Home Blog Page 8

სალომე ზურაბიშცილი აცხადებს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ უცხოელი მეგობრები მოიწვია

დისტანციური შეხვედრა გაიმართა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და ჩვენი მეგობრების, რომლებიც არიან გაერთიანებული საქართველოს მეგობართა ჯგუფში, მათ წარვუდგინეთ ახალი პლატფორმა, მისი მიზნების, მოქმედების და მუშაობის მთავარი წესები, ასევე ის ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა და უშუალოდ მათთან კავშირზე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები, ევროპის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე აშშ-ს კონგრესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

„შეხვედრაზე ითქვა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაფუძნებულია ქართულ ქარტიაზე და ჩვენ ერთობლივი მიზანია ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება. ეს პლატფორმა უკვე სხვებთან ერთადაც მუშაობს. დღეს გვქონდა საშუალება, რომ პროტესტის ორგანიზაციებთან, არასამთავრობოებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს და ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები ამ დღეს, რომ ქართველ ხალსთან ერთად ამით გამოხატონ თავისი სოლიდარობა. ჩვენ ასევე აღვწერეთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა. განვიხილეთ ბოლო გადაწყვეტილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასაღებს ბრიტანულად. ეს ყველაფერი არის ფორმა, რომლითაც ასაღებენ რუსულ კანონებს. ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას სჭირდება მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ამ დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდა ჯო უილსონის სტაფერი, რომელმაც მოგვახსენა ბოლო მოვლენები და ასევე იყო საუბარი „მეგობარი აქტის“ დღეს განხილვაზე. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ამას გავაგრძელებთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „შესაბამისი წერილი წულუკიანის სახელზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა არალეგიტიმურ პარლამენტში უკვე შეიტანეს“.

„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანსა და ე.წ. კომისიის წევრებს სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის სამი დღე აქვს“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარდაცვლილ ბრალდებულთან დაკავშირებით გვსურს გავაკეთოთ დამატებითი განმარტებები. როგორც უკვე გაჟღერდა, ამა წლის 23 იანვარს საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა, უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა, სხვა დამატებითი დეტალები გამოძიების საგანია.

გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ეჭვი იქნა მიტანილი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

შეყვანისას დაფიქსირებულ იქნა, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას.

კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალტექნოლოგიური კვლევებით იქნა ნანახი აღნიშნული დაზიანება. ვიზუალურად, რა თქმა უნდა, აღნიშნული დაზიანებები არ ვლინდებოდა. ერთი საინტერესო დეტალიც, იგივე კვლევით სუბდურული და ეპიდურული სისხლჩაქცევის გარდა ნანახი იყო აგრეთვე ინტრაპარერქიმული, ანუ უშუალოდ თავის ტვინის ნივთიერებაში არსებული სისხლჩაქცევა, რაც, თავისთავად, დიდ ეჭვს ბადებს ინსულტის არსებობაზე.

ახლა რაც შეეხება, პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს – სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ ფორმა100 წარმოადგენს, კლინიკის საბოლოო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა აბსურდია. საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველა ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ მანიპულირება ადამიანური ტრაგედიით,“ – აცხადებს ურთქმელიძე. 

შემოსავლების სამსახური,  სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური მიმართავს სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის შედეგად საკონტროლო-სალარო აპარატების დაზიანების შემთხვევაში, ელექტრონული განცხადებით მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რათა ოპერატიულად მოხდეს სსა-ის მოქმედი/აქტიური სტატუსის გაუქმება და კონკრეტული მოდელის რეგისტრაციიდან ამოღება, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის დამატებითი ინფორმაციას ავრცელებს. მათივე განცხადებით, დაზარალებულ პირებს, ჩამოწერილ და შემდგომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულ განადგურებულ საქონელზე, ახალი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.

ამასთან, შეახსენებს, რომ გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულ პირებს, ჩამოწერილ და შემდგომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულ განადგურებულ საქონელზე, ახალი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.

