Home Blog Page 81

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

„დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურებს, შეგახსენებთ რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ტარდება, განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენი – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და კენჭისყრის დასრულებიდან 1-დან 2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge. აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია. არჩევნები საერთო საქმეა და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – დააკვირდნენ არჩევნებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში -გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი წინაპრების და შვილების არჩევანი”, – განაცხადა გახარიამ.

 ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები -ირაკლი კობახიძე

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე.

„ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60 პროცენტიანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო ვერც ერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ, საბოლოოდ, მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება, რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერც ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე სვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულნი არიან და განულებული აქვთ რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დღეს ისინი უნდა შეეგუონ ძალიან მძიმე მარცხს, ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.

 ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ, საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ.

„მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 95 910 ამომრჩველია რეგისტრირებული. 42  სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

შვიდი საარჩევნო უბანი გახსნილია საბერძნეთში, ათენში – ოთხი, სალონიკში – სამი; ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილია ექვსი საარჩევნო უბანი, ნიუ იორკში – ოთხი, ხოლო ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში – ერთი, გერმანიაში – ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი, ბერლინში – ორი, მაინის ფრანკრუფრტში, მიუნხენსა და შტუტგარდში – ერთი.

იტალიაში გახსნილია ოთხი საარჩევნო უბანი. რომში – ორი, მილანსა და ბარში – ერთი.

ესპანეთის სამეფოში სამი საარჩევნო უბანია, ერთი მადრიდში, ორი კი, ბარსელონაში.

აზერბაიჯანში სამივე საარჩევნო უბანი ბაქოშია. სამი საარჩევნო უბანია თურქეთში – ანკარაში, სტამბოლსა და ტრაპიზონში. საფრანგეთში ორი საარჩევნო უბანია, ორივე დედაქალაქ პარიზში.

თითო საარჩევნო უბანია გახსნილი: ავსტრიაში – ვენა, სლოვაკეთი – ბრატისლავა, ჩეხეთი – პრაღა, პოლონეთი – ვარშავა, ლატვია – რიგა, ლიეტუვა – ვილნიუსი, ესტონეთი – ტალინი, უნგრეთი – ბუდაპეშტი, პორტუგალია – ლისაბონი, ნიდერლანდები – ჰააგა, ბელგია – ბრიუსელი, დიდი ბრიტანეთი – ლონდონი, შვეიცარია – ბერნი, ბულგარეთი – სოფია, ირლანდია – დუბლინი, კვიპროსი – ნიქოზია, მოლდოვა – კიშინიოვი, ბელარუსი – მინსკი, შვედეთი – სტოკჰოლმი, დანიის სამეფო, კოპენჰაგენში ერთი საარჩევნო უბანია,  ნორვეგია – ოსლო, ფინეთი – ჰელსინკი. სომხეთი – ერევანი, უზბეკეთი – ტაშკენტი, ქუვეითი – ალ ქუვეითი, ყაზახეთი – ასტანა, კატარი – დოჰა, ისრაელი – რამათ განი, ჩინეთი – პეკინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – აბუ-დაბი, კორეა – სეული, იაპონია – ტოკიო, ავსტრალია – კანბერა, კანადა – ოტავა.

26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი, რომელიც 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდება, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე,

აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განახორციელა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება და მიგნებები გაუზიარონ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მასპინძლობს 28 ქვეყნის 55-ზე მეტ წარმომადგენელს, რომლებიც 26 ოქტომბერს დააკვირდებიან კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და გაგიზიარებენ ობიექტურ შეფასებებს კენჭისყრისა და არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების ჭრილში. მათი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია პროცესის პროფესიული და ობიექტური შეფასებისთვის და მათი მიგნებები და რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშიც გააცნო.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი. უცხოელმა კოლეგებმა განსაკუთრებული ინტერესი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ნოვაციურ საქმიანობებთან დაკავშირებით გამოხატეს.

თანამშრომლობის გაღრმავებასა და ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.

„მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ძალიან დეტალური პრეზენტაცია. მსურს მივულოცო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ასეთი ზრდა. ხვალ, გვაქვს მოლოდინი, რომ მთელი ეს სამუშაო გარდაიქმნება წარმატებულ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში და ყველაფერი განხორციელდება კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების შესაბამისად“,- განაცხადა მონტენეგროს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლა მუგოსამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას ასევე მიესალმება ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია. როგორც ალბანეთის საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსმა ერტონ სინანიმ აღნიშნა: 26 ოქტომბრის არჩევნები უნიკალურია არამხოლოდ იმიტომ რომ არჩევნები მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დავსწრებოდით არჩევნებს საქართველოში სადაც საპილოტე რეჟიმში ხდებოდა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება და ახლა, ინტერესით ველოდებით საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება დადებითად მიიღებს საარჩევნო ტექნოლოგიებს, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები დღემდე დადებით ჭრილში იქნა აღქმული საქართველოში ამომრჩევლების მიერ. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არის უნიკალური და ჩვენ გვსურს დავესწროთ მას, მივიღოთ გამოცდილება და გავეცნოთ უფრო დეტალურად თქვენს მიღწევებს ამ მიმართულებით.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც მოინახულეს, რომელიც 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებს თბილისის მასშტაბით დააკვირდებიან.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი:

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – კამალ მურადხანოვი – N3; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, თავმჯდომარე ნიკანორ მელია, თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია – N4; „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა – N5 „ევროპელი დემოკრატები“, თავმჯდომარე პაატა დავითაია – N6; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი N8; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე – N9; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი – N10; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე – N12; „შეცვალე საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე – N16; „საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი – N17; „თავისუფალი საქართველო“, თავმჯდომარე კახა კუკავა – N20; „ტრიბუნა“, თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე – N21; „ჩვენ“, დავით ქაცარავა – N23; „გახარია საქართველოსთვის“, თავმჯდომარე გიორგი გახარია – N25; „მემარცხენე ალიანსი“, თავმჯდომარე კონსტანტინე გუგუშვილი N26; „ქართველ ერთობა“, გაიოზ მამალაძე – N27; „გირჩი“, თავმჯდომარე იაგო ხვიჩია – N36; „ქართული ოცნება“, თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი – N41;

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართება ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%-ზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლებია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა 3 113 747 ამომრჩეველს შეეძლება.

საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლისი წესით, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.

ცესკო-ს ცნობით, წელს პირველად მისცემს ხმას 135 922 ახალგაზრდა, რომელიც საარჩევნო ხმის უფლების მქონე გახდა.

ამასთან, საქართველოს გარდა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენს. 42 სხვადასხვა სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

პროპორციული წესით არჩეულ 150-ადგილიან პარლამენტს ის პარტიები დააკომპლექტებენ, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

საქართველოში ახლა ორი პოლიტიკური ძალაა, ერთმა აკრძალა სოდომია და ინარჩუნებს მშვიდობას, მეორე სოდომური პროპაგანდის მხარდამჭერია და რუსეთთან ომში ჩაბმას ითხოვს -მეუფე სპირიდონი

საქართველოში ახლა ორი პოლიტიკური ძალაა, ერთმა აკრძალა სოდომია და ინარჩუნებს მშვიდობას, მეორე სოდომური პროპაგანდის მხარდამჭერია და რუსეთთან ომში ჩაბმას ითხოვს, – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონ აბულაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„26 ოქტომბრის არჩევნების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებისათვის, ვალდებულად ჩავთვალეთ ჩვენი თავი, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული განცხადება გავაკეთოთ. „არ არსებობს მშვიდობა ბოროტეულთათვის – ამას იტყვის უფალი“, ასე ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი. ჩვენი ერის ცხოვრებაში, ეს ახლა ზუსტად ჩვენს თვალწინ დევს.

ქვეყანა და ერი ცოდვაში თუ ვარდება და ცოდვაში ბოროტეული ხდება, ის მშვიდობას კარგავს. ამას ამბობს ორჯერ ესაია წინასწარმეტყველი. ჩვენს თვალწინ არის ახლა ეს ყველაფერი – საქართველოში ახლა არის ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა: ერთი, რომელმაც აკრძალა საქართველოში სოდომია და მისი პროპაგანდა და რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას უკვე 12 წელიწადია და რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ომში ჩაბმის. საშინელი ზეწოლაა მასზე, რომ რუსეთთან ომში ჩაებას და ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის მმართველი პარტია, დღეს ინარჩუნებს მშვიდობას და უარს ეუბნება მათ საშინელ, საქართველოსთვის გამანადგურებელ და დამანგრეველ ომში ჩაბმაზე და გვაქვს მშვიდობა.

მეორე ძალა არის ძალა, რომელიც არის აქტიური მხარდამჭერი სოდომური პროპაგანდის, ტრანსგენდერობის, თქვენ ეს მოვლენები თქვენი თვალით ნახეთ, რომელმაც მემორანდუმი გააფორმა სოდომურ ძალებთან, „გეიპარტიებს“ ეძახიან მაგათ, და პირდაპირი მოწოდება აქვთ მათ და ითხოვენ, საქართველო რომ ომში ჩაებას რუსეთთან, ანუ საქართველო ჩაებას დამანგრეველ ომში და მიიღოს განადგურება. ხედავთ თქვენ, უკრაინას რა უქნეს და ჩვენ უკრაინაზე ოცჯერ პატარა ვართ, ასე არ არის?! ამიტომ, ნახეთ რა ხდება: ზუსტად ესაია წინასწარმეტყველის სიტყვების სიცხადეა ეს, რადგან უფლის სიტყვაა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, თუ დაუჭერს ქართველი ხალხი მხარს ამ სოდომიის პროპაგანდის, ლგბტ პროპაგანდის და ტრანსგენდერობის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალას, ამ პარტიებს – ის იმ წუთშივე ომს მიიღებს ესაია წინასწარმეტყველის თანახმად და საქმეც მაგას აჩვენებს, რადგან ზუსტად ის პარტიები ითხოვენ საქართველოს ომში ჩაბმას. ისინი პირდაპირ ჩააბამენ საქართველოს რუსეთთან ომში და მიიღებენ გამანადგურებელ შედეგს, რადგან მათი პატრონები, შემკვეთები უცხოეთიდან, პირდაპირ სთხოვენ მათ საქართველოს ომში ჩაბმას“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ურჩევნია, საშინელი დამანგრეველი ომი თუ  მშვიდობა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი თუ მმართველ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს, ის მიიღებს მშვიდობას.

„თუ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც აკრძალა საქართველოში ლგბტ პროპაგანდა, უზნეობა, გათახსირება, ანუ პატიოსნება, უნდა, რომ დაამკვიდროს საქართველოში და ეს ძალა იბრძვის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, ომში არ ებმება და ინარჩუნებს მშვიდობას. თუ [ხალხი] მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც აკრძალა სოდომია და გათახსირება, ის მიიღებს მშვიდობას, იმიტომ, რომ იგივე ძალა იბრძვის მშვიდობისთვის.

ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ურჩევნია – გარყვნილება, გათახსირება და საშინელი დამანგრეველი ომი თუ წესიერება, პატიოსნება, ოჯახის სიწმინდე და მშვიდობა და კეთილდღეობა – ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა.

ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ძმებს, ჩვენს დებს, ქართველ ხალხს, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ გარყვნილებას, გათახსირებას და მომაკვდინებელ ომს და დაუჭირონ მხარი წესიერებას, პატიოსნებას, იმ ძალას – კონკრეტულად, მმართველ პარტიას, ამ სიწმინდეს და მშვიდობას ვინც იცავს საქართველოში. ეს იქნება საქართველოს გადარჩენის და გაბრწყინების საწინდარი და ის გზა იქნება განადგურების და საშინელ დღეში ჩავარდნის საწინდარი და გზა. ღმერთმა დაგვიფაროს გარყვნილებისგან და საშინელი ომისგან და ღმერთმა მისცეს ჩვენს ხალხს იმის სიბრძნე, რომ მხარი დაუჭიროს სიკეთეს, სიწმინდეს, პატიოსნებას და მშვიდობას“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა – ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა – კახა კალაძე

გასული 30 წლის მანძილზე, ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით იდექით თქვენ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა , – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქართველ ამომრჩეველს.

როგორც კალაძემ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, დაწყებული საქმის გაგრძელებას მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

“მოგესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოგესალმებით ყველა თაობის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გვინდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი.

ბოლო 4 წელიწადი იყო უამრავი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლით მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. ყველაფერი დიდი ენერგიის და ნერვების ფასად დაგვიჯდა, თუმცა, ჩვენმა გუნდმა – „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა ღირსება და საქართველოს არა მხოლოდ საბედისწერო საფრთხე ააცილა თავიდან, არამედ ქვეყანას წინსვლაც მოუტანა.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვერაფრით შევძლებდით, რომ არა თქვენი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა. გასული 30 წლის მანძილზე, ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით იდექით თქვენ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა.

დაწყებული საქმის გაგრძელებას მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება ჭირდება. დარწმუნებული ვარ, ხვალ, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ ზუსტად ისევე დავდგებით ერთად, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ერთად ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და კეთილდღეობისთვის.

არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ერთ მხარეს არის მონური მორჩილება, სიძულვილი და უსამშობლობა, ხოლო მეორე მხარეს მშვიდობა, თავისუფლება, სიყვარული და პატრიოტიზმი. ჩვენ სწორედ ერთმანეთის და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით უნდა ავაშენოთ თავისუფალი და ერთიანი საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს განვითარებას მყარი საფუძველი შევუქმნათ”, – განაცხადა კალაძემ.

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი ნაცნობობა და ახალი ურთიერთობები დიდ სიხარულს მოგიტანთ, მთავარია, იმოქმედოთ სწორად და გულწრფელად, ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვთ.

