Home Blog Page 789

თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის სპეციალური შეთავაზება ვესპას შეძენისას

თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში, სასურველი ვესპას შეძენისას განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებთ: Giggles-ის 300 ლარიან ვაუჩერს იზიპიზის სათვალის შესარჩევად, იტალიური პრემიუმ ბრენდის,Tucano Urbano-ს ჩაფხუტს ან ხელთათმანს. აქცია ძალაშია 1-ელ სექტემბრამდე.

ვესპა პირველი სკუტერია მსოფლიოში, რომლის მოყვარულებიც უკვე 70 წელზე მეტია სპონტანურ და თავისუფალ ცხოვრების სტილს იზიარებენ. მისი გამორჩეული მახასიათებლებია:

ფერები – მუდმივად მბზინავი და მკვეთრი ფერები თავს მარტივად დაგამახსოვრებთ, რაც იტალიური, სამ დონიანი, შეღებვის ტექნოლოგიის დამსახურებაა.

მეტალის მთლიანი კორპუსი – თუ სხვა სკუტერების და მოპედების კორპუსი რამდენიმე პლასტმასის ნაწილისგან შედგება , ვესპა ერთ მთლიან მეტალის კორპუსზეა აწყობილი, რაც მის მუდმივ სიმყარეს უზრუნველყოფს.

სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა – ვესპას საუკეთესო სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა აქვს, რაც მას სირბილეს და კომფორტულობას სძენს.

რაც შეეხება იზიპიზის, ის 2010 წელს სამმა მეგობარმა ცხოვრების განსაკუთრებული მომენტებისთვის შექმნა. ყველაზე ფერადი მოდელები ბიოდეგრადირებადი, მაღალი ხარისხის პოლიკარბონისგანაა წარმოებული და მთელი ოჯახისთვისაა გათვლილი. თითოეული მოდელი შთაგონებულია ბუნების ფერებით და ადამიანის განწყობის გაუმჯობესების იდეით.

 საქართველოში 2017 წლიდან ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია Giggles-ია.

„სეზონიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობა ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ, გვინდოდა კიდევ უფრო წაგვეხალისებინა მომხმარებელი და სკუტ სკუტთან თანამშრომლობით შეგვექმნა აქცია, რაც საჭირო ნივთების ჩუქებას მოიაზრებდა. ამ ეტაპზე თანამედროვე ბრენდის სათვალეების სასაჩუქრე ვაუჩერს,  Tucano Urbano-ს განსაკუთრებით გამძლე და უსაფრთხო ჩაფხუტებსა თუ ხელთათმანებს მოვიაზრებთ. იმედი გვაქვს, აღნიშნული შეთავაზებით ბევრი ადამიანი დარჩება კმაყოფილი“, ეკატერინე ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტომოტივის ხელმძღვანელი.

„სკუტ სკუტი ქართულ ბაზარზე 2016 წელს, სკუტერების გაქირავების სერვისით გამოჩნდა, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთ წელში ვესპა და ჰონდა შემოვიყვანეთ, რაც 2019 წელს პირველი მაღაზიის გახსნით დაგვირგვინდა. ღრმად გვწამს, რომ „მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“, იმიტომ რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი მომავალია, გადაადგილების მარტივი გზა. ამ იდეის გარშემო გავერთიანდით თიბისი ლიზინგთან და გადავწყვიტეთ კიდევ უფრო წავახალისოთ მომხმარებელი, რომელსაც ვესპას შეძენაზე ეფიქრება“, – თამუ ცხადაძე,  სკუტ-სკუტის წარმომადგენელი.

R

ფაქტია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონის მიღებას, რეალურად არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას ახდენენ საზოგადოების წინაშე-გივი მიქანაძე

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქტს ხელი მოაწერა 474-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ. გვინდა, წარმოგიდგინოთ შედეგები 474 ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც აპროტესტებდა კანონის მიღებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, ამ ორგანიზაციათა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი კანონის აღსრულებას არ დაემორჩილებიან და არ გაივლიან კანონის საფუძველზე რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში.

