Home Blog Page 8

ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, რა საცოდავი უნდა იყო, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი ხალხს უნამუსოდ შესთავაზო! – „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ! – პრეზიდენტი

რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ “კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საარჩევნო ბანერებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხყოფაა.

„ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს…

რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!.. „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერები ვრცელდება, წარწერებით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერზე გამოსახულია სამების საკათედრო ტაძარი, ასევე უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ადგილობრივი ეკლესია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა საქართველოში დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს – ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „განათლება დასაქმებისთვის“, მეორე ფაზის განხორციელება წარმატებით დაასრულა და დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების, უნარების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის არსებითი წვლილი და ხელშესახები შედეგები შეაჯამა,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, 2019 წელს, ევროკავშირის მიერ 48,85 მილიონი ევროს დაფინანსებით დაწყებულმა პროგრამამ – „განათლება დასაქმებისთვის“, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და გლობალურ დონეზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, პროგრამამ ხელი შეუწყო საქართველოში სექტორული რეფორმის პოლიტიკის განხორციელებას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით, სერვისების მიწოდების სტანდარტების გაუმჯობესებით და ინკლუზიური და თანმიმდევრული ზრდის ხელშეწყობით.

მათი ინფორმაციით, პროგრამამ, თავისი ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც მოიცავდა საბიუჯეტო მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციური დაძმობილების (Twinning) პროექტებსა და საგრანტო კომპონენტს – მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყანაში დასაქმების მდგომარეობაზე.

მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო 16 წელია, ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოში უნარების განვითარებასა და დასაქმების ინიციატივებს.

„განათლება, უნარების განვითარება და შრომის ბაზრის საჭიროებებთან მათი შესაბამისობა, გადამწყვეტია სიღარიბის შესამცირებლად, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ძალისხმევა არა მხოლოდ აუმჯობესებს ღირსეული სამუშაო შესაძლებლობებს, არამედ პასუხობს არალეგალური მიგრაციის ძირეულ მიზეზებს. ევროკავშირი რჩება ერთგული, რომ მის მიერ განვითარების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსების სულ ცოტა 20% სოციალურ ჩართულობასა და ადამიანურ განვითარებას მოახმაროს“,- განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მისი გავლენა უნარებისა და ახალგაზრდების განვითარებაზე საქართველოს რეგიონებში.

„პროგრამის საგრანტო სქემის კომპონენტის ფარგლებში, 2019-2023 წლებში წარმატებით განხორციელდა ცხრა პროექტი, ჯამური ინვესტიციით 7 მილიონი ევრო, რომელმაც მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს მიაღწია. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის იმ ახალგაზრდების, რომლებიც არ არიან ჩართული განათლებაში, ტრენინგსა თუ დასაქმებაში (NEETs) უნარების ამაღლებას სხვადასხვა რეგიონში, აუცილებელი კარიერული დაგეგმვითა და პროფესიული გადამზადების გზით.

ათასობით ქართველმა აიმაღლა საკუთარი უნარ-ჩვევები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და დასაქმდა რეგიონებში შექმნილი სპეციალიზებული ტრენინგებისა და დასაქმების ცენტრების მეშვეობით. გარდა ამისა, მობილურმა ახალგაზრდულმა მუშაკებმა და კარიერული დაგეგმვის მრჩევლებმა, გაიარეს ყოვლისმომცველი ტრენინგები, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ დაეხმარონ სამუშაოს მაძიებლებს. პროგრამამ ასევე გააძლიერა პარტნიორობა კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლობით მიდგომას ადგილობრივი თემების წინაშე არსებული დასაქმების გამოწვევების გადასაჭრელად. ამ ძალისხმევამ ერთობლივად ხელი შეუწყო საქართველოს მასშტაბით მოწყვლადი მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივისა და უნარების გაუმჯობესებას.

მთავარ მიღწევებს შორის ხაზგასმით უნდა აღინიშნოს შემდეგი შედეგები:

პროგრამის ფარგლებში შემუშავდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, რომელიც აწარმოებს ეროვნული უნარების მოლოდინის ანგარიშს, რომელიც გამოიყენება შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარების პროგნოზირებისთვის.

2017 წელთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 10%-ზე მეტით გაიზარდა 15-24 წლის ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ჩაირიცხნენ პროფესიული განათლების პროგრამებზე.

გადამზადებული სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.

პროფესიული განათლების მქონე 15-29 წლის ახალგაზრდებში დასაქმება თითქმის 15%-ით გაიზარდა 2020 წლიდან.

მნიშვნელოვნად გაიზარდა კარიერული დაგეგმვის, კონსულტაციისა და შრომის ბაზრის სერვისების ხელმისაწვდომობა.

