Home Blog Page 8

20 იანვრამდე, დონალდ ტრამპის სამუშაო კაბინეტში შესვლამდე, კონგრესში არცერთი კანონი არ უნდა იყოს მიღებული -ილონ მასკი

ილონ მასკი აცხადებს, რომ 20 იანვრამდე, დონალდ ტრამპის სამუშაო კაბინეტში შესვლამდე, კონგრესმა არც ერთი კანონი არ უნდა მიიღოს.

ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

„კონგრესში 20 იანვრამდე, დონალდ ტრამპის სამუშაო კაბინეტში შესვლამდე არცერთი კანონი არ უნდა იყოს მიღებული. არცერთი. ნული“,- წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

ილონ მასკი აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული.

მთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა

დიდთოვლობამ და პერიოდულმა წვიმამ მეწყრული პროცესები გაააქტიურა მთიან აჭარაში. რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა.

ხულოში, სოფელ თაგოში ზვავის შედეგად ჩაიკეტა სასოფლო გზა. სასოფლო გზა ასევე ჩაკეტილია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში.

„უხვმა ნალექმა რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები გამოიწვია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, განხორციელდა დამეწყრლი საავტომობილო გზების გაწმენდა. ასევე, ზვავის შედეგად, ჩაიკეტა სოფელ თაგოს გზა. მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ ჩაოს გზაზეც, გაწმენდითი სამუშშაოები დილიდან დაიწყება“, – ნათქვამია ხულოს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, ხულოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა.

„ზარალს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია შეისწავლის და ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება“, – აცხადებენ მერიაში.

საღამოს მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის მერისის მონაკვეთზე, სადაც, საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ქმედება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან, სანქციების ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია, პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ -ვედანტ პატელი

სანქციების ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია, პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პატელს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ შეკითხვა დაუსვა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობის შესახებ.

„ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან. ეს უბრალოდ აშშ-ის მხრიდან მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენების უახლესი მაგალითია, რომ პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს სხვადასხვა ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ“, – აღნიშნა ვედანტ პატელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სანქციებზე.

„სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სანქციები დაუწესა. ეს არიან ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის აქციების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, გამოაცხადა, რომ ნაბიჯები გადადგა დამატებითი სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე, მათი ოჯახის უახლოეს წევრებზე. ეს ქმედებები მოჰყვება სავიზო ქმედებებს, რომლებიც გასულ კვირას გამოვაცხადეთ. აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიმდინარე სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, ქართველი დემონსტრანტების, მედიის, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია და რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენ კვლავ მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

“დაახლოებით 4 დეკემბრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება და ახლა იწყება დასჯა, მაგრამ ამასაც ხეირიანად ვერ აკეთებენ”-ირაკლი გოგავა

ახლა ვართ სადამსჯელო ოპერაციის ფაზაში. 15 დღის წინ ნათელი იყო, რომ გადატრიალება ვერ შედგა, დაახლოებით 4 დეკემბრისთვის ეს უკვე ცნობილი იყო, რომ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება და ახლა იწყება დასჯა, მაგრამ ამასაც ხეირიანად ვერ აკეთებენ, – განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„30 წლის განმავლობაში მოგვახვიეს ასეთი აზრი, რომ ყველა საკითხი, რომელშიც შეიძლება რაღაცა სერიოზული შედეგი დადგეს, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა აბსოლუტურად ყველაფერში საქართველო მინუსშია დასავლეთთან ურთიერთობაში. სარგებელი ყველაფერში მათ მეტი აქვს, ვიდრე ჩვენ, ამიტომ უჭირთ.

პერსონალური სანქციები არის ერთადერთი, რითაც თითქოს სამიზნე დაადეს ამ კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა მეორეს მხრის ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხზე დგას ახლა სახელმწიფო, რადგან ეს ყველაფერი რომ მორჩება, შემდეგ ეს ხალხი იქნებიან ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ადამიანები იმიტომ, რომ მათ დაიცვეს კონსტიტუციური წყობილება საქართველოში, ქვეყანა გადაარჩინეს მეორე ფრონტის გახსნას, ომს და უბედურებას. ამას რა თქმა უნდა დროს სჭირდება, რომ დაღვინდეს სიტუაცია და ეს ყველაფერი გამოჩნდება.

მე მგონია, რომ დასავლეთის მხრიდან ეს ყველაფერი არასწორი მიმართულებით მიდის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან. აქ განსაკუთრებით ეტყობა ნეოკონსერვატორების ხელი ცალსახად.

13 დეკემბერს საქართველოშიც იყო ჩამოსული მაკკეინის ინსტიტუტი, ეს მათი ერთ-ერთი სტრუქტურაა. სწორედ ეს ნეოკონსერვატორები არიან მილიტარისტი ლიბერალები, ყველაზე აგრესიული ძალა, რომელთა ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ მილიტარისტული ანუ სამხედრო გზებით დაამყარონ თავიანთი კონტროლი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

სწორედ მაკკეინის ინსტიტუტმა შეაფასა აქ არსებული სიტუაცია, მიხვდნენ ჩავარდნილია რევოლუცია და დაწერეს დასკვნა, რომ მსხვერპლის გარეშე ესკალაცია არ იქნება. მე ვურჩევ იმ ვითომ ოპოზიციას, რომ ამას ხელი არ მოაწერონ, რადგან ამაზე ხალხი მოითხოვს უმკაცრეს რეაგირებას. პირველი პირები ვინც არიან ისინი იქნებიან პასუხისმგებელი“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ-მეთიუ მილერი

სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემის წარმომადგენლებისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეთიუ მილერის თქმით, სანქციები გათვალისწინებული იქნება იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც „ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის არის ხმის მიცემის უფლება იძულების ან დაშინების გარეშე“.

მილერი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესდათ მაგნიტსკის სანქციების გლობალური პროგრამის ფარგლებში, რადგან „შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს“.

„დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და კვლავ მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობის დაყენებას მათ მიმართ, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს“, – აღნიშნულია მეთიუ მილერის განცხადებაში.

ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას გაწევრიანების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დღევანდელი კურსის შეცვლის შემთხვევაში – ევროპული საბჭო

ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

სამიტის პირველი დღის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სათაურით „ევროკავშირი მსოფლიოში, მდგრადობა, მზადყოფნა, კრიზისების პრევენცია და რეაგირება, მიგრაცია და სხვა საკითხები“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

„საბჭო წუხილს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისი დღევანდელი მოქმედებების კურსის შეცვლის შემთხვევაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ვფიქრობ, რომ არჩევნები, რაც საქართველოში ჩატარდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი. მინდა ვიხილო, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა მიიღონ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით -ევროპარლამენტარი

ვფიქრობ, რომ არჩევნები, რაც საქართველოში ჩატარდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი. მინდა ვიხილო, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა მიიღონ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტის წევრმა სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუშიმ.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით და ერთ-ერთ ბოლო რეზოლუციაში არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც გაჟღერდა. როგორ ფიქრობს რა დგას ეჭვების მიღმა და რისთვის არის გამიზნული ასეთი სპეკულაციები.

„ეჭვი არ მეპარება, რომ თუ რომელიმე ევროპული ქვეყანა წააწყდებოდა ასეთ ჩარევას წინასაარჩევნო პროცესში, იქნებოდა მისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი. ჩემთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია უცხოელი პოლიტიკოსები და სხვადასხვა ჯგუფი როგორ ერეოდნენ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში და ვფიქრობ, აბსოლუტურად სამართლიანი იყო, რომ თქვენი მთავრობა იღებდა შესაბამის გადაწყვეტილებებს ემართა პროცესი და არ დგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. არ ვფიქრობ, რომ ევროპულ პარლამენტს გააჩნია რაიმე უფლება რაღაცნაირად მოახდინოს კომენტირება, გიბრძანონ როგორ გამოიყენოთ ეროვნული კანონმდებლობა.

ვფიქრობ, რომ არჩევნები, რაც საქართველოში ჩატარდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი, ეჭვი და საფუძველი არ მაქვს არ დავიჯერო, რომ თუ თქვენმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ვთქვა, რომ არ იყო სამართლიანი. მინდა ვიხილო, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა მიიღო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ონდრუშიმ.

“ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური – ქართველი ხალხი”-სალომე ზურაბიშვილი

ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი. შევხდეთ ერთად! , – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ დაანონსებულ საახალწლო პროტესტთან დაკავშრებულ აქტივობას.

სოციალურ ქსელში მოქალაქეების ორგანიზებით, 31 დეკემბერს 23:00 საათზე „ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამეს“ იგეგმება.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აპირებენ შეიკრიბებიან.

„ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური – ქართველი ხალხი“, – წერია ღონისძიების აღწერაში.

სანქციების ყულფი კიდევ უფრო მოუჭერს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და მოუწევს დათმობებზე წამოსვლა – ბერდია სიჭინავა

ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბერდია სიჭინავამ ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების თაობაზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, შედეგად „სისტემა კიდევ უფრო მეტად შეირყევა“.

“სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცესს, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ, ვერ გააჩერებს ვერავინ, რაც არ უნდა უმტკიცონ ამ ადამიანებმა ერთმანეთს, რომ სანქციები ამათ ვერაფერს დააკლებს და შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, ეს ასე არ იქნება ნამდვილად. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა კიდევ უფრო მეტად შეირყევა და იმ ადამიანების რწმენა, რომლებიც ვიღაცის კეთილ ნება-სურვილზე იყვნენ დამოკიდებულები და ვიღაცის შეპირებაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს ასე არ მოხდება.

ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინირებულ მუშაობას ვხედავთ სახეზე. რა თქმა უნდა, სანქციების ყულფი კიდევ უფრო მოუჭერს, მათ შორის, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და მას მოუწევს დათმობებზე წამოსვლა საკუთარ მოსახლეობასთან, ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის.

ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.

მე არ მახსენდება საქართველოს უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტის ასეთი მასშტაბი, რომელიც გაშლილია მთელს ქვეყანაში, მათ შორის, გეოგრაფიულად, ისევე, როგორც პროფესიულობის თვალსაზრისით. არ არსებობს სფერო, რომელსაც ეს პროტესტი მოდებული არ არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არ დგას სცენა – ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა ზუსტად იციან, რისთვის მოდიან აქ, ზუსტად იციან, რა ფასეულობებს, იდეალებსა და ღირსებებს ემსახურებიან და არ სჭირდება არავის დაძახება. მათი პირველი ამოცანაა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს დაცული”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

უნდა იცოდნენ კახა კალაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა წულაიამ – არ გამოვა, ბიჭებო, აქ ხალხს თავპირი დაალეწოთ და ფლორიდაში ბიზნესი ააწყოთ, თქვენც სანქციების რიგში დგახართ – ლევან ხაბეიშვილი

კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვთ გადამალული, ამ ქონებაზეც უახლოეს პერიოდში აღარ მიუწვდებათ ხელი , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ფინანსური სანქციები გაგრძელდება და ის ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირებს შეეხება.

“რუსი ოლიგარქის რუსული რეჟიმის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი და ჩვენ ვნახეთ დიდი ბრიტანეთის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ე.წ. მინისტრი გომელაური მისი მოადგილეებით არის დასანქცირებული და თან ისინი არიან ფინანსური მიმართულებით სანქცირებულნი.

კარგად უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად გომელაურს მალე ქართული ბანკებიც კი ვერ მოემსახურებიან და თუ სადმე რაიმე ქონება აქვთ გადამალული, ამ ქონებაზეც უახლოეს პერიოდში აღარ მიუწვდებათ ხელი.

ასევე, ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში მოხდა ამ სანქციების გამოცემა, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს სანქციები გაგრძელდება და, მათ შორის, მინდა გავაფრთხილო ამ დროისთვის თანამდებობაზე მყოფი ადამიანები – კუპატაძე, სირაძე, მემანიშვილი, სხვადასხვა ძალოვანი უწყების ე.წ. მაღალი თანამდებობის პირები – ბიძებო, ძალიან ღრმად გაქვთ შეტოპილი, ძალიან მძიმე დღეები გელოდებათ და შემდეგი აუცილებლად იქნებით თქვენ, აუცილებლად მოხვდებით ამ სანქციების ქვეშ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს და მისი ბიზნესპარტნიორი ცდილობენ აშშ-ში ბიზნესის რეგისტრაციას, თუმცა ხაბეიშვილის თქმით, ისინიც სანქიცების რიგში არიან.

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება დედაქალაქის მერს და მის ბიზნესპარტნიორ წულაიას, რომელიც აშშ-ში, უფრო კონკრეტულად, ფლორიდაში ცდილობს სამშენებლო ბიზნესის დარეგისტრირებას, საქართველოდან ნაძარცვი ქონების გადატანას და უნდა იცოდნენ კახა კალაძემ და წულაიამ – არ გამოვა, ბიჭებო. აქ თქვენ თავპირი დაალეწოთ ქართველ ხალხს, აქ დემოკრატია და თავისუფლება მოკლათ, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ხელი მოაწეროთ, მერე გაძარცვოთ ქართველი ხალხი და ფლორიდაში ბიზნესი ააწყოთ, არ გამოვა! თქვენც ამ რიგში დგახართ, რასაც ჰქვია სანქციები.

