Home Blog Page 8

მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ – კახა კალაძე

მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას ეხება, კახა კალაძე პასუხსობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნისგან ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარი შვილი ომში მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში აკავებდნენ და ფრონტზე უშვებდნენ.

„ის რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ვხედავთ ყველა, რამხელა უბედურება ტრიალებს. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი, უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა დაეღუპა, ქვეყნიდან გავიდა უამრავი ოჯახი. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა ძალიან მძიმეა, როცა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი საუბრობს, რომ თავის შვილს მოხალისედ წასვლა გადააფიქრებინა, მაშინ როცა პირდაპირ აკავებდნენ ხალხს, ფრონტზე გასაშვებად. პარალელურად ჩვენგან პირდაპირ ჩარტერული რეისების დანიშვნას ითხოვდნენ, რაც ომში ჩართულობის მოწოდება იყო.

მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს – დიმიტრი პესკოვი 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს, სხვადასხვა ქვეყნები მხოლოდ ჰიპოთეზურად გვთავაზობენ კონტაქტების ორგანიზებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თავის, როგორც ქვეყნის, მომსახურებას, სადაც ჰიპოთეზურად, შესაძლებელია კონტაქტების დამყარება, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არანაირი არსებითი მზადება არ მიმდინარეობს. არსებობს დეკლარირებული გაგება და პოლიტიკური ნება, რომ ასეთი კონტაქტები იქნება საჭირო და მიზანშეწონილი“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც კომენტარი გააკეთა სხვადასხვა ქვეყნების განცხადებებზე მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მათ მზადყოფნასთან დაკავშირებით.

ამასთან, პესკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვლება.

დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!” – The Washington Post

აშშ-ის გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!“ // რასაც ტრამპი კანადაზე ამბობს, იგივეს აცხადებს პუტინი უკრაინაზე“ (ავტორი – ფარიდ ზაკარია, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში კრიტიკული თვალსაზრისითაა გადმოცემული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც ტერიტორიულ ექსპანსიას ეხება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი კანადა-აშშ-ის საზღვარს „ხელოვნურს“ უწოდებს. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინიც იგივეს ამბობს რუსეთ-უკრაინის საზღვრის მიმართ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი კონფლიქტების შეწყვეტის ლოზუნგებს „ისროდა“ და ყველას პირდებოდა მშვიდობის დამყარებას, აცხადებდა ამერიკის სიდიადისა და ძლიერების დაბრუნების სურვილს, ახლა კი, როცა იგი პრეზიდენტად არის არჩეული, მან, როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის იმპერიალიზმის აღდგენა გადაწყვიტა.  სულ რაღაც ერთი პრეს-კონფერენციის დროს დონალდ ტრამპმა კანადას აშშ-ის შტატად გადაქცევა შესთავაზა, ასევე მოისურვა გრენლანდიისა და პანამის არხის დაუფლება. არჩეული პრეზიდენტი კანადის მიერთებას, ალბათ, ეკონომიკური იძულებით „განახორციელებს“, ხოლო გრენლანდიისა და პანამის არხის ხელში ჩაგდებისათვის არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას. რესპუბლიკელი ლიდერები, რომლებსაც დონალდ ტრამპმა ამას წინათ პარტიის ძველი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკისა და ინტერნაციონალისტური გადახრების დაგმობა დაავალა, სწრაფად გადაერთვნენ ახალ კურსზე და დღეს ხმამაღლა ასხამენ ქება-დიდებას თავიანთ მეთაურის გრანდიოზულ იდეებს და მასშტაბურად აზროვნების უნარს….

მაგრამ რასთან მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ, უბრალოდ, საგარეო პოლიტიკაში „სიგიჟის თეორიებს“ დავუბრუნდით, რომელთა თანახმად, პრეზიდენტისათვის ზოგჯერ სასარგებლოც კი არის თავი მოაჩვენოს არაპროგნოზირებად ადამიანად და ირაციონალურადაც კი, რადგან ასეთი მოქმედებები მოწინააღმდეგეს გზა-კვალს ურევს. გავიხსენოთ, რომ დონალდ ტრამპმა მსგავსი ტრიუკი უკვე გამოიყენა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში, უპირველეს ყოვლისა ჩრდილოკორეელ ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ურთიერთობის დროს. იგი მას ჯერ ბირთვული ომით დაემუქრა („იცოდე, თავს დაგატყდება ისეთი ცეცხლი, რომლიც მსოფლიოს ადრე არასოდეს არ უნახავს“), შემდეგ მოულოდნელად მისთვის „ალერსიანი“ წერილების გაგზავნა დაიწყო. მაგრამ ასეთმა ტაქტიკამ არ იმუშავა: ჩრდილოეთმა კორეამ გააგრძელა როგორც ბირთვული იარაღის არსენალის შევსება, ასევე რაკეტების გამოცდა და სამხრეთ მეზობლისადმი მუქარები. როგორც პოლიტოლოგი დენიელ დეზნერი აღნიშნავს, „სიგიჟის თეორიის“ ერთ-ერთი მომხრე იყო რიჩარდ ნიქსონი, რომელიც, ისევე როგორც დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის პერიოდში ცდილობდა თავი ყველასთვის „ჭკუიდან გადასულად“ და „გაუწონასწორებელ ადამიანად“  მოეჩვენებინა, თუმცა რაიმე პოზიტიურ შედეგებს ვერ მიაღწია [იგი 1972 წელს პეკინში ჩავიდა და მაო ძედუნს შეხვდა, მაგრამ ჩინეთი დღემდე აშშ-ის მეტოქედ რჩება].

