Home Blog Page 8

,,4 ოქტომბერი შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს”- პაატა ზაქარეიშვილი

სამწუხაროდ თუ რამე ცუდი შეიძლება მოიფიქროს ქართველმა პოლიტიკოსმა, ამ ცუდს როგორც წესი, ფიქრობს ხოლმე და შემდეგ ახორციელებს. ცუდი კი არის ის, რომ ერთმანეთის ჯინაზე ერთი ფრონტის ხალხი ერთმანეთს ებრძვის, – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის” და „ლელო- ძლიერი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა, გადაცემაში „პირდაპირი ეთერი“.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აქციის დღედ 4 ოქტომბერი შეგნებულად ჩაუსვეს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, რამდენადაც „ნაცმოძრაობას“, ერთადერთი რაც დარჩენია, საქმის გაფუჭებაა, ვინაიდან მათ იციან, რომ “ქართულ ოცნებას” ვერ დაამარცხებენ.

„რატომ მაინცდამაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას ვინც არჩევნებში მონაწილეობს. იმიტომ რომ კოლექტიურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” კარგად იცის რომ “ქართულ ოცნებას” უკვე ვეღარ დაამარცხებენ, არჩევნებში არ მონაწილეობენ. ყველა ვადამ ჩაიარა რაც არ უნდა ნანობდნენ – არ ნანობდნენ. ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლიათ გააკეთონ ეს არის გააფუჭონ საქმე. არის ასეთი გამოთქმა ზოგადი “ არ ავნო. თუ რამის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ გააფუჭებ”, ანუ ისე ნუ მოიქცევი, რომ მერე ვინც მოვა შენი გაფუჭებული გამოასწროს და მერე რაღაცა გააკეთოს”,- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის”-The Washington Post

ამერიკული გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 6 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის, პოლიტიკური მიმომხილველის დევიდ იგნატიუსის სტატია სათაურით: „რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა, ალბათ, ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ არც რუსეთი არ იქნება გამარჯვებული. უკრაინის დამცველებისათვის ასეთი სიტუაცია კი უკვე გამარჯვებას ნიშნავს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო ინიციატივები, ცარიელი მუქარებითა და ბუნდოვანი ულტიმატუმებით, პრაქტიკულად ჩაიშალა. დარჩა მხოლოდ ბრძოლის ველი, სადაც კიევი და მოსკოვი სისხლისღვრას აგრძელებენ ერთმანეთის ძალების სრულ გამოფიტვამდე.
მოდით, ვიფიქროთ – რა გველოდება, სამხედრო თვალსაზრისით, ევროპის ტერიტორიაზე ბოლო 80 წლის განმავლობაში მიმდინარე უდიდესი კონფლიქტის შედეგად?

ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში მე ორივე მხარის წამყვან სამხედრო ექსპერტებს და არმიის წარმომადგენლებს ვესაუბრე. ჩემდა გასაკვირად, მოვისმინე საკმაოდ ვრცელი თვალსაზრისები მოვლენათა განვითარების ყოველი სცენარის გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში, მივედით დასკვნამდე, რომ რომელიმე მოწინააღმდეგის გადამწყვეტი შეტევისა და გარღვევის გარეშე, სიკვდილისა და ნგრევის გარდა, ჩვენ წინ სხვა არაფერს არ უნდა ველოდოთ.

ასეთ რეალობაში რომ იცხოვროს, უკრაინა ზედმეტი ხმაურის გარეშე იღებს ახალ დოქტრინას, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი (2019-2020 წლებში) „სტრატეგიულ ნეიტრალიზაციას“ უწოდებს. როგორც მან განაცხადა ჩემთან Zoom-საუბრის დროს, უკრაინას მოუწევს რუსეთის შეიარაღებული ძალების პარალიზება მიწაზე და ჰაერში – ისე, როგორც ეს შავ ზღვაზე მოხდა, რუსეთის სამხედრო ფლოტის გაუვნებლობით. ასეთ სიტუაციაში კრემლის არმიას უსასრულოდ ბრძოლა შეუძლია, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს.

ამას წინათ, 30 აგვისტოს, შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი იმას, თუ როგორ ხედავს რუსული მხარე უახლოეს მომავალში საომარი მოქმედებების პერსპექტივას: წავიკითხე ის ფართო ანგარიში, რომელიც რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა წარადგინა უმაღლესი სარდლობის თათბირზე – „საგაზაფხულო-საზაფხულო პერიოდის შედეგების შესაჯამებლად და სამომავლო ამოცანების დასაზუსტებლად“.

„დღეს სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის ჯარებს ეკუთვნით“, – აცხადებს გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი თავისი სარდლების წინაშე. მან გენერლებს მიულოცა „ბუფერული ზონების“ წარმატებით ჩამოყალიბება ამ ზაფხულს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, ხარკოვისა და სუმის ოლქებში და ასევე პოზიტიურად შეაფასა რუსეთის არმიის წინსვლა დასავლეთისაკენ, უკრაინის დნიპროს (დნეპროპეტროვსკის) ოლქში. გენშტაბის უფროსმა სარდლებს მოუწოდა „გააგრძელონ შემტევითი ოპერაციები ყველა მიმართულებით“.

თუმცა, თუ დავუკვირდებით, ვალერი გერასიმოვის ნაქებ „საგაზაფხულო-საზაფხულო შეტევას“ მაინცდამაინც დიდი შედეგები არ მოუტანია: რუსეთი დღემდე ვერ აკონტროლებს უკრაინის იმ ოთხი ოლქის – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის – ტერიტორიას, რომელთა მიმართ პრეტენზიას ჯერ კიდევ ომის დასაწყისში აცხადებდა და რომლებიც წინასწარ მიერთებულად გამოაცხადა. როგორც გერასიმოვის აგვისტოს ანგარიშიდან ჩანს, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რუსეთი დონეცკის ოლქის (ანუ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“) მხოლოდ 79%-ს აკონტროლებს, ზაპოროჟიეს ოლქის 74%-ს, ხერსონის – 76%-ს და ლუგანსკის (ანუ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“) – 99,7%-ს.

მოსკოვის მოკრძალებული წარმატებები კოლოსალური დანაკარგების შედეგად იქნა მიღწეული: ამერიკელი ჩინოვნიკების შეფასებით, დაიღუპა და დაიჭრა მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი. სხვა შეფასების თანახმად, კრემლის დანაკარგები ისეთია, რომ ერთ დაღუპულ უკრაინელზე ხუთი დაღუპული რუსი მოდის. ზოგიერთი ბრძოლის დროს რუსებისათვის პროპორცია უფრო უარესია – ერთ უკრაინელზე 12 რუსი.

ვალერი გერასიმოვმა, რა თქმა უნდა, იცის, თუ საიდან და როგორი საფრთხე ელოდება რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან – ეს არის კიევის სარაკეტო და დრონული შეტევები რუსეთის სიღრმეში განლაგებულ სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე. რასაკვირველია, რუსეთი ვალში არ რჩება და უკრაინას მასირებულად უტევს რაკეტებით და დრონებით, ბომბავს იმ ქარხნებს, რომლებიც ამზადებენ ან არემონტებენ სამხედრო ტექნიკას, დრონებს, რაკეტებს და ნავთობისაგან ბენზინს და დიზელის საწვავს ხდიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ „ტელეგრამ-არხზე“, რომელიც ვალერი გერასიმოვის გამოსვლას აშუქებდა, სამომავლო ოპერაციებზე არაფერი ნათქვამი არ არის, მაგრამ იმ რუკის მიხედვით, რომელიც გენერლის ზურგს უკან ეკიდა და რომელზეც რუსეთის საზღვარი იყო გავლებული, შეიძლება დავასკვნათ, რომ კრემლის მიზანია სამომავლოდ მიიერთოს (დაიპყროს) ოდესის ოლქი მთლიანად, ანუ ტერიტორიები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირიდან აღმოსავლეთით.

