამ ბევრს დამოუკიდებლად არსებობა არ შეეძლო, დაიწყეს ერთმანეთთან დავა… რას სთავაზობს დონალდ ტრამპი უკრაინას? გარიგებას მინერალური რესურსების თაობაზე, რაც, თავისი არსით, კოლონიურ სქემას წარმოადგენს. ასეთია მსოფლიო ტენდენცია…

– ამ თვალსაზრისით ტრამპისა და პუტინის ხედვები ერთმანეთის მსგავსია?

– ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს უგებენ და ასეთი ლიდერები სულ უფრო მრავლდებიან. გამონაკლისად რჩება ევროპა: დღევანდელი სიტუაციაში მას უჭირს გარემომცველ სამყაროსთან ადაპტაცია, სადაც ეროვნულ ინტერესებს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. (…) ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპა ერთი სახელმწიფო არ არის. უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ „ევროპა დროში გაიჭედა“.

– იყო მომენტი, რომ პუტინს ევროპასთან დაახლოება სურდა. რატომ გადაიფიქრა?

– იმიტომ, რომ მისი გეგმები ჩაიშალა. ვფიქრობ, პუტინზე უფრო მეტად პროდასავლური პრეზიდენტი არავინ არ იყო, განსაკუთრებით მისი მმართველობის პირველი სამი-ოთხი წლის  განმავლობაში. იმის შემდეგ, რაც მან რუსეთში წესრიგი დაამყარა და ოლიგარქებს თავისი ადგილი მიუჩინა, იგი ევროპითაც დაინტერესდა: ჩვენ გვაქვს რესურსები და გვყავს ადამიანები, თქვენ კი ტექნოლოგიები და ფული. მოდით, ვითანამშრომლოთ…

პუტინს იმ დროს საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა ჟაკ შირაკთან, გერჰარდ შრედერთან და სილვიო ბერლუსკონისთან. რუსეთი მზად იყო შესულიყო დასავლო ცენტრისტულ სისტემაში, თუმცა თავისი ინტერესების გათვალისწინებით და თავისი პირობებით, რადგან რუსეთი არც პოლონეთი არ არის და არც ბალტიისპირეთი. ჩვენ არ უნდა ვმდგარიყავით რიგში ევროკავშირში მიღებისთვის. კარგი იქნებოდა, რომ იმ დროს განსაკუთრებულ პირობებზე მოლაპარაკება გამართულიყო! მაგრამ დისკუსიები გაჭიანურდა და ბოლო სტადიამდე ვერ მივიდა – მიგვანიშნეს, რომ ჩვენ, რუსეთს, პროცედურები უნდა დაგვეცვა და რიგში უნდა ჩავმდგარიყავით. ანუ ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკურ არგუმენტს დასავლეთმა თავისი ბიუროკრატიული არგუმენტით უპასუხა…

– და ასე გაჩნდა იმედგაცრუება?

– ვფიქრობ, ეს მოხდა ერაყთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ, როცა პუტინმა მხარი დაუჭირა შირაკს და შრედერს, ანუ აშშ-ის პოზიციის წინააღმდეგ გამოვიდა. 2003 წელს, როცა ნათელი გახდა, რომ აშშ ერაყში შეიჭრება, რუსეთმა ასეთი პოზიცია დაიკავა: „თქვენ ძალიან უხეშ შეცდომას უშვებთ, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა“. პუტინს არ სურდა ჯორჯ ბუშთან ურთიერთობის გაფუჭება, კრემლი არ აპირებდა თეთრი სახლის წინააღმდეგ ღიად გამოსვლას, მაგრამ რადგანაც გერმანიამაც და საფრანგეთმაც ვაშინგტონის მიმართ უთანხმოება გამოხატეს… ტალანტიურმა ჟაკ შირაკმა მოახერხა ვლადიმერ პუტინის დარწმუნება. თავის მხრივ, პუტინი, რომელმაც ევროპისადმი მხარდაჭერით ამერიკა გაანაწყენა, ვარაუდობდა, რომ მისი ჟესტი ევროპის მიერ დადებითად იქნებოდა შეფასებული და რუსეთთან დამოკიდებულებას შეიცვლიდა…

– ელოდებოდით თუ არა იმას, რომ ევროპა ესოდენ ხისტ პოზიციას გამოავლენდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ?

– ასეთს არა. კი, ჩვენი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ რეაქცია მკვეთრი იქნებოდა, მაგრამ მცირე ხნით… ამჟამად ვლადიმერ პუტინი მზად არ არის კომპრომისისათვის, მაგრამ იგი რეალისტია და იცის, რომ ყველაფრის ერთად მიღება შეუძლებელია. მას აქვს ყველაზე ძლიერი კოზირი – მოთმინება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ სადაც საომარი მოქმედებები შეჩერდება, იქ უნდა იყოს რუსეთის საზღვარი. იმის იქით ვლადიმერ პუტინი აღარ წავა.