კიდევ ერთი მოწოდება მინდა გავაკეთო ბიზნეს ასოციაციის წევრებთან – დატოვეთ ეს გაუგებარი ასოციაცია, ვისაც ხმა არ ამოგიღიათ, მოგიწოდებთ, ამოიღოთ ხმა!” – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან უთანხმოება და კამათი. შეეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და ემოციები აკონტროლოთ. უმჯობესია ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და საქმეს შეუდგეთ. ნუ გადადებთ ხვალამდე იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, მაგრამ თავი შეიკავეთ სამსახურში დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისგან, თორემ შეიძლება, ვერც ძირითად საქმეს გაუმკლავდეთ და ვერც დამატებითს.

კურო

მზად ხართ, ადამიანებს უანგაროდ დაეხმაროთ, მაგრამ ნურც საკუთარ საქმეებს დაივიწყებთ. მით უმეტეს, რომ ძალიან ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. ამ დღეს დადებული გარიგებები კარგ მოგებას მოგიტანთ. ახალი თანამშრომლობა თქვენთვის მოგებიანი იქნება. ფრთხილად იყავით კოლეგებთან ან მეგობრებთან საუბრის დროს – არავინ იცის, კიდევ ვის ესმის თქვენი სიტყვები.

ტყუპები

თუ მეტის გაკეთება გსურთ, მუშაობა დილიდან უნდა დაიწყოთ. ეს ყველაზე ნაყოფიერი დროა, როდესაც ენერგიით სავსე ხართ და თქვენს მცდელობებს იღბალიც ახლავს. დღის მეორე ნახევარში ადამიანებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ეს განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებს ეხება. შესაძლოა ოჯახური საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კირჩხიბი

თუ მგზავრობას გეგმავთ, დროა მომზადება დაიწყოთ, რომ მოგვიანებით, სიჩქარეში საჭირო ნივთის წაღება არ დაგავიწყდეთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს საოჯახო საქმეებში დაეხმაროთ და პატივისცემა დაანახვოთ. სამსახურში ყველაფერი ძველებურად, ცოტა მოსაწყენადაც კი არის. იფრთხილეთ საყოფაცხოვრებო საქმეებში – უყურადღებობის გამო შეიძლება მცირე ტრავმა მიიღოთ.

ლომი

გეჩვენებათ რომ თქვენს შინაგან ჰარმონიას ვერაფერი დაარღვევს, მაგრამ მაგრამ მოულოდნელი შემთხვევა მყუდროებას მაინც დაგირღვევთ. მთავარია, სწრაფად იმოქმედოთ და უსიამოვნო შემთხვევები თავიდან აიცილოთ. მალე ყველაფერი დაწყნარდება და სიმშვიდეს დაიბრუნებთ, მაგრამ ეს დღე დაგანახვებთ, რამდენად დაუცველი ხართ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ.

ქალწული

თავი შეიკავეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისგან, ვის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად ვერ გრძნობთ. ზოგჯერ ყველასგან მოშორებით ყოფნა სასარგებლოც კია, მთავარია, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდეს. ეცადეთ, გაერკვიოთ, სინამდვილეში რა გსურთ და სასურველს როგორ მიაღწიოთ. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, რომ სტრესისგან გათავისუფლდეთ.

სასწორი

დილიდან შესანიშნავ ხასიათზე ხართ და ყველა საქმე მშვენივრად გამოგდით. კარგი დღეა ახალი კავშირების დასამყარებლად. საკუთარი ჭკუისა და უნარებს გამოვლენის არ მოგერიდოთ – კოლეგები და დამსაქმებლები ამას დააფასებენ. სამუშაო დღე ისე სწრაფად ჩაივლის, რომ ვერც კი შეამჩნევთ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. ეცადეთ, საღამოს მეგობრებთან შეხვედრის დრო გამონახოთ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მორიელი

სანამ ინფორმაციას კარგად არ გადაამოწმებთ, დებატებში ჩართვას და ადამიანების გაკრიტიკებას მოერიდეთ. ცრუ ინფორმაციის გავრცელება თქვენს ავტორიტეტს ძალიან დააზარალებს. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს არ ეთანხმებიან. სასურველია, საღამოს სახლში დარჩეთ და ოჯახის წევრებთან ერთად დაისვენოთ.

