Home Blog Page 8

 პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით დაკავებულნი არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. კერძოდ, ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე განცხადებებს აკეთებდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხუთივე ბრალდებულმა  და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც  მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.

პაატა ბურჭულაძის მიერ  დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ  ძალადობრივი მოქმედების ორგანიზატორები და მასში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.

დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და  პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურამ  სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, ჯგუფურად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, იერიში მიიტანეს, ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს დამცავი ღობე და შეიჭრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში, შენობის ხელში ჩაგდების და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ  რკინის კონსტრუქციებსა და საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამავდროულად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები  მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას. მათი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე. ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 6 ოქტომბერს დააკავეს. ცამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან  ცხრა წლამდე) წარედგინათ.

პროკურატურა დაკავებული ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

,,ჩვენ აღნიშნულ ქვეყნებს არ მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ მათი ცალკეული დიპლომატები”- რატი იონათამიშვილი

ჩვენ აღნიშნულ ქვეყნებს არ მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ მათი ცალკეული დიპლომატები, არამედ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობა იმსახურებს. ეს უფრო ძვირფასია ჩვენთვის და პერსონალურად და პიროვნულად არაფერი გადაგვაქვს. მიგვაჩნია, რომ ეს მიუღებელია, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ელჩებზე საუბრისას.

იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთად ზრუნავს და ერთად იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.

„ცალკეული ევრო ბიუროკრატები იქნებიან ისინი, დიპლომატები თუ უბრალოდ სხვა უწყების წარმომადგენლები, ფაქტია, რომ როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენს ქვეყანაზე უსამართლო და სუბიექტური განცხადებებით ვერანაირ ნეგატიურ გავლენას ვერც ახდენენ და ვერც მოახდენენ. ჩვენ ვიცით, რომ მივდივართ სწორ გზაზე, ვინაიდან საუკუნეებია საქართველო ასეთი თავისთავადი არასდროს ყოფილა. დღეს სახელმწიფო არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს, მისი დამოუკიდებლობის ისტორიაში.

დღეს ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთად ზრუნავს და ერთად იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს ყველაფერი სამართლიანი, სწორი და ჯანსაღი მიდგომებით არის განპირობებული. დღეს ჰერჩინსკის განცხადებას რომ ვუსმენდი და მის ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას, ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა, როდესაც თევზი ამბობს, რომ სათქმელი ბევრი აქვს, მაგრამ პირი წყლით აქვს სავსე. სწორედ ამ მდგომარეობაში იყო. თვითონაც კარგად გრძნობს და ეუხერხულება ამ უსამართლო კონტექსტში საკუთარი დიპლომატიური კარიერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რადგან დღეს ის არის არა დიპლომატი, არამედ ის არის გარკვეული პოლიტიკური ძალების გარე სპიკერი.

სიმართლე თავის გზას ყოველთვის იპოვის, რადგან ჩვენს მხარეს არის არგუმენტები, ობიექტური შეფასებისთვის ყველა შესაბამისი სტანდარტი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მოუწევს აღიარება და ქედის მოხრა ქართველის ხალხის წინაშე“, – აღნიშნა რატიო იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, მმართველი გუნდის პოზიცია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები არ უნდა დაძაბოს. უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ამის მიუხედავად ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოთმინების პოლიტიკას ატარებს და თავს იკავებს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან.

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

07 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში.

აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპგარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერისხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირსშესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე, მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერისხარისხის პორტალზე www.air.gov.ge “რეკომენდაციების” ველში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7130 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7130 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7201 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0071 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1672 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1714 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი -პაატა მანჯგალაძე

სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ბრალდების არცერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

„უპირველესად, ბოდიში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგას. თუმცა, რასაც გვედავებიან, არცერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი. „ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება“, – ამის იქით არასდროს არც ერთი სიტყვა არ მითქვამს და ახლაც იმავეს ვამბობ.

ჩვენ, გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა ხალხი და კიდევ გამოვა, თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა. ჩვენი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. იმ აქციაზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოითხოვდნენ ცვლილებას. არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა

4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! – „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, „ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება“.

