Home Blog Page 783

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, საქართველომ წარადგინა კონკრეტული ინიციატივები – ილია დარჩიაშვილი

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, სამიტის გახსნაზე ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველო ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ქვეყნები, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არიან ევროპული ოჯახის წევრები, უფრო მეტად დაახლოვდნენ და ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველოც ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, ევროკავშირს. ჩვენ ცალკე, ინდივიდუალური, ორმხრივი ფორმატი გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც არის მთავარი ხაზი ჩვენი ევროინტეგრაციის, თუმცა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის ჩვენთვის ერთ-ერთი სასარგებლო მექანიზმი, იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წარმატებული ევროპული ინტეგრაცია.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. გახსნის ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინა და ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი თემა იყო  ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.

„მრგვალი მაგიდის ფორმატში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა სხვადასხვა ლიდერებთან ერთად. საკითხი ეხებოდა ენერგეტიკას და დაკავშირებადობას და საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე ამ პროცესის, ერთი მხრივ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ჩვენი როლის კუთხით, იმისთვის, რომ ეფექტურად შევძლოთ აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. საუბარი შეეხო სხვადასხვა მსხვილ და საშუალო ენერგოპროექტებს. მათ შორის, საკითხი შეეხო შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელიც აუცილებლად მოემსახურება ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საქართველომ ჩამოიტანა კონკრეტული ინიციატივები, თუ რა შეიძლება მოხვდეს საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც შეაჯერებენ დღევანდელი ღონისძიების მონაწილეები. ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა და რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, აქაც მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინიციატივები და ხედვები შესაბამისად იქნება დოკუმენტებში ასახული. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად მოახდინონ კონსოლიდაცია და ასევე უზრუნველყონ ენერგორესურსების დივერსიფიცირება, იმისთვის, რომ არ იყოს ერთ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულება”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე -პოლონელი ევროპარლამენტარი ფონ დერ ლაიენს

პოლონელმა ევროპარლამენტარმა ევა ზაიონჩკოვსკა-ჰენრიკმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ადგილი არის ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე.

„თქვენ ხართ ევროპული „მწვანე შეთანხმების“ სახე, რაც ანგრევს ევროპულ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას, რაც ევროპის ეკონომიკას უკან ხევს. თქვენ ხართ ევროპის კლიმატის „სიგიჟის“ სახე, რის გამოც ევროპელები სულ უფრო და უფრო ღარიბდებიან. დაბოლოს, თქვენ ხართ ევროპის მიგრაციული პაქტის სახე და მე მოგმართავთ, როგორც ქალი ქალს, დედა დედას, როგორ არ გრცხვენიათ ასეთი მიგრაციული პაქტის მხარდაჭერის გამო, რის წყალობითაც ევროპაში მილიონობით ქალი და ბავშვი საკუთარი ქალაქების ქუჩებში საფრთხეშია. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თითოეულ გაუპატიურებაზე, მკვლელობაზე, ტრაგედიაზე, რომლის მიზეზი არალეგალი მიგრანტების შემოდინებაა. ზუსტად თქვენ ეპატიჟებით მათ ევროპაში. და იმის გამო, რასაც აკეთებთ, თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის პრეზიდენტი“, – თქვა მან.

ეს განცხადება ზაიონჩკოვსკა-ჰენრიკმა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. საბოლოოდ ევროპარლამენტმა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით დამტკიცება შეძლო. მის კანდიდატურას 720 პარლამენტარიდან 401 დაუჭირა მხარი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 ივლისს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6953 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9476 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

შევთანხმდით, შეიქმნას სარდლობა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და სამხედროების წვრთნებს გაუწევს კოორდინაციას-იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინის მხარდამჭერ სარდლობას შექმნის, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას გაუწევს კოორდინაციას.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ბლენჰაიმის სასახლეში მისვლის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრა მიმდინარეობს.

„ჩვენ შევთანხმდით, შეიქმნას სარდლობა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას გაუწევს კოორდინაციას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის დროა და ამის ადგილია უკრაინაში.

„რუსეთის მტრული ქმედებების, კიბერშეტევებისა და ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ დივერსიების მიზანია, გვაიძულონ, უარი ვთქვათ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ისინი ამას ვერ გვაიძულებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა.

“მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც “ლელოსთან” -გიორგი გახარია

ჩვენ ჩვენი გეგმით “ლელოსთან“ მიმართებაში, კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან კითხვები არ აქვს.

“მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც “ლელოსთან“. ჩვენ ჩვენი გეგმით „ლელოსთან“ მიმართებაში, კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს.

იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ, არ გააფუჭებენ. კითხვები არც მქონია და არც მაქვს.

მამუკას მე რა ვუყო, ჰქონდეს ეს კითხვები. კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის.

პარტიამ “საქართველოსთვის“ უკვე განაცხადა და კიდევ ერთხელ განაცხადებს, ეს ჩვენ არ გვითქვამს გუშინ, ეს არის ჩვენი წელიწად-ნახევარზე დიდხნიანი პოზიცია, რომ  ჩვენთვის წითელი ხაზია “ნაცმოძრაობა“ და წითელი ხაზია “ოცნება“. ეს პასუხი ყველასთვის ცნობილია, საზოგადოებისთვისაც ცნობილია უკვე დიდი ხანია. აქ არაფერი სიახლე არ არის”, – განაცხადა გახარიამ.

“ლელოს” ლიდერის განცხადებით, გახარიას პარტიასთან არანაირი მოლაპარაკებები და კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

“არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს ჩვენსა და გახარიას შორის. არის დაახლოებით 4 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის მერე, მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერს, მათ შორის ბატონ გახარიას და არა ისე, კულუარულად რომ მიდის საუბარი, თითქოს რაღაცა კონსულტაციები მიდის.

4 კითხვა მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცით, აქ ჩამოთვლას არ დავიწყებ, არ მინდა ამ დეტალებში შესვლა. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კითხვაა, გაუკეთებს თუ არა იგი ქართულ ოცნებას კოალიციას, ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს, შესაბამისად, პირველი კითხვის პასუხი ეს არის, დანარჩენ სამ კითხვაზე, როცა იქნება დრო, მე გიპასუხებთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

J

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ფონ დერ ლაიენს 720 ევროდეპუტატიდან 401 დაუჭირა მხარი, 284 წინააღმდეგი იყო. ის ევროკომისიის პრეზიდენტად ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ფონ დერ ლაიენი 1958 წლის 8 ოქტომბერს ბელგიაში დაიბადა. 2013 – 2019 წლებში ის გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო. 2019 წელს ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.

გორში  ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის მორიგი, გასვლითი  სამუშაო შეხვედრა, გორში გაიმართა.

შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებული 107 პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დასადგენად, კომისიამ, მუშაობა, 16 ივლისს დაიწყო და 3 დღეს გასტანა.

შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანისა და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია. ასევე, იმ პირთა განცხადებების განხილვა, რომელთა დოკუმენტაციიდან არ დგინდება კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მივლინების ფაქტი და არ გააჩნიათ ბრძანება კონფლიქტის ზონიდან დაბრუნების შესახებ.

სტატუსის მაძიებელი, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის თაობაზე, განმეორებით კომისიის სხდომაზე აღარ დაიშვება; გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ფაქტობრივი, ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მაძიებლისათვის უფრო ხელსაყრელი, ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

“ლელო” და ანა დოლიძე თუ გაერთიანდნენ, წაგვიგია, რაღატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? -ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, როგორც უნდა დალაგდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი წარმოადგენენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებში მათ დაამარცხებს.

„მართალს ამბობთ, „ლელო“ და დოლიძე გაერთიანდნენ? წაგვიგია და რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს, ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს, მაშინ როცა თავად თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით და მაშინ კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს რამე ავიწყდება? „ლელო“ „ნაცების“ დანამატია, „ნეონაცები“ არიან. როგორც უნდათ, თვითონ ჩამოყალიბდნენ. რატომ? უამრავი არგუმენტის გამო. „ლელომ“ ანაკლიის პროექტი ჩააგდო და მაგათ როგორ უნდა ანდო რამე? რაც შეეხება გახარიას, „ლელო“ და გახარია ერთმანეთს აგინებდნენ, მაგრამ არცერთი არ არის ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ზემოდან რა წერილიც, „შპარგალკაც“ მოვა – გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ – ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? გაერთიანდებიან. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“ და მათ ჩვენ და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ.

გვარამიას ბნელი წარსულის და აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს -მდინარაძე

„ნიკა გვარამიას თვალი ეცა ვიღაცის და რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, სადაც გვარამია რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს და აცხადებს, ტურისტების შემოდინება და ფრენების აღდგენა არის საზოგადოების დაკვეთა.

 მამუკა მდინარაძის თქმით, ნიკა გვარამია მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს.

„მან [ნიკა გვარამია] მოინდომა ოდნავ მაინც სიმართლესთან დაახლოება- რომ მაგალითად, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, რასაც ისინი ითხოვდნენ. ფრენები არის კარგი იმიტომ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე არის რუსეთში და ა.შ. და როგორც ჩანს მან მოინდომა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ობიექტურად ფიქრის საშუალება აქვთ, მათი გული მოიგოს სიმართლის ლაპარაკით. თუ ხანდახან რაღაც სიმართლეს გამოურევენ ხოლმე, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს იმიტომ, რომ ერთი და ორი წლის წინ ისინი ისეთივე სპეკულაციურ ტყუილებს ლაპარაკობდნენ, როგორც სხვა დანარჩენი.

ნიკა გვარამიამ რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს, მაგრამ მისი ბნელი წარსულის, წარსული განცხადებების და მისი პარტიის აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა გვარამია ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს – დავით მათიკაშვილი

ნიკა გვარამია ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამია მიხვდა, რომ ეკონომიკური წინსვლა სავაჭრო ურთიერთობებთანაა კავშირში და ცდილობს, რომ მცირედი ელექტორალური მხარდაჭერა არ დაკარგოს.

„უპრინციპო და პოლიტიკური მორალისგან სრულიად დაცლილი რადიკალური ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია, როგორც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება, ისე ცვლის რიტორიკას. ის ატყობს, რომ ეკონომიკური განვითარება, წინსვლა არის თავისუფალ ვაჭრობასთან, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული, ამიტომ ცდილობს, რომ არ დაკარგოს ელექტორალური მცირედი მხარდაჭერა და ამ კუთხით, ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება – მამუკა მდინარაძე

სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება. ეს არის მხოლოდ ვერსია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ ან არ ვენდოთ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის გაერთიანებაზე ისაუბრა

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია თვითონ არ მოქმედებს და დავალებებს გარედან იღებს.

„ოპოზიციის კონფიგურაციას არ წყვეტს თავად ოპოზიცია იმიტომ, რომ ამას წყვეტენ მათი გარე დავალებების მიმცემები. რამდენიმე დღის წინ, გიორგი გახარიამ მესიჯი გატესტა, რომ „ლელო“ უნდა გადავარჩინო „განაცებასო“ და რა რეაქცია მიიღო ამის გამო – თავი შეიკავეს გაერთიანებაზე იმიტომ, რომ ყველა მიხვდა, რომ ასეთი „ზედმეტი პრინციპულობაც“ არ ვარგოდა, გახარიას და მამუკა ხაზარაძის ერთობა. ამის შემდეგ, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, გახარიასთვის გადანახული ანა დოლიძის და ლევან ცუცქირიძის პარტიები „ლელოსკენ“ გადაისროლეს, ახლა, გატესტავენ რეიტინგებს და მერე ახალ დავალებას მისცემენ. სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება, ეს არის მხოლოდ ვერსია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ ან არ ვენდოთ. ისინი რომ თავისით არ მოქმედებენ ეს არის მოცემულობა და შემდეგ შიგნით, რა დინებები მიმდინარეობს ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს იმიტომ, რომ საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო საქართველოს საწინააღმდეგო ომის მიზნებით მოქმედებენ ერთად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 75 ხმით „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, კანონპროექტით პენიტენციურ კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმში ან საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვას.

„კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი უფლებები შეიძლება შეეზღუდოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII თავით (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ) და XXXVIII თავით (ტერორიზმი) განსაზღვრული დანაშაულების ჩადენისთვის არიან ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი.

ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პირებისთვის შესაბამისი უფლების/უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს. შესაბამისი უფლება/უფლებები შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება.

კანონპროექტი უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.