„პირველი კომპონენტია, რამდენი ორგანიზაცია ფლობს ოფიციალურ ვებგვერდს. 474 ორგანიზაციიდან 241 ორგანიზაციას, 51 პროცენტს ვებგვერდი არ აქვს. ვებგვერდი დღეს არის მთავარი საკომუნიკაციო კომპონენტი და ასევე ორგანიზაციის ვიზუალიზაცია, იმიჯი დაკავშირებულია სწორედ ვებგვერდის გამოყენებასთან. ვხედავთ, რომ 51 პროცენტს ვებგვერდი არ აქვს და შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული, ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი ხდება.

შემდეგი კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია დონორების შესახებ. 296 ორგანიზაციას, ანუ 62 პროცენტს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო. არ აქვს მითითებული, რომელი დონორისგან მიიღო კონკრეტული დაფინანსება.

მესამე კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტების დასახელება. აქ იგულისხმება როგორც განხორციელებული, ისე მიმდინარე პროექტები. 474 ორგანიზაციიდან 320-ს, ანუ ორგანიზაციების 68 პროცენტს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც გრანტების ოდენობას ეხება საქმე. 474 ორგანიზაციიდან 89 პროცენტს, 422 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტებთან დაკავშირებით საგრანტო მოცემულობები.

შემდეგი კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა. 378 ორგანიზაციას, 80 პროცენტს, ანუ ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა.

ვხედავთ, რამდენ ორგანიზაციას აქვს განთავსებული წლიური ანგარიში, 458 ორგანიზაციას არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში. ორგანიზაციების 97 პროცენტს.

ბოლო კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაციას გუნდის შესახებ. ანუ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ორგანიზაციას წარმოადგენს და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი. ორგანიზაციების 70 პროცენტს არ აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ. მაღალია პროცენტული მაჩვენებელი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ ასაჯაროებენ გუნდის წარმომადგენლობას. ეს არის 474 ორგანიზაციიდან 334 ორგანიზაცია.

474 ორგანიზაციიდან მხოლოდ რვა ორგანიზაციას აქვს შვიდივე კომპონენტი დაცული. ეს არის მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია, რა ორგანიზაციაა, რა აქტივობებს ახორციელებს, ვისგან იღებს თანხებს. ქვეაქტივობები თითოეული კომპონენტის მიხედვით და სიღრმისეული ანალიზი ჩვენ არ გაგვიკეთებია. ვხედავთ, საბაზისო დონეზე როგორი კატასტროფული მდგომარეობაა გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების კუთხით.

ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაზე, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე არ იყო გამჭვირვალე, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და საზოგადოების ინფორმირება იყოს შესაძლებელი. კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, დაახლოებით რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. შემდგომში შევხედავთ, პროცესები როგორ განვითარდება. თუმცა, ფაქტია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ეწინააღდეგებოდნენ კანონის მიღებას და ამბობდნენ, რომ ისინი არიან გამჭვირვალე, რეალურად არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას ახდენენ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წინგადადგმული ნაბიჯი სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

„ბიძინა ივანიშვილის გუნდმა რა გადაწყვეტილება მიიღო გახსოვთ? – ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის პროცესში, არის პირდაპირ დაკავშირებული „ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველოსთან“. „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ევროინტეგრაციის ბოლომდე და გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. არ ვიცი ირაკლი რუხაძის განცხადება, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში და არ იყოს რაიმე კანონსაწინააღმდეგო“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

„მინდა შესვლა“-ს – ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“.- განაცხადა რუხაძემ.

საქართველო უპირველეს ყოვლისა! – გოგა ხაინდრავას ღია წერილი ჯონ კირბის

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ ჯონ კირბის ღია წერილით პასუხობს.

