Home Blog Page 8

“რატომ იწვევს ქაოსს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მობილური ტელეფონი? -The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რატომ იწვევს ქაოსს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მობილური ტელეფონი? 47-ე პრეზიდენტის პირადი სატელეფონო ნომერი ასობით ადამიანს აქვს, იგი სიამოვნებით პასუხობს უცნობ ზარებს. მისი მრჩევლები საგონებელში არიან ჩავარდნილნი“ (ავტორი – ედ კამინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჰეის რეზერფორდმა 1877 წელს თეთრ სახლში ტელეფონი დადგა, აშშ-ის მეთაურის სატელეფონო ზარების მიმართ სერიოზული მიდგომა ჩამოყალიბდა; როგორც კი ტელეფონი დარეკავდა, რომელიმე პასუხისმგებელი პიროვნება, ყველაზე ხშირად კი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ყურმილს იღებდა და სანამ პრეზიდენტთან გადართავდა, აბონენტს ეუბნებოდა – „დაელოდეთ პრეზიდენტს“. საუბრის შემდეგ თეთრი სახლის თანამშრომლები ამზადებდნენ ინფორმაციას, თუ რაზე და ვისთან ისაუბრა პრეზიდენტმა. ასეთი ტრადიცია უცვლელი დარჩა ბარაკ ობამას – სმარტფონების ეპოქის პირველი პრეზიდენტის –  დროსაც: იგი დაარწმუნეს იმაში, რომ მისი ყოველი სატელეფონო ზარი თეთრი სახლის წესებს უნდა დაჰქვემდებარებოდა.

დონალდ ტრამპმა, რომლისთვისაც ტელეფონი განუყრელი თანამგზავრია, შეიძლება ითქვას, ამ ტრადიციას ბოლო მოუღო. იგი აიფონით სარგებლობს ყველგან, სადაც მოესურვება და რა დროსაც დაურეკავენ, იგი ყურადღებას არ აქცევს არანაირ წესებს და არც უსაფრთხოება არ ადარდებს. მისთვის როგორც პრეზიდენტისათვის, ტელეფონის აპარატი კომუნიკაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს – ნებისმიერ ამერიკელთან. ყველამ – მეგობრებმა, ნაცნობებმა, მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა, ჟურნალისტებმა, გოლფის მოთამაშეებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც დონალდ ტრამპმა პირველად დაინახა ტელევიზორში, შეუძლიათ პრეზიდენტის პირადი მობილური ტელეფონიდან მოულოდნელი ზარი მიიღონ და ესაუბრონ.

დონალდ ტრამპის პირადი სატელეფონო ნომერი ასობით ადამიანს აქვს. გარდა ამისა, იგი ხშირად პასუხობს სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც მას ურეკავენ. ამის შედეგად მისი ტელეფონის აპარატები – ფიჭური კავშირის სამი აპარატი – ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები გახდნენ მსოფლიო პოლიტიკაში. ტრამპის ტელეფონები რისხვაა მისი მტრებისათვის, პრობლემაა უსაფრთხოების თანამშრომლებისათვის და ერთგვარი გართობის ობიექტია მისი მომხრეებისათვის.

„დონალდ ტრამპი გატაცებულია ტელეფონის აპარატებით სარგებლობით“, – ამბობს მაიკლ ვოლფი, ჟურნალისტი, რომელმაც ოთხი წიგნი დაწერა პრეზიდენტზე, – ტელეფონი მისთვის კიდევ ერთ პლატფორმას წარმოადგენს. მას ტელეფონით საუბრის საკმაოდ უცნაური გამოცდილება აქვს. თქვენ გგონიათ, რომ იგი საუბარს სწრაფად დაასრულებს? არამც და არამც. დონალდ ტრამპი „ყურმილს“ პირველი არასოდეს არ „დადებს“ (მობილურ ტელეფონს პირველი არ გათიშავს) და საუბრის გაგრძელება დაუსრულებლად შეუძლია. ეს თქვენ უნდა გათიშოთ ტელეფონი“.

გასულ თვეში თეთრ სახლში მიმდინარე პრეს-კონფერენცია რამდენჯერმე შეჩერდა პრეზიდენტის ტელეფონის ზარებით. ხან კონგრესმენები რეკავდნენ, ხან სრულიად უცნობი პირები. დონალდ ტრამპის თავისუფალი და „შინაურული“ ურთიერთობა სატელეფონო აბონენტებთან მის უსაფრთხოების მრჩევლებში შეშფოთებას იწვევს – ვაითუ მას ვინმემ მოუსმინოს, „კოდი გატეხოს“ და ამით პრობლემები შექმნას. ამას წინათ ჟურნალმა The Atlantic-მა მკითხველებს აუწყა, რომ თურმე ჩინელებს დონალდ ტრამპის ტელეფონისთვის მოუსმენიათ ჯერ კიდევ არჩევნების პროცესში. იმ დროს, როცა მისი თანამშრომლები დაშიფრულ კავშირზე გადავიდნენ, მას ეს საკითხი აბსოლუტურად არ ადარდებდა.