როგორ შეაჩერებს უკრაინა რუსეთის არმიის ნელ, მაგრამ გარდაუვალ შეტევას? ანდრეი ზაგოროდნიუკმა ჩემთან საუბარში ასეთი სტრატეგია ჩამოაყალიბა: „მიზანი უნდა იყოს გამოხატული არა იმაში, რომ რუსეთი მთლიანად განადგურდეს… არამედ იმაში, რომ კრემლს სისტემატურად წაერთვას მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. გამარჯვება, დღევანდელი გაგებით, არის წარმატების მიღწევის უნარი მუდმივი სამხედრო ზეწოლის მეშვეობით“. ამის მაგალითია უკრაინის წარმატება რუსეთის ძლიერი შავი ზღვის ფლოტის ნეიტრალიზებაში, დრონებისა და სარაკეტო დარტყმების შედეგად. როგორც ზაგოროდნიუკი ამბობს, კიევს შეუძლია იგივე გააკეთოს ხმელეთზეც: გააფართოოს მოწინააღმდეგის ჯარების „განადგურების ზონა“ ფრონტის ხაზის მიღმა – დღევანდელი 20 კილომეტრის ნაცვლად, 130-160 კილომეტრამდე. სწორედ ამ მიზნით დაიწყო უკრაინამ საშუალო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების წარმოება იმ ქარხნებში, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს.

ყოფილი მინისტრის თქმით, „სტრატეგიული ნეიტრალიზაციის“ ყველაზე რთული ნაწილია ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა. რა თქმა უნდა, უკრაინა დროს უქმად არ კარგავს: კიევი ურტყამს რუსეთის აეროდრომებს და სარგებლობს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, პლანირებადი (მართვადი) ავიაბომბების გასანადგურებლად. ასევე „გერან-2“-ის ტიპის დრონების წინააღმდეგ კიევმა შექმნა ანტიდრონები… მაგრამ დღეისათვის ყველაზე საიმედო დაცვას წარმოადგენს ამერიკული „პეტრიოტის“ რაკეტები. სამწუხაროდ, „პეტრიოტები“ ძალიან ძვირია და თანაც დეფიციტს წარმოადგენს. ამიტომ უკრაინამ მეტი უნდა გააკეთოს ალტერნატიული პროექტების შემუშავების საკითხში.

უკრაინა იძულებულია „გმირულად გადაიტანოს „სტრატეგიული პესიმიზმი“. კიევმა კარგად იცის, რომ „კავალერია მას ვერ დაეხმარება“. დონალდ ტრამპს არ შეუძლია სისხლისღვრის არც 24 საათში შეწყვეტა, არც ერთ წელიწადში და არც არასდროს. ევროპა, ცხადია, გარკვეულ სიცარიელებს ავსებს, რომლებიც ვაშინგტონის გაუბედაობის შედეგად შეიქმნა, მაგრამ აშკარაა, რომ ბრიუსელს არავითარი „უსაფრთხოების გარანტიებით“ უზრუნველყოფა არ შეუძლია, სანამ ომის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. ზავი კი როდის დაიდება, არავინ უწყის, მშვიდობას დიდი ხნის ლოდინი ჭირდება.

„თუ ვლადიმერ პუტინს ვერავინ გადაარწმუნებს, – ამბობს ანდრეი ზაგოროდნიუკი, – ჩვენ მხოლოდ ის გვრჩება, რომ მისი ნებისმიერ ინიციატივას დავბლოკოთ. ჩვენი მთავარი სტრატეგია ახლა რუსეთის შეტევების შეკავება კი არ უნდა იყოს, არამედ მათი სამომავლო გამოვლენის შესაძლებლობათა მოსპობა. ამ სიტუაციაში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი“. ამასთან, ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ უკრაინა, ალბათ, ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ არც რუსეთი არ იქნება გამარჯვებული. უკრაინის დამცველებისათვის ასეთი სიტუაცია კი უკვე გამარჯვებას ნიშნავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

9 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში შეიზღუდება

ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და გზების გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 9 სექტემბრის 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76-დან  (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია)  წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. 

შეზღუდვის პერიოდში,  ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით, ხოლო წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშრუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.

14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა მიმართულებით.

“ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო ნომერში – „სანდეი ტელეგრაფში“ – გამოქვეყნებულია რედაქციის მთავარი პოლიტიკური კომენტატორის დევიდ ბლერის სტატია სათაურით: “ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო”. პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა: ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ სამშვიდობო ინიციატივებმა კრახი განიცადეს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინს სურს, რომ უკრაინამ უარი თქვას 50 ათას კვადრატული მილის (129 500 კვადრატული კილომეტრის) ფართობის მქონე სუვერენულ ტერიტორიაზე და რომ უკრაინა რუსეთის ვასალად იქცეს ყველაფერში, დასახელების გარდა. ასეთი იყო მისი მოთხოვნა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მისვლამდე და ასეთად რჩება დღესაც.

აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის თითქმის რვათვიანი ხმაურისა და ტკბილ-მწარე დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ, ევროპელი მოკავშირეები თითქოსდა შეთანხმდნენ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე (ჯარების განთავსებაზე) სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ: ჩვენ დავუბრუნდით ისევ იმ ადგილს, საიდანაც დავიწყეთ. საბოლოო დარეგულირება ან თუნდაც ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, ამჟამადაც მიუღწეველი რჩება, ისეთივე როგორც მისტერ ტრამპის პოლიტიკურ რენესანსამდე იყო, ანუ „ურემი ისევ იქ დგას“.
ფაქტები მიუთითებენ იმაზე, რომ ორივე მხარე ჯიუტობს და შეუპოვრობას იჩენს. უპირველესად, რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი, რომელსაც მაქსიმალისტური მოთხოვნები აქვს. გასულ პარასკევს მან დაგმო დასავლეთის ქვეყნების იდეა უკრაინაში ჯარების განთავსების თაობაზე და ისინი გააფრთხილა, რომ თუ უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული სამხედრო ქვედანაყოფები გამოჩნდებიან, ისინი რუსეთის დარტყმების „კანონიერი სამიზნეები“ იქნებიან.

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ვლადიმერ პუტინი იმაზე მეტ ტერიტორიას ითხოვს, რაც მის ჯარს აქვს ოკუპირებული: მას სურს, რომ უკრაინამ დათმოს ის მიწა-წყალიც, რომელიც კრემლის არმიას არ დაუკავებია – ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების 5 ათასი კვადრატული მილი (12 ათასი კვ.კმ.), საოლქო ცენტრების ჩათვლით.

ამერიკელი ოფიციალური პირების მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი თითქოსდა მეტად აღარ ითხოვს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ორი ქალაქიც – ხერსონი და ზაპოროჟიე – დათმოს (მათში ათობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს), რომლებსაც უკრაინელი ჯარისკაცები წლების განმავლობაში იცავდა, დიდი დანაკარგების ფასად. მათ ნაცვლად კრემლი, ალბათ, იმით დაკმაყოფილდება, თუ კიევი უსიტყვოდ დატოვებს დონეცკ-ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების იმ ნაწილებს, რომლებსაც უკრაინის არმია ჯერ კიდევ აკონტროლებს, ანუ 2500 კვადრატულ მილს (6400 კვ.კმ.), რომელზეც 250 ათასი მცხოვრები ცხოვრობს.

ალბათ, არცერთი უკრაინელი ლიდერი არასოდეს არ დათანხმდება ამ პირობებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის მიწები, რომელთა დაუფლება ვლადიმერ პუტინს სურს, უკრაინისათვის მათი შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: დონბასი უკრაინის ეკონომიკური ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენს, იქ არის უმაღლესი ხარისხის ქვანახშირი, ლითიუმის დიდი საბადოები… გარდა ამისა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ნაწილებში, რომლებსაც კიევი აკონტროლებს, უამრავი გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობაა, რომელთა აგებაზე უამრავი ფული დაიხარჯა. იმავდროულად არ არის არავითარი ნიშნები იმისა, რომ კრემლი გააუქმებს ქვეყნის კონსტიტუციის იმ მუხლს, რომლის მიხედვით, ეს ორი ოლქი რუსეთის შემადგენლობაშია დაფიქსირებული

იმისთვის, რომ მისტერ დონალდ ტრამპმა თავისი რუსი კოლეგა აიძულოს უარი თქვას ტერიტორიულ პრეტენზიებზე, საჭირო იქნება აშშ-ის ძლიერი ზეწოლა და გამანადგურებელი ეკონომიკური სანქციები.

