Home Blog Page 803

,,2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკაში” – კობახიძე

მოგესალმებით საქართველოს გამორჩეულად ღირსეული და ლამაზი რეგიონის, მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხის წარმომადგენლებს,

მოგესალმებით „ქართული ოცნების” წევრებს, მხარდამჭერებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს,

მივესალმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეულ წევრს, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც 2012 წლიდან დგას ბრძოლის წინა ხაზზე და ამ არჩევნებზე არის ჩვენი დელეგატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში, ქალაქში, სადაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართველ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია. სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი  ფასეულობა, რომლის დასაცავად არცერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ.

„ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან დღემდე 8 არჩევნებში გაიმარჯვა. ყოველი არჩევნები იყო უკიდურესად პრინციპული ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველ არჩევნებზე წყდებოდა მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის ბედი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ აკეთებდა.

შესაბამისად, გასული 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით:

–         „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;

–         2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში აღიკვეთა ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, დამკვიდრდა მედიაპლურალიზმი;

–         ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანაში მმართველობას არა გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება ახორციელებს;

–         უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა: მხოლოდ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში ორჯერ გაიზარდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა ახლაც გრძელდება;

–         სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი;

–         ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის;

–         ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

–         72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;

–         რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;

–         ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა;

–         ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, სამჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა საქართველოში;

–         განახევრდა უმუშევრობა;

–         700 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს;

–         საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ეს არის ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა.

ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო საკუთარი პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, 2012 წელს საქართველომ თავი დააღწია ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს ღირსების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ომი და ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა.

დღეს ჩვენთან ერთად არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ 2008 წელს ჩადენილმა დანაშაულმა საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი გზით საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. მშვიდობა, ღირსება და ქვეყნის განვითარება არის ერთადერთი უალტერნატივო საშუალება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას მოუტანს.

მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები უაღრესად პრინციპული იყო, ამ არჩევნებს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ არჩევნებს აქვს 2012 წლის არჩევნების ტოლფასი დატვირთვა.

–         2012 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ” დავასრულეთ „ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში;

–         2024 წელს ქართველმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ” უნდა დავასრულოთ „ნაცმოძრაობა” პოლიტიკაში.

არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე! „ნაცმოძრაობის” გასამართლება 2008 წლის დანაშაულისა და სხვა მრავალრიცხოვანი სისტემური დანაშაულებისთვის, ამ პოლიტიკური ძალის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, ყალბი ფასეულობები, ომი და რეგრესი და საქართველომ შეუფერხებლად განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით.

26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც აუცილებლად დამარცხდება აგენტურა და გაიმარჯვებს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ხელისუფლება, დამარცხდება ომი და გაიმარჯვებს მშვიდობა, დამარცხდება გარყვნილების პროპაგანდა და გაიმარჯვებს ქრისტიანული ფასეულობები, დამარცხდება ბნელი წარსული და გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი!

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

 ,,26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“- ბიძინა ივანიშვილი

ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უნდა იქცეს ნიურბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ქართველმა ხალხმა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ, განაჩენი გამოუტანოს.

როგორც ივანიშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“, ვერანაირი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს დამსახურებული სასჯელისგან.

„26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს.

საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში – სრულად

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში საზოგადოებას მიმართა.

„მოგესალმებით მცხეთელებო, დუშელებო, თიანელებო, მოხევეებო, ფშაველებო, ხევსურებო, გუდამაყრელებო,

მოგესალმებით ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს,

მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს – მცხეთა-მთიანეთს წარმოადგენთ.

სიმბოლურია, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში:

მცხეთიდან გააერთიანა ფარნავაზმა ჩვენი ქვეყანა და შექმნა პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო;

მცხეთაში ინახება უფლის კვართი; მცხეთაში აიგო პირველი ქართული ქრისტიანული ტაძარი;

მცხეთაშია წამომართული საქართველოს დედა-ტაძარი – სვეტიცხოველი;

მცხეთაში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, რამაც საქართველოს ქრისტიანულ და ევროპულ იდენტობას მტკიცე საფუძველი შეუქმნა;

მცხეთაში განისვენებენ დიდი ქართველი პატრიარქები და მეფეები. აქ განისვენებენ პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი ნანა და მირიანი, აქ განისვენებს ერეკლე მეორე, რომლის სიბრძნემაც საქართველოს ევროპული და ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა;

როგორც ლადო ასათიანი ამბობდა, სვეტიცხოვლის ტაძარში ასვენია საქართველოს ცხელი გული, რომლის ძგერა არასოდეს შეწყდება.

ქართული გული და ქართული სული უკვდავია. სწორედ ეს გული და სულია ის, რამაც ჩვენს სამშობლოს ურთულეს სივრცეში 3 ათასწლეულის მანძილზე თავისუფლება და თვითმყოფადობა შეუნარჩუნა. მცხეთა და მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული საუნჯე, რომელიც ქართულ სულსა და გულს, საქართველოს ღირსებას, თავისუფლებასა და თვითმყოფადობას, უნიკალურ ქართულ კულტურას განსაკუთრებული სიმტკიცითა და რუდუნებით იცავდა და იცავს. ეს არის 300 არაგველის სამშობლო, რომელიც არასდროს არავის დაუხრის თავს და ყველაფერზე მაღლა ყოველთვის ღირსებას, სამშობლოს სიყვარულს და ქრისტიანულ ფასეულობებს დააყენებს.

დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გასული 3 ათასწლეულის მანძილზე. მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ამ თვალსაზრისით, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

როგორც არაერთგზის ითქვა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.

ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის.

გუშინ ჩვენი გუნდის სახელით გავრცელდა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, თუ რისთვის გვესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩვენი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე განვმარტო:

პირველ რიგში: საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია.

26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს.

საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ;

მეორე მიზეზი, რატომ გვიჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა: საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება.

საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ეგრეთწოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ-წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტ-პროპაგანდის წარმოება და სხვა.

ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკვე აქვს უმძიმესი შედეგები მრავალ ქვეყანაზე და ამდენად, საქართველოში მის გავრცელებას პრინციპულად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით;

მესამე: დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს

როგორც წერილში აღვნიშნეთ, არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ.

ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს. საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება.

რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო 4 წელიწადი, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

,,2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი!”- ღარიბაშვილი

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!“

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას, ჩვენს ამაყ და ღირსეულ ხალხს, მივესალმები „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს, მხარდამჭერებს, ყველას ვინც უკვე 12 წელია გვერდში უდგას ჩვენს პარტიას და თანამონაწილეა იმ ისტორიული ტრანსფორმაციული პროცესებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და მადლობა ერთგულებისთვის და ნდობისთვის!

დღეს ჩვენ დავიწყეთ რეგიონული ღონისძიებები და პირველი შეხვედრა სწორედ თქვენს რეგიონში იმართება, ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილას, მცხეთაში.

ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. გვახსოვს, როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმ დროინდელ საქართველოში, საშინელი ტერორი და შიში სუფევდა მთელს ქვეყანაში, ხდებოდა ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული მკვლელობები, ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ხდებოდა სხვა, უამრავი სისტემური დანაშაულები… ამ და სხვა უბედურებასთან და ბოროტებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ, თავიდან ვერ კი არა – არ აირიდა ყველაზე დიდი უბედურება – ომი! საქართველოში ჯერ დააბრუნეს რუსეთის ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს, ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდენინეს მათი ოკუპაცია, დავკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც აგვისტოს ომამდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტობრივად აჩუქეს, გადასცეს კოდორის ხეობა, მივიღეთ ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და დავკარგეთ ასეულობით ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები… და ყველას გვახსოვს, ომი დამთავრებული არ იყო, გმირების ცხედრები არ ჰყავდათ გამოყვანილი და დაკრძალული, რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და აზეიმეს ეს ყველაფერი, ხოლო შემდეგ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას… და რამდენიმე თვეში ისევ რუსეთს გადასცეს საკუთარი ნებით უამრავი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, მათ და მთელმა მსოფლიომ… მალევე, ომის დამთავრებისთანავე, ჯერ დევნა დაუწყეს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, შემდეგ სასტიკად გააძლიერეს ჩვენი ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა. ქვეყანაში იყო სრული უიმედობა, უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი! ასევე, გვახსოვს, სააკაშვილს დაანონსებული ხედვა, რომ აშენებდა სინგაპურის მსგავს სისტემას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ისეთივე სინგაპურის მოდელი იქნებოდა, როგორიც „დემოკრატიის შუქურაც“ იყო თავად… იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა არავითარი თავისუფლება, არავითარი დემოკრატია, არავითარი ევროპასთან ინტეგრაცია და ასეთი კაცი და მისი კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებას…

და სწორედ ასეთ დროს, როცა ხალხს სამუდამოდ გადაწურული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხს დაუბრუნა ეს იმედი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჯერ დარაზმა, გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის 1 ოქტომბერს გაათავისუფლა ხალხი ამ ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!