ექსპერტები შიშობენ, რომ აპარატის კოდის „გატეხვის“ გარდა, დონალდ ტრამპის უდარდელი დამოკიდებულება სატელეფონო საუბრებისადმი კიდევ ერთ პრობლემას ქმნის – იგი შეიძლება ვინმემ მოატყუოს და თავი რომელიმე სახელმწიფოს ლიდერად წარუდგინოს.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ოფიციალურად აქვს დაცული კავშირის სტაციონარული აპარატები და ხაზები, მაგრამ იგი კავშირისთვის უპირატესობას პირად ტელეფონს ანიჭებს. „მაგრამ როცა საქმე პრეზიდენტის პირად ტელეფონს ეხება, მეტი საფრთხე არსებობს. ყველა აპარატს აქვს მიკროფონი და ვიდეოკამერა, რომლის ჩართვა შორიდანაც შეიძლება. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ სიტუაცია: პრეზიდენტი თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტშია და ამ დროს მას ვიღაც ძალიან შორიდან თვალს ადევნებს“, – ამბობს პროფესორი ალან ვუდვორდი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი სურეის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

დონალდ ტრამპი სიამოვნებით პასუხობს ზარებს  და თვითონაც ხშირად ურეკავს იმ ადამიანებს, ვისთანაც მას საუბარი სურს, შეიძლება სრულიად უცნობებსაც. მისი წინამორბედი პრეზიდენტები კი მხოლოდ რამდენიმე აბონენტს ესაუბრებოდნენ ხოლმე. როგორც გოლფის ბრიტანელი მოთამაშე  ნიკ ფალდო ამბობს ინტერვიუში, მას ტრამპი ყოველი ტურნირის შემდეგ ესაუბრება ხოლმე. „რასაკვირველია, მეც შემიძლია დავურეკო და ველაპარაკო. სადაც არ უნდა ვიყო, მსოფლიოს რომელიღაც წერტილში, [მეგობრების წრეში], შემიძლია დავიტრაბახო და ვთქვა – „აი, ახლავე დაგიმტკიცებთ“ და დავრეკო. იგი ყოველთვის მპასუხობს“.

ბრიტანელი ჟურნალისტი პირს მორგანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზარების კიდევ ერთი მიმღებს წარმოადგენს: „მე დონალდ ტრამპს 18 წელია ტელეფონით ვესაუბრები. სხვა მსოფლიო ლიდერებისაგან განსხვავებით, როცა ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მან თავისი ტელეფონის ნომრით სარგებლობა გააგრძელა და არ შეუცვლია.. ტელეფონით საუბარი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მას თუ ვინმე მოეწონება – დაინახავს ან მასზე წაიკითხავს – გაიგებს ნომერს, აიღებს ტელეფონს და უბრალოდ დაურეკავს, რაღაცებზე ლაპარაკს დაუწყებს. მე ბევრს მსოფლიო ლიდერს ვიცნობ, მაგრამ ტრამპთან საუბარი ყველაზე იოლია. ამას წინათ, როცა მას კირ სტარმერი შეხვდა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ტაქსიდან დავურეკე და ველაპარაკე. შევატყვე, თუ როგორ იცვლებოდა ტაქსისტის სახე, რომელიც საუბარს ისმენდა… 15 წუთის შემდეგ საუბრის დასრულება მომიწია და ვუთხარი – „ნახვამდის, მისტერ პრეზიდენტო, ალბათ ამერიკაში მალე ჩამოვალ და გნახავთ“. ტაქსისტმა, რომელმაც მიცნო, მკითხა: „მისტერ პირს, მე ბოდიშს ვიხდი თქვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრისათვის, მაგრამ მაინტერესებს – ვისაც ელაპარაკეთ, მართლა დონალდ ტრამპი იყო?“. ვუთხარი, რომ „კი, ამერიკის პრეზიდენტს ვესაუბრე-მეთქი“. „35 წელია ვტაქსისტობ და პირველად ვნახე მგზავრი, რომელიც ჩემს ზურგს უკან ზის და ამერიკის პრეზიდენტს ელაპარაკება“, – ემოციურად მითხრა მძღოლმა“.

პირს მორგანისათვის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების სტილი არის იმ დემოკრატიული, თავისუფალი მოქმედების გამოხატულება, რომელიც ძალიან მოსწონთ პრეზიდენტის მომხრეებს და ძალიან სძულთ მის ოპონენტებს. „ეს არის ის, რაც დონალდ ტრამპს იმ სხვა მოსაწყენი, შაბლონური პოლიტიკოსებისაგან განასხვავებს, რომელთა პირველი კითხვა მაღალი პოსტის დაკავებისას ქცევის წესს ეხება – „მირჩიეთ, როგორ უნდა მოვიქცე, მომეცით წესები, რომლის მიხედვით უნდა ვიმოქმედო“. ტრამპი ასე არ აკეთებს. იგი არანაირ წესებს არ ემორჩილება. მისი ახლობლები ამბობენ, რომ მას ტელეფონით ლაპარაკი საათობით შეეძლო, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან. იგი პირველი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში (კანდიდატობის პერიოდიდან), რომელიც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და პოსტებს აქვეყნებს, ახალი ამბების სახით.

„შუაღამისას რომ გაიღვიძოს და რაღაც ნახოს ახალ ამბებში თავის საწინააღმდეგოდ, იგი აუცილებლად იმავ წუთს დაწერს რაღაც საპასუხოს ონლაინ რეჟიმში – პირდაპირ იმ ოთახიდან, სადაც თავის დროზე აბრაამ ლინკოლნს ეძინა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი ტელეფონის ძალა. რამდენი მსოფლიო ლიდერი აკეთებს ასე?“, – ამბობს პირს მორგანი.

წლების განმავლობაში პრეზიდენტების კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა სულ უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ჰერბერტ გუვერმა (იგი პრეზიდენტი იყო 1929-1933 წლებში, ფრანკლინ რუზველტის წინ) მიბაძა ჰეის რეზერფორდს და ტელეფონის აპარატი უშუალოდ თვითონ დაიდგა, ოვალურ კაბინეტში, პირდაპირი კავშირით. ბარაკ ობამას, რომელმაც პირველმა დაიწყო პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობა, უნდოდა თავისი  „ბლაქბერი“ შეენარჩუნებინა, მაგრამ იძულებული გახდა სერიოზულად შეემცირებინა თავისი პირადი კონტაქტები.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ერთადერთი მსოფლიო ლიდერი არ არის, რომელსაც სატელეფონო საუბრების გამო აკრიტიკებენ. „უსაფრთხოების გათვალისწინებით, [საკუთარი შეხედულებით], მას შეუძლია საუბრის ჩაწერა, ვთქვათ, ვლადიმერ პუტინთან“, – ამბობს ალან ვუდვორდი, – თუმცა გარეშე არაოფიციალური საუბრები მაინც გრძელდება… პოლიტიკოსები თვლიან, რომ მათი მობილური ტელეფონი მათი პირადი სივრცეა, მაგრამ ეს ასე არ არის. ტელეფონი ისეთი მოწყობილობაა, რომლითაც სხვებს ისე შეუძლიათ ზურგს უკან სარგებლობა, რომ მფლობელი შეიძლება აზრზეც არ იყოს“.

2021 წელს, როცა ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო, მისი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი ინტერნეტში 15 წლის განმავლობაში თავისუფალ წვდომაში იყო. დღევანდელი პრემიერი კირ სტარმერი ასეთ სიტუაციას დაუშვებლად თვლის „ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით“. იგი დაცულ ტელეფონზე 2008 წელს გადავიდა, როცა გენერალური პროკურორი გახდა.

არცთუ დიდი ხნის წინათ დონალდ ტრამპის მთავრობის წევრები სკანდალში გაეხვივნენ, როცა მობილური ტელეფონის მეშვეობით სოციალურ ქსელში იემენზე შეტევის გეგმას იხილავდნენ და ამ ყველაფერს ჟურნალისტიც შეესწრო.

ტრამპის წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის ტელეფონი სპეციალურად არის მოდიფიცირებული და მაღალი უსაფრთხოება აქვს, მაგრამ დეტალები არ დაუზუსტებით. გაზეთ „პოლიტიკო“-სთან ინტერვიუში კრის ლაჩივატას თქმით (იგი ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი იყო არჩევნების დროს), მან უარი თქვა თავისი ბოსის მიმართ მცდელობებზე, რომ ტელეფონით ლაპარაკი გადაეთქმევინებინა. „მე მას ტელეფონს ხომ ვერ დავუმალავდი?  ტელეფონის ნომერს ხომ არ შევუცვლიდი? ხომ ვერ ვეტყოდი, რომ არასად არ დარეკო-მეთქი?“.

მაიკლ ვოლფის თქმით, დონალდ ტრამპი დაუსრულებელი სატელეფონო საუბრის დროს სახელმწიფო საიდუმლოებებს არავის არ უზიარებს.  „მე ამაში დარწმუნებული ვარ. იგი ასეთ საკითხებზე არავისთან არ საუბრობს – მიდის მხოლოდ „ლაი-ლაი“.

რა თქმა უნდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ხარ, შენს „ლაი-ლაი“-საც თავისი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ზოგიერთი არ დაელოდოს პრეზიდენტს, სანამ იგი სხვასთან ლაპარაკს დაასრულებს, თუმცა მსოფლიოს ლიდერების უდიდესი ნაწილი ძველებურად უსმენს მის ყოველ სიტყვას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა, რაც 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს რეგისტრირებულ აღსაზრდელთა სწრებადობის აღრიცხვას.

