Home Blog Page 8

“დილის 6 საათზე ვიყავით იზოლატორში შესულები, შევხვდით ბატონ პაატას, სანამ ბრალი არ იქნება წარდგენილი, მანამდე ვერაფერს გეტყვით დამატებით” – პაატა ბურჭულაძის ადვოკატი

სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ აქციის ორგანიზატორებს.

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დიღმის იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზოდელავა და ნადირაძე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა. კლინიკა “ჰელსიკორში” მოხდა კიდევ ერთი ორგანიზატორის, პაატა ბურჭულაძის დაკავება. ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. სწორედ ის და ზოდელავა იყვნენ პირველები, რომლებმაც, აქციის მონაწილეებს ხელისუფლების დამხობისკენ და პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებისკენ მოუწოდეს. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის პოლიციამ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.

“დილის 6 საათზე ვიყავით იზოლატორში შესულები, შევხვდით ბატონ პაატას, ვესაუბრეთ. თავს გრძნობს მხნედ, ოფიციალური ბრალდების დადგენილებასაც ველოდებით. ბრალის წარდგენის შემდეგ მეტი დეტალი გვეცოდინება და მეტ დეტალზეც შევძლებთ საუბარს. არ გვქონია ამაზე საუბარი. ჯერჯერობით, სანამ ბრალი არ იქნება წარდგენილი, მანამდე ვერაფერს გეტყვით დამატებით”, – აცხადებს პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ლევან ყველაშვილი.

მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას – შალვა პაპუაშვილი

გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

„გუშინ საქართველოში შედგა არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთი წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი, სად დგას ქართველი ხალხი, რამდენია ქართველი ხალხი და ვის შეუძლია მათი სახელით ლაპარაკი.

ქართველი ხალხი გუშინ მივიდა არჩევნებზე, რომელიც ცხადია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევაა.

გუშინ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს, ქვეყნის კონსტიტუციას, მართლწესრიგს, დემოკრატიას და ეროვნულ ინტერესებს.

მადლობა ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა. მადლობა ეკუთვნის თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხელისუფლება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ თითოეულ კანდიდატს, საარჩევნო შტაბების წევრებს, რომლებმაც ჩვენი მთავარი სათქმელი ამომრჩევლამდე მიიტანეს.

ყოველგვარი ალტერნატიული დღის წესრიგი, გამოგონილი და ყალბი რეალობა, გუშინდელმა დღემ დაასრულა.

ამავე დროს, გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლისღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს. მადლობა თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, უსაფრთხოების სამსახურისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, შიდა და გარე მტრებს არ მოარღვევინეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ზღუდე.

შიდა და გარე ძალებმა, რომლებიც უკვე წლებია საქართველოს არევას ცდილობენ, სცადეს გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მწარედ დამარცხდნენ.

გუშინ ჩვენ ვნახეთ უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი ამბიციების, ზიზღისა და შურისძიების მოტივებით დაემხოთ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და, მასთან ერთად, დაემხოთ საქართველოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალიც.

დღეს უკვე ლაპარაკიც არ ღირს იმ რამდენიმე ავანტიურისტზე, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობას. მათი დანაშაული აწონილია, ბრალი გაზომილია და სათანადო სასჯელიც მიეზღვებათ.

დღეს გუშინდელი დღის ყველაზე სამარცხვინო, ლაჩარ და უსინდისო მონაწილეებს უნდა მიეზღოს, რაც დათესეს და რის მომკასაც გუშინ ცდილობდნენ. საუბარი მაქვს რადიკალების იმ ლიდერებზე, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის დაგეგმვაში, ადამიანების მობილიზებაში, ზიზღით დამუხტვაში და როდესაც დაინახეს, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, გაიპარნენ და ახლა ცდილობენ ხელი შეაწმინდონ იმ დამნაშავეებს, რომლებიც პირდაპირ გადავიდნენ ძალადობაზე.

ჩვენ ასევე არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყურადღება გადაგვატანინოს გუშინდელი შეკრების ბუნებისგან. საზოგადოება გათამაშებულ მიამიტობას აღარავის გაუტარებს. არც ქართველს და არც უცხოელს. გუშინდელი შეკრების თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ 4-ში 16:00 საათზე ხელისუფლების დასამხობად მიდიოდა. ზუსტად იყო დათქმული დროც, ადგილიც, გეგმაც და მიზანიც. გუშინ შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა კარგად იცოდა, თუ სად მივიდა და რას აკეთებდა.

ეს ის საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ ქვეყანაზე გაბოროტებული რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც 2022 წლის მარტში, იმავე ადგილიდან, უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ითხოვდა, ვინც 2022 წლის ივნისში, იმავე ადგილიდან, ხელისუფლების უცხოური „ენჯეოებისთვის“ გადაცემას ცდილობდა, ვინც 2023 წლის მარტში, იმავე ადგილზე, პირველი „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, ვინც 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებში დამარცხდა და მარცხის მიღების ნაცვლად ისევ ქვეყნის არევის წარუმატებელი მცდელობა წამოიწყო. ეს ის, სხვისი დროშის მოფრიალე რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სხვის მორჩილებაზე ცვლის.

სიმბოლურია, რომ გუშინ, სხვისი დროშის მოფრიალე ეს რამდენიმე ათასი ამრევი სწორედ თავისუფლების მოედანზე დამარცხდა.

სახელმწიფო გადატრიალების გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენ თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის უცხოური პროპაგანდისტული მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლების დამხობის გუშინდელ მცდელობას ჰქონდა. დღის განმავლობაში საერთაშორისო მედია პლატფორმებზე საქართველოდან მუდმივად მიედინებოდა დეზინფორმაციის ნაკადი, ხოლო უცხოეთიდან ისმოდა წამქეზებლური მოწოდებები ხალხისგან, რომლებიც, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ სისხლისღვრის მოლოდინში, კმაყოფილი ხელებსაც იფშვნეტდნენ. ამ გარე მხარდაჭერის კულმინაცია კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის პარალელურად ვიხილეთ, როდესაც გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეების კოორდინირებული განცხადებები, რომლებსაც მაიდანიზაციის გარე მხარდაჭერის როლი უნდა ეკისრა.

დააკვირდით, რომ არც დანაშაულის მომზადებამდე, არც მისი მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ, არც ერთ უცხოელს, ბრიუსელის ბიუროკრატს თუ ცალკეული ქვეყნების ოფიციალურ პირს არამცთუ არ დაუგმია ძალადობა და დანაშაული, არამედ არც კი გამიჯვნია მას. გვესმოდა მხოლოდ დანაშაულის მხარდამჭერი ლოზუნგები და ზოგადი, ცარიელი ფრაზები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო ცინიკური ჩანდა იმ მასობრივი დანაშაულის ფონზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო.

უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება, რომელმაც 4 ოქტომბერს დაანონსებულ ხელისუფლების დამხობის შეკრებას სოლიდარობა გამოუცხადა. ამ განცხადების მავნებლურ ხასიათზე ჩვენი მრავალჯერადი მითითების მიუხედავად, მას არავინ გამიჯვნია. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამ ღია მხარდაჭერას არ ივიწყებს და განმარტებასაც ელის.

უცხოელი დამფინანსებლების და მფარველების მიერ გულში ჩახუტებული ექსტრემისტების შეუმდგარ ძალადობრივ დამხობაზე მათი გამაყრუებელი სიჩუმე კარგად აჩვენებს, თუ სინამდვილეში რა ფასი აქვს მათთვის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ქართველი ხალხის მშვიდობიან განვითარებას.