მას შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება და დამყარდა მშვიდობა, თავისუფლება დაუბრუნდა ხალხს! 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებამ მოიტანა ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში, 27 მილიარდი ლარიდან 85 მილიარდ ლარამდე, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერდებიან ძალოვანი უწყებები, რომლებიც იცავენ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, გვაქვს სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკაშიც, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის 1,4 მილიარდიანი ბაზარი, რუსეთის ბაზარი, მოხდა დივერსიფიკაცია და ქვეყანა გახდა უფრო სტაბილური და სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი. თავისუფლების და მშვიდობის შედეგია, რომ ვითარდება დღეს ბიზნესი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ამასთანავე დაგეგმილია არაერთი მასშტაბური, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, და რაც მთავარია, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ყველაზე რთული კრიზისის დროს – რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე და ჯერ კიდევ მანამდეც, უამრავი დესტრუქციული და პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, რომელიც ხორციელდებოდა შიდა მტრების და გარე ძალების ერთიანი კოორდინირებული მოქმედებებით… მადლობა ღმერთს, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ მშვიდობა და თავიდან ავირიდეთ ომი, ქაოსი და უბედურება, განადგურებისგან ვიხსენით ჩვენი ხალხი და ქვეყანა.

მეგობრებო, 26 ოქტომბერს ისევ ეს ბოროტი ძალა უპირისპირდება ჩვენს ხალხს, ოღონდ ამჯერად უკვე, სახეცვლილი, ხელოვნურად გაყოფილი და გაშლილი მრავალ ფრონტზე, ხალხის დასაბნევად და მოსატყუებლად, ამ დროს ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა, არ არსებობს სხვა ალტერნატიული ოპოზიცია თუ კოალიცია, არც ძველი და არც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მათი სახელი უცვლელია – ეს არის კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანი ბოროტი და ანტიეროვნული ძალა, რომლის მიზანია მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება და მხოლოდ პირადი ინტერესები, პირადი კეთილდღეობა, რომ მხოლოდ თვითონ იცხოვრონ კარგად, ისე როგორც ადრე ცხოვრობდა ეს უსამართლო-მჩაგვრელი ელიტა, მათი სურვილია ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი რეჟიმის შექმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ შექმნილი, სამუდამო დიქტატურის დამყარება და ხალხის ბოლომდე დაჩაგვრა და განადგურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება და მათი მსახურება, ომი და ქაოსი…

ქართველმა ხალხმა ეს უბედურება უკვე გამოცადა, უკვე ნახა თუ რამხელა განსაცდელი მოაქვს საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე აგენტურის მმართველობას… ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისევ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ ხალხის მჩაგვრელ ბოროტ ძალას ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების უფლება!

სამწუხაროდ, დღეს, ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და გავიმეორებ, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ!

26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!

ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი, უკეთესის ძიებაში ირჩევს უარესს, ამიტომ ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება! დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 ,,რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან”- მარია ზახაროვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მზად არის, აგვისტოს ბოლოს კურსკში, ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდეს. მის ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, რუსულ მხარეს მჭიდრო კონტაქტი აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან.

„მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნოსთან, პირადად ამ სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რაფაელ გროსისთან, კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ბირთვული ობიექტების – როგორც კურსკის, ისე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართ მუდმივ პროვოკაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზახაროვამ.

,,გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე”- სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო განცხადება

ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა, – ამის შესახებ ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამინისტროს მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და აფრთხილებს, რომ აუცილებელია ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება

„ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება ტყისა და ველის ხანძრების წარმოშობის საუკეთესო პრევენციაა.

გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე:

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.

ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. ·

ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტი – 112

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი – 1501“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განმარტავს ცესკოს იმ დადგენილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება.

დადგენილების თანახმად, ისევე როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკო დადგენილების მიღებისას ეყრდნობოდა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს. ასევე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი იყოს კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული, ერთგვაროვანი და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს საარჩევნო უბანი დახვდეს მზად. აღსანიშნავია, რომ დადგენილება მიღებულია მაღალი ქვორუმით (12 ხმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრების მხარდაჭერით (4 ხმა)). მიუხედავად ამისა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ ცესკოს ამ გადაწყვეტილების უარყოფითად წარმოჩენას და მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებენ.

კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ წელს პირველად პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 90% ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს ხმას და ასეთ საარჩევნო უბნებზე (2262 საარჩევნო უბანი) წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მეშვიდე დღეს იყო გათვალისწინებული,რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართული რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის.