„დღესდღეობით დედაქალაქის საბავშვო ბაღებში აღრიცხვიანობის სტანდარტული, მანუალური სისტემა მოქმედებს, რომელიც იწარმოება მატერიალური ჟურნალების გამოყენებით და თითოეული ბავშვის აღრიცხვა ხდება სპეციალური თანამშრომლის მიერ. პროექტის განხორციელების შედეგად თითოეულ საბავშვო ბაღში დაინერგება ელექტრონული დაშვების საბარათე სისტემა, რაც მოიცავს ბარათის წამკითხველებს, ვიდეოკამერებსა და ბარათებს. აღნიშნული ბარათები დაურიგდებათ როგორც თანამშრომლებს, ისე აღსაზრდელების მშობლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის თქმით, მეტი კომფორტისთვის, ბარათებთან ერთად, შესაძლებელი იქნება QR-კოდების მეშვეობით, მობილური ტელეფონის გამოყენებით აღსაზრდელის ბაღში შესვლისა და ბაღიდან გასვლის დაფიქსირება მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ.

„სისტემა საშუალებას მისცემს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს, თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადაამოწმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის განხორციელება და შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე კი, ელექტრონული პროგრამის შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რაც რამდენიმე თვეში დასრულდება.

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დაუპირისპირებენ.

„საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. მხოლოდ საქართველოსთვის არ არის ეს დამახასიათებელი. ასეთი კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი. აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილისა და ზიზღის კამპანიები, რასაც ჩვენ თავლყურს ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, მკვეთრად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა -მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა.

„ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან, სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადების, დაუღალავი შრომის. მსურს, მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უვნებლად დაბრუნება ვუსურვო“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1088724796406182&set=a.344849174127085&type=3&ref=embed_post

,,საინტერესო ისაა, რომ ტუსკმა მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს თავის ქმედებებს”- შალვა პაპუაშვილი

პოლონეთის მთავრობის წევრია ბატონი სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ამ კომენტარით პაპუაშვილი გამოეხმაურა დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გასაუქმებლად.

„ის შეეცადა, რომ მარცხი, რომელიც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში, დაეკომპენსირებინა პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით. მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, მოსახლეობის 45% ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას. ასე რომ, ეს ის შიდა საკითხებია, რომლითაც ისინი თამაშს ცდილობენ.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს – ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად, იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა.

ამ საბაბებს რომ ეძებენ, საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში. ისაუბრებენ, თითქოს, პოლიტიკასა და ხელისუფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აბრალებს, საბოლოო ჯამში, მის ამ საქციელს და ქმედებებს. არავითარი გასაოცარი არ არის, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, რას უნდა ველოდეთ ღირებულებების თვალსაზრისით?”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატივისგან, მოიცილეთ ცუდი აზრები, უსიამოვნო მოგონებები, სახლიდან გაიტანეთ დრომოჭმული, უსარგებლო და დაზიანებული ნივთი.

კურო

კარგი პერიოდია საქმეების რეორგანიზაციისთვის, დამოუკიდებლად თავს მშვენივრად გაართმევთ ნებისმიერ სიტუაციას, მთავარია, დაიცვათ ემოციური და ენერგეტიკული ბალანსი.

ტყუპები

იზრდება თქვენი შესაძლებლობები, სწორედ და სასარგებლოდ წარმართოთ თქვენი საქმიანობა, ამაში დაგეხმარებათ ინტუიცია.

კირჩხიბი

ნუ გადაიტვირთავთ თავს საქმეებით, პერიოდულად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.

ლომი

შესაძლოა, შეიტყოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დადგა დრო, როცა მოქმედებისთვის მეტი თავისუფლება გექნებათ.

ქალწული

კარგად დაფიქრდით, სანამ აკვიატებული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგებით, რადგან, დიდი ალბათობით, ეს შედეგს არ მოგიტანთ, პირიქით, შესაძლოა, პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ.

სასწორი

შესაძლოა, წარმოქმნილი ვითარების გამო, ნიღბის მორგება დაგჭირდეთ, რათა  თქვენი წყენა დამალოთ. უნდა იცოდეთ, რომ ეს ახლა სწორი ნაბიჯია.

მორიელი

შესაძლოა, დღეს აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც სწორად ვერ გაგიგებენ და ამაოდ მოგიწევთ თქვენი იდეების უპირატესობის მტკიცება. დაელოდეთ ხელსაყრელ დროს.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით უმადური საკუთარი თავისა და ბედის მიმართ, ყველაფერს პოზიტიური თვალით შეხედეთ.

თხის რქა

ნუ მოინდომებთ ძალიან ბევრს, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. იზრუნეთ უკვე დაწყებული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

მერწყული

შეეცადეთ, მოიწყოთ მყუდრო გარემო და განმარტოვდეთ, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ „ჭკუის დამრიგებლები“, რომელთა რჩევებიც მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

თევზები

ერიდეთ ორპირობასა და სიცრუეს, შესაძლოა, თქვენმა ამგვარი ქმედებამ სერიოზული ზიანი მოგიტანოთ.

„ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით“ – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს.

ამის შესახებ ტუსკმა ოთხშაბათს, პოლონეთის პარლამენტში მიგრაციის შესახებ საუბრისას განაცხადა, სანამ მთავრობისგან გადამწყვეტ ნდობის ვოტუმს მიიღებდა.

„სხვათა შორის, ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით. დიახ, ეს არის ჩემი განზრახვაც, კარგად ვიცი, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, ვისაც ძალიან სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რაშია პრობლემა.

ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს – ბოდიშს ვუხდი ქართველებს, ვინც შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. ზოგადად, მე მტკიცედ მომხრე ვარ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს ავტორიტარული ხელისუფლების სტანდარტებს ან საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონიერებას და წესრიგს ჩვენს ქვეყანაში თუ ევროპაში“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

,,სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების მიზანია, აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით” მამუკა ხაზარაძე

ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის მიზანი იყო ოპოზიციური ერთობის – “წინააღმდეგობის პლატფორმის” – აღდგენა.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის რესურსს ხედავს.

მისივე თქმით, შეხვედრის ინიციატორი თავად “ლელო” იყო.

“ბოლო ერთი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე – ეს იქნება პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით ა.შ. ჩვენ ინტენსიური შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ ჩვენ შევხდით პოლიტპატიმრების მშობლებს, რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხდით პრეზიდენტს და მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანია აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ჩვენ საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და გამტკიცებას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ის ხედავს რესურსს და პოტენციალს ერთობის აღდგენისათვის – განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას.

“მე ვხედავ ამ ერთობის აღდგენის რესურსს, რადგან ქვეყანა არის უფსკრულის პირას. უნდა დავანებოთ ყველაფერს თავი და ვიფიქროთ იმაზე თუ რა არის გამარჯვების ფორმულა. სანამ ამ ფორმულაზე ჩამოვყალიბდებით, პირველ რიგში, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რომ ყველამ დაინახოს – სამშობლო არის უპირველესი!”, – განაცხადა ხაზარაძემ.

,,ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, ასეთად დარჩეს, თუმცა ევროპული ბიუროკრატია აკეთებს ყველაფერს, რომ განწყობა შეიცვალოს, ჩვენ ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას”- პრემიერი

ჩვენთვის ძალიან დასანანია ის უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა უსამართლო განცხადებებისა, ხშირად არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების.

„ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ევროპულ ბიუროკრატიასთან. ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირი პრეცედენტები და ზოგადად, ვხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ ხოლმე პატივს საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს, რაც ჩვენთვის ძალიან დასანანია. ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, რომ დარჩეს მომავალშიც სამართლიანობის სიმბოლო, თუმცა ევროპული ბიუროკრატია, სამწუხაროდ, აკეთებს ხოლმე ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას და ამასთან ერთად გამოვთქვამთ იმედს, რომ იმ დროისთვის, როდესაც საქართველო იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ დადებითი მიმართულებით შეიცვლება მოვლენების განვითარება ევროპაში და ჩვენც გვინდა გამოვთქვათ ასეთი ოპტიმიზმი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების ცვლილება, რადგან გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური მიზანი – ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვინდა გავწევრიანდეთ სამართლიან ევროკავშირში, სადაც ბიუროკრატია და პოლიტიკოსები სამართლიანად აფასებენ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამ ჭრილში კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს და უნგრეთის ხელისუფლებას სწორედ რომ მათი სამართლიანი დამოკიდებულებისთვის. თუ ვინმესგან ვისმენთ ჩვენ სამართლიან შეფასებებს და ვხედავთ სამართლიან დამოკიდებულებას, ეს არის უნგრეთის ხელისუფლება. სწორედ ამ სამართლიანობის გამოხატულებაა ის, რომ უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე მკაფიო და ძლიერ მხარდამჭერად. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის ჩვენს უნგრელ მეგობრებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,საქართველოსთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რადგან საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად ვითარდება”- ვიქტორ ორბანი

საქართველოსთან ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ, რადგან საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის საქართველოში საავიაციო ბაზრის ლიდერი 28 მიმართულებით დაფრინავს საქართველოს ჰაბიდან, მოხსნა ყველა რეკორდი და პირველად ისტორიაში, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა მისმა მაჩვენებელმა.

„ჩვენ, ასევე, გავზარდეთ ტვირთბრუნვა და ვაჭრობა საქართველოსთან. ფარმაციული პროდუქცია საქართველოში ჩვენგან გადის ექსპორტით.

ჩვენ თანამშრომლობას ვავითარებთ ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ გაგვაჩნია ერთობლივი კომიტეტები და არის 5 ქვეყნისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რის შედეგადაც ხუთივე ქვეყანა ცდილობს, რომ მწვანე ელექტროენერგია, რომელიც კავკასიაში იწარმოება, შემოვიდეს უნგრეთში და ჩვენგან შევიდეს ევროკავშირში

. ამ პროექტის ფარგლებში ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობის ენერგეტიკა კიდევ უფრო გავზარდოთ, განვავითაროთ. უკრაინელებმა გადაკეტეს ყველა არხი ენერგეტიკის მიწოდებისა ევროკავშირის მიმართ, ამ პირობებში, ეს ჩვენი ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი მარშრუტი იქნება ეკონომიკური საქმიანობისთვის ძალიან ძლიერი.

მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალშიც გვექნება ქართველ მეგობრებთან ერთად. არაერთ პროექტს განვახორციელებთ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

“უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად”-Foreign policy

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign policy) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად“ (ავტორი – პოლ ჰოკენოსი). ვრცელ ანალიტიკურ პუბლიკაციაში განხილულია უკრაინისადმი ევროპის ქმედითი დახმარების სცენარები – ის, რაც უნდა გაკეთდეს ომში უკრაინის გამარჯვებისათვის, ამჯერად ევროპელების მხრიდან, როცა ამერიკას კიევისადმი დახმარების გაწევის შემცირება აქვს განზრახული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ უკრაინის პერსპექტივა რუსეთთან დაპირისპირებაში შესამჩნევად გაფერმკრთალდა. აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთგზის განაცხადა, რომ კიევს ისეთ სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, როგორსაც ჯო ბაიდენი უწევდა. ჩამოყალიბდა სიტუაცია, რომელმაც ძალიან შეავიწროვა უკრაინის გზა უსაფრთხო და სუვერენული მომავლისაკენ. ასეთმა მდგომარეობამ, თავის მხრივ, ბევრ ევროპელ დამკვირვებელში ღრმა პესიმიზმისა და სკეპტიციზმის გრძნობა გააჩინა.

მაგრამ გადაჭარბებული პესიმიზმი უადგილო და კონტრპროდუქტიულია. უკრაინა უკვე აწარმოებს ყველაზე თანამედროვე იარაღს თავისი არმიისათვის და აქტიურად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს  ბრძოლის ველზეც. კიევი წარმატებით გაუმკლავდა რუსეთს შავი ზღვის აკვატორიაში და ამას წინათ კრემლისათვის სრულიად მოულოდნელად განახორციელა საჰაერო ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ობობას ქსელი“, თანაც რუსეთის ღრმა ზურგში, აღმოსავლეთ ციმბირში, ბაიკალის ტბასთან, რასაც მოსკოვი ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს აქვთ ბრძოლის გაგრძელების უნარი და აქვთ სტრატეგია გამარჯვებისათვის – აშშ- დახმარების გარეშეც კი, რომელსაც კიევი მიჩვეული იყო და ახლა სავარაუდოდ, ძალიან შემცირდება.

გასულ კვირას ოდესაში (უკრაინა) შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფორუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეებმა იმედი გამოხატეს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოო ჯამში თავის პოზიციას შეიცვლის უკრაინის მიმართ და სამხედრო დახმარებას მეტი მოცულობით აღადგენს, ვიდრე ჯო ბაიდენის დროს იყო. ისინი იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას თავის მოკავშირედ აღიარებს და აცხადებენ, რომ უკრაინა იმსახურებს ათეული მილიარდობით დახმარებას და რომ დონალდ ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერებს, რომ ვლადიმერ პუტინი მას ათამაშებს და მისი განცხადებები ცეცხლის შეწყვეტის სურვილის თაობაზე მხოლოდ სიცრუეა და სხვა არაფერი. ზოგიერთები თვლიან, რომ უფრო რეალურია სხვა სცენარი: დონალდ ტრამპს შეუძლია კიევი და მოსკოვი დაადანაშაულოს – რადგანაც ისინი ვაშინგტონის მოთხოვნებს არ ასრულებენ [დაზავები საკითხში], ამიტომ თეთრი სახლი შეწყვეტს თავის მონაწილეობას (შუამავლობას) დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და კიევს ამერიკულ იარაღს აღარ მისცემს.

თუმცა ამ სიტუაციაში მთავარია ერთი მომენტი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე საბოლოოდ უარს არ აცხადებს. ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის რესპუბლიკელთა უმრავლესობა, აცნობიერებენ, რომ უკრაინის სავარაუდო კრახით ვაშინგტონს სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. ამიტომაც აშშ მაინც გააგრძელებს, ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინისადმი დახმარების გაწევას ძველი მოცულობითაც კი, თუ ეს აშშ-სათვის ძალიან მძიმე ტვირთი არ იქნება.

ვაშინგტონელი ინსაიდერები, რომლებიც კარგად არიან ჩახედულნი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმეებში უკრაინის მიმართულებით, ამტკიცებენ, რომ აშშ არ შეზღუდავს უკრაინისადმი დახმარებას თანამგზავრული (კოსმოსური) დაზვერვის მონაცემებით, რომლებიც ჰაერივით აუცილებელი და სასარგებლოა კიევის არმიისათვის – ბრძოლის ველზე და მტრის ზურგში სამიზნეების ზუსტი განსაზღვრისათვის. ფრონტის ხაზის კოსმოსური ფოტოსურათები უკრაინისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ისინი არმიის თვალს და ყურებს წარმოადგენენ.

რუსეთ-უკრაინის ომის (ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“) დაწყების შემდეგ აშშ-ის გეოსივრცობრივი დაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინას კოსმოსური თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოების პლატფორმაზე დაშვების უფლება მისცა. ფოტოსურათები უმაღლესი დონის გარჩევადობით გამოირჩევიან და მათი გამოყენების და  მიხედვით იქმნება სრული წარმოადგენს რუსეთის არმიის ქვედანაყოფების გადაადგილების თაობაზე. შესაბამისად, უკრაინის ჯარებისათვის ორიენტაცია გაიოლებულია. როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ზურგში განხორციელებული ოპერაციები და შორსმსროლელი არტილერიის დაბომბვები სწორედ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოებით არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ ტექნოლოგიებიდან, რომლის ჩანაცვლება არც უკრაინელებს და არც ევროპელებს არანაირად არ შეუძლიათ, მხოლოდ ამერიკულ თანამგზავრებს აქვს დედამიწის ორბიტიდან განხორციელებული კოსმოსური დაკვირვების შესაძლებლობა. გავიხსენოთ, რომ როცა დონალდ ტრამპმა დროებით შეუჩერა უკრაინას აღნიშნული მონაცემების გადაცემა (თეთრ სახლში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ), კიევს ეს ძალიან ძვირად დაუჯდა – ვოლოდიმირ ზელენსკი უკიდურესად არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა. ასე რომ, აშშ-ის ასეთი დახმარება უკრაინისათვის აუცილებელია და თანაც ძალიან იაფი.

სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფის გარდა უკრაინის წარმატება ამჟამად დამოკიდებულია იმაზეც, გახდება თუ არა ევროპა მისი მთავარი მოკავშირე და მწყალობელი. არის ყველა ნიშანი იმისა, რომ საქმე სწორედ ამისკენ მიდის – მართალია ნელა და დაყოვნებით, მაგრამ მაინც. წამყვანი ევროპელი სახელმწიფოები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი – ისწრაფვიან, რომ ამ საქმეში თავიანთი ლიდერობა განამტკიცონ. ამ მიზნით მათ – ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად – დიდი თანხები გამოჰყვეს უკრაინის შეიარაღებისათვის და ფინანსური უზრუნველყოფისათვის. ევროკავშირი უკვე ამზადებს უფრო ხისტ და მკაცრ ანტირუსულ სანქციებს.

ევროპელები უკრაინას არამარტო დახმარებას ჰპირდებიან, არამედ ისინი იმასაც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომში კიევის გამარჯვება თვით ევროპის უსაფრთხოების გრძელვადიანი განმტკიცებისთვისაც. დღეს ეს გარემოება მათთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ მერცმა გერმანიის კანცლერის პოსტი დაიკავა, ბერლინი მნიშვნელოვნად გააქტიურდა დიპლომატიურად, რაც არ იყო ოლაფ შოლცის მმართველობის დროს. ევროკავშირმა, რომელსაც რუსეთთან შედარებით ცხრაჯერ მეტი მოცულობის ეკონომიკა აქვს, უკვე დაიწყო აშშ-ის ჩანაცვლება უკრაინის შეიარაღებითა და ფინანსებით უზრუნველყოფაში.

2021-2024 წლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვითი ბიუჯეტი 218 მილიარდი ევროდან 326 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლისათვის ხარჯები კიდევ მინიმუმ 100 მილიარდით გაიზრდება. დღეისათვის ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია – ისინი თითქმის მთლიანად არიან გადასულნი უკრაინის დახმარების განმტკიცებაზე.

მსოფლიო ეკონომიკის კვლევის კილის ინსტიტუტი (გერმანია) მივიდა დასკვნამდე, რომ ევროპას თავისი ხარჯების გაორმაგება მოუწევს, რათა აშშ-ის დახმარების მოცულობა ჩაანაცვლოს და მისი კომპენსაცია მოახდინოს უკრაინასთან მიმართებით. 2022 წლის თებერვალ-მარტიდან დაწყებული, აშშ-ის დახმარება შეადგენს 66,9 მილიარდ დოლარს სამხედრო შეიარაღების მხრივ, ხოლო 50 მილიარდ დოლარზე მეტი – პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. (…)

ევროპა, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს ამერიკული ტექნიკა, მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სფეროში.  დღეისათვის ვაშინგტონი უკრაინას აწვდის ამერიკული წარმოების უმრავლეს რაკეტულ სისტემებს, მათ შორის HIMARS-ებს და ATACMS-ებს, ჭურვებს შორსმსროლელი ჰაუბიცებისათვის და რაკეტებს – საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „Patriot-ისათვის. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ევროპა წარმატებით მუშაობს ტანკებისა და ქვემეხების წარმოების გადიდებისათვის.

რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებს აქვთ თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რუსული ფრთოსანი და განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ნაკლებად ეფექტურები არიან. ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot-ები ნატოს ქვეყნებისათვის ერთადერთი დანადგარია, რომელსაც ეფექტურად შეუძლია უკრაინის დაცვა რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან. ამჟამად ამერიკას „პეტრიოტის“ რეზერვები აღარ აქვს, ამიტომ ევროპელებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებისგან შეისყიდონ, ანუ ის „პეტრიოტები“, რომლებიც აშშ-მა სხვადასხვა დროს მიაწოდა თავის მოკავშირეებს. დონალდ ტრამპი ასეთ გარიგებებს არ ეწინააღმდეგება. Patriot-ები აქვთ, მაგალითად, ისრაელს და სამხრეთ კორეას. ბოლო ხანს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა თავისი ერთ-ერთი „პეტრიოტი“ უკვე გადასცა უკრაინას.

არსებობს „ფარული ტუზიც“ – ეს არის უკრაინის მძლავრი თავდაცვითი სექტორი, რომელიც ინოვაციური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა  ევროპაში. უკრაინის სამხედრო კომპლექსი აწარმოებს აუცილებელ თავდაცვით საშუალებებს (დაახლოებით 40%-მდე) ბევრად ნაკლები დანახარჯებით და ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ევროპელები. ყოველ მილიარდი დოლარი, რომელსაც ამერიკა თავის სამხედრო კომპანიებს უხდის უკრაინელებისათვის იარაღის დასამზადებლად, ევროპელებს უფრო იაფი დაუჯდებათ, თუ ისინი ამ იარაღს უკრაინაში დაამზადებენ. ფართოდ რეკლამირებული დრონების გარდა, უკრაინა ამზადებს უფრო ბევრ ჰაუბიცას და საარტილერიო სისტემებს, ვიდრე ევროპის ყველა ქვეყანა, ერთად აღებული. უკრაინელმა სპეციალისტებმა ზუსტად იციან, თუ რა იარაღი რამდენი სჭირდებათ და მუდმივად ახდენენ თავიანთი წარმოებული ტექნიკის ადაპტირებას საბრძოლო-საველე პირობებისადმი.

დანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც თავისი ფულით იარაღი დაუკვეთა უკრაინის თავდაცვით საწარმოებს უკრაინის არმიისათვის. როგორც ჩანს, დანიური მოდელი წარმატებული აღმოჩნდა. მიმდინარე წელს უკრაინის ხუთი მეგობარი – დანია, შვედეთი, კანადა, ნორვეგია და ისლანდია საერთო ოდენობით 1,3 მილიარდ ევროს გამოყოფენ კიევისათვის საარტილერიო სისტემების შესაძენად, დრონებისა და რაკეტების დასამზადებლად იმ სამხედრო ქარხნებისათვის, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. ამ თანხიდან 830 მილიონი ევრო იქნება ის პროცენტი, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების შედეგად არის მიღებული. მართალია, ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია.

უკრაინელები დაქანცულნი არიან ომით და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება სურთ, იმავდროულად ისინი დაუჯერებელ გამომგონებლობას და სიმტკიცეს ავლენენ, რისთვისაც ევროპამ მათ მადლობა უნდა უთხრას. თუ აშშ მზად აღარ იქნება უკრაინას დაეხმაროს, მაშინ ეს ევროპამ უნდა გააკეთოს. და ევროპა ეხმარება კიდეც, ფართო სამომავლო მასშტაბით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

,,ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის ევროინტეგრაციის გზაზე თქვენს მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება”-პრემიერი

აქართველოს და უნგრეთს აკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორის სამიტზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარეს და პირადად ვიქტორ ორბანს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისათვის, ყველა მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, დღეს, თქვენთან ერთად ყოფნა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის, სამიტის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის არის სამაგალითო თქვენი ლიდერობა, ის, თუ როგორ უძღვებით თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საქმეს, როგორ ზრუნავთ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, უნგრეთის იდენტობის დაცვაზე. ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის.

მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, მადლობა იმისათვის, რომ მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვის. როდესაც საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაში თქვენი დამსახურება იყო განსაკუთრებული და, დღესაც, როდესაც ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის თქვენს მხარდაჭერას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა, პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მთლიანად სამთავრობო გუნდს, უნგრეთის ხელისუფლებას, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება უნგრეთსა და საქართველოს შორის, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები, რაც, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ძალიან ხშირი შეხვედრები, ვიზიტების ინტენსიური გაცვლა და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ და განვავითაროთ. სამიტის ფორმატი ამის ძალიან კარგი შესაძლებლობაა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.