„როგორც ჩერჩილმა თქვა „წარმატება უნარია, გაიარო გზა ერთი მარცხიდან მეორემდე ისე, რომ არც ენთუზიაზმი დაკარგო და არც ოპტიმიზმი. სწორედ მაშინ მოვა ნამდვილი გამარჯვება“.

„ვერთიანდებით საქართველოსთვის“ – ამ სიტყვებით დაფუძნდა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც მთავარი კრიტერიუმებია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი.

საქართველოსთვის ბრძოლა ჩვენი გააზრებული არჩევანია იმ დღიდან, როცა ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი კომფორტის, თანამდებობის თუ ფინანსების ხარჯზე გადაწყვიტა შესულიყო ამ უთანასწორო ბრძოლაში და დაჰპირისპირებოდა საზოგადოების გახლეჩას, კორუფციას, სიღარიბეს, ძალადობას, უსამართლობას, ქაოსს, ქვეყნის მომავლის შეჩერებას.

უკვე 3 არჩევნები გამოვიარეთ წარმატებებით, პოლიტიკური შეცდომებით და მარცხებითაც, მაგრამ ამ წლების მანძილზე ყველაზე დიდი გამარჯვება, რასაც მივაღწიეთ და ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს არის ის, რომ ჩვენი წაქცევა არცერთ ხელოვნურად თავსმოხვეულ მარცხს არ შეუძლია, არც „ოცნების“ მხრიდან ჩვენს N1 პოლიტიკურ სამიზნედ გამოცხადებას და არც ოპოზიციის გაყიდული ნაწილის მავნებლობას.

სამწუხაროდ, 4 ოქტომბერს ბოიკოტმა გაიმარჯვა საღ აზრზე, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი!

ხშირად ვამბობ, რომ „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს.

შეცდომებისთვის თვალის გასწორება და მათი სწორი შეფასება, მხოლოდ გვაძლიერებს!

ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“ – წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის. ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი.

მსოფლიო ბანკის განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით ვარაუდობდნენ. 2026 წლისთვის კი ქვეყანაში 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზები ასე ნაწილდება:

  • სომხეთი – 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1.2 პ.პ;
  • აზერბაიჯანი – 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.7 პ.პ;
  • რუსეთი – 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.5 პ.პ;
  • თურქეთი – 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.4 პ.პ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მა და ADB-მა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ივლისში ის 7.2%-მდე დააკორექტირა.

ამასთან, მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რომელიც სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას ეხება, ეკონომიკური ზრდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (ECA) შენელდა, თუმცა რეგიონი უწყვეტი გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე მდგრადობას ინარჩუნებს.

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, 8-9 ოქტომბერს, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა იმართება

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით,  8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა – „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“  გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქართული ბიზნესები მიიღებენ, სხვადასხვა სექტორიდან.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე – სხვადასხვა ქვეყნიდან.

პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია – ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე – უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. ასევე, შეხვდნენ ინვესტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს.

კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართული ბიზნესებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით.

კონფერენციის მეორე ნაწილში, უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის – ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის, კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

ცხოვრებაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ, წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ – ირაკლი ნადირაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს.

როგორც ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ყველა ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა იყოს წარდგენილი.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ. წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობაა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა. ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილის. რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, ვინმეს თუ ჰყავს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბატონო პროკურორებო, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მესამე – სტრატეგიული ობიექტების დაკავება. ეს სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის ხალხს და იქ უნდა ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ხალხს ემსახურებიან. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიტაცებული ხელისუფლების გამო, ამ შენობებში სხედან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან, როგორ მოიპარონ და როგორ იცხოვრონ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას. ვინმეს თუ უნდა, სადმე წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას და მის გუნდს არ გავახარებ. პატიმრობა თუ იქნება გამოყენებული, ამას მოცემულობად მივიღებ. პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია. მადლობა მათ ბრძოლისთვის“,  – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ირაკლი ნადირაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

სასამართლომ ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქართველო დაღუპვის გზაზეა და გადასარჩენია, ცოტა ხანი დასჭირდება, როცა მეცნიერები, ისტორიკოსები დასხდებიან და 4 ოქტომბერს გამარჯვების დღედ აღნიშნავენ -პაატა ბურჭულაძე

დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და რობოკოპებთან მივედი, აქეთ მე ვაჩერებდი, იქით მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზრისი“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ სასამართლოს პროცესზე მყოფი ხალხი ტერორისტებად წარმოადგინოს.