4 ოქტომბრის შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება უნდა გახდეს უკანასკნელი გაფრთხილება ყველასთვის, შიგნითაც და გარეთაც. უკვე ისმის მოწოდებები, რომ ხელისუფლების დამხობის გუშინდელი მცდელობა მხოლოდ დროებითი წარუმატებლობაა და რომ საჭიროა, შეცვალონ ტაქტიკა, განაგრძონ პროვოკაციები და აუცილებლად დაამხობენ მთავრობას. წარმოუდგენელია უფრო დიდი ცინიზმი, ზიზღი და სამშობლოს გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, ვიდრე ეს ადამიანები კადრულობენ. თუმცა, 4 ოქტომბრის გაკვეთილი მიღებულია. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, ხალხს ჰქონდეს მშვიდობა, ხოლო საქართველოს და ჩვენს შვილებს – მომავალი.

სიმშვიდით, სიმტკიცით, ღირსებით, ერთგულებით და სიყვარულით კეთილმა სძლია ბოროტს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიმართა შეკრება, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, რის შემდეგაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად მიიღო პროპორციული ზომები კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევების დასადგენად და მათ მიმართ კანონის აღსასრულებლად.

ამასთან, გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება და მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად, მუნიციპალური ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.

სამწუხაროდ, ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს.

ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული.

როგორც იცით, დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო  მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ. სხვადასხვა ინფრასტრუქტურა – საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო, დიდწილად დაზიანებულია. აქედან ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა.

ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, შლაგბაუმი, რომელიც მიწისქვეშა პარკინგთან იყო დამონტაჟებული, მაჩვენებლის დაფა, დეკორატიული სცენა, რომელიც პარკინგის თავზე ორბელიანის ქუჩის მხარეს იყო მოწყობილი.

რაც შეეხება „კონკას“, რომელიც გამორჩეულად უყვართ თბილისელებს და ქალაქის ვიზიტორებს, მას დაზიანებული აქვს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ მუშაობა დაიწყო მყისიერად, როგორც კი ადგილზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა. შედეგად, გატანილია დამწვარი და დაზიანებული მასალა, ტერიტორია მოირეცხა და მოწესრიგდა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების თანამშრომლები მუშაობენ ადგილზე, რომ ყველაფერი აღდგეს და პირვანდელი სახე დაიბრუნოს.

საერთაშორისო დამკვირვებელი: გუშინდელმა არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან და გამჭვირვალე პირობებში, ისე, როგორც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება

გუშინდელმა ადგილობრივმა არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან და გამჭვირვალე პირობებში, ისე, როგორც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვით, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ლუის ხესუს ურიბე-ეჩიბარია აპალატეგუისმა.

როგორც მან განმარტა, 4 ოქტომბერი მშვიდობიანი და კარგად ორგანიზებული დღე იყო.

„როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, გასული წლის ოქტომბერშიც ვიმყოფებოდი საქართველოში, რათა საპარლამენტო არჩევნებს დავკვირვებოდი. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, ისევე, როგორც გუშინდელი ადგილობრივი არჩევნები.

გუშინდელი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ნორმალურ გარემოში და მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად ესარგებლათ თავიანთი დემოკრატიული უფლებებით და აერჩიათ მათი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

პარასკევს ჩვენ შევხვდით საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. მათ ჩვენ დეტალურად აგვიხსნეს საარჩევნო მექანიზმი. ეს არის დაცული ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს და იყენებენ.

გუშინ 12 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი. ეს იყო მშვიდობიანი და კარგად ორგანიზებული დღე, რამაც უზრუნველყო მოქალაქეების დემოკრატიული მონაწილეობა არჩევნებში. საარჩევნო უბნები ნორმალურად გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობდა.

საბოლოოდ ვიტყოდი, რომ გუშინდელმა ადგილობრივმა არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტუნარიან და გამჭვირვალე პირობებში, ისე, როგორც მსოფლიოს უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვით“, – აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

ახლა არ არის ხელების ჩამოშვების და ბრძოლის შეწყვეტის დრო!- გიორგი ბოტკოველი

ახლა არ არის ხელების ჩამოშვების და ბრძოლის შეწყვეტის დრო! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს.

