Home Blog Page 79

საქართველოში არიან საერთაშორისო დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, დაადასტურონ პროცესის გამჭვირვალობა -კლოდ ჟან რობერტ ალფრედი

დღეს ჩამოვედი პარიზიდან. ვეწვიე ორ საარჩევნო უბანს და შევხვდი როგორც თანამშრომლებს, ასევე ამომრჩევლებს. აქ არიან საერთაშორისო დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და დაადასტურონ, რომ პროცესი არის გამჭვირვალე, ნათელი და სწორად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, კლოდ ჟან რობერტ ალფრედმა განაცხადა.

ლოდ ჟან რობერტ ალფრედი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

„როგორც აღვნიშნე, მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ, როგორც დამკვირვებელი, შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს მრავალი ეტაპი გაყალბებისა და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემას აქვს ცალკე ტექნიკური შემოწმების ზომები წესებში. ვიტყოდი, რომ ეს დღეები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმ ტექნოლოგიისა და სისტემების გამო, რომლებიც შეირჩა თქვენი ქვეყნის მოქალაქეების აზრის გასათვალისწინებლად“, – აღნიშნა კლოდ ჟან რობერტ ალფრედმა.

“ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას”-ლევან დავითაშვილი

„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას” – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყნის ეს განვითარება მომავალშიც შენარჩუნდება.

„ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და იმედი მაქვს, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს – ხმას მისცემს იმ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და ეს განვითარება შენარჩუნდება მომავალშიც” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები -მამუკა მდინარაძე

ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ხმა მივეცი ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები.- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ დღეს არსებული დინამიკით თუ გააგრძელა განვითარება, მომდევნო წლებში საქართველოს მოქალაქის ცხოვრება საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც კი გაუთანაბრდება.

„შევუერთდები ძალიან სასიამოვნო ჩელენჯს, რომელიც ახალგაზრდებს წამოუწყიათ. სანამ აქ წამოვიდოდი „ტიკ-ტოკში“ და „ფეისბუქში“ შემხვდა: მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, მე ხმა მივეცი ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები. ჩვენი სლოგანიდან: მშვიდობა ღირსება კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ, ღირსებით ევროპისკენ, აღმოჩნდა მთავარი სლოგანი. უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვეხება. მხოლოდ ჩვენ, „ქართული ოცნება“ თუ ქართველი ხალხი კი არა, ამას ლაპარაკობს სავალუტო ფონდი, ამას ლაპარაკობს მსოფლიო ბანკი. მომდევნო წლებში ამ დინამიკით თუ გავაგრძელებთ განვითარებას, საქართველოს მოქალაქე, როგორც ამ ყველა პროგნოზიდან გამომდინარეობს, საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც კი გაუთანაბრდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველო დღეს ირჩევს განვითარებას და მშვიდობას, თუმცა ამის თქმა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც იყო.

„თუმცა პარადოქსული სიტუაციაა მეორე ფლანგზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი საქართველოში ხმას აძლევს იმ ხალხს, იმ აგენტურულ ოპოზიციას, რომლებმაც ისინი გაწირეს ფიზიკური და სულიერი განადგურებისათვის. ასეთი ხალხი რჩება სამწუხაროდ, მაგრამ მესმის მათიც ძალიან კარგად. ფსიქოლოგიური ტერორის, ზეწოლის, ინფორმაციული შტურმის ფონზე ძალიან რთულია იყო სუპერობიექტური. ჩვენ შეიძლება 60-70% ადამიანები გვყავს ამ ქვეყანაში, რომლებმაც კარგად აღიქვეს რეალობა და შესაბამისი შედეგებიც დაიდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველას შეიძლება არ უნდა მოვთხოვოთ, რომ ბოლომდე იყვნენ გათვითცნობიერებული ყველაფერში. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი, მისი უმრავლესობა ყველაფერს კარგად ხვდება, სად არის სინათლე, სად არის ხვალინდელი პოზიტიური მომავალი და სად არის ჭეშმარიტი, რეალურ ქრისტიანულ ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობილი ევროპული მომავალი. ძალიან კარგად ხვდებიან და აფერადებენ 41-ს და ამიტომ არის დიდი აქტივობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გვაქვს ვებგვერდი shedegebi.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, 8 საათიდან მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ვებგვერდი შექმნილი, რომელსაც shedegebi.ge ეწოდება. ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ ვებგვერდზე მთელი დღის განმავლობაში განახლდება მონაცემები, ხოლო საღამოს 8 საათიდან, განთავსდება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ შედეგებზე დაფუძნებული ინფორმაცია.

„მთელი დღის განმავლობაში განახლდება აქტივობის მონაცემები და ეს მონაცემები იქნება ჩაშლილი თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით. 8 საათიდან ამ ვებგვერდზე მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ, ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს. უკვე 8 საათიდან შესაბამისი ინფორმაცია აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე.“ – აღნიშნა კობახიძემ

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია – ირაკლი კობახიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია – შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტივობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში განვაგრძობთ ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, მმართველი გუნდი იქნება პირველი, ვინც ამაზე რეაგირებას განახორციელებს.

„ჩვენ ვაკვირდებით მათ განცხადებებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე მათთან დაკავშირებული NGO-ების განცხადებებს, როგორიცაა ISFED და ა.შ. და ჩვენ ვსწავლობთ შესაბამის ფაქტებს. მაგალითად, ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, დაფიქსირდა მოსყიდვის 3 ფაქტი. ჩვენ ჩავეძიეთ სამივე ფაქტს და სამივე შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ტყუილი. საჭიროების შემთხვევაში ჩემი კოლეგები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, იქნება. მათ გაუჭირდებათ იმ დონეზე მანიპულაციების განხორციელება, რაც გააკეთეს 2020 წელს, როდესაც “პივიტი” გააყალბეს, თუმცა მუდმივად იქნება მცდელობა, რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენონ არჩევნების ლეგიტიმაციას, თუმცა ხალხში მათი რეპუტაცია არის რეალურად განულებული, შესაბამისად, მათ ყალბი ინფორმაცია ამ შემთხვევაში ვერავითარი ფასი ვეღარ ექნება.

თუმცა ჩვენ ყველა შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თუ მათი NGO-ები და ა.შ., ნებისმიერ მათ განცხადებაზე გვექნება რეაგირება. ყველაფერს ვნახავთ, შევისწავლით. თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, რა თქმა უნდა, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას განახორციელებს. ასევე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, რომ ჰქონდეთ რეაგირება იმ დარღვევებზე, რაც ხორციელდება ჩვენი ამომრჩევლების მიმართ და ჩვენი პარტიის წევრების მიმართ, როდესაც ხდება მათ შორის განსაკუთრებით, ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა. ერთ-ერთ ფაქტი იყო, როდესაც მათი კუთვნილი ტელევიზიის ჟურნალისტმა ჩვენს მხარდამჭერს სიები წაართვა, სადაც არც პირადი ნომრები იყო მითითებული, არც ფოტოსურათები, იყო უბრალოდ კარდაკარიდან გამომდინარე შედგენილი სია. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი. როდესაც ჟურნალისტად წოდებული ადამიანი ამას კადრულობს ასეთ რამეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს. ნუ შეუშლიან ამომრჩეველთა მობილიზაციას ხელს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტიურობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას. ხელის შეშლა ყველაფრისთვის არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით იმედია რომ ყველას ექნება რეაგირება,“ – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციას ვურჩევდი არჩევნებში მორიგ დამარცხებას წინასწარ შეეგუონ და ჩვენი ხალხის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ!-ირაკლი ღარიბაშვილი

ოპოზიციას ვურჩევდი არჩევნებში მორიგ დამარცხებას წინასწარ შეეგუონ და ჩვენი ხალხის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ! – ეს განცხადება მედიასთან პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არ ეგულება ადამიანი, ვინც მშვიდობასა და განვითარებას მხარს არ დაუჭრეს.

„დიდი ხანია ოპოზიციაზე ჩვენი ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ ოპოზიცია არასდროს ხალხის ინტერესებზე არ ზრუნავს. მათი მთავარი მისია ჩვენს ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებაა. ისინი საქართველოს ინტერესებზე არ ზრუნავენ. ბუნებრივია იციან, რომ მარცხდებიან – მარცხდებიან მორიგ ჯერზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ დროისთვის ჩვენი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია, პროცესი გამართულად მიმდინარეობს-ვროპარლამენტარი ანდრას ლაურელ ლასზლო

მნიშვნელოვანი დღეა ქართველებისთვის, საკუთარ მომავალს წყვეტთ, ჩვენ კი მხოლოდ პირობების შესამოწმებლად ვართ. ამ დროისთვის ჩვენი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია, ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტისა და უნგრეთის პარლამენტის წევრმა, დამკვირვებელმა ანდრას აურელ ლასზლომ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ეწვია, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ყველა პირობა არსებობს.

„ჩვენ ახლახან ვესტუმრეთ საარჩევნო უბანს თბილისში. ბევრი ხალხია, მედიის წარმომადგენლები და მრავალი დამკვირვებელი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. ჩვენ შევძელით, გვესაუბრა საარჩევნო პერსონალთან და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებთან. ამ საარჩევნო უბანზე არსებობს ყველა პირობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულად გამოიყურება და ყველა ძალიან მეგობრულია. ჩვენ ვკითხეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეამჩნიეს თუ არა რაიმე დარღვევები, დიდი გამოცდილება აქვთ“, – განაცხადა ანდრას აურელ ლასზლომ.

მისი თქმით, დამკვირვებლები ასევე ადევნებენ თვალს, როგორ მიმდინარეობს ახალი ელექტრონული საარჩევნო სისტემის მუშაობა.

„ყველაფერი ძალიან გამართულად მუშაობს. დღის განმავლობაში სხვა უბნებსაც შევამოწმებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანი დღეა ქართველებისთვის. თქვენ წყვეტთ თქვენს მომავალს, ჩვენ კი აქ მხოლოდ პირობების შესამოწმებლად ვართ. ამ პროცესს დიდი ყურადღება ექცევა. ამ დროისთვის ჩვენი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ბევრი ხალხია, პერსონალი ეფექტურად მუშაობს, აძლევს ინსტრუქციებს ხალხს. ამომრჩევლები ძალიან მშვიდად უდგებიან პროცესს. გარემო მშვიდობიანია და ყველაფერი მოწესრიგებულად მიმდინარეობს“, – განაცხადა ანდრას აურელ ლასზლომ.

დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი – ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. მედიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობისას ფოტო-ვიდეო გადაღების დადგენილი წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი,  მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – 1 წარმომადგენელი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში  მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.  

ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება და შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებას.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 10:00 საათის მდგომარეობით.  ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და ღირსეულ, ევროპულ მომავალს -ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია თბილისის მე-9 საარჩევნო ოლქში გააკეთა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის განცხადებით მან ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას მისცა ხმა.

„დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ამ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ვფიქრობ, რომ სწორად ასეთ არჩევანს გააკეთებს ჩვენი ხალხი და საქართველო აუცილებლად გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა – გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა, – ასე გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის ინტერვიუზე გაკეთებულ მოკლე შეფასებას.

როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხისთვის უნდა ჰქონდეს და ამ პასუხის გაცემა ძალიან მალე მოუწევს“.

„სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ეს ცვლილება დღეს აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დააკავებენ, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზადაა.

„არაფერს ველოდები, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „დღეს ეპოქალური არჩევნებია“.

„დღეს, ყველა ქართველმა, ყველა პატრიოტმა ჩვენი შვილებისთვის საქართველოს ევროპულ არჩევანს უნდა მისცეს ხმა. ჩვენი ადგილი ევროპაშია და დღეს ამას ქართველი ხალხი ნამდვილად დაამტკიცებს“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ივანიშვილი დღეს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს „პასუხი არ სჭირდება!“.

„თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება!”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს, ის სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონსაც შეეხო და განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა.

უპრეცედენტო აქტივობაა, “ქართულ ოცნებას” არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს -ნიკა გვარამია

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

„ამ წუთისთვის უპრეცედენტო აქტივობაა. აქტივობა შეადგენს 9.5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ აქტივობა იყო დაახლოებით, 10%. სხვაობა თითქმის არ არის. ოდნავ დაბალია აქტივობა დასავლეთ საქართველოში იმიტომ, რომ ძალიან წვიმს, მაგრამ ეს წვიმა ჯერ ერთი არ უნდა იყოს შემაფერხებელი გარემოება და ძალიან გთხოვთ მიდით არჩევნებზე. მაგრამ ამასთან. წვიმა გადაიღებს როგორც ამინდის პროგნოზით ვხედავთ. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს. ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს. ხმის მიცემის დინამიკა თუ ასე გაგრძელდება, 2 200 000-ზე მეტი ამომრჩეველი მივა, რაც გარანტირებულად ნიშნავს „ქართლი ოცნების“ დამარცხებას“, – განაცხადა გვარამიამ.

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს -ნიკა გვარამია

უპრეცედენტო აქტივობაა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს – ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

„ამ წუთისთვის უპრეცედენტო აქტივობაა. აქტივობა შეადგენს 9.5%-მდე, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ აქტივობა იყო დაახლოებით, 10%. სხვაობა თითქმის არ არის. ოდნავ დაბალია აქტივობა დასავლეთ საქართველოში იმიტომ, რომ ძალიან წვიმს, მაგრამ ეს წვიმა ჯერ ერთი არ უნდა იყოს შემაფერხებელი გარემოება და ძალიან გთხოვთ მიდით არჩევნებზე. მაგრამ ამასთან. წვიმა გადაიღებს როგორც ამინდის პროგნოზით ვხედავთ. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, უკვე წაგებული აქვს. ბიძინა ივანიშვილის კომენტარიც ამას თვალნათლივ აჩვენებს. ხმის მიცემის დინამიკა თუ ასე გაგრძელდება, 2 200 000-ზე მეტი ამომრჩეველი მივა, რაც გარანტირებულად ნიშნავს „ქართლი ოცნების“ დამარცხებას“, – განაცხადა გვარამიამ.