მშვილდოსანი

ნუ ცდილობთ, რომ გარშემო მყოფების სურვილებს მოერგოთ. მთავარია, იცოდეთ, თავად რა გსურთ. შესაძლოა, გარკვეულ სიტუაციაზე თქვენი შეხედულებები განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ. მოერიდეთ კოლეგებთან კამათს, თორემ ნებისმიერ სიტუაციაში დამნაშავედ თქვენ გამოგაცხადებენ. მარტოხელა მშვილდოსნებს რომანტიკული პაემანი ელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

თხის რქა

სადაც არ უნდა იყოთ, ეცადეთ გარემოების შესაბამისად ისაუბროთ და იმოქმედოთ. ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. საშუალება გექნებათ, რომ ახალი ადამიანები გაიცნოთ და სასარგებლო კავშირები დაამყაროთ. ზოგი ახალი ნაცნობი შეიძლება თქვენი ნამდვილი მეგობარი გახდეს. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და დიალოგისთვის მზად იყოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც უახლოეს ხანებში მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

მერწყული

შესაძლოა, ახლა რთული დრო გიდგათ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება. წინ ბევრი მხიარული და ბედნიერი დღე გელით. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც მომავლისთვის მოსამზადებლად გჭირდებათ. მარტოხელა მერწყულს სასიყვარულო ამბავი ელის, რომელსაც, რაღაც მიზეზით, ყველასგან საიდუმლოდ შეინახავს. თუ საჩქარო საქმე არ გაქვთ, შეგიძლიათ სამუშაო რეჟიმი ოდნავ შეანელოთ. საღამო ხელსაყრელი დროა დიდი ხნის უნახავი ნათესავების ან მეგობრების მონახულებისა და ძველი დროის გახსენებისთვის.

თევზები

არის დღეები, როცა საკუთარ სურვილებშიც კი დარწმუნებული არ ვართ და ვერ ვხვდებით, რა გვინდა, მაგრამ ამ დღეს ზუსტად იცით, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. გირჩევთ, საკუთარ სურვილებზე ხმამაღლა არ ისაუბროთ. თქვენთვის, საიდუმლოდ შეინახეთ, სანამ მათ განხორციელებას არ მიუახლოვდებით. მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. გირჩევთ, სილამაზის სალონში ან სპორტდარბაზში შეიაროთ და მოახლოებული დღესასწაულისთვის მოემზადოთ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურსა და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა.

დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გომელაური და კეზევაძე განისაზღვრენ, როგორც უცხოელი პირები, რომლებიც არიან ან იყვნენ უწყების ლიდერები ან თანამდებობის პირები, მათ შორის ნებისმიერი სამთავრობო უწყების, რომელიც ჩაერთო ან რომლის წევრებიც ჩაერთნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში. ეს სანქციები მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში დაწესდა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართული იყო სასტიკ დარბევაში მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების მიმართ, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა საპროტესტო აქციებს უპასუხა არაპროპორციული ძალადობით განსხვავებული აზრის ჩასახშობად და მომიტინგეების შესაშინებლად.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა მასობრივი ცემის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სექსუალური ძალადობის მუქარის ტაქტიკა. პოლიციის ძალადობა დეპარტამენტის წევრების მხრიდან მოხდა იმ დროს, როდესაც პირები იმყოფებოდნენ პოლიციაში, დაკავებულები და საპროტესტო ზონის გარეთ მდებარე ადგილებზე. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ასევე მიზანმიმართულად ამოიღო სამიზნეში ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ ძალადობას და არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა დაკავებულ მომიტინგეებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც სახაზინო დეპარტამენტში განმარტავენ, დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება და აქტივი შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაბლოკილია და უნდა ეცნობოს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურს. რეგულაციები ზოგადად კრძალავს ყველა ტრანზაქციას აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებული შტატების შიგნით, რომელიც მოიცავს სანქცირებული პირების რაიმე საკუთრებას ან აქტივებს. აშშ-ის მოქალაქეებს შეიძლება, დაეკისროთ სამოქალაქო ან სისხლის სამართლის სასჯელი სანქციების დარღვევისთვის.