„მინდა მოვყვე, რა ისტორიული დღე იყო 4 ოქტომბერი. პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მოქალაქეები მთელი საქართველოდან. იქ წარმოდგენილი ვიყავით, რადგან ვიგრძენით, რომ საშიშროება იყო და ეროვნული კრება ჩავატარეთ. ერთად მივიღეთ დეკლარაცია. საქართველო დაღუპვის გზაზეა და ის გადასარჩენია. სულ ცოტა ხანი დასჭირდება, როცა მეცნიერები, ისტორიკოსები დასხდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც გამარჯვების დღეს.

რომ არ მცოდნოდა, ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ. „ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან, მთელი ცხოვრება ბავშვებს, ახალგაზრდებს ვეხმარებოდი. მე მოვუწოდებდი ვინმეს, დანა დაარტყი, მოკალიო? დაიჯერებთ? მთელი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი.

დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, იქით მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო. ამას ეძახიან, რომ ჩვენი ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ? ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ, მესამედ, მერე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში მომათავსეს. შემოვიდა ეს ახალგაზრდა, პოლიციის უფროსი 7-8 თანმხლები პირით. ჩემში ბინ ლადენი ნახეთ? წნევას მიზომავდნენ, ავტომატებით დამადგნენ, მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს. ადრე კანონს ემსახურებოდით, ახლა – რეჟიმს. თქვენ თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო, თუ არა, მაინც მზად ვარ დავისაჯო“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

“პოლიტიკა ომის დროს – უკრაინული სტილით: არაოფიციალური წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული ბომბების ქვეშ”-Politico

„მიუხედავად იმისა, როცა ჯერ არ არის ცნობილი არჩევნების ჩატარების მიახლოებითი თარიღიც კი, როცა არ გამოცხადებულა ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის კონკრეტული ვადები, კიევში წინასაარჩევნო აგიტაცია, შეიძლება ითქვას, არაოფიციალურად სრული სვლით მიმდინარეობს“, – წერს აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ გამოშვებაში (იბეჭდება ბრიუსელში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „პოლიტიკა ომის დროს – უკრაინული სტილით: არაოფიციალური წინასაარჩევნო ბრძოლა რუსული ბომბების ქვეშ“ (ავტორი – ჯეიმი დეტმერი). როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეები თავიანთ უფლებამოსილებას და სტატუსს იმისთვის იყენებენ, რომ ცდილობენ დაჩრდილონ პრეზიდენტის პოტენციური მეტოქეები და მათ პატიოსანი ბრძოლის უფლება წაართვან“.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

ხმები ვრცელდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სერიოზულად ფიქრობს გადადგომაზეო. ნუთუ მართლა? გასულ თვეში მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მზად არის მეორე ვადით არჩევაზე უარი თქვას, რადგან პრეზიდენტობა მისი თვითმიზანი არ არის“, თუმცა მისი თანამემამულეები დაპირებას არ ენდობიან. უფრო მეტიც – პრეზიდენტის ნათქვამს  ინტერესიც კი არ გამოუწვევია. პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა კი ვოლოდიმირ ზელენსკის „გულახდილობის“ მიმართ უნდობლობა გამოამჟღავნეს და გარკვეული ზიზღიც კი გამოხატეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად არ ლაპარაკობს პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე. მან თებერვალშიც განაცხადა წასვლაზე, მაგრამ იმ დროს უკრაინის ლიდერს, „დიქტატორად“ შერაცხულს, ამერიკელ კოლეგასთან დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდა. „თუ ჩემი წასვლა პრეზიდენტის პოსტიდან უკრაინას მშვიდობას მოუტანს, მზად ვარ. შემიძლია ჩემი თანამდებობა უკრაინის ნატოში მიღებაზე გავცვალო“.