შესაბამისად, დადგენილების მიღებისას გათვალისწინებული იყო, რომ:

• კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, საარჩევნო უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს;
• მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვნების პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ უბნებზე წილისყრა განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელება გამოიწვევს არაერთგვაროვნებას და შესაძლოა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას;
• წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება, გამართულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა. მათ შორის იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.

ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია ჩართული მხარეების მხრიდან აპელირება იმაზე, თითქოს დამკვირვებლები ვერ შეძლებენ წილისყრის პროცედურებზე დაკვირვებას. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას – კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დღემდე პერიოდს, კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდს, მათ შორის დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს. ასევე, როგორც აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების ნაწილის გამოვლენა 2262 უბანზე ისედაც უნდა განხორციელებულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა და ამ თვალსაზრისით დაკვირვება არათუ გართულდება, პირიქით, უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ წილისყრის პროცედურის არა ნაწილს, არამედ მთლიან პროცესს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. ამასთან შევახსენებთ და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, გაითვალისწინონ რომ არჩევნები საერთო საქმეა და უსაფუძვლო განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცხადდა რუსთაველის ფონდის 2024 წლის  კონკურსი   „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად” 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა    გამოაცხადა 2024 წლის  კონკურსი   „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად”.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სრული ინფორმაცია კონკურსის პირობების  შესახებ  იხილეთ ფონდის  ვებგვერდზე

https://shorturl.at/XD1Yq

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეექვსე მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს

6 მილიონი მგზავრი 2012 წლიდან დღემდე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ი 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ცოტა ხნის წინ, ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც Wizz Air-ის იღბლიანი მეექვსე მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა. ავიაკომპანიის მე-6 მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა. იღბლიანმა მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც გაფრენას 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.

,,დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა და მიიღო Wizz Air-ის მე-6 მემილიონე მგზავრი, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ Wizz Air-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძირითადი მოთამაშე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დასტური იმისა, რომ უკვე 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა არის ის, რომ ისინი სტაბილურად არიან წარმოდგენილები ჩვენს ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას აღნიშნულ კომპანიასთან, რათა კიდევ უფრო მეტი მიმართულება დაემატოს, უფრო მეტი ბაზირებული საჰაერო ხომალდი გვყავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის მიმართულებით ახალი რეკორდები ფიქსირდება.

,,უკვე აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გადასცდა მილიონ მგზავრს. გვაქვს ვარაუდი, რომ მილიონზე ოდნავ ნაკლები მგზავრი გვეყოლება ჭრილში. შესაბამისად, მგზავრთნაკადთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას. რამდენიმე ასული მილიონის ინვესტიციაზეა საუბარი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ზოგადად ქართული ავიაცია ახალ ეტაპზე გადადის. სრულიად აღვადგინეთ კოვიდამდელი პერიოდის მონაცემები. კიდევ უფრო მეტი ახალი მიმართულება და ახალი ავიაკომპანიის მოლოდინი გაქვს, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Wizz Air-ი 2018 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2024 წელსაც ბაზრის ლიდერია. დეკემბრიდან ავიაკომპანიამ დაამატა მეოთხე ბაზირებული ხომალდი ქუთაისში. ამჟამად, Wizz Air-ი ქუთაისიდან 15 ქვეყანაში, 24 მიმართულებით დაფრინავს. 6 მლნ მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – ეს მიღწევა არა მხოლოდ ასახავს Wizz Air-ის მიერ ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას მოგზაურებისთვის, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოებამ დაადასტუროს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში-გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ რასაც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოებამ დაადასტუროს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკის განვითარების და ტრადიციების შენარჩუნების პოლიტიკა და ამის შემდგომ ჩვენზე იქნება პასუხისმგებლობა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, როგორც რეჟიმი, გასამართლდეს. ეს არის აუცილებელი, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ საქართველოს გადასარჩენად პირდაპირი გაგებით.“– აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. გენერლის ხსოვნის პატივსაცემად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს.

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა.

სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე: 1978 წელს დაბადებული მ. ა., 1972 წელს დაბადებული ა. ო., 1990 წელს დაბადებული ვ. ბ., 1988 წელს დაბადებული უ. ფ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა რომ მ.ა.-მ და ა.ო.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ხოლო, ბრალდებულების ვ.ბ.-ს და უ.ფ.-ს დახმარებით, ჯ.ო.-მ, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე, სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.