Home Blog Page 8

დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა

დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა , – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში შევა და მისი ადმინისტრატორის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეასრულებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სააგენტო კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა USAID-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

CBS News-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის რამდენიმე მრჩეველი სააგენტოს სრულიად დახურვის იდეას არ დაეთანხმა.

პეტერ ფიშერი – ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება

ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს“.

„თუ თქვენ ქვეყანა ხართ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და კაია კალასისგან ასეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც გერმანიაც ეთანხმება, მაშინ თქვენ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, – წერს ელჩი X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„დღეს, თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია. საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – დაწერა კაია კალასმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას – New York Times, National Public Radio, NBC News და Politico-ს პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართმევს. გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულმა მედიაორგანიზაციებმა 14 თებერვლამდე უნდა დატოვონ პენტაგონის სამუშაო სივრცეები, ხოლო მათ ადგილას განთავსდებიან New York Post, One America News Network, Breitport News და HuffPost News.

პენტაგონის პრესსამსახური აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანია სხვა მედიასაშუალებებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნა და ყოველწლიური როტაციის პრინციპის დანერგვა, თუმცა დაზარალებული მედიაორგანიზაციები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

NBC News-ი აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუშლის მათ საინფორმაციო საქმიანობას, New York Times კი განაცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს. NPR მოუწოდებს თავდაცვის დეპარტამენტს, გაზარდოს სამუშაო სივრცე, რათა უზრუნველყოს ყველა მედიასაშუალების თანაბარი წვდომა.

პენტაგონის პრესსამსახური უარყოფს მედიაზე ზეწოლის ბრალდებებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ ზღუდავს მედიასაშუალებების საქმიანობას.

,,USAID-ი ფულს უხდიდა მედია ორგანიზაციებს თავისი პროპაგანდის გამოსაქვეყნებლად”- ილონ მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ის საქმიანობას ეხმაურება.

USAID-ი ფულს უხდიდა მედია ორგანიზაციებს თავისი პროპაგანდის გამოსაქვეყნებლად“, – დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.

,,აშშ საელჩო უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“ – ლევან მაჭავარიანი 

აშშ-საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, საელჩო „უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“ .

“მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს – უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ დიფ სთეითის ქართველ აგენტებს!

მეტიც, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს!” , – წერს ლევან მაჭავარიანი “ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებებს სრულიად მცდარი უწოდა. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მდინარაძის განცხადებები წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას.

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო

2024 წელს აშშ-მა უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების მხოლოდ ნახევარი მიაწოდა – Reuters

2024 წელს აშშ-მა უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების მხოლოდ ნახევარი მიაწოდა, – წერს Reuters-ი.

როგორც გამოცემა წერს, რაც შეეხება შეფერხებების მიზეზებს, ისინი მოიცავს არა მხოლოდ ხანგრძლივ დისკუსიებს კონგრესში, არამედ შიდა დებატებს რუსეთთან ესკალაციის რისკების შესახებ, ასევე, შეშფოთებას იმის შესახებ, არის თუ არა საკმარისი აშშ მარაგები.

„როიტერის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ეს შეფერხებები ემთხვევა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვადის ბოლო თვეებს და სწორედ ამ დროს დაკარგა უკრაინამ თითქმის მთელი ტერიტორია, რომელიც დაიბრუნა 2023 წლის კონტრშეტევის დროს.

მას შემდეგ, რაც პენტაგონმა გაზაფხულზე გამოაცხადა 1 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, უკრაინელი დეპუტატის და თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ტეტიანა უსტინოვას თქმით, რეალური მიწოდება უფრო ნელი იყო.

და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მაშინდელმა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მაისში განაცხადა, რომ აშშ ცდილობდა მიწოდების „ტემპის დაჩქარებას“, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, შეფერხებები გაგრძელდა.

გამოცემა წერს, რომ ომის დროს ამერიკული იარაღის საზღვარგარეთ გაგაზავნა მოითხოვს კომპლექსურ ლოგისტიკას და კოორდინაციას მრავალ ამერიკულ სააგენტოსა და მოკავშირე მთავრობას შორის. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

აშშ-ის ოთხი ოფიციალური პირის თქმით, იარაღის მცირე პაკეტები შეიძლება ჩავიდეს ერთ-ორ კვირაში. დიდი მიწოდებას კი თვეები სჭირდება. 

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზაფხულის განმავლობაში მიწოდების უმეტესი ნაწილი შეზღუდული იყო, დახმარება მოიცავდა – რაკეტებსა და არტილერიას, რათა უკრაინას შეეძლებოდა თავის დაცვა, მაგრამ ვერ დაიწყებდა მნიშვნელოვან შეტევით მოქმედებებს“, – ნათქვამია Reuters-ის ანალიზში.

ამ საკითხთან დაკავშირებული მრავალი ამერიკელი ოფიციალური პირი გასულ ზაფხულს აგრესიული იარაღის შეზღუდვის გადაწყვეტილებას მიაწერდა შიშს, რომ ამერიკული მარაგი იწურებოდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ არ არსებობს მკაფიო კავშირი აშშ-ის დახმარების შეფერხებასა და უკრაინის ტერიტორიულ დანაკარგებს შორის.

„ომებს ვერასოდეს ვერ მოიგებ ან წააგებ დახმარების პაკეტებით. ამას სჭირდება სტრატეგია, ძალის დაგეგმვა, ძალის გამოყენება, ლიდერობა, მორალი და სხვა რამ და არა მხოლოდ დახმარების ნაკადი“, – ციტირებს გამოცემა თავდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის პრეზიდენტის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სეტ ჯონსის სიტყვებს.

სააგენტო წერს, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, გაურკვევლობა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაძლიერდა.

„მის ახალ ადმინისტრაციას შეუძლია ნებისმიერ დროს შეაჩეროს მიწოდება, რომელიც უკვე მზად არის… მან და მისმა მხარდამჭერებმა კონგრესში ნათლად განაცხადეს, რომ მათ სურთ შეწყვიტონ მხარდაჭერა უკრაინის“, – წერს გამოცემა. 

მასკი აცხადებს, რომ USAID-ი ბიოლოგიური იარაღის კვლევებს აფინანსებდა

იცით თუ არა, რომ USAID-ი, თქვენი გადასახადებიდან დოლარების გამოყენებით, აფინანსებდა ბიოლოგიური იარაღის კვლევებს, მათ შორის COVID-19-ს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა? – წერს აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მან გააზიარა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლის პოსტი, რომელშიც ის USAID-ს „აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფიქტიურ ორგანიზაციას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ სააგენტომ 53 მილიონი დოლარი გადარიცხა EcoHealth Alliance-ში, რომელმაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოიყენა ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიაში კორონავირუსების კვლევების მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, მასკმა გააზიარა მრავალი ტვიტი, რომლებშიც მომხმარებლები მხარს უჭერენ USAID-ისთვის დაფინანსების შეწყვეტის განზრახვას და სააგენტოს უწოდებენ „ისტორიაში ყველაზე გიგანტურ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციას“.

ტრამპის სპეცწარმომადგენელი: ზელენსკიმ მიგვანიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ საკუთარ პოზიციებს ტერიტორიებთან დაკავშირებით შეარბილებს.

მისი თქმით, იმავეს გაკეთება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც მოუწევს.

„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მიგვანიშნა, რომ საკუთარ პოზიციას ტერიტორიებთან დაკავშირებით შეარბილებს. პუტინსაც მოუწევს საკუთარი პოზიციის შერბილება. დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველასთან ერთად გავმართავთ დისკუსიას. და ეს კარგი იქნება ორივე მხარისთვის“, – თქვა კელოგმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს უკრაინაში წლის ბოლომდე არჩევნები ჩატარდეს, განსაკუთრებით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა.

„ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი საქმეა დაგროვებული”- სოზარ სუბარი

ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური საქმიანობის გამოძიებას. თუმცა დღეს ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც ამის საჭიროებაც და აქტუალობაც კიდევ უფრო გამოიკვეთა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი საქმეა დაგროვებული, რომელიც მისი მხრიდან ჩადენილ სისტემურ დანაშაულს ადასტურებს.

„შარშან იყო რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომლის შემდეგაც ვალდებულებაც კი გვაქვს, რომ ასეთი კომისია შევქმნათ და ერთ -ერთი ასეთი არის „ოჩიგავა-საქართველოს წინააღმდეგ“ და ამ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ სისტემურ დანაშაულებს ჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“.
რაც შეეხება უშუალოდ კომისიას, ის შეიქმნება ძალიან მალე. კანონით არის განსაზღვრული, რომ მინიმუმ ნახევარი უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრები. შესაბამისად, თუ შემოვა დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც არ აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ღალატობს თავის ამომრჩეველს, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ თავისი კვოტები და სავარაუდოდ „ხალხის ძალის “კვოტა იქნება ერთი ადამიანი. თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში ამ კვოტებს ჩვენ ავითვისებთ.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, რომელიც არის გამოსაძიებელი იმდენი გვაქვს დაგროვებული თუნდაც მარტო ჩემი მოხსენებები, რომ ავიღოთ ან იმ სახალხო დამცველების მოხსენებებიც, რომლებიც ჩემს შემდეგ იყვნენ მარტო ესენი საკმარისი, როგორც პოლიტიკური , ისე სისხლის სამართლებრივი გასამართლებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

,,ქვეყანაში წესრიგის შესანარჩუნებლად საჭიროა კანონის გამკაცრება”- გიორგი ვოლსკი

არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რა საკვირველია კანონის გამკაცრებაა საჭირო, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.

მისი თქმით, ქვეყანაში წესრიგის შესანარჩუნებლად საჭიროა კანონის გამკაცრება.

„გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ დესტაბილიზაციას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. რა საკვირველია კანონის გამკაცრებაა საჭირო იმისთვის, იმისთვის რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. არ შეიძლება უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით არის წინ. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები.

,,როდესაც ბრიუსელელი ბიუროკრატები ძალადობას მშვიდობას ეძახიან, ეს აქეზებს ძალადობას”- შალვა პაპუაშვილი

ვიხილეთ დანაშაულის მცდელობა, რომ მოეხდინათ ავტომაგისტრალის ბლოკირება – პოლიციის ამოცანა არის ის, რომ დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას და ზუსტად ეს გააკეთა გუშინ მან – რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, მე ამის შინაარსში და კომენტარში არ შევალ, ამისთვის არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შეუძლიათ მიმართონ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი აქცია ძალადობრივი იყო და ზუსტად ის იყო გამაოგნებელი, რომ ბრიუსელელმა პოლიტიკოსებმა ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდეს.

პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ბრიუსელელი ბიუროკრატები ძალადობას მშვიდობას ეძახიან, ეს აქეზებს ძალადობას.

“ამბობდნენ, რომ პოლიციელებისთვის მაშხალების სროლა, პარლამენტის დაწვის მცდელობა, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა იყო მშვიდობა. მაშინ ვთქვი, რომ თუკი ეს არის მშვიდობა, ასეთ მშვიდობა ჰქონდეთ თავის დედაქალაქებში ყოველ დღე. აუხდათ ხომ?! ახლაც, თუკი მათთვის მშვიდობა არის საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვა და ამის დაანონსება, ასეთი მშვიდობა ჰქონოდეთ თავის მაგისტრალებზე და ავტობანებზე.

დაანონსდა ძალადობრივი აქცია. დაანონსდა უცხოეთიდან დაფინანსებული “ენჯეოების” და “ნაცმოძრაობის” მხრიდან, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ მაგისტრალის ბლოკირებას. თავისთავად მაგისტრალის ბლოკირების საშუალებას რომ სამართალდამცავები არ მისცემდნენ, ცხადია. იქ რომ მივიდნენ დახვდათ პოლიციის კორდონი, რომელიც მათ აფრთხილებდა, რომ არ მოეხდინათ მაგისტრალის ბლოკირება. მიუხედავად ამისა, სცადეს კორდონის გარღვევა და ბლოკირება.

ის, რაც ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, ეს იყო დანაშაულის მცდელობა, რომ მოეხდინათ ავტომაგისტრალის ბლოკირება. პოლიციის ამოცანა არის ის, რომ დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას და ზუსტად ეს გააკეთა გუშინ პოლიციამ, რომელიც მაგისტრალის ბლოკირება არ მოახდენინა. შესაბამისად, ამ დროს, როდესაც არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭიროა საპოლიციო ძალის გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს შეკავება. რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, მე ამის შინაარსში და კომენტარში არ შევალ. არსებობს ამისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამით დაკავდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას – ზუსტად ის იყო გამაოგნებელი, რომ ჩვენ გუშინვე მოვისმინეთ ბრიუსელელი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკების, თუ დიპლომატების განცხადება, რომლებმაც ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდეს. აი, ამას რომ ეძახიან მშვიდობიანს ამის გამოა, რომ ხდება შემდეგ ეს ძალადობა. ამიტომ არის, რომ როდესაც ძალადობას ეძახიან მშვიდობას და მშვიდობიან აქციას ზოგიერთ ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,  სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.

ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება  და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს. 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია.

აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ.