Home Blog Page 8

დღეს უკვე აშშ-დან გვესმის განცხადებები, თუ როგორი კორუფცია და მავნებლობა მოდიოდა ამერიკელი ხალხის ფინანსებიდან, რაც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ნება – მდინარაძე

არა თუ მხოლოდ დასტურდება, არამედ შეიძლება ითქვას გადაჭარბებულადაც კი გვესმის განცხადებები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წითელ ხაზებს არც კი ვუახლოვდებით. ჩვენ იმდენი გვქონდა და გვაქვს სალაპარაკო თავისი დახურული შეხვედრების დეტალებით, რომ ამან შეიძლება ახალი სკანდალები გამოიწვიოს, საბედნიეროდ ჩვენ გავძვერით ამის გარეშეც და არ დაგვჭირდა ეს ყველაფერი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ NED-თან დაკავშირებითაც არის კორუფციაზე კონკრეტული შენიშვნები, კრიტიკა და გვახსოვს განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, ხშირად იყო საუბარი ამ მიმართულებით, დასტურდება თუ არა ის, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბროდა.

„დღეს უკვე აშშ-დან გვესმის განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორი კორუფცია და მავნებლობა მოდიოდა ამერიკელი ხალხის ფინანსებიდან, რაც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ნება ისვე როგორც დღეს ბევრი ევროპელი ბიუროკრატი საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არ შეიძლება იყოს ევროპელი ხალხის ინტერესი. არ შეიძლება იყოს გერმანელი ხალხის ინტერესი ის, რასაც ლაპარაკობს რომელიმე გერმანელი, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ბიუროკრატი, რომ ფსევდო ლიბერალურ მიმდინარეობებს მკაცრად იცავენ.

არ შეიძლება იყოს რომელიმე ფრანგი ან სხვა ძლიერი ევროპული ქვეყნის მოქალაქის ინტერესი იმ ფსევდო ლიბერალური მარაზმატიკული ინტერესების დაცვა, რასაც ამ ქვეყნის ზოგიერთი ბიუროკრატისგან და ბრიუსელში დაბანაკებული ბიუროკრატისგან ვისმენთ. ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ევროპა და ევროპული ბიუროკრატია. კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ევროპელი ბიუროკრატები რეალურად თავისი საქმიანობით ევროპის და ევროპულობის, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ იბრძვიან და აქვე არის ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელიც არის წარსულის პატივისმცემელი თავისი ტრადიციებით, თავისი იდენტობის და ამის გათვალისწინებით აპირებს, რომ მომავალი ააშენოს.

თუკი ჩვენ ჩვენს წარსულს პატივს ვცემთ და ქართულ იდენტობას პატივს ვცემთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვზრუნავთ მომავალზე, პირიქით. ერი, რომელიც დაივიწყებს თავის წარსულს, განწირულია სიკვდილისთვის. ერი რომელიც თავის იდენტობას, ტრადიციებს და კულტურას სცემს პატივს, ამისი შენარჩუნებით მოახერხებს მხოლოდ თავისი ღირსეული მომავლის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და ღირსეული ევროპელობის და ევროპულობის უზრუნველყოფას, სხვანაირად ნებისმიერი ერი განწირულია სიკვდილისთვის, ჩვენ სიკვდილს არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ამ ქვეყნის გადარჩენა და კიდევ უფრო წინ სვლას, ოღონდ არა ბრიუსელის ზოგიერთი ბიუროკრატის ჭკუაზე, როგორც ამას ისინი ცდილობენ „დიფ სტეტის“ გავლენების წყალობით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები გაიწვია

მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები გაიწვია. ამასთან, საპარლამენტო დელეგაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრებმა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ასამბლეის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს.

პარლამენტის ბიურომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან წევრების გაწვევის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, „წევრების გამოწვევის მიუხედავად, დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის სახელით „ხალხის ძალას“ ეკავა. დელეგაციის წევრები იყვნენ: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი, ასევე სათადარიგო კვოტით: – ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი და ზვიად შალამბერიძე.

