Home Blog Page 83

 ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურმა კომუნიკაციამ გამოავლინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობა -დავით შერაზადიშვილი

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც მადლობას უხდის ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამართულ შეხვედრებში აქტიურობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

შერაზადიშვილის განცხადებით, ორ თვიან წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურმა კომუნიკაციამ გამოავლინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ აღნიშნული გზით მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობა.

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარვადგინო ოთხი მუნიციპალიტეტი ისეთი ძირძველი რეგიონიდან, როგორიც ქვემო ქართლია. რეგიონი, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, რაც განსაკუთრებულს და უნიკალურს გვხდის. ბოლნისელები კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და მიხარია, რომ მქონდა საშუალება, გამეცნო ახალი ადამიანები, მათი სახით გამეჩინა მეგობრები. ჩემთვის კიდევ უფრო სასიხარულო იყო კამპანიის წარმართვა ახალგაზრდებთან ერთად. მათი ენერგია და ხალისი გადამდებია. თქვენი მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები.

აქვე, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ერთადერთი ღირსეული ძალაა.

ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურმა კომუნიკაციამ გამოავლინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობა.

ამომრჩეველს მსურს მოვუწოდო აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ.

მიგულეთ თქვენს გვერდით როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის უზომოდ მოსიყვარულე და ქომაგი“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია -ირაკლი კობახიძე

ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა.

„ზოგადად, ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია. ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და რუსეთის სამხედრო აგრესიის დასაგმობად. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან დამაჯერებლად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. და, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ეფუძნება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს”, – განაცხადა პრემიერმა.

 პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში -ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის ჰქონდა ბოლო საუბარი კრემლთან.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან აქვს ევროპასა და აშშ-ში.

„საქართველო, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი, დღეის მდგომარეობით,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება-რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება.

„არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რაც ევროკავშირის მოსახლეობის 65% წარმოადგენს), რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

https://x.com/RikardJozwiak/status/1849766495405986067

 სასაცილოა, რომ ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილს აბრალებს რაღაცას, ეს აბსურდია და ადამიანურ ზღვარს სცდება -შალვა პაპუაშვილი

უბრალოდ, სასაცილოა, რომ ბაჩიაშვილი ახლა ბიძინა ივანიშვილს აბრალებს რაღაცას, ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ადამიანურ ზღვარს სცდება.

„არ ვიცი, ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როცა ბაჩიაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავისთან მიიყვანა, ივანიშვილს დაადანაშაულებს თანხების მითვისებაში. თქვენ იცით, ბაჩიაშვილის მიმართ რაც არის სადავო. არ ვიცი, რა ჰქვია მის ქცევას, ეს ხომ ადამიანურ ზღვარს სცდება. „ტვ პირველში“ იქნება, ხომ? მამუკა ხაზარაძის ტელევიზიაში. სხვათა შორის, 650 000 ისევ ჩასარიცხი აქვს მამუკა ხაზარაძეს საქართველოს ბიუჯეტში და იქნებ შეახსენოთ, რომ ფული არის გადასახდელი ბიუჯეტში.

სინამდვილეში, ეს არის იდეოლოგია. ხაზარაძეს უნდა, რომ მილიარდ-ნახევარი წაიღოს ბიუჯეტიდან. ანაკლიის პროექტი ჩაშალა საკუთარი სიხარბის გამო, რადგან უნდოდა, ჰქონოდა ბიზნესი, რომელიც მარტო მოგებაზე მუშაობს. უნდოდა, ჩვენს ხარჯზე, თითოეული ადამიანის, საკუთარი ტელევიზიის თანამშრომლების ხარჯზე ჰქონოდა გარანტირებული მომგებიანი ბიზნესი ანაკლიის პორტის სახით და თავისი სიხარბის გამო ჩაშალა. შემდეგ ბიუჯეტიდან ითხოვდა მილიარდ-ნახევარს. პოლიტიკაში იმის გამო წავედი, რომ დამჩაგრესო. არბიტრაჟმა უთხრა, თაღლილითი ხარ და არავის დაუჩაგრიხარო, იქით გაქვს 650 000 ბიუჯეტში გადასახდელიო და რას ელოდება, დღემდე რატომ არ იხდის? მილიონებს ხარჯავს საარჩევნი კამპანიაში, ბიუჯეტში ხალხს უნდა დაუბრუნოს 650 000.

იმავე სპექტაკლიდან არის ბაჩიაშვილს საქციელიც, რომელიც, სინამდვილეში, არის არა ადამიანური სისუსტე, არამედ იდეოლოგია, რომელიც ადამიანურ ზღვარს შლის, უმადურობისკენ მიჰყავს. უბრალოდ, სასაცილოა, რომ ეს ადამიანი ახლა ბიძინა ივანიშვილს აბრალებს რაღაცას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა მიზანი აქვს ბაჩიაშვილს, რომ ამაზე საუბრობს, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„მამუკა ხაზარაძეს, როგორც „ტვ პირველის“ მფლობელს, ერთადერთი, რაც თავში უტრიალებს, არის ფული. ამიტომ ახლა ამ თემების გარშემო ტრიალებს და ბაჩიაშვილთან, ეტყობა, ამ მხრივ აქვს სულიერი კავშირი. რა უნდა ვილაპარაკოთ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი პოპულარული ბიზნესმენი იყო, რესპონდენტი, რომელიც სასწაულ ამბებს ჰყვებოდა. ვაკვირდებით, ახლა მედიაში რა არის, რას ასკანდალებენ. წარმოგიდგენიათ, არჩევნების წინა დღეს არაფერი აქვთ სათქმელი, შესადავებელი „ქართულ ოცნებასთან“, ხელისუფლებასთან, ბიძინა ივანიშვილთან, გარდა იმისა, რომ რომელიღაც ადამიანმა იჭორაოს „ტვ პირველის“ ეთერში. თან ისეთი ამბით, რომელსაც, თვითონაც იციან, არავინ დაიჯერებს.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების უმეტესობა საქართველოს უანგაროდ მოახმარა. სხვათა შორის, დღემდე მადლობა არ მომისმენია იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის ჩამოტანასთან დაკავშირებით. ეს იყო ერთ-ერთი მისი ბოლო ქველმოქმედება. ვინ აძალებდა, რომ პირადი ქონების უმეტესობა დაეხარჯა საქართველოზე? ამას ხარჯავს და რა აბსურდია, ადამიანს დააბრალო რაღაც. რანაირად, როგორ შეიძლება? როგორც კი საქართველოში არის რამე თემა გასაჭირის ან ზოსიმეს ხელნაწერის შემთხვევაში – სიხარულის მოლოდინი, „ოცნების“ მხარდამჭერსაც და არამხარდამჭერსაც, ოპოზიციასაც – ყველას ახსენდება ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადამიანი, რომელიც გვერდით დაუდგება ქვეყანას.

ეკლესიაში არის სადმე რესტავრაცია ჩასატარებელი, ის გაიღებს ფულს, ხელნაწერი არის, ხუთმაგი ოდენობით იყიდის ამ ხელნაწერს, ოღონდ საქართველოში დაბრუნდეს, პრემია არის დასაწესებელი, რადგან გაგვახარეს და აქაც ბიძინა ივანიშვილია. მამუკა ხაზარაძეს კიდევ 650 000 ენანება ბიუჯეტში, ეს ფული აეღო და პრემიებში მაინც დაარიგოს, 3 000-ლარიანი ასაწყობი აუზი რომ ააშენა წალენჯიხაში. სინამდვილეში, ამ მორალის ხალხს მეტი არაფერი რომ არ აქვს სათქმელი ბიძინა ივანიშვილზე, დასტურია იმ დიდი გამარჯვებისა, რომელსაც ხვალ ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იზეიმებს“.

დღეს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის, დავით გალუაშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც გულუაშვილი ამბობს: „გავეცანი „ტვ პირველზე“ გასულ გადაცემას – „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს, თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული. ბაჩიაშვილისთვის თუ ცნობილი იყო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას არჩევნების წინ, ჩნდება ეჭვი, რომ ხდება თემების პოლიტიზება“.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ: „ბაჩიაშვილის განცხადებას აბსურდულია, მასშტაბური დანაშაულის შესახებ თუ ჰქონდა ინფორმაცია, რატომ აქამდე არ გაამჟღავნა? მისი მიზანია, ზიანი მიაყენოს ჩემი მარწმუნებლის საქმიანობას“.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, ღრმად გვწამს, არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან -პრემიერი

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

კითხვაზე, თუ რა დონეზეა დიალოგი ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების თაობაზე და როგორია შემდეგი ეტაპი ამ მხრივ საქართველოსთვის, პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული გამოწვევებია დიალოგის თვალსაზრისით.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ვდგავართ გარკვეული გამოწვევების წინაშე დიალოგის თვალსაზრისით. თუმცა, ზოგადად, თუ შევაჯამებთ ჩვენი პოლიტიკის  შედეგებს, „ქართული ოცნების” მთავრობამ წარმატებით გადადგა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციისკენ.
ჯერ კიდევ 2014 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ასევე ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ შეთანხმებას. ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენ ასევე მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს.
„ქართული ოცნების” მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ევრონიუსის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

  ჩვენ გვწამს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვართ მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევნების მოლოდინში. ქვეყანა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული გამოწვევებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ეს არჩევნები ასევე წარმოადგენს რეფერენდუმს მშვიდობისა და ომის საკითხზე.

„ჩვენ გვწამს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი. მეორე მხრივ, საქმე ეხება ქვეყნის განვითარებას”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მისივე თქმით, ბოლო 2,5 წლის განმავლობაში საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდის თითქმის ორნიშნა მაჩვენებელი – ყველაზე მაღალი შედეგი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი.

„2021, 2022 და 2023 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 9.7%-ს. წლევანდელი წინასწარი მონაცემებით კი, გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასე, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის, რომ სათანადო ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე საქართველოს არ მიიღებენ, როგორც ევროკავშირის სრულფასოვან წევრს”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ევრონიუსის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მოდერნიზება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპის წარმატებით დასასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობებს, თითქმის ორი წელია, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. შესრულდა უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საორგანიზაციო სამუშაოები, საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლებები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ამომრჩეველთა ინფორმირების უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი კამპანია, თანამედროვე საოპერაციო-სასაწყობე სივრცის შექმნა ტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის განხორციელება და სხვა არაერთი. პროცესის ინკლუზიურობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ინსტიტუციაში შექმნილია ოთხი სამუშაო დიალოგის პლატფორმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. აღნიშნულ ფორმატებში რეგულარულად ხორციელდებოდა შეხვედრები, რომლის ფარგლებში, ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა, განიხილებოდა ის მიგნებები თუ რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობაც მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი მიიღო, რითიც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას.

გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოდერნიზების პროცესში, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას.

„საერთო ჯამში, არჩევნების დანიშვნიდან დღემდე მიღებულია 13 დადგენილება, ასევე კომისიამ მიიღო 228 განკარგულება, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა 13-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით.

„ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე; ასევე, მივმართავ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდორმარის თქმით, გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის და კენჭისყრის დღის დისკრედიტაციის მცდელობები უსაფუძვლო ბრალდებებით.

„სწორედ ამიტომ, მივმართავ ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და მივაწოდოთ სწორი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, ჩვენი მხრივ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორებს ოპერატიულად და პროაქტიულად ჰქონდეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია.

შეგახსენებთ სიახლეს – საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. თქვენ აირჩევთ ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოთ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.

ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 – გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.

ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.

პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.

არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 – პარტიული, საიდანაც 1 არის მართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული.

საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა, ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკო-ში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და, სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულებიდან 1-2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს.

დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. აქვე შეგახსენებთ, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც, შემუშავებულია რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა.

კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკო-ს კონტაქტჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ზედმიწევნით დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. აქვე გვინდა, საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს შევახსენოთ იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომლებიც რამდენიმე არჩევნების ჭრილში ყველაზე ხშირად გვხვდებოდა:

1. პარლამენტის წევრობის, საკრებულოების წევრობის კანდიდატებს არ აქვთ უფლება, იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, ხმის მიცემისთვის საჭირო დროის გარდა; სხვა შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკრებულოს წევრებს და კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს უნდა გააჩნდეთ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ხმის მიცემისთვის საჭირო დროით;

2. დაუშვებელია ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებისას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების გადაღება, ამოწერა და მათი სხვაგვარი დამუშავება. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს;

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა, მარკირების შემოწმება ან კომისიის ფუნქციებში სხვაგვარი ჩარევა, რაც დაუყოვნებლივ აღიკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან;

4. ამომრჩეველის დახმარება ხმის მიცემის კაბინაში, კაბინაში ხმის მიცემის დაკვირვება ან ფოტო-ვიდეოგადაღება;

5. ფოტო-ვიდეოგადაღება დაშვებულია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაში ამისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

,,ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ” – შარლ მიშელი

ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციას ხელმოწერილი აქვს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს დანარჩენი მსოფლიოსთვის ჭკუის სწავლება. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციას ხელმოწერილი აქვს სტრატეგიული, სავაჭრო ან პოლიტიკური თანამშრომლობის შეთანხმებები, თუკი მას სურს, ებრძოლოს ჩინეთისა და რუსეთის ძალისხმევას, გააფართოონ თავიანთი გავლენა აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვიცით, რა არის სწორი და რა არის არასწორი. ჩვენ არ მივმართავთ ძალისხმევას, რომ, სულ მცირე, გავიგოთ, რა მიზეზების გამო [სხვა ქვეყნები] ფიქრობენ სხვაგვარად. ევროპულ დონეზე არსებობს რეფლექსი, რომელიც ახლოსაა ლექციის ფორმასთან. ჩვენ ყოველთვის არ ვართ ძალიან კარგები კომუნიკაციის, განმარტების, მათთან საუბრისა და მათდამი გარკვეული პატივისცემის გამოხატვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მიშელმა.

რუსეთის ქალაქ ყაზანში 22-24 ოქტომბერს გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე 20-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისა და ნატო-ს წევრი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ასევე ევროკავშირის ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

„ეს რაღაცას ნიშნავს, თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც ეგვიპტეა, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ჩვენთან და აშშ-თან სამხედრო თვალსაზრისით, როდესაც ისეთი ქვეყანა, როგორიც საამიროებია, რომელსაც ჩვენთან ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, აკეთებს არჩევანს, იყოს ყაზანში, მათ სურთ გაუგზავნონ გზავნილი დანარჩენ მსოფლიოს. სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთ-ერთმა ემირმა ერთხელ მითხრა, რომ თუ არსებობს ვაკუუმი, ძალიან მალე ამ ვაკუუმს ვიღაც შეავსებს. და თუ თქვენ იქ არ ხართ, იქ სხვები იქნებიან“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა.

მიშელმა, რომელიც 30 ნოემბერს დატოვებს თავის პოსტს, განაცხადა, რომ ბრიუსელი უნდა ამაყობდეს განვითარების მიზნით გაწეული დახმარებისა და ძირითადი ღირებულებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგებით.

„ჩვენ სწორად ვიქცევით, რომ ვართ აქტიურები, მხარს ვუჭერთ მრავალ ქვეყანას მთელ მსოფლიოში განვითარების, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ჩვენ კარგები ვართ საშუალებების, თანხების მობილიზებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის თქმით, ამ ქვეყნებიდან ბევრს სურს თავიანთი ეკონომიკური და უსაფრთხოების ალიანსების დივერსიფიკაცია, ჩინეთსა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება, თუმცა ევროკავშირს სჭირდება ახალი მიდგომა მათ მისაზიდად. მან გაიხსენა 2022 წელს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელმაც თქვა: „როდესაც თქვენ, ევროპელები, მოდიხართ ჩემს ქვეყანაში… თქვენ ტოვებთ გაკვეთილებს. როდესაც ჩინელები მოდიან, ისინი ტოვებენ ინფრასტრუქტურას“.

„მე არ ვამბობ, რომ ისინი მართლები არიან ან არ არიან მართლები. მე უბრალოდ ვხსნი, რომ ჩვენ არ მივმართავთ ძალისხმევას, რომ გავიგოთ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა არ უწყობს ხელს ამ ქვეყნების დარწმუნებასა და მათზე გავლენის მოხდენას.

„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ამ თვეში ევროკავშირმა გადადო სადამსჯელო ანტი ტყის გაჩეხვის კანონი, რომელიც აკრძალავდა განვითარებადი მსოფლიოდან ათეულობით მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტს. ბრაზილიის, ინდონეზიის და აშშ-ის მხრიდან უკმაყოფილების შემდეგ ბრიუსელმა გადაწყვიტა ერთი წლით, 2025 წლის დეკემბრამდე გადაედო მისი შემოღება.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის მიდგომა სავაჭრო პარტნიორებისთვის თავისი სტანდარტებისა და რეგულაციების დაწესების კუთხით, მაგალითად, თევზჭერის წესებთან დაკავშირებით, ხშირად დამამცირებელია. მიშელის განმარტებით, სტანდარტების დარღვევებზე საუბრისას ევროკავშირი იყენებს სიტყვებს – „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“.

„სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, ნამდვილად დამამცირებელია, რადგან ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებას, რომ ვართ მოედანზე ერთდროულად მოთამაშეც და მსაჯიც“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს

21 ნოემბერია ბოლო თარიღი (არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა), როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს.

ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე დოკუმენტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და ასევე, მას გამოსაქვეყნებლად “საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს.

პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა არ ჩაითვლება.

პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე მრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე იყოფა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი დღის ვადაში ცესკო არჩეულ პარლამენტის წევრებს რეგისტრაციაში გაატარებს და მათ პარლამენტის წევრად არჩევის დროებით მოწმობას მისცემს.

შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარადგინა

ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის საბოლოო შედეგები გააცნო.

ბრიფინგის დასაწყისში მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა.

„ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე: მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები – ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის საბოლოო შედეგებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შუალედური ანგარიშები, მათ შორის, ეუთო/ოდირს და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეგზავნებოდა.

„ეს დაკვირვების პერიოდი მოიცავს 1 ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს – როგორც არაოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს, ისე ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდს, სექტემბრიდან მოყოლებული.

ძირითადი დარღვევები რაც გამოვლინდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, კონცენტრირებული ვართ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დარღვევებზე. ეს არის ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები, რომელიც წარმოებდა.

დავიწყოთ თავიდან, რაც შეეხება ძალადობას და მუქარას. ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა, განსაკუთრებით დასაწყისში იყო პარლამენტის წევრებზე თავდასხმები. გახსოვთ ე.წ. „აღშფოთებული მოქალაქის კამპანია“, რომლის უკან და რომლებიც ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც თითქოს და ანონიმური მოქალაქეების სახით თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. 10 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და სხვათა შორის, ეს ფაქტები არ აღწერეს ადგილობრივმა ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც პერიოდის მხრივ ამ პერიოდს მოიცავენ, თუმცა თვალი დახუჭეს იმაზე, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პარტიული ნიშნით მიდიოდა ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან თავდასხმები.

მეორე, გახლავთ სიძულვილის კამპანია უკვე დეპუტატობის კანდიდატებზე. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გასაჯაროვდა, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ვერბალური თავდასხმები სოცმედიის საშუალებით თავდასხმები მათზე, მათი ოჯახის წევრებზე. ვნახეთ ჩვენ რომ არაფერი მორალური ბარიერი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს, მათ შორის, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრებს, ოპოზიციის აქტივისტებს არ აქვთ, მათთვის სულერთია ვის ეხება ეს, ეხება ეს ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომელსაც გუშინ ტაშს უკრავდნენ, თუ ეხება ეს ადამიანებს, რომელსაც ისინი შეიძლება მანამდე არ იცნობდნენ. ყველა მორალური ბარიერი მოიხსნეს. ნიღაბი ეთიკის ყველანაირად ჩამოიხსნეს და პირდაპირ შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასული ჩვენი სიის წევრებზე და ასევე, ნახეთ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით. პირდაპირ ჩართული იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბულინგში, ზეწოლაში, შეურაცხყოფაში ადამიანებისა, რომელიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიან. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში შინაარსით ლიბერალური ფაშიზმი. ეს ის ხალხია, რომელიც სემინარებზე „power point“-ებით გვიმტკიცებენ, რომ სხვათა უფლებებისთვის ყველაფერს გადადებენ, მაგრამ როგორც კი ვინმე მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა არის, მზად არიან იმავე მომენტში, რომ ეს ადამიანი გაანადგურონ. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ბანერებზე გადაფენა წარწერების, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ე.წ. მედია საშუალებები ავრცელებდნენ, ეს ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებდნენ მტრად და ამაზე დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, რაც რა თქმა უნდა ახალისებს ასეთი სახის ტერორს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან. ქონების დაზიანება- მათ შორის, წალენჯიხაში იყო შემთხვევა, როდესაც მანქანა დაუზიანა „ახალის“ წევრმა და ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შემდეგი, ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვნახეთ, ე.წ. პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს, მათი ასე ვთქვათ, როგორც პარტიული მხარდამჭერების ასე ვთქვათ, რეკრუტირებისთვის და ეს ჩვეულებრივ მოსყიდვა არის ჩვენი შეფასებით, ვინაიდან ეს გახლდათ რა თქმა უნდა, დაფინანსებული ღონისძიებები. ამითი რა თქმა უნდა მოსყიდვა არის ამომრჩევლების და ამაზეც რეაგირება ნულოვანი აქვთ ადგილობრივ დამკვირვებლებს. ნუ, ცნობილი უკვე რამდენიმე ათას ლარიანი წალენჯიხის ასაწყობი აუზი, რომლითაც მამუკა ხაზარაძემ თავისი მთავარი დაპირება შეასრულა, როგორც მან თქვა და გამართა წალენჯიხაში ადრეულ შემოდგომას ასაწყობი აუზი, რომელიც თავის მხრივ არის ასევე ამომრჩევლების მოსყიდვა გარდა იმისა, რომ სასაცილო ფაქტია საერთოდ რომ ადამიანი, რომელიც მაღალ პენსიებს ჰპირდება და თავად რამდენიმე მილიონის პატრონი არის, ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, მაგრამ ამავე დროს ის, რაც გაიმეტა ეს გახლავთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან მათ შორის, სარგებლობა იყო უფასო შეთავაზებული მოქალაქეებისთვის პარტიის მხრიდან.

შემდეგი გახლავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელზეც ასევე, თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ვინაიდან შეკრული არიან თავად სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან, რამდენიმე სახის დარღვევა არის ქალბატონი სალომეს მხრიდან: პირველი- ე.წ ქარტია, რომელიც არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომ ის ჩაერიოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის შედგენაში და მან ფაქტობრივად ამით შეადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამავე დროს საქართველოს აცხადებს ბანანის რესპუბლიკად, ამბობს რა რომ, ჩვენ არ გვაქვს უნარი მოქალაქეებს, რომ ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც 4 წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას, ეს უნდა იყოს დროებითი მთავრობა, ვინაიდან მოქალაქეებს არ გვყოფნის იმისი ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება რაც გვინდა, ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქები, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევანის გაკეთების უნარი და ამიტომ შეადგინა რამდენიმე პუნქტიანი ქარტია, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ეს იქნება, ასე ვთქვათ, დროებითი მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. და შიგნით ფაქტობრივად რაც წერია ეს არის , რომ სხვისი დიქტატით მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც უცხოელი ბიუროკრატების ნებისმიერ მითითებას დაემორჩილება; ეს ერთი დარღვევა. მეორე დარღვევა- ქალბატონის სალომე ჩართული იყო და არის კვლავ პარტიების კოალიციების შექმნაში, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ჰქონდა კონსულტაცია, ამისთვის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურსს და იმ რესურსს, მათ შორის რომელიც არის სასახლის ლოჯისტიკური მხრივ, რაც არის ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილი; და მესამე – არჩევნების დღეს დაანონსება ე.წ საკოორდინაციო პლატფორმის. შემდეგ შეეცადნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად გამოეყვანათ ქალბატონი სალომე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ აქედან, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პლატფორმა თუ ჯგუფი, რაც იქმნება 26 ოქტომბერს არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოჯისტიკაში იმისთვის, რომ ქალბატონმა სალომემ თავისი გემოვნებით იზეიმოს, თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება თუ არ გამარჯვება. ამიტომ, ეს არის რა თქმა უნდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ეს არის პარტიული შტაბი, რომლის მიზანიც არის გარკვეული პარტიის, თუ პარტიათა ჯგუფის გულშემატკივრობა, ამიტომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა ენჯეოები ამაზე თვალს ხუჭავენ; შემდეგი დარღვევა კამპანიაში ხელის შეშლა- ამაზე უკვე ბევრი შემთხვევა იყო, 15-მდეა რაზეც ჩვენ რეაგირება გვქონდა, როდესაც ხდება ჩვენი პლაკატების დაზიანება, ჩვენი ბილბორდების გადაკვრა, დახევა და ა.შ. ხელის შეშლა კამპანიაში, გარდა ამისა, კვლავ არის დარჩენილი 5 საათზე მეტი დრო, რომელიც რეალურად მოგვპარეს „ტვ პირველმა, „მთავარმა“ და „ფორმულამ“ – „ლელოს“, „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილმა ტელევიზიებმა, 5 000 000 ლარზე მეტი ღირებულების საარჩევნო დრო მოგვპარეს და ამით, რა თქმა უნდა, არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს სხვა პარტიებთან შედარებით.

რაც შეეხება უცხოურ ჩარევებს, მე ადრე ბრიფინგის სახით მოგახსენეთ და ჩვენ ამ მონიტორინგს ვაგრძელებდით. 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რეზოლუცია და ა.შ. დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა არის საქართველოს საარჩევნო კამპანიაში. არის სხვადასხვა სახის, დაწყებული განცხადებებით, რომელიც მედია საშუალებით თუ მათი სოცმედია საშუალებით საჯაროვდება, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ მხარი არ დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ და ეს არის ჩარევა.
მეორე, დოკუმენტები – ევროპარლამენტის რეზოლუცია, 13 მინისტრის თუ ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება, რომელზეც სხვათა შორის დღემდე ვერ გავერკვიეთ რა ტიპის დოკუმენტია ეს, ერთადერთი წყარო, რაც მივაგენით დღემდე არის „ინტერპრესნიუსის“ ნიუსი ასე ვთქვათ, სადაც მოტანილია ეს ტექსტი. სხვაგან ვერსად, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის ოფიციალურ ვებგვერდზე, ვერცერთი ამ 13 ქვეყნის საელჩოს ვებგვერდზე ეს ტექსტი ვერ მოვიძიეთ და დღემდე პასუხი არ გვაქვს რა განცხადება იყო საერთოდ, ვისი განცხადება, ვისი ინიციატივა იყო, რატომ არის მარტო 13, თარსი რიცხვის ამბავი არის 13 თუ რატომ არ ვიცი. მოკლედ ყოველ შემთხვევაში გაურკვევლობა არის ამ მხრივ. შინაარსობრივად რა თქმა უნდა ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიაში იმისთვის, რომ ემოქმედათ განწყობებზე.

გარდა ამისა, ჩარევა იყო ასევე 20 ოქტომბრის თავყრილობა, რომელიც ენჯეოების და ოპოზიციის ერთობლივი ღონისძიება იყო და სამწუხაროდ გაუმჭვირვალობის პირობებში ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამ 20 ოქტომბრის აქციაზე დაიხარჯა ენჯეოების თანხები, ანუ უცხოური თანხები დაიხარჯა საარჩევნო ღონისძიებისთვის და მათ შორის ამას გვაფიქრებინებს ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება ამ აქციასთან დაკავშირებით და ამიტომ გვიჩნდება ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი, რომ 20 ოქტომბრის ღონისძიება დაფინანსებული იყო უცხოური წყაროებიდან, რაც წარმოადგენს უკანონო კონტრიბუციას საარჩევნო კამპანიაში და არის დარღვევა და გარდა ამისა არის ჩარევა საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე სამწუხარო არის.
გარდა ამისა ჩვენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ ასევე დაფიქსირდა ერთი ფაქტი – გიორგი გახარიას პარტიიდან ყველა საჯარო მოხელეს დაეგზავნა მეილები ერთი ტექსტით. რა თქმა უნდა ეს მისამართები მათ შეუძლებელია რომ ჰქონდეთ პარტიაში, ამიტომ არის ეჭვი, რომ მათ პარტიაში თუ პარტიასთან ახლოს მყოფი ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში იმყოფებოდნენ, რომ მათ გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა, მათ შორის, მეილის მისამართები და ამ ბაზის მეშვეობით მოხდა საჯარო მოხელეებთან ერთიანი მეილის დაგზავნა. რა თქმა უნდა გარკვეული ტიპის მოხელეების მეილი კონტაქტები შეიძლება იყოს ამა თუ იმ სამინისტროს ვებგვერდზე, თუმცა ესენი არის როგორ წესი წამყვანი თანამშრომლები და თან ყველა საჯარო მოხელის მეილი არ არის ასე საჯაროდ ინტერნეტში გამოტანილი. მეორე – ეს ასეც, რომ იყოს, 50 ათასამდე საჯარო მოხელე არის და წარმოუდგენელია ამდენი ათასობით მოხელის მეილი ცალ-ცალკე შეეყვანათ და ე.წ. მეილინგ ლისტი შეექმნათ. ამიტომ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პარტიაში თუ შორი ახლოს ზოგიერთ ენჯეოში არიან ადამიანები, რომლებსაც წვდომა ჰქონდათ პერსონალურ მონაცემებზე და არის ეჭვი, რომ ეს ბაზა აქვთ გატანილი და ამ ბაზის მეშვეობით მოხდა ამ მეილების დაგზავნა. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ საკითხითაც დაინტერესება.

შემდეგი გახლავთ უკვე ენჯეოები, რომლებიც ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, რაც ეხება ოპოზიციას და მათ დონორებს. ამ შემთხვევაში, თვალის დახუჭვა არის არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ, უცხოურ ჩარევაზე. შეგახსენებთ, რომ დანიის მიერ დაფინანსებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალები“, რომლებიც შემდეგ დადასტურდა, რომ ეს იყო პარტიული აგიტაცია, ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა ის ენჯეო, რომელიც დანიის დაფინანსებით ატარებდა ამ ღონისძიებებს. ხმა არ ამოიღეს ამაზე ენჯეოებმა, ხმა არ ამოიღეს იმ განცხადებებზე, რომლებიც სხვადასხვა უცხოელი დიპლომატის თუ პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება და ჩუმად არიან აბსოლუტურად ყველაფერზე. ამით ჩანს კიდევაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო სექტორზე, აქ რეალურად, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ის ენჯეოები რომლებიც, გარკვეული ჯგუფი, ასე ვთქვათ, წახალისებული ენჯეოებისგან, არის პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, მათ შორის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, მრავალპარტიული ორგანიზაცია, და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ოთხი-ხუთი ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აღიარა.
ამას წინათ, ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც, უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36 % ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან. მათში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს არის დაკავშირებული ოპოზიციასთან – 36%. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება.

საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვქონდა როგორც ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია – რომელიც ასევე, მნიშვნელოვანი იყო და აქ მე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რომელიც ამას წინათაც ვთქვი. რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის, რომელსაც, რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა.

თუმცა, არის კიდევ ერთი ტყუილი კიდევ, რომელსაც, როგორც ვატყობ, ჩვენ მოწმე ვართ. 17 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ჩაატარა ბრიფინგი და თქვეს, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. თქვენც ალბათ გახსოვთ ეს ინფორმაცია. დღემდე, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა იუსტიციის სამინისტროსთან, ამიტომ, მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ მათ ეს ბრიფინგი ჩაატარეს უბრალოდ წინასაარჩევნოდ, იმისთვის, რომ შეექმნათ კიდევ ერთი თემა, რომ გასაჩივრებული არის ეს კანონი. თუმცა, დღემდე, არანაირი ინფორმაცია არ არის, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ამიტომ, ესეც საინტერესო იქნება, შეტანილი აქვთ თუ არა საერთოდ ეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, რაც რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, შეუძლიათ გაასაჩივრონ, თუმცა, როცა ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის იყო გამოყენებული თავად თემა და ტყუილი, რომ თითქოს, ამ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ არაფერი საერთო ამასთან არ აქვს – უთხრა ეს ენჯეოებს, უთხრა ეს ოპოზიციას, უთხრა ეს უცხოელ პოლიტიკოსებს, უთხრა ეს უცხოელ დიპლომატებს, რომ ყველანი ისინი ტყუოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და რომ ეს იყო მავნე დეზინფორმაციული კამპანია.

არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია ასევე ერთ-ერთი პრობლემა არის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართული არიან აგიტაციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი და აქ სულელი არავინ არის, ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი, თითქოს, ეს იყო რაღაც ევროპასთან დაკავშირებული შეხვედრა საქართველოს მოქალაქეების. ეს იყო ცხადად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ ეს არის ენჯეოების ორგანიზებული ოპოზიციასთან ერთად. როგორც ჩანს და აშკარა იყო, რომ ამ აქციის ორგანიზებაში და გამართვაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში და რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგინდეს. მათ შორის, ამ ენჯეოებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რას მალავენ აბა, გაასაჯაროონ რა თანხები დახარჯეს, ვისი თანხები დახარჯეს და უთხრან საქართველოს მოქალაქეებს ვისი ფულით ცდილობენ ისინი, რომ ზემოქმედება მოახდინონ და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ წინასაარჩევნო პროცესში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 ,,ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი”- ხატია დეკანოიძე 

ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა იქნას დაცული,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი.

„ხვალ არის დიდი გამარჯვების დღე. ეს არის დღე, როდესაც უნდა განმტკიცდეს საქართველოს ევროპული მომავალი, გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის დღე, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს მომავალი. იქით არის სიბნელის, პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოში, იზოლაციაში ცხოვრება და აქეთ არის ევროკავშირი, მშვიდობა კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, ის თუ როგორ ღირსებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ამ ევროპულ ქვეყანაში. ამიტომ, ხვალინდელი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავზოგავთ ძალებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა დაცული იქნას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.