მაგრამ ახლა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკი თავის პირობას ცვლის და ამბობს: „ჩემი მიზანია კონფლიქტის დასრულება. არ მსურს ხელახლა არჩევა… მივმართავ პარლამენტს, რომ არჩევნები მაშინ დანიშნოს, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება მიღწეული და საკონსტიტუციო აკრძალვა გაუქმდება

უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, სკეპტიკურად მიუდგა ვოლოდიმირ ზელენსკის „გულახდილ“ განცხადებას პოლიტიკური სცენიდან წასვლის თაობაზე: „ზელენსკის მოქმედება საწინააღმდეგოს აჩვენებს – მას პოსტიდან წასვლა არ სურს“, – თქვა მან Politico-სთან საუბარში, – „მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ საქმეები“.

მხოლოდ ივანა კლიმპუშ-ცინცაძე არ აფასებს ასე ვოლოდიმირ ზელენკის, მას სხვებიც ეთანხმებიან. მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ კანონმდებლებმა თავიანთ ლიდერთან შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა გასულ თვეში, ისეთი შთაბეჭდილებით დატოვეს, რომ მას არ სურს პრეზიდენტის პოსტის დატოვება კონფლიქტის დასრულების  შემთხვევაშიც კი. როგორც ორმა კანონმდებელმა შეატყობინა Politico-ს, პრეზიდენტი თავის შანსებს ხელახლა არჩევის მიზნით. მან მკაცრად გააკრიტიკა ოპონენტები, თანაპარტიელი დეპუტატები  და ჟურნალისტები, რომლებიც, მისი თქმით, ვერ ქმნიან უკრაინის ლამაზ და სასიამოვნო სახეს დასავლელი პარტნიორების თვალში.

როგორც ჩანს, პარტიული უთანხმოება, რომელიც ომამდე უკრაინელი პოლიტიკოსების პოპულარულ „გართობას“ წარმოადგენდა, ისევ ბრუნდება, რაც ბევრად არის პროვიცირებული თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი თანაშემწეების წინდაუხედავი და ნაჩქარევი მანევრით: გასულ ზაფხულს ისინი შეეცადნენ ორი საკვანძო ანტიკორუფციული უწყების გაუქმებას. სწორედ იმ ხანებში დაიწყეს სახელმწიფო მოსამსახურეების შემოწმება პრეზიდენტის ერთგულების მიზნით, თუმცა მოგვიანებით, საგარეო და საშინაო ზეწოლის გამო, უკან დაიხიეს.

თავის მხრივ, პრეზიდენტით უკმაყოფილო პოლიტიკოსებმა და ბევრმა მოქალაქემაც მომხდარი ამბები ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ფარულ მცდელობად ჩათვალეს – საარჩევნო კამპანიის არაოფიციალურად დაწყებისა და ქვეყნის მეთაურის პოზიციის განმტკიცების მიზნით. „მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულ ორგანოებთან დაკავშირებით მოხდა, უკრაინაში დიდი პოლიტიკა დაბრუნდა“, – ამბობს ერთ-ერთი ყოფილი უკრაინელი მინისტრი, – „ამის დამალვა უკვე შეუძლებელია“. ექს-მაღალჩინოსანმა გაზეთის ჟურნალისტს სთხოვა, რომ მისი ვინაობა არ გაემჟღავნებინა – „ვაითუ პრეზიდენტის თანაშემწეების რისხვა დავიმსახუროო“.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა ყველანაირად ცდილობს კრიტიკოსები და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები როგორმე გააჩუმოს.

ყოფილ მაღალჩინოსანს კიდევ ერთი ექს-მინისტრი ეთანხმება (არც მან მოისურვა ვინაობის დასახელება), რომლის თქმით,  „ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეები თავიანთ უფლებამოსილებას და სტატუსს იმისთვის იყენებენ, რომ ცდილობენ დაჩრდილონ პრეზიდენტის პოტენციური მეტოქეები და მათ პატიოსანი ბრძოლის უფლება წაართვან“.

„მათი მიდგომა ასეთია: „თუ თქვენ ერთ სიტყვასაც კი იტყვით ჩვენს საწინააღმდეგოდ, იცოდეთ, რომ ჩვენ, სამაგიეროდ, თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთ და მოქმედებას ყველანაირად შეგიზღუდავთ“, – აცხადებს Politico-ს ჟურნალისტთან საუბარში ანონიმი ექს-მინისტრი, – არსებითად, ისინი ყველა სავარაუდო ოპონენტს და მეტოქეს – რეალურს და მოჩვენებითს – შანტაჟს უწყობენ“.

პრეზიდენტის ხელისუფლების ერთგულები ქვეყნის მეთაურის ოპონენტთა სასამართლო დევნას ხშირად „სახელმწიფოს ღალატის“ ბრალდებით მეშვეობით ახორციელებენ – მათ რუსეთთან კავშირებში და კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. კაცმა რომ თქვას, ეს ხერხი ახალი არ არის, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მისი მომხრეები წინამორბედის – პეტრო პოროშენკოს – მომხრეებს დაერივნენ და ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის სახელმწიფო ღალატის“ ბრალდებებით. უფრო მეტიც – პირადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი ბრძანებულებას პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე – გაყინა ექს-პრეზიდენტის აქტივები უკრაინაში და ფინანსური ოპერაციების განხორციელება აუკრძალა. რასაკვირველია, ზელენსკის ასეთმა ნაბიჯმა უკმაყოფილება გამოიწვია – პრეზიდენტის მოქმედება „ჭინკებზე ნადირობად“ შეაფასეს, მაგრამ მას აინუნშიაც კი არ ჩაუგდია, კრიტიკა უყურადღებოდ დატოვა.

ამჟამად, ორივე ანონიმი ექს-მინისტრის თქმით, ოპონენეტბის სამართლებრივი დევნა სულ უფრო აქტიურად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა ფორმალურად აღდგენილია, ისინი მაინც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი აქტივისტების თქმით, აღნიშნული უწყებებისადმი ღია რეპრესიები ფარული ზეწოლით და დაშინებით ჩანაცვლდა. მათი მტკიცებით, უკრაინის უშიშროების სამსახური – „ესბეუ“ (СБУ – Служба безпеки України) ხშირად აშანტაჟებს ანტიკორუფციული ორგანოების თანამშრომლებს და დაბრკოლებას უქმნის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ აღძრული კორუფციული საქმეების გამოძიებას.

ივლისში, როცა „ესბეუ“-ს თანამშრომლები ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ოფისებში შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს, მათ პრეზიდენტის გარემოცვისა და მათთან დაახლოებული პირების მიმართ აღძრული ათეულობით  სისხლის სამართლის საქმე წაიღეს. ყოფილი გამომძიებლების მიმართ პერიოდულად დღესაც ტარდება ჩხრეკები – მათ აშინებენ, რომ სიტყვა არ დაძრან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების გასაკრიტიკებლად.  არასამთავრობო ორგანიზაციის – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის – დირექტორის დარია კალენიუკის თქმით, „ვოლოდიმირ ზელენსკისა და უშიშროების სამსახურის უშუალო მიზანს ანტიკორუფციული ბრძოლის დისკრედიტაცია წარმოადგენს“.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა [რომელიც პრეზიდენტის ხელში ფაქტიურად სადამსჯელო ორგანოდ არის გადაქცეული] ბოლო დროს გააქტიურა თავისი საგამოძიებო მოქმედება რიგი ყოფილი გენერლების მიმართ და მათ ბრალად უყენებს ომის პირველ თვეებში დაშვებულ შეცდომებს. როგორც ჩანს, ეს შეიძლება მოწმობდეს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატულობს შეშფოთება უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის მიმართ – ხომ არაფერი აქვს მას ჩაფიქრებული პრეზიდენტის წინააღმდეგ კოლეგა გენერლების მონაწილეობით. ყველას კარგად ახსოვს სკანდალური დაპირისპირება არმიის მთავარსარდალსა და პრეზიდენტს შორის, რომლის შედეგად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი პოსტიდან გაათავისუფლა [და დიდ ბრიტანეთში ელჩად გაუშვა]. დღეს  ბევრი თვლის, რომ სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებში ზალუჟნი ზელენსკის მთავარი მეტოქე იქნება. სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა 35%-მა მხარი მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირა, 25%-მა კი – გენერალს. თუ ვთქვათ და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ვოლოდიმირ ზელენსკის ექს-სარდალთან და ამჟამად ელჩთან ბრძოლაში წინ პრობლემები ელოდება.

„გენერლების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა მიხედვით, ისინი 2022 წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების დროს განცდილ დიდ დანაკარგებში არიან ბრალდებულნი, ზეწოლის ერთგვარ პოტენციურ ბერკეტებს წარმოადგენენ, რომლითაც პრეზიდენტის თანაშემწეებს ვალერი ზალუჟნიზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ“, – ამბობს ყოფილი მინისტრი, თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ანონიმი მაღალჩინოსანი ამბობს, ასეთი პოზიცია არასწორია: „არცერთი ბრალდებული გენერალი ვალერი ზალუჟნისთან ახლოს არ ყოფილა და გამოძიება მათ მიმართ კანონის ფარგლებში მიმდინარეობს“.

შესაძლოა მართლაც ასეა, მაგრამ გასულ კვირას ვალერი ზალუჟნიმ, პირველად თავის ცხოვრებაში, საჯაროდ დაიწყო ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა, თუნდაც ირიბად, გვარის დაუსახელებლად, მაგრამ მაინც. თავის სტატიაში გენერალმა და დიპლომატმა ნეგატიურად შეაფასა რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის ოპერაცია (რომელსაც პრეზიდენტი პოზიტიურად და წარმატებულად თვლის) და წერს, რომ იმ დროს განცდილი ცოცხალი ძალის (უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების) დანაკარგები „გამანადგურებელია“, ხოლო მიღწევები – სრულიად უმნიშვნელო. რას არის ეს – ფაქტების უბრალო დამთხვევა თუ წინასაარჩევნო ბრძოლის პირველი ზალპი?

წყარო:

სუფთა ჰაერი, როგორც ჯანსაღი გარემოს საფუძველი -„ტესკოს“ ისტორია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

„ტესკო“, ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოში ჰაერის ფილტრების გავრცელებაზე ზრუნავს. მისი თანადამფუძნებელი, მამუკა ლოლაძე, სამედიცინო აპარატურის ინჟინერია, თუმცა კლინიკებთან მუშაობის პროცესში მალე გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით არ შემოიფარგლება – ჰაერის სისუფთავე ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ზუსტი დიაგნოსტიკა.

„ტესკოს“ ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ბრენდთან „Camfil“, რომელმაც ჰაერის ფილტრების და ჰაერ-გამწმენდი სისტემების წარმოება დაიწყო შვედეთში ჯერ კიდევ 1963 წელს. „2006 წლიდან დავიწყეთ ამ ბრენდთან თანამშრომლობა და მას შემდეგ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გავრცელებას უზრუნველვყოფთ“, — აღნიშნავს მამუკა ლოლაძე.

კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის, რასაც ტესკო წლების განმავლობაში ამტკიცებდა – სუფთა ჰაერი არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ჰაერის ვენტილაციისა და ფილტრაციის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელი გახდა, რადგან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზა ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

„ჩვენი მიზანი ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნაა, განსაკუთრებით ისეთ სივრცეებში, სადაც განსაზღვრულ დახურულ სივრცეში შედარებით მეტი ადამიანი იმყოფება. თანამედროვე შენობებისთვის მხოლოდ გათბობა და ჰაერის კონდიცირება აღარ არის საკმარისი. კომპანია ტესკო მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა წარმადობის დამოუკიდებელ ჰაერგამწმენდ სისტემებს, რომლებიც შეიძლება დაიდგას თითოეულ სივრცეში და ამ გზით იქნას მიღწეული ჰაერის სისუფთავე და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციფიკურ ზონებს შორის წნევათა სხვაობაც“, — განმარტავს მამუკა ლოლაძე.

„ტესკო“ უკვე საქართველოს ფარგლებსაც სცდება და კავკასიის რეგიონში სხვა ქვეყნებსაც ამარაგებს შესაბამისი პროდუქციით. ამგვარ წინსვლასა და წარმატებაში კი კომპანიას სანდო პარტნიორი სჭირდება –  ისეთი, როგორიც  თიბისია.

„დაარსების პირველივე დღეებიდან თიბისისთან ვთანამშრომლობთ და რაც უფრო მატულობს ჩვენი კომპანიის მიზნები და ნაბიჯები, საბანკო სერვისების მიღების საჭიროებაც მეტად იკვეთება. ფინანსური რესურსების მობილიზაციის გარეშე შეუძლებელია წინსვლა, თიბისი ყოველთვის გვერდით გვიდგას და სამომავლო წინსვლისთვისაც სანდო პარტნიორად მივიჩნევთ“.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)