ლაპარაკი იმაზე, რომ კანადა აშშ-ის შტატად გადააქციოს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა უმეტესად კანადის ლიბერალი პრემიერ-მინისტრის დამცირების მიზნით დაიწყო, რომელსაც არჩეული პრეზიდენტი ქედმაღლურად და დამცინავად უყურებს. ეს იმდენად აშკარად გამოჩნდა, რომ ის კანადელი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ (ვთქვათ, ონტარიოს პროვინციის პრემიერი დაგ ფორდი და კანადელი კონსერვატორების ლიდერი პიერ პუალევრი), იძულებულები გახდნენ მისი განცხადებები დაეგმოთ. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპმა მსგავსი გამონათქვამები დაუშვა მექსიკის მიმართ, რის შედეგადაც მექსიკის პრეზიდენტად ყველაზე ანტიამერიკელი პოლიტიკოსი იქნა არჩეული – ანდერს მანუელ ლოპეს ობრადორი. ანუ დონალდ ტრამპმა თავისი დაუფიქრებელი მოქმედებით ხელი შეუწყო ანდერს ობრადორის რეიტინგის ზრდას! ამჯერად კი ამერიკის მადიდებელი ლოზუნგის (MAGA) ავტორს თავისუფლად შეუძლია კანადაში ანტიამერიკული განწყობები გააძლიეროს.

დონალდ ტრამპის ყურადღებას პანამისა და გრენლანდიის მიმართ გარკვეული საფუძველი აქვს: პანამის არხი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო ტრანსპორტის გამტარებელ ობიექტს წარმოადგენს. დღეს პანამის ხელისუფლება ესოდენ მნიშვნელოვანი არხის მუშაობას ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით წარმართავს, თანაც ამერიკასთან ნორმალური დამოკიდებულება აქვს, რაც ამას წინათ „უოლ სთრით ჯორნელმაც“ აღნიშნა თავის ერთ-ერთ სტატიაში. ასევე არ არსებობს არხის მიმართ ჩინეთის მხრიდან განხორციელებული  რაიმე პირდაპირი გავლენის მიმანიშნებელი ფაქტი და თუ ვაშინგტონი ახლა მუშტების ქნევას დაიწყებს და არხის მისაკუთრებას შეეცდება, ამით ხელს შეუწყობს სწორედ ჩინეთის გავლენის ზრდას. ამით მოიმატებს ანტიამერიკული განწყობა და ამერიკული ნეოიმპერიალიზმისადმი შიში არამარტო პანამაში, არამედ მთელ სამხრეთ ამერიკულ კონტინენტზე.

გრენლანდია უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული წერტილი ხდება უმეტესად კლიმატური ცვლილებების – გლობალური დათბობის – გამო (რომელსაც თვითონ ტრამპი გამოგონილად მიიჩნევს). პოლარული ყინულების დადნობა გამოიწვევს ახალი საზღვაო გზების გაჩენას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, ხოლო რუსეთი და ჩინეთი შეეცდებიან თავიანთი გავლენის გაფართოებას ამ ახალ გზებზე. აშშ-ის პოლიტიკა გამოიხატება (ან უნდა გამოიხატოს) იმაში, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვისა და პეკინის ზრახვებს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს. მაგრამ ამისათვის სულაც არ არის საჭირო გრენლანდიის მისაკუთრება – ამერიკას ისედაც აქვს კუნძულზე განუსაზღვრელი მოქმედების უფლება – აშშ და დანია ნატოს წევრები არიან, კუნძულზე კი აშშ-ის სამხედრო-კოსმოსური ბაზა მუშაობს.

ისე, კაცმა რომ თქვას, თვითონ დანიამაც შეუწყო ხელი აშშ-ის დაინტერესების გაზრდას კუნძულის მიმართ. რამდენიმე წლის წინათ ავტონომიური გრენლანდიის მთავრობამ კინაღამ ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე და რომ არა პენტაგონის თხოვნა თავისი ნატოელი მოკავშირის – დანიის მთავრობისადმი, ახლა გრენლანდიაზე ჩინელების ეკონომიკური გავლენა მნიშვნელოვანი იქნებოდა. კიდევ კარგი, რომ დანიამ გააუქმა ჩინელებთან დადებული კონტრაქტი და აეროპორტის მშენებლობის დაფინანსება საკუთარი სახსრებით განახორციელა. ანუ ნორმალური თანამშრომლობით შედეგად ყველა პრობლემის დადებითად მოგვარება შეიძლება.

ამერიკული ფირმები, რომლებიც ბილ გეითსის, მარკ ცუკერბერგისა და ჯეფ ბეზოსის („ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელის) ფონდებით ფინანსდებიან, გრენლანდიაზე აქტიურ კვლევებს აწარმოებენ იმ მიზნით, თუ რომელი წიაღისეულის საბადო შეიძლება იქნას მომგებიანად დამუშავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნიკური თვალსაზრისით კუნძული შეიძლება ამერიკის გახდეს, ყოველგვარი სკანდალების და ექსპანსიის მცდელობების გარეშე.

აშშ მსოფლიოში დიდი გავლენით სარგებლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონმა მხოლოდ საკუთარი ვიწრო ანგარებითი ინტერესებით იმოქმედოს – მან სხვის ინტერესებსაც უნდა გაუწიოს ანგარიში. ამერიკას ჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, მან უნდა დაიცვას წესები და ნორმები. სწორედ ასეთი პოლიტიკის წყალობით ამერიკამ შეძლო 87 ქვეყნის დარწმუნება იმისათვის, რომ მათ დაეგმოთ რუსეთის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ გახდა ჩინეთის მეზობელი ბევრი ქვეყანა აშშ-ის მოკავშირე.

პრეს-კონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი ხელოვნურია და ამიტომ გასაუქმებელიაო. სწორედ იგივეს აცხადებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ, ხოლო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი – ტაივანთან არსებული დამაშორიშორებელი ხაზის შესახებ. ჰოდა, დონალდ ტრამპის სწორედ ასეთი განცხადებები უწყობენ ხელს რუსეთს და ჩინეთს თავიანთი დიდების დაბრუნებაში.

წყარო

Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს easyJet-ი და British Airways-ი იწყებენ.

„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet-ი ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის“, – წერს Financial Times-ი.

სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების მონახულებას ურჩევს.

„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს“, – წერს Financial Times-ი.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დირექტორთა საბჭო ეხმაურება „რადიო თავისუფლების“ მიერ წინა კვირაში გავრცელებულ სტატიას.

„კერძოდ, სტატიაში ნახსენები იყო, რომ აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო 25 სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია. მათ შორის მოხსენიებული იყო „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური. წერილი შეიცავდა მოწოდებას ამ სიაში შემავალი პირების მიმართ გარკვეული ქმედებების განხორციელებისკენ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით. თუმცა დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და, შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას.

დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა, შესაძლოა, განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.

„საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირთან ურთიერთობებში დღევენადელი მოცემულობა არასახარბიელოა, თუმცა დარწმუნებული ვართ, გარკვეული მოცემულობები, შეიძლება, შეიცვალოს და გაჩნდეს სულ სხვაგვარი შესაძლებლობები-მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირთან ურთიერთობებში დღევენადელი მოცემულობა არასახარბიელოა, თუმცა დარწმუნებული ვართ, გარკვეული მოცემულობები, შეიძლება, შეიცვალოს და გაჩნდეს სულ სხვაგვარი შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან შეცვალა თანამშრომლობის დინამიკა.

„ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები იქცნენ ნომერ პირველ კრიტიკოსებად და, შეიძლება ითქვას, მედროშეებად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და ზეწოლის განხორციელების კუთხით. ამ შემთხვევაში, მე საუბარი მაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე. რა არის მათი ამგვარი ქმედების საფუძველი, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე ამას ვუკავშირებ უსაფრთხოების გაზრდილ გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, დიდ რეგიონს – ევროპას ვგულისხმობ. ფაქტია, რომ გარკვეული შიშები არსებობს და შიშებით თუ ავხსნით იმ გამძაფრებულ რეაქციებს, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ამოძრავებს ჩვენს ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული ცვლილებებით საქართველოც მნიშვნელოვან გაკვეთილს იღებს, რაც სამომავლოდ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სასარგებლო იქნება.

„დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა. არავის არ მოგვწონს ის მდგომარეობა, რომელშიც არის საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები. თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გვესმის, ძალიან მალე, შეიძლება, შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია გრძელდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

„ჩვენ სულ ვამბობთ, რომ თანამშრომლობა უნდა გადავიდეს იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ნორმალურ პირობებში ხდება ურთიერთობების განვითარება. ეს არის საჭირო. თუ რაიმე არის სათქმელი, უნდა ითქვას, თუმცა ამას აქვს გარკვეული ფორმები. მაშინ, როდესაც ხდება ისეთი განცხადებების კეთება, საკმაოდ შეურაცხმყოფელის, რისი მოსმენაც ჩვენ გვიწევს, შემდეგ რეზოლუციების წერა, ძალიან რთულია, ეს ყველაფერი დააბრუნო მაგიდასთან და სერიოზულად ისაუბრო, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ ეს კომუნიკაცია და საუბარი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ამის გარეშე ურთიერთობების განვითარება ვერ მოხერხდება.

ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას! -კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

„PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით – ვითხოვთ სამართლიანობას!

რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.

ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობას ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეურთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში“, – აცხადებს ოქრიაშვილი.