„ველით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის პირვანდელ ღირებულებებს დაუბრუნდება, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში – მამუკა მდინარაძე

ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან.

„ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში.

თუ ამ ქვეყანაში, ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების, ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებით. სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება.

ბუნებრივია, შტატები არ არის პატარა ქვეყანა და პატარა ბიუროკრატია არ არის შტატებში, რომ ასე მარტივად შეიძლებოდეს „დიფ სთეითისა“ და მისი გავლენების დამარცხება, სხვა დაბალ რგოლებშიც, დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები იქნება. მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაწუხებს, ვიდრე სხვა დანარჩენი. უნდა მივეჩვიოთ ამას, რომ ჩვენმა უნდა შეგვაწუხოს უწინარესად, არა უკრაინამ, არა მოლდოვამ… ჯერ ჩვენმა და მერე კი ბატონო, ვიმეგობროთ ვისთანაც გინდათ, მაგრამ საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას, რასაც გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია. იმედია, ნელ-ნელა ეს მიდგომა, ქვედა რგოლების თვითნებობა, „დიფ სთეითისა“ და არა ამერიკელი ხალხის მსახურება მალე დამთავრდება. სუბიექტურადაც ეს გვაწყობს. სანამ ქვედა რგოლი ზედა რგოლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მანამდე ეს ჯანჯღარი და გარკვეული ტურბულენტობა [წინა კვირებთან მიმართებით ცოტა ნაკლები] მაინც გაგრძელდება, რაც აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ლარის კურსს, მოქალაქეების უფლებებს და ა.შ. ეს რამდენადაც აღმოიფხვრება, იმდენად კიდევ უფრო თავისუფალი იქნება საქართველოს მოქალაქე, ხელისუფლება, ქართველი ხალხი თავის მოქმედებებში და მით მეტად გაიუმჯობესებს კეთილდღეობის ხარისხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“, რათა, მისი თქმით, „ხელისუფლებას ქვეყნის ეფექტურად მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები“ ჰქონდეს.

როგორც მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

მისი თქმით, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა.

„საკანონმდებლო ცვლილებებს ვიწყებთ, რომ ქვეყნის არაეფექტიანი მართვისკენ მიმართული კანონები შეცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები. დღეს წარმოგიდგეთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი ნორმების მიღებით.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდო ლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის, ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე. ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ანუ, ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია იქნება, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაისჯება და ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც. ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები – მამუკა მდინარაძე

ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, გარე ძალების გავლენებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.

„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი არგუმენტებით ნაკლებად შეძლოს „დიფ სთეითის“ აგენტურამ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხის მსახურება მოახერხოს ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე. ამაში ვგულისხმობ გარე ძალების გავლენებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.

ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.

დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავს მოხვეული ნორმები, სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად აუცილებელი ნორმების მიღებით.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არ გვაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ჩაერთვებოდა კომისიის მუშაობაში, ვგულისხმობ კომისიის წევრობას – ვლადიმერ ბოჟაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე

რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს ეს კომისია. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ჩაერთვებოდა კომისიის მუშაობაში, ვგულისხმობ კომისიის წევრობას, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას.

„რა თქმა უნდა ოპოზიციას ამ პროცესებში ჩართვა მოუწევს, ეს იქნება ძველი თუ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, ლელოში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ის ადამიანები, ვინც დღეს გახარიას პარტიაში არიან. ამ 12 წლის განმავლობაში არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. კომისიის მუშაობა დამატებით ინფორმაციას, დამატებით ფაქტებს, დამატებით მტკიცებულებებს შექმნის საიმისოდ, რომ ერთის მხრივ პროკურატურაში გაგრძელდეს გამოძიება ბევრი მიმართულებით და მეორე მხრივ არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ – თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ერთადერთი, ვინც გაიცინებს, ჩინეთია -კაია კალასი

ყურადღებით ვუსმენდით ამ სიტყვებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ვემზადებით. ცხადია ის, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

კალასმა ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ის, ვინც გაიცინებს ჩინეთი იქნება. ჩვენ ძალიან ურთიერთდაკავშირებულები ვართ. ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ“, – აღნიშნა კალასმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

კერძოდ, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თბილისში, 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან კი გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

„5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექი და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი, შესაძლებელი ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ამერიკელ დემოკრატ-კანონმდებელთა პესიმისტური პროგნოზი: USAID-ის აღსასრული მალე დადგება”-The New York Times

დონალდ ტრამპი წყვეტს აშშ-ის დახმარებას საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ და „იუესაიდის“ (USAID) – საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – ლიკვიდაციას გეგმავს. „იუესაიდი“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინას აქტიურად ეხმარებოდა, ამჟამად კი მისი ვებ-გვერდის ბევრი სეგმენტი უმოქმედოა ან დახურული. ჩინოვნიკები შოკირებულები არიან: სააგენტოს გაუქმება რუსეთისათვის დიდი საჩუქარი იქნება“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ამერიკელ დემოკრატ-კანონმდებელთა პესიმისტური პროგნოზი: „იუესაიდის“ აღსასრული მალე დადგება“ (ავტორები – კარუნ დემირჭიანი, შირა ფრენკელი, მაიკლ ქროული).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შაბათს, პირველ თებერვალს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებ-გვერდი მიუწვდომელი იყო, შემდეგ კი ნაწილობრივ გაიხსნა და გამოქვეყნდა განცხადება, რომ სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ხოლო მისი კონტროლისა და მართვის უფლება მთლიანად სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.

აშშ-ის კონგრესის დემოკრატი წევრები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ჯერ კიდევ პარასკევიდან ელოდნენ დონალდ ტრამპის ბრძანებულებას USAID-ის დახურვის თაობაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი არ მალავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას უცხო სახელმწიფოების დახმარების მიმართ – დონალდ ტრამპის აზრით, ის, რომ ამერიკა „იუესადის“ მეშვეობით ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში ჩარიცხულ დოლარებს საზღვარგარეთ გზავნის, ეწინააღმდეგება მის პროგრამას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

შაბათს, იმის გამო, რომ  ვაშინგტონში, USAID-ის შტაბ-ბინაში ზოგიერთი აბრა ჩამოიხსნა, გავრცელდა ხმები, რომ სხვადასხვა ქვეყნების პროგრამების ხელმძღვანელებს უკან, აშშ-ში აბრუნებენ, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით ვერ მოხერხდა.

როგორც USAID-ის ორმა თანამშრომელმა ანონიმურობის დაცვით შეგვატყობინა, ისინი იძულებულნი არიან შიშისა და გაურკვევლობის ატმოსფეროში იმუშაონ. ამ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ გასული კვირის დასაწყისში სააგენტოს თანამშრომელთა თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ზოგიერთმა წყარომ, რომლებიც სააგენტოს მუშაობის პერსპექტივაში მეტ-ნაკლებად გარკვეულები არიან, განაცხადა, რომ პროგრამების შეკვეცა-გაუქმებაში დიდი როლი სეასრულა პიტ მაროკომ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკმა, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს რამდენიმე თანამდებარე მუშაობდა.