„ბოლო დროს ქართული საზოგადოება თვალს ადევნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროსკავშირის და მისი წევრი კონკრეტული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის, ე. წ. “სამოქალაქო საზოგადოების“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ განხორციელებულ, კარგად კოორდინირებულ შეტევას, რომლის მიზანია შექმნას ჩვენს მოსახლეობაში განცდა, თითქოს საქართველო ასცდა ევროპულ გზას და ანტიდემოკრატიული ქმედებებით უფსკრულისკენ მიექანება. ჯერ იყო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ გაურკვეველი ვადით აუქმებს ქართულ ჯართან ერთად დაგეგმილ წვრთნებს. შემდეგ აშშ-ის ელჩმა გვამცნო, რომ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გადახედვა მიმდინარეობს. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება გავრცელდა, რომელმაც ამერიკელების დავალებით გვახარა, რომ ქართული ჯარისათვის გამოყოფილი 30 მილიონიანი დახმარება გაყინულია, ამიტომ ეტყობა უმჯობესია, ეს ფული რომ გალღვეს, თანხა არასამთავრობო სექტორისა და მედიის განვითარებას მოხმარდეს. გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, პირადად მიაწოდა კონკრეტულ მედიასაშუალებებს ინფორმაცია, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, გერმანიამ საქართველოსათვის მილიარდ 500 მილიონი გამოყო და მიუხედავადა იმისა, რომ ამ თანხის 80% კრედიტია, მისი აზრით, ეს არის საქართველოსთვის გაცემული უდიდესი წყალობა. კოლეგებს არც საფრანგეთის ელჩი ჩამორჩა: შერაზ გასრიმ მედიას განუცხადა, რომ „გადაწყვიტეს დროებით შეაჩერონ პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში“, ისე რომ არც არასოდეს დაუწყიათ.

თუმცა, ამ საჯარო ფარისევლობის კულმინაცია უდავოდ იყო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩევლის, ჯონ კირბის ინტერვიუ, სადაც მოქმედი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, პირდაპირ და თავხედურად ერევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საქმეებში, უხეში მუქარის ტონით და ბატონყმური ქედმაღლობით მოძღვრავს ქართველ ხალხს! მსგავსი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ, მე, საბჭოთა კავშირში დაბადებულ კაცს, კარგად მახსოვს. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, მისტერ კირბის ვნებებზე, სამხედრო წვრთნების შეჩერების და ურთიერთობების გადახედვის მუქარის შესახებ, ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გაგიზიაროთ.

წლების განმავლობაში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, იქნებოდნენ ეს საქართველოში მომუშავე დიპლომატები თუ მოქმედი ადმინისტრაციის სხვადასხვა თანამდებობის პირები, აწარმოებდნენ ფარისევლურ პროპაგანდას, რომ აშშ არის ჩვენი უმთავრესი მეგობარი და პარტნიორი, იმ საბაბით, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველოში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ჩვენს ხალხს მადლიერების გრძნობა არ ღალატობს, რაც არაერთგზის დადასტურდა. თუმცა, როგორც კი დაისვა საკითხი გარკვეულიყო, თუ რას მოხმარდა ეს თანხები, ხელისუფლება რომელმაც ეს განიზრახა, იმწუთიერად მტრად გამოცხადდა. მიზეზი მარტივია – ჯერ ერთი, არანაირი 6 მილიარდი ამერიკას საქართველოში არ დაუხარჯავს, ეს თანხა დაახლოებით 4 მილიარდს შეადგენს და რაც მთავარია, ამ თანხის 90% საკუთარი აგენტურის გამოზრდა დაფრთიანებას, ხელისუფლებაში მათ მოყვანას და შენარჩუნებას დაახარჯეს. პარალელურად დოლარების სოლიდური ნაწილი ე.წ. “სამოქალაქო საზოგადოების“ ანუ უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის რეზიდენტურების შექმნას მოახმარეს. ამიტომ ლოგიკურია, რომ როგორც კი დღის წესრიგში დადგა საკითხი, დეტალურად აღწერილიყო თანხების წარმომავლობა და მათი ხარჯვის მიზნები, გულყრა დაეწყოთ. როგორ თუ გავბედეთ და ჩვენს ქვეყანაში დახარჯული უცხოური ფულის მიზნობრიობის საკითხის შესწავლა მოვინდომეთ. ეჭვგარეშეა, რომ კეთილი საქმისთვის დახარჯული ფულის ასავალ-დასავალს არავინ მალავს. არც ჩვენ გვავიწყდება საჯაროდ მადლიერების გამოხატვა სიკეთის ქმნაზე. ასეა მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. მიუხედავად ამისა, ათეულობით წლებია ვისმენთ სიყალბეზე დაფუძნებულ ამერიკულ პროპაგანდას, ჩვენზე უანგაროდ გადაყოლილი უფროსი ძმის შესახებ. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო – აშშ-ის ემისრები არ დააყოვნებდნენ, ააფრიალებდნენ საბუთებს, წვრილ-წვრილად განუმარტავდნენ ქართულ საზოგადოებას, როგორ და რა თანხებით ააშენეს და გაამშვენეს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ამ ნეოლიბერალური სიცრუის ბურუსში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გაეხვა. შედეგად “დასავლური ფსევდო ღირებულებების“ ანაბარა დარჩენილებმა, არაერთგზის სცადეს საკუთარი სამშობლოს ცეცხლის ალში გახვევა.

ვფიქრობ, დღეს უკვე ყველა გონიერი ადამიანისთვის, და არა მარტო საქართველოს ერთგული მოქალაქისთვის, ევროსატლანტიკურ სივრცეში გავრცელებული პოლიტიკური შიზოფრენიის ფონზე, ადვილად გასაგები უნდა გამხდარიყო, რატომ გამოიწვია ქართულმა კანონმა გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენი ჭარბადმოსიყვარულე პარტნიორების წრეში, ასეთი დაუოკებელი რისხვა. სერიოზული საფრთხე შეექმნა აგენტურული ქსელების დაფინანსებას და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ამერიკის – საქართველო საკვანძო ქვეყანაა უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში, მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალით. საკუთარი თვალი, ყური და გავლენა, ყველას სწადია ჰქონდეს აქ!

ჯარისთვის წვრთნების შეჩერება და ამ ნაბიჯის აპოკალიფსად წარმოჩენა, ისევე როგორც ევროპული ორიენტაციიდან ვითომდა გადახვევა, სპეცსამსახურების პროპაგანდის იმ სახელმძღვანელოდანაა აღებული, რომლიდანაც ჯერ ტერმინი “ოლიგარქის მმართველობა“, შემდეგ “რუსული კანონი“ და ბოლოს “რუსული ხელისუფლება“ ამოაცურეს და ადგილობრივ თუ გარე აგენტურას გადასცეს გასაჟღერებლად. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ არც ამერიკა და არც ნატო ქართულ ჯარს იმისათვის არ წვრთნიდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე ანდა უსაფრთხოებაზე ეზრუნათ. ჯარს წვრთნიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო დროს საკუთარი უსაფრთხოებისა თუ ექსპანსიონისტური მიზნებისათვის გამოეყენებინათ. ამიტომ იყო, რომ ჩვენივე ბიუჯეტის ფულით თუ აღებული სესხებით აღჭურვილი ჩვენი ჯარის შენაერთები, ათწლეულების განმავლობაში, ჯერ სხვადასხვა მისიებში გამოიყენეს, ხოლო შემდეგ, 2008 წელს, მათივე ფუჭი დაპირებებით და ადგილობრივი აგენტურის მიერ პროვოცირებულ ომში, ჰუმანიტარული წყლის ანაბარა მიატოვეს. თითქოს წინასწარი რეპეტიცია ჩაატარეს. უკვე მაშინ იკითხებოდა, რომ ჩვენ, რაღაც დიდი, ძალიან სახიფათო თამაშისთვის გვამზადებდნენ.

ეს დროც დადგა. რუსეთ-უკრაინის ომი! დღეს ბავშვმაც კი იცის და ყველაზე უკეთ ელჩმა დეგნანმა, რომ წინასწარი გეგმით, მეორე ფრონტი სწორედ საქართველოში უნდა გახსნილიყო! როდესაც ამ თვითგამანადგურებელ ნაბიჯზე საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცე უარი განაცხადა და საზარბაზნე ხორცად გამზადებული ქართული ჯარი სათვალავში გამოაკლდათ, გადაირივნენ. როგორ თუ ვეურჩებით! აბა რაზე დახარჯეს ამდენი დრო, ენერგია და ფინანსები. გამწარებულები იმუქრებიან – ჯარის წვრთნები ხომ გავაჩერეთ, ურთიერთობებს გადავხედავთ, ნატოში არ მიგიღებთ, ევროსკავშირის გზას გაგიყინავთ! სულ ტყუილი და ფარისევლობა! არც ნატოში აპირებდნენ ჩვენს მიღებას და არც ევროსკავშირში, ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნეში მაინც! ამიტომ, სანამ შემდეგ სიბეცეს ჩაიდენენ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ჩვენ თავად უნდა ვთქვათ უარი ყველანაირ წვრთნაზე, აღჭურვასა და ფინანსურ მანიპულაციაზე, რომლის მიზანი არა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, არამედ სხვის ომებში ჩათრევა და გამოყენებაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი, ვინც “მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ სულისკვეთების მქონე, ორპარტიული “MEGOBARI.act”-ი მოიგონეს, (მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია!) ჩვენ როგორც მეგობრებს და თანაბარ პარტნიორებს არ გვიყურებენ, ისევე როგორც არ უყურებენ ასე უკრაინას. ჩვენ მათ გლობალური მიზნების მისაღწევად ვჭირდებით და ეს უკრაინის მაგალითზე ნათლად ჩანს. ნაცარტუტად ქცეულ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, განადგურებულია გენოფონდი, დაკარგულია ტერიტორიების 25%, ეკონომიკა მთლიანად ჩამოქცეულია, მოსახლეობის 60% ან შიდა მიგრაციაში ანდა საზღვარგარეთ არის გაქცეული. ქვეყანას აღარც ძალა და აღარც საკმარისი ადამიანური რესურსი გააჩნია, რომ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს. მიუხედავად ამ კატასტროფისა, ორპარტიული მეგობრები და ევროსკავშირელი ნატოელები, უკრაინას საომარი მოქმედებების შეჩერების უფლებას არ აძლევენ. “ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა გაგრძელდეს!“ – აღარც კი ერიდებიან ამის საჯაროდ განცხადებას.

ამ ომის დაწყების დროს, საქართველოს ხელისუფლებაში, ისე როგორც უკრაინის, მათი აგენტურა რომ ყოფილიყო, საქართველო ახლა უარეს მდგომარეობაში იქნებოდა. ან საერთოდ, იქნებოდა თუ არა ჩვენი ქვეყანა – ესეც საკითხავია. ამიტომ, რაც მალე მოვაცილებთ მათ საცეცებს ქართულ ჯარს, რაც უფრო მალე აღვასრულებთ დიდი ილიას ანდერძს რომ: “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს!“, მოვაშორებთ ამ ბატონყმობის მოსურნეთა ჭირს ჩვენ ქვეყანას, მით უფრო მალე გაჩნდება იმედი, რომ სამშვიდობოს გავალთ. საკუთარი ნიჭით, შრომით და თავდადებით დავიცავთ, ურთიერთ სიყვარულით გავაერთიანებთ და გავამშვენებთ ჩვენ სამშობლოს, შევინარჩუნებთ მამულს, ენას და სარწმუნოებას, წინაპრების ტრადიციებს, ღირსებას, მეზობლების და მეგობრების პატივისცემას. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი საუკუნოვანი განსაცდელების დროს მოვახერხეთ – დღესაც შევძლებთ, უფლის შეწევნით!

და ბოლოს, ევროსკავშირის ყბადაღებულ თემასაც შევეხები. ისევე როგორც ამერიკელების 6 მილიარდიანი დახმარება და ჯარის წვრთნების დაუდგენელი დროით გადადება, “შინ ევროპაში“ მგზავრობის შეჩერებაც, შანტაჟის იარაღად გამოიყენება. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ევროკავშირისგან მხოლოდ სახელიღა არის დარჩენილი. ერთ დროს, ქრისტიანულ ფასეულობებსა და ერების თანასწორობაზე დაფუძნებული კავშირისგან ევროსვნებებიღა დარჩა. ქართულმა კანონმა გამჭვირვალობის აუცილებლობის შესახებ ცხადყო, რომ ევროპული ბიუროკრატია მართულია ამერიკის მიერ. თავად კავშირში არის სრული ეკონომიკური სტაგნაცია. კრიზისი ისე გაღრმავდა, რომ ზამთარში მოსახლეობას პოლიცია უმოწმებს გამათბობლებს, ზედმეტი ელექტროენერგია რომ არ მოიხმარონ. ორად ორი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს გლობალური ომის პარტიას, არის სლოვაკეთი და უნგრეთი. რასაც შედეგად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ფიცოს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი მოჰყვა, რა დროს ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ხოლო ვიქტორ ორბანი გამუდმებული ზეწოლის და შანტაჟის ფონზე, მაინც ახერხებს გონივრული და ღირსეული პოლიტიკის გატარებას ამ ბნელეთის მოციქულებით სავსე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი აზრით, ასეთ ევროსკავშირში საქართველოს დღეს არც არაფერი ესაქმება. მეტსაც გეტყვით – მოვა დრო, თან ძალიან მალე, როდესაც ისევ თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე, აქეთ შეგვეხვეწებიან კავშირის წევრობას. ამიტომ, ახლა არის ის მომენტი, როდესაც ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი, საით არის მიმართული ამჟამად განვითარების ვექტორი. მსოფლიო დიდია და მრავალფეროვანი. რაც მთავარია, დედამიწა ტრიალებს, დრო არ ჩერდება, სამყარო იცვლება, ეპოქას ეპოქა მოსდევს. ჩვენი ასაკის და გამოცდილების სახელმწიფოს, ამჟამინდელი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პირობებში, თავისუფალი და სწორი არჩევანის გაკეთება არ უნდა გაგვიჭირდეს.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – ნათქვამია ღია წერილში.

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ცნობით, დაღუპული ქართველი ზურაბ იაშვილია.

“დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა”. – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

სროლა ალაბამას შტატის ღამის კლუბში – არიან დაღუპულები და დაჭრილები

4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთმა ადამიანმა გახსნა. არ სახელდება სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა, ასევე, გაურკვეველია სროლის მოტივიც.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 300-მდე მასობრივი სროლა მოხდა. მასობრივი სროლად მიიჩნევა ინციდენტი, რომლის დროსაც ოთხ ან მეტ ადამიანს ესროლეს.

მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იღბლის თუ ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ აქ ვარ – დონალდ ტრამპი

მე აქ არ უნდა ვიყო, მკვდარი უნდა ვიყო, იღბლის თუ ღვთის წყალობით, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ღმერთის, ჯერ კიდევ აქ ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა იმ ფოტოებზე ისაუბრა, რომელიც პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ არის აღებული, სადაც მას მუშტი აქვს აწეული და ამბობს : „ბრძოლა!“

”ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს ყველაზე საკულტო ფოტოა, რაც კი ოდესმე უნახავთ. ისინი მართლები არიან და მე არ მოვკვდი. ჩვეულებრივ, უნდა მოკვდე, რომ საკულტო სურათი გქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სროლის შემდეგ საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ საიდუმლო სამსახურმა დაჟინებით მოითხოვა, რომ საავადმყოფოში წასულიყო.

დონალდ ტრამპის თქმით, აფასებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ზარს, რაც „კარგი” და “ძალიან კარგია“. გამოცემის ცნობით, ტრამპი ვარაუდობს, რომ მათ შორის საარჩევნო კამპანია ამიერიდან უფრო ცივილური იქნება.

New York Post-ი ასევე წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს დიდი თეთრი სახვევი ჰქონდა, რომელიც მარჯვენა ყურს უფარავდა და გამოცემას ინტერვიუს დროს ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ივლისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +32 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +34 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +24, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +36 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მოპოვებას ულოცავს.

“ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია!!” – წერს მამუკა მდინარაძე.

გიორგი მიქაუტაძე EURO 2024-ის თანაბომბარდირი და “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა. UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, “ოქროს ბუცი” ჯილდოს სახით, ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა ექნებოდა.

ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან-შალვა პაპუაშვილი

ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს NDI მიმართ მასპინძლობისთვის და ეს ისტორია მახსენდება – ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, წნორში NDI ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, სადაც „ლელოს” და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა, მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები გააცნეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ოპოზიცია კარგად უნდა ხვდებოდეს რა პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან ქიზიყში და არა მარტო იქ.

„ერთი ასეთი ისტორია გვაქვს ქიზიყში. იცით, რომ ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და ადვილადაც არ თმობდა ამას. ერთხელაც, ერთი მორიგი ბატონობის კანდიდატი ჩამოსულა ქიზიყში. სოფელი ანაგის ცენტრში მისულა, სკამი მოუთხოვია, შემდგარა ამ სკამზე და დაუწყია მიმართვა: მე თქვენი ახალი ბატონი ვარო, ახლა ახალი ცხოვრება იწყებაო, თვეში ეს და ეს უნდა მომიტანოთო და ამა და ამ წესებით უნდა იცხოვროთო. მოკლედ, ბევრი ილაპარაკა და ხალხიც შემოეცალა. ბოლოს ერთი კაციღა დარჩენილა. გახედა საბატონემ ამ კაცს და, აი, შენ კაი კაცი ჩანხარ, რახან ასე გულდასმით მისმენდი და ამიტომ შენ დაგნიშნავ მოურავადო. იმ კაცმა ჯოხის წვერით ქუდი გვერდზე გადაიწია, მზისგან მოჭუტული თვალებით გახედა და, მოურავი კი არა, ჩემ სკამზე დგახარ, ჩამო, სახლში უნდა წავიდეო.

ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს „ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიმართ ამ სააგიტაციო მგზავრობის მასპინძლობისთვის (!) და ეს ისტორია მახსენდება. ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან… და არა მარტო ქიზიყში,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/pfbid02sQwktYEkqixDyZo8aFR3C7fFhPVBYJit6WbYFJEUmrxSMJ6wJfAt8ix1nAjVVFpnl

 ევრო 2024-ზე ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც იმსახურებდა აქ ყოფნას -UEFA-ს პრეზიდენტი 

ევრო 2024-ზე ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც იმსახურებდა აქ ყოფნას, – ამის შესახებ UEFA-ს პრეზიდენტმა განაცხადა.

ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპირველობაზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოს და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ და ეს მაშინ, როცა UEFA-ს პრეზიდენტის სიტყვებით, ორივე ქვეყნის ნაკრები ევრო 2024-ზე ყოფნას იმსახურებდნენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა მასზე შთაბეჭდილება ჩემპიონატის მიმდინარეობისას, UEFA-ს პრეზიდენტმა ერთ-ერთ ასეთ მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელა.

ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაელოდონ FBI-ს გამოძიებას და არ გამოთქვან ვარაუდები ტრამპის მიტინგზე მსროლელის მოტივზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გამოთქვან ვარაუდები და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) თავისი სამუშაოს შესრულების საშუალება მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია მსროლელის მოტივის შესახებ, მაგრამ ვიცით ვინ არის ის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ყველას მოვუწოდებ… გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ვარაუდებს მის მოტივებზე. FBI-სა და პარტნიორ სააგენტოებს თავიანთი სამუშაოს განხორციელების საშუალება მიეცით“, – დასძინა მან.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.