Home Blog Page 8

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარი თავი გამოავლინოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ზომიერება შეინარჩუნოთ. ენერგიით სავსე ხართ, თუმცა, თუ მას ქაოსურ მიმართულებას მისცემთ, შესაძლოა, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგოთ. მთავარია, არ იჩქაროთ და გადაწყვეტილებები ემოციების საფუძველზე არ მიიღოთ.

რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით – ამ დღეს სიმშვიდე თქვენი საუკეთესო მოკავშირეა.

კურო

ეს დღე სამომავლო გეგმების დასახვისა და ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად ხელსაყრელია. იმ სიტუაციებში, სადაც მოთმინება და ყურადღებაა საჭირო, გაგიმართლებთ, მაგრამ უმჯობესია, მკვეთრი ცვლილებებისგან თავი შეიკავოთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, საკუთარ თავს ფიქრისა და ანალიზის დრო უნდა მისცეთ და გადაწყვეტილება აუჩქარებლად უნდა მიიღოთ.

რჩევა: გახსოვდეთ, რომ კარგად გააზრებული ნაბიჯები გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება.

ტყუპები

მოულოდნელობებით სავსე დღეა. შესაძლოა, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, თქვენი ენერგია უსარგებლოდ არ გაფლანგოთ და ყველა საქმე ერთდროულად არ აკეთოთ. კარგი დროა ურთიერთობისა და ახალი ნაცნობობისთვის. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.

რჩევა: ყურადღებით იყავით და დაპირებებს დაუფიქრებლად ნუ გასცემთ – ეს დიდ უსიამოვნებებს აგარიდებთ თავიდან.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი განწყობა მარტის ამინდივით ცვალებადია. ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ და ის აკეთოთ, რაც დადებით ემოციებს მოგიტანთ. სასურველია, ნაკლები ილაპარაკოთ და უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ.

რჩევა: პირად ურთიერთობებში კომპრომისები ეძებეთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ.

ლომი

ეს დღე აქტიური მოქმედებისთვის ხელსაყრელია. იღბალი თქვენს მხარესაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, თქვენი რესურსები სწორად მართოთ. თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ეცადეთ ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ და ის აკეთოთ, რაც დადებით ემოციებს მოგიტანთ.

რჩევა: თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვთ, მაგრამ შესვენების და ძალების მოკრეფის დრო მაინც უნდა გამონახოთ.

ქალწული

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შესრულებული სამუშაო შინაგან კმაყოფილებას მოგანიჭებთ. თუ წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვებით, შეიძლება შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. ნებისმიერი პრობლემა გულთან ახლოს მიგაქვთ, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე აისახოს. თუ ყველა ძველი წყენისთვის სამაგიეროს გადახდას არ მოინდომებთ, ეს დღე მშვიდად ჩაივლის და სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.

რჩევა: შინაგანი დისციპლინა დაგეხმარებათ, რომ ეს დღე მაქსიმალურად პროდუქტიული გახადოთ.

სასწორი

ეს დღე წარმატებული იქნება, თუ ენერგიას სწორად გადაანაწილებთ. საინტერესო წინადადება და ახალი ნაცნობობა მნიშვნელოვან პერსპექტივას გაგიხსნით, თუმცა, პირველ შთაბეჭდილებას ზედმეტად არ უნდა ენდოთ.

რჩევა: ენდეთ ინტუიციას, მაგრამ სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, ფაქტები გადაამოწმეთ.

მორიელი

ეს დღე შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, მაგრამ თუ სიფრთხილით იმოქმედებთ, პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ. ხვდებით, რომ ბოლოდროინდელი ხარჯების დასაფარად თქვენი ამჟამინდელი შემოსავალი საკმარისი არ არის და დამატებითი შემოსავალი გჭირდებათ. ეცადეთ, ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია სიტუაცია, რომელიც თქვენს გამჭრიახობას მოითხოვს.