USAID-ის სამმა თანამშრომელმა, ასევე ანონიმურობის დაცვით, კონფიდენციალურად განაცხადეს, რომ მათი ელექტრონული ფოსტის აქაუნთებზე „ხელოვნური ინტელექტის“ პროგრამა Gemini იქნა დაყენებული, რამაც ეჭვი გამოიწვია იმისა, რომ საქმეში ილონ მასკის სამსახურია ჩართული: იგი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც ხარჯების შემცირებით არის დაკავებული. როგორც ჩანს, ილონ მასკის სამსახური „იუესაიდის“ თანამშრომლების საქმიანობას აკონტროლებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებმა „ნიუ-იორკ თაიმსის“ კითხვებს, თუ რა მიზნები აქვთ და რა მოხდება სამომავლოდ, არ უპასუხეს. დემოკრატი-კანონმდებლები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკები ეჭვობენ, რომ მარკო რუბიოს უწყების მიზანს, დიდი ალბათობით, საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ დახმარების მრავალი პროგრამის დახურვა წარმოადგენს. დემოკრატების თქმით, „იუესაიდს“ წინ ბნელი პერსპექტივა ელოდება და, როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ მალე ფინალი დაუდგება, ანუ საერთოდ დაიხურება.

„ყველა ნიშნის მიხედვით, დიდი ეჭვია, რომ ასე მოხდება: უფროს ხელმძღვანელთა შემადგენლობა შვებულებებში გაუშვეს. ბევრი თანამშრომელი შტან-ბინაში და ადგილებზე გააფრთხილეს, რომ არსად არაფერი არ თქვან და ხელწერილები დააწერინეს“, – განაცხადა შაბათს ინტერვიუში სენატორმა-დემოკრატმა კრის ქუნსმა დელავერის შტატიდან, რომელიც სენატის კომისიის წევრია საერთაშორისო დახმარების მიზნით ასიგნებათა საკითხებში., – ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სააგენტოს დახურვის პირველ ეტაპს, ვიდრე მის რეფორმირებას ან უბრალოდ, სახელის შეცვლას“.

„იუესაიდი“ 1961 წელს შეიქმნა. მართალია, უწყება მითითებებს სახელმწიფო დეპარტამენტიდან იღებდა, თუმცა სრულიად დამოუკიდებლად მუშაობდა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია უცხო სახელმწიფოების ჯანდაცვის სფეროს დახმარება, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდირება, სიღარიბესთან ბრძოლა და სხვა მრავალი. ის დახმარება, რომელსაც „იუესაიდი“ ანაწილებდა საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის, აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ „იუსაიდის“ ხაზით უცხოეთის ქვეყნების დახმარების ყველა პროგრამა შეჩერებულიაო, თუმცა მოგვიანებით გამონაკლისი გააკეთა სასიცოცხლოდ აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებებზე.

კანონმდებლების აზრით, დონალდ ტრამპს არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ მან „იუსაიდი“ თავისი ბრძანებულებით, ცალმხრივად დახუროს, რადგან უწყება კონგრესის მიერ არის შექმნილი და მის ბიუჯეტს ცალკეულ პროექტებზე კონგრესი ამტკიცებს. მკითხველებს შევახსენებთ, რომ ფედერალური მთავრობის დაფინანსება, „იუესაიდის“ ჩათვლით, 14 მარტამდე გაგრძელდება.

„დონალდ ტრამპს არ დააკმაყოფილებს უწყების უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა, პროგრამების დახურვა და პერსონალის შემცირება. იგი სააგენტოს სრულ ლიკვიდაციას გეგმავს“, – ამბობს სენატორი დემოკრატი კრის მერფი კონეკტიკუტის შტატიდან, – „მაგრამ უწყების დახურვა უკანონობა იქნება. პრეზიდენტს არ შეუძლია ერთპიროვნულად ფედერალური სააგენტოს  ლიკვიდირება მოახდინოს. ასეთი გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური იქნება“.

კანონმდებლებმა ასევე აცხადებენ, რომ USAIDის საქმიანობის გაურკვეველი ვადით შეზღუდვა-შემცირებით ისარგებლებენ როგორც ჩინეთი, რუსეთი და ირანი, ასევე აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეები და არაკეთილმსურველები, რომლებსაც საზღვარგარეთის ქვეყნების სახით ხელში სტრატეგიული პლაცდარმები ჩაუვარდებათ. ბუნებრივია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ყველაფერი ზიანს მიაყენებს აშშ-ის უსაფრთხოებას.

