Home Blog Page 8

დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს -ზაალ ანჯაფარიძე

დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, IRI-მ ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა.

“რომ შეხვიდეთ IRI(საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) ვებგვერდზე ნახავთ, თუ როგორ ტრაბახობს 50 ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვებით, არჩევნების “სწორად” ჩატარებაში დახმარებით და ა.შ. ანუ, IRI რომ იტყვიან “ეტენება” ქვეყნებს, ისინიც “იტენიან.” სამწუხაროდ, ჩვენც ასე შევიტენეთ ბევრი წლის წინ ეს ორგანიზაცია და ისიც ფეხიდან თავზე აგვაცოცდა, და მეტს და მეტს ბედავს. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა. მას მყისიერად ბანი მისცეს. ვინ? რა თქმა უნდა ბალტიელმა მინისტრებმა. დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში.

სინამდვილეში, IRI-ს ეს ოპუსი, ისე როგორც მისი რეალობას შეგნებულად აცდენილი გამოკითხვები, ხანდახან თუ გაგვახსენებენ თავს როგორც სიყალბის კარგი ნიმუში.

ისე ხომ არ დადგა დრო IRI-ს შევახსენოთ რომ აქედან მისი წასვლაც შეიძლება უზრუნველვყოთ, ისევე როგორც თავის დროზე მოსვლა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

პარლამენტის დათხოვნა და ახალი თარიღის გამოცხადება არ მიმაჩნია სწორად, ჩვენ მოგვიწევს 29-ის მერეც საპროტესტო პროცესებში ყოფნა -თამარ ჩუგოშვილი

29 დეკემბერს არაფერი მთავრდება, შეიძლება, პირიქით, უფრო მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყოს, ეს არის აქ მთავარი, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ 29-მდე ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ჩვენ საარჩევნო პროცესში გადავალთ, – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ჩუგოშვილის თქმით, ახალ არჩევნებამდე ბევრი რამეა გასაკეთებელი.

„ჩვენ მოგვიწევს 29-ის მერეც საპროტესტო პროცესებში ყოფნა. ეს მარტივი არ არის. ბრძოლა გასაგრძელებელია. ეს პარლამენტი რომ არალეგიტიმურია და გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს უკვე ცხადია, ყველამ იცის. დათხოვნა და ახალი თარიღის გამოცხადება მე პირადად არ მიმაჩნია სწორად და არ ვფიქრობ, რომ ეს არის გამოსავალი და საჭირო. ბევრი სხვა რამ არის მანამდე გასაკეთებელი, ვიდრე ახალი რიცხვები დადგინდება. ეს არის პროტესტის სხვადასხვა ფორმები, პარტიების უფრო მეტი კონსოლიდაცია და საზოგადოებრივი ჯგუფებისგან კიდევ უფრო მეტი კრეატივის შემოტანა. არის მნიშვნელოვანი ელემენტი ბიზნესი. ეკონომიკა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კრიზისში. ძალიან ბევრი ბიზნესია, რომელიც აფიქსირებს ღიად თავის პოზიციას და ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვერაფერს უხერხებენ „ეუთოს“ დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ – ზურაბ ქადაგიძე IRI-ს დასკვნაზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო არჩევნებზე IRI-ის დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის გასაბათილებლად გამოაქვეყნეს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამით ვერც „ეუთოს“ მისიას ჩაანაცვლებენ და ვერც რეალობას შეცვლიან.

„ვერაფერს უხერხებენ „ეუთოს“ დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ.

რესპუბლიკური ინსტიტუტის, ყველა ბოლო კვლევა, რომ 10%-იანი ცდომილებით ხასიათდებოდა და სოციოლოგიის მაგიერ, აზრის ფორმირებას ემსახურებოდა, ჰგონიათ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ?!

26 ოქტომბრის არჩევნების მაღალი აქტივობა და სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, მიუხედავად სამი ვადისა, სწორედ ორმაგმა სტანდარტებმა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უბრალოდ, უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც “IRI”-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

ამიტომაც გამოაგორეს ახლა, რომ რამენაირად „ეუთოს“ დასკვნა გააბათილონ.

რეალობა ერთია – მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ კონკრეტულად, მკაფიოდ დადო დასკვნა, რომ არჩევნები შედგა.

ახლა, რამდენიც გინდათ იჟონგლიორეთ, ვერც „ეუთოს“ მისიას ჩაანაცვლებთ და ვერც რეალობას შეცვლით.