– ევროპაში ასე ცოტა თუ ფიქრობს…

– ერთი მხრივ, დასავლური მასმედია წერს, რომ რუსეთი სუსტიაო, მეორე მხრივ კი – რუსეთი მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და წინ წაიწევსო, მაგრამ რუსეთს ასეთი განზრახვა არ აქვს. მით უმეტეს, რომ როგორც პუტინი ამბობს, სტრატეგიული სიტუაცია  კიდევ შეიცვლება. აშშ-ის დამოკიდებულების გაცივება ევროპის მიმართ ტრამპისგან არ დაწყებულა, ჩინეთი კი თავის პოზიციებს აძლიერებს, ამერიკას კონფრონტაციაში იწვევს… ასე რომ, ისტორია მხოლოდ უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ არ ბრუნავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო

რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს?  – კახა კალაძე 26 მაისის ღონისძიებების ლოკაციაზე 

რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს? შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გასამართად ლოკაციის შეცვლას ეხებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

„რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეაბილიტირებული, გალამაზებული, ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შესანიშნავი ადგილია, რა არის ამაში ცუდი? ხომ შეიძლება [ღონისძიების ადგილი] შეიცვალოს?! მაგალითისთვის ვამბობ, ჩვენ ნაძვის ხე გვქონდა რესპუბლიკის მოედანზე. შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება. ხელისუფლება ვართ და რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე რადიკალებს“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან- კახა კალაძე ოპოზიციაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დავალებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, ის აგენტურა, რომლის შესაქმნელადაც, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ასეულობით ლარი იხარჯებოდა, დღეს რადიკალური დაჯგუფების სახითაა წარმოდგენილი.

„ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მისცემენ გარედან. არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან, მით უმეტეს, ეს აგენტურა, ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანები არიან, ხელფასებს, ფულს იღებენ. ბოლო წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონია დახარჯული ქვეყანაში აგენტურის შექმნაში. ეს უსამშობლო აგენტურაა წარმოდგენილი დღეს რადიკალური დაჯგუფების სახით. დღეს შეიძლება უთხრან, არ იღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ხვალ, როგორც კი მიიღებენ მითითებებს, რომ კი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ადგებიან და თავჩაღუნულები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ ადამიანებს არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ; არ გააჩნიათ სამშობლო, მისი სიყვარული. როდესაც ხარ აგენტი, რაზე უნდა ვისაუბროთ?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არ არის გამორიცხული, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ, არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ-ირაკლი ქადაგიშვილი

x

თუ დავაკვირდებით, საქართველო რა პროცესებს გადის ევროინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივი მონაცემებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ვხედავთ, რომ მასზე სხვადასხვა სახით ევროკავშირის სხვადასხვა ეტაპზე შანტაჟის პოლიტიკის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რაღაც მიზნები, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ფრონტის გახსნა იყო, მათ შორის ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო, რომელიც ჩავარდა, მაგრამ ამ საქმეს მაინც ეპოტინებიან.

„სამწუხაროდ, დღის წესრიგიდან არც ეს მოხსნილა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ ამ მეთოდსაც მიმართონ. ეს ერთ-ერთი ბოლო იარაღია, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ, რომ ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც რომ ვერ მოახდინონ ქვეყანაში რევოლუცია, შემდეგ საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს. ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე, რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი, ღია პროცესია, სინამდვილეში, პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში გაწირავენ თუ არა ევროკავშირის საინტერესო ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჩვენი მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ფული, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება, კრიტიკას ვერ მივიღებთ ადამიანებისგან, რომლებიც თავად არიან პრობლემის წყარო -ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების მიზანია იმ თანხის გამჭვირვალობა, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება.

მახაშვილმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელიც პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.

ლევან მახაშვილის განმარტებით, კრიტიკას ვერ მიიღებენ ადამიანებისგან, რომლებიც თავად არიან იმ პრობლემის წყარო, რასაც კანონი ეხება.

„იმ ვითარებაში არ ვართ, რომ მათ არგუმენტებით არ ვუპასუხოთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება და თუ ვინმეს გამოსავალი აქვს, შემოგვთავაზეთ-თქო. გამოსავალი არავის შემოუთავაზებია. მეტიც, ყველა დუმილით ელოდებოდა იმ პროცესებს, ვიდრე საპარლამენტო განხილვები დასრულდებოდა. ჩვენ ხმამაღალი განცხადებები არ გვჭირდება. ერთადერთი, რასაც მათგან ვითხოვთ, არის საერთო გამოსავალი. თუ ვინმეს გამოსავალი აქვს, ამაზე ვილაპარაკოთ და ეს პრობლემა ასე გადავწყვიტოთ. ეს პრობლემა თუ რამით შეიძლება გაქრეს, ეს არის ის ცვლილებები, რაც მივიღეთ. ამ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი ნაბიჯებით ქმნიან. ამიტომ, კრიტიკას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, ვინც ამ პრობლემას არათუ აგვარებენ, არამედ თავად არიან ამ პრობლემის წყარო. ბიუროკრატიაზე როცა ვსაუბრობთ, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგ ნაწილში ბრიუსელს ვერ ვაჯობებთ. რაც შეეხება დანარჩენს, გავიხსენოთ, რაზეა საუბარი – ჩვენი მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ფული, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება. ჩვენ მიერ მიღებული კანონების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო. მთავრობაზე მიმართვით უზრუნველყოფილი იქნება, რომ გვეცოდინება, საქართველოში რა თანხა შემოდის, რამდენს ხარჯავს და ვინ სად ხარჯავს. ამას ამდენი ხანია, ვითხოვთ და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კანონიერი არ იყო. მთავრობისთვის მიმართვა იქნება გარანტია, რომ ის თანხა, რაც საქართველოში შემოდის, ემსახურება არა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, არამედ იმას, რაც საზოგადოებას სჭირდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. 18-19 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

“ქართული ოცნების” მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება არის კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დახევა დემოკრატიული მომავლისგან -ჯინ შაჰინი 

საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ეხმაურება. ამის შესახებ შაჰინი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს.

“ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება არის კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დახევა დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან“, – წერს შაჰინი.

“მოქალაქეებმა მიიღეს გაურკვეველი შეტყობინებები, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და ყველად მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში” -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა.

მათივე ცნობით, ზარის ინიციატორები მიუთითებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

“მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.

ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.