2017 წლიდან 20%-ზე მეტით გაიზარდა სპეციალური საჭიროების მქონე პროფესიული განათლების სტუდენტთა რაოდენობა საჯარო პროფესიული დაწესებულებებში.

15-24 წლის ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ არიან ჩართული განათლებაში, ტრენინგსა და დასაქმებაში (NEETs) თითქმის 6%-ით შემცირდა 2021 წელთან შედარებით.

საშუალო სკოლის მასწავლებლებმა დაიწყეს სწავლების ინტერაქციული მეთოდების გამოყენება მეწარმეობის უნარების გასაუმჯობესებლად.

პროგრამის კონკრეტული შედეგები ასევე მოიცავდა:

1700-ზე მეტი სამუშაო მაძიებელი დასაქმდა.

6500-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა საბაზისო უნარებში, მეწარმეობასა და IT პროგრამირებაში;

90 სკოლასა და 10 პროფესიულ სასწავლებელში კოდირებისა და ტექ. მეწარმეობის კლუბები შეიქმნა.

რვავე რეგიონში მოეწყო დასაქმების ფორუმები, ტრენინგები და მოკლევადიანი პროფესიული განათლების კურსები, რათა ადამიანები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით გადამზადდნენ.

პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ტექნიკური დახმარების კომპონენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით, პროექტის დახმარებით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ეროვნული სტრატეგია: ახალგაზრდობის სტრატეგია, პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) სტრატეგია და კარიერული დაგეგმვის სტრატეგია. შემუშავდა ახალი კვალიფიკაცია ახალგაზრდა მუშაკებისთვის, აგრეთვე მომზადდა ყოვლისმომცველი სასწავლო მასალები დასაქმების სერვისებში მომსახურების მიწოდების გასაუმჯობესებლად, კარიერული დაგეგმვისა და შრომის ბაზრის ანალიზისთვის.

პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა საგანმანათლებლო რესურსები, დაინერგა სწავლების ინოვაციური მეთოდები მეწარმეობის განათლებისა და პროფესიული განათლების სფეროში ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განხორციელდა მონაცემთა სისტემების მართვის მიმართულებით, მათ შორის შემუშავდა ახალი ელექტრონული ეროვნული უნარების რეესტრი, მიმდინარეობს WorkNet პლატფორმის განახლება და მუშავდება წინადადებები შრომის ბაზრის მონაცემთა ქსელის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, პოლიტიკის შემქმნელები, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც შეიკრიბნენ პროგრამის მიღწევების აღსანიშნავად და საქართველოს სამუშაო ძალის სამომავლო პერსპექტივების განსახილველად.

ყოველთვის ქვეყნის სამსახურში ვიყავი, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი თუ სხვისი სახელი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ-დავით ზალკალიანი

ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა, მის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, მსგავსი სახის ტყუილები მის სახელთან ხშირად იყო დაკავშირებული, რაც არასერიოზულია.

„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ჩემი პერსონა აღმოჩნდა ასეთი ყურადღების ცენტრში. ეს ჩემთვის ახალი არ არის. მრავალწლიანი დიპლომატიური და პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში, მსგავსი სახის მანიპულაციები, ინსინუაციები, ტყუილები ხშირად იყო დაკავშირებული ჩემთან. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. არც ვაპირებ სერიოზული კომენტარის გაკეთებას. ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრთა შორის (მათ შორის, შშმ ვეტერანებს შორის) ფრენბურთის პოპულარიზაციისა და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და მონაწილეობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხელშეწყობისკენ.

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ქართველიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი – პაპუაშვილი

დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წმინდა დედოფალი ქეთევანის ცხოვრება, მმართველობა, სიბრძნე, ღვაწლი და სიმტკიცე არის საქართველოს ნამდვილი სახე, მაგალითი და ძნელბედობის ჟამს ჩვენი ქვეყნის მანათობელი ლამპარი.

„დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, მის შთამომავლობას, მთელ საქართველოს, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი.

შაჰის კარზე მძევლად მყოფი დედოფალი გაუმკლავდა მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ულტიმატუმს. მისი ჭეშმარიტი სარწმუნოება ვერ შეძრა ვერც გამაჰმადიანების მოთხოვნამ, ვერც კათოლიკობის მიღების წინადადებამ, შვილების სიცოცხლით შანტაჟმაც კი. მან გაუძლო საშინელ წამებას და აღესრულა პირველ ქრისტიანთა მსგავსი წმინდანის მოწამეობრივი აღსასრულით.

