Home Blog Page 8

მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია – “ქართული ოცნება”

გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა, თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ოპონენტები ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ, მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საარჩევნო შტაბი ექნება შექმნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება -შალვა პაპუაშვილი

უწყებათაშორისი კომისიის საბჭოში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არცერთი მათგანი არ იღებს სხდომაში მონაწილეობას, უკვე ექვსი სხდომა ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, მოსყიდვასთან თუ სხვა რამესთან დაკავშირებით თუ რაიმე მონაცემები აქვთ, მივიდნენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში და წარადგინონ.

„უწყებათაშორისი კომისიას რაც შეეხება, შევახსენებ საზოგადოებას, მედიას და საერთაშორისო დამკვირვებლებსაც, რომ ამ საბჭოში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არც ერთი და არც მეორე არ იღებს ამ სხდომაში მონაწილეობას. უკვე ექვსი სხდომა ჩატარდა, თუ არ ვცდები, არცერთში არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციამ, არც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მონაწილეობენ მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე მონაცემები აქვთ, უნდა მივიდნენ ამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში და წარადგინონ, თუ აქვთ რაიმე მტკიცებულება და ინფორმაცია მოსყიდვასთან და სხვა ინფორმაცია. ეს არის ის საბჭო, სადაც უნდა წარადგინონ, მაგრამ არ მიდიან, მხოლოდ მედიისთვის აკეთებენ განცხადებებს, თან კითხვა-პასუხშიც არ შედიან და ავრცელებენ დეზინფორმაციას. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ არის სისტემური მიდგომა, რათა შეამზადონ საბაბი არჩევნების არაღიარებისთვის, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ექნება შექმნილი საარჩევნო შტაბი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება. წარმოიდგინეთ, პარლამენტში შევქმნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი და რუსთაველის დარბაზში, დიდ ეკრანთან დავსხდეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად და გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ასე შემდეგ; ან პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ზუსტად იმ ესთეტიკით, როგორც არის ხოლმე საარჩევნო შტაბები. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს. სიტყვა გაიგეთ საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით? დღისით, მზისით პირდაპირ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დარღვევა ხდება, ესეც ერთ-ერთი მოწმობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები – და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით – თავიანთ ანგარიშებში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ცრუ ბრალდებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და პირდაპირ ხელს აფარებენ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა.

„ამ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან დგანან კონკრეტული დონორები, ევროპელი და ამერიკელი დონორები, ეს არის მათი უშუალო და პირდაპირი პასუხისმგებლობა, რასაც დღეს აკეთებენ ეს ორგანიზაციები, დეზინფორმაციის გავრცელებით და ამაზე თვალის დახუჭვით. 2020 წელს ეს მწარე გამოცდილება უკვე მივიღეთ, როდესაც დონორებმა საკუთარი უპასუხისმგებლობით დაუშვეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყალბი ანგარიშები გამოაქვეყნეს და ამით საქართველოს სტაბილურობას შეუქმნეს საფრთხე და საქართველოს დემოკრატია საფრთხის წინაშე დააყენეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას -შალვა პაპუაშვილი

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები ამყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა.

„ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს: მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ, თავის თავში მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას. 2020 წლის გამოცდილებამ, როდესაც ჯერ პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებით, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადებით, რომლებიც ისეთ ცრუ ფაქტებს ეყრდნობოდა, როგორიც იყო ცესკო-ს მიერ შედეგების დაგვიანების გამოცხადება თუ უბნების რვა პროცენტზე დისბალანსი და ა.შ., გვაჩვენა, როგორი საფრთხის შემცველია დემოკრატიულ პროცესებთან უპასუხისმგებლო თამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციამ ვერ შეძლო, ისტერია შემოეტანა წინასაარჩევნო გარემოში – შალვა პაპუაშვილი

ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად, მოახდენს გავლენას მათ ნებაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება.

„მიზანი მარტივია, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათ ვერ შეძლეს, რომ ისტერია შემოეტანათ წინასაარჩევნო გარემოში, ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშიც და ზუსტად ეს შეიძლება იყოს მიზანი, რომ შემოიტანონ ისტერია საზოგადოებაში, დააბნიონ საზოგადოება, არჩევნებზე მოახდინონ უკანონო გავლენა და ამომრჩევლის ნებაზე მოახდინონ გავლენა. რაც შეეხება მეთოდებს, ორშაბათიდან მოყოლებული, რაც ეუთო/ოდირის ანგარიში გამოქვეყნდა, რაც იყო დიდი იმედგაცრუება ოპოზიციისთვის, მიზანმიმართულად ხდება საინფორმაციო ხმაური და ისეთი საინფორმაციო ველის შექმნა, რომ შეუქმნან აღქმა დამკვირვებლებს, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოში, ადმინისტრაციული რესურსის სახით, ძალადობის სახით თუ რაიმე ასეთის სახით. ასეთი ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად მოახდენს გავლენას მათ ნებაზე,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ჩამოაყალიბებენ ფასეულ შეთავაზებას, ტრენინგები დაეთმობა მარკეტინგს, ბრენდინგს, რეკლამასა და გაყიდვებს, ასევე Growth Marketing-ს, ბაზარზე შესვლის სტრატეგიას, ტექნიკური პროდუქტის შექმნას (MVP), ბიზნესმოდელს და ფინანსებს, ასევე დაფინანსების წყაროების მოძიებას. გუნდები აქტიურად იმუშავებენ Pitch Deck-ის აწყობასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე.  

აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში, გაგრძელდება12 კვირას და შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: ადგილობრივი და საერთაშორისო ბუთქემფი, თემატური სესიები, ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან, ნეთვორქინგ ღონისძიებები, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა და დემო დღე, სადაც სტარტაპები თავინთ კომპანიებს ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ წელს Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი დამეგობრდა Google for Startups-თან და საერთაშორისო ბუთქემფს მადრიდში, სწორედ Google for Startups-ის კამპუსი უმასპინლებს. აქსელერაციის ბოლო ეტაპზე, შერჩეული სტარტაპები გაემგზავრებიან სასწავლო ვიზიტით მადრიდში, გაეცნობიან ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და გაივლიან დამატებით ტრენინგებს.

შერჩეული სტარტაპები:

