Home Blog Page 782

ნენსი პელოსმა ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ გამოკითხვებით მას ტრამპის დამარცხება არ შეუძლია – CNN

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ჯო ბაიდენს პირად საუბარში უთხრა, რომ, გამოკითხვების თანახმად, ბაიდენს არ შეუძლია, დაამარცხოს დონალდ ტრამპი.

პელოსის თქმით, ბაიდენმა, შესაძლოა, გაანადგუროს წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ გამარჯვების შანსები, თუ კენჭს იყრის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის მიზნით.

როგორც „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბაიდენმა პელოსს უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, რადგან ნახა გამოკითხვები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას შეუძლია, გაიმარჯვოს.

ნენსი პელოსის სპიკერმა „სიენენს“ განუცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი პარასკევის შემდეგ კალიფორნიაში იმყოფება და მას მერე არ უსაუბრია ბაიდენთან, ხოლო თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენი დემოკრატიული პარტიის კანდიდატია, რომელიც გამარჯვებას გეგმავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ობიექტური ინფორმაცია მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი – ლევან დავითაშვილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს, საკმაოდ ობიექტურია. დადებითია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კლიმატის შესახებ შეფასება. ანგარიშში აღნიშნულია ის ძირითადი ეკონომიკური რეფორმები, რომელთაც ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა რეგიონისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ეს ტენდენცია შენარჩუნებული უნდა იყოს უახლოეს წლებში, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ეკონომიკური ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშის კომენტირებისას.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს გააჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც, პირველ რიგში, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ითვალისწინებს. მისი თქმით, ქვეყანას აქვს გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საფუძველია.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო, ამ კუთხით, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა, რაც ასევე მკაფიოდ არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნული. მისი თქმით, ქვეყნის საინვესტიციო გარემო პროგნოზირებადია, მარეგულირებელი კანონმდებლობა კი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადახდისუნარიანობის და ინვესტიციების დაცვის აღიარების შესახებ კანონებზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, ქმნის დამატებით მოტივაციას ინვესტორებისთვის, რომ არჩევანი საქართველოზე გააკეთონ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველომ ბოლო წლებში ყველა საერთაშორისო რეიტინგში შეინარჩუნა და გააუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკურენტუნარიანობას, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას, ზოგადად კერძო სექტორის დახმარებას, ასევე კორუფციასთან ბრძოლას.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველა ობიექტური ინფორმაცია ანგარიშში ასახულია და არის მკაფიო სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას ვინარჩუნებთ მომავალ წლებშიც. ჩვენ გვექნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ყველა ის ხელშემწყობი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს გახდის და საბოლოოდ, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, საქართველომ წარადგინა კონკრეტული ინიციატივები – ილია დარჩიაშვილი

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, სამიტის გახსნაზე ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველო ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ქვეყნები, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არიან ევროპული ოჯახის წევრები, უფრო მეტად დაახლოვდნენ და ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველოც ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, ევროკავშირს. ჩვენ ცალკე, ინდივიდუალური, ორმხრივი ფორმატი გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც არის მთავარი ხაზი ჩვენი ევროინტეგრაციის, თუმცა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის ჩვენთვის ერთ-ერთი სასარგებლო მექანიზმი, იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წარმატებული ევროპული ინტეგრაცია.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. გახსნის ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინა და ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი თემა იყო  ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.

„მრგვალი მაგიდის ფორმატში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა სხვადასხვა ლიდერებთან ერთად. საკითხი ეხებოდა ენერგეტიკას და დაკავშირებადობას და საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე ამ პროცესის, ერთი მხრივ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ჩვენი როლის კუთხით, იმისთვის, რომ ეფექტურად შევძლოთ აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. საუბარი შეეხო სხვადასხვა მსხვილ და საშუალო ენერგოპროექტებს. მათ შორის, საკითხი შეეხო შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელიც აუცილებლად მოემსახურება ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საქართველომ ჩამოიტანა კონკრეტული ინიციატივები, თუ რა შეიძლება მოხვდეს საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც შეაჯერებენ დღევანდელი ღონისძიების მონაწილეები. ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა და რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, აქაც მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინიციატივები და ხედვები შესაბამისად იქნება დოკუმენტებში ასახული. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად მოახდინონ კონსოლიდაცია და ასევე უზრუნველყონ ენერგორესურსების დივერსიფიცირება, იმისთვის, რომ არ იყოს ერთ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულება”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე -პოლონელი ევროპარლამენტარი ფონ დერ ლაიენს

პოლონელმა ევროპარლამენტარმა ევა ზაიონჩკოვსკა-ჰენრიკმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მის მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ადგილი არის ციხეში და არა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე.

„თქვენ ხართ ევროპული „მწვანე შეთანხმების“ სახე, რაც ანგრევს ევროპულ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას, რაც ევროპის ეკონომიკას უკან ხევს. თქვენ ხართ ევროპის კლიმატის „სიგიჟის“ სახე, რის გამოც ევროპელები სულ უფრო და უფრო ღარიბდებიან. დაბოლოს, თქვენ ხართ ევროპის მიგრაციული პაქტის სახე და მე მოგმართავთ, როგორც ქალი ქალს, დედა დედას, როგორ არ გრცხვენიათ ასეთი მიგრაციული პაქტის მხარდაჭერის გამო, რის წყალობითაც ევროპაში მილიონობით ქალი და ბავშვი საკუთარი ქალაქების ქუჩებში საფრთხეშია. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თითოეულ გაუპატიურებაზე, მკვლელობაზე, ტრაგედიაზე, რომლის მიზეზი არალეგალი მიგრანტების შემოდინებაა. ზუსტად თქვენ ეპატიჟებით მათ ევროპაში. და იმის გამო, რასაც აკეთებთ, თქვენ უნდა იყოთ ციხეში და არა ევროკომისიის პრეზიდენტი“, – თქვა მან.

ეს განცხადება ზაიონჩკოვსკა-ჰენრიკმა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. საბოლოოდ ევროპარლამენტმა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით დამტკიცება შეძლო. მის კანდიდატურას 720 პარლამენტარიდან 401 დაუჭირა მხარი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 ივლისს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6953 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6953 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9476 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9492 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

შევთანხმდით, შეიქმნას სარდლობა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და სამხედროების წვრთნებს გაუწევს კოორდინაციას-იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინის მხარდამჭერ სარდლობას შექმნის, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას გაუწევს კოორდინაციას.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ბლენჰაიმის სასახლეში მისვლის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრა მიმდინარეობს.

„ჩვენ შევთანხმდით, შეიქმნას სარდლობა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას გაუწევს კოორდინაციას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის დროა და ამის ადგილია უკრაინაში.

„რუსეთის მტრული ქმედებების, კიბერშეტევებისა და ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ დივერსიების მიზანია, გვაიძულონ, უარი ვთქვათ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ისინი ამას ვერ გვაიძულებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა.

“მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც “ლელოსთან” -გიორგი გახარია

ჩვენ ჩვენი გეგმით “ლელოსთან“ მიმართებაში, კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან კითხვები არ აქვს.

“მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც “ლელოსთან“. ჩვენ ჩვენი გეგმით „ლელოსთან“ მიმართებაში, კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს.

იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ, არ გააფუჭებენ. კითხვები არც მქონია და არც მაქვს.

მამუკას მე რა ვუყო, ჰქონდეს ეს კითხვები. კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის.

პარტიამ “საქართველოსთვის“ უკვე განაცხადა და კიდევ ერთხელ განაცხადებს, ეს ჩვენ არ გვითქვამს გუშინ, ეს არის ჩვენი წელიწად-ნახევარზე დიდხნიანი პოზიცია, რომ  ჩვენთვის წითელი ხაზია “ნაცმოძრაობა“ და წითელი ხაზია “ოცნება“. ეს პასუხი ყველასთვის ცნობილია, საზოგადოებისთვისაც ცნობილია უკვე დიდი ხანია. აქ არაფერი სიახლე არ არის”, – განაცხადა გახარიამ.

“ლელოს” ლიდერის განცხადებით, გახარიას პარტიასთან არანაირი მოლაპარაკებები და კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

“არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს ჩვენსა და გახარიას შორის. არის დაახლოებით 4 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის მერე, მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერს, მათ შორის ბატონ გახარიას და არა ისე, კულუარულად რომ მიდის საუბარი, თითქოს რაღაცა კონსულტაციები მიდის.

4 კითხვა მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცით, აქ ჩამოთვლას არ დავიწყებ, არ მინდა ამ დეტალებში შესვლა. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კითხვაა, გაუკეთებს თუ არა იგი ქართულ ოცნებას კოალიციას, ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს, შესაბამისად, პირველი კითხვის პასუხი ეს არის, დანარჩენ სამ კითხვაზე, როცა იქნება დრო, მე გიპასუხებთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

J

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ფონ დერ ლაიენს 720 ევროდეპუტატიდან 401 დაუჭირა მხარი, 284 წინააღმდეგი იყო. ის ევროკომისიის პრეზიდენტად ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ფონ დერ ლაიენი 1958 წლის 8 ოქტომბერს ბელგიაში დაიბადა. 2013 – 2019 წლებში ის გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო. 2019 წელს ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.

გორში  ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის მორიგი, გასვლითი  სამუშაო შეხვედრა, გორში გაიმართა.

შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებული 107 პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დასადგენად, კომისიამ, მუშაობა, 16 ივლისს დაიწყო და 3 დღეს გასტანა.

შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანისა და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია. ასევე, იმ პირთა განცხადებების განხილვა, რომელთა დოკუმენტაციიდან არ დგინდება კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მივლინების ფაქტი და არ გააჩნიათ ბრძანება კონფლიქტის ზონიდან დაბრუნების შესახებ.

სტატუსის მაძიებელი, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის თაობაზე, განმეორებით კომისიის სხდომაზე აღარ დაიშვება; გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ფაქტობრივი, ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მაძიებლისათვის უფრო ხელსაყრელი, ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

“ლელო” და ანა დოლიძე თუ გაერთიანდნენ, წაგვიგია, რაღატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? -ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, როგორც უნდა დალაგდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი წარმოადგენენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებში მათ დაამარცხებს.

„მართალს ამბობთ, „ლელო“ და დოლიძე გაერთიანდნენ? წაგვიგია და რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს, ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს, მაშინ როცა თავად თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით და მაშინ კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს რამე ავიწყდება? „ლელო“ „ნაცების“ დანამატია, „ნეონაცები“ არიან. როგორც უნდათ, თვითონ ჩამოყალიბდნენ. რატომ? უამრავი არგუმენტის გამო. „ლელომ“ ანაკლიის პროექტი ჩააგდო და მაგათ როგორ უნდა ანდო რამე? რაც შეეხება გახარიას, „ლელო“ და გახარია ერთმანეთს აგინებდნენ, მაგრამ არცერთი არ არის ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ზემოდან რა წერილიც, „შპარგალკაც“ მოვა – გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ – ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? გაერთიანდებიან. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“ და მათ ჩვენ და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ.

გვარამიას ბნელი წარსულის და აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს -მდინარაძე

„ნიკა გვარამიას თვალი ეცა ვიღაცის და რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, სადაც გვარამია რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს და აცხადებს, ტურისტების შემოდინება და ფრენების აღდგენა არის საზოგადოების დაკვეთა.

 მამუკა მდინარაძის თქმით, ნიკა გვარამია მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს.

„მან [ნიკა გვარამია] მოინდომა ოდნავ მაინც სიმართლესთან დაახლოება- რომ მაგალითად, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, რასაც ისინი ითხოვდნენ. ფრენები არის კარგი იმიტომ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე არის რუსეთში და ა.შ. და როგორც ჩანს მან მოინდომა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ობიექტურად ფიქრის საშუალება აქვთ, მათი გული მოიგოს სიმართლის ლაპარაკით. თუ ხანდახან რაღაც სიმართლეს გამოურევენ ხოლმე, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს იმიტომ, რომ ერთი და ორი წლის წინ ისინი ისეთივე სპეკულაციურ ტყუილებს ლაპარაკობდნენ, როგორც სხვა დანარჩენი.

ნიკა გვარამიამ რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს, მაგრამ მისი ბნელი წარსულის, წარსული განცხადებების და მისი პარტიის აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა გვარამია ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს – დავით მათიკაშვილი

ნიკა გვარამია ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამია მიხვდა, რომ ეკონომიკური წინსვლა სავაჭრო ურთიერთობებთანაა კავშირში და ცდილობს, რომ მცირედი ელექტორალური მხარდაჭერა არ დაკარგოს.

„უპრინციპო და პოლიტიკური მორალისგან სრულიად დაცლილი რადიკალური ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია, როგორც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება, ისე ცვლის რიტორიკას. ის ატყობს, რომ ეკონომიკური განვითარება, წინსვლა არის თავისუფალ ვაჭრობასთან, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული, ამიტომ ცდილობს, რომ არ დაკარგოს ელექტორალური მცირედი მხარდაჭერა და ამ კუთხით, ყველა წიაღსვლას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებისთვის იყენებს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.