Home Blog Page 84

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს

21 ნოემბერია ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს.

ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე დოკუმენტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და ასევე, მას გამოსაქვეყნებლად “საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს.

პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა არ ჩაითვლება.

პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე მრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე იყოფა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი დღის ვადაში ცესკო არჩეულ პარლამენტის წევრებს რეგისტრაციაში გაატარებს და მათ პარლამენტის წევრად არჩევის დროებით მოწმობას მისცემს.

შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარადგინა

ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის საბოლოო შედეგები გააცნო.

ბრიფინგის დასაწყისში მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა.

„ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე: მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები – ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის საბოლოო შედეგებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შუალედური ანგარიშები, მათ შორის, ეუთო/ოდირს და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეგზავნებოდა.

„ეს დაკვირვების პერიოდი მოიცავს 1 ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს – როგორც არაოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს, ისე ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს, სექტემბრიდან მოყოლებული.

ძირითადი დარღვევები რაც გამოვლინდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, კონცენტრირებული ვართ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დარღვევებზე. ეს არის ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები, რომელიც წარმოებდა.

დავიწყოთ თავიდან, რაც შეეხება ძალადობას და მუქარას. ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა, განსაკუთრებით დასაწყისში იყო პარლამენტის წევრებზე თავდასხმები. გახსოვთ ე.წ. „აღშფოთებული მოქალაქის კამპანია“, რომლის უკან და რომლებიც ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც თითქოს და ანონიმური მოქალაქეების სახით თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. 10 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და სხვათა შორის, ეს ფაქტები არ აღწერეს ადგილობრივმა ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც პერიოდის მხრივ ამ პერიოდს მოიცავენ, თუმცა თვალი დახუჭეს იმაზე, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პარტიული ნიშნით მიდიოდა ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან თავდასხმები.

მეორე, გახლავთ სიძულვილის კამპანია უკვე დეპუტატობის კანდიდატებზე. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გასაჯაროვდა, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ვერბალური თავდასხმები სოცმედიის საშუალებით თავდასხმები მათზე, მათი ოჯახის წევრებზე. ვნახეთ ჩვენ რომ არაფერი მორალური ბარიერი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს, მათ შორის, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრებს, ოპოზიციის აქტივისტებს არ აქვთ, მათთვის სულერთია ვის ეხება ეს, ეხება ეს ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომელსაც გუშინ ტაშს უკრავდნენ, თუ ეხება ეს ადამიანებს, რომელსაც ისინი შეიძლება მანამდე არ იცნობდნენ. ყველა მორალური ბარიერი მოიხსნეს. ნიღაბი ეთიკის ყველანაირად ჩამოიხსნეს და პირდაპირ შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასული ჩვენი სიის წევრებზე და ასევე, ნახეთ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით. პირდაპირ ჩართული იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბულინგში, ზეწოლაში, შეურაცხყოფაში ადამიანებისა, რომელიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიან. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში შინაარსით ლიბერალური ფაშიზმი. ეს ის ხალხია, რომელიც სემინარებზე „power point“-ებით გვიმტკიცებენ, რომ სხვათა უფლებებისთვის ყველაფერს გადადებენ, მაგრამ როგორც კი ვინმე მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა არის, მზად არიან იმავე მომენტში, რომ ეს ადამიანი გაანადგურონ. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ბანერებზე გადაფენა წარწერების, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ე.წ. მედია საშუალებები ავრცელებდნენ, ეს ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებდნენ მტრად და ამაზე დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, რაც რა თქმა უნდა ახალისებს ასეთი სახის ტერორს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან. ქონების დაზიანება- მათ შორის, წალენჯიხაში იყო შემთხვევა, როდესაც მანქანა დაუზიანა „ახალის“ წევრმა და ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შემდეგი, ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვნახეთ, ე.წ. პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს, მათი ასე ვთქვათ, როგორც პარტიული მხარდამჭერების ასე ვთქვათ, რეკრუტირებისთვის და ეს ჩვეულებრივ მოსყიდვა არის ჩვენი შეფასებით, ვინაიდან ეს გახლდათ რა თქმა უნდა, დაფინანსებული ღონისძიებები. ამითი რა თქმა უნდა მოსყიდვა არის ამომრჩევლების და ამაზეც რეაგირება ნულოვანი აქვთ ადგილობრივ დამკვირვებლებს. ნუ, ცნობილი უკვე რამდენიმე ათას ლარიანი წალენჯიხის ასაწყობი აუზი, რომლითაც მამუკა ხაზარაძემ თავისი მთავარი დაპირება შეასრულა, როგორც მან თქვა და გამართა წალენჯიხაში ადრეულ შემოდგომას ასაწყობი აუზი, რომელიც თავის მხრივ არის ასევე ამომრჩევლების მოსყიდვა გარდა იმისა, რომ სასაცილო ფაქტია საერთოდ რომ ადამიანი, რომელიც მაღალ პენსიებს ჰპირდება და თავად რამდენიმე მილიონის პატრონი არის, ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, მაგრამ ამავე დროს ის, რაც გაიმეტა ეს გახლავთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან მათ შორის, სარგებლობა იყო უფასო შეთავაზებული მოქალაქეებისთვის პარტიის მხრიდან.