მაგრამ ამ დროს ჩვენ მივდივართ მეორე მიზეზამდე, რის გამოც პროგრესი არ ფიქსირდება: ცოტას თუ ვინმეს სჯერა, რომ დონალდ ტრამპი კრემლზე დამატებით მკაცრ ზეწოლას განახორციელებს და რუსეთს უმკაცრეს სანქციებს გამოუცხადებს. პრინციპში, იმდენი სანქციაა უკვე გამოცხადებული, რომ დამატებით კიდევ რაზე უნდა იქნას შემოღებული ემბარგო, გაურკვეველია.

უკრაინა კი, პირიქით, აშშ-ის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ვაშინგტონი კიევს იარაღს აწოდებს, მაგრამ „ტრანზიტით“ და ფულის გადახდით – ჯერ ნატოს ქვეყნებს შეასყიდვინებს, ისინი კი შემდეგ უკრაინას გაუგზავნიან. ამერიკისგან მიწოდებული ყოველი რაკეტა და ჭურვი ვოლოდიმირ ზელენსკიზე გავლენის წყაროდ ითვლება და ამიტომ გასაგებია, თუ რატომ ცდილობს კიევი ვაშინგტონზე თავისი დამოკიდებულება როგორმე შეამციროს.

ერთადერთი არსებითი ცვლილება გამოიხატება იმაში, რომ დონალდ ტრამპი ახლა მზადაა განიხილოს აშშ-ის სავარაუდო გარანტიები უკრაინის უსაფრთხოებისათვის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ. უძლიერესი სახელმწიფოს დაპირება უკრაინის დაცვისათვის – ეს ის პრიზია, რომლის მოპოვებას ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ხანია ცდილობს.

მაგრამ როგორი იქნება აშშ-ის ვალდებულება გარანტიების შესრულებაზე? რაღაც ბუნდოვანი ფორმულირება თუ მტკიცე დაპირება, რომელიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტზე იქნება დაფუძნებული? ყველაფერი ის, რაც მე-5 პუნქტს არ შეესაბამება, კიევისათვის უაზრობას წარმოადგენს.

იმდენად, რამდენადაც ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი პასუხის გარეშე რჩება, რეალობა ისეთია, რომ უკრაინელები ბრძოლას აგრძელებენ და ფრონტის ხაზი რიგ ადგილებში იანვრიდან უცვლელი რჩება. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი ძველებურად ითხოვს ზედმეტ ტერიტორიას, დონალდ ტრამპი კი თავს იკავებს რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლისაგანნ.

ერთადერთი დასკვნა ასეთ სიტუაციაში შემდეგნაირი მოჩანს: ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპის ყველაზე სისხლისმღვრელი ომი ისევ გაგრძელდება. სამშვიდობო მოლაპარაკების იმედი თითქმის გაქრა, რაც მიმდინარე მოვლენებითაც დასტურდება

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ნინო წილოსანი: მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ პულსი არ ესინჯება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისად იმოქმედოს

„უფრო და უფრო ხშირად გვესმის ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ ამას გაუკეთონ წინსართი – მშვიდობიანი, ლამაზი, ვარდების და ა.შ. (ძალიან კარგად გამოსდით მათ, ეს რაღაც შეფუთული მავნებლობები) ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი არის ანტიკონსტიტუციური მოქმედება“, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ამგვარი მოწოდებები არის სახელმწიფოზე თავდასხმა და პროვოკაცია, რასაც ერთი მხრივ პასუხი სახელმწიფომ, მეორე მხრივ კი საზოგადოებამ უნდა გასცეს.

„ჩვენს კონსტიტუციაში, სისხლის სამართლის კოდექსში, ყველგან საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი რა არის დანაშაული – კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან დამხობისკენ მოწოდება არის დანაშაული, შესაბამისად ეს ადამიანები ცეცხლს ეთამაშებიან. როგორც მზია ამაღლობელი პროვოკაციულად და დემონსტრაციულად ცდილობდა, რომ იმ პოლიციელის სახით სახელმწიფოსთვის გაერტყა სილა, ამ შემთხვევაშიც მათი ეს მოწოდებები არის სახელმწიფოზე გარკვეული თავდასხმა და ეს პროვოკაცია გულისხმობს იმას, რომ თუ გაუვათ, 4 ოქტომბერს ამის მცდელობა ექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პულსი არ ესინჯება, მათი ძალადობრივი შინაარსი არ იცვლება და ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა წარმოადგენს ამ პარტიას და ემსახურება ნაცისტურ მიზნებს, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა. კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან როდესაც კანონსაწინააღმდეგო მოწოდებაზე არის საუბარი, სახელმწიფო იძულებული იქნება რომ შესაბამისად იმოქმედოს.

წინასაარჩევნო პერიოდში რაოდენ რადიკალურებიც არ უნდა იყვნენ ისინი, რეალურად პოზიციონირებენ როგორც ოპოზიცია და მათთან მიმართებით განსაკუთრებით ფრთხილები ვართ, რომ ეს არ გაიყიდოს ძალიან ცუდად უცხოელი აქტორების თვალში. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალური თავისუფლება და სამოქმედო არეალი მიეცეს ოპოზიციას იმისთვის, რომ არ იყოს სპეკულაციები. ეს ყველაფერი არ ანულებს იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანები კონკრეტული კანონდარღვევის მოწოდებით გამოდიან. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრიდან პროვოკაცია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ერთი მხრივ სახელმწიფოს, მეორე მხრივ საზოგადოების მხრიდან“, – აცხადებს წილოსანი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6925 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1575 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია -ვახტანგ ცინცაძე

„2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება – 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის  ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. აქვე გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკაში არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაძლიერდება. მისი თქმით, 2025 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო 2025 – 2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

„აღნიშნულს განაპირობებს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს – აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და გრძელდება მცირე და საშუალო მეწარმეობის მიზანმიმართული მხარდაჭერა. ასევე ხორციელდება სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ზრდას და ეკონომიკის გაჯანსაღებას,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

“ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: საქართველოში არსებული სკანდალური მაღაროს ექსპლოატაცია ხელს უწყობს ახალ ევროპულ “სამრეწველო გადაიარაღებას”,მაგრამ არღვევს შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზიანს აყენებს გარემოს”-Politico

ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) თავის ევროპულ გამოცემაში, რომლის რედაქცია ბრიუსელშია, გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: საქართველოში არსებული სკანდალური მაღაროს ექსპლოატაცია ხელს უწყობს ახალ ევროპულ „სამრეწველო გადაიარაღებას”, მაგრამ არღვევს შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზიანს აყენებს გარემოს” (ავტორები – ოლივია ეკლანდი, ინგრიდ გერკამა, სტეფანო ვერჯინე).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ჭიათურაში მდებარე მარგანეცის მომპოვებელ  მაღაროში შექმნილი არასახარბიელო სიტუაცია გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

გიორგი ნეფარიძეს, შუახნის კაცს, რომელიც ჭიათურის ახლოს მდებარე სოფელში ცხოვრობს, ტუჩებზე დღემდე ეტყობა პირის აკერვის კვალი, რომელიც გასულ წელს, პროტესტის ნიშნად გააკეთა. მისი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ (Georgian Manganese), რომელიც საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით არის დაკავებული და მთავრობასთან მჭიდრო კავშირები აქვს, მის სოფელში უმოწყალოდ ანადგურებს ბუნებას, არღვევს ეკოლოგიურ კანონმდებლობას და მუშების მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს.

გიორგი ნეფარიძე კომპენსაციას ითხოვს. იგი ევროპას, რომელიც ქართული მარგანეცის იმპორტს ახორციელებს, ბრალს სდებს იმაში, რომ ჭიათურის რაიონში ჭუჭყიანდება  მდინარეები და ინგრევა სახლები. ყოფილი მაღაროელი, რომელიც ჩვეულებრივი მუშიდან მოსახლეობის სამოქალაქო უფლებებისა და ეკოლოგიური კანონმდებლობის დამცველად გადაიქცა, ამბობს, რომ ერთ-ერთ სოფელში – შუქრუთში – მცხოვრებლები იწამლებიან შხამიანი მტვერით, რომელიც ქარს ღია კარიერებიდან მიაქვს. პერიოდულად სასმელი წყალი შავად იმღვრევა და მასში მძიმე ლითონების შემცველობა მატულობს, საცხოვრებელი სახლები კი მათ ქვეშ გათხრილი გვირაბების გამო ინგრევა.

ქართული მარგანეცის მნიშვნელობა ევროპისათვის

მარგანეცი შავი ფერის მინერალია, მისგან მიიღება ქიმიური ელემენტი მანგანუმი – ლითონი, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ფოლადის თვისებების გასაუმჯობესებლად. მანგანუმი უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკისათვის – „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასასვლელად იმდენად, რამდენადაც მას ბოლო დროს აქტიურად იყენებენ ქარის ელექტროსადგურების ტურბინებისა და ელექტრომობილების ბატარეების დასამზადებლად. მანგანუმი ასევე აუცილებელია სამხედრო სფეროში – მაგალითად, ჯავშნიანი ტექნიკისა და სხვა შეიარაღებისათვის.

2022 წელს ევროკავშირმა საქართველოსგან 20 ათასი ტონა ფერომანგანუმის შენადნობები შეისყიდა, რაც საერთო იმპორტის მოცულობის 3%-ს შეადგენს. 2023 წელს კი ევროკავშირმა მარგანეცი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მინერალთა სიაში შეიტანა.

მაგრამ ჭიათურის მცხოვრებლების აზრით, მათი ცხოვრება მძიმე ხდება იმის გამო, რომ ევროპელებს უფრო სუფთა ჰაერით სუნთქვა სურთ. „ჩვენ მსხვერპლად ვეწირებით იმას, რომ სხვებს კარგი ცხოვრების პირობები ჰქონდეთ, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.

ჭიათურაში 40 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ბევრი მათგანი ცუდი პირობების გამო ხანგრძლივად ავადმყოფობს. ანუ ჩვენ საკუთარ თავს ვწირავთ, რომ ევროპელებს უფრო სუფთა ბუნება და გარემო ჰქონდეთ“. მისი თქმით, კიბოთი დაავადების დონე რეგიონში უჩვეულოდ მაღალია. ჭიათურის საავადმყოფოს ექიმები ამას ადასტურებენ, თუმცა არცერთი ოფიციალური გამოკვლევით არ ჩანს რაიმე კავშირი კიბოს დაავადებასა და მარგანეცის მოპოვებას შორის.

ევროპა თავისივე მიღებულ კანონს არ იცავს…

იმედი იმისა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება, ძალიან მცირეა. ევროპულმა კომპანიებმა ხშირად არაფერი იციან, თუ საიდან იღებენ ისინი მანგანუმს და როგორ ცხოვრობს მოსახლეობა მარგანეცის საბადოს ახლოს. ქარის ენერგეტიკის იტალიური ასოციაციის (ANEV) განცხადებით, „არ არსებობს არავითარი სოციალური ვალდებულება იმისთვის, რომ ფოლადში დასამატებელი ყველა იმპორტირებული ლითონის წარმოების გარემოებები და პირობები  ვიცოდეთ“.

2024 წელს ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე სიტუაცია დადებითად უნდა შეცვლილიყო. დირექტივა ავალდებულებს კომპანიებს, რომ ყურადღებით შეამოწმონ პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და აღმოფხვრან ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას, მუშაობის ცუდ პირობებს და გარემოსათვის ზიანის მიყენებას იწვევს.

მაგრამ ამ დირექტივის ძალაში შესვლიდან ერთი წელი არ იყო გასული, რომ ევროპის კომისიის [რომლის ხელმძღვანელია ურსულა ფონ დერ ლაიენი] ინიციატივით, ამ კანონის მოთხოვნები მნიშვნელოვნად შერბილდა (მოტივაცია: მკაცრი ბიუროკრატული ბარიერებისა და კონტროლის  მოხსნა). უფრო მეტიც, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა უფრო შორს მიდის და კანონის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს – მაგალითად, ასე სურთ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს.

ამასობაში კი, როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის მადა ისეთი ლითონების მიმართ, როგორიც არის მანგანუმი, ლითიუმი, იშვიათმიწა ლითონები, ნიკელი და სპილენძი, მკვეთრად გაიზრდება, რათა სუფთა ეკონომიკაზე გადასვლის დროს წარმოების გადაიარაღების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ამ ლითონების შემცველი ბევრი მინერალი, მათ შორის მარგანეციც, ხშირად ისეთ ადგილებში მოიპოვება, რომლებიც ნაკლებად კონტროლდებიან და პოლიტიკურად არასტაბილურები არიან – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაწყებული, ინდონეზიით და საქართველოთი დამთავრებული. იმპორტის პროცესის გაკონტროლების მიზნით ევროკავშირის მიერ მიღებული კანონის შერბილებას [და მის სავარაუდო გაუქმებას, როგორც ეს პარიზს და ბერლინს სურთ), რა თქმა უნდა, შედეგები ექნება იმ სოფლისთვისაც, სადაც გიორგი ნეფარიძე ცხოვრობს.

ევროპის საკანონმდებლო ორგანოს – ევროპარლამენტის წევრის ანა კავაცინის (მწვანეთა პარტიიდან) თქმით, „შარშან მიღებული კანონიდან დღეს მხოლოდ ფუტლიარია დარჩენილი“. იგი თვლის, რომ ევროპელმა კანონმდებლებმა ბიზნესის ზეწოლას ვერ გაუძლეს, რადგან მრეწველებს წარმოების ხარჯების შემცირება სურთ. „მე ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების იგნორირების ხარჯზე კორპორაციებს ზედმეტი თავისუფლება არ უნდა მიეცეთ“, – ამბობს ანა კავაცინი.

…რასაც საქართველოს მთავრობის ნეგატიური მოქმედება ემატება

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო იხრება რუსეთისაკენ, ზღუდავს დემოკრატიულ უფლებებს და, შესაბამისად, ჭიათურელი აქტივისტების ცხოვრება სულ უფრო სახიფათო ხდება. მათ მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიც“ (Chiatura Management Company), რომლის მოვალეობაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა სამუშაოების უზრუნველყოფა შედის და მისი ხელმძღვანელობა პროტესტანტ მუშებს პროვოკაციებს უწყობს.

ჭიათურის რეგიონის მოსახლეობა ორი მიზეზის გამო აწყობს საპროტესტო აქციებს და ეს მიზეზები ერთმანეთთან არის დაკავშირებული: პირველი – მაღაროელები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას და ავადმყოფობის დროს ბიულეტენების ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ, რადგან მიწის ქვეშ, გვირაბებში მუშაობა სიცოცხლისადმი საფრთხეს ნიშნავს. გარდა ამისა, მუშები შეშფოთებულები არიან გარემოს დაცვის ცუდი მდგომარეობითაც. მეორე მიზეზი გამოიხატება სოფელ შუქრუთის მოსახლეობისადმი მიყენებული ზიანის არასრულ ანაზღაურებაში. სოფლის ქვეშ მარგანეცის მოსაპოვებლად გვირაბებია გაყვანილი, რომლის შედეგად ხდება მიწის ჩაქცევები და ნიადაგის დეფორმირება, იბზარება და ინგრევა საცხოვრებელი სახლები. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 2020 წელს ზიანის ასანაზღაურებლად 700 ათასიდან ერთ მილიონამდე ქართული ლარი გამოყო (ანუ 360 ათას დოლარამდე), რაც შუქრუთელებს შორის უნდა განაწილებულიყო. კომპანიის განცხადებით, თანხა გადახდილია, მაგრამ სოფლის მცხოვრებნი პირიქით ამბობენ. შუქრუთელებს მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობა“, რომლის მტკიცებით, კომპენსაცია მოსახლეობის მხოლოდ 5%-მა მიიღო.

მიმდინარე წელს პროტესტები გაფართოვდა, მაგრამ რისკებიც იზრდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში მიღებისათვის ბრიუსელთან მოლაპარაკება შეწყვიტა, გაძლიერდა დამოუკიდებელი მასმედიის შეზღუდვა, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება და ანდემოკრატიული პროპაგანდა, რასაც ქართული მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი ქავთარაძეც ადასტურებს: „მმართველი პარტიის მოქმედება ძალიან ჰგავს იმ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებას, რომელიც კრემლშია დაწერილი“.

კრემლის სცენარები

თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, რომელიც ჭიათურიდან 200 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, საპროტესტო აქციები 2024 წლის აპრილიდან იმართება, როცა მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის საწინააღმდეგოდ „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“ მიიღო. მიტინგები განსაკუთრებით გაფართოვდა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში მიღების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერა. ქართველებისათვის ფსონები ძალიან მაღალია: 2008 წლის ომის შედეგად რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს და მოსახლეობა შიშობს, რომ ევროპისაგან დაშორების შემთხვევაში კრემლი თავის აგრესიას გაიმეორებს.

როცა Politico-ს ჟურნალისტები აპრილში რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა ეჭირათ და სკანდირებდნენ – „ძირს ოლიგარქები“, ძალა ერთობაშია – ევროკავშირთან ერთად“. ისინი მხარს უჭერდნენ ჭიათურელ პროტესტანტებსაც: „სოლიდარობა ჭიათურლებს! ბუნებრივი რესურსები ხალხს ეკუთვნის“.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქტივისტები უპირისპირდებიან არა უბრალოდ სამთო-მომპოვებელ კომპანიას, არამედ კორპორატიულ გიგანტს, რომლის უკან ოლიგარქები და მმართველი ელიტა დგას.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ამერიკული კომპანიის „ჯორჯიან ემერიქენ ელოიზ“-ის (Georgian American Alloys – GAA) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ფლობს. იგი ამჟამად კიევშია დაპატიმრებული, 2003 წელს მომხდარ დაქირავებულ მკვლელობასთან დაკავშირებით, ბიზნესინტერესების გამო. იგორ კოლომოისკი ამერიკული სანქციების ქვეშაც იმყოფება. GAA-ს გენერალური დირექტორია გიორგი კაპანაძე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. ბოლო ხანებამდე იგი ფლობდა ტელეკომპანია „რუსთავს“, რომელიც თავისი პროსამთავრობო პროპაგანდით არის ცნობილი. ევროპის პარლამენტმა ევროკავშირს გიორგი კაპანაძის მიმართ სანქციების შემოღებისაკენ მოუწოდა, „რომელიც მხარს უჭერს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმს“.

საქართველოს მთავრობა დაეხმარა „ჯორჯიან მანგანეზს“ იმ დროს, როცა სასამართლომ გარემოსათვის ზიანის მიყენების გამო (2016 წელს) 82 მილიონი დოლარით დააჯარიმა – თანხა ჩამოაწერა, კომპანია „სპეციალური მართვის“ რეჟიმში გადაიყვანა და ახალ დირექტორს წესრიგის დამყარება დაავალა, მათ შორის ჭიათურის რეგიონის მთავარი მდინარის – ყვირილას სისუფთავისადმი კონტროლი.

Politico-ს ჟურნალისტებმა 2025 წლის აპრილში მდ. ყვირილასა და მისი შენაკადის – ბოგირისწყალის სინჯები აიღეს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში წაიღეს და ლიცენზირებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ მარგანეცის რაოდენობა ორივე მდინარეში კანონით დაშვებულ ნორმებს 10-ჯერ აჭარბებს, ასევე მეტია რკინის შემცველობაც. ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის წყალს ნათესების მოსარწყავად იყენებს, რაც მოწამვლის რისკებს ზრდის. ყვირილაში თევზი ფაქტიურად არ არის, ის ერთვის მდინარე რიონს და შემდეგ შავ ზღვას, რომელშიც გაქრობის ზღვარზე მდგომი ცხოველები ბინადრობენ (დელფინები, ზუთხისებრი თევზები, კუები და ა.შ.).

მარგანეცის და სხვა ნივთიერებების მუდმივ ზემოქმედებას ნევროლოგიური და სიმსივნური დაავადებების გამოწვევა შეუძლია და ადამიანის ორგანიზმს მძიმე ზიანს აყენებს. „ჯორჯიოან მანგანეზი“ აღიარებს, რომ მდინარე ყვირილას გაჭუჭყიანება რეგიონის ერთ-ერთ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს და ამტკიცებს, რომ მდინარის დაცვას ახალი ტექნოლოგიებით ცდილობს – იყენებს ახალ გერმანულ ფილტრებს, „რომლის შედეგად ყვირილაში მავნე ნივთიერების შეცველი წყალი აღარ ჩაედინება“.

საპროტესტო აქციის მონაწილეებისათვის, მათ შორის გიორგი ნეფარიძისათვის, ასეთი განცხადება დამარწმუნებელი არ არის. მათი თქმით, კომპანია ფილტრებს მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა ინსპექტორები მოდიან, სხვა დროს კი გაუწმენდავი წყალი მდინარეში ჩადის.

ექსპორტის ბლოკირება

სასურველ შედეგებს რომ ვერ მიაღწიეს, ჭიათურის მოსახლეობამ უფრო რადიკალური ზომების მიღება გადაწყვიტა, რომ მათი ხმა იქაც გაიგონ, სადაც არ ესმით. რადიკალურ ზომებში მარგანეცის ექსპორტის ბლოკირება იგულისხმება.

67 წლის პენსიონერი გოჩა კუპატაძე მაღაროში ბრეზენტიან თავშესაფარში წევს და მის ირგვლივ ვირთხები დარბიან. მისი თქმით, „შავი ქვა ჩვენთვის შავ ჭირად გადაიქცა. ჩვენ მხოლოდ პროტესტის გამოხატვაღა შეგვიძლია“. გოჩა კუპატაძის ამოცანაა გააკონტროლოს, რომ  მარგანეცი მაღაროს გარეთ არ გავიდეს. მან, სხვებთან ერთად, ბოქლომი დაადო გენერატორის სათავსოს, რომელიც მაღაროს სავენტილაციო სისტემას კვებავს, ანუ მაღარო ჰაერის ვენტილაციის გარეშე ვერ იმუშავებს.

გოჩა კუპატაძის თქმით, იგი ასეთ რადიკალურ აქციაში იმიტომ მონაწილეობს, რომ მისი მშობლიური სოფელი შუქრუთი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. 1958 წელს აშენებული მამა-პაპეული სახლი ამჟამად ინგრევა, კედლებში ბზარები გაჩნდა, სახლის ქვეშ მიწა ჩაქცეულია მარგანეცის მრავალწლიანი მოპოვების გამო. ვენახში, რომელიც ჯერ კიდევ მისმა წინაპრებმა გააშენეს, ვაზი უკვე დიდი ხანია გახმა.

თითქმის ერთი წელია პროტესტანტები მაღაროს შესასვლელს და გზებს ბლოკავენ, რომ მარგანეცი ჭიათურიდან არ გავიდეს. შედეგი სახეზეა: შვიდი თვის წინათ Chiatura Management Company-მ განაცხადა, რომ „პროტესტების გამო მას ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და ამიტომ მიწისქვეშა სამუშაოებს წყვეტს“. მიზანი მიღწეულია, მაგრამ ჭიათურელებისათვის ეს პიროსის გამარჯვებას ნიშნავს, ანუ ფაქტიურად ისინი დაზარალდნენ.

საქმე იმაშია, რომ მარგანეცის მოპოვება ჭიათურაში და მის ახლო-მახლო სოფლებში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1879 წელს დაიწყო და ადგილობრივი მოსახლეობისათვის მაღაროებში მუშაობა შემოსავლების მთავარი წყარო გახდა. შუქრუთი მაღაროელების სამრეწველო დასახლება იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აღმავლობის გზაზე იდგა და მარაროში მუშაობაც ბევრად უკეთესი იყო. დღეს ჭიათურაში ძველი „საბჭოთა დიდებისაგან“ მხოლოდ ჰაერში გაჭიმული ფოლადის გვარლები და დაჟანგებული საბაგირო ვაგონები შემორჩა, რომლებიც იმ ბეტონის შენობების ზემოთ ირხევიან, სადაც მარგანეცის მადნის გარეცხვის ძველი მოწყობილობებია.