წმინდა დედოფალი ქეთევანის ცხოვრება, მმართველობა, სიბრძნე, ღვაწლი და სიმტკიცე არის საქართველოს ნამდვილი სახე, მაგალითი და ძნელბედობის ჟამს ჩვენი ქვეყნის მანათობელი ლამპარი. შეგვეწიოს მისი ლოცვა სრულიად საქართველოს!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ტრამპის განცხადებით, უკრაინა აღარ არსებობს, და მისი აღდგენა შეუძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა, რომელიც ომამდე იყო, აღარ არსებობს, და მისი აღდგენა უკვე შეუძლებელია.

„მდიდრული შენობები ოქროს კოშკებით დანგრეულია. თქვენ ვერასდროს ნახავთ ასეთ ქალაქებს ან დაბებს. მათ ვერასდროს აღადგენენ. ისინი ყველა კიევის გარდა განადგურებულია. თქვენ ვერასდროს ააშენებთ თავიდან ქალაქებსა თუ დაბებს ისეთებს, როგორებიც ისინი ათასი წლის წინ იყვნენ.

დაფიქრდით, სულ რაღაც სამი წლის წინ თქვენ შესანიშნავი ცივილიზაცია გქონდათ. მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ისინი ჩვენთან აღარ არიან“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, უკრაინის უმეტესი ნაწილი აღარ არსებობს. „უკრაინა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს“, – დასძინა მან.

ტრამპმა თავის გამოსვლაში ჯერ თქვა, რომ უკრაინის აღდგენას ასეულობით წელი დასჭირდება, ხოლო მოგვიანებით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აღდგენა საერთოდ შეუძლებელი იქნება, „მთელი მსოფლიო რომც შეგროვდეს ერთად“.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე აქამდე არ იყო – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, ცესკო დღევანდელ სხდომაზე სწორედ ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით დღევანდელ სხდომაზე განიხილება 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი.

საგულისხმოა, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე, იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. თუმცა, ბოლო პერიოდში დაინტერესებული მხარეების მხრიდან, მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისა და განმარტებებისა, იყო საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში გადატანის და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს.

თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საარჩევნო საკითხების შესახებ საზოგადოების სწორ და დროულ ინფორმირებას, ასევე პროცესების გამჭვირვალედ წარმართვას, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და მანიპულაციის საფუძველი სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით.

დეტალურ ინფორმაციას დღევანდელი სხდომის შედეგების და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ საზოგადოებას სხდომის დასრულებისთანავე მივაწვდით“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

როგორი ამინდი იქნება 26 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge – ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით  +22, +27°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და სეტყვა. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°.

ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმება გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც არ ემსახურება ორმხრივ ურთიერთობებს -ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის  მიწვევის გაუქმება, გაუგებარი გადაწყვეტილება იყო.

მისივე შეფასებით, ეს არ ემსახურება ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩვენთვის გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით და გამოვხატავთ მზაობას, ვიმუშაოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მჭიდროდ, ვისაუბროთ საკითხებზე, რომლებიც არსებობს. მათ შორის, ეს შეიძლება, იყოს საკითხები, რომელზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს. თუმცა,  სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენ ყოველთვის მოველით ღია გახსნილ და გულწრფელ საუბარს, რომელიც არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღო

30-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი შეთანხმდა, შეუერთდეს უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციას, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

დეკლარაციის ძირითადი პუნქტები ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის აღდგენაში ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას, მხარდაჭერის კოორდინაციას უკრაინული დონორთა პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან, რომლის ნაწილი თავდაცვის საჭიროებებს მოხმარდება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია გამოქვეყნდება უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის ახლა და მომავალში. მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას ეკონომიკური მდგრადობიდან ეკონომიკურ აღორძინებაზე გადასვლაში. ჯოზეფ ბაიდენის განმარტებით, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის აღდგენაზე იმუშავებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ძალისხმევის კოორდინაციას უკრაინის დონორთა პლატფორმის მეშვეობით, ხელს შეუწყობს უკრაინის აღდგენას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა წელს ხელშესახები უნდა გახდეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დეკლარაციას შეუერთდნენ: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.

პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს – მაია ბითაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მაია ბითაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლით დადასტურდა, რომ საქართველოში მომავალ თაობებს კიდევ უფრო ამაყად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელიც ზუსტად ასახავს:

ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს;
ქვეყნის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეალურ პოზიტიურპოტენციალს;
დეოკუპაციისადაშერიგებისსამშვიდობო, გონივრულსტრატეგიას;
უპირობოსაგარეომისწრაფებებს;
გამოსვლა, რომელიცმარტივადდამოკლედგაგრძნობინებს, რომამპლანეტისსრულფასოვანიწევრიხარდასაქართველოში, მომავალთაობებს, კიდევუფროამაყად, თამამად, მშვიდობიანადდაღირსეულადცხოვრებისდიდიპოტენციალიაქვთ! ისეთიცხოვრების, რომელზეცყოველთვისვოცნებობდითდარომლისთვისაცვშრომობდით!
p.s. ყველას უნდა ესმოდეს, შიგნით თუ გარეთ, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები და ეს მიზნები ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის. მშვიდობა და მოთმინება ჩვენს ქვეყანას,“ – წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე:

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, პატივცემულო კოლეგებო, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი ქვეყნის ძვირფასო მეგობრებო,

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლა.

ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით. მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს. ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა – ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს – სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა.

ჩვენ შევიკრიბეთ უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების ეპოქაში, როცა გამძაფრებული კონფლიქტების, კლიმატური ცვლილებების და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებების ურთიერთდაკავშირებული კრიზისები დღესაც კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენენ. ეს გამოწვევები ითხოვს გაბედულ მოქმედებას. საქართველო არასოდეს შეუშინებია გაბედულ მოქმედებას. ბოლო 2 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის. მაშინ, როცა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა განვითარება და პრობლემების გადაჭრა, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ხაზგასმით: საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია.

ვაცნობიერებთ რა საკუთარი გამოცდილებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენ სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად. ჩვენ მივესალმებით მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კერძოდ კი იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და დღესაც მზად ვართ, უზრუნველვყოთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას, ჩვენ შორის უთანხმოების წარსულში დატოვებას და ჩვენს ერთობლივ წინსვლას ყველა იმ რესურსისა და უპირატესობის გამოყენების თვალსაზრისით, რომელთა შეთავაზება ჩვენს რეგიონს შეუძლია მსოფლიოსთვის.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქციის გაცვლის, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის ცენტრი და ბევრად მეტიც. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება.

თუკი შევხედავთ პოლიტიკურ რუკას, დავრწმუნდებით, რომ საქართველო გვთავაზობს ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში. მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსვლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში.

როგორც ცნობილია, ბოლო 2 წელიწადში წარმოიშვა მნიშვნელოვანი გამოწვევები. არაერთი ტესტის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა განსაკუთრებული გამძლეობა ამ ტიპის გარე შოკების მიმართ. 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9.7%-ს. მტკიცე მაკროეკონომიკური საფუძვლების და ფისკალური დისციპლინის წყალობით, სახელმწიფო ვალი შემცირდა 39.3%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი – მხოლოდ 2.5%-მდე. გარდა ამისა, საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაუმჯობესებისა და სიღარიბის მაჩვენებლების განახევრების მიუხედავად, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებლები, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც, როცა უმუშევრობის დონემ იკლო რეკორდულ მაჩვენებლამდე და 13.7% შეადგინა.

საქართველოს ეფექტიანი წინსვლა და მიღწევები სათანადოდ არის ასახული მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოების საერთაშორისო რეიტინგებში:

– მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მე-20 ადგილზეა მსოფლიოში და მე-11 ადგილზე ევროპაში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით, ხოლო კანონის უზენაესობის კატეგორიაში საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და მე-14 ადგილზე ევროპაში;

– საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერობს მსოფლიოს მასშტაბით ბიუჯეტის გამჭვირვალობის კატეგორიაში.

– ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის (ERCAS) 2023 წლის ანგარიშის – „გამჭვირვალობა ომის დროს“ თანახმად, საქართველო მე-17 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 15 წევრ ქვეყანას და დიდი შვიდეულის ოთხ სახელმწიფოს;

– გარდა ამისა, ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და აქაც უსწრებს ბევრ წამყვან ეკონომიკას;

– The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-19 ადგილზეა ევროპაში და 32-ე მსოფლიოში და ისევ და ისევ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას;

– ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი შეზღუდვების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა 80-მეტ ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%. პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დღემდე საქართველომ მოიზიდა 6.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რითაც კიდევ უფრო შეეწყო ხელი საქართველოს ჩამოყალიბებას მულტიფუნქციურ რეგიონულ ცენტრად, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი უკავშირდება ბიზნესს.

მაშინაც კი, როდესაც გასულ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ 7 მილიონზე მეტ ტურისტს, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვან აღდგენაზე მეტყველებს, საქართველო ინარჩუნებს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მსოფლიოში. მონაცემთა ბაზა Numbeo-ს თანახმად, საქართველო ამ მხრივ მე-8 ადგილზეა ევროპაში და 21-ზე მსოფლიოში, რაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების და პროფესიონალების დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში. ჩვენ თანმიმდევრულად და დაუღალავად ვშრომობთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით.

მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში.

ძვირფასო კოლეგებო და ჩემი ქვეყნის მეგობრებო, საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება.

ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ“.