„USAID-ის – იმ ორგანიზაციის გაუქმებით, რომელიც ადამიანებს შიმშილის თავიდან აცილებაში ეხმარება, ებრძვის ექსტრემიზმს და ამერიკული ექსპორტის ბაზარს აფართოებს, ამერიკელებისათვის საფრთხე და მუქარები გაიზრდება. „იუესაიდის“ ლიკვიდაცია ნამდვილი საჩუქარი იქნება ჩინეთისა და რუსეთისათვის“, – განაცხადა შაბათს სოციალურ ქსელში სენატორმა-დემოკრატმა ემი კლობუშარმა მინესოტას შტატიდან.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: 

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა

რუმინეთში, ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company – GECO POWER COMPANY რეგისტრაციის პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთობლივი საწარმო, ამ ეტაპზე, მწვანე ენერგიის კორიდორის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული. შესაბამისად, მისი შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც, მათ შორის, ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას.

სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებითა და „მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაციის მიზნით აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2023 წლის 25 ივლისს ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც გაიწერა ერთობლივი საწარმოს შექმნის ზოგადი პრინციპები.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის, ხოლო ფართო კონტექსტში – სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. წყალქვეშა ძალოვანი კაბელის სიგრძე იქნება 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა – 525 კვ, ხოლო სიმძლავრე – 1300 მგვტ პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში. წყალქვეშა ძალოვანი კაბელის  მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია  2030 წელი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ, რომელიც იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ განახორციელა, დაადგინა, რომ აღნიშნული პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდას, ენერგორესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას, განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციას და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ენერგეტიკულ მიქსში. იგი ასევე აერთიანებს რეგიონულ ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გენერირება კონკურენტულ ფასებში განახლებადი წყაროებიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შეტანილია  ENTSO-E ქსელის განვითარების 2024-2034  წლების 10-წლიან გეგმაში, ხოლო 2024 წლის ნოემბერში პროექტი წარედგინა ევროკომისიას საერთო ინტერესის პროექტის სტატუსის მისაღებად, რადგან ეს არის ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტი ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ხელს უწყობს ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის მიზნების შესრულებას.

Green Energy Corridor Power Company – GECO POWER COMPANY-ის დამფუძნებელი კომპანიები არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან – ღსს „აზერენერჯი“, საქართველოს მხრიდან  – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, უნგრეთის მხრიდან –  MVM Energy Private Limited Company, ხოლო რუმინეთის მხრიდან – National Power Grid Company Transelectrica S.A. ერთობლივი საწარმო თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და შესაბამისად, ყველა ჩართული მხარე თანაბრად მიიღებს მონაწილეობას კომპანიის მართვაში“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

“ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები”-The Economist

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაიცანით: ევროპელი გოლისტები, ატლანტისტები, დენიალისტები და პუტინისტები“. როგორც  პუბლიკაციაშია აღნიშნული, „თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამ ძველი დავები გამოაცოცხლა იმაზე, თუ როგორი თავდაცვითი სტრატეგია სჭირდებათ ევროპელებს. შეიძლება გამოვყოთ ოთხი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი, რომლის წარმომადგენლები ერთმანეთს არ ეთანხმებიან“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქვეყანა საკუთარ თავს აშშ-ის მოკავშირედ თვლის, ამ დროს კი თვითონ აშშ-ს მისი ტერიტორიის ნაწილის ხელში ჩაგდება სურს და ამას პირდაპირ აცხადებს? რამდენად არის შესაძლებელი მოკავშირეების ერთმანეთთან მტრობა? თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს: 1968 წელს, ასეთი კითხვები ებადებოდა სენ-ჟერმენ-დე-პრეს (პარიზის გარეუბნის) ერთ-ერთ კაფეში მჯდარ ფილოსოფოსს, სიგარეტ „გიტანას“ კვამლში გახვეულს… [1966 წელს  საფრანგეთის ლიდერმა შარლ დე გოლმა თავის ამერიკელ კოლეგას ლინდონ ჯონსონს წერილი გაუგზავნა და თავისი ქვეყნის ნატოდან გასვლა გამოაცხადა. მომდევნო წელს კი საფრანგეთის ტერიტორიიდან აშშ-ის ჯარების ქვედანაყოფები გააძევა, ალიანსის შტაბ-ბინა კი პარიზიდან ბრიუსელში გადაატანინა – იმ მიზეზით, რომ ამერიკა საფრანგეთს – თავის ნატოელ მოკავშირეს – მტერივით ეპყრობა).