მეწარმე სუბიექტებმა ელექტრონულ განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილი იქნება საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, განადგურებული საქონლის სააღრიცხვო ღირებულება და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ხანძრის ფაქტი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი ”- გივი მიქანაძე

სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განმარტა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის, ქართული ენის გაძლიერება, ამიტომ ახალი სასწავლო წლიდან ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში აღდგება.

„მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობას წარმოადგენს, რომ 2005 წელს მაშინდელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, მოხდა საბაკალავრო სასწავლო პროცესიდან ქართული ენის ამოღება. ის სავალდებულო წესით ისწავლებოდა ყველა სპეციალობის ქართულენოვან სექტორზე და მოხდა მისი ამოღება. ეს იყო ქართული ენის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი. ეს არ იყო ერთადერთი ნაბიჯი. ამას გარდა მაშინ გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია, პარლამენტში აღარ შეიქმნა ქვეკომიტეტი, რომელიც სახელმწიფო ენაზე იყო უშუალოდ ორიენტირებული. გაუქმდა ენის პალატა და ბევრი სხვა აქტივობა განხორციელდა, რომელმაც, რა თქმა უნდა შეზღუდა, პირდაპირ შეტევა მიიტანა მიზანმიმართულად ქართული ენის ცნობიერების ამაღლებაზე.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში პირველი, რაც გაკეთდა 2013-14 წელს შემუშავდა სახელმწიფო ენის კანონპროექტი, რომელიც 2015 წელს კანონის სახით იყო მიღებული და დამტკიცდა. 2019 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, მოხდა იაკობ გოგებაშვილის დედაენის დაბრუნება, როგორც მთავარი სასწავლო სახელმძღვანელოს დაბრუნება სასწავლო პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და ახლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობით, რომლის ინიციატორებიც იყვნენ მეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და წამყვანი ენათმეცნიერები, რომ ქართული ენის სწავლება გავაძლიეროთ, გავაფართოოთ უმაღლეს სასწავლებლებში.

ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის უფრო გაძლიერებისთვის, უფრო მეტად დამკვიდრებისთვის. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები ეროვნულ უმცირესობებში. განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა კვლევებით, რომ 93% უკვე კარგად ფლობს ქართულ სახელმწიფო ენას, თუმცა ამას სჭირდება უფრო მეტი გაძლიერება. მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ერისთვის, საკუთარი სახელმწიფო ენის მოფრთხილება და გაძლიერება არის ეგზისტენციალური საკითხი. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს სრული მზაობა და პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ეს საკითხი იყოს მიღებულ და მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო წესით აღდგება ბაკალავრიატის დონეზე ქართული ენის სწავლება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ” აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი გახსნა

აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ”  აამოქმედა. 70 კვ.მ-ზე მოწყობილი შოურუმი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გამოცადონ დანიური ბრენდის და ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ნაწილი ლიმიტირებულია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრებისთვისაც.

საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანია ხმას, დიზაინსა და ტექნოლოგიას ერთ პროდუქტში აერთიანებს და მომხმარებლებს პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ხმის სისტემებს(დინამიკები, საუნდბარები, WiFi/Bluetooth აუდიო მოწყობილობები), ყურსასმენებს, ტელევიზორებსა და მოწყობილობებს, რომლებიც თავსებადია სხვადასხვა პლატფორმასთან და ჭკვიან სახლში ინტეგრაციისთვის. ბრენდისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური, სკანდინავიური დიზაინი კი პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა.

Bang & Olufsen-ის თბილისის შოურუმი სრულად ასახავს ბრენდის გლობალურ კონცეფციას, შესაბამისად, მომხმარებლები ადგილზე მრავალფეროვან პროდუქტებთან ერთად ინდივიდუალური კონსულტაციითა და კონსიერჟ-სერვისით სარგებლობასაც შეძლებენ.

წლებია Bang & Olufsen-ი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს; საქართველოში პირველი შოურუმის გახსნის შემდეგ კი მათს გეგმებში გაფართოებაც შედის.