„მინდა დავიწყო იმით, რომ არავისგან არავისზე თითის გაშვერის დრო არ არის. ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ჩვენს ბედს ვერ გადაწყვეტს. თუ გვინდა, ერთმა, ათმა ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ბედი, ეს გარემოება გვაქვს უკვე ქვეყანაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ ბევრი ხალხი იქნებოდა, თუმცა ალბათ, არასაკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს მიეღო იმად, რომ უკან დაეხია და გადაწყვეტილება მიეღო, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გაეტარებინა ყველა ის პროცესი, რომელსაც ხალხი ითხოვდა და ითხოვს უკვე სამას დღეზე მეტია. ამიტომ, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს. მთავარი არის ერთი რამ – ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვკარგავთ ძალიან ძვირფასს – დროს. ჩვენს სახელმწიფოს ამაზე მეტი, ამაზე უარესი გაუვლია, მაგრამ ახლა ვკარგავთ დროს, კარგავენ ის ადამიანები, ვინც დღეს პატიმრობაში არიან. ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩემი იქ ყოფნის მოტივი იყო ის, რაც 13 წლის განმავლობაში იყო, ვმდგარიყავი იმ აქციებზე, რომელი აქციებიც აპროტესტებდა იმ მმართველობას, რომელიც მმართველობაც დღეს ქვეყანას აქვს“,- განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია.

„არ ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, სამწუხაროა ის, რაც მოხდა. ადამიანები დღეს პატიმრობაში არიან. თითოეული ქართველის პოზიცია უნდა იყოს პატრიოტული სული, რომ მშვიდობიანად დაიცვას საკუთარი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან, ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული ეს ყველაფერი, არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის. მთავარია, ქართველმა ხალხმა საკუთარი თავი დაიზღვიოს იმით, რომ შინაგანად ჰქონდეთ რწმენა – მათ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა, ეს არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვიმეორებ, თუ გვინდა ერთმა ადამიანმა ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენ ეს რეალობა უკვე გვაქვს ქვეყანაში“,-განაცხადა ბოტკოველმა.

ბიულეტენების დათვლა დასრულდა – ცესკოს პრესსპიკერის ბრიფინგი

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა – უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის (3 061 უბნის) შედეგი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge

როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ, ამჯერად უკვე  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არცერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება.

მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.

აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება:  ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.

ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში.

წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარ შედეგებს.

თბილისი პროპორციული

პარტიის ნომერიპარტიის დასახელებაშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1„მამული, ენა, სარწმუნოება“30811.019
3„კონსერვატორები საქართველოსთვის“130254.308
5„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“17700.585
7„თავისუფალი საქართველო“  27110.897
8„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“32551.077
9ძლიერი საქართველო-ლელო  300509.938
11„საქართველო“  9770.323
12მწვანეთა პარტია  19320.639
14„სახალხო ხელისუფლება“  8030.266
25„გახარია საქართველოსთვის“  96733.199
36გირჩი  232757.698
41ქართული ოცნება21181470.052

თბილისი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1თეიმურაზ ბოკელავაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“23640.787
3ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“123114.099
7კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო“44011.465
8ოთარ ჭითანავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“26780.892
9ირაკლი კუპრაძე ძლიერი საქართველო-ლელო3686312.274
11გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“13570.452
12გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია23530.783
36იაგო ხვიჩია გირჩი229357.636
41კახა კალაძე ქართული ოცნება21508371.612

რუსთავი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
25თამარ კეკენაძე „გახარია საქართველოსთვის“27308.028
41ნინო ლაცაბიძე ქართული ოცნება3127691.972

ქუთაისი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
11გიორგი ამაღლობელი „საქართველო“27676.276
25პაატა ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“35448.038
41დავითი ერემეიშვილი ქართული ოცნება3777985.686

ფოთი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
41ბექა ვაჭარაძე ქართული ოცნება14545100

ბათუმი მერი

პარტიის ნომერიპარტიის დასახელება/კანდიდატიშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
1თამარ მიქელაძე „მამული, ენა, სარწმუნოება“12462.343
5ზვიად კვირიკაძე „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“22514.234
25გოჩა გუგუნავა „გახარია საქართველოსთვის“550510.353
41გიორგი ცინცაძე ქართული ოცნება4287680.638
42კახაბერ ცისკარიძე დამოუკიდებელი12932.432

ირაკლი კობახიძე: ვინც მივიდა აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ

ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ყველამ იცოდა, რომ 4 ოქტომბრის 16:00 საათისთვის დაანონსებული აქცია ხელისუფლების დამხობის აქცია იყო.

„ვინმეს რამე ხომ არ მოგვეჩვენა? ანუ ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. რა თქმა უნდა, მათი საქციელიც სამარცხვინოა – ბურჭულაძის და ორგანიზატორების, მაგრამ მათზე ბევრად უფრო სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნნენ ბურჭულაძეს. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, დაიწყო ბურჭულაძემ დამხობა, ჩაუვარდა და ამის მერე გაემიჯნნენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბურჭულაძის მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დარჩა და ბურჭულაძეს მცირე ნაწილი გაჰყვა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იყო ტაქტიკური ნაბიჯები და ამ ტაქტიკური ნაბიჯების მიხედვით მიიღეს შესაბამისი ნაბიჯები.

„ანუ ტაქტიკურად იყო გადანაწილებული მათი რესურსი, მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ ძალოვანი სტრუქტურები მოქმედებდნენ ეფექტიანად, მაშინვე დაიწყეს გამიჯვნა მთლიანად დამხობის აქციისგან, როცა საკუთარი ფეხით, თვითონ მივიდნენ დამხობის აქციაზე, ეს არავის მოგვჩვენებია. ოთხ საათზე ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დამხობა როგორ არის მშვიდობიანი პროტესტი?”, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რატომ არ გაჰყვნენ აქციის მონაწილეები პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჰქონდათ მონახაზი, რომლის მიხედვითაც ერთი ნაწილი უნდა წასულიყო ათონელის ქუჩაზე, უნდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შემდეგ სხვა ჯგუფებს სხვა მიმართულებით უნდა ემოქმედათ.

„მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ პირველივე მცდელობა ჩავარდათ, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნნენ ბატონ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ესეც აჩვენებს „ნაცის“ სახეს”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

მიხაელ როთი, რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ, ანა ფოტიგა – როგორ ახალისებდნენ ხელისუფლების დამხობას უცხოელი აქტორები

რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პარტნიორები და ანტიქართული განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკოსები, 4 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში ახალისებდნენ საქართველოში ხელისუფლების დამხობის პროცესს.

მიხაელ როთი, რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ, ანა ფოტიგა, მარკო მიჰკელსონი, ნატალი ლუაზო, ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა უცხოელი აქტორები, რადიკალური ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას, რომლის მიზანიც, თავად აქციის ორგანიზატორების განცხადებითვე, ხელისუფლების დამხობა იყო, სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ეხმიანებოდნენ და აქციას ღიად უჭერდნენ მხარს.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გამოაქვეყნა ძალადობრივი პროტესტის ფოტოებისგან შემდგარი ბანერი წარწერით: “ყველას მზერა თბილისისკენაა მიმართული”, მანამდე კი, იუკნევიჩიენე წერდა: “საქართველოს სჭირდება ჩვენი ყურადღება და მხარდაჭერა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია იმართება ევროპული საქართველოსთვის”.

რადიკალურ ოპოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმაც, რომლის განცხადებით, დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია.

“ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა.” – აღნიშნავს სანდუ X-ზე.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ კი, ოპოზიციონერ აქტივისტ ანა გვარიშვილის მიერ გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით დაწერა: “რაღაც ხდება თბილისში. ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა წარსულისა და მომავლის წართმევა. მათთან ერთად ვარ.”

კიდევ ერთი უცხოელი აქტორი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონიც მხარდაჭერას უცხადებს რადიკალებს და წერს: “ქართველი ხალხი არასოდეს დანებდება. გაუმარჯოს თავისუფალ, ევროპულ საქართველოს!”

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ მიხაელ როთმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს “ეგრეთ წოდებული” უწოდა, ხოლო, მოძალადეების წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებებს – სირცხვილი.

“საქართველოს მთავრობის ე.წ. მეთაური, სულ რაღაც ორი დღის წინ ცდილობდა ევროპელი ლიდერების წინაშე მნიშვნელოვან ფიგურად გამოჩენილიყო. დღეს კი მისი რეჟიმი ცრემლმდენი გაზითა და ძალადობით ომს უცხადებს საკუთარ ხალხს. რა სირცხვილია. ევროპავ, დაუდექი საქართველოს ხალხს მხარში.” – დაწერა როთმა X-ზე.

ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა პარტნიორმა, ანა ფოტიგამ კი დაწერა: “ადგილობრივი არჩევნები საქართველოში. მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“, რომელიც დომინირებულია პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, შაბათის არჩევნები კიდევ ერთი ტესტია იმ თვალსაზრისით, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ქვეყნის მართვის შენარჩუნება.

მთავარმა ოპოზიციურმა ძალებმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით, არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდეს ამომრჩეველს.

ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეპრესიების ფონზე, 60-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერის დაკავების შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ განწყობილნი არიან გააგრძელონ საპროტესტო გამოსვლები.

თბილისში პროტესტი დაიწყო, მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მუქარანარევი და ისტერიული განცხადებებისა, რომელმაც დემონსტრანტებს მიუთითა, რომ შესაძლო შედეგი ხანგრძლივი პატიმრობა იქნება. მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა საპოლიციო ძალები და წყლის ჭავლი.”

ხელისუფლების დამხობის მოთხოვნით მიმდინარე აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ლიეტუვის პარლამენტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლაურინას კაშჩუნასმა, რომელმაც X-ზე დაწერა: “სამშობლოს კავშირი – ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები” დღეს ქართველებს უდგანან გვერდში – სანამ რუსული გავლენისგან არ გათავისუფლდებით და ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი არ იქნებით”.

კაშჩუნასის განცხადება ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჟიგიმანტას პავილიონისმაც გააზიარა და დაწერა: “ჩვენ დღეს ყველანი ქართველები ვართ!”

ხელისუფლების დამხობის მიზნით გამართულ აქციას მხარი დაუჭირა ბელორუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა, პაველ ლატუშკამ, რომელმაც X-ზე დაწერა: “ქართველები იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის – ღირსეული, ევროპული მომავლისთვის, რომელსაც მათ ძალით ართმევენ.

ჩემი სრული მხარდაჭერა თქვენთანაა, ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, ასობით ათასი ბელარუსი ადამიანის. გამარჯვება გმართებთ და გაიმარჯვებთ კიდეც.”

გერმანელი აქტივისტი, იურგენ ნაუდიტი, რომელიც ასევე აქტიურად უჭერს მხარს რადიკალებს, “დროას” წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის პოსტს აზიარებს და წერს: “ეს არის რევოლუციური ნაპერწკალი – საქართველო ცხელდება. ეს შეიძლება გახდეს “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისის დასასრული, თუ მასები მტკიცედ იდგებიან. თვალი ადევნეთ მოვლენებს; თქვენ ქმნით ისტორიას.”

რუსეთმა ლვოვზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი ლვოვი რაკეტებითა და დრონებით დაბომბა. ინფორმაციას ქალაქის მერი ანდრეი სადოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, ისმოდა აფეთქებების ხმა.

როგორც ლვოვის მერი აცხადებს, დაბომბვის გამო ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

სადოვის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ინდუსტრიულ პარკს Sparrow-ს ცეცხლი გაუჩნდა. „წინასწარი მონაცემებით, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ დასტურდება. ეს სამოქალაქო ობიექტია ყოველგვარი სამხედრო მდგენელის გარეშე“, – აღნიშნა სადოვიმ.

ირაკლი კობახიძე – დაკვეთილ ოპერაციებში მონაწილეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს დამხობის შესაძლებლობას მისცემენ

სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ვინც მონაწილეობს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილ ოპერაციებში, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვინც სცადა ხელი აღემართა სახელმწიფოზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს.

„ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა. გუშინდელი დამხობის აქცია იყო სპეცსამსახურების მიერ დაორგანიზებული ე.წ. 300-დღიანი პროტესტის გაგრძელება, პირდაპირი, ლოგიკური კავშირია 150-კაციან პროტესტებსა და გუშინდელ დამხობის აქციას შორის. აქედანაც მინდა, გამოიტანოთ დასკვნები, როგორი იქნება ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უცხოური აგენტების მიმართ და უცხოური სპეცსამსახურების აგენტების მიმართ. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ნებისმიერი მოძალადის მიმართ. სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ვინც მონაწილეობს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილ ოპერაციებში, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეყვარებულ ვერძებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დადებითი ცვლილებები ელით. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, პერსპექტიული პროექტი სასურველი შედეგით დაასრულოთ და ახლობლებისთვის დროის გამოყოფასაც შეძლებთ.
ეცადეთ, პროფესიულ მოვალეობებსა და სიყვარულთან დაკავშირებულ საქმეებს შორის გონივრული ბალანსი შეინარჩუნოთ.
ფინანსურ საკითხებზე უთანხმოებამ შეიძლება ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ყველა მსხვილი შენაძენი წინასწარ შეათანხმოთ.
დღეს ეცადეთ, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

კურო

სიყვარულში შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას. თუ საყვარელი ადამიანის ქცევაში რამე არ მოგწონთ, ბრალდებების წამოყენებას ნუ იჩქარებთ. უმჯობესია გულწრფელად ისაუბროთ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ.
ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ და დაგროვილი საკითხების განსახილველად დრო გამონახოთ.
თუ ხელფასი ან სამუშაო პირობები არ გაკმაყოფილებთ, სამსახურის შეცვლისთვის ხელსაყრელი დროა.
უახლოეს დღეებში მსხვილი შენაძენი, ახალი ნივთი ან მნიშვნელოვანი შემოსავალი გელით.
საღამოს საათებში ეცადეთ, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ.

ტყუპები

თქვენი ემპათია და თანაგრძნობის უნარი საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებს.
სასურველია, რომ ეს დღე ოჯახთან ერთად გაატაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო გარემოში დაისვენოთ.
შესაძლოა, კოლეგის ავადმყოფობის გამო დამატებითი მოვალეობების შესრულება მოგიწიოთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. მთავარია, რომ სწორი სიტყვები მოძებნოთ!
მოსალოდნელია, რომ ამ დღეს ოჯახს წევრის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან შეგუება მოგიწიოთ.
პლანეტები გირჩევენ, აქტიურად იმოქმედოთ და ახალ პროექტების დაწყებაზე დათანხმდეთ, თუნდაც თავიდან უიმედოდ მოგეჩვენოთ.
სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას საკუთარ ინტუიციას ენდეთ.
მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გირჩევთ მენიუში ცხელი კერძები ჩართოთ.

ლომი

პირადი ურთიერთობები მოულოდნელად დაიძაბება. სავარაუდოდ უთანხმოების მიზეზი თქვენი დატვირთული გრაფიკია. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, თორემ მარტო დარჩებით!
შესაძლოა, თქვენი უნარების გამოვლენა სხვადასხვა სფეროში წარმატებით შეძლოთ. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი ბიზნესპარტნიორი გახდება. შესაფერისი დროა გარიგებებისა და კონტრაქტების გაფორმებისთვის, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან.
თქვენი განწყობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მოიშორეთ ცუდი ფიქრები და იფიქრეთ იმ კარგ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

ქალწული

ამ დღეს მარტოხელა ქალწული შეიძლება ცხოვრების თანამგზავრს შეხვდეს. თუმცა, ამისთვის სულ მცირე სახლიდან გასვლაა საჭირო.
ეცადეთ, მომდევნო ვირის განმავლობაში ყველა მიმდინარე საქმე დაასრულოთ, რადგან მალე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოცანები გელით.
მზად იყავით მოულოდნელი ხარჯებისთვის — დანაზოგი სტრესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ – ისინი უსაზღვრო არ არის.

სასწორი

ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები და იმედის მომცემი შეხვედრები გელით. ეს დღე სულიერი გარდაქმნისა და ეჭვების დაძლევის ნიშნით ჩაივლის.
მოსალოდნელია პარტნიორთან შეთანხმება და შეწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა.
მსხვილი შენაძენები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები ჯობია გარკვეული დროით გადადოთ. გარემოებები კარიერულ წინსვლასა და ფინანსური კეთილდღეობის ზრდას ხელს უწყობს, თუმცა, ჯანმრთელობამ შეიძლება უხერხულ დროს გიღალატოთ, ამიტომ არ გადადოთ ოჯახის ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი.

მორიელი

საქმე, რომელსაც საკუთარი ძალებით თავს ვერ ართმევთ, ჯობია სამომავლოდ გადადოთ.
სრულიად შესაძლებელია, რომ მოულოდნელმა ინფორმაციამ ან გარემოებების სასიამოვნო დამთხვევამ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალოს.
საეჭვო პროექტში მონაწილეობას ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ.
დღის მეორე ნახევარში იუპიტერის მფარველობა გელით, რაც ძალასა და ენერგიას შემატებთ. ეცადეთ, ეს შანსი გონივრულად გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების შექმნაში დაგეხმარებათ. დაოჯახებულ მშვილდოსნებს ცოტა ხანი განმარტოება სჭირდებათ – ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება. შეიძლება თავში ახალი იდეა ან პროექტი მოგივიდეთ, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არ უნდა გადადოთ. სატურნისა და იუპიტერის მეზობლობა ფინანსურ დანაკარგებზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ეს ტექნიკის შეძენას, სასწრაფო რემონტს ან ვალების დაბრუნებას უკავშირდება.
ეცადეთ საჭეს არ მიუჯდეთ, რადგან გზაზე ინციდენტში ალბათობა არსებობს.

თხის რქა

რთული დღეა. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. დღეს შეიძლება ნეგატიური განწყობის სხვაზე გადატანა სცადოთ – ეცადეთ დაპირისპირება სკანდალამდე არ მიიყვანოთ.
კარიერული წარმატებები თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. მცირე ფინანსური პრობლემები მოსალოდნელია, მაგრამ ნუ ინერვიულებთ — ეს დროებითი სირთულეებია! უბრალოდ, ეცადეთ, ხარჯები მინიმუმამდე შეამციროთ.
საზოგადოებრივ შეკრებებზე წასვლისგან და, მით უმეტეს გვიანობამდე დარჩენისგან თავი შეიკავეთ — ამჟამად თქვენი ენერგია შემცირებულია და სწრაფად დაიღლებით.

მერწყული

ამ დღეს ნათესავებთან შეხვედრა გელით, რამაც შეიძლება უახლოეს ხანებში უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. საუკეთესო დროა რომანტიკული დასვენებისთვის. ეს ურთიერთობებს გააღრმავებს და ოჯახურ წყვილებს უფრო დააახლოებს.
თქვენი არაორდინარული აზროვნება და გამოკვეთილი ხასიათი ზოგჯერ ირგვლივმყოფების უკმაყოფილებას იწვევს. საქმის შედეგი და შემოსავლები პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს პირად ძალისხმევასა და ფიზიკურ შრომაზე, ასევე მატერიალური რესურსების მართვის უნარზე.
ამჟამად თქვენი იმუნიტეტი შესუსტებულია, ამიტომ ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.

თევზები

ამ დღეს მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს შეხედულებებს იზიარებს და საკუთარ აზრებს მისგან ამაოდ მალავდით.
გირჩევთ, სხვის საქმეებს ნუ ჩაეძიებით, უკეთესია, ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. ფინანსური სირთულეები თანდათან მეორე პლანზე გადავა. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი ვალები გაისტუმროთ და კრედიტები დაფაროთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.