როგორც ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, ასეთი რამ დღესაც სრულიად რეალური შეიძლება იყოს. დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა დანიის სამეფოს მისი ავტონომიური ნაწილის – კუნძულ გრენლანდიის დაპყრობით და ეს ხდება იმ დროს, როცა ორივე სახელმწიფო ერთმანეთის მოკავშირეა ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულების თანახმად, ნატოს (ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის) შექმნის თაობაზე.

თავდაპირველად ევროპელები საკუთარ თავს იმით არწმუნებდნენ, რომ თეთრ სახლში დაბრუნებული აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები გრენლანდიასთან მიმართებით მეტი არაფერია, თუ არა უბრალო ყბედობა, რომელსაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციო – ისევე როგორც მის ნათქვამს 2020 წელს, რომ კორონავირუსის („კოვიდ-19“) თავიდან აცილება თურმე ჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი ხსნარითაც შეიძლება.

დონალდ ტრამპის მკვეთრი სატელეფონო საუბრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსონმა ევროპული ვიზიტები დაიწყო და შეეცადა პარიზის, ბერლინისა და ბრიუსელის მხარდაჭერა მოეპოვებინა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შესთავაზა გრენლანდიაზე ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი ჯარები გადაესხათ – ისე, ყოველი შემთხვევისათვის. ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-პოლ სარტრის მგავსად, გაიხუმრა: „ისეთ მოკავშირეს, როგორიც დონალდ ტრამპია, მტერს არ ვუსურვებ“.

რა თქმა უნდა, ომი აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის წარმოუდგენელი  პერსპექტივაა, მაგრამ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ევროპაში ახალი ძალით დაიწყო დებატები თავდაცვის საკითხზე: როგორ შეიძლება ევროპამ თავი დაიცვას აშშ-ის დახმარების გარეშე? კონტინენტის „უსაფრთხოების არქიტექტურის“ გადახედვა, როგორ უყვართ ხოლმე ასეთი გამოთქმა ნატოს წარმომადგენლებს, დღის წესრიგში ჯერ კიდევ სამი წლის წინ დადგა, როცა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდას ჯერ-ჯერობით ევროპული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავება არ მოჰყოლია.

იმის გასაგებად, თუ როგორი იქნება ევროპის მომავალი კურსი, უნდა გავეცნოთ ევროპელ გოლისტებს, ატლანტისტებს, დენიალისტებს (ანუ რეალობის უარმყოფლებს) და ბოლოს, პუტინისტებსაც.

გოლისტები, როგორც დასახელებიდან ჩანს, ფრანგი პრეზიდენტის – გულფიცხი შარლ დე გოლის – პოლიტიკური შთამომავლები არიან, რომლებისთვისაც ევროპის მიმართ ამერიკული მფარველობა საძულველია. დღეს ემანუელ მაკრონს სამხედრო ალიანსიდან გამოსვლა არ სურს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ სწორედ მან განაცხადა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ველი ვადის დროს – „ნატოს ტვინი მოკვდაო“, ამიტომაც ევროპამ „სტრატეგიულ ავტონომიას“ უნდა მიაღწიოს და რიგ საკითხებში დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს, თუ მისი ინტერესები ოკეანისმიღმა მდებარე მოკავშირის ინტერესებს არ ეთანხმება. გოლისტების აზრით, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში, ამერიკას ევროპის ნაცვლად უკვე სხვა პრიორიტეტები აქვს – აზია – წყნარი ოკეანის რეგიონი. ევროპამ თავი უნდა დაიზღვიოს მოულოდნელობებისგან, ამიტომ, საკუთარი ავტონომიის უზრუნველსაყოფად, უნდა გაიზარდოს ევროპული სამხედრო ბიუჯეტები, მეტი ფული დაიხარჯოს ევროპული იარაღის წარმოებაზე. გოლისტები თვლიან, რომ უნდა შეიქმნას ევროპის ერთიანი არმია, თუმცა ეს იდეა ჯერ-ჯერობით ოცნების სფეროს განეკუთვნება.

ატალანტისტები ევროპულ ავტონომიურ მოქმედებას უგუნურობად თვლიან. პოლონეთი მთავარი მედროშეა კლუბისა „ნატო უპირველეს ყოვლისა“, რომელიც თავის რიგებში ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის ნატოელი წევრების უმრავლესობას აერთიანებს. ატლანტისტებისათვის უზენაესი პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობის შენარჩუნება. ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ამერიკული იარაღის მიმზიდველობით. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ამას წინათ განაცხადა: „აშშ-სა და ევროპის ურთიერთდამოკიდებულება ერთგვარ გარიგებას ჰგავს: „თქვენ გვეხმარებით თავდაცვაში, ჩვენ კი თქვენს იარაღს ვყიდულობთ“. დონალდ ტრამპის მერკანტილური მიდგომა პრინციპით – „შენ  მე – მე შენ“ ამ სქემას არანაირად არ არღვევს, პირიქით, რაც მეტია სამხედრო ბიუჯეტი, მით უფრო მეტია შეკვეთები ავიაგამანადგურებელ F-35-ზე და სხვა ტექნიკაზე. ატლანტისტები აღიარებენ, რომ ურთიერთობა აშშ-ის არაპროგნოზირებად პრეზიდენტად იდეალური არ არის, მაგრამ, ამის მიუხედავად, უკეთესია, ვიდრე იმ ევროპელი მოკავშირეებთან დამოკიდებულება, რომლებიც სამხედრო უღონობას უჩივიან. იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთის უეცრად სამხედრო მოქმედებას დაიწყებს ევროპაში მიმდინარე ათწლეულის ბოლოს, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტ-პროგნოზისტი წინასწარმეტყველებს, მანამდე ნატოს ბლოკი უნდა გაძლიერდეს და სრულყოფილი უნდა გახდეს და არა რაღაცით ჩანაცვლდეს. ევროპული იარაღის წარმოება და მისი ექსპორტი, რასაკვირველია, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაქებ იდეას წარმოადგენს, მაგრამ უახლოეს მომავალში მხოლოდ გერმანულ და ფრანგული სამხედრო კომპანიების იმედზე უნდა ვიყოთ, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის მოწოდება იმ დროს შეუძლიათ, როცა რუსები ბალტიისპირეთში შევლენ და დაიკავებენ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, გასაგები მიზეზების გამო, მასთან თანამშრომლობის სქემა რთულია.

გოლისტებიც და ატლანტისტებიც ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ თავდაცვაზე მეტი ფულის ხარჯვა სასარგებლოა. დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ ევროპელებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2% კი არ უნდა ხარჯონ, არამედ 5%. ალბათ, ნატოს უმაღლესი დონის სამიტზე, ივლისში, ისინი 3,5%-ზე მოილაპარაკებენ.

დენიალისტებისათვის – მესამე ევროპული ბანაკის წარმომადგენლებისათვის – ივლისის სამიტი შეიძლება უხერხულ მომენტად გადაიქცეს. რეალობის უარმყოფლების თავდაცვითი სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ ისინი სირაქლემასავით თავს ქვიშაში ჩაყოფენ. მაშ სხვა რით უნდა აიხნას ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ოთხი მსხვილი წევრიდან ორი ქვეყანა – იტალია და ესპანეთი – თავდაცვაზე თავიანთი მშპ-ის მხოლოდ 1,5-ზე ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ?