ხვალ „NDI“ გამოვა და დაგვმოძღვრავს, ზეგ ალბათ, “ჰელსინკის კომისია” და ასე გააგრძელებენ ყეფას…არა და ქართული ქარავანი კარგა ხანია თავის გზას გაუყვა !”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

ასევე, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

დოკუმენტის თანახმადვე, ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივების სარგებლითაა უზრუნველყოფილი. ეს არის დაგეგმილი 20 მილაირდი დოლარის პირველი ტრანში, რომლის გადმოცემასაც აშშ “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში აპირებს. მადლობელი ვართ ამერიკელი პარტნიორებისა და მსოფლიო ბანკის სამართლიანობისკენ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. ველით, რომ მოხდება ყველა რუსული სუვერენული აქტივის კონფლისკაცია და უკრაინის აღსადგენად გამოყენება”, – წერს შმიგალი.

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, – ამის შესახებ ექიმმა ხათუნა ხუფენიამ 16 წლის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის თქმით, პაციენტის მკურნალობა რეანიმაციულ დეპარტამენტში გრძელდება.

„ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ ჩვენს კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში”, – განაცხადა ხათუნა ხუფენიამ „რუსთავი 2-თან“.

ინფორმაციისთვის, თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს, რომელიც ასევე, მოზარდია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა „არბიტრმა“ დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა – დავით ქართველიშვილი

„ველოდებოდი IRI-ს „შეფასებას“, უფრო სწორედ ეუთო/ოდირის ისედაც კრიტიკული დასკვნის ინტერპრეტირებას – მისი „კოშმარიზაციისა“ და „დემონიზაციის“ კუთხით. ეს ხომ სწორედ ის მკვლევარი კომპანიაა, რომლის არც ერთი წინასაარჩევნო პროგნოზი მინიმალურად ადეკვატურ ცდომილებასთან ახლოსაც კი არ იყო“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, არაერთ თავმოყვარე სახელმწიფოში, IRI-ს „ობიექტურობასა“ თუ „პროფესიონალიზმის“, მათ მიერ გამოყენებული კვლევების მეთოდოლოგიისა თუ სიზუსტის, მიღებული შედეგების ინტერპრეტირების მიმართ უამრავი კითხვები წარმოშვეს.

მისივე თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა “არბიტრმა” დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა.

„სიმართლე გითხრათ – ველოდებოდი IRI-ს „შეფასებას“, უფრო სწორედ ეუთო/ოდირის ისედაც კრიტიკული დასკვნის ინტერპრეტირებას – მისი „კოშმარიზაციისა“ და „დემონიზაციის“ კუთხით. ეს ხომ სწორედ ის მკვლევარი კომპანიაა, რომლის არც ერთი წინასაარჩევნო პროგნოზი მინიმალურად ადეკვატურ ცდომილებასთან ახლოსაც კი არ იყო. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ახერხებს ერთ და იგივე რესპოდენტებთან პატრიარქის 90%-იანი პოპულარობა, NATO-ში გაწევრიანების 85%-იანი მოლოდინი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მოსახლეობის მხოლოდ 18%-იანი ინტერესი გააერთიანოს.

არ იფიქროთ, რომ მას მხოლოდ საქართველოში აქვს „სამიზნე“ მორყეული. 2021 წელს ყირგიზეთში ჩატარებული კვლევებით, IRI-მ დააფიქსირა მოქმედი პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის მიმართ მოსახლეობის ნდობის კლება სულ რაღაც 9 თვეში 51%-დან – 32%-მდე, რამაც ყირგიზეთის ოპოზიციაშიც კი გაკვირვება გამოიწვია. ანალოგიური პოლიტ-კონიუქტურული კვლევებით IRI-მ თავი დაამახსოვრა სომხეთსაც, სადაც 2023 წელს კვლევის შედეგებმა დააფიქსირეს გამოკითხულთა შორის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეთა 56%, მაშინ როდესაც ყველა პარალელური და ობიექტური კვლევებით ამ ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა რიცხვი 80%-ს წარმოადგენდა.

ამ და სხვა მაგალითებმა არაერთ თავმოყვარე სახელმწიფოში, IRI-ს „ობიექტურობასა“ თუ „პროფესიონალიზმის“, მათ მიერ გამოყენებული კვლევების მეთოდოლოგიისა თუ სიზუსტის, მიღებული შედეგების ინტერპრეტირების მიმართ უამრავი კითხვები წარმოშვეს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა „არბიტრმა“ დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა“, – წერს ქართველიშვილი.

პროკურატურამ თაღლითობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის მოტყუებით მიღების მიზნით, შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია-ში” ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, დაბა ბაკურიანისთვის განკუთვნილი სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილის მშენებლობის პროცესში მისმა კომპანიამ კონკრეტული სამუშაოები შეასრულა. რეალურად კი აღნიშნული სამუშაოები შესრულებული იყო სხვა კომპანიის მიერ სხვა ტენდერის პირობებში.

“ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ს დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის ზიანი მიადგა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულს მოსამართლის განჩინება ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც მისი კუთვნილი კომპანიებიდან დოკუმენტაცია უნდა ამოღებულიყო, თუმცა ბრალდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა და საგამოძიებო ორგანოს განჩინებაში მითითებული დოკუმენტაცია არ გადასცა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდესაც ვამბობთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მნიშვნელოვანწილად გამოხატავს პოზიციებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მოხდება ყველაფერი, მუშაობაა საჭირო – გიორგი ვოლსკი

როდესაც ვამბობთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მნიშვნელოვანწილად გამოხატავს პოზიციებს, რომელიც ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების ხედვებს და პოზიციას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მოხდება ყველაფერი, მუშაობაა საჭირო, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„ახალი ადმინისტრაცია ჩვენ გვესახება იმ ძალად, რომელიც ჩამოაყალიბებს სამართლიან ატმოსფეროს მთელს მსოფლიოში და ამ მძიმე პროცესებს დაუდებს ბოლოს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან  ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები პრეზიდენტია – ჩემი პირადი პოზიციაა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! – ნიკა გვარამია

ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია – ჩემი პირადი პოზიციაა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

„სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს. დღეს რომ პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ, ეს სამართლიანია, იქიდან გამომდინარე, თუ რა ჩანს. მაგრამ პოლიტიკოსები ბევრი საქმით არიან დაკავებულები და ყველაფერი არ ჩანს. სამაგიეროდ, შედეგებს ვხედავთ, მათ შორის სანქციების, არაღიარების და ა.შ. სახით. თუმცა საბაზისო მნიშვნელობა ყველა გადაწყვეტილებისთვის, რაც არსებობს და რაც კიდევ იქნება მიღებული, სახალხო პროტესტია, რადგან ძალაუფლება ხალხისაა და მას ეს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს. ხალხი ამ ძალაუფლებას იბრუნებს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ აუცილებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ან ამის მხარდაჭერა ჩვენი, როგორც მოქალაქეების მხრიდან, საკმარისია. ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ამ წუთას ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია.

ჩემთვის ერთი რამ ნათელია და ჩემი პირადი პოზიციაა – პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ამაზე ვხედავ რეაქციას„ქართული ოცნების“, რომელიც აცხადებს, რომ ამის გამო ყველას დაიჭერს. „ქართული ოცნების“ რეაქციები ცხადყოფს, რისი ეშინიათ მათ რეალურად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სალომე ზურაბიშვილს უნდა, საბჭო შექმნას, რევკომი აღადგინოს ან რეპრესიები აამოქმედოს, ოპოზიციის შედეგი იქნება ნული, რაც პოლიტიკური ნულები არიან, იგივე დარჩებიან-არჩილ გორდულაძე

სალომე ზურაბიშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია, ცდილობს, არჩევნების ჩანიშვნისთვის ახალი საფუძველი მოიფიქროს, ხვეწნა-მუდარით გამოდის, როგორმე იმ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ, რაშიც პატრონებმა ჩააგდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდა, საბჭო შექმნას, რევკომი აღადგინოს ან რეპრესიები აამოქმედოს, ოპოზიციის შედეგი იქნება ნული, რაც პოლიტიკური ნულები არიან, იგივე დარჩებიან.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ფეხქვეშ რომ თელავს, სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებ, რომ არჩევნების დანიშვნას სამი საფუძველი აქვს: როცა საპარლამენტო ციკლის ოთხწლიანი ვადა გადის, პარლამენტი მთავრობას ორჯერ ნდობას არ უცხადებს და სასამართლოს მიერ არჩევნების ბათილად ცნობა ხდება. საზოგადოებამ კარგად იცის, ქვეყანაში ეს საფუძვლები არსებობს თუ არა. სალომე ზურაბიშვილი ახლა გამოუვალ მდგომარეობაშია და ხვეწნა-მუდარით გამოდის, როგორმე იმ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ, რაშიც პატრონებმა ჩააგდეს. ცდილობს, ახალი საფუძველი მოიფიქროს, რათა არჩევნები ჩაინიშნოს. ამ დავალების შესრულებაში არასოდეს დავეთანხმებით. უნდა, საბჭო შექმნას და უნდა, რევკომი აღადგინოს ან რეპრესიები აამოქმედოს, მათი შედეგი ნული იქნება, რაც პოლიტიკური ნულებიც არიან, იგივე დარჩებიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8119 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8119 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9221 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9236 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.