თიბისი, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორი, აქტიურად აფინანსებს ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს და ბაზარზე წამყვანი კომპანიების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბაზარზე Bang&Olufsen-ის შემოსვლა კი მაღალი კლასის სტანდარტს აწესებს, რაც სექტორის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7477 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7477 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7483 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1167 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1138 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა.

თუ ევროკავშირი დააყენებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელებს პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს ევროპული პერსპექტივა – გახარია

თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ Caucasus Watch-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას.

„ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციას აღიქვამს როგორც საფრთხეს საკუთარი ძალაუფლებისთვის, რადგან ის მოითხოვს გამჭვირვალობას, ძალაუფლების განაწილებასა და ინკლუზიურ მმართველობას, მოთხოვნებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სულ უფრო ავტორიტარული ელიტის ინტერესებს.

„ქართული ოცნება“ სრულად ითვისებს ორბანის ანტიდემოკრატიულ მეთოდებსა და ნარატივებს, ხოლო პარალელურად ინარჩუნებს მხოლოდ ფორმალურ, ფასადურ ურთიერთობას დასავლეთთან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ ევროპულ ძალად წარმოჩინდეს. ეს ორმაგი სტრატეგია შიდა და გარე აუდიტორიების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – განაცხადა გახარიამ.

მან ინტერვიუში, ასევე, ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იკვეთება არანაირი რეალური ინტერესი უკრაინის ომის სამართლიანი დასრულების მიმართ.

„მისი პოპულისტური რიტორიკა და შეთქმულების თეორიებით გაჯერებული ნარატივები სრულად ემთხვევა კრემლის დეზინფორმაციას, დასავლეთს აბრალებს რუსეთის აგრესიას და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებს იმაში, თითქოს ისინი თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ მეორე ფრონტის გასახსნელად. ერთგულება მოსკოვის მიმართ აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს, აშორებს მას სტრატეგიულ მოკავშირეებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რეჟიმი ინარჩუნებს წვდომას დასავლურ ბაზრებზე. ეს აძლიერებს ქვეყნის მიმზიდველობას ისეთი კაპიტალისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგულირებას. ეს ორმაგი სტრატეგია, ავტორიტარიზმი შიგნით და ღია ფინანსური არხები გარეთ, განამტკიცებს ძალაუფლების არსებულ კონსტრუქციას.

საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩემი ერთგულება არის ცალსახა და შეუქცევადი. მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას. თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა გახარიამ.

მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას, რომ რაღაცას წარმოადგენენ, არსად წასვლას არ ვაპირებთ, მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირპროპორციულია -თეა წულუკიანი

მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას, რომ რაღაცას წარმოადგენენ. უნდა იცოდნენ, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირპროპორციულია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

კერძოდ, წულუკიანმა კითხვით მიმართა ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება:

„დღეს ხომ არ გემუქრებათ ვინმე ან რამე, რადგან ეს მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას იმის თაობაზე, რომ საერთოდ რაღაცას წარმოადგენენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი ფართხალებენ. მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირპროპორციულია. ჩვენ ვართ ჯარისკაცები, არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი არ განადგურდებიან. შესაბამისად, ხომ არ არის მაინც რაღაც საფრთხე, თუნდაც მოჩვენებითი, რადგან ამდენ ჭირ-ვარამ გამოვლილ ადამიანს, შეიძლება, მეტად ალესილი გქონდეს მგრძნობელობა სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისადმი. ხომ არ არის ასეთი, რომ საჯაროდ ვუთხრათ საზოგადოებას და ჩვენც ვიცოდეთ?“

ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის დასკვნით უნდა დადგინდეს ფაქტი, რომ „რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები“.

„როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენების, მათთვის პატივის მიგების. მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს არ გვპატიობენ არცერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს.

არადა, დასკვნა, რომელიც კომისიამ უნდა დადოს და მთელი საქმიანობა, რასაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ დადგინდეს ფაქტი, იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც – მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კოხტა კოდუა დამემუქრა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ცრუ ბრალდებას, წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში დამემუქრნენ ბუხარში ცეცხლში დაწვით

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ყოფილ პატიმარს, ლაშა არქანიას მოუსმინეს.

ლაშა არქანიამ ჯვარის პოლიციის და შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. ლაშა არქანიას თქმით, ჯვარის პოლიციის განყოფილებაში ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად და მისგან მოითხოვდნენ, დაედანაშაულებინა მისთვის უცნობი პირები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ტერორისტული აქტის ჩადენაში.

ლაშა არქანიას განმარტებით, მის მიმართ ძალადობა დაიწყო მიტოვებული ქარხნის ტერიტორიიდან და ამის შემდგომ გაგრძელდება ჯვარისა და წალენჯიხის პოლიციის განყოფილებებში. კერძოდ, ლაშა არქანიას განცხადებით, 2011 წლის 14 ივნისს, მის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, იმჟამინდელი რეჟიმის პოლიციელებმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მოხდა მისი გატაცება.

ლაშა არქანიას ინფორმაციით, მის გატაცებაში მონაწილეობდნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი ვახტანგ აბაშიძე, ასევე რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია.

„ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა, გოჩა გოგოხიამ იქ მყოფ პოლიციელებს უბრძანა, გარეთ გასულიყვნენ. შენობაში დაიტოვა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი თანმხლები პოლიცილებითურთ გააგრძელა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა იმით, რომ მან პირველად დამარტყა ხელი ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ იქ მის გვერდით მყოფ და ჩემ მიერ დასახელებულ პოლიციელებს დაუბარა, რომ გადაეწიათ ჟალუზები, ჩაექროთ შუქები და დავემუშავებინე. ეს დამუშავება გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ მე დამესახელებინა, დავხმარებოდი მათ პირადად, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტულ აქტის ჩადენაში. ჩემი როლი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, თითქოს მე ვიყავი თვითმხილველი იმ პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის. გარკვეულ როლს დამაკისრებდნენ თითქოსდა დახმარებაში. ამის გამო მპირდებოდნენ, რომ იქნებოდნენ ჰუმანური, მომისჯიდნენ მინიმალურ სასჯელს, 2 წლის ვადით. თუ არ დავეხმარებოდი ამ ყველაფერში, დამპირდნენ, რომ თავად მათ აიძულებდნენ, ჩემზე დაედოთ ხელი და დავედანაშაულებინე იმ დანაშაულში. იმ პირების შესახებ მე არათუ ინფორმაცია არ მქონდა, არამედ არც ვიცოდი, ვინ იყვნენ. ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ მომეპოვებოდა ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მოკლული იქნა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი და ჩემი თანასოფლელი. ჩემგან მოითხოვდნენ, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები ამ ტერორისტული აქტის  ჩადენაში. ჩემი წარმოდგენით, სამხედრო პროფესიიდან გამომდინარე და დამოკიდებულება იმჟამინდელი რეჟიმის მიმართ, რომ არ ვიყავი შემწყნარებლური, იყო ერთ-ერთი მოტივი, რაც განხორციელდა ჩემ მიმართ.

ჯვარის განყოფილებაში ჩემზე ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად. მირტყამდნენ ჩემ მიერ ხსენებული პოლიციელები. ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას. გამიყვანა იმჟამინდელმა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ და სცადა დახვრეტის იმიტაცია. გამიყვანა დასახვრეტად. დამაყენა არჩევანის წინაშე, დაგხვრეტ ან დამეხმარეო. მე ავირჩიე დახვრეტა. გამიყვანა კიდეც ამ მიზნით, მაგრამ პირადად მან დამარტყა იარაღის კონდახი, თუ მუჭი და მე აღმოვჩნდი მიწაზე, უგონო მდგომარეობაში და საბედნიეროდ, არდახვრეტილი. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ ზუგდიდან მოვიდოდნენ პირები, რომლებსაც ვერ გადავურჩებოდი. მოვიდნენ პირები, რომლებიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ეს იყო უკვე დილის პერიოდი. მთელი ღამის ცემისგან, წვალებისგან უძლური ვიყავი, ამ დროს კოხტა კოდუამ და რამდენდაც ვიცი, ზუგდიდის პოლიციის რომელიღაც განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ, უსიტყვოდ, უმიზეზოდ დამიწყეს ხელახლა ცემა.

მცემდნენ ხელებშეკრულს, როგორც მანამდე. მათ უთხრეს, რომ არ ვაპირებდი დახმარებას. ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხელის მოწერას, არამედ შემდგომ სასამართლო პროცესებში იმ პირების დადანაშაულებაში დახმარებას, რომლის ვინაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვებოდა. უარის შემდეგ, ჩემს პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა, თითქოს მე ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით ვიპოვე გამოქვაბულში, თითქოსდა მოვიხმარე ჰეროინი და თან წამოვიღე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თითქოს სოფლის ცენტრში შეიარაღებული და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამაკავეს. იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე, რადგან კოხტა კოდუა დამემუქრა, საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ამ ცრუ ბრალდებას“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.

ლაშა არქანიას თქმით, ამის შემდეგ ის გადაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა მისი ცემა და წამება.

„დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით, იმის გამო, რომ მე მათ არ დავეხმარე მათთვის სასურველ საქმეში. მოვახსენე იმჟამინდელ პროკურორს, რომ ეს ადამიანები არიან მწამებლები და ბრალს მდებენ დანაშაულში, რაც არ ჩამიდენია და ხელი მოვაწერე დანაშაულს, რომელიც ასევე არ ჩამიდენია. წალენჯიხის პროკურორი იმჟამად იყო ლევან ფიფია. მან ჩემი განცხადების საფუძველზე სავარაუდოდ ორ თვემდე პერიოდის შემდეგ დანიშნა ექსპერტიზა და აღძრა საქმე“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.

როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება -თეა წულუკიანი

უფლება მოგვეცით შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოვუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ, – ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ნაწამებ ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება.

წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს და მის „აქტიურ ცოფიანებს“ მსხვერპლების ხსენების და მათთვის პატივის მიგების ისე ეშინიათ, როგორც ეშმაკს სიწმინდის.

„როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება, მათთვის პატივის მიგება და არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს, მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს. არადა, ის დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ უნდა დადოს და მთელი ის საქმიანობა, რასაც ქართული ოცნება, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ ფაქტი იქნეს დადგენილი, რომ იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც – მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ, ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, ეს ადამიანი კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლაშა არქანია 2011 წელს დააკავეს. ხელახლა ჩატარებული გამოძიების თანახმად, თავდაპირველად დაკავებული უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, არქანიამ ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

ტექნოლოგიები და ინოვაციები – Global Tech Weekend Tbilisi 2025 – თიბისის მხარდაჭერით

20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მიმართულებების გარშემო გააერთიანებს, როგორებიცაა:

ხელოვნური ინტელექტი (AI)​, ფინტექი (FinTech)​, გეიმინგი, WEB3​, აგროტექნოლოგიები (AgriTech)​, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა.

ღონისძიების პარტნიორები არიან: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, ATARI, Totally Human, Game Nations.

იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავს ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ პროფესიონალები მოიყრიან.

Radio City | District 4-ში მისულ სტუმრებს დახვდებათ მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე და Outdoor სცენა, Co-Working და  მედია სივრცეები, Chillout და სპორტული ზონები, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპო, არტ-ინსტალაციები და სხვა.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ გლობალური ბრენდების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიას, ინფლუენსერებს.  

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასა და 80 სპიკერს გააერთიანებს.

სპიკერებს შორის იქნებიან:

  • Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი;
  • Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში;
  • Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი
  • Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამფუძნებელი;
  • John Nee – Marvel-ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი // DC Comics-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;
  • JP Isham – Gala-Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი;
  • Dmitri M. Johnson – Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი;
  • More speakers/partners TBA

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ ბმულით –

https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025

დამატებით ინფორმაციას სტარტაპ კონკურსის, გამოფენის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების სხვა დეტალების შესახებ,  Global Tech Weekend Tbilisi-ის  ვებ-გვერდზე იხილავთ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

R