Home Blog Page 795

როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა -კახა კალაძე

x

„უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს იმას, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული.

„როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა. უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა. თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობის გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ რამდენჯერმე აგვირჩია იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოს ინტერესები გავატაროთ. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ნაცმოძრაობის”არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა -ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძის განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას.

„ეს არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. რა თქმა უნდა, აქამდე ყველა საპარლამენტო არჩევნები, და არა მარტო საპარლამენტო, ყველა არჩევნები, იყო ერთმანეთზე პრინციპული, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ამ არჩევნებს აქვს ზუსტად ისეთივე დატვირთვა, როგორი დატვირთვაც ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სწორედ მშვიდობის სასარგებლოდ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში შევძლებთ, საბოლოოდ გადავჭრათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული პრობლემა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად ყოფნის პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება, ქვეყანა არის მუდმივი რისკის ქვეშ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აგენტურა. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ჩვენი სისტემის თვისობრივი გაჯანსაღება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები. საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება საუკეთესო საფუძველი იმისათვის, რომ ეს პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და წარმატებით დასრულდეს. „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ ზოლზე ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ ზოლზე ნორმის ფარგლებშია, დასკვნა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადო.

ჩატარდა მორიგი ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც ყოველთვიური ხასიათი აქვს.

წყალს 12 სხვადასხვა ადგილიდან იღებენ და საზღვრავენ ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის, მძიმე მეტალებს.

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა – ირაკლი კობახიძე

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით, საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეტანილ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„რაც შეეხება, სამართლებრივ პროცესს პარლამენტი, რა თქმა უნდა, იქნება წარმომადგენელი და ყველა პოზიცია იქნება დაცული. სამართლებრივად ძალიან მარტივად არის საქმე, გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერავითარი ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება სარჩელს. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით არის ცუდი, ამას ამტკიცებს სარჩელი, შესაბამისად ასეთ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართა. სასამართლო სარჩელის განხილვას 29 ოქტომბერს დაიწყებს.

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ თბილისის დელეგატები დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები დაასახელა.

„მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ „ქართული ოცნების“ დელეგატები, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ დელეგატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ დედაქალაქში, ქალაქ თბილისში.

დიდუბე-ჩუღურეთში ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი გიორგი ვოლსკი, რომელიც დღემდეც გახლდათ მაჟორიტარი დეპუტატი დიდუბე-ჩუღურეთის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება;

მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ასევე მოქმედი პარლამენტარ დავით კაჭარავა;

რაც შეეხება ვაკეს, ვაკეში „ქართული ოცნების“ დელეგატი იქნება ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი;

საბურთალოს ოლქში აკაკი ალადაშვილი, რომელიც გახლავთ თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

ნაძალადევის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;

გლდანის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი;

ისანში ჩვენი დელეგატი გახლავთ ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი;

სამგორის ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ვარლამ ლიპარტელიანი, სახელოვანი სპორტსმენი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი;

ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე. თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს. შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქსა და რეგიონს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძალები, რომლებსაც “ქართული ოცნება” საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს, დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს -“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა მმართველი პარტიის პრიორიტეტები − მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება; ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. აღნიშნულ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, მაგრამ დეკლარირებული მიზნების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ”,- ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში წერია, ძალები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს, დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ ნახევარი სიმართლის თქმით ვერ მოხერხდება იმ ცრუ პროპაგანდისტული შედეგების განეიტრალება, რაც წლების განმავლობაში დანერგეს საქართველოში და რაშიც ნებსით თუ უნებლიეთ გარკვეულ ეტაპამდე „ქართული ოცნებაც“ მონაწილეობდა.