თუ ადრე ადგილობრივი მცხოვრებლები მიყენებული ზიანისათვის კომპენსაციას ითხოვდნენ, ახლა ისინი საერთოდ სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

და რაც უფრო უარესია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელსაც ლიცენზია აქვს 16 430 ჰექტარი წიაღი 2046 წლამდე დაამუშაოს, ახლა მადანს არა მიწისქვეშა მაღაროებში, არამედ ღია კარიერებიდან იღებს, ანუ გარემოს დაცვას უფრო მეტი საფრთხე დაემუქრა. გიგანტური ექსკავატორები მიწას თხრიან, მათში უზარმაზარ ორმოებს აკეთებენ, ხოლო შხამიანი მტვერი მოსახლეობის სახლებს და ბაღ-ბოსტანს ეფინება.

ზოდელტა გასაჭირი

სოფელი ზოდი პლატოზეა განლაგებული, ჭიათურიდან 10 კილომეტრში. ადგილობრივები სოფლის მეურნეობას მისდევენ, სოფლის ახლოს მდებარე მინდორ-ველებზე კი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ბალახს ძოვს. „ზოდი ძალიან ლამაზი სოფელია თავისი მიკროკლიმატით, რომელიც მევენახეობის ხელშემწყობია“, – გვიყვება კოტე აბდუშელიშვილი, 36 წლის კინორეჟისორი, რომელიც წარმოშობით ზოდიდანაა.

სამთო-მომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, სოფელში მარგანეცის მნიშვნელოვანი მარაგია. 2023 წელ ზოდში მუხლუხოებიანი ტექნიკა მიიტანეს და მიწის თხრა დაიწყეს. ისინი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მათ შორის კოტე აბდუშელიშვილმაც, სოფლის ტერიტორიიდან გააძევეს. „ჩვენ მადნის მომპოვებლები შევაჩერეთ – გავაფრთხილეთ, რომ მუშაობას მხოლოდ ჩვენს სხეულებზე გადავლით დაიწყებენ“, – ამბობს კოტე. იგი გაემგზავრა ჭიათურაში, მივიდა კომპანიის ოფისში და სახელმწიფოს მიერ დანიშნული „სპეციალურ მმართველ“ დირექტორთან შეხვედრა მოითხოვა. როცა მას შეხვედრაზე უარი უთხრეს, მივიდა ღია ფანჯარასთან და მათ გასაგონად დაიყვირა: „თქვენ შეგიძლიათ დაგვხოცოთ, მაგრამ ვერ შეგვაჩერებთ“.

ორი დღის შემდეგ, როცა კოტე აბდუშელიშვილი თბილისის ქუჩებში მიდიოდა, მას თავს დაესხა მანქანიდან გადმოსული ორი ნიღბიანი პირი, წააქციეს და ცემა დაუწყეს.

ევროპას მეტი მარგანეცი ჭირდება

ჭიათურელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზი“ აგრძელებს მარგანეცის ექსპორტს ევროპულ ბაზარზე. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ჭიათურის მარგანეცის 6 ათასი ტონა გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წინაშე კლიმატისგან და სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციისგან გამოწვეული პრობლემები დგას, მარგანეცის მოპოვება, სავარაუდოდ, გაიზრდება.

და იმის კვალობაზე, რომ ევროკავშირი თავისი კომპანიების პასუხისმგებლობისადმი მოთხოვნებს აიოლებს, ხოლო საქართველო თანდათან ხდება ავტორიტარული ქვეყანა, ჭიათურელთა ხმა სულ უფრო სუსტდება და ნაკლებად ისმის.

„ჩვენ არაფერს შეუძლებელს არ ვითხოვთ, – ამბობს აქტივისტი თენგიზ გველესიანი, რომელიც გიორგი ნეფარიძესთან ერთად იყო დაკავებული, – გვინდა მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრება, შრომის კარგი პირობები და სუფთა ჰაერი“.

Politico-ს ჟურნალისტების თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა სიტუაციისათვის, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ არ უპასუხა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც პრემიერი ამბობდა, გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს -დავით მათიკაშვილი

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობდა – გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდნონ მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.

„ჯაფარიძეს წამოსცდა, არ ვიცი, ქვეცნობიერმა უღალატა, თუ რა ქნა, მაგრამ პრემიერმა ზუსტად ამაზე ისაუბრა. ყველამ კარგად იცოდეს, ვინც კანონს დაარღვევს, სამშობლოს უღალატებს და თან დანაშაულის ჩამდენი იქნება, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება. კარგად იცით, გვარებსა და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ. არ არის აქ კონკრეტულ იდენტიფიცირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა სახეზეა ფაქტი იმისა, რომ აქედან გაგდებული პირები გარკვეული ფორმით ცდილობდნენ, რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, სახელმწიფო ძალიან აქტიურია, ამას ადასტურებს რიცხვებიც, მათთვის განსაზღვრული ბიუჯეტი დღეისთვის 300 მილიონს უტოლდება -მიხეილ სარჯველაძე

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, სახელმწიფო მართლაც ძალიან აქტიურია და ამას საზოგადოებაც კარგად ხედავს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა

სარჯველაძის თქმით, ამის დასტურია ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ზრდაც.

„რამდენიმე წლის წინ ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე გვაქვს ყურადღების ქვეშ. ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობა უნდა სცადონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, სჭირდებოდეთ თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის. ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ამ თვალსაზრისით, ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა. რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და როგორ იქნას მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები სწორი მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და შეფასების ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

ევროკომისია გლობალური მმართველობის ინდიკატორების 2024 წლის გამოშვების ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს 213 ქვეყნისა და ტერიტორიის შეფასებას მოიცავს. საქართველოს მთავრობამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 77,8% მიიღო და 50 საუკეთესოს შორის მოხვდა.

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო მთავრობის ეფექტიანობის ხანგრძლივი გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. როგორც ირკვევა, 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტად სამ ქვეყანაში მოხერხდა მთავრობის ეფექტიანობის შეფასების გაუმჯობესება – რუანდაში, ალბანეთსა და საქართველოში. 2000 წლის შემდეგ რუანდაში მთავრობის ეფექტიანობა 55,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ალბანეთში – 40,7-ით, საქართველოში კი 39 პუნქტით.
რაც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის შეფასების წლიურ პროგრესს, საქართველოს შეფასება ერთ წელიწადში 5,2 პუნქტით გაუმჯობესდა და პროგრესის ამ ტემპით ევროპაში მესამე ადგილზეა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში.

წარმოდგენილ განმარტებაში აღნიშნულია: კარგი მმართველობა აუცილებელია განვითარებისთვის. ის ეხმარება ქვეყნებს გააუმჯობესონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან ადამიანური კაპიტალი და გააძლიერონ სოციალური ერთიანობა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მკვლევრებს და ანალიტიკოსებს შეაფასონ მმართველობის აღქმის ფართო სქემები ქვეყნებში და დროთა განმავლობაში.

კვლევა თავს უყრის 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფირმების მონაცემებს მთელ მსოფლიოში, შერჩეულს სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: 1) ისინი დამზადებულია სანდო ორგანიზაციების მიერ; 2) ისინი აწვდიან შესადარებელ მონაცემებს ქვეყნებს შორის; და 3) ისინი რეგულარულად განახლდება. მონაცემები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ათიათასობით გამოკითხული რესპონდენტისა და ექსპერტის შეხედულებებს.

გეოპოლიტიკური თრილერი-ნესტან კირთაძე

3 კვირაზე მეტი ალასკა- 2025 და ვაშინგტონის აგვისტოს ცხელი საერთაშორისო შეხვედრებიდან, რომელსაც მთელი პლანეტა ადევნებდა თვალ-ყურს , წინ უძღოდა სრულიად კონკრეტული დრამატული კონტექსტი და დაჩქარებული, ფარული შეხვედრების მთელი პროცესი, სადაც ზუსტდებოდა, თანხმდებოდა, კორექტირდებოდა და ყველაფერი შეიწონებოდა ყველაზე მთავარ “მოთამაშეებთან”- ისტორიასთან, ეგზისტენციალურ საფრთხეებთან, რეალობასთან და დროსთან.

მთავარი სათქმელისათვის  აქ ცოტას გადავუხვევ და ამ ეპიზოდში  შემოვიყვან თანამედროვე მსოფლიო დიპლომატიის ვარსკვლავს და ბისმარკისეული   რეალპოლიტიკის ხაზის  ახლებურად  გამგრძელებელს,  ჰენრი კისინჯერს.

პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტებისაგან და მრავალრიცხოვანი კრიტიკოსებისაგან, ალბათ, ხშირად გაიგონებთ, რომ მასში  მეტწილად ბიზნესმენი სტიმულირებს და ელვარე საერთაშორისო გარიგების შემთხვევაშიც, კი დაჟინებით მეორდება გავრცელებული ირონიული ფრაზა : “… ეს ხომ ნიუ იორკის უძრავი ქონების ფოეერვერკებია”!

თუმცა ,სავარაუდოდ,  ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ტრამპი მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, არჩევნებამდე და პრეზიდენტის რანგში ინტენსიურ რეჟიმში იღებდა კოსულტაციებს კისინჯერისაგან. მეტიც, აშშ ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის 2017 წლის დოქტრინა ჰენრი კისინჯერის სამეცნიერო მემკვიდრეობასთან თანამშრომლობით შედგა…

სავარაუდოდ, კისინჯერის “გაკვეთილები” იკითხება ამჟამადაც, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპა, ინაუგურაციიდან სულ ცოტა ხანში ჯერ, სრულიად მოულოდნელი სატელეფონო საუბრები წამოიწყო დასავლეთისაგან მოკვეთილ რფ ლიდერთან და შემდეგ, მოულოდნელობის შოკისებური ეფექტით ალასკა-2025 სამიტი განახორციელა.

რა გადაწყვიტა და რა მონიშნა სინამდვილეში, საუკუნის ორმა ყველაზე მოულოდნელმა “მოკავშირემ”ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე ?! რომელიც შედგა ამ დრომდე სრულიად განსხვავებული პატივით, პროტოკოლით, სიმბოლიზმით გაჯერებული დეტალებით, ალეგორიების დიდი დიაპაზონით და განსხვავებული ანტურაჟით.

აშკარა იყო, რომ უკვე გახმაურებული  დეტალების გარდა, აქ განახლდა აშშ-რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ეტაპი და მოინიშნა პლანეტარული მნიშვნელობის დეტერმინირებული პროცესი,  ახალი   მსოფლიოს ახალი წესრიგის კონტურები…

ბლინკენი აქ საერთოდ რა მოსატანია, მაგრამ გასულ წელს მან თქვა საკმაოდ მოხდენილად და ვერ დავუკარგავ:

– საერთაშირისო სისტემაში თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზიხარ,  მენიუში ხარ მოხვედრილიო და ახლა, პოლიტიკურ დრამატურგიას ალასკიდან ვაშინგტონის 18 აგვისტო -2025  თეთრი სახლის  გახმაურებულ შეხვედრაზე მივყავარ “მენიუში მოხვედრილებთან”,რაც სრულიად ცხადად,  ჯერ კიდევ მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოიკვეთა [ თებერვალი 2025], აშშ ვიცე პრეზიდენტის, ვენსის ცნობილი პოლიტიკური  პ ა მ ფ ლ ე ტ ი თ და ირიბი  გზავნილებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ევროპა უკვე  აღარ განიხილებოდა, როგორც სუბიექტი, რამაც უკიდურესად დააბნია,წონასწორობა დააკარგვინა და პირდაპირი მნიშვნელობით აატირა , უკვე მერამდენედ, პოლიტიკურად “შერცხვენილი მიუნჰენი”.

თუმცა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შეკრებილი,მოლაპარაკებების მაგიდიდან ამოვარდნილი,  ხარკდადებული, მინი ალიანსებად დაყოფილი ევროპის ლიდერებიდან ზოგიერთი, “ტექნიკურად” შეეცადა და ალასკის სამიტის გადაწყვეტილებების დეზავუირება სცადა … მაგრამ ამ დღეს, მათი ვიზიტის ყველაზე “საქმიანი” ნაწილი პრეზიდენტ ტრამპის კეპების გარდერობის დათვალიერება აღმოჩნდა, მხოლოდ.

ყველა დეტალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.  უყურებდით თქვენც.  ოვალურ ოფისში ზელენსკის თებერვლის “ოდისეას” შემდეგ , ლიბერალური მედიის მთელი ყურადღება ტრამპ-ზელენსკის დახურულ შეხვედრაზე გადავიდა  ახლა …

ჩვეულ ჟანრში ახმაურდნენ ტაბლოიდები, მაგრამ ნანახს და მოსმენილს ბევრი ვერაფერი დაამატეს…

ჩვენ, რაც ამოვიკითხეთ იყო, რომ: – გენერალ კელოგის უკრაინული  გეგმა სამუდამოდ  გაუქმდა.

– ომი  უკრაინაში  ბრძოლის  ველზე დასრულდება.

– მიიღო თუ არა ზელენსკიმ “ოქროს პარაშუტი” –  დრო გამოაჩენს.

აშშ-ის საერთაშორისო შეხვედრებს, აგვისტოს მიწურულსვე წამოეწია შანხაის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სამიტი, SCO – 2025 და II მსოფლიო ომის დასრულების და ფაშიზმზე გამარჯვების  საიუბილეო  პეკინის შთამბეჭდავი სამხედრო აღლუმი, აღმოსავლური მონუმენტალიზმით, სრულიად უნიკალური მარშირებით, ახალი თაობის ტექნოლოგიებით, ბოლო მოდელის სამხედრო ტექნიკით  და არ ნახულად განათებული მეგაპოლისით.

და, ეს არ იყო, მხოლოდ ხსოვნისადმი პატივის მიგება, ეს იყო ფაშიზმზე ძლევის თანამედროვე ინტერპრეტირება…

ყველაფერი ერთად,  კი უფრო პოლიტიკური მანიფესტი იყო, აქაც სიმბოლიზმში უხვად გახვეული გეოპოლიტიკური მინიშნებებით, წარმოდგენილი,  გლობალური სამხრეთის 20 სუვერენული სახელმწიფოს მეთაურით და ე ვ რ ა ზ ი ი ს  3  გ ი გ ა ნ ტ ი თ, რომელმაც შეარიგა შეურიგებელი, შეაერთა შეუერთებელი და ა ქ ა ც  მსოფლი  ა ხ ა ლ ი    წ ე ს რ ი გ ი ს კონტურები მონიშნა.

მსოფლიოს ორივე გეოპოლიტიკურ გრავიტაციულ ცენტრში მკაფიოდ იკითხებოდა ახალი რეალობა,ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, გავლენის ახალი სფეროები და ინტერესები, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები და შეცვლილი ენერგეტიკული გზები და მარშრუტები; გააქტიურებული კულისები, ახალი გეოპოლიტიკური გადაჯგუფებები და გამოკვეთილი პოლიტიკური “პატივი” დასავლეთისაგან შერისხულებისა და მოკვეთილებისათვის; მსოფლიოსთვის შეთავაზებული დიპლომატიის ახალი არქიტექტურა და მიმოქცევაში აქტიურად შემოსული ახალი საერთაშორისო ტერმინოლოგია; მშვიდობის ახლებურად გაგებული მოდელები და ძველი პარადიგმები; ახალი ეკონომიკური და ფინანსური სისტემები, პლანეტა-დედამიწის მომავალზე პასუხისმგებელი მეგა გავლენების ლიდერების პოდიუმ-დისკუსიები და ახალი გეგმები … და  ყველაფერი

ე რ თ ა დ, რომელიც ყოველდღე ცვლის მსოფლიოს და ემზადება ახალი მსოფლიო წესრიგისათვის.

მართალია კი, ახალი მსოფლიო წესრიგი  უკანასკნელი ხანის ყველა საერთაშორისო თავყრილობაზე და ყველაზე ხშირად გაისმის ახლა, მაგრამ ეს პოლიტიკური ტერმინი I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყებს გააქტიურებას და ი ს, აშშ პრეზიდენტის, ვუდრო უილსონს სახელს უკავშირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი  მსოფლიო პოლიტიკურ აზროვნებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ძალთა ბალანსში დრამატულ ცვლილებებს გამოკვეთილად ადასტურებს, მ ა ს ზ ე დ  საუბარს, პირადად მე, ყოველთვის ვ ე ნ ი ს   კ ო ნ გ რ ე ს ი თ ვიწყებ.

დიახ,  1814 -1815 წწ, როდესაც ნაპოლეონის ა უ ს ტ ე რ ლ ი ც ი ს შემდეგ კონტინენტური ევროპის დომინანტი საფრანგეთი მაინც ვერ ასცდა თავის ვ ა ტ ე რ ლ ო ო ს [ნაპოლეონის ბოლო ბრძოლა, ტარლემ, რომ ეგზისტენციალრი მარცხის ალეგორიად დაუტოვა თაობებს, სამარადჟამოდ] და გამარჯვებულებმა, ვ ე ნ ი ს   კ ო ნ გ რ ე ს ზ ე, სწორედ ა ხ ა ლ ი    წ ე ს რ ი გ ი ს ფარგლებში და ახლებურად  გ ა დ ა ი ნ ა წ ი ლ ე ს ევროპა;  ამავე კონგრესმა ცხადჰყო, თუ რა ძალა აქვს დიპლომატიას, როგორც ომისშემდგომ პოლიტიკას და გავლენის ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს, რომელსაც დამარცხების შემდგომი მკაცრი რეალობის კორექტირებასაც კი შეუძლია გაუსწოროს თვალი [ცხადია, თუკი პირველი დიპლომატი ტალეირანია];

ამავე კონგრესმა შვეიცარიას ნეიტრალიტეტი მიანიჭა …

ასე მოხდა 1919 წელს, პარიზის, ვ ე რ ს ა ლ ი ს სამშვიდობო სამიტზე და აქ მიღებულ შეთანხმებაზე, როდესაც I მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ანტანტის ქვეყნებმა  ა ხ ა ლ ი  წ ე ს რ გ ი წარადგინეს  და პირველი დიდი ომის შემდგომი მსოფლიო, დამარცხებულების ხარჯზე, თავიანთი გემოვნებით მოაწყვეს.

ასე მოხდა II მსოფლიო ომის შემდეგაც, როდესაც ანტიფაშისტურმა მოკავშირეებმა თ ე ი რ ა ნ ი ს, ი ა ლ ტ ი ს და  პ ო ტ ს დ ა მ ი ს კონფერენციებზე [1943წ. ნოემბერ-დეკემბერი; 1 945წ. თებერვალი; 1945წ. ივლისი-აგვისტო ]  ა ხ ა ლ ი     მ ს ო ფ ლ ი ო ს ურთიერთშეთანხმებული მოდელი და  წ ე ს რ ი გ ი  წარადგინეს  .

მსოფლიო ა ხ ა ლ ი    წ ე ს რ ი გ ი ს ,  პოლიტიკურ რეტროსპექტივა უცილობლივ უნდა გავაგრძელოთ 1989 წლის 2-3 დეკემბრის მალტის სამიტით და ორი ზესახელმწიფოს მეთაურის, აშშ პრეზიდენტისა და საბჭოების პოლიტიკური ლიდერის შეხვედრით, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში გაიმართა და ერთგვარი გაგრძელება იყო ნიუ იორკის 1988 წლის დეკემბრის ცნობილი თავყრილობისა, სადაც პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მონაწილეობდა.

მალტის სამიტის და ა ხ ა ლ ი წ ე ს რ ი გ ი ს ერთადერთი საკითხი ევროპაში რ კ ი ნ ი ს ფ ა რ დ ი ს აწევასთან დაკავშირებული სწრაფი ცვლილებები იყო…

მხარეებმა, თუმცა, ცივი ომი დასრულებულად გამოაცხადეს, მაგრამ ამჯერადა [ც] ხელი არაფერზე მოუწერიათ და, ამას შემთხვევით არ ვაქცენტირებ, ახლა.

მალტის სამიტმა, პრაქტიკულად გააოფიციალურა მსოფლიო ა ხ ა ლ ი  წ ე ს რ ი გ ი, როგორც ბიპოლარული სამყაროს დასასრული და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი, უნიპოლარული სტატუსი.

– აწი , ამერიკის ლიდერობას ვერაფერი შეცვლის!

თქვა პრეზიდენტმა ბუშმა [უფროსი] მალტის სამიტზე, როგორც აშშ სრული ჰეგემონიის დასაწყისზე მსოფლიოში.

ცოტა მოგვიანებით, კი ამ  განსაკუთრებულ რეალობაზე, რომელმაც სრულიად შეცვალა მსოფლიო, აშშ სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი იტყვის:

– ჩვენ [ შტატები] , რ ო მ ზ ე უფრო ძლიერები ვართ!!! ო და მართალსაც იტყვის.

მალტის ა ხ ა ლ ი წ ე ს რ ი გ ი ს ნაწილია დაშლილი საბჭოთა მეტროპოლია და რუსეთის წარუმატებელი “ვესტრნიზაცია” [ საერთო ევროპული სახლი; დიდი ევროპა] რაც სწრაფადვე დასრულდა, ი ს ე, როგორც დასრულდა…

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:

მსოფლიოს ყველა ახალი წესრიგის სათავეებთან [გარდა ვენის კონგრესისა], იდგა და დგას აშშ;

მსოფლიოს ყველა ახალი წესრიგის სათავეებთან [გარდა ვერსალის პროცესისა ] , იდგა და  დგას  რუსეთი…

აშშ-ისა და ჩინეთის ისტორიული სამიტების შემდეგ, სკეპტიკოსებმაც კი აღიარეს, რომ: ახლა, ჩვენს თვალწინ უნიპოლარული სამყაროს დიდების ხანაც და არსებობაც რეალურ დასასრულს უახლოვდება.

ლიბერალური  ჰ ე გ ე მ ო ნ ი უ რ ი    წ ე ს რ ი გ ი,   პოსტ წესრიგით იცვლება და კაცობრიობა მრავაპოლარული და უფრო სამართლიანი მსოფლიოსათვის ემზადება.

მართალია კი, რომ ყველა დათვლით და გათვლით ა ხ ა ლ    წ ე ს რ ი გ ზ ე – ახალი საერთაშორისო სისტემის საბოლოო ტიპზე მ ს ო ფ ლ ი ო    შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა მ დ ე ჯერ კიდევ შორია[ ერთი ათეული წელი მაინც], რ ო მ ე ლ ი ც კაცობრიობის ამ საბედისწერო აღმართ-დაღმართებში სწრაფადვე გაილევა, მ ა გ რ ა მ თუნდაც რიტორიკის ჟანრში არის კითხვები:

საბოლოოდ,  მაინც ვინ წარადგენს მსოფლიოს წინაშე და ვინ მოაწერს ხელს  ა ხ ა ლ ი წესრიგის  ურთიერთშეთანხმებული მოდელის პოლიტიკურ შეთანხმებას ?! ანუ, ა მ ჯ ე რ ა დ ვინ გახდება პასუხისმგებელი მრავალპოლარული, ან კიდევ, როგორც უკანასკნელ ხანს უწოდებენ , მრავალბირთვული პლანეტა დედამიწის მომავალზე?! რომელმაც, ერთი ახალგაზრდა მკვლევარისა არ იყოს , უცილობლივ დროსთან უნისონში, მაგრამ შესაძლოა, ალეგორიულად გაიმეოროს ი ა ლ ტ ა…

დასასრულის მაგიერ

ისტორიის მამამ – ჰ ე რ ო დ ო ტ ე მ ყველა დროის მოწაფეს და მოწაფეთა მოწაფეს “გვიანდერძა” , რომ აზრობრივად გადავლახოთ დრო, მაგრამ სათქმელი აქ და ახლა ვთქვათ, რაც მომავალს გადაჰყვება და, რ ა ც , იგივე დ რ ო მ  უ ნ დ ა   გ ა მ ო ს ც ა დ ო ს  შემდეგ. ამიტომაც არის, რომ მეცნიერი ისტორიკოსის კალამი მუდამ წინ გარბის.

ზუსტად იცის, რომ ისტორია არ ნიშნავს წარსულს და, რომ ის, დროის მოწმე და მეხსიერების სიცოცხლეა, თუმცა ისიც ზუსტად იცის, რომ რაც დღეს კონსტანტაა, შესაძლოა დაწყებულმა პროცესმა ხვალ დასასრულის დასაწყისად აქციოს !!

მშვიდობა მსოფლიოს!!!

მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს!!!

7 სექტემბერი 2025 ვაშინგტონი [DC]

ნესტან ელისაბედ კირთაძე -დოქტორი, პროფესორი