“დონალდ ტრამპი კრიზისულ სიტუაციაში საკუთარ თავს ძალიან ნეგატიურად ავლენს”-The New York Times

„აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავისი დაპირება რომ შეასრულოს უკრაინაში „მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებაზე“, მას მოუწევს კიევი დაარწმუნოს, რომ დამარცხებას შეურიგდეს“, – წერს ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) პუბლიკაციაში სათაურით „დონალდ ტრამპი კრიზისულ სიტუაციაში საკუთარ თავს ძალიან ნეგატიურად ავლენს“, რომელშიც რედაქტორის მოადგილე პატრიკ ჰილი აშშ-ის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და რისკებზე სამ ექსპერტს  – პოლიტიკურ მიმომხილველებს – ესაუბრება: დევიდ ფრენჩს, ლიდია პოლგრინს და ბრეტ სტივენსს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

– ჯო ბაიდენი რამდენიმე დღის შემდეგ აშშ-ის მართვის სადავეებს დონალდ ტრამპს გადასცემს, არჩეული პრეზიდენტი კი უკვე ფიქრობს გრენლანდიისა და პანამის არხის ხელში ჩაგდებას და არ მალავს, რომ შესაძლოა მან ტავისი მიზანი სამხედრო ძალის გამოყენებით განახორციელოს. მოკლედ, დონალდ ტრამპს საკუთარი წარმოდგენები აქვს აშშ-ის როლსა და ადგილზე თანამედროვე მსოფლიოში. თქვენ რას იტყოდით: ამერიკა დღეს უფრო ძლიერია, უფრო უსაფრთხოა და უფრო დაცულია, ვიდრე ოთხი წლის წინათ?

ბრეტ სტივენსი: ვერ ვიტყვი, რომ ამერიკა ჯო ბაიდენის ოთხწლიანი მმართველობის შედეგად უფრო ძლიერი და უსაფრთხო გახდა. რა თქმა უნდა, ამაში ბრალი მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ მიუძღვის, სხვა ფაქტორებიც არსებობენ, მაგალითად, რუსეთ-ჩინეთ-ირან-ჩრდილოეთ კორეის ავტოკრატულ-დიქტატორული ღერძი. გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ეს დასავლეთს სურს.  ახლო აღმოსავლეთში ისრაელი ბობოქრობს… თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასაც ბევრი პრობლემის მოგვარება თუ არა, მათი დროებითი განეიტრალება მაინც შეეძლო, მაგრამ თეთრმა სახლმა დააგვიანა.

ლიდია პოლგრინი: მე პირადად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოქმედებაში ბევრი რამ მაოცებს და ნეგატიურად განმაწყობს – მაგალითად, დაუფიქრებლობისა და მოუმზადებლობის ელემენტი. ჯერ იყო და ავღანეთიდან ჯარი ისე სწრაფად გამოიყვანა, რომ ამერიკა თითქმის სასაცილო გახადა და თვითონ ჯო ბაიდენსაც რეპუტაცია საკმაოდ შეელახა. მეორე მომენტი – გახსოვთ ჯეიკ სალივანის განცხადება ახლო აღმოსავლეთის „მშვიდ და წყნარ“ რეგიონზე, რომელიც მან „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა? გამოდის, რომ აშშ პროგნოზებში შეცდა. შემდეგ – ვაშინგტონმა ვერ შეძლო ისრაელის პრემიერ-მინისტრზე გავლენის მოხდენა, რომელმაც ღაზას სექტორში ომი დაიწყო. და ბოლოს, მესამე – სირიელი  ბაშარ ასადის დიქტატორული რეჟიმის სწრაფი კრახი, რომელიც თეთრი სახლისთვისაც გარკვეულწილად მოულოდნელი იყო. აშშ-ის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია მსოფლიო მოვლენების პროგნოზირება, მათზე გავლენის მოხდენა აშშ-ის ინტერესების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ  ყველა ამ მიმართულებებით ძალიან სუსტად იმუშავა.

ბრეტ სტივენსი: ლიდიამ სწორად შენიშნა, რო  ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოვლენებს მუდმივად მოუმზადებელი ხვდებოდა. სამარცხვინო ავღანური ეპოპეა ხომ მთლიანად ჯო ბაიდენის სინდისზეა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ თალიბები ავღანეთის ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებენო. გარდა ამისა, პრეზიდენტი იმასაც გვიმტკიცებდა, რომ სამხრეთის საზღვარზე მიგრაციას მხოლოდ სეზონურ ხასიათი აქვსო. საბოლოო ჯამში სწორედ ასეთმა ანალიტიკურმა შეცდომებმა და არასწორმა პროგნოზებმა იმსხვერპლეს ჯო ბაიდენი თავის საპრეზიდენტო სავარძლიანად.

– ვისაუბროთ დონალდ ტრამპის გუნდის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე და მათ შესაძლებლობებზე თავიდან აიცილონ არასასურველი მოვლენები. თქვენ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ჩემი აზრით, დონალდ ტრამპს ფუჭი იმედები აქვს, რომ ვლადიმერ პუტინს აიძულებს ხელი მოაწეროს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც კრემლს არ აწყობს. მოკლედ ჩემი კითხვა ასეთია: რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ დონალდ ტრამპის მიდგომებში საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით?