რჩევა: ემოციები აკონტროლეთ და დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – ეს კონფლიქტების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

აქტიური და მოულოდნელი მოვლენებით სავსე დღეა. შესანიშნავი დროა ისეთი საკითხების გადაჭრისთვის, რომლებიც სიმამაცეს და გადამწყვეტ ნაბიჯებს საჭიროებს. მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, დაისვენოთ – ეს ნამდვილად დაიმსახურეთ, ამიტომ თვითგვემა უნდა შეწყვიტოთ.

რჩევა: იყავით გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის, მაგრამ სიფრთხილეც არ დაგავიწყდეთ – თქვენი მიმნდობი ბუნება შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს.

თხის რქა

თუ თავად არ გაართულებთ, ეს დღე მშვიდად და ჰარმონიულად ჩაივლის. ხელსაყრელი დროა საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მომავალი ნაბიჯების დაგეგმვისთვის. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა და დაუვიწყარი ემოციები გელით. პირად ცხოვრებაში ურთიერთობების გაღრმავებისთვის ცოტა მეტი უნდა იაქტიუროთ.

რჩევა: ეცადეთ შრომა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსოთ – ეს დაგეხმარებათ, რომ ძალები აღიდგინოთ და შრომის ნაყოფიერება შეინარჩუნოთ.

მერწყული

იდეალური დღეა კრეატიული იდეებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში განხორციელებისთვის. შესაძლოა, თავში საინტერესო აზრები გეწვიოთ, მაგრამ ყველა იდეის განხორციელება მარტივი არ იქნება. საღამოს გირჩევთ, მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე გადაიტანოთ.

რჩევა: გირჩევთ, საღამოს სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ.

თევზები

ეს დღე მოულოდნელობებით იქნება სავსე, რაც საშუალებას მოგცემთ, ჩვეულ მოვლენებს ახალი თვალით შეხედოთ. შესაძლოა, ახალი იდეებიც გაჩნდეს, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. თუ გსურთ, რომ დაგროვილი საქმეები დროულად დაასრულოთ, ეცადეთ, სამუშაო დრო რაციონალურად გაანაწილოთ.

რჩევა: შეინარჩუნეთ შინაგანი ბალანსი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით.

უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის – სრული სიმართლის დროა – ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-მა 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტა შემოგვთავაზა, ჩვენ მზად ვართ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ იგივე გააკეთოს და თუ რუსეთი დათანხმდება, სიჩუმე ამოქმედდება.

“დღეს საუბარში სწორედ ამერიკული მხარის წინადადება იყო შემდგომ პირველი ნაბიჯის გადადგმა და 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტის ცდა, არა მხოლოდ რაკეტებთან, დრონებთან და ბომბებთან მიმართებით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ასევე, ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, დადებითად მიგვაჩნია ის, მზად ვართ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ და აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს გააკეთოს. ანუ ჩვენ ვთანხმდებით და თუ რუსები დათანხმდებიან – მაშინვე სიჩუმე ამოქმედდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბრის მნიშვნელოვანია ელემენტია აშშ-ის მზაობა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

“უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. თავისი მზადყოფნა, შეწყვიტონ ან გააგრძელონ ომი, რუსეთში უნდა აჩვენონ. სრული სიმართლის დროა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა – პროკურატურა

პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახი მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

მათი მოთხოვნაა საარჩევნო კომისია დავაკომპლექტოთ ისე, როგორც ეგენი იტყვიან. რასაკვირველია, ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ სურთ, რომ საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს ისე, როგორც ისინი იტყვიან, რაც რევოლუციური გეგმის ნაწილია.

„ამბობენ, რომ ჩვენ საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე უარი უნდა ვთქვათ. საარჩევნო კომისია დავაკომპლექტოთ ისე, როგორც ეგენი იტყვიან, „ქართული ოცნება“ საერთოდ გვერდზე უნდა გაწიონ თავისი მთელი რესურსით, მათ და უცხოელებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები მას მერე, რაც მოასუფთავებენ პოლიტიკურ და სამართლებრივ მოედანს. ეს არის მათი მოთხოვნა. რასაკვირველია, ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თვითმმართველობის არჩევნების მიმართ წინასწარ გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე, ამ თემაზე სალაპარაკოდ მოკავშირეები სალომე ზურაბიშვილთან მივიდნენ. საერთო აზრი არც ამ შემთხვევაში აქვთ. სცენარი კარგად ნაცნობია, რომლის ფინალსაც თავად ვერც ამჯერად განსაზღვრავენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

ამასთან, უწყების განცხადებით, მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

„ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.

ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულა” დატოვა და 26%-იანი წილი მიშა მშვილდაძეს 1 ლარად გადასცა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. 

შესაბამისად, კეზერაშვილი “ფორმულას” მეწილე აღარ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა.

“ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი “თავისუფლების ფორმულა”. 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება,” – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შგახსენებთ, საჯარო რეესტრში დასრულდა 7 თებერვალს წამოწყებული სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც იმავე დღიდან 6 მარტამდე, შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებით დოკუმენტების წარდგენამდე იყო შეჩერებული.

სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შეტანის მოთხოვნით შეტანილი განცხადების ავტორებმა გაითვალისწინეს საჯარო რეესტრი მოთხოვნები და მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე წარადგინეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დავით კეზერაშვილმა შპს ფორმულაში თავის 26%-იანი წილი ნდობით აღჭურვილი პირის სოფიო ბრიტანჩუკის მეშვეობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა მიხეილ მშვილდაძეზე.

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. 30 წელი ველოდებოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და სწორედ თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც მხოლოდ დასაწყისია განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატებებისთვის ხელბურთელებს, ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანს, მთავარ მწვრთნელ ტიტე კალანდაძეს, ასევე ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და სპორტის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაჯილდოების ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

ევროპარლამენტმა მოლდოვისთვის თითქმის 2 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა მოლდოვისთვის თითქმის 2 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი კენჭისყრის შემდეგ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი მოლდოვას დაეხმარება მისი სოციო-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებაში, სიმყარის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის წინ წაწევაში. ასევე, პაკეტი ისე არის შემუშავებული, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მოლდოვაზე მწვავე გავლენა შეამციროს.

ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ იქნა, რომ მოლდოვას 520 მილიონი ევრო გრანტების სახით გადაეცემა (წინასწარი ინიციატივა 100 მილიონ ევროზე იყო), ხოლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ევრო დაბალპროცენტიანი სესხების სახით.

მოლდოვისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას 499-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 117 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

მოლდოვისთვის დახმარების პაკეტზე მოხსენება ევროპარლამენტარებმა ზიგფრიდ მურეშანმა და სვენ მიქსერმა მოამზადეს. მურეშანის თქმით, მოლდოვა დაფინანსების მიღებას უკვე აპრილში დაიწყებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა – თეთრი სახლი

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან საუდის არაბეთში ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევის მიზნით დასვა“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრა იმართება. ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობენ უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი.

უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ.

რაც მოისმინეთ, ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობაა – სინამდვილეში სხვა რამ აღელვებთ: აქტივისტების დევნა, „ჩადება“, შევიწროება და შემდეგ აქციის “გაშავება” – ნათია მეზვრიშვილი

“ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს – რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე” წერს, რითაც “ქართული ოცნების” მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, რეალურად, “ქართული ოცნება” ახლაც არჩევნებისთვის ემზადება და მიზანი “თაღლითობით ხმების მოზიდვაა”.

“ჩემი პოზიციაა, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ (არანაირი კომპრომისი), შეძენა-შენახვაზე უნდა მოხდეს სასჯელების დიფერენცირება, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების და სახეობების მიხედვით და უმკაცრესი უნდა იყოს მიდგომა ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. ამასთან, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებელთა (წამალდამოკიდებულთა) და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე (პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით).

ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოძველებული, არაეფექტიან მეთოდები და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ პრევენციის, მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამსაღებელთა მკაცრად დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე.

ახლა, რაც შეეხება იმას, რას აკეთებს არალეგიტიმურ თაღლითთა დაჯგუფება:

„ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს.

არ დაგვავიწყდეს ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც ნარკოტესტზე შემოწმების სავალდებულოობა გააუქმა იმიტომ, რომ „ოცნების“ რიგები სავსეა ნარკოტიკების მომხმარებლებით. გაუქმების მიზეზად რა დაასახელეს, ამასაც შეგახსენებთ: დეპუტატს შეურაცხყოფს შემოწმებაო.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც საარჩევნო მიზნებისთვის ჯერ ამნისტია შეახო ნარკოდანაშაულს და შემდეგ ყაველაშვილის შეწყალება. ანუ, როცა ხმებს ყიდულობდნენ, ამ დროს ნარკოდანაშაულის გავრცელება და ახალგაზრდებში მოხმარების ზრდა, არავის აინტერესებდა. თუ „ოცნებისთვის“ ხმა მოაქვს, ახალგაზრდების სიკვდილი რა მოსატანია.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეტადონის პროგრამაში კორუფციას აგუგუნებს და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს, ნაცვლად იმისა ამ ხალხის რეაბილიტაციაზე იზრუნოს. იმდენად ამორალურები და კორუმპირებულები არიან, აქაც ფულს აკეთებენ.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პოლიცია “ბარიგების” გამოვლენის ნაცვლად ახალგაზრდა აქტივისტებს დასდევს. სანამ 5-6 პოლიციელი ერთ მოქალაქეს განსხვავებული აზრის გამო დასაჯარიმებლად დასდევს, მინიმუმ ერთი “ბარიგა” დათარეშობს ქვეყანაში. არც “ბარიგებთან” გარიგებაზე და ამ გზით გამდიდრებაზე ამბობენ უარს. ანუ, ივანიშვილი ახალგაზრდების მკვლელების ხარჯზეც მდიდრდება.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პირობებში კლუბებში ახალგაზრდები იხოცებიან და არათუ რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ნარკოტიკების გავრცელების პრევენციისთვის, ერთი პასუხისმგებლობიანი განცხადებაც არ გაუკეთებიათ.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც დააბრუნა „ჩადება“, რომელიც მოვსპეთ.

ამიტომ, რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაული მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა. ახალგაზრდების სიკვდილი და ნარკოტიკების გასაღება რომ მართლა აღელვებდეთ, მინიმუმ რაც ზემოთ წერია იმას მოაგვარებდნენ. სინამდვილეში სხვა რამე აღელვებთ – აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნა – მათი გადაყვანა თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადება (როგორც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს), ამ გზით მათი შევიწროება და შემდეგ აქციის გაშავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მდინარაძეს ქვეცნობიერმა ამოსძახა – „როგორც ადრე იყოო“. რა სიმბოლურია, რომ რაც ადრე იყო, იმას სწორედ მდინარაძის პირით აბრუნებს „ოცნება“.

ახლაც არჩევნებისთვის ემზადებიან. მიზანი თაღლითობით ხმების მოზიდვაა. “ბარიგები” კი ისევ ითარეშებენ და ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ფეხებზე ეკიდებათ”,- აცხადებს მეზვრიშვილი.

პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა! – წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი, იმედია, აღარასოდეს შევხვდებით! – ანდრო ჭიჭინაძე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს

ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს! – რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში, სრულიად მიუღებელია! – ამის შესახებ, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაშია ნათქვამი, რითაც თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ანდრო ჭიჭინაძე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ერთმანეთს აღარასოდეს შეხვდებიან.

„დიდი ხანია თავს ვიკავებ განცხადების გაკეთებისგან. დაჭერის დღიდან, რადგან ყოველთვის ვერიდები „ღია დაპირისპირებაში შესვლას“. ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს!

რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად მიუღებელია! არის და აქამდეც იყო! განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს გაბედა და დაუპირისპირდა სისტემას! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგი და პატივსაცემი ურთიერთობა მქონდა მასთან. აქ ეს ბოლო ხარისხოვანია! წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი!!!

პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა!

იმედია, აღარასოდეს შევხვდებით და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე!“ – წერს ჭიჭინაძე მის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტმაც, სადაც აღნიშნული იყო რომ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული, სტუდენტებს კი უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7894 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0128 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0396 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0162 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0234 ლარი შეადგინა