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სრული სიმართლე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ხალხი საკუთარი თავისა და ქვეყნის დაცვას.
იმ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ დღემდე ჩვენი ქვეყანა იმყოფება ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ ტყვეობაში, სახიფათო ნიშნულზე რჩება ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საფრთხე. გარე ძალების მიერ თავსმოხვეული ევროატლანტიზმის ერთგულებისა და უალტერნატივობის კონსტიტუციური დოგმა, არის ერთგვარი ნაღმი და ბორკილი, რომელიც საქართველოს ხელს უშლის, ახალ მსოფლიო წესრიგში ღირსეული ადგილი მოიპოვოს და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რომელ კავშირში გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს.
ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვა იყო შეცდომა, რომელიც ჩვენ გარდა უკრაინასაც დააშვებინეს, რითაც ფაქტობრივად მოგვისპეს ყოველგვარი ალტერნატიული გზის მოძებნის საშუალება და მოგვაქციეს ჩარჩოში, საიდან გასვლაც მკაცრად აგვიკრძალეს.
დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ თავში აღნიშნული სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის − ომში ჩართვა; LGBT-პროპაგანდის მხარდაჭერა და გაერთიანების წევრობამდე, სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების სასარგებლოდ. ამ მხრივ გაოცებას იწვევს თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წუხილი საქართველოს ევროკავშირიდან თითქოსდა დისტანცირების შესახებ. ამ დამოკიდებულებიდან კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ნაცვლად გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება.
სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა ყბადაღებული 9 თუ 12-პუნქტიანი „რეკომენდაციები“.
შესაბამისად, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქვეყნის ეროვნული მიზნების მიღწევა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი კონსტიტუციურ დოგმად რჩება და აღნიშნული თემა კვლავ რელიგიის რანგში განიხილება.
რთულად პროგნოზირებადი არ არის, რომ ევროკავშირის მხრიდან წინასაარჩევნოდ გამოყენებული იქნება მათ ხელთ არსებული ბერკეტი, რაც საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველო ასეთი უსამართლო დამოკიდებულების ადრესატი არაერთხელ გამხდარა, რამაც ჩვენი ქვეყანა დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების ზღვარზე გაატარა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, პრაგმატული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთის ასეთი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი. ბრიუსელის ბიუროკრატიის უსაფუძვლო ბრალდებების პარალელურად, თითქმის ყოველ კვირას ქვეყნდება ავტორიტეტული, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სიღრმისეულ ანალიზზე დამყარებული შეფასებები, სადაც საქართველოს ყველა სფეროში წინსვლა ფიქსირდება (ეკონომიკის მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, სამართლიანობა, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და თავისუფლება, ხელისუფლების გამჭვირვალობა, მედიის თავისუფლება და ა.შ.) და ამ კუთხით საქართველო არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ ბევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსაც უსწრებს.
26 ოქტომბრის არჩევნები ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მხრიდან დანახულია, როგორც კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოში მოიყვანონ გავლენის აგენტებით და მარიონეტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელიც უპირობოდ მოემსახურება მათ ინტერესებს.
ჩვენს უკანასკნელ წერილში, რომელიც აგვისტოს ომს მივუძღვენით, ვრცლად განვიხილეთ, თუ როგორ მოხდა საქართველოს ომში ჩაბმა, რა როლი მიუძღოდათ სააკაშვილის რეჟიმს და მის პატრონებს ამ ყველაფერში. ხელისუფლებაში რევოლუციური გზებით აგენტურული ქსელის მოყვანის უმძიმეს შედეგებს ასევე ვხედავთ უკრაინაში, სადაც ომები და დაუსრულებელი ტრაგედია „მაიდნის“ რევოლუციით დაიწყო. დღეს უკრაინა არც NATO-ს წევრია, არც ევროკავშირის, ამის ნაცვლად კი, თითქმის სამი წელია დამანგრეველ ომშია, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, განადგურებულია სოფლები და ქალაქები, დაკარგულია ტერიტორიები, ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, ჩამოიშალა ეკონომიკა და სამწუხაროდ ქვეყნის მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანია. საპირწონედ კი, ისმის ცინიკური განცხადებები, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როდის მოხდება ეს. ასეთივე ცინიზმით გაჯერებული და უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. 16 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ითქვა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი, მაგრამ დღემდე, „MAP-ზე უკეთესია“ ის მაქსიმუმი, რაც საქართველომ მიიღო. ევროკავშირმა კი, ერთხელ უკვე უარი გვითხრა კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, როდესაც ის მიენიჭა თავიანთივე რეიტინგებით ჩვენზე უკან მდგარ უკრაინასა და მოლდოვას. დღემდე, მათი რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით სადამსჯელო ხასიათისაა, რაც განპირობებულია არა იმით, რომ საქართველო არ ასრულებს ოფიციალურად ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ იმით, რომ საქართველო უპირობოდ არ ემორჩილება ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების მიერ დაწესებულ რეალურ მოთხოვნებს, რაც სუვერენიტეტის დათმობას, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას, LGBT-იდეოლოგიის რელიგიის რანგში აყვანას და ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს.
ამიტომ ვაცხადებთ, რომ ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ თავსმოხვეულ ცრუ პროპაგანდას, თითქოს ერთადერთი ხსნა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაა; უნდა გაუქმდეს კონსტიტუციური ნონსენსი და მკაფიოდ უნდა ითქვას სიმართლე, რომ ჩვენ იქ არც არავინ გველოდება ჩვენი ტრადიციული ღირებულებებით, ქრისტიანული მორალით, ოჯახის პატივისცემით და ეროვნული იდენტობით, არამედ მათ დღევანდელ მმართველებს საქართველო მხოლოდ ინსტრუმენტად სჭირდებათ გლობალურ დაპირისპირებაში.
ძალები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მთავარ მტრებად ასახელებს (გლობალური ომის პარტია, Deep State) დღეს სრულად აკონტროლებენ ევროკავშირს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამობაშია ისეთი ორგანიზაციისკენ სვლა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები მართავენ”,- წერია განცხადებაში.

თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლიობა ისევ ნეიტრალურია

თიბისის ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ძლიერი ზრდა, ივნისის 7.5%-ის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდება და თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, დაახლოებით 7.3%-ით განისაზღვრება. ამ ფონზე, ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბლა რჩება. უფრო მეტიც, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა, რაც სეზონური ფაქტორების გათვალიწინებით, ნულოვანი ინფლაციის შესაბამისია. წლიური მაჩვენებელი კი 1.8%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთჯერადი ფაქტორების წვლილი, რომელთა გარეშეც, ინფლაციის ბოლოდროინდელი დინამიკა მეტნაკლებად 3%-იან სამიზნესთან ახლოა.

ლარის კურსს რაც შეეხება, სავალუტო შემოდინებების გარდა, ტრადიციულად, სენტიმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალი მკითხველს, სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლივი ზემოქმედების უკვე რაოდენობრივ შეფასებას წარუდგენს. მაგალითად ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ტურისტული სექტორი, გათვალიწინებულია სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია და აშშ დოლარის ინდექსი სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი ჩარჩო საკმაო სიზუსტით ასახავს აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის ისტორიულ, ფაქტობრივ დინამიკას, ხოლო სადღეისოდ არსებული შეფასების კუთხით ჩვენი ადრინდელი დასკვნები არ იცვლება და შესაბამისად, საბაზო სცენარი კვლავ დიდწილად ნეიტრალურია.

ამავდროულად, სხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს როგორც საგარეო შემოდინებების, ასევე ინფლაციის კუთხით. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს 3,5 წლის განმავლობაში ლაპარაკის გარდა ადმინისტრაციაში არაფერი გაუკეთებია

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს 3,5 წლის განმავლობაში ლაპარაკის გარდა არაფერი გაუკეთებია.

ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში კამალა ჰარისის გამოსვლის პარალელურად წერდა.

„მას არაფერი გაუკეთებია 3,5 წლის განმავლობაში, ლაპარაკის გარდა და ამაღამ უკმაყოფილებას გამოთქვამს ყველაფერზე, თუმცა არაფერს აკეთებს! თავისი სიტყვა ახლავე უნდა შეწყვიტოს, წავიდეს ვაშინგტონში, დაკეტოს საზღვარი, დაუშვას ფრეკინგი პენსილვანიაში და სხვაგან, დაიწყოს იმ საქმეების კეთება, რომლებზეც წუწუნებს, რომ არ არის გაკეთებული!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, კამალა ჰარისი სუსტი და არაეფექტიანია.

„ტირანები მას დასცინიან, ის არის სუსტი და არაეფექტიანი და 3,5 წლის განმავლობაში მას არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ აძლიერებდა, ამდიდრებდა მათ (ტირანებს)”, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპმა 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმაზე და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არ მოხდებოდა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში.

„ამხანაგი კამალა ჰარისის მმართველობის პირობებში მომავალი არ იქნება, რადგან ის ბირთვული მესამე მსოფლიო ომისკენ წაგვიძღვება! მას არასდროს სცემენ მსოფლიოს ტირანები პატივს”, -აღნიშნა რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

დონალდ ტრამპის თქმით, კამალა ჰარისი საშუალო კლასზე საუბრობს, თუმცა სწორედ მან გააღარიბა საშუალო კლასი, გახადა ის დაუცველი და ხელმიუწვდომელი.

„მან არ ახსენა ჩინეთი, არ ახსენა ფრეკინგი, არ ახსენა ენერგეტიკა, არსებითად არ ახსენა რუსეთი და უკრაინა, მას არ უხსენებია დღის მთავარი თემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ანადგურებს. აშშ-ში 60 მილიონი ადამიანი სიღარიბეშია მათ თვალწინ და ის მათზე არც კი საუბრობს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ეს დღე რაც შეიძლება მშვიდად გაატაროთ. გირჩევთ, თქვენს უშუალო მოვალეობებზე იზრუნოთ და დამატებით დატვირთვაზე უარი თქვათ. კვირის მანძილზე დაგროვილი დაღლილობა შეიძლება როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

კურო

ყურადღება მიაქციეთ საქმეს, რომელიც დიდი ხნის წინ, თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ. ახლა მისი თაროდან ჩამოღების და დასრულების დროა. გირჩევთ, ნეგატიურ ემოციებს საკუთარ თავში ნუ დააგროვებთ – საყვარელ ადამიანებს ესაუბრეთ და თქვენი განცდები გაუზიარეთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.

