Home Blog Page 82

არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად – პრემიერი

არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ „შესაბამისი რეპუტაცია“, რომ საზოგადოება მათი მხრიდან მიწოდებულ შეფასებას ენდოს.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეუძლებელია, ვინმემ ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

„არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. რაც შეეხება დამკვირვებლებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ შესაბამისი რეპუტაცია, რომ შეაფასონ ეს არჩევნები და ფასი რომ ჰქონდეს მათი მხრიდან მოწოდებულ შეფასებას საზოგადოების თვალში. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც, დაახლოებით, 10 დღით ადრე დაიდო არჩევნების დღემდე. პრაქტიკულად, მოიცავს თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს და ამ ანგარიშში ასახულია ერთადერთი არსებითი პრობლემა, ეს არის პოლარიზაცია, რაც ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად სერიოზული პრობლემა. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, პოლარიზაცია მედიაში – ეს ის მოვლენებია, რასთან დაკავშირებით ყველას ისედაც ჰქონდა ინფორმაცია. სხვა რაიმე არსებითი პრობლემა ამ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. ჰაერიდან ვერავინ მოიტანს პრობლემებს, რომელიც არ არსებობს. არჩევნების დღეც ჩაივლის უპრეცედენტოდ კარგად, მათ შორის, ჩვენ შევქმენით ამისათვის ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლის 91% რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად, ხმას მისცემს ელექტრონულად და მათი ხმებიც დაითვლება ელექტრონული წესით, რაც გამორიცხავს, მათ შორის, ადამიანურ შეცდომებსაც კი, მითუმეტეს არავითარი სივრცე მანიპულაციისთვის აღარ რჩება. ასეთ დროს, შეუძლებელია, ვინმემ რაიმე ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. აქედან გამომდინარე, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, საბოლოო ჯამში, შეფასებებთან დაკავშირებით. რეალურად, ყველანაირი საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად”, – განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში.

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრებს 26 ოქტომბრის არჩევნების სამზადისი გააცნო. სესიის ფარგლებში, მან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და პროექტების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.

როგორც კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარისგან.

მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCHE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით დააკვირდებიან.

მოკლე პასუხი უფასო ფულის თემაზე ღლიცინზე – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, 2014 წლიდან ბიზნესის მხარდასაჭერად 1 მილიარდი ლარი გამოყო, შეიქმნა 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 5 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა კერძო სექტორში.

როგორც მან აღნიშნა, ზემოთ ხსენებული არის ძალიან მოკლე პასუხი იაფ თუ უფასო ფულის თემაზე უნიათო ღლიცინზე.

ვოლსკი ასევე სარწყავი არხების ვიდეოსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ფერმერული მეურნეობების გაფართოების ხელშესაწყობად მრავალკილომეტრიანი სარწყავი არხებიც იქნა გაყვანილი.

„აი ეს კიდევ ძალიან მოკლე პასუხი იაფ თუ უფასო ფულის თემაზე უნიათო ღლიცინზე. 2014 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო საშუალოდ 200 მილიონს ხარჯავს ბიზნეს თუ აგროპროექტების დაფინანსებაზე, თანადაფინანსებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამის გარდა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან მდებარე ფერმერული მეურნეობების გაფართოების ხელშესაწყობად მრავალკილომეტრიანი სარწყავი არხებიც იქნა გაყვანილი. ასობით ლინკია დადებული ასეთი პროექტების შესახებ. განა არ იციან, უბრალოდ შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი“, – წერს გიორგი ვოლსკი.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს

26 ოქტომბერს, 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი  2 51-00-51.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

08:30 სთ

10:30 სთ

12:30 სთ

15:30 სთ

17:30 სთ

20:30 სთ

22:00 სთ

ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

სწორი არჩევანის შემთხვევაში იმედი მაქვს, საქართველოში იქნება მშვიდობა, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას – მიტროპოლიტი საბა

დიდი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე მიმართვა გამეკეთებინა იმ ადამიანებისადმი, ვინც გვისმენს და ჩვენგან ყურადღებას, მხარდაჭერას ელოდება. მას შემდეგ, რაც ეკლესიურად ვცხოვრობ, დაახლოებით 35 წელია, არასდროს ვყოფილვარ ვინმეს მიმართ პოლიტიკურად მიდრეკილი და განსაკუთრებული მხარდამჭერი, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ აუცილებელია. ისეთი დრო და ვითარებაა მთელ სამყაროში, საქართველოშიც, რომ საჭიროდ ჩავთვალე მივმართო საზოგადოებას, – განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, რომელიც საზოგადოებას მიმართავს.

როგორც მიტროპოლიტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, არავის უნდა დავუპირისპირდეთ, უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით და ტრადიციებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე არის დამკვიდრებული საქართველოში. უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, არა მხოლოდ პოლიტიკურ წარმატებაზე, არამედ ქვეყნის დაცვაზე და გადარჩენაზე. მისივე თქმით, სწორი გადაწყვეტილების მიღება თითოეული ჩვენგანის ვალია.

„არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს არის მიკერძოებული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ, მე რეალურ სურათს დავხატავ და შემდგომ ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს. პირველ რიგში, მინდა მოგიყვეთ 2002 წელს პატრიარქის მიერ გამოთქმული ერთი ამბის შესახებ. პატრიარქს გლობალიზაციის შესახებ შეეკითხნენ, თუ რას ფიქრობდა ის და როგორი იყო მისი დამოკიდებულება. უწმინდესმა ბრძანა, რომ გლობალიზაცია ისეთი პროცესია, რომელსაც ჩვენ, ადამიანები ვერ შევაჩერებთ და გლობალიზაცია შეადარა მეცხრე ტალღას, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. მან ხელები გაშალა და ბრძანა, რომ ჩვენ ხელი უნდა გავშალოთ და ჩავეხუტოთ, ამ თემით ჩავყვინთოთ წყალში, რომ გადაგვიაროს ტალღამ და შემდგომ ამოვყვინთოთ. ამ თემის რეალიზება მოვახდინოთ. რამდენიმე წამის დაფიქრების შემდეგ თქვა, რომ ის, რაც ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ეს არის ოჯახის სიწმინდე. თქვენ ამას ამ წუთში ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ მოვა დრო და ამას მიხვდებით. გავიდა 22 წელი და მთელი სამყარო ამ თემაზე საუბრობს, კამათობს და მათ შორის, საქართველოშიც ოჯახის სიწმინდეზე არის ბევრი საუბარი. იცით, დადგინდა კიდეც ეკლესიის სიწმინდის დღე. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ეთანხმება და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ან ეწინააღმდეგებიან ან საჭიროდ არ თვლიან ამაზე ყურადღების გამახვილებას. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა და მკაცრად აღნიშნა, რომ მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ოჯახის სიწმინდის დაცვა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ არ იქნება ოჯახი წმინდა, არ იქნება ძლიერი, ქვეყანაც არ იქნება წმინდა და არ იქნება ძლიერი. ამიტომ მინდა ვიფიქრო და ვიყო დარწმუნებული, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი და ამიტომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ მიაღწიო პოლიტიკურ წარმატებას, ვფიქრობ, ეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება და ყველა უნდა ვფიქრობდეთ ოჯახზე, ოჯახის სიწმინდეზე და ქვეყნის განვითარებაზე. მინდა ყველამ დაინახოს სად არის სიმართლე, სად არის სიწმინდე, სად არის ერთგულება და თავგანწირვა. ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ არავის, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით, იმ ტრადიციებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე არის დამკვიდრებული საქართველოში. უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, არა მხოლოდ პოლიტიკურ წარმატებაზე, არა მხოლოდ თანამდებობაზე, არა მხოლოდ პირად კარიერაზე, არამედ ქვეყნის დაცვაზე, ქვეყნის გადარჩენაზე და ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი და სწორი გადაწყვეტილების მიღება თითოეული ჩვენგანის ვალია და სწორი არჩევანის შემთხვევაში მაქვს იმედი, რომ საქართველოში იქნება მშვიდობა, საქართველოში იქნება განვითარება, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას, ქვეყნის გაბრწყინებას, ქვეყნის გადარჩენას და ღმერთიც შეგვეწევა ამ დიდი საქმეში“-განაცხადა მიტროპოლიტმა საბამ.

თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ მივა 1 მილიონი, მაშინ 60% – სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი – გიორგი გახარია

ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ , ისინი არ დაუშვებენ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების.

„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ დავბრუნდით ზუსტად იქ, სადაც ვიყავით 2012 წელს. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს თავისი გულწრფელი და რაც მთავარია თავისუფალი არჩევანი. 2021 წელს მუნიციპალური არჩევნების დროს „ოცნებამ“ 800 000 ხმა მიიღო. მას შემდეგ „ოცნებამ“ ბევრი რამ გააფუჭა. კორუფცია აქცია ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად, დაუპირისპირდა ჩვენს მეგობრებს, ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, გარდა ამისა ბევრი რამ მოგვატყუა. რაც ყველაზე გასაკვირია, მოგვთხოვა ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ეთნიკური წმენდა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები. საბოლოოდ, „ოცნება“ და მისი ლიდერი იქამდეც დაეცა, რომ გასამართლებით დაემუქრა ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური არჩევანის და გემოვნების გამო.

დღეს „ოცნების“ მაქსიმალური მხარდაჭერა, ყველაფერი ამის შემდეგ, არის მაქსიმუმ 600 ათასი ხმა. ამიტომ ფაქტია, რომ თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, ზუსტად ისე, როგორც მოხდა 2020 წელს, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ საარჩევნო უბნებთან მივა 1 მილიონი მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 60%. სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, 1 მილიონი ამომრჩევლიდან 2 მილიონ ამომრჩევლამდე. ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“. ხმა მიეცით ნებისმიერ სხვას, ვისაც თქვენი გონება და რაც მთავარია, გული გიკარნახებთ. თუ გააფერადებთ 25 ნომერს, ხმას მოგცემთ ჩვენ, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ გამოვიყენებთ თქვენ ხმებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ დავუშვებთ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავამყაროთ მშვიდობა ამ ქვეყანაში ბალანსის პოლიტიკით, რადგან ჩვენ გვენდობიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ცივსისხლიანად, გონივრულად, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთის ფედერაციას ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ დაგსჯით, არანაირი რევანში არ იქნება – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, რომ „ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით!“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ‘არანაირი რევანში არ იქნება”.

“ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს – ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს…და მათი ხმა ხვალ გაისმება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.

მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.

მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!”, – მიმართა პრეზიდენტმა ამომრჩეველს.

თითოეული ქართველის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო ყველამ აღიქვას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო – ირაკლი ქადაგიშვილი

არჩევნები დღეს დემოკრატიულ საზოგადოებაში არის ის დღე, როდესაც ხალხი უშუალოდ პირდაპირ ახორციელებს თავის უფლებას ხელისუფლებასთან დაკავშირებით. თითოეული ქართველის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო ყველამ აღიქვას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„უპრეცედენტო გეოპოლიტიკური დაპირისპირების დროს საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას ღირსეულად უძლებდა, ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. დღეს არჩევნები ქვეყანას კონკრეტულ კითხვას უსვამს – დადგებით საქართველოს მშვიდობის, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე?! ანუ მიიღებთ მონაწილეობას ამ პოლიტიკის ლეგიტიმაციაში არჩევნების გზით?! თუ ეს მოხდება და ხალხი მასობრივად მოვა არჩევნებზე, მხარს დაუჭერს მშვიდობიანი განვითარების გზას, რა თქმა უნდა ეს იქნება ყველაზე მკაფიო გზავნილი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება პატიმრობით დაისჯება – გია აბაშიძე

x

ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება პატიმრობით დაისჯება – მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში ჩაიწერა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

მისი განცხადებით, რადიკალებმა არც კი უნდა გაიფიქრონ ცესკოს ან რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმა, ვინაიდან, მათ ვერავის შეშფოთება და აღშფოთება ვერ უშველით.


“ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება პატიმრობით დაისჯება – მთავრობის დადგენილებით, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში ჩაიწერა.
უცხოეთიდან წაქეზებულმა ნაცრადიკალებმა არც კი უნდა გაიფიქრონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმა. ვერანაირი “შეშფოთება-აღშფოთების” უსტარები არ უშველით კანონდამრღვევებს, ცხელთავიან ექსტრემისტებს შევახსენებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მიხედვით:
„ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
რაც შეეხება 330-ე მუხლის მოქმედების არეალს, „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

მოლდოვისთვის მართლმსაჯულების რეფორმირების საერთაშორისო პრაქტიკა არაეფექტური აღმოჩნდა, ქვეყანაში კორუფცია ძალიან ღრმად არის გამჯდარი- მაია სანდუ

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის საერთაშორისო პრაქტიკა მოლდოვისთვის არაეფექტური აღმოჩნდა.

მოლდოვურ მედიასთან ინტერვიუში სანდუმ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ „რადიკალურად ახალი ზომები“.

სანდუს თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის გატარება „თეთრი ხელთათმანებით შეუძლებელია“.

„მოქალაქეებისგან მესმოდა, რომ უფრო მკაცრად უნდა გვემოქმედა. მართლმსაჯულების რეფორმირების საერთაშორისო პრაქტიკა არაეფექტური აღმოჩნდა მოლდოვისთვის, სადაც კორუფცია ძალიან ღრმად არის გამჯდარი“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებმა, „ფაქტობრივად, უღალატეს ქვეყანას და საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი მომავალი“.

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ არჩევნების შემდეგ პარლამენტმა და მთავრობამ უნდა მიიღონ რადიკალური ახალი ზომები“, – აცხადებს სანდუ.

მანამდე მაია სანდუმ ამომრჩევლებს მიმართა და განაცხადა, რომ მოლდოვაში თავისუფლებაზე „უპრეცედენტო თავდასხმა“ ხორციელდება. მოლდოვის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელმაც „ვერ დაასრულა კორუფციული საქმეები“.

„ხალხმა იცის, მაგრამ მხოლოდ მათ არ იციან, რა იყო მოთავსებული იმ პაკეტში, რომელიც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დოდონმა პლახოტნიუკისგან მიიღო. მხოლოდ მათ არ იციან, ვინ მოჰპარა მილიარდი მოლდოველ მოქალაქეებს. მოლდოვურმა მართლმსაჯულებამ ვერ შეამჩნია, როგორ მოიგო ილან შორმა არჩევნები ორჰეიში, გაგაუზიაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში. ნაყიდი ხმების გარეშე შედეგი სხვანაირი იქნებოდა“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, მოლდოვის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 20 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს. მათი თქმით, დანაშაულებრივი ქსელის ორგანიზატორი რუსეთში გახიზნული მოლდოველი ბიზნესმენი ილან შორია, რომლის პარტიაც მოლდოვაში აკრძალეს.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურში გავიდნენ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და სოციალისტური პარტიის კანდიდატი ალექსანდრე სტოიანოგლო.

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7174 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები – არჩევნების შემდეგ გაგათავისუფლებთ წნეხისგან -მიხეილ სააკაშვილი პოლიციელებს

დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს. ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან. მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოს ახალი პოლიცია მისი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო მისი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო.

„მიმართვა პოლიციელებს:

ჩემო ძვირფასებო,

საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო.

დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს.

ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან.

მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! – წერს სააკაშვილი.