დევიდ ფრენჩი: მე მომწონს დონალდ ტრამპის გუნდის ხისტი პოზიცია ირანთან მიმართებით. ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი ძალიან ზედმეტად „ეფერება“ რუს, ჩინელ და ჩრდილოკორეელ დიქტატორებს, მაგრამ ირანთან დაკავშირებით, მე ვიტყოდი, რომ ჯეროვან სიმტკიცეს იჩენს. მაგალითად, მან უყოყმანოდ გასცა ბრძანება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლის, გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის მიზნით, რაც დიდი მიღწევაა აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რა არ მომწონს? ამაზე ლაპარაკი იოლია: მაგალითად, მისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეძლებს დონალდ ტრამპი მშვიდობის დამყარებას ისე, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ დაარწმუნებს შეეგუოს დამარცხებას რუსეთის წინაშე. კრემლი ბრძოლის ველზე წარმატებებს აღწევს და აქედან გამომდინარე, განა ვლადიმერ პუტინი რაიმე მნიშვნელოვანს დათმობს მშვიდობის დამყარების  მიზნით, თანაც ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე? არა მგონია. მე ასევე ძალიან მაშფოტებს დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ. დიახ, თავდაპირველად იგი გონივრულ და გათვლილ პოლიტიკას ატარებდა, ახლა კი მან, ჩინური „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის სურვილით, ჩინური გავლენა აღიარა. მოკლედ, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ხშირად სუფთა პოლიტიკური და თავისებური ანგარებითი ინტერესებით განისაზღვრება.

ბრეტ სტივენსი: ვეთანხმები დევიდს. დონალდ ტრამპი არასოდეს არ ყოფილა გარიგების დადების ოსტატი, თუმცა ბევრს ლაპარაკობს. იგი ისეთი არ არის, როგორსაც საკუთარ თავს წარმოსახავს. არის იმის რეალური საფრთხე, რომ იგი ჩაეფლობა თავის გარიგებებში – ბირთვულში ირანთან და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე – რუსეთთან. ეს, რა თქმა უნდა, მოეწონებათ მის იზოლაციონისტ ამომრჩევლებს, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება აშშ-ისა და მოკავშირეების ინტერესებისათვის. თვითკმაყოფილება და თვით მოსიყვარულება ცუდი საფუძველია საგარეო პოლიტიკისათვის, ცხოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

– ვფიქრობ, სწორედ ასეთი ნარცისიზმის გამოვლენაა დონალდ ტრამპის მხრიდან განცხადებების გაჟღერება გრენლანდიაზე და პანამის არხზე. მას ძალიან მოსწონს საკუთარი თავის წარმოდგენა ძლევამოსილ ლიდერად, რომელიც ფართოდ და მასშტაბურად აზროვნებს. დონალდ ტრამპისათვის ჯო ბაიდენის მსგავსი ადამიანები მხოლოდ ნომინალური ხელმძღვანელები არიან, რომლებმაც არ იციან, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება… თქვენი აზრით, რაში გამოიხატება არჩეული პრეზიდენტის უპირატესობა?

ბრეტ სტივენსი: დონალდ ტრამპს ოთხი პოტენციური უპირატესობა აქვს ჯო ბაიდენის წინაშე. პირველი – ჩვენი მტრებს მისი უფრო ეშინიათ, ვიდრე ჯო ბაიდენის ეშინოდათ, რომელიც უკიდურესად ფრთხილად და დაყოვნებით მოქმედებდა. მეორე – დონალდ ტრამპისათვის უცხოა იდეოლოგია და როცა მას თანმიმდევრულობა აკლია, იგი მას პრაგმატიზმით კომპენსირებს და ანაცვლებს. მესამე – მისი სკეპტიკური დამოკიდებულება სამხედრო ალიანსების მიმართ და მის მუქარებს ნატოდან გასვლის თაობაზე საჭირო ეფექტი მოაქვთ – ჩვენი მოკავშირეები რეალურად იწყებენ თავიანთი წვლილის შეტანას ალიანსის თავდაცვის გაძლიერებაში. მეოთხე – დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ აუცილებელია თავდაცვაზე მეტი თანხების დახარჯვა.

ლიდია პოლგრინი: მინდა რომელიმემ დონალდ ტრამპის მიდგომები განსაზღვროს. არსებობს თუ არა „ტრამპის დოქტრინა“? მას ხშირად ერევა ერთმანეთში პირადი ამბიციები და აშშ-ის ინტერესები. იგი ხშირად დიქტატორულ განცხადებებს აკეთებს – მათ, ვისაც თავისი თავი ძლიერები ჰგონიათ, ხშირად იხრებიან დიქტატორობისაკენ. საინტერესოა, ფიქრობს თუ არა დონალდ ტრამპი  კიდევ სხვა საკითხზე, გარდა იმისა, რომ თავი „მაგარ ბიჭად“ წარმოაჩინოს?

– როგორ ფიქრობთ, რა იქნება დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობაზე და ეროვნულ უსაფრთხოებაზე 2025 წელს?

დევიდ ფრენჩი: მე ყველაზე უფრო მეტად მაინტერესებს ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის პერსპექტივები. ჩემი აზრით, დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ისრაელი მეტი თავისუფალი მოქმედების ნებას მიიღებს, უკრაინას კი არჩევანი შეეზღუდება სტრატეგიული კრიზისის წერტილამდე.

ლიდია პოლგრინი: მსოფლიოში შექმნილი სიტუაციისა  და ტერორისტული აქტების გამოძიებაში „ეფბეაის“ (FBI) როლის გათვალისწინებით, ალბათ, შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, რომ კეშ პატელი (გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში) თავის უწყებას მთლიანად გაანადგურებს „ჭინკებზე ნადირობის“ დროს.

ბრეტ სტივენსი: დონალდ ტრამპის მხარდაჭერით ისრაელი ომს ძლევამოსილად დაასრულებს. „ჰამასი“ მთლიანად განადგურდება. „ჰეზბოლა“ ძალების აღდგენას ვეღარ შეძლებს. ეს ყველასთვის კარგი იქნება,, მათ შორის უბრალო პალესტინელებისა და ლიბანელებისათვის, რომლებიც თავიანთი ტერორისტი ლიდერების გამო უბედურებაში ვარდებოდნენ და ტანჯვას განიცდიდნენ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ისრაელი და საუდის არბაეთი სამშვიდობო შეთანხმებას დადებენ.

– და ბოლო კითხვა: ბევრ მსოფლიო ლიდერს სურს იცოდეს, თუ როგორი იქნება ამერიკა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. რას ეტყოდით მათ?

დევიდ ფრენჩი: დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა მსოფლიოსათვის სიგნალი უნდა გახდეს. არავინ არ იფიქროს, რომ დონალდ ტრამპის იზოლაციონიზმი მხოლოდ დროებითი მოვლენაა და სწრაფად გაივლის. შესაძლოა, ეს ამერიკულ ხასიათში ღრმა გარდაქმნების პრელიუდია გახდეს. მე მსოფლიოს ლიდერებს ასე ვეტყოდი: თუ თქვენი საერთაშორისო სტაბილურობის სტრატეგია ამერიკის ლიდერობაზე გაქვთ გათვლილი, დროა იზრუნოთ საკუთარი გეგმა „ბ“-ს შემუშავებაზე.

ლიდია პოლგრინი: როცა მე საერთაშორისო ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო და ბევრი მოვისმინო. მაგრამ ახლა, როცა ამერიკის ლიდერობასთან დაკავშირებით მსოფლიო უკმაყოფილოა, შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორ „შვებით ამოისუნთქეს“ იმ მსოფლიო ლიდერებმა იმის გამო, რომ ამერიკას უხელმძღვანელებს არა ისეთი ადამიანი, რომელიც თვალთმაქცობს და მათ თავს მოაჩვენებს, არამედ ღიად აჩვენებს, თუ რა არის მისთვის მთავარი, მართალია ზოგჯერ ანგარებითი მიდგომით, მაგრამ მაინც.

ბრეტ სტივენსი: ჯერ-ჯერობით ადრეა სასოწარკვეთილებაში ჩავარდეთ. თუმცა აშკარაა, რომ მომდევნო ოთხი წელი მშვიდი არ იქნება. ძალიან ბევრი სისულელე მოხდება, იქნება ხმაური როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. თუმცა ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი წესრიგში არ არის, პრობლემები ბევრი დაგროვდა და ისინი მოსაგვარებელია. მოდით, ნუ ჩამოვწერთ წინასწარ ახალ ადმინისტრაციას, რომელსაც ჯერ არ დაუწყია თავისი მუშაობა.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო:

“პანიკა თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს” -Daily Express

ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის“ (Daily Express) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პანიკა“ თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს“ (ავტორი – ელეონორა ბერლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო წლებში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გაიაფებულმა ტურისტულმა მარშრუტებმა მთელ მსოფლიოში მოგზაურების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, მაგრამ თურქეთი ერთ-ერთ იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელშიც ტურისტების რაოდენობის ზრდა კი არა, შემცირება შეიმჩნევა.

და ახლა თურქეთს მეტოქე გამოუჩნდა – მისი ერთ-ერთი აღმოსავლეთევროპელი მეზობელი ანკარის თვალში ისეთ საშიშ კონკურენტს წარმოადგენს, რომელიც სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

იმ დროს, როცა თურქეთის მთავრობა თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას მეტი უცხოელი ტურისტის მიზიდვით ცდილობს, საქართველო, რომელიც რუსეთს და აზერბაიჯანს ესაზღვრება, ანალოგიურ სქემებს ახორციელებს,ისიც ცდილობს, რომ თავისი რეპუტაცია და ავტორიტეტი გაზარდოს და ტურისტების მიზიდულობის ცენტრად გადაიქცეს.

საქართველოს გეგმები, რომ ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საკრუიზო ნავსადგურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, საერთაშორისო იმიჯის ამაღლებით, რეალიზდება იმ ფონზე, როცა თურქეთს პრობლემები აქვს დაგროვილი. თურქეთში ტურიზმის საბიუჯეტო მიმართულების სტატუსი, რომელიც ბრიტანელებს ძალიან მოსწონდათ, ახლა საკმაოდ არაპოპულარული ხდება – პიკურ სეზონებში ფასებისა  და მომსახურების გაძვირების გამო.

სარა დონალდსონი, კომპანია Fast Cover Travel Insurance-ს უფროსი ანალიტიკოსი, „დეილი ექსპრესის“ კორესპონდენტს უყვება, რომ თურქული ტურისტული დარგის კრიზისის ძირითადი მიზეზია „ჰიპერინფლაცია, რომელიც უცხოელ ტურისტებს აფრთხობს: ძალიან მაღალია კვებისა და დასვენებასთან დაკავშირებული ხარჯები“.

თურქეთში ინფლაციის დონემ თავის პიკს (75%) 2024 წლის მაისში მიაღწია, თუმცა დეკემბრისათვის შემცირდა 44%-მდე, რაც იმედს იძლევა, რომ 2025 წელს უფრო მეტი ტურისტი იქნება, ვიდრე შარშან.

იმ დროს, როცა თურქეთში ტურიზმის პრობლემები არსებობს, მეზობელი საქართველოს პოპულარობის ზრდა ანკარას სახიფათო მდგომარეობაში აყენებს.

საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ბოლო 25 წლის განმავლობაში ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს წარმოადგენს – იმ პროექტების რეალიზების წყალობით, რომლებიც მოიცავს თანამედროვე საქალაქო ტრანსპორტის სისტემის შეცვლას, ინვალიდებისადმი მომსახურების დანერგვას, საზღვაო კრუიზული ტერმინალების მშენებლობას (ბათუმში), მუზეუმების ფართოდ გახნას დამთვალიერებლებისათვის, მწვანე ზონების მოწყობას და სარკინიგზო ტრანსპორტის განახლებას, რკინიგზის სადგურების რემონტს.

როგორც თბილისელი გიდი ტარიელ ტაბაშიძე ამბობს, ბოლო ხანს ეკონომიკური ზრდა შენელდა ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო და იმ გარემოებებით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ ტურიზმი საქართველოში ისევ მოიმატებს, მშვიდობის დამყარებისა და სტაბილურობის მეშვეობით.

„უკვე შესამჩნევია, რომ საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში“, – ამბობს ტარიელ ტაბაშიძე, – მე ვარ გიდი ისეთი ტურისტული ჯგუფებისა, რომლებიც ინდოეთიდან პირდაპირი ავიარეისებით ჩამოდიან, ასევე ევროპიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და შვეიცარიიდან. არც მიკვირს – საქართველო ხომ მათთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს“. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდამჭერების მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა ზოგიერთი ადამიანი დააფრთხო, მათ თავიანთი ტურისტული ტურები გააუქმეს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დარეგულირდება“.

ტარიელ ტაბაშიძე დასავლეთ საქართველოდანაა, იგი თავის მშობლიურ ქვეყანას „მსოფლიოში ყველაზე ლამაზად“ თვლის და ამბობს, რომ იმ ტურისტებზე, რომლებსაც თვითონ უწევს გიდობას ექსკურსიებზე, საქართველო ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი ბუნების პეიზაჟებით, ისტორიული ძეგლებით და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.

კავკასიური ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა როგორც ძველი თბილისის ქვაფენილიანი ქუჩების ლაბირინთები, შუა საუკუნის სოფლები და ქალაქები მაღალმთიან სვანეთში, ასევე ულამაზესი რიწის ტბა კავკასიის მთებში.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოკორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ.

„მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოახერხებენ ჩვენი ბიჭები კიდევ სხვების დაკავებას. მსოფლიოში არავინ უნდა ეჭვობდეს, რომ რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. პუტინმა სამი წლის წინ ნატო-სთვის ულტიმატუმებით და ისტორიის გადაწერის მცდელობით დაიწყო, ახლა კი ფხენიანის სამხედრო დახმარების გარეშე ვერ ძლებს. უკრაინა მზადაა, კიმ ჩენ ინს მისი ხალხი დაუბრუნოს, თუ ის შეძლებს მათ გაცვლას ჩვენს მეომრებში, რომლებიც რუსეთში ტყვეობაში იმყოფებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს ეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა.

„თუ დაბრუნება მოუწევს, დაბრუნდება. თუ აქ დარჩენის შანსს მისცემენ, დარჩება“, – გადმოსცემს თარჯიმანი.

ამასთან, მეორე ჩრდილოკორეელმა ტყვემ თანხმობის ნიშნად დააქნია თავი კითხვაზე, სურს თუ არა ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება.

მოგვიანებით, ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთმა ტყვემ უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოთქვა, მეორემ – ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების.

“5 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2025 წლისათვის: საქართველო” -The Independent

ბრიტანულ გაზეთ “ინდეფენდენთში” (The Independent) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია “5 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2025 წლისათვის: საქართველო” (ავტორი – საიმონ კოლდერი), რომელშიც მოცემულია მსოფლიოს შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეგზოტიკური ტურისტული მარშრუტები, მათ შორის საქართველოც. აქვე შევნიშნავთ, რომ საიმონ კოლდერი – „ინდეფენდენთის“ ჟურნალისტი – დასპეციალებულია ტურიზმის დარგში და, როგორც გაზეთშია აღნიშნული, ამ მხრივ დიდ ბრიტანეთში ცნობილ ექსპერტად ითვლება, ანუ მისი რეკომენდაცია, თუ რომელი ქვეყანა უნდა იქნას სამოგზაუროდ შერჩეული, პროფესიონალის რეკომენდაციას ნიშნავს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიტანული ტურიზმის ინდუსტრია არცთუ მრავალფეროვანია. შორიდან რომ შეხედო, სამოგზაურო მიმართულებები ერთ ადგილზე გაყინული გეგონება: ცვლილებები იშვიათად თუ ხდება. 40 წლის წინათ, 1980-იანი წლების დასაწყისში, ბრიტანელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზერა ნიუ-იორკს, კალიფორნიას და ფლორიდას მიაპყრო და ეს მარშრუტები დღესაც მათთვის ყველაზე პოპულარულებად ითვლება. 2002 წელს კიდევ ერთი ცვლილება მოხდა: ინგლისელებმა მიატოვეს ახლობელი საფრანგეთი და უფრო შორს, ესპანეთისაკენ გაემგზავრნენ – ეს მარშრუტი, როგორც ჩანს, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დარჩება უახლოეს წლებში.

და მაინც, მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად ახალ-ახალი მიმართულებები ჩნდება და საკმაოდ ხშირად – იაფფასიანი, მაგრამ ასეთებს არ უნდა დაუჯეროთ. მაგალითად, კუნძულ სან-ანდერსზე. რეკლამის დროს ტურისტული სააგენტოები არაფერს არ ამბობდნენ იმაზე, რომ სან-ანდერსი სამოქალაქო ომით გავერანებული სახელმწიფოს – კოლუმბიის ნაწილს წარმოადგენს და რომ იქ ნორმალური სამედიცინო მომსახურებაც კი არ არის. ამიტომაც ასეთი ტურ სააგენტოების კლიენტები შინ [ტროპიკული] ავადმყოფობებით ბრუნდებოდნენ. (…)

მოკლედ, გადავიდეთ საქმეზე – ჩემი რეკომენდაციები 2025 წელს: ქვეყნები, რომელსაც ახლა ჩამოვთვლი, არ არიან ისეთები, რომელთა ნახვაც თქვენთვის „ბოლო შანსი იქნება“,  ისინი პერსპექტიულად პოპულარულები იქნებიან და მათი ბუნების სილამაზით სამომავლოდ ბევრი ადამიანი დაინტერესდება. მე კი თქვენ გთავაზობთ დღევანდელ სიტუაციას, როცა იქ ჯერ კიდევ შესაძლებელია განმარტოება და მშვიდად დატკბობა სილამაზით.

უპირველესად საქართველო, თბილისი.

ალბათ, თქვენ ისევ ელოდებით, რომ ჰითროუდან თბილისში ისევ ავიაკომპანია British Airways-ის რეისები იქნება, რომლებიც 12 წლის წინ შეწყდა… მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ავიაკომპანია EasyJet, რომლის მეშვეობით თქვენ კავკასიის ყველაზე მიმზიდველი სახელმწიფოს დედაქალაქის – თბილისის ნახვის შესაძლებლობა გაქვთ ლუტონის აეროპორტიდან.

თბილისს ბრწყინვალე ბუნებრივი მდებარეობა აქვს: საქართველოს დედაქალაქი მდინარე მტკვრის – ქვეყნის მთავარი წყლის არტერიის – ორივე ნაპირზეა გაფენილი და მთებით არის გარშემორტყმული. თბილისში არის ძველი შუასაუკუნეობრივი ქალაქი მიმზიდველი და განუმეორებელი არქიტექტურით, რომელიც მოიცავს საბჭოური ეპოქის მონუმენტურ შენობებს და თანამედროვე მოდერნს.

მოგზაურებისათვის თბილისი ასევე  შეიძლება გახდეს ბაზა აღმოსავლეთ საქართველოს ზღაპრული პეიზაჟების დასათვალიერებლად – ახლოს მდებარე ქალაქ მცხეთის თვალწარმტაცი ეკლესია-მონასტრებიდან დაწყებული, დამთავრებული შედარებით უფრო შორს მდებარე ქალაქ გორით, რომელიც იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქი გახლავთ“, – აღნიშნავს საიმონ კოლდერი. სტატიაში განხილულია აგრეთვე როგორც საბერძნეთისა და ნიდერლანდების, ასევე ალბანეთისა და ალჟირის შედარებით ნაკლებად ცნობილი ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაობები.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ CNN ლოს ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

მაშველების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი კვლავ ვრცელდება.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ქარის გამო ხანძარი 14 იანვრამდე გაგრძელდება.

„თითქოს, ამ ტერიტორიებზე ატომური ბომბი ჩამოაგდეს“, – ტქვა ლოს ანჯელესის ოლქის სერიფმა რობერტ ლუნამ.

კალიფორნიის სასჯელაღსრულებისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ცნობით, 931 პატიმარი ჩართულია სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.

ბოლო მონაცემებით, ხანძარმა გაანადგურა 12300 შენობა დაახლოებით 155 კვადრატულ კილომეტრზე. სტიქიას ებრძვის აშშ-ის სამაშველო სამსახურების 14000 პერსონალი. ჩართულია სახანძრო-სამაშველო ავიაცია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამატებითი სამაშველო ძალები მექსკიდან და კანადიდან ლოს ანჯელესისკენ მიშურებიან.

შეგახსენებთ, კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა.

ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.