  • Ally – ნეთვორქინგ აპლიკაცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ერთმანეთის კონტაქტები პროფესიული საქმის მოსაგვარებლად.
  • Aloha – პლატფორმა HoReCa სექტორში ჩართულ ბიზნესებს ეხმარება მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდაში.
  • Altera-Tax Compliance – პლატფორმა ალგორითმის გამოყენებით მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს საგადასახადო და ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავებას.
  • ArtOa.io – პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს კედლის მხატვრებს დამკვეთებთან და ამავდროულად AI/AR ტექნოლოგიის საშუალებით ქმნის კედლის არტს წუთებში.
  • Bit Solutions – ვებ.პლატფორმა ხელს უწყობს ბიზნესებს, მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღებაში, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • Calendo – სერვისების დაჯავშვნის პორტალი, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიების შიდა ERP სისტემთან.
  • Certify Hub: E-Legal Solutions – ბიზნესებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ბიუროკრატიული სერვისების მიღებას.
  • DAILOGY – მესენეჯერ-ჩატ აპლიკაცია აღიქვამს დისფუნქციურ ტექსტებს და აგენერირებს შესაბამის ფუნქციურ, პოზიტიურ კომუნიკაციას, რითაც ამარტივებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.
  • Doer – პლატფორმა აკავშირებს დამწყებ ტექ ენთუზიასტებს ერთმანეთთან ერთი იდეის გარშემო.
  • DocHub – პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების შექმნის, გაფორმებისა და მართვის პროცესების ავტომატიზაციას.
  • Hiera – ვებ.პლატფორმა ამარტივებს ინტერიერის დიზაინერებისა და სტუდიების სამუშაო პროცესს, პროექტის მართვას, ნამუშევრების გაზიარების შესაძლებლობასა და უკუკავშირის მიღებას.
  • INSTASHOP.WORLD – სოციალურ ქსელებს შიგნით ვაჭრობისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა.
  • Quissly – ელ.კომერციის ბუნებრივ ენაზე მოსაუბრე თანამგზავრი, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში, მათი მომხმარებლებისთვის სასურველი შეთავაზებების მეშვეობით.
  • Ringovet – პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ადგილზე გამოძახების მობილური აპლიკაცია, რომელიც ამავდროულად ზრუნავს მიუსაფარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
  • SHARA – Coach Agile Teams – ეჯაილ მიდგომების და პრაქტიკების მართვის ციფრული ხელსაწყო/ვებ.აპლიკაცია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსორმაციისა და მიდგომების ეფექტურად განხორციელება/განვითარებაში.
  • Skippit – SaaS აპლიკაცია სააგენტო და საკონსულტაციო ბიზნესებისთვის, რომელიც ყველა საოპერაციო პროცესს და მონაცემს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მმართველ გუნდს ეხმარება პროექტებისა და ბიზნესის ეფექტურად, მონაცემებზე დაყრდნობით, მართვაში.
  • Skratchville – მარკეტინგის გემიფიკაცია D2C და B2C-სთვის.
  • Strive – ვიდეო თამაშების ქოუჩინგის მარკეტფლეისი, რომელიც ერთის მხრივ, დამწყებ გეიმერებს ეხმარება საკუთარ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ქოუჩინგ სერვისების მიღებაში, მეორეს მხრივ, გამოცდილ გეიმერებს გეიმინგ უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
  • Tripcamp – მობილური აპლიკაცია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის, რომელიც მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი- იპოვნონ და დაჯავშნონ დასარჩენი ადგილები, მიიღონ ინფორმაცია ლოკალური გამოცდილების, ტურების თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
  • uCraft.io – მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმა უზრუნველყოფს მარკეტინგული კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ანალიზს სხვადასხვა პლატფორმისთვის.
  • Webook – ონლაინ ჩაწერების პლატფორმა თავის მოვლის ინდუსტრიისთვის.
  • World Tourist – ტურისტული აკლიკაცია, რომელიც მოგზაურებს უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების აღმოჩენისა და ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 4 ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 2 მილიონ ევრომდე ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.

სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს – ნათია მეზვრიშვილი

ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, – ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება.

მეზვრიშვილის თქმით, ასეთი დაშინების ინსტრუმენტები არჩევნებამდე მრავლად იქნება, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს.

„სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტ ტვსთან“ ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. „ოცნება“ დამარცხებულია, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის რესურსი, ტყუილების, პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს. ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.

„ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა

დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა დასრულებულია, მოქალაქეთა მისაღებად უკვე მზადაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ცენტრი ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.

„ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება დედაქალაქში. ამ მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ყველა რაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სერვისზე. გასულ კვირას მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გავხსენით მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პირველი ფილიალი. ისტორიულად აქ არსებობდა სპორტული სივრცე, რომლის დემონტაჟი მოგვიწია. ფაქტობრივად, ახალი პროექტი განვახორციელეთ, სადაც განთავსებულია საკალათბურთო მოედანი, ფიტნეს სივრცე, ფრენბურთისთვის განკუთვნილი არეალი თავისი საშხაპეებითა და გასახდელებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დიდ დიღომში არსებულ მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები. ასევე, შენობაში განთავსდება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მასშტაბური პროექტი. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. კიდევ ერთი პროექტი – მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, სამგორის რაიონში მიმდინარეობს, სადაც ძალიან მალე დავასრულებთ სამუშაოებს. მომდევნო დღეების განმავლობაში, დიდი დიღმის სპორტულ ცენტრში ადგილზე მისვლის და დათვალიერების საშუალება გვექნება. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს პროგრამა 60+ ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, მსგავს ცენტრებში, გარკვეულ საათებში ინფრასტრუქტურა უფასოდ გამოიყენონ. სპორტული ცხოვრება ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, ისინი ბოროტმოქმედებასა და დანაშაულს ჩადიან – გოგა ხაინდრავა

ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს ფაშისტურ რეჟიმს, პასუხისმგებლობა აკისრია და აუცილებლად მოეკითხება, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს ისინი ბოროტმოქმედებასა და დანაშაულს ჩადიან, ისინი ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლისა და ქვეყნის დანგრევის“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, კრებსითი „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას, როდესაც „ნაცმოძრაობას“ აძლევ ხმას, შენც ქვეყნის მტერი ხარ და ყველა ჩადენილი დანაშაულის არათუ მხარდამჭერი, თანამონაწილეც კი ხდები.

ჩეხეთის მრეწველობა რუსული ნავთობის იმპორტით კრემლს ამდიდრებს?! – რას წერს Politico

ჩეხეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა ევროპის ქვეყნებს შორის, მაგრამ მისმა ნავთობგადამამუშავებელმა მრეწველობამ მთელი ომის განმავლობაში რუსეთს, ციმბირული ნავთობის იმპორტში, ხუთჯერ მეტი თანხა მისცა, ვიდრე უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების საფასურია. – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) სათაურით „ჩეხეთის მრეწველობა რუსული ნავთობის იმპორტით კრემლს ამდიდრებს?!“ (ავტორი – გაბრიელ გევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გასულ კვირას ორმა ევროპულმა ორგანიზაციამ – ენერგიისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრებმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომლის თანახმად, უკრაინაზე რუსეთის ტავდასხმის მომენტიდან ჩეხეთმა რუსეული ნავთობის იმპორტისათვის კრემლს უკვე 7 მილიარდი ევრო გადაუხადა და ეს მაშინ, როცა უკრაინის დასახმარებლად ჩეხეთის სახელმწიფომ დახარჯა მხოლოდ 1,29 ევრო.

როგორც კვლევის ავტორები – მარტინ ვლადიმიროვი და ისააკ ლევი – აღნიშნავენ, როცა ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციებს აწესებდა, იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ციმბირულ ნავთობს მილსადენით იღებდნენ – უნგრეთისათვის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის – გამონაკლისი დაუშვა. იმ დროს იგულისხმებოდა, რომ მილებით მიწოდებული ნავთობის აკრძალვის გადადება ამ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემდა ალტერნატიული მიმწოდებლები მოეძებნათ. მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ არათუ უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებსაც რეგულარულად ადანაშაულებენ ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათიების გამოხატვაში, არამედ ჩეხეთის რესპუბლიკასაც, რომლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები პოლონურ კომპანია „ორლენ უნიპეტროლს“ (Orlen Unipetrol) ეკუთვნის.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ჩეხეთი უკრაინის ერთ-ერთი უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენს: პრაღა კიევს სამხედრო ტექნიკას აწვდის, ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ფულს აგროვებს რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტისათვის აუცილებელი საბრძოლო მასალების (ჭურვების) შესაძენად, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებს აქვთ.

მოხსენების ავტორთა გამოთვლით, რუსული ნავთობის წილი ჩეხეთის შესყიდვებში მერყეობს – ზოგჯერ მატულობს, ზოგჯერ კი მცირდება: 2022 წელს მოსკოვისაგან ნაყიდი „შავი ოქროს“ წილი 56%-ს შეადგენდა, 2023 წელს – 60%-ს, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში 49%-მდე შემცირდა, შემდეგ კი ისევ მოიმატა.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ გარემოებას, რომ ჩეხეთს ყველა შესაძლებლობა აქვს ნავთობი სხვა წყაროებისაგან მიიღოს, მაგრამ მისი ქარხნების მფლობელი პოლონური კომპანია უპირატესობას მაინც რუსულ ნავთობს ანიჭებს.

ისმება კითხვა – რატომ? იმიტომ, რომ Orlen Unipetrol-ს გადაწყვეტილი აქვს დამატებითი მოგება მიიღოს 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით – ის ხომ რუსულ ნავთობს შეღავათიანი ფასით, იაფად ყიდულობს.