გოლისტები და ატლანტისტები გაღიზიანებულები არიან დენიალისტების პოლიტიკით, მაგრამ უარმყოფლების პოზიცია მაინც უკეთესია, ვიდრე პუტინისტებისა, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერების ჯგუფს წარმოადგენს. ისინი მზად არიან ევროკავშირის ანტირუსული გეგმების ჩასაშლელად. ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოს და კიდევ რამდენიმე ლიდერს (რომლებსაც ავტორიტარული  გამოხტომები ახასიათებთ) სურთ მაგალითი რუსეთის პრეზიდენტისაგან აიღონ. ვიქტორ ორბანი და მისთანები თავს ტრამპისტებად თვლიან, მაგრამ ამით თავიანთ პუტინისტობას ნიღბავენ. ჯერ-ჯერობით ისინი მცირერიცხოვან ბანაკს წარმოადგენენ, მაგრამ ნელ-ნელა ფართოვდებიან. ყოველ მათგანს შეუძლია ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის გეგმებს, ანუ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებისთვისაც კონსენსუსი აუცილებელია.

ყოველი ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ყველა ოთხივე ტიპის პოლიტიკოსთა ფრაქციები არსებობენ (გერმანიის მიკუთვნება რომელიმე პოლიტიკური ბანაკისადმი ჯერ-ჯერობით ძნელია, რადგან იქ 23 თებერვლის შემდეგ ახალი კანცლერი იქნება). ევროპელებმა თავდაცვის საყოველთაო გეგმაზეც რომც მოილაპარაკონ, მათ მაინც მოუწევთ საკმაოდ რთული საკითხის გადაწყვეტა: გეგმა გეგმად, მაგრამ ვინ დააფინანსებს მის განხორციელებას? ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ფინანსების დეფიციტს განიცდის, შეიძლება დათანხმდეს სამხედრო ხარჯების ზრდაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება კოლექტიური სესხის აღებით მოხდება, მაგრამ იმ ქვეყნებს, რომლებიც საგადასახადო-საბიუჯეტო ბალანსის გულმოდგინე დამცველები არიან, ასეთი იდეა არ მოეწონებათ. შესაბამისად, გაჩნდება უთანხმოების ახალი ტალღა, რომლის დარეგულირება უკვე მომდევნო სამიტებზე მოუწევთ.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: 

 კიტ კელოგის გეგმა თუ არის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნები, მაშინ ეს წარუმატებელი გეგმაა -უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი 

ეს წარუმატებელი გეგმაა, – ასე გამოეხმაურა კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი დიმიტრი ლიტვინი კიტ კელოგის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის მიერ არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება.

„თუ მისი გეგმა არის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნები, მაშინ ეს წარუმატებელი გეგმაა – პუტინს მხოლოდ ეს ორი საკითხი ვერ შეაშინებს“, – წერს ლიტვინი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთი აგრძელებს სანქციების გვერდის ავლით ახალი გზების პოვნას და ნავთობპროდუქტებით ფულის გამომუშავებას, პარალელურად, საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდას.

„ეს არ კეთდება დემოკრატიული მეზობლების პატივისცემის მიზნით. რუსეთის სამხედრო კავშირი ჩრდილოეთ კორეასთან აშკარად არ არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა“, – აღნიშნა ლიტვინმა.

ლიტვინის თქმით, უკეთესი იქნებოდა უკრაინის დასავლელი პარტნიორების მხრიდან „უფრო ღრმა მიდგომა“ სრულმასშტაბიანი ომის მიმართ.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, სწრაფად გადავიდეთ გუნდებს შორის რეალურ სამუშაოზე, კონკრეტულ გეგმაზე ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ლიტვინმა.