შემდეგი გახლავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელზეც ასევე, თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ვინაიდან შეკრული არიან თავად სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან, რამდენიმე სახის დარღვევა არის ქალბატონი სალომეს მხრიდან: პირველი- ე.წ ქარტია, რომელიც არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომ ის ჩაერიოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის შედგენაში და მან ფაქტობრივად ამით შეადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამავე დროს საქართველოს აცხადებს ბანანის რესპუბლიკად, ამბობს რა რომ, ჩვენ არ გვაქვს უნარი მოქალაქეებს, რომ ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც 4 წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას, ეს უნდა იყოს დროებითი მთავრობა, ვინაიდან მოქალაქეებს არ გვყოფნის იმისი ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება რაც გვინდა, ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქები, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევანის გაკეთების უნარი და ამიტომ შეადგინა რამდენიმე პუნქტიანი ქარტია, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ეს იქნება, ასე ვთქვათ, დროებითი მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. და შიგნით ფაქტობრივად რაც წერია ეს არის , რომ სხვისი დიქტატით მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც უცხოელი ბიუროკრატების ნებისმიერ მითითებას დაემორჩილება; ეს ერთი დარღვევა. მეორე დარღვევა- ქალბატონის სალომე ჩართული იყო და არის კვლავ პარტიების კოალიციების შექმნაში, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ჰქონდა კონსულტაცია, ამისთვის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურსს და იმ რესურსს, მათ შორის რომელიც არის სასახლის ლოჯისტიკური მხრივ, რაც არის ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილი; და მესამე – არჩევნების დღეს დაანონსება ე.წ საკოორდინაციო პლატფორმის. შემდეგ შეეცადნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად გამოეყვანათ ქალბატონი სალომე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ აქედან, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პლატფორმა თუ ჯგუფი, რაც იქმნება 26 ოქტომბერს არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოჯისტიკაში იმისთვის, რომ ქალბატონმა სალომემ თავისი გემოვნებით იზეიმოს, თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება თუ არ გამარჯვება. ამიტომ, ეს არის რა თქმა უნდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ეს არის პარტიული შტაბი, რომლის მიზანიც არის გარკვეული პარტიის, თუ პარტიათა ჯგუფის გულშემატკივრობა, ამიტომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა ენჯეოები ამაზე თვალს ხუჭავენ; შემდეგი დარღვევა კამპანიაში ხელის შეშლა- ამაზე უკვე ბევრი შემთხვევა იყო, 15-მდეა რაზეც ჩვენ რეაგირება გვქონდა, როდესაც ხდება ჩვენი პლაკატების დაზიანება, ჩვენი ბილბორდების გადაკვრა, დახევა და ა.შ. ხელის შეშლა კამპანიაში, გარდა ამისა, კვლავ არის დარჩენილი 5 საათზე მეტი დრო, რომელიც რეალურად მოგვპარეს „ტვ პირველმა, „მთავარმა“ და „ფორმულამ“ – „ლელოს“, „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილმა ტელევიზიებმა, 5 000 000 ლარზე მეტი ღირებულების საარჩევნო დრო მოგვპარეს და ამით, რა თქმა უნდა, არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს სხვა პარტიებთან შედარებით.

რაც შეეხება უცხოურ ჩარევებს, მე ადრე ბრიფინგის სახით მოგახსენეთ და ჩვენ ამ მონიტორინგს ვაგრძელებდით. 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რეზოლუცია და ა.შ. დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა არის საქართველოს საარჩევნო კამპანიაში. არის სხვადასხვა სახის, დაწყებული განცხადებებით, რომელიც მედია საშუალებით თუ მათი სოცმედია საშუალებით საჯაროვდება, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ მხარი არ დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ და ეს არის ჩარევა.
მეორე, დოკუმენტები – ევროპარლამენტის რეზოლუცია, 13 მინისტრის თუ ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება, რომელზეც სხვათა შორის დღემდე ვერ გავერკვიეთ რა ტიპის დოკუმენტია ეს, ერთადერთი წყარო, რაც მივაგენით დღემდე არის „ინტერპრესნიუსის“ ნიუსი ასე ვთქვათ, სადაც მოტანილია ეს ტექსტი. სხვაგან ვერსად, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის ოფიციალურ ვებგვერდზე, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის საელჩოს ვებგვერდზე ეს ტექსტი ვერ მოვიძიეთ და დღემდე პასუხი არ გვაქვს რა განცხადება იყო საერთოდ, ვისი განცხადება, ვისი ინიციატივა იყო, რატომ არის მარტო 13, თარსი რიცხვის ამბავი არის 13 თუ რატომ არ ვიცი. მოკლედ ყოველ შემთხვევაში გაურკვევლობა არის ამ მხრივ. შინაარსობრივად რა თქმა უნდა ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიაში იმისთვის, რომ ემოქმედათ განწყობებზე.

გარდა ამისა, ჩარევა იყო ასევე 20 ოქტომბრის თავყრილობა, რომელიც ენჯეოების და ოპოზიციის ერთობლივი ღონისძიება იყო და სამწუხაროდ გაუმჭვირვალობის პირობებში ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამ 20 ოქტომბრის აქციაზე დაიხარჯა ენჯეოების თანხები, ანუ უცხოური თანხები დაიხარჯა საარჩევნო ღონისძიებისთვის და მათ შორის ამას გვაფიქრებინებს ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება ამ აქციასთან დაკავშირებით და ამიტომ გვიჩნდება ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი, რომ 20 ოქტომბრის ღონისძიება დაფინანსებული იყო უცხოური წყაროებიდან, რაც წარმოადგენს უკანონო კონტრიბუციას საარჩევნო კამპანიაში და არის დარღვევა და გარდა ამისა არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე სამწუხარო არის.
გარდა ამისა ჩვენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ ასევე დაფიქსირდა ერთი ფაქტი – გიორგი გახარიას პარტიიდან ყველა საჯარო მოხელეს დაეგზავნა მეილები ერთი ტექსტით. რა თქმა უნდა ეს მისამართები მათ შეუძლებელია რომ ჰქონდეთ პარტიაში, ამიტომ არის ეჭვი, რომ მათ პარტიაში თუ პარტიასთან ახლოს მყოფი ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში იმყოფებოდნენ, რომ მათ გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა, მათ შორის, მეილის მისამართები და ამ ბაზის მეშვეობით მოხდა საჯარო მოხელეებთან ერთიანი მეილის დაგზავნა. რა თქმა უნდა გარკვეული ტიპის მოხელეების მეილი კონტაქტები შეიძლება იყოს ამა თუ იმ სამინისტროს ვებგვერდზე, თუმცა ესენი არის როგორ წესი წამყვანი თანამშრომლები და თან ყველა საჯარო მოხელის მეილი არ არის ასე საჯაროდ ინტერნეტში გამოტანილი. მეორე – ეს ასეც, რომ იყოს, 50 ათასამდე საჯარო მოხელე არის და წარმოუდგენელია ამდენი ათასობით მოხელის მეილი ცალ-ცალკე შეეყვანათ და ე.წ. მეილინგ ლისტი შეექმნათ. ამიტომ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პარტიაში თუ შორი ახლოს ზოგიერთ ენჯეოში არიან ადამიანები, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ პერსონალურ მონაცემებზე და არის ეჭვი, რომ ეს ბაზა აქვთ გატანილი და ამ ბაზის მეშვეობით მოხდა ამ მეილების დაგზავნა. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საკითხითაც დაინტერესება.

შემდეგი გახლავთ უკვე ენჯეოები, რომლებიც ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, რაც ეხება ოპოზიციას და მათ დონორებს. ამ შემთხვევაში, თვალის დახუჭვა არის არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ, უცხოურ ჩარევაზე. შეგახსენებთ, რომ დანიის მიერ დაფინანსებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალები“, რომლებიც შემდეგ დადასტურდა, რომ ეს იყო პარტიული აგიტაცია, ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა ის ენჯეო, რომელიც დანიის დაფინანსებით ატარებდა ამ ღონისძიებებს. ხმა არ ამოიღეს ამაზე ენჯეოებმა, ხმა არ ამოიღეს იმ განცხადებებზე, რომლებიც სხვადასხვა უცხოელი დიპლომატის თუ პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება და ჩუმად არიან აბსოლუტურად ყველაფერზე. ამით ჩანს კიდევაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო სექტორზე, აქ რეალურად, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ის ენჯეოები რომლებიც, გარკვეული ჯგუფი, ასე ვთქვათ, წახალისებული ენჯეოებისგან, არის პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, მათ შორის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, მრავალპარტიული ორგანიზაცია, და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ოთხი-ხუთი ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აღიარა.
ამას წინათ, ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც, უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36 % ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან. მათში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს არის დაკავშირებული ოპოზიციასთან – 36%. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება.

საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვქონდა როგორც ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია – რომელიც ასევე, მნიშვნელოვანი იყო და აქ მე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რომელიც ამას წინათაც ვთქვი. რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის, რომელსაც, რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა.

თუმცა, არის კიდევ ერთი ტყუილი კიდევ, რომელსაც, როგორც ვატყობ, ჩვენ მოწმე ვართ. 17 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ჩაატარა ბრიფინგი და თქვეს, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. თქვენც ალბათ გახსოვთ ეს ინფორმაცია. დღემდე, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა იუსტიციის სამინისტროსთან, ამიტომ, მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ მათ ეს ბრიფინგი ჩაატარეს უბრალოდ წინასაარჩევნოდ, იმისთვის, რომ შეექმნათ კიდევ ერთი თემა, რომ გასაჩივრებული არის ეს კანონი. თუმცა, დღემდე, არანაირი ინფორმაცია არ არის, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ამიტომ, ესეც საინტერესო იქნება, შეტანილი აქვთ თუ არა საერთოდ ეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, რაც რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, შეუძლიათ გაასაჩივრონ, თუმცა, როცა ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის იყო გამოყენებული თავად თემა და ტყუილი, რომ თითქოს, ამ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ არაფერი საერთო ამასთან არ აქვს – უთხრა ეს ენჯეოებს, უთხრა ეს ოპოზიციას, უთხრა ეს უცხოელ პოლიტიკოსებს, უთხრა ეს უცხოელ დიპლომატებს, რომ ყველანი ისინი ტყუოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და რომ ეს იყო მავნე დეზინფორმაციული კამპანია.

არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია ასევე ერთ-ერთი პრობლემა არის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართული არიან აგიტაციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი და აქ სულელი არავინ არის, ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი, თითქოს, ეს იყო რაღაც ევროპასთან დაკავშირებული შეხვედრა საქართველოს მოქალაქეების. ეს იყო ცხადად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ ეს არის ენჯეოების ორგანიზებული ოპოზიციასთან ერთად. როგორც ჩანს და აშკარა იყო, რომ ამ აქციის ორგანიზებაში და გამართვაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში და რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგინდეს. მათ შორის, ამ ენჯეოებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რას მალავენ აბა, გაასაჯაროონ რა თანხები დახარჯეს, ვისი თანხები დახარჯეს და უთხრან საქართველოს მოქალაქეებს ვისი ფულით ცდილობენ ისინი, რომ ზემოქმედება მოახდინონ და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ წინასაარჩევნო პროცესში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 ,,ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი”- ხატია დეკანოიძე 

ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი.

„ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე. ეს არის დღე, როდესაც უნდა განმტკიცდეს საქართველოს ევროპული მომავალი, გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი. იქით არის სიბნელის, პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოში, იზოლაციაში ცხოვრება და აქეთ არის ევროკავშირი, მშვიდობა კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, ის თუ როგორ ღირსებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ამ ევროპულ ქვეყანაში. ამიტომ, ხვალინდელი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა დაცული იქნას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

,,ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო”- პრემიერი

ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა იყო, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ყველა დასმულ კითხვას უპასუხეს.

„სხვადასხვა კითხვა იყო და ყველაფერზე გავეცით პასუხი. ადმინისტრაციულ რესურსზე კითხვა არ ყოფილა, არც პირადობებზე…ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, – აღნიშნა პრემიერმა.

„საუბარი იყო საარჩევნო პროცესზე, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორი სიტუაციაა საქართველოში პოლიტიკურად, რა არის პოლიტიკური პარტიების მთავარი დღის წესრიგი და ზოგადად, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ის საკითხები, რაც განვიხილეთ და დამკვირვებლების კითხვებს ვუპასუხეთ“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრას პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, გივი მიქანაძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ესწრებოდა.

,,ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ”-  შალვა პაპუაშვილი

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ვინაიდან შეკრული არიან სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან რამდენიმე სახის დარღვევა არის.

„პირველი – ე.წ. ქარტია, რომელიც არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომ ჩაერიოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის შედგენაში და მან ფაქტობრივად, ამით შეადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამავე დროს საქართველოს აცხადებს ბანანის რესპუბლიკად. ამბობს რა, რომ ჩვენ არ გვაქვს მოქალაქეებს უნარი, ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც ოთხი წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას, ეს უნდა იყოს დროებითი მთავრობა, ვინაიდან მოქალაქეებს არ გვყოფნის იმის ჭკუა და გამჭრიახობა, ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც გვინდა. ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ, რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქები, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევნის გაკეთების უნარი. ამიტომ შეადგინა რამდენიმეპუნქტიანი ქარტია, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ეს იქნება დროებითი მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები და ასე შემდეგ. შიგნით რაც წერია, არის ის, რომ სხვისი დიქტატით მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც უცხოელ ბიუროკრატების ნებისმიერ მითითებას დაემორჩილება.

მეორე დარღვევა – ქალბატონი სალომე ჩართული იყო და კვლავ არის პარტიების კოალიაციების შექმნაში, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ჰქონდა კონსულტაციები. ამისთვის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურსს და იმ რესურსს, რომელიც არის მათ შორის ამ სასახლის ლოჯისტიკური მხრივ, რაც არის ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილი.

მესამე – არჩევნების დღეს ე.წ. საკოორდინაციო პლატფორმის დაანონსება, შემდეგ შეეცადნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად გამოეყვანათ ქალბატონი სალომე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ აქედან. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პლატფორმა თუ ჯგუფი, რაც იქმნება 26 ოქტომბერს, არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოჯისტიკაში, რათა ქალბატონმა სალომემ თავისი გემოვნებით იზეიმოს თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება თუ არგამარჯვება. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რადგან ეს არის პარტიული შტაბი, რომლის მიზანიც არის გარკვეული პარტიის თუ პარტიათა ჯგუფის გულშემატკივრობა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე „ენჯეოები“ თვალს ხუჭავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.

„საინტერესო შეხვედრა გავმართე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში რათა დააკვირდნენ ჩვენს არჩევნებს.  მათ განსაკუთრებულ ყურადღების საგანს სწორედ რომ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენს, როგორც არჩევნებამდე დანერგვის ნაწილში, ასევე, მათი გამოყენების ასპექტები კენჭისყრის დღეს. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ისინი დედაქალაქში მოახდენენ დაკვირვებას. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები, ისევე, როგორც კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები და ინსტიტუციის მზაობა ამ მიმართულებით, რასთან დაკავშირებითაც მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია,’’- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე. მისი თქმით, ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აუდიტის განხორციელების თაობაზე, რაც ერთის მხრივ გამჭვირვალობას და საჯაროობას უზრუნველყოფს, პასუხს გასცემს ყველა კითხვას თუ წუხილს და მეორე მხრივ კი, უპასუხებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკას და სტანდარტებს.

შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 ოქტომბერს გაიმართა.

რა პროცედურას გაივლის ამომორჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას – ცესკოს პრესსპიკერმა ამომრჩევლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე წამოსვლისას თან უნდა იქონიონ ვალიდური პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

„ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე პირველად შეხვდება ნაკადის მომწესრიგებელ საარჩევნო კომისიის წევრს და გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას. ამომრჩეველი ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ის შეამოწმებს, არის თუ არა დოკუმენტი ვადიანი და გადაამისამართებს რეგისტრატორთან. თუ ამომრჩეველი აქამდე ტრადიციული, ანბანური წესით ელოდებოდა რეგისტრატორს, ახლა უკვე ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეუძლია გადაინაცვლოს და გაიაროს ელექტრონული ვერიფიკაცია.

თუ დაზიანებულია დოკუმენტი, ამ შემთხვევისთვის აპარატს აქვს ხელით შეყვანის ველიც და მოხდება ამომრჩევლის პირადი ნომრის ხელით შეყვანა. რაც შეეხება ვერიფიკაციის აპარატს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ ცესკოს საოპერაციო სასაწყობე სივრციდან ყველა ელექტრონული ტექნოლოგიის გატესტვა და დასრულებულია საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის აღნიშნული ტექნოლოგიებისა და დოკუმენტაციის მიწოდება, თუ მოხდა რაიმე ტიპის ტექნიკური შეფერხება, ამ შემთხვევაში გაგრძელდება პროცესი საარჩევნო უბანზე სხვა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით. უბანზე იქნება მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი ვერიფიკაციის აპარატი და მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ხმის მთვლელი აპარატი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და შესაძლებელია საარჩევნო უბანზე შეიქმნას რიგი. თუმცა, მისი განმარტებით, ნაკადის მომწესრიგებელი რიგს კანონმდებლობის შესაბამისად დაარეგულირებს და ამომრჩევლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სწრაფად გაიარონ აღნიშნული პროცესი.

„ამომრჩეველს რეგისტრატორი უკეთებს მარკირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ იბეჭდება შესაბამისი ელექტრონული ქვითარი ვერიფიკაციის აპარატიდან მას შემდეგ, რაც რეგისტრატორი კომისიის წევრი დაადასტურებს შესაბამისობას ამომრჩევლის, ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის და ასევე ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული მონაცემების შესაბამისობას. ამ ქვითარზე ამომრჩეველი აწერს ხელს, ქვითარი რჩება ჩვენთან. ეს არის დასტური იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივიდა.

საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან. ასევე, ხელმძღვანელი პირები – თავმჯდომარე და მოადგილე უბანზე პროცესებს აქცევს ყურადღებას. თუ დახმარებაა საჭირო, აუცილებელია თავმჯდომარის საქმის კურსში ჩაყენება. როგორც იცით, ამომრჩეველი მარტო უნდა იყოს ფარული კენჭისყრის კაბინაში მას შემდეგ, რაც ბიულეტენს გადასცემს მას რეგისტრატორი. თუმცა, თუ მას დახმარება სჭირდება, შეუძლია, რომ თავმჯდომარეს მიმართოს და ნებისმიერი სხვა ამომრჩეველი დაეხმაროს ამომრჩეველს”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ხვალინდელ არჩევნებზე იქნება ახალი სახის ბიულეტენები.

„ასევე ხმის მიცემის წესია შეცვლილი და ნაცვლად სასურველი სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომრის შემოხაზვისა ახლა ამომრჩევლებმა უნდა გააფერადონ სუბიექტის წინ არსებული წრე. რეგისტრატორი ამ წესს აუხსნის ამომრჩეველს, გააფერადებინებს საცდელ წრეს რეგისტრატორის მაგიდასთან, აუხსნის ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესსაც და ამის შემდეგ გადაამისამართებს ფარული კენჭისყრის კაბინაში’, – განმარტა ცესკოს პრესსპიკერმა.

მან ასევე განმარტება გააკეთა პირველად შედეგებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება პირველად შედეგებს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, არის კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე პროცედურა, ამ პროცედურების დასრულების შემდეგ ორი საათის განმავლობაში ჩვენ გვეცოდინება პირველადი შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საღამოს 8 საათზე უბანი დაიხურება, თუმცა, თუ რიგში დგას ამომრჩეველი, ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავმჯდომარემ გადასატანი საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენები უნდა მოათავსოს ხმის მთვლელ ყუთებში და ამის შემდეგ უკვე დაიწყება პირველადი შედეგების ამობეჭდვა საარჩევნო უბანზე, გასაჯაროვდება ეს მონაცემები და პლანშეტის გამოყენებით პირდაპირ გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

გავამახვილოთ ყურადღება იმ საკითხზე, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ინტერნეტს, არც ვერიფიკაციის აპარატი და არც ხმის მთვლელი აპარატი ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული და ამომრჩევლებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე, გააკეთონ არჩევანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება არ შეიძლება და ასევე ამას მიაქციონ ყურადღება. ველოდებით ყველა ამომრჩეველს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის ხვალ მაღალი დონის სერვისი გაუწიოს ამომრჩეველს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

Associated Press – საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს ევროპაში

სამხრეთ კავკასიის ამ 3,7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მათ ცხოვრებაში, გადამწყვეტი ხმა ევროკავშირში გაწევრიანების შანსზე, არჩევნებში ოპოზიციური პარტიების კოალიცია უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს, – ამის შესახებ აღნიშნულია Associated Press-ის სტატიაში სათაურით: „საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს“.

გამოცემა წერს, რომ გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანებას.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინადადება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც შექმნილია რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მოდელით და ის მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა არაკომერციულ ჯგუფებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“, თუ ისინი იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ეს საჭიროა მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მიზანი მათი სტიგმატიზაცია და არჩევნებამდე დებატების შეზღუდვაა“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, მან პირობა დადო, რომ აღადგენდა სამოქალაქო უფლებებს და „გადატვირთავდა“ ურთიერთობებს მოსკოვთან.

„პარტია, რომელიც ჩრდილოვანმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაარსა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანებას დაჰპირდა. მაგრამ შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მოსკოვისკენ სვლა: მასობრივი პროტესტის მიუხედავად, უცხოური გავლენის კანონის მიღება, უკრაინაში ომის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისგან თავის შეკავება და ლგბტქ+ უფლებების მკვეთრი შეზღუდვა“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ არჩევნების წინ, მმართველი პარტიის სარეკლამო კამპანიის რეკლამა აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, გააფართოვოს კონფლიქტი უკრაინაში და „ქართული ოცნებას“ ძალაუფლება ჩამოართვას. ასევე გამოჩნდა ბილბორდები, რომლებიც უკრაინაში ნგრევის ამსახველ შავ-თეთრ სურათებს უპირისპირებს საქართველოს ცხოვრების ფერად სურათებს, სლოგანთან ერთად: „უთხარი არა ომს – აირჩიე მშვიდობა!“.

„ბევრი ქართველი შიშობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ამან შესაძლოა მთლიანად გაანადგუროს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები“, – აღნიშნულია სტატიაში.

„ნალექი და წვიმა“ – დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

25 ოქტომბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +7, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი

 დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა – ეს არის ევროპა?! -კახა კალაძე

დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოდიან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არის დიპლომატია?! ეს არის დემოკრატია?! ამისკენ მივდივართ?! ეს არის ევროპა?!.. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს თავზე დააჯდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუკი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება აქვს, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

„2012 წლის შემდგომ პერიოდში მივაღწიეთ ყველაფერს: ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუციაში ჩავწერეთ ევროპული მომავალი, ნატოში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები და სტატუსი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია. ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა კი განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაარსებიდან 10 წლის თავზე გაყინოს მინისტრებს შორის მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“, ასევე არ გამართოს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები და შეაჩეროს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა.

 ქვეყანას სჭირდება ლიდერები, რომლებიც არიან სუფთა წარსულით, არ ყოფილან ხელისუფლებაში, აქვთ გეგმა, აიღებენ რისკს და არ მოდიან იმიტომ, რომ დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში -მამუკა ხაზარაძე

ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ, ქართულ სულთან ერთად, ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისში, შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„22 წლის ვიყავი, როცა ბერლინის კედელი ჩამოინგრა. მაშინ გამიჩნდა პირველი სურვილი, რომ ჩვენც შევძლებდით ამ გზაზე დადგომას. მას შემდეგ ყველაფერი გავაკეთე, ბადრისთან და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ იმ პერიოდში, როცა ვიყავით ბიზნეში, შემოგვეტანა ამ ქვეყანაში ევროპული ტექნოლოგიები, ევროპული განათლება, ევროპული ინვესტიცია, შევქმენით ათეულობით კომპანია და რამდენიმე მსხვილი კომპანია დღეს ევროპულ ბაზარზე ევროპულ კომპანიებს ეჭიდავება. სწორედ ამას ვფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა პოლიტიკაშიც, მაგრამ 12 წელი ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, გააჩერა თავისი ტყუილებით და დაპირებებით, რომელიც ხალხმა დაიჯერა. ეს იყო რაღაც 100 ქარხანა, უფასო ფული, ეს იყო ის დაპირებები, რომ გააოცებდა ევროპას განსაკუთრებული დემოკრატიით და, რაც ყველაზე მთავარია, გააჩერა საუკუნის პროექტი, ანაკლიის პროექტი, რომელმაც ათიათასობით სამუშაო ადგილი გააქრო და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ეს ყველაფერი, შეგვიძლია, დავამთავროთ ჩვენ, შეგვიძლია, დავამთავროთ ორ დღეში, იმიტომ, რომ ორ დღეში ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყანაში შევცვალოთ ის რეალობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, მისმა გუნდმა გადაწყვიტა, ქართველი ხალხის დაკვეთა შეესრულებინათ.

„რა დაკვეთა იყო ეს? ოცი წელი ამ ქვეყანას ორი პარტია მართავდა, 20 წელი, და ადამიანები აღარ მიდიოდნენ არჩევნებზე, იმიტომ, რომ მათთვის ალტერნატივა არ არსებობდა. ჩვენ შევქმენით ახალი კოალიცია, სადაც გაერთიანდა „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“, ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“ და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. ჩვენ შევქმენით ახალი, ნამდვილად რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ამ „ძლიერ საქართველოს“ აქვს ძლიერი პროგრამა, „ილიას გზა“. მგონი, ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის და ამ „ილიას გზაში“ ჩვენ გაწერილი გვაქვს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ მიგვიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ძლიერ ქვეყანამდე“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაზემ.

მისი თქმით, 20 წელი ქვეყანას ორი პარტია მართავდა და მისი გუნდის სახით რეალურად გაჩნდა ალტერნატივა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და პროგრამა.

„რა არის ახალი პოლიტიკის კეთება? ახალი პოლიტიკის კეთება არის იმ ხალხის მოსმენა, იმ ხალხის ჩართვა, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ და მზად არიან, საქართველოს სიყვარულისთვის ნებისმიერ საქმეზე წავიდნენ. ესენი არიან ის დედები, რომელთაც უნდათ, თავიანთ შვილებს ჰქონდეთ ძალიან მაგარი მომავალი, ძალიან მაგარი განათლება. ესენი არიან ის ვეტერანები, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს და დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს და ჩვენ ახლა ამ დამოუკდებლობის დაცვისთვის ვართ შეკრებილები და ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად. ესენი ის დევნილები არიან, რომელთა მოგონებები, დაკარგული სახლები და დევნილობაში გატარებული დრო გვაძლევს ჩვენ ინსპირაციას, ძალიან სწრაფად მოხდეს რეინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ აქ შექმნან თავიანთი ცხოვრება და არ იფიქრონ იმაზე, რომ ერთადერთი შანსი არის ქვეყნის დატოვება. 117 000 ახალგაზრდამ, 30 წლამდემ, დატოვა ჩვენი ქვეყანა. ეს კატასტროფაა და ამ ხალხის ხმა არ ესმის ბიძინას, არ ესმის „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ ისენი ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს და ეს ყველაფერი ემსახურება „ქართული ოცნების“ ელიტარულ ჯგუფს, რომელსაც ხელები აქვთ ისე ღრმად ჩაყოფილი კორუფციაში, რომ უკვე სადღა წავიდნენ, აღარ იციან. ამიტომ უნდათ მათ ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამ ხალხის გვესმის ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“. ჩვენ ამ ხალხს ვუსმენთ და სწორედ ასეთი ხალხის ჩართულობით მოხდება ახალი პოლიტიკის კეთება საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ლიდერები სუფთა წარსულით.

„20 წელი ერთი და იგივე სახეები. ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც არიან სუფთა წარსულით, არ ყოფილან ხელისუფლებაში, აქვთ გეგმა, რომლებიც აიღებენ რისკს და არ მოდიან იმიტომ, რომ დიდი ხანი იყვნენ ხელისუფლებაში. სწორედ ასეთი ადამიანები არიან „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლები და ლიდერები და სწორედ ასეთ ლიდერებს უნდა მისცეს ჩვენმა ამომრჩეველმა შანსი და დიახ, ეს არის შანსი, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.

ორ დღეში ჩვენ გვაქვს უნიკალური მომენტი, რომ ყველა ერთად წავიდეთ და დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, ნიჰილიზმი, დავამარცხოთ რუსული პოლიტიკა და ყველამ ერთად დავუბრუნოთ ამ ქვეყანას ის არჩევანი, რომელიც გააკეთა ჩვენმა წინაპარმა, ის არჩევანი, რომელიც გააკეთეთ თქვენ, ის არჩევანი, რომელიც გვწერია კონსტიტუციაში და ეს არჩევანი არის ევროპული არჩევანი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ძირძველი ერი ვართ და სწორედ იმ სივრცეში ვართ ჩვენ გარანტირებულად მშვიდობით, რელიგიის დაცვით, მამულის და ჩვენი ტერიტორიების დაცვით და სტაბილურობით, აი, ეს არის ის ადგილი. ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ, ქართულ სულთან ერთად, ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც“, – განაცხადა მამუკა ხაზარაზემ.

რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს – ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ-სალომე ზურაბიშვილი

ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდება , – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

ზურაბიშვილის თქმითვე, ეს არჩევნები ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.

ამასთან პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, როგორ დაბალანსდება ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ან დაუწესდება თუ არა რუსეთს სანქციები. ზურაბიშვილის თქმით, „საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის“.

„საქართველო შეუერთდა სანქციებს იმ დონეზე, როგორც მოლდოვა, თუმცა არსებობს ნიუანსები. ეს არ არის პრობლემა. საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. იყო ერთი ნათელი გზა, რომელსაც მიჰყვებოდა „ქართული ოცნებაც“ მისი მმართველობის დიდი ხნის განმავლობაშიც და ეს იყო ევროპული ინტეგრაციის გზა, რადგან არ არსებობს სხვა ალტერნატივა, სადაც საქართველო იპოვის დამოუკიდებლობას, აყვავებას, მშვიდობას. 90%-იც კი მოსახლეობის, ამას ფიქრობს. ასე უჭერენ მხარს ქართულ გზას. ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაფერმა შეუშალა ხელი მოსახლეობას ამ გზაზე. ეს გზა მოიგებს, რადგან ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.