წყარო

               

ჩემი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია – რას ჰყვებიან BBC-სთან ფრონტისპირა ქალაქ პოკროვსკის ჯარისკაცები

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს რეპორტაჟს ფრონტისპირა ქალაქ პოკროვსკიდან სათაურით „ჩემი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია. მეზობლები დაიღუპნენ“ (ავტორი – იოგიტა ლიმაიე, სანჯაი განგული, ანასტასია ლევჩენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ბიბისის“ გადამღები ჯგუფი დონეცკიდან 60 კილომეტრზე მდებარე მეშახტეთა ქალაქ პოკროვსკთან ახლოს დისლოცირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე განსაკუთრებული საჰაერო-სადესანტო ბრიგადას ეწვია. „ფრონტის ეს ხაზი ყველაზე სახიფათოა“, – ამბობს ალექსანდრე,  სამედიცინო პუნქტის უფროსი, – რუსეთი ძალიან გვაწვება. ჩვენ ვერ შევძელით ფრონტის ხაზის სტაბილიზება. ყოველთვის, როცა ფრონტის ხაზი გადაადგილდება, ჩვენც მას მივსდევთ“.

ექიმები ამბობენ, რომ ამას წინათ დღეში 50 დაჭრილ ჯარისკაცს იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად, სარეკორდო მაჩვენებელია მთელი ომის პერიოდში. დაჭრილები ღამით მოჰყავთ, რომ რუსების დრონებმა არ შენიშნონ და მათი დარტყმის ქვეშ არ მოჰყვნენ.

პოკროვსკი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შედარებით უსაფრთხოდ ითვლებოდა – აქ ცხოვრობდა 60 ათასამდე ადამიანი, მუშაობდნენ რესტორნები, კაფეები, ბაზრები. უკრაინელი სამხედროები ხშირად მოდიოდნენ ფრონტის ხაზიდან ამ ქალაქში „სულის მოსათქმელად“ და დასასვენებლად.

მაგრამ ამჟამად პოკროვსკი თანდათან ქალაქ-მოჩვენებას ემსგავსება.

თებერვალში რუსებმა ავდეევკა დაიპყრეს, რომლის შემდეგ ისინი სწრაფად წინ მიდიან  დონბასიდან დასავლეთის მიმართულებით. ოქტომბრის დასაწყისში რუსებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი უგლედარი დაიკავეს, რომლისთვისაც ბრძოლები თითქმის ორ წელიწადს გრძელდებოდა. უგლედარს უკრაინელები „ციხე-სიმაგრეს“ უწოდებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსებმა ჩაიგდეს ხელში.

უკრაინის ხელისუფლება ეთანხმება იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც თვლიან, რომ ახლა ყველაზე ცხელ მიმართულებად პოკროვსკი ხდება. კიევში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქ დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფები რუსების 150 შემოტევას იგერიებდნენ.

ფრონტიდან 10 კილომეტრის დაშორებით, საველე ჰოსპიტალში ექიმი ტანია ჯარისკაც სერგეის სახიდან გასისხლიანებული ბინტს ხსნის და საოპერაციოში შეჰყავს. „მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – ამბობს იგი. სერგეის ჭურვის ნამსხვრევი თვალში მოხვდა, დაამსხვრია თავის ქალას ნაწილი და ტვინი დააზიანა. 

მალე ახალი დაჭრილები მოჰყავთ – მათ არ იციან, როგორ მოხვდნენ რუსული დრონების დარტყმის ქვეშ, რომლებიც ძალიან ხშირად მოულოდნელად გამოჩნდებიან ხოლმე. „აქ სახიფათო ადგილია. გადავიღალეთ ფიზიკურადაც და მორალურადაც, მაგრამ სიტუაციას როგორღაც მაინც ვუმკლავდებით“, – ამბობს იური, სამედიცინო ასეულის მეთაური.

ჯარისკაცები ჯერ კიდევ დილით დაიჭრნენ, მაგრამ ისინი საღამოს, შებინდებისას მოიყვანეს, როცა შედარებით უსაფრთხო დრო დადგა. სამწუხაროდ, ასეთი დაგვიანებები სიკვდილის რისკს და ინვალიდობის შანსებს ზრდის.

ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, სახელად ტარასმა, დაჭრილ ფეხზე, სისხლდენის შესაჩერებლად, 10 საათის წინ  თასმა მოიჭირა, მაგრამ ახლა მისი ფეხი დასივდა და გათეთრდა, შეგრძნება დაკარგა.  ექიმი ამბობს, რომ ტარასს, დიდი ალბათობით, ფეხის ამპუტაცია მოუწევს.

იმას, რასაც ჩვენ საველე ჰოსპიტალში ვხედავთ, პოკროვსკის ბრძოლების სიმწვავეს მოწმობს. ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია და უკრაინის ჯარებისათვის დონბასის ფრონტზე სასიცოცხლოდ აუცილებელ ლოჯისტიკურ პუნქტად რჩება. უკრაინისათვის ცნობილია, თუ როგორი მაღალია ფსონები.

რუსული დრონები ომით გაწამებულ პოკროვსლელებს ემუქრებიან. შენობათა ფანჯრები ყრუდ არის დაკეტილი და შეფიცრული, რომ დრონებმა სახლის შიგნით არ შეიხედონ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ქუჩაში გამოვა, იმავწუთს დრონების სამიზნე ხდება. ერთ-ერთი დრონი პირდაპირ ჰოსპიტლის წინ იყო ჰაერში დაკიდებული. დრონებს აგდებენ, აფეთქებენ, მაგრამ მათ ადგილზე სხვა მოფრინავს, რაც დაჭრილთა ევაკუაციას ართულებს.

„დრონების ხმა ძილშიც გვესმის… გაიხედავ ფანჭრის ჭრილიდან და ჰაერში გაჩერებული თითქოს გელოდება“, – ამბობს 50 წლის ვიქტორია ვასილევსკაია. მას ევაკუაცია არ უნდოდა, მაგრამ დათანხმდა.

ვიქტორია ძალიან გაკვირვებულია იმით, რომ ფრონტის ხაზი მოულოდნელად ქალაქს ძალიან სწრაფად მოუახლოვდა: „ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არავინ იცის, ხვალ აქ რა მოხდება. ნერვები მღალატობს, პანიკური შეტევები მაქვს. ევაკუაციაზე კი დავთანხმდი, მაგრამ ფული თითქმის აღარ მაქვს, ცხოვრების თავიდან დაწყება მომიწევს… მინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მალე დაიწყოს მოლაპარაკებები. ის მიწა, რომელიც რუსებმა დაიკავეს, არაფრად აღარ ვარგა, ყველაფერი განადგურებულია“, – ამბობს იგი.

იმ მოქალაქეების მორალური სული, რომლებსაც ჩვენ გავესაუბრეთ, დარღვეულია. მათ ასე ცხოვრება არარ შეუძლიათ – ქალაქის უდიდეს ნაწილს არც ელექტროენერგია და არც წყალი არ მიეწოდება. ერთ-ერთი სკოლის ახლოს მოქალაქეთა გრძელ რიგს ვხედავთ, რომლებსაც „კანისტრები“ უჭირავთ და ონკანიდან წყლით ავსებენ.

პოკროვსკის შენობათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ ნგრევა შედარებით მცირეა. რუსები ჯერ-ჯერობით ისე დაუნდობლად არ ბომბავენ ქალაქს, როგორც ბახმუტს, ავდეევკას ან უგლედარს ბომბავდნენ.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 69 წლის ლარისას ვხვდებით, რომელიც ერთ-ერთ შემორჩენილ კიოსკში კატროფილს ყიდულობს. „ეს საშინელებაა. მე უკვე დამამშვიდებელი წამლები მჭირდება, შიშისაგან ვერ ვიძინებ“, – ამბობს იგი.

ლარისა თვლის, რომ დადგა რუსეთთან მოლაპარაკების დრო. სიტყვა „მოლაპარაკება“ სულ ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იყო უკრაინელებისათვის, მაგრამ აქ, ფრონტის ხაზთან ახლოს, ბევრი ფიქრობს, რომ ომი დასრულების საკითხი მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

„ძალიან ბევრი ჩვენი მებრძოლი იღუპება. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? სიცოცხლე გვინდა. რაში ჭირდება პუტინს ჩვენი ტერიტორი, ნუთუ მას თავისი არ ჰყოფნის? რამდენი ხალხი დაიხოცა…“, – კვნესაშერეულად გველაპარაკება საევაკუაციო მიკროავტობუსში მჯდომი 80 წლის ნადეჟდა. მას გადაადგილება არ შეუძლია.

პოკროვსკელთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ქალაქის დატოვებას არ აპირებენ. ელექტრომონტიორ ვიტალის მოვალეობაა მცხოვრებთა ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, თუმცა როგორც იგი ამბობს, მისი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია, მეზობლები დაიღუპნენ… „მაგრამ ალაქის დატოვება უბრძოლველად არ შეიძლება“. არიან ისეთებიც, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ და თვლიან, რომ მებრძოლების სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ და ქალაქი უნდა დატოვონ.

დილით ფრონტის ხაზზე გავდივართ. ჭურვებით ორმოებგაჩენილ გზაზე ვცდილობთ მაღალი სიჩქარით ვიმოძრაოთ, რომ რუსული დროების სამიზნეში არ მოვხვდეთ. გზის ორივე ნაპირზე თვალში საცემია დამჭკნარი მზესუმზირების ველი.

რაც უფრო ვუახლოვდებით ფრონტის ხაზს, ქვემეხების გრიალი და აფეთქებების ხმა სულ უფრო მკაფიოდ ისმის.

უკრაინელი არტილერისტი ვადიმი ჭურვებს საბჭოთა ქვემეხით ისვრის, რომელიც ისეთ გამაყრუებელ ხმას გამოსცემს, რომ მიწიდან მტვერს აყენებს. ვადიმმა იცის, რომ რუსები აუცილებლად უპასუხებენ, ამიტომ იგი მიწისქვეშა ძელმიწურში იმალება.

„მათ [რუსებს] უფრო მეტი ცოცხალი ძალა და იარაღი აქვთ. მათი მეთაურები ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“, – ამბობს არტილერისტი. მან კარგად იცის, რომ თუ პოკროვსკი დაეცემა, ამით კარი გაიღება დნეპროპეტროვსკის ოლქისაკენ, რომელიც 32 კილომეტრით არის დაჭორებული ფრონტისპირა ქალაქს.

„დიახ, ჩვენ დავიღალეთ, ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ბრძოლა მაინც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გველოდება“, – ამბობს ვადიმი.

წყარო

სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5 464 ოჯახს დაურეგისტრირდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის.

„2023 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დაიწყო სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე, პროექტი ეხება შემდეგ სისტემურ არეალებს: დიდგორი, ძველი ვეძისი, სოფელი დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში ჩართულია. 15 000-მდე განაცხადი იყო შემოსული, რადგან ეს პრობლემა ბევრ ადამიანს წლებია აქვს და ვერ ირეგისტრირებენ საკუთარ მიწას. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მოხდა მიწების იდენტიფიცირება, ისტორიის შესწავლა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 5 464 ოჯახის განაცხადი დაკმაყოფილდება.

„პროექტის ფარგლებში, შერჩეული არეალები შეადგენს, დაახლოებით, 4 264 ჰექტარს, საიდანაც დაურეგისტრირებელია, დაახლოებით, 757 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, თბილისში, სისტემური რეგისტრაციის პროექტი 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ეხება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 5 464 ოჯახს დაუკმაყოფილდება განაცხადი. მინდა, მივულოცო მათ. ეს არეალები მოქცეულია სოფელი დიღმის, დიდგორის, ძველი ვეძისის, კვესეთისა და ბეთანიის სისტემურ არეალში“, – აღნიშნა თბილისმა მერმა.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ – პრემიერი

საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა – დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, „არის თუ არა საჯარო მოხელეების რესურსი ის, რისი იმედიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად“.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „მილიონზე მეტი ხმის აღებას აპირებს“.

„რაც თქვით, ტყუილია. ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ. თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეების რესურსი, არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა. თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, მან ისაუბრა მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოში „თუ სადმე კორუფციაა, ეს „ენჯეოების“ სექტორია“.

„სინამდვილეში, თუ სადმე კორუფციაა, ეს არის „ენჯეოების“ სექტორი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც მათ არ სურთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება, არის ის, რომ „ენჯეოების“ სექტორში აღვირახსნილი კორუფციაა. რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე ამ თვეების განმავლობაში, რაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაზეც პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა მთავრობა მტკიცდებოდა. ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება. ამ მიზანს ბოლომდე მივყვებით“,- განაცხადა კობახიძემ.