Home Blog Page 789

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა, წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ამასთან, მისი თქმით, 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი.

“წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას – 1 600 – მდე აპლიკანტი გააგრძელებს”,- განაცხადა წერეთელმა.

გარდა ამისა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი.

“გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება”,- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.

თიბისის მხარდაჭერით შატო ბუერას რთველის ფესტივალი გაიმართება

22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი – შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს.

რთველის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე და 33ა გააფორმებს.

ლოპოტას რთველის ფესტივალის პროგრამა ასეთია:

  • ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში
  • ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახელებში;
  • ღვინის დეგუსტაცია;
  • შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;
  • მასტერკლასები;
  • ნიაზ დასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას წინ, ღია ცისქვეშ.

სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთველის ფესტივალის დღეს – ლოპოტას ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.


ასევე,  15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის, ვიქენდის ჯავშნებზე.

კობა კობალაძემ დანიის სამეფოში ,,ლაიონს კლუბების” (LIONS CLUBS INTERNATIONAL) საქართველოს კოორდინატორთან, ბენტ იესპერსენთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ,,ლაიონს კლუბების” (LIONS CLUBS INTERNATIONAL) საქართველოს კოორდინატორთან, ბენტ იესპერსენთან.

კობა კობალაძემ ისაუბრა ,,ლაიონს კლუბებისა” (LIONS CLUBS INTERNATIONAL) და ,,ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველოს” მხარდაჭერით, ქართველი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის განხორციელებულ საქველმოქმედო სამედიცინო აქციებზე. „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს” განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სამსახურის ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლების განმავლობაში, კლინიკამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 34 საქველმოქმედო აქცია განახორციელა. პირველადი, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა 2841 ბენეფიციარს, ხოლო, 57 ვეტერანს, პირველადი გამოკვლევების შედეგად, _ოპერაციული მკურნალობა; 6143 ვეტერანი და ვეტერანის ოჯახის წევრი, უზრუნველყოფილ იქნა ოპტიკური სათვალით, 10 კი _ეტლ-სავარძლით.

ბენტ იესპერსენმა განაცხადა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე ზრუნვა; ამ მიზნით, ,,ლაიონს კლუბი” კვლავ გააგრძელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ინტენსიურ თანამშრომლობას და მომავალში,ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მხარდასაჭერად, არაერთ პროექტს განახორციელებს.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო “ლაიონს კლუბი” მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1917 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყანაში, ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. „საერთაშორისო ლაიონს კლუბების” ქსელი, ორასზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

„საერთაშორისო ლაიონს კლუბმა”, საქართველოში, 2003 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარსდა თხუთმეტი “ლაიონს კლუბი”. დაარსებიდან დღემდე, საქართველოს “ლაიონს კლუბებმა”, სოციალურ, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებით, მრავალი პროექტი განახორციელეს “ლაიონს კლუბების” საერთაშორისო ფონდისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო”, „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალ ფაუნდეიშენის” მიერ დაფუძნებული ერთადერთი კლინიკაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს” შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება, რომლის ფარგლებშიც, კლინიკის მედიკოსთა გუნდი, სამსახურის ბენეფიციარებს, უფასოდ უწევს კვალიფიციურ, ოფთალმოლოგიურ მომსახურებას, ასევე, უსასყიდლოდ ტარდება სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში, ქალბატონი ნატა მენაბდე, რომელსაც კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა თანადგომისა და შეხვედრის თანაორგანიზებისათვის, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე.

კობა კობალაძისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი დანიის სამეფოში დასრულდა.

“სფერო ჰოლდინგმა” გენო პეტრიაშვილს, საჩუქრად, საცხოვრებელი აპარტამენტი გადასცა

მულტიფუნქციური კორპორაცია “სფერო ჰოლდინგის” სათაო ოფისში, კომპანიის გენერალური დირექტორისა და ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის შეხვედრა შედგა.


კომპანიამ, ოქროს მედალოსანს, ღირსეული გამარჯვებისა და საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციისთვის, სასტუმრო კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში” საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტი გადასცა!


საპატიო სტუმარს, კომპანიის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.


შეგახსენებთ,
რომ კომპანიამ, გრანდიოზული საჩუქარი, რომელიც საცხოვრებელი აპარტამენტებს გულისხმობს, კომპანიის
მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ კომპლექსებში, გიორგი მამარდაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს გადასცა.


“სფერო ჰოლდინგი, აფასებს ქართველი ხალხის ღვაწლსა და დამსახურებას”!

მეწარმე ქალების  გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ.

დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი  იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დაყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ბიზნეს უნარები, გაიარონ მენტორობის პროგრამა და ისარგებლონ მენტორების მხარდაჭერით, ისწავლონ საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა, შეხვდნენ სხვა მეწარმე ქალებს ევროპის და აზიის 13 ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში – Expo Capital Quest – ფიზიკურ ღონისძიებაში, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და სხვ. მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://shorturl.at/jpqTC

რუსეთში უკრაინის ჯარის შეჭრის გამო შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთში უკრაინის ჯარის შეჭრის გამო მსოფლიო, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდეს.

„შეხედეთ, ახლა რა ხდება უკრაინის რუსეთში შეჭრასთან დაკავშირებით. ჩვენ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ, და ეს ცუდი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა დეტროიტში აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.

არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ – გურამ მაჭარაშვილი

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ფაქტს, რასაც ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა ჰქვია კახეთის გზატკეცილზე – არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მაჭარაშვილის თქმით, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, „თორემ ერეკლე მეორე ისეთი ძლიერია, რომ ის ძეგლიც გასცემს პასუხს.”

„კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ამ ფაქტს, რასაც ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა ჰქვია კახეთის გზატკეცილზე. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქართულ საზოგადოებას შეუნარჩუნა იდენტობა. რაც შეეხება ოპოზიციის, ბერძენიშვილის, ლაშა ბაქრაძის და ა.შ ნარატივებს – ცოტა ფრთხილად იყვნენ, თორემ ერეკლე მეორე ცნობილია მათ შორის ევროპელი სახელმწიფოს ხელმძღვანელების მხრიდან, როგორც ძალიან ძლიერი მხედართმთავარი. ისეთი ძლიერია, რომ მგონი ის ძეგლიც გასცემს პასუხს ზურაბიშვილსაც და ლაშა ბაქრაძესაც. ახლოს არ გაუარონ ერეკლე II-ის ძეგლს, რომელიც დაიდგმება, თორემ შეიძლება ერეკლე მეორეს მხრიდან შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს. ეს იმ საზოგადოების მხრიდან იქნება, რომელიც აღიარებს, რომ ერეკლე მეფე ნამდვილად ქართველი მეფე იყო და რომელმაც საქართველოს იდენტობა შეუნარჩუნა. ამიტომ, ყველა ფრთხილად იყოს და ნუ ცდიან ქართველი საზოგადოების მოთმინებას. 26 ოქტომბრის შემდგომ გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა” გასამართლდება, მათ შორის მათთან დაკავშირებულებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მშვიდობიანად და მოთმინებით ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიასაც. არჩევნებსაც მოვიგებთ, ერეკლე II-ის ძეგლსაც დავდგამთ და ვიმეორებ, ის თავად გასცემს პასუხს ყველას, მათ შორის შეიძლება ძეგლის მეშვეობითაც”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერეკლე II-ის ძეგლი აღიმართება.

ავიაკომპანია Sky Express-ი ათენი -თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express -ი 6 ნოემბრიდან ათენი -თბილისის მიმართულებით რეგულარულ  ფრენებს იწყებს. ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.

Sky Express – ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.

პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„მთავრობის მეთაურმა გარეტ უორდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დიპლომატიურ მისიაში წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდობაში ლენინური კომკავშირის და კრემლის იდეოლოგიით, ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას! – ხაინდრავა ხაზარაძეზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის შესახებ წერს.

„აშშ ოპოზიციონერების მანდატების ჩამორთმევას არ დაუშვებს! – მ.ხაზარაძე. ახალგაზრდობაში, ლენინური კომკავშირის და კრემლის იდეოლოგიით, ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას! დღეს, აშშ-ს ომის, კორუფციისა და ცენზურის პარტიის დავალებით, ქვეყნის სუვერენიტეტს ებრძვის!“ – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კალაძე შოპინგზე, რითი აფრინა ოჯახი აშშ-ში ღარიბაშვილმა და როგორ ხდება, რომ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების საკუთრებაში მოექცა ტყეები, მინდორ-ველები – სერგო ჩიხლაძე

დაფინანსების ნებისმიერი წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ, ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რაჟდენ კუპრაშვილი საუბრობს, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ და მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან.

ამასთან, როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ნებისმიერი გადარიცხვა საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მითუმეტეს შესაბამის სტრუქტურას.

„ნებისმიერი დაფინანსების წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, რომ კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კახა კალაძე შოპინგზე დუბაიში, მილანსა და პარიზში. რა სახსრებით აფრინა საკუთარი ოჯახი ევროპაში და შემდეგ აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე, როგორ ხდება, რომ ამ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების და ა.შ. საკუთრებაში მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყეები, მინდორ – ველები, ალაზნის ველები და სხვა. ამაზე გვიპასუხოს, რაც საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება გადარიცხვას და დაფინანსებას, ეს საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მითუმეტეს, შესაბამის სტრუქტურას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. მისი შეფასებით, დაფინანსებების არასრული გამჭვირვალობა, სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. აღნიშნული განცხადება რაჟდენ კუპრაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი შეფასებით, დაფინანსებების არასრული გამჭვირვალობა, სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ „ელენე ხოშტარია-დროა“ და „ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ – დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ასევე, რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია “თავისუფლების მოედანმა” ღიად გააკეთა პოლიტიკური გზავნილები, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ორგანიზაციის 24 წევრს, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

“უცხოური დონორი ორგანიზაციებისა ან სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, მართავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით, ამზადებენ პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო ბროშურებს, ვიდეორგოლებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებას კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან, აგრეთვე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აპრილს, ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანი-საქართველო“, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იკვეთება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი. ასევე, 2024 წლის 1-ელ ივლისს, ლევან ცუცქირიძის და ა(ა)იპ „თავისუფლების მოედანი-საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა განაცხადეს საარჩევნო მიზნები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები. მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს თავად აქვთ საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის 24 წევრს დაევალოთ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. რაც გულისხმობს, რომ ისინი ვალდებულნი არიან ანტიკორუფციულ ბიუროს, კანონით დადგენილი წესით, წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო,“ – განაცხადა კუპრაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, ასევე, ქვეყანაში ჩატარებულ „დემოკრატიულ ფესტივალსაც“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფესტივალზე მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი იყო მიწვეული.

„ასევე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის“ საქმესთან დაკავშირებით. „დემოკრატიული ფესტივალი“ იმართება ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „ფესტივალზე“ მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. „ფესტივალში“ მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

ასევე კუპრაშვილი IRI-სა და NDI-ის გრანტების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა, ამიტომ, მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს), რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში – უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია.

იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია ეცნობება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ფაქტი აისახება სადამკვირვებლო ანგარიშებში.

ანტიკორუფციული ბიურო მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ხელი შეუწყოს მათ კანონის მოთხოვნების შესრულებაში“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.