კურო

სასურველია, თქვენი ძალები ფინანსური საკითხებისა და ბიზნესპროექტების განხილვისკენ მიმართოთ. იყავით უფრო მოქნილი კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ, ერიდეთ გაუგებრობებს.

ტყუპები

ნუ იტყვით უარს სხვების დახმარებაზე. დიდი ალბათობით, ეს ადამიანები მეტად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სამომავლოდ თქვენს საქმიანობაში.

კირჩხიბი

გადაანაწილეთ დრო და საქმეები სწორად, რათა თავიდან აიცილოთ საყვედურები და სიტუაციის გართულება. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

ლომი

სასიკეთოდ ვითარდება ფინანსური საკითხები, იზრდება შემოსავლებიც, მაგრამ ნუ გადაამეტებთ, სჯობს, გადახედოთ ფულთან თქვენს დამოკიდებულებას.

ქალწული

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წვრილმან შეცდომებზე, ან ნეგატივზე, შეეცადეთ, იპოვოთ გამოსავალი არეული სიტუაციიდან და მოირგოთ „მშვიდობის მტრედის“ როლი.

სასწორი

მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტს, ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, კომუნიკაციებს. შემოიკრიბეთ ის ადამიანები, რომელიც თქვენს გუნება-განწყობას ამაღლებენ.

მორიელი

დღეს, მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, შეხედეთ პრობლემებს ფილოსოფიურ ჭრილში.

მშვილდოსანი

იყავით უფრო თავდაჯერებული და ინიციატივიანი, როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროში, ახლა შეძლებთ, კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები. ნურავის დაჰპირდებით იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ.

თხის რქა

შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, გაიაზრეთ ყველაფერი, მათ შორის, რისკებიც, ნუ გამოცდით იღბალს, იყავით ფრთხილად.

მერწყული

მნიშვნელოვანია, იყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებს, გაინებივრეთ თავი ახალი შენაძენით. იზრუნეთ იმაზე, რომ კომფორტულად გამოიზამთროთ.

თევზები

იყავით აქტიური და ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე. სამყარო ახლა თქვენს მიმართ მეტად კეთილგანწყობილია, გამოიყენეთ ეს შანსი, რათა ირგვლივ მიმდინარე ცვლილებები სასიკეთოდ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე.

შევქმენით საფუძველი, რომ გავაორმაგოთ ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები, 3 მილიარდი ლარი ჩაიდება სოფლის მეურნეობაში – პრემიერი

არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, – განავცხადა აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ შესაბამისი რეპუტაცია, რომ საზოგადოება მათი მხრიდან მიწოდებულ შეფასებას ენდოს.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუძლებელია, ვინმემ ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

„არჩევნების მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. რაც შეეხება დამკვირვებლებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვთ შესაბამისი რეპუტაცია, რომ შეაფასონ ეს არჩევნები და ფასი რომ ჰქონდეს მათი მხრიდან მოწოდებულ შეფასებას საზოგადოების თვალში. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც, დაახლოებით, 10 დღით ადრე დაიდო არჩევნების დღემდე. პრაქტიკულად, მოიცავს თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს და ამ ანგარიშში ასახულია ერთადერთი არსებითი პრობლემა, ეს არის პოლარიზაცია, რაც ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად სერიოზული პრობლემა. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, პოლარიზაცია მედიაში – ეს ის მოვლენებია, რასთან დაკავშირებით ყველას ისედაც ჰქონდა ინფორმაცია. სხვა რაიმე არსებითი პრობლემა ამ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. ჰაერიდან ვერავინ მოიტანს პრობლემებს, რომელიც არ არსებობს. არჩევნების დღეც ჩაივლის უპრეცედენტოდ კარგად, მათ შორის, ჩვენ შევქმენით ამისათვის ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლის 91% რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად, ხმას მისცემს ელექტრონულად და მათი ხმებიც დაითვლება ელექტრონული წესით, რაც გამორიცხავს, მათ შორის, ადამიანურ შეცდომებსაც კი, მითუმეტეს არავითარი სივრცე მანიპულაციისთვის აღარ რჩება. ასეთ დროს, შეუძლებელია, ვინმემ რაიმე ისეთი არგუმენტირებული დასკვნა წარმოადგინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. აქედან გამომდინარე, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, საბოლოო ჯამში, შეფასებებთან დაკავშირებით. რეალურად, ყველანაირი საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავტოვოთ არჩევნების ეჭვქვეშ დასაყენებლად,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი  არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიმოცვლას, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობას და ინსტიტუციების საქმიანობების გაუმჯობესებას.