ფრანგულ ჟურნალ „ლე პუანში“ (Le Point) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საფრანგეთი – ევროპის უკანასკნელი ავადმყოფი ადამიანი“: ევროპის პროგრესული წინსვლის ფონზე საფრანგეთი ჩიხში შედის“ (ავტორი – ნიკოლა ბავერე). „ემანუელ მაკრონის მმართველობის პერიოდში საფრანგეთის განვითარება შეჩერდა, რომელიც კოლაფსის დაწყებას ნიშნავს. ყველა სფეროში უკიდურესად არასახარბიელო პროგნოზი კეთდება. საფრანგეთმა სტაბილური სახით შეიძლება ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწიოს“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
საფრანგეთი პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩნდა. იმ დროს, როცა კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ გერმანიის „გადატვირთვის“ პროცესშია, როცა ჩრდილოეთი ევროპა გადაიარაღებას ცდილობს, სამხრეთი ევროპა პოზიციების აღდგენას იწყებს, აღმოსავლეთი ევროპა კი დანარჩენების დაწევას ცდილობს, ჩვენი ქვეყანა ევროპის ერთადერთ „ავადმყოფ „ადამიანად“ რჩება (ეს გამოთქმა მე-19 საუკუნეში გავრცელდა ჯერ ოსმალეთის მიმართ, შემდეგ კი განზოგადდა).
ეს ყველაფერი ხდება იმ მომენტში, როცა ვაშინგტონის ანტილიბერალური შემობრუნება ეგზისტენციალურ შოკს იწვევს გერმანიაში – ქვეყანაში, რომელიც თავის დროზე სწორედ აშშ-ის მიერ იქნა აღდგენილი და აღორძინებული… ასევე დიდი ბრიტანეთშიც, რომლის ბირთვული ძალები და დაზვერვა ამერიკაზეა დამოკიდებული… და პოლონეთში და ბალტიისპირა ქვეყნებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავიანთი ბედი ნატოს დაუკავშირეს.
რა ჭირს, ბოლოსდაბოლოს, საფრანგეთს?
უმძიმესი სახელმწიფო ვალი – კოლაფსი ყველა სფეროში
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველობის დროს საფრანგეთის დაცემა კოლაფსში გადაიზარდა. კოლაფსია დემოგრაფიაში, როცა შობადობა ერთ ქალზე 1,62 ბავშვამდე შემცირდა (თუ ასე გაგრძელდა, 2027 წელს სიკვდილიანობა შობადობას გადაუსწრებს). კოლაფსია ეკონომიკაში, როცა ქვეყანაში 2019 წლიდან წარმოების მხოლოდ ანემიური 0,4%-იანი წინსვლა და პარალელურად კი 6%-იანი დაცემა შეინიშნება – მრავლდება ბანკროტობის შემთხვევები.
გარდა ამისა, საფრანგეთი სავაჭრო კოლაფსსაც განიცდის – მისი სავაჭრო დეფიციტმა 2024 წელს 81 მილიარდ ევროს მიაღწია და ეს იყო დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის წინ. სავარაუდოდ, ამ მხრივ წინ უფრო უარესი გველოდება. რაც შეეხება სოციალურ კოლაფსს, ის შრომიუნარიანი მოსახლეობის 8%-იანი დონის უმუშევრობაში და ერთ სულ მოსახლეზე, გერმანიასთან შედარებით, შემოსავლების 15%-იან სხვაობაში გამოიხატება.
კოლაფსია ფინანსურ სფეროში: საფრანგეთს ამჟამად ისტორიულად უდიდესი შიდა სახელმწიფო ვალი აქვს – 3 305 მილიარდი ევრო (ანუ მშპ-ის – მთლიანი შიდა პროდუქტის 113%). მთავრობა დღეისათვის მშპ-ის მხოლოდ 57%-ს აკონტროლებს. კოლაფსშია ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, ანუ სახელმწიფოს კრახის მოწმენი ვართ.
აბსურდული სიტუაცია
2024 წლის ივნისიდან, როცა პრეზიდენტმა უაზროდ და უგუნურად დაითხოვა ეროვნული კრება (პარლამენტი), ქვეყანაში ინსიტიტუციური ქაოსია გაბატონებული. პარალიზებულია მიღებული სახელმწიფოს გადაწყვეტილებების შესრულება, პოლიტიკური ცხოვრება კი სულ უფრო მეტად ჩაკეტილი ხდება – ერთი მხრივ, მთავრობა და პრეზიდენტი, ხოლო მეორე მხრივ – ფრანგულ საზოგადოება ერთმანეთთან არიან გაუცხოვებული.
გავიხსენოთ: მეხუთე რესპუბლიკა შეიქმნა იმისათვის, რომ ქვეყანა გამკლავებოდა მოსალოდნელ პოლიტიკურ რყევებს, მაგრამ პირიქით ხდება: აღმასრულებელი ხელისუფლება ჩიხშია შესული, მოსახლეობა კი ისეთი სახიფათო სიტუაციის წინაშე დგას, რომელიც მას 1930-იანი წლების ბოლოს ემუქრებოდა. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ერთადერთ მიზანს როგორმე ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს.
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ ბევრ უცხოელ ლიდერს ხვდებიან, მათი განცხადებები ოპტიმისტურია, მაგრამ იმავდროულად გაბერილ-გაზვიადებული – ისევე, როგორც ოფიციალური სტატისტიკა. ისინი თვლიან, რომ სამხედრო სფეროზე უნდა გავრცელდეს პრინციპი „ნებისმიერი ფასით“ და ჰგონიათ, რომ ფრანგებისათვის სიკეთეს აკეთებენ. სინამდვილეში მათი მოქმედება ქვეყანას უფსკრულში გადავარდნას უქადის.
წყარო