Home Blog Page 89

საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით – პრემიერი

საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. პირველ ადგილზე ვართ, როგორც რეგიონში, ასევე ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. ეს არის ამ წლის მონაცემები და ასევე, საშუალოვადიანი პროგნოზითაც, საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, კონკრეტული პროგნოზი არის მოცემული ციფრებში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგნოზსაც კი გადაჭარბებით შევასრულებთ. ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ჩვენს ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის განვითარება  აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – განაცხადა პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, პორტის განვითარების პარალელურად, ხელისუფლება აღნიშნულ იდეაზე პოტენციურ ოპერატორებსა და წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„ჩვენ ხშირად აქცენტს ვაკეთებთ ტრანზიტზე, თუმცა, როცა ვსაუბრობთ პორტების განვითარებაზე, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სატრანზიტო ოპერაციებს. ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის იყოს მიმართული ეს ინფრასტრუქტურა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება, ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამატებითი საწარმოო კლასტერი შევქმნათ, მათ შორის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც იდეაში რეალიზებაშია. რამდენიმე წლის განმავლობაში, პორტის განვითარების პარალელურად, ჩვენ ვესაუბრებოდით პოტენციურ ოპერატორებს, წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ასეთი ტიპის სამრეწველო ზონებს ოპერირებენ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი პარტნიორი გვყავდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. შეიძლება ჩვენც განვახორციელოთ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. საწყის ეტაპზე ასევე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. შეიძლება ადგილობრივი ინვესტორებიც გვყავდეს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მოვიზიდოთ ისეთი პროფესიონალი კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია და ის თავის მხრივ შეძლებს, რომ ზონაში საინტერესო ინვესტორები მოიზიდოს. ასეთ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პაციენტს კლინიკებში VIP მომსახურებით სარგებლობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე შეეძლება

მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელი იყო.

„ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს. მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტთათვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება და ასევე, სამედიცინო პერსონალისა და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო მეტად სამართლიანი პირობების დადგენას. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ამ წინადადების მომზადებისთვის. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას. რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა.შ. ეს მიდგომა ერთი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელი იყო. მეორე მხრივ, ეს წესი უზრუნველყოფს პაციენტის გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის თითოეული სახის მომსახურების შეთავაზებაზე ლიმიტები. ასევე, სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსაგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ, საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე კლინიკების ინტერესებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

სტრასბურგმა წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ორი დღის წინ სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს, ამ რეიტინგმა კი საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

„რა ეშველება ახლა იმ რეზოლუციებს, განცხადებებს, შეშფოთებებს, რომლებიც ერთმა კვლევამ წყალში ჩაყარა?! კანონის უზენაესობის ინდექსი ამერიკული ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული მსოფლიოს წამყვანი კვლევაა, რომელიც 142 ქვეყანას და მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს ფარავს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

20%-იანი გადახდის პირობებში, კორონავირუსის პანდემიის დროს დაჯარიმებული კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან – პრემიერი

კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე – 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება.

„კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისთვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება“,-აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი.

„ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. მუდმივად აყენებდნენ ამ პრობლემას კლინიკები. კონკრეტული ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს, რადიკალურად შემცირება იგეგმება. შედეგად არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა. ასევე, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას ცხადს და სამართლიანს გახდის“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ სრულიად უფასოდ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ დრომდე აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი.

„მიწის სისტემური რეგისტრაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, რომელიც უკვე გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ამ რეფორმის ფარგლებში, აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მესაკუთრე. ყოველდღიურად აიზომებოდა და რეგისტრირდებოდა 3500-დან 4000-მდე მიწის ნაკვეთი. შეგვიძლია, თავადაც წარმოვიდგინოთ, რამდენად მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ბოლომდე არის მისაყვანი, შესაბამისად , ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ. არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე, დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები“, – განაცხადა კობახიძემ.

თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ, მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორცილებისთვის, რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. 

„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ ინიციატივების ხელშეწყობა, რომელთა ფარგლებშიც, ქართულ ბიზნესსექტორში საერთაშორისო სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება. მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი ბიზნესი იღებს გარემოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ფონზე, დღეს მთავარი გამოწვევაა გარემოზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა. პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარება, ენერგოეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ჩვენი და EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით, სულ უფრო მეტი ბიზნესი დაამონტაჟებს მზის ელექტრო პანელებს, შეამცირებს ქსელური ელექტროენერგიის მოხმარებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსს”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, თიბისიმ, პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა.

2023 წელს თიბისის მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობამ 1,23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შედეგზე 57%-ით მეტია. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს თიბისის მუდმივად მზარდ წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით.

ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან – სი ძინპინი

პეკინი, საერთაშორისო სიტუაციის მიუხედავად, განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ყაზანში BRICS-ის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო და რეგიონული ვითარება, ჩინეთი განუხრელად განავითარებს მეგობრულ თანამშრომლობას ირანთან“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს ირანს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ღირსების დაცვაში და მზადაა, ითანამშრომლოს ირანთან, რათა მტკიცედ დაუჭირონ მხარი ერთმანეთს, დაიცვან საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, როგორიცაა შიდა საქმეებში ჩაურევლობა და ასევე დაიცვან ორივე ქვეყნის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები.

„ჩინეთს სურს გააძლიეროს ირანთან თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას და კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს ორი ქვეყნის ხალხს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ცნობისთვის, სი ძინპინი და მასუდ პეზეშკიანი ყაზანში იმყოფებიან, სადაც 22-24 ოქტომბერს BRICS-ის სამიტი მიმდინარეობს.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 160-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა იყო. ასევე, სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.

ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელის იერიშების შედეგად სამი ლიბანელი სამხედრო დაიღუპა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებიც ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს და ტერორიზმში ეჭვმიტანილი 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

60% არის „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა და ახლა მთავარია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე – არჩილ თალაკვაძე

მმართველ გუნდში „გორბის“ ბოლო კვლევის შედეგებს აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„60% არის რეალური მხარდაჭერა და ახლა მთავარია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და ნახევარი საათი დაუთმოს თავისი ქვეყნის მომავალს. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია აიღოს მშვიდობიან, განვითარებულ ევროპულ მომავალზე პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს მოქალაქეებთან ერთად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%-ს მიიღებდა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია. პოლიტიკური პარტიების პოზიციას უკვე ხვალ გაგაცნობთ.

“რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა შეიძლება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 23 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა შეიძლება ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას“ (ავტორი – ფაბრის დეპრეზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას და სავაჭრო გემებზე თავდასხმებს, ამ ნაბიჯმა შეიძლება ხელი შეუწყოს მოლაპარაკების დაწყებას და ომის დასრულებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. „როცა საკითხი ეხება ენერგეტიკისა და ნაოსნობის უსაფრთხოებას, ამ მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგები იმის სიგნალი იქნებოდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მზად არის ომის შესაწყვეტად“, – ხაზი გაუსვა ქვეყნის მეთაურმა.
უკრაინა მკაცრი ზამთრისათვის ემზადება და ამიტომ მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს კი ქვეყნის ენერგოობიექტების ნახევარი – ჰიდრო- და თბოელექტროსადგურები – რუსული სარაკეტო დარტყმებით თითქმის განადგურებულია (ზოგიერთი რემონტდება, მაგრამ მათ რუსები კვლავ ბომბავენ და მწყობრიდან გამოჰყავთ). ამჟამად უკრაინა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია თავის ატომურ ელექტროსადგურებზე და ელექტროენერგიის იმპორტზე ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ რა იქნება მაშინ, როცა მკაცრი ზამთარი დადგება და ევროპას ელექტროენერგია თვითონ დაჭირდება?

თუ მოსკოვი და კიევი შეთანხმდებიან საჰაერო დარტყმების შეწყვეტაზე ერთმანეთის ენერგოობიექტების მიმართ (უკრაინაც ხშირად ბომბავს თავისი დრონებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ნავთობბაზებს), მაშინ შეიძლება ომის დეესკალაცია განხორციელდეს.

„პირველი [სამშვიდობო] სამიტის დროს ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება მიღებული იქნეს შეთანხმება ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შევწყვეტთ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, თავის მხრივ, რუსებიც აღარ დაესხმებიან ჩვენსას. შეიძლება თუ არა ამ დაპირებამ ომის ცხელი ფაზის დასრულებამდე მიგვიყვანოს? მე ვფიქრობ, რომ დიახ, შეიძლება“, – ხაზი გაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

[რას ნიშნავს უკრაინის მეთაურის ასეთი განცხადება?] ბოლო თვეების განმავლობაში ნათელი გახდა, რომ უკრაინის არმიის სარდლობა ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის – რუსეთის ჯარები ნელა, მაგრამ შეუჩერებლად წინ მიიწევენ 1000-კილომეტრიან ფრონტზე. კიევის არმიას სიტუაცია ვერ გამოუსწორა რუსეთის კურსკის ოლქში მოულოდნელმა შეჭრამაც…

ბრძოლის ველზე დიდმა დანაკარგებმა და ცივი ზამთრის პერსპექტივამ ვოლოდიმირ ზელენსკი აიძულა გაეაქტიურებინა თავისი ძალისხმევა „გამარჯვების გეგმისადმი“ დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერისა მისაღებად – იმ გეგმისა, რომელიც უკრაინის ნატოში წევრობასა და და უსაფრთხოების დამატებითი უზრუნველყოფას ითვალისწინებს (რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში).

უკრაინის ლიდერი ასევე განიცდის მზარდ ზეწოლას, რომ ომის მოლაპარაკების გზით დასრულების გზები იპოვოს – იმის გათვალისწინებით, რასაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს – თუ იგი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს და თეთრ სახლში დაბრუნდება, ომს პრეზიდენტად არჩევის პირველსავე დღიდან დაასრულებს.

რუსეთის მზადყოფნა მოლაპარაკებაზე, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაამატა, რომ იგი ელოდება ვაშინგტონის უფრო აქტიურ პოზიტიურ რეაქციას არჩევნების შემდეგ: „არა იმიტომ, რომ ამერიკას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, არამედ იმიტომ, რომ ახლა ამერიკელთა მთელი ყურადღება არჩევნებზეა გადატანილი და მე ვფიქრობ, რომ ეს გარემოება ნებისმიერი მკვეთრი განცხადების გაკეთებას ართულებს. არცერთ პარტიულ კანდიდატს არ სურს დამატებითი რისკი“.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს უარყო რაიმე გარიგების დადების შესაძლებლობა დასავლეთის ქვეყნებთან ფორმულით „ტერიტორია მშვიდობის ნაცვლად“, რომლის თანახმად, უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუ კიევი ოფიციალურად იტყვის უარს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

„რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ამ საკითხის ირგვლივ ნამდვილად ფიქრობს., თუმცა ისინი ამას პირდაპირ მე კი არ მატყობინებენ, არამედ მასმედიის მეშვეობით… ყველა დისკუსიის დროს ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ყველაზე ძლიერად ნატოს წევრობა მიგვაჩნია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მიერ მოთხოვნილი „შეკავების ზომების პაკეტი“ იმის კომპენსაციას წარმოადგენს, რაც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა – იგულისხმება ბირთვული არსენალი. 1990-იან წლებში რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, ბირთვულ იარაღზე კიევის უარის თქმის სანაცვლოდ, მოსკოვი უზრუნველყოფდა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიისა და საზღვრების დაცვას. მაგრამ ვლადიმერ პუტინმა ამ დოკუმენტის იგნორირება მოახდინა და 2014 წელს ბრძანება გასცა უკრაინის შემადგენლობაში არსებული ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის თაობაზე, ხოლო 2022 წლის თებერვლის ბოლოს, პუტინისავე ბრძანებით, რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობა დაარღვია და ქვეყანაში შეიჭრა.

„ჩვენ ბირთვული იარაღი მივეცით და სანაცვლოდ არაფერი არ მიგვიღია, გარდა სრულმასშტაბიანი ომისა და უდიდესი მსხვერპლისა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, – ახლა ჩვენ არც ბირთვული იარაღი არ გვაქვს და არც ნატოს წევრი არ ვართ.. და არც მიგვიღებენ ომის დამთავრებამდე. აი, რატომ მინდა, რომ ჩვენ რუსეთის შეკავების ზომების პაკეტი გვქონდეს“.

უკრაინას დაგეგმილი აქვს მეორე სამშვიდობო სამიტის ჩატარება რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, რომ ომის დასრულების შესაძლებლობის განხილვა მოხდეს, მაგრამ, როგორც კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მოსკოვი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ არ მოდუნდებით და აქტიურად იმუშავებთ, ეს დღე წარმატებული იქნება. ეცადეთ, ყველა სიტუაციაში დადებითი მხარეები ეძებოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. არსებობს შანსი, რომ ამ დღეს პერსპექტიული შეთავაზება მიიღოთ, ამიტომ სახლში ნუ ჩაიკეტებით. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კურო

ამ დღეს მნიშვნელოვანია, საკუთარი პოზიციების დაცვა შეძლოთ და სხვების რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. რთულ ვითარებაში ინტუიცია დაგეხმარებათ და ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენზე ზეწოლას და თქვენით მანიპულირებას ეცდება. დღის მეორე ნახევარში საქმეში სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩიოთ.

ტყუპები

ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხზე პასუხისმგებლობის აღება და ახლობელი ადამიანების დახმარება მოგიწევთ. ნუ აჩქარდებით – ახლა კარიერულ წინსვლაზე ფიქრისთვის არახელსაყრელი დროა. თუ რაღაც ახალი და უცნობი საქმის კეთება გადაწყვიტეთ, ყოველი ნაბიჯი ფრთხილად უნდა გათვალოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოს უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ.

კირჩხიბი

რთული და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღეა, რომელიც უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემები გაჩენისთანავე მოაგვაროთ და სამომავლოდ არაფერი გადადოთ. კოლეგებთან ურთიერთობაში შესაძლებელია უსიამოვნებები, ამიტომ ეცადეთ, მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ.

ლომი

ამ დღის პირველი ნახევარი სტრესული და ემოციურად რთული იქნება. უამრავი პრობლემის გადაჭრა და დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. ადამიანებზე ხელსაყრელი შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად ახერხებთ და არც თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ, მაგრამ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და პირად ცხოვრებაზე არაფერი უამბოთ.

ქალწული

რთული დღეა, როცა კარგად ნაცნობი და ადვილი საქმეების დასრულებაც კი გიჭირთ. ეცადეთ, არ ინერვიულოთ და მომხდარში დადებითი მხარეც დაინახოთ. გირჩევთ, კოლეგებისგან მიღებულ ინფორმაციას არ ენდოთ და ყველა ფაქტი საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რამე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.

სასწორი

დილას მუშაობის დაწყება გაგიჭირდებათ, ამიტომ დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო და მარტივი საქმეები უნდა დაგეგმოთ. სადილის შემდეგ თქვენი შრომისუნარიანობა შესამჩნევად გაიზრდება და საშუალება გექნებათ, თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები გამოავლინოთ. გამორიცხული არ არის, რომ თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მან შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

მორიელი

ბოლო დროს დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შოპინგი სამომავლოდ გადადოთ და ხარჯები შეზღუდოთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ ამ და სხვა საქმეებსაც თავს მშვენივრად გაართმევთ.

მშვილდოსანი

წესები დაიცავით, საზღვრებს არ გასცდეთ და საკუთარი ვალდებულებები შეასრულეთ – ეს დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და დავალება წარმატებით შეასრულოთ. ეცადეთ, მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, რათა კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ამ დღეს ოჯახში სასიამოვნო მოვლენები გელით. ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

თხის რქა

ნაკლები იაქტიურეთ და თქვენი იდეები და რჩევები თქვენთვის შეინახეთ. საკუთარმა ინიციატივამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ ან უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. შეეცადეთ, ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ და პირქუში ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.

მერწყული

ეს დღე რომ ნაყოფიერი გამოვიდეს, მკაფიოდ გამოკვეთილი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა გჭირდებათ. წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. ცუდი დროა ახალი საქმის დაწყებისთვის. უმჯობესია, უკვე დაწყებული პროექტები და მცირე რუტინული ამოცანები დაასრულოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკულ შენიშვნებს.

თევზები

ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და რეალობას თვალი გაუსწორეთ. ფრთხილად იმუშავეთ და ეცადეთ, ყველა რისკი და მოსალოდნელი შედეგი გამოთვალოთ. გარშემომყოფებს თქვენი ცხოვრების წესი მოსწონთ, ბევრი დახმარებას და მხარდაჭერას გთავაზობთ, ზოგს კი თქვენი უკეთ გაცნობა სურს. შესაძლოა, ამ დღეს საინტერესო იდეა მოისმინოთ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.