ტყუპები

ნუ დაიზარებთ და იდეა, რომელიც თავში მოგივათ, სადმე ჩაიწერეთ. მოგვიანებით შეიძლება ის მოგებიან და წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდეს და დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად მოქმედების მკაფიო გეგმა და გრძელვადიანი სტრატეგია გჭირდებათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ამ დღეს შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო აღმოაჩინოთ ან მიხვდეთ, როგორ შეიძლება გატაცება ფულად აქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უსარგებლო კავშირებს თავი დააღწიოთ და ახალი იდეებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

ლომი

რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა. ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ, ამიტომ მხოლოდ ის აკეთეთ, რაც საუკეთესოდ გამოგდით. საყვარელ ადამიანებზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს და თქვენი ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდება და უარი არ უნდა უთხრათ. გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის დახმარება თვითშეფასებას აგიმაღლებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ. თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით. საღამო ხელსაყრელი დროა შოპინგისთვის. შესაძლოა, მაღაზიაში იმ ნივთს წააწყდეთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

სასწორი

ამ დღეს ემოციებით სავსე ხართ და უმცირესი წინააღმდეგობა გაღიზიანებთ, რაც მშვიდად და ნაყოფიერად მუშაობაში ხელს გიშლით. თქვენი ამოცანაა ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ დააზიანოთ. ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად უსარგებლო ნივთების შეძენას უნდა მოუკლოთ.

მორიელი

იმისათვის, რომ ეს დღე წარმატებული იყოს, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ – სხვა ადამიანების რჩევები ვერაფერში დაგეხმარებათ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. საუბარში სიფრთხილე გამოიჩინეთ და გულწრფელობას მოერიდეთ, რათა ვიღაცამ თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენს საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან, ამიტომ, მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და წვეულებაზე გაემგზავრეთ.

მშვილდოსანი

ბოლო დროს იმდენი საოჯახო საქმე დაგიგროვდათ, რომ მათთან გამკლავება დიდ დროს წაგართმევთ. ნათესავებთან მცირე გაუგებრობას შეიძლება დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები მოჰყვეს. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და ძვირფას ადამიანებს გული არ ატკინოთ. თუ სამუშაოს ვერ უმკლავდებით, დახმარება კოლეგებს ან პარტნიორებს უნდა სთხოვოთ – მალე შეიძლება დახმარება მათაც დასჭირდეთ. ძალების აღსადგენად და სიმშვიდის დასაბრუნებლად, სასურველია საღამო მარტომ გაატაროთ.

თხის რქა

ეცადეთ, თქვენს უშუალო პასუხისმგებლობებსა და საყოფაცხოვრებო საკითხებს შორის დრო ისე გაანაწილოთ, რომ ყველაფერი დროულად მოასწროთ. მოერიდეთ საყვარელი ადამიანების დაუმსახურებელ კრიტიკას, რათა საპასუხო აგრესია არ მიიღოთ. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, ამიტომ გირჩევთ, ჯერ ძველი საქმეები დაასრულოთ. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.

მერწყული

მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს და კონფლიქტებში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება თქვენს პროფესიულ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო ურთიერთობებზე. უმჯობესია საქმე მარტომ აკეთოთ, რათა ყურადღება არავინ გაგიფანტოთ. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს.

თევზები

ეს დღე უკვე დაწყებული და სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებას უნდა დაუთმოთ. თუ რაღაცას ვერ ასწრებთ, დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს და დისკუსიას, რომელიც შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ეცადეთ, დაისვენოთ.

36 წლის კაცს, რომელმაც სამტრედიაში 72 წლის ქალი მოკლა, ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს, სამტრედიაში, ბრალდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით მეზობელს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია კრიტიკულია. ომმა არამარტო შობადობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია”-უცხოური პრესა

„უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია კრიტიკულია. ომმა არამარტო შობადობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია, არამედ მოსახლეობის დიდი საზღვარგარეთული მიგრაციაც, რაც უკრაინისათვის ისტორიულ კატასტროფულ მოვლენას წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – წერს ჟურნალისტი ნატალია მიჩკოვკსკაია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია უკრაინის გაზეთ „ფოკუსში“ (Фокус) სათაურით „ქვეყანა ბავშვების გარეშე: უკრაინის ხუთი დემოგრაფიული პრობლემა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2024 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში სამჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა: იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ექვსი თვის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი 87655 ადამიანია, ხოლო სიკვდილიანობა – 250 872. ბოლო დროს უკრაინის დემოგრაფიის განხილვა უპირველეს თემად იქცა. კითხვაზე „ვინ არის დამნაშავე“ პასუხი რთული არ არის, მაგრამ „რა უნდა გაკეთდეს“ – ამაზე ვერავინ ვერ პასუხობს.

ექსპერტების თქმით, დემოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ბევრია, უფრო მეტიც – ქვეყანაში დარღვეულია სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, მაგრამ არის შედარებით სხვაგვარი კითხვებიც: ნამდვილად აქვს თუ არა დემოგრაფიას პირდაპირი კავშირი ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასთან და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის შემცირება – გარკვეულ სიტუაციაში – ქვეყნის უპირატესობად იქცეს? ამ კითხვებზე პასუხისათვის „ფოკუსი“ ეკონომისტებს ესაუბრა.

შობადობა და ქვეყნის კეთილდღეობა: არის თუ არა მათ შორის კავშირი?

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თუ შობადობასა და ქვეყნის კეთილდღეობას შორის რაიმე კავშირი არსებობს, მაშინ მას უკუქცევითი ხასიათიც აქვს. შობადობის საერთაშორისო რეიტინგში ყველაზე პირველ ადგილებს პლანეტის ყველაზე ღარიბი ქვეყნები იკავებენ – ნიგერი, ჩადი, სომალი, კონგო… კოეფიციენტით 6, ანუ როცა ერთი ქალი 6 შვილზე მეტს აჩენს. სამაგიეროდ, გაეროს 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები შობადობის რეიტინგში ყველა ბოლო ადგილებზე არიან: აშშ – 133-ე ადგილზე იმყოფება 193 ქვეყნიდან (კოეფიციენტით 1,8), ჩინეთი – 148-ე ადგილზე (კოეფ. 1,7), გერმანია – 165-ეზე (კოეფ. 1,6).

„მაღალი დონის შობადობა შეიმჩნევა არა უბრალოდ ღარიბ ქვეყნებში, არამედ იქაც, სადაც კულტურული ტრადიციები ოჯახში ბევრ შვილს ითვალისწინებს, მაგალითად, მუსლიმანურ ქვეყნებში“, – ამბობს ეკონომიკური სადისკუსიო კლუბის“ აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ პენდინი. იმავდროულად, მისი თქმით, „ბევრი ევროპული ქვეყნის კულტურული განსაკუთრებულობა დღეს ოჯახებში მრავალშვილიანობას არ გულისხმობს“.

„ოჯახში შვილების რაოდენობაზე გავლენას ახდენს არამარტო ისტორიულ-კულტურული ტრადიციები, არამედ ბავშვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაც“, – აგრძელებს ექსპერტი, – „მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში შობადობა მაღალია, მაგრამ ასევე მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის დონეც, ამიტომ მოსახლეობის ზრდა დაბალია. სამაგიეროდ, ევროკავშირში მცხოვრებ ლტოლვილების მუსლიმანურ ოჯახებში, ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების მაღალი დონის წყალობით, ამჟამად 5-6 ბავშვი იზრდება. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა საშუალოს სტატიკურ ევროპულ ოჯახში ხშირად ბავშვების დეფიციტია – ან ერთი ბავშვია, ან საერთოდ არ არის“.

უკრაინის დემოგრაფიული პრობლემა: ხუთი ერთში

უკრაინაში დემოგრაფიული „ორმო“ არა იმდენად დაბალი შობადობით ღრმავდება, არამედ ომისა და მიგრაციის გამო. მილიონობით ლტოლვილი – ეს უპირველესად, შრომისუნარიანი ასაკის მქონე ქალები არიან და ის ბავშვები, რომლებიც ხვალ-ზეგ ევროპის შრომის ბაზარზე გავლენ. ისინი კი, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ, უბრალოდ, ბიუჯეტის აუცილებელ შევსებას ვერ უზრუნველყოფენ. ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღდგენას თვითონ უკრაინელები ვერ შეძლებენ, ამიტომ დღეს ხშირად ლაპარაკობენ, რომ მთელი იმედი მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან მიგრანტებზეა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინამ ევროკავშირს, ლტოლვილთა სახით, შრომისუნარიანი მოსახლეობა გაუზარდა, თვითონ კი „მშრალზე დარჩა“.

„დემოგრაფია – ეს მხოლოდ შობადობა კი არ არის, არამედ მიგრაციული პროცესებიც“, – ამბობს ანალიტიკოსი ალექსი კუში, – ზოგ ქვეყანაში საკუთარი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაციის მაღალი დონე (ანუ მცხოვრებთა შემცირება) მაღალი შობადობით კომპენსირდება, ზოგში კი, კერძოდ ევროპის ქვეყნებში, დაბალი შობადობა ნაზღაურდება მაღალი მიგრაციით სხვა ქვეყნებიდან. თუ ეკონომიკა ისეთ კარგ დონეზეა, რომ იზიდავს განათლებულ და კვალიფიცირებულ მიგრანტებს, მაშინ არავითარი „ორმოები“ არ ჩნდება. სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო 30-40 წლის განმავლობაში საფრანგეთის, გერმანიისა და სკანდინავიის მოსახლეობა, ადგილობრივ ოჯახებში შობადობის დაბალი დონის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა – 15-20%-ით. პოლონეთის მოსახლეობა, რომელიც შობადობის მაღალი დონით ვერანაირად ვერ დაიტრაბახებს, მილიონზე მეტი მიგრანტით – უკრაინელით – გაიზარდა“.

გარდა ამისა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უცხოელი მიგრანტების (განსაკუთრებით განათლებულის) ფაქტორი მომგებიანიც კი არის. საკუთარი განათლებული კადრების მომზადებისათვის ქვეყანამ ასობით ათასი დოლარი უნდა დახარჯოს მის სპეციალიზაციაზე, ჯანდაცვით უზრუნველყოფაზე და სხვა მომენტებზე, მიგრანტების მიღების შემთხვევაში კი საქმე მარტივადაა – ქვეყანა იღებს უკვე მომზადებულ სპეციალისტებს საკმაო ცოდნითა და კომპეტენციით.

ალექსი კუშის თქმით, უკრაინის დღევანდელი დემოგრაფიული პრობლემა არც ორი არ არის და არც სამი – უფრო სრულად თუ ვიტყვით, ერთ დიდ პრობლემაში ხუთი პრობლემატური საკითხია: დაბალი შობადობა, მაღალი სიკვდილიანობა, ომამდელი შრომითი მიგრაცია, ომით გამოწვეული ლტოლვილების ნაკადი და საომარი პირდაპირი დანაკარგები. სწორედ ამიტომ ექსპერტები უკვე ლაპარაკობენ არა უკრაინის დემოგრაფიულ პრობლემებზე, არამედ დემოგრაფიულ კატასტროფაზე. თუ მოსახლეობის შემცირება ასეთი ტემპებით გაგრძელდება, უახლოეს ორი-სამი თაობის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10-15 მილიონი ადამიანი იქნება.
გარდა ამისა, ანალიტიკოს იური ბოგდანოვის აზრით, ჩვენთან, უკრაინაში, ძალიან არის დარღვეული სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა: „ამ სახით მოსახლეობის ტრავმირება ჯერ კიდევ XX საუკუნეში მოხდა – პირველი და მეორე მსოფლიო ომები, შიმშილობა… მისი ექო XXI საუკუნეში დაგვეწია – 1990-იან წლებში შობადობის დაცემისა და სიკვდილიანობის ზრდის სახით. შემდეგ მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა – 2005 წლიდან 2012 წლამდე. 2012-დან შობადობამ სწრაფი შემცირება დაიწყო, სიკვდილიანობამ ისევ მოიმატა – იმიტომ, რომ გარდაცვალება დაიწყო 1930-იანი წლების „ქალთა“ თაობამ და 1950-იანი წლების „მამაკაცთა“ თაობამ“. 2011 წლიდან 2020 წლამდე მოკვდა თითქმის 7 მილიონი უკრაინელი, დაიბადა მხოლოდ 4,5 მილიონი. ბოლო ოთხ წელიწადში კორონავირუსმა და ომმა ეს ტენდენციები გააძლიერა“.
მოსახლეობის შემცირება: ზოგი ჭირი მარგებელია?
და მაინც რჩება კითხვა: მართლაც ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესება ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებზე და მის მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ-ზე)? ხომ არსებობენ მსოფლიოში მდიდარი და წარმატებული ქვეყნები მოსახლეობის მცირე რაოდენობით? რამდენად შეიძლება უკრაინისათვის – რიგი გარემოებებისა და პირობების არსებობისას – მოსახლეობის შემცირება უპირატესობად იქცეს?

თეორიულად, როგორც ცნობილ ანდაზაშია ნათქვამი – „თუ ადამიანები ცოტაა, მაშინ ჟანგბადი მათთვის მეტი იქნება“. და არამარტო ჟანგბადი, არამედ რესურსებიც მეტი იქნება ერთ სულ მოსახლეზე. ხომ არის განსხვავება იმაში, დარჩენილი რესურსები 40 მილიონ ადამიანზე გაიყოფა თუ 10-15 მილიონზე? თანაც ცნობილია, რომ მოსახლეობის მაღალი შობადობა მაინცდამაინც პანაცეა არ არის ყველა პრობლემისათვის. გავიხსენოთ ჩინეთი, რომელიც ხელოვნურად ზღუდავდა შობადობას (ერთი ოჯახი – ორი შვილი) ადმინისტრაციული წესებით.

„სინამდვილეში ჩინეთმა ასეთი პოლიტიკა უკვე დიდი ხანია შეცვალა. შობადობის ხელოვნურმა შეზღუდვამ მოსახლეობის დაბერება და ბუნებრივი შემცირება დააჩქარა. ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ შობადობის შეზღუდვა შეცდომა იყო, – აღნიშნავს ალექსი კუში, – რაც შეეხება სულობრივი შემოსავლების ზრდას, რომელიც მოსახლეობის საერთო რაოდენობის შემცირების ხარჯზე მატულობს, ამ შემთხვევაში ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს“. ექსპერტის თქმით, როცა იწყებენ საუბარს მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნის კარგ ცხოვრებაზე, ყველაზე ხშირად ავსტრალიის მაგალითი მოჰყავთ (136-ე ადგილი გაეროს რეიტინგით, შობადობის კოეფიციენტი – 1,6). მაგრამ ჯერ ერთი, რომ ავსტრალიის მოსახლეობა ასე თუ ისე მაინც იზრდება, მეორე – ავსტრალია – ქვეყანა-კონტინენტს წარმოადგენს.
მას თითქმის არ აქვს საგარეო გამოწვევები და საფრთხეები, ის არ მდებარეობს მიგრაციული ნაკადების გზებზე. ავსტრალიაში ჩასვლა რთულია, მასზე თავდასხმა კი უაზრობაა.

„უკრაინაში კი ყველაფერი პირიქითაა: ჩვენ ევროპის ცენტრში ვიმყოფებით ძირითადი გეოპოლიტიკური ღერძებისა და მიგრაციული ნაკადების გადაკვეთაზე, – ამბობს ანალიტიკოსი, – ასეთ პორონენში მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანას, უბრალოდ, არსებობა არ შეუძლია – ის ან მიგრაციული შთანთქმის მსხვერპლი გახდება, ან აგრესიის ობიექტი. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ XXI საუკუნე – ეს არის ეკონომიკის ზრდის პერიოდი მოხმარების მეშვეობით, ანუ რომელიც პირდაპირ დამოკიდებულებაშია მოსახლეობის რაოდენობაზე. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღება საინვესტიციო გადაწყვეტილებებიც კი – მაგალითად, ითვლება, რომ 10 ათასზე მეტ თანამშრომლიანი სამრეწველო საწარმოს აშენება 20 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანაში მიზანშეუწონელია.

ამიტომაც ახლა ნებისმიერი ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს მისი მოსახლეობა, მისი მოქალაქეები – ადამიანები – წარმოადგენს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“ბიუჯეტში ფული აღარ არის?”: რატომ ამცირებს გერმანია უკრაინისადმი დახმარებას”-Deutsche Welle

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბიუჯეტში ფული აღარ არის“: რატომ ამცირებს გერმანია უკრაინისადმი დახმარებას?“ (ავტორი – ქრისტოფ ჰასელბახი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გერმანიის მთავრობას განზრახული აქვს 2026 წლიდან შეწყვიტოსსაბიუჯეტო სახსრების გამოყენება უკრაინისათვის დასახმარებლად. კიევის მისაცემად ფულს ბერლინი  სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებს. მაგრამ რამდენად შესაძლებელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

ბერლინის გადაწყვეტილება კიევისა და ყველა მისი უსიტყვო მხარდამჭერისათვის ერთგვარ შოკს წარმოადგენს. ამის მიზეზია მმართველ კოალიციაში (სოც-დემოკრატები, “მწვანეები”, „თავისუფალი დემოკრატები“) შექმნილი უკიდურესად დაძაბული სიტუაცია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტის ირგვლივ, რომელიც ისტორიულად უდიდეს დეფიციტს ითვალისწინებს.

ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდერმა წერილში, რომლის ადრესატები არიან თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ბორის პისტორიუსი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, მიუთითა, რომ „ახალი დახმარება“, რომლებიც ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დამტკიცდეს, თუ მათი დაფინანსება გარანტირებული ექნება. ამჯამად კი სიტუაცია არასახარბიელოდ გამოიყურება.

მომავალი წლისათვის გერმანიის მთავრობა უკრაინისათვის 4 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას გეგმავს, რაც მხოლოდ დაახლოებით ნახევარია იმ თანხისა (7,5 მილიარდი ევრო), რაც კიევს ამ წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს. ხოლო 2025 წლის შემდეგ უკრაინის ფინანსური დახმარება გერმანიის ბიუჯეტიდან აღარ მოხდება.

თუ ბიუჯეტიდან არა, მაშ საიდან?

2026 წლიდან უკრაინას ფულადი დახმარება, სავარაუდოდ, საერთაშორისო წყაროებიდან გადაეცემა – კრედიტების სახით, 50 მილიარდი ევროს რაოდენობით, რაზედაც „დიდმა შვიდეულმა“ იტალიაში გამართული სამიტის დროს დაადგინა. მტავარი წყარო უნდა იყოს რუსეთის გაყინული აქტივებისგან მიღებული პროცენტები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბევრი პრობლემა არსებობს – ჯერაც არ არის ბოლომდე გარკვეული, თუ რა რეგულაციით, რამდენჯერ და როგორ მიეცემა თანხა კიევს. მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება და არავინ იცის, რით და როდის დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ალექსი მაკეევმა ქვეყნის მთავრობა გააფრთხილა, რომ ბერლინმა კიევს  დახმარება არ უნდა შეუმციროს: „ასეთ დროს ტანხების დაზოგვა და ეკონომია იმას ნიშნავს, ევროპის უსაფრთხოებასაც საშიშროება დაემუქრება. ეს ფატალური გადაწყვეტილება იქნება და ის არ უნდა იქნეს დაშვებული. ფული არის, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოჩენა“.

არგუმენტები: „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“

უკრაინისადმი დახმარების შემცირებაზე დაწყებულმა ლაპარაკმა კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის თვი გერმანიაშიც. ოპოზიციამ – ქრისტიან-დემოკრატმა კონსერვატორებმა – მტავრობა იმაში დაადანაშაულეს, რომ მას უკრაინის ბედის ანაბარად მიტოვება სურს, – უკრაინისა, რომელიც თავს რუსეთის აგრესიისაგან იცავს. ოპოზიცია, მართალია, მხარს უჭერს, რომ კიევს დახმარება რუსული აქტივებისაგან მიღებული პროცენტებით გაეწიოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საბიუჯეტო თანხებთან ერთად და არა მხოლოდ რუსული აქტივებიდან.

კრიტიკული ხმები გაისმის მმართველი კოალიციის შიგნითაც: სოციალ-დემოკრატმა მიხაელ როტმა, რომელიც ბუნდესტაგში საზღვარგარეთის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ გერმანიას „არ შეუძლია თავისი უსაფრთხოება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დამოკიდებული გახადოს. აუცილებელია გაგრძელდეს უკრაინისადმი დახმარება, განსაკუთრებით ახლა, კიევის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის დროს“.

„მწვანეთა“ ლიდერმა ომიდ ნურიპურმა საზოგადოებრივი ტელეარხის ARD-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დახმარების სავარაუდო შეწყვეტა უკრაინისათვის ცუდი სიგნალი იქნება“. იგივე თვალსაზრისი აქვს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანსაც „თავისუფალი დემოკრატებიდან“, რომელმაც ევროპელ პარტნიორებისგანაც მოითხოვა დახმარების გაფართოება.

შიდაპოლიტიკური პრობლემები უკრაინისადმი დახმარებაზე არ აისახება?

მიზეზები, რომლის გამოც გერმანიის მთავრობას უკრაინისადმი დახმარების შემცირება სურს, მხოლოდ სადაო ბიუჯეტის შემუშავება-მიღებაში არ გამოიხატება. სექტემბერში გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში (ყოფილ გდრ-ში) მდებარე ფედერალურ მხარეებში – საქსონიაში, ტიურინგიაში და ნრანდენბურგში – ლანგდატების (სამხრეო პარლამენტების) არჩევნები უნდა ჩატარდეს. გამოკითხვების თანახმად, აქ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს როგორც მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ „ალტერნატივამ გერმანიისათვის“, ასევე მისი ყოფილი წევრის სარა ვაგენკნეხტის ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ სახელწოდებით „ჯანსაღი აზროვნება და სამართლიანობა“, რომლებიც, პრინციპში, მსოფლმხედველობით ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან და უკრაინისათვის დახმარების შემცირების მომხრენი არიან. უფრო მეტიც: იგივე პოზიცია აქვს საქსონიის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ქრისტიან-დემოკრატ მიხაელ კრეჩმერს, რომელიც, თავისი პარტიის საწინააღმდეგოდ), აცხადებს, რომ კიევი არ იმსახურებს გერმანიისაგან მუდმივ დახმარებას იმ რაოდენობით, რასაც ახლა ოღებს.

სარა ვაგენკნეხტი უკრაინისადმი არამარტო ირაღის მიწოდების შეწყვეტით გამოდის, არამედ ამბობს, რომ უკრაინამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, უკვე გამოცხადებულია იმ უკრაინელების ძებნა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 2022 წელს ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენის აფეთქებაში. როგორც ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ აღნიშნავს, დაგეგმილი აფეთქების თაობაზე საქმის კურსში იყო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. უკრაინის მთავრობა ბრალდებას უარყოფს.

უკრაინის მიმართ დახმარების საკითხში ხმები და ჭორები ადრეც ვრცელდება ხოლმე,  ახლაც გერმანიის მთავრობამ უარყო, რომ 2025 წლისათვის კიევის მიმართ დახმარება შემცირდება: „გერმანიათავისი სიტყვისა და საქმის ერთგული რჩება. კანცლერის ნათქვამი, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, დღესაც ძალაშია და არავის, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტს, იმედი არ ჰქონდეს, რომ ჩვენი ძალისხმევა შესუსტდება. გერმანიის სიტყვა ძალაში რჩება“, – განაცხადა ვოლფგანგ ბიუხერმა, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ განხილული იქნება დახმარების საშუალებების გადანაწილება ფედერალურ ბიუჯეტსა და საერტაშორისო წყაროებს შორის.

მოამზადა